ირაკლი ქადაგიშვილი: „მილიონის გამო არ მოვსულვარ პოლიტიკაში“

მართალია, მისი პირველი სპეციალობა სამთო მანქანები და კომპლექსები იყო, მაგრამ დიდი ხანია, „გეპეის“ დერეფნები დაავიწყდა . მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად სახელდებოდა. არც მეტი-არც ნაკლები, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს წევრიც იყო; მერე საბაჟოს უფროსი; მერე თბილისის საკრებულოს დეპუტატი; მერე ამერიკაშიც წავიდა და განათლება მიიღო საარჩევნო სფეროში… იქიდან დაბრუნებული წლები საერო ცხოვრების ავანგარდში აღარ ყოფილა, საპატრიარქოს ფონდს ხელმძღვანელობდა. 2012 წელს ძველი „ედეპეშნიკი“ და გამოცდილი რევოლუციონერი „ალასანიას პარტიამ“ კვლავ მოძებნა; მალე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. მოგვიანებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელიც გახდა… მაგრამ ალასანიასა და პარტიას უკან არ გაჰყოლია _ პარტია დატოვა… და 2016 წლიდან კახეთის გუბერნატორია… ითვლებოდა, რომ კვირიკაშვილის კადრი იყო… მაგრამ კვირიკაშვილის კადრების გაწმენდის შემდეგ ის უცვლელად დატოვა ბახტაძემაც და გახარიამაც… ხანდახან მასზე ხუმრობენ, რომ იმდენად უნაკლო აღმოჩნდა, ჯამაგირს იქით გროში ვერ უპოვეს და ამიტომ ვერ გაბედეს სამსახურიდან მისი გაშვებაო…
ცუდი რესპონდენტი არ არის, თუმცა ამ ინტერვიუზე მაინც ცოტა დაიბნა და პოლიტიკური ეშმაკობების გამოყენება მოუწია…

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ქადაგიშვილთან:

_ ინტერვიუსთვის წინასწარ თუ ემზადებით ხოლმე?
_ არა, დიდად არ მახასიათებს ეგ სამზადისი…
_ რატომ?
_ მხოლოდ რაღაც 1-2 მნიშვნელოვან ციფრს თუ გადავხედავ და მას მივაქცევ ყურადღებას…
_ სანამ 2019 წლის შეჯამებაზე გადავალთ, მაინტერესებს, თქვენი ოცნების სფეროა ის, სადაც ახლა ხართ? უფრო სწორად, ალბათ, ასე უნდა მეკითხა, _ სადაც მუშაობთ?
_ აქ მუშაობა საინტერესოდ მიმაჩნია.
_ ხომ არ გამოცვლიდით ოდესმე სამსახურს, მხოლოდ თქვენს სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული?
_ ოდესმე, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება, მუდმივი არაფერია.
_ 2019 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რა გახსოვთ კახეთის რეგიონში?
_ საერთოდ, კახეთის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა წყალია _ სასმელი წყალი, პირველ რიგში და, ამავდროულად, უკვე დღის წესრიგში დგება და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა არის სარწყავ წყალზეც.
_ ამ პრობლემების გადასაჭრელად რა გზებს მიმართეთ, როგორ მოაგვარეთ?
_ რაც შეეხება სასმელ წყალს, აქ არის ორი პოზიცია: 1. წლებია, სასმელ წყალს კურირებს და განაგებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; 2. არის წყლები, რომელიც მუნიციპალიტეტისაა.
_ ბალანსზეა?
_ არა, ბალანსზეც ვერ ვიტყვით. ეს სფერო სულ თვითდინებით იყო მიშვებული. აქედან გამომდინარე, ჯერ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიით დავიწყებ: რამდენიმე დიდ დასახლებულ პუნქტში, ისეთებში, როგორებიც არის თელავი, საგარეჯო, წნორი, ლაგოდეხი და ა. შ., ჯერ კიდევ, 2014 წელს დაიწყო წყალმომარგების პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, ეს პროექტები არ წარიმართა დროულად და ხარისხიანად მთელი რიგი მიზეზების გამო, რამაც მათი ნაწილის გაწელვა გამოიწვია და ზოგიერთი წელს უნდა დასრულდეს.
მაგალითად, ლაგოდეხში უკვე დასრულდა წყლის პროექტი, ბოლომდეა მიყვანილი და ახლა, ალბათ, იქ უკვე დასკვნითი ეტაპი იქნება, რომ მოსახლეობასთან საუბარი დავიწყოთ ტარიფთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ დალაგდება კომპანიისა და მოსახლეობის ეს სურვილები.
თელავის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, თქვენ იცით, რომ ზედა თელავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ეს პირველი ნაწილი იყო; მეორე ნაწილის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე, ფაქტობრივად, პროექტი მთლიანად თელავისთვის არ არის შეკრული და წყალნაკლებობას განიცდის. ამისთვის საერთაშორისო დონორის მეშვეობით გარკვეული თანხა გამოიყო, საერთაშორისო ტენდერი ორჯერ ჩატარდა და ირივეჯერ, მთავრობამაც და საერთაშორისო დონორებმაც, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტენდერის შედეგად გამოვლენილ კომპანიებთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდნენ, რადგან ისინი ვერ შეძლებდნენ შესაბამისი ხარისხის სამუშაოების განხორიციელებას. ბოლო ასეთი ტენდერი გასულ წელს ჩატარდა და როგორც აგიხსენით, ეს შედეგი დადგა.
ამიტომ,ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ დალოდებოდა საერთაშორისო ტენდერებს და თვითონ ჩაატარა ტენდერი, ბიუჯეტიდან თვითონ გამოყო ფული და უკვე ამ ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. იგი ქართული კომპანიაა, რომელთანაც ხელშეკრულება ახლა გაფორმდება და თელავის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყება. მართალია, იმ მასშტაბის სამუშაოებზე არ არის საუბარი, მაგრამ ალაზნის, კავკასიონისა და რუსთაველის დასახლებისთვის გაყვანილობა ნაწილობრივ შეიცვლება, გამრიცხველიანდება, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თელავში, განსაკუთრებით, ქვედა ზონაში, წყალმომარაგების მიწოდებას.
_ 2019 წელს კახეთში სამი მნიშვნელოვანი წარმატებული პროექტი თუ გახსოვთ?
_ კახეთთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შარშან, დაახლოებით, 90 მილიონ ლარამდე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში ვამბობ თანხას იმ პროექტებზე, რომელიც თვითონ მუნიციპალიტეტებმა დაამენეჯმენტეს. აქ რამდენიმე ციფრი შეიძლება გავახმოვანოთ: სკოლების რეაბილიტაციის კუთხით ჯამურად 5 მილიონზე მეტი ღირებულების სამუშაო განხორციელდა 75-ზე მეტ სკოლაში. ეს სამუშაოები, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს მოიცავდა, როგორიც არის სველი წერტილების შექმნა, სახურავების შეკეთება.
ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მშენებლობის პროცესშია 10 სასწრაფო დახმარების შენობა. უკვე დასრულებულია 10 ამბულატორიის შენობა და რეაბილიტირდება 50-მდე ამბულატორია. სტიქიის პრევენციის ფარგლებში 4 მილიონის ფარგლებში 40-მდე პროექტი განხორციელდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 350-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რაც ჯამურად 4 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთაც მუნიციპალიტეტები აკეთებენ.
დავიწყეთ 5 ახალი სკოლის მშნებელობა, მათ შორის, ერთი ლაგოდეხშია; ხუთამდე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა; გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა; უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა; ახლა პროექტირების ბოლო ფაზაშია თელავის ცენტრალური უბნის განახლება და ქალაქ თელავის შვიდი ისტორიული ბორცვის მარშუტისა და სარეკრეაციო ზონების შექმნა; ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრის მშენებლობა; სოფელ ველისციხიდან სოფელ კაკაბეთამდე ჭერემის გავლით ახალი გზის მშენებლობა; ყვარლის მუნიციპალიტეტში სტადიონის მშენებლობა. ეს ის პროექტებია, რომელთა მშენებლობის პროცესები დაწყებულია და წელსაც გრძელდება.
ამის პარალელურად არის კიდევ ისეთი პროექტები, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით მიმდინარეობს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით განხორციელებულ პროგრამებს უამრავი ბენეფიციარი ჰყავს; იხსნება სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები; ახალი მიმართულება ჩნდება ქართულ ეკონომიკაში და, კონკრეტულად, კახეთში _ კაკლოვანი კულტურების განვითარება. ამ პროგრამების დახმარებით უკვე, დაახლოებით, 2000 ჰექტარი ნუშის ბაღები გაშენდა უდაბნოში. ეს პროცესი გრძელდება და ინტერესი ძალიან დიდია _ როგორც ნუშისა და სხვა კაკლოვნების, ასევე ზეთისხილისა და ზეთის წარმოების კუთხით.
ამავდროულად, აღსანიშნავია ტურიზმის სფერო, რომელიც მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა კახეთის ეკონომიკისთვის _ ამ მხრივ ბევრი ინვესტორი გვყავს. მათ შორის ყველა სარგებლობს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებული სახელმწიფო პროგრამებით და ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული და სასტუმრო პროექტი ხორციელდება რეგიონის მასშტაბით.
_ ხომ ვერ გაიხსენებდით ისეთ პრობლემურ სიტუაციას, რომელიც თქვენი მიზეზით წარმოიშვა?
_ ჩემი მიზეზით? პერსონალურად მეკითხებით? ცოტა რომ დავკონკრეტდეთ?
_ მაგალითად, თვითმმართველობის მუშაობაში ხომ არ ერევით?
_ რა თქმა უნდა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული კანონის ფარგლებში მოქმედებს და თვითმმართველობის მუშაობაში არ ერევა იმ გაგებით, რა გაგებითაც, ვთქვათ, შეიძლება ეს კონტექსტი იქნას აღქმული, რომ მე თითქოს ვერევი და რაღაც ცუდს ვაკეთებ… ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება თუ თვითმმართველობასთან, რა უფლებამოსილება და რა სამუშაო რეჟიმიც არსებობს იმ ჩარჩოებში.
_ ხომ არ გახსოვთ, მაგალითად, 2019 წელს მერის რამდენმა მოადგილემ დატოვა თანამდებობა?
_ მაგ სტატისტიკას არ ვაწარმოებ, მაგრამ შეგვიძლია, დავითვალოთ…
_ ანუ ბევრი იყო?
_ არ იყო ბევრი. რატომ არის ბევრი?
_ სიღნაღი, გურჯაანი თელავი… თელავი ცოტა ხომ არ განსხვავდებოდა, რომ ერთ თვეში სამი მოადგილე წავიდა თანამდებობიდან? ეს 2019 წლის მოვლენა იყო, თუმცა მედიას დიდად არ გაუშუქებია.
_ რა არის ამაში ისეთი საგანგაშო, რომ რომელიღაც მოადგილე მიდის?..
_ ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ სამი მოადგილე ერთ თვეში თითქმის ერთდროულად იღებს გადაწყვეტილებას და მიდის სამსახურიდან?..
_ არ მეჩვენება უცნაურად იქიდან გამომდინარე, რომ მერის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირია და მათ განთავისუფლებაზე ან თანამდებობაზე მათ დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი. ისინი იმ ტიპის საჯარო მოხელეები არიან, რომელთა დანიშვნასა და განთავისუფლებასაც ის აუცილებელი პროცედურები სჭირდება, რასაც კანონი საჯარო მოხელეების შესახებ ითვალისწინებს. ამიტომ მერმა საჭიროდ მიიჩნია, მთელი რიგი მისთვის, ალბათ, კარგად ცნობილი მიზეზების გამო, რომ, გარკვეულწილად, გადაეხალისებინა მოადგილეები.
_ თუმცა მერებმა კი არ გაუშვეს მოადგილეები, არამედ ისინი თავად წავიდნენ… ანუ ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს სახელმწიფო რწმუნებული?
_ ვერა, ვერ ხედავს, იქიდან გამომდინარე, რომ მერს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე სრული უფლება აქვს გადაწყვეტილებების მიღებისა. ზოგიერთ შემთხვევაში მათ თავისი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები; ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მერმა და გაათავისუფლოს. აქ მთავარია მერის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც სიახლის მომტანი და სასარგებლოა მუნიციპალიტეტისთვის.
_ ჩვენ უფრო მიჩვეულები ვართ, რომ წინა გუბერნატორები ერეოდნენ მოადგილეების დანიშვნისა და განთავისუფლების საქმეში, ანუ ჩემი კითხვაც შესაბამისი იყო. პასუხად კი მივიღე, რომ თქვენ არ ერევით!
_ მაინც დაგიზუსტებთ კიდევ ერთხელ: საერთოდ, არჩეული პირის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა რომელიმე მუნიციპალიტეტში, სადაც შენ კანონით არ გაქვს ეს უფლებამოსილება დაკისრებული, ძალიან დელიკატური თემაა და არავითარ შემთხვევაში ასეთი ჩარევა კარგ შედეგებს არ გამოიღებს _ იმპერატიულად ჩარევა და კონკრეტული კანდიდატურის თავს მოხვევა არ ქმნის მერისთვის და მუნიციპალიტეტისთვის კარგ სამუშაო პირობებს. ეს მარტო ჩემი კი არა, მთელი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკაა. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ, ვისაუბროთ იმაზე, რამდენად ურთიერთნდობა და კარგი თანამშრომლობაა სახელმწიფო შტოებს შორის და არავითარ შემთხვევაში ხელების გადაგრეხა.
_ რამდენად არის ნდობა?
_ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მყარი თანამშრომლობა გვაქვს რვავე მუნიციპალიტეტთან.
ვიმეორებ: ჩვენ არ გვაქვს დანიშნულ მერთან საქმე, არამედ არჩეულ მერთან, რომელიც ჩვენი მონაპოვარია _ დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი არჩეული გვყავს, ამიტომ ამ პირობებში მუშაობის სტილიც სხვანაირი უნდა იყოს და ვცდილობთ, ეს ტრადიცია დამკვიდრდეს…
_ ერთი პარტიიდან ხომ არ გისაყვედურეს თელავში არჩევნების წაგება?
_ ფორმულირებებში უფრო, ჰმ… ისეთები ვიყოთ…
_ კი ბატონო…
_ არავის არაფერი უსაყვედურია. არჩევნები არ არის ერთი ადამიანისა და ერთ ადამიანზე დამოკიდებული პროცესი… აქ მთელი გუნდია და პოლიტიკა ჩართული… როგორც ცენტრიდან დაწყებული, ისე ადგილზე _ თითოეული ადამიანის გავლით, ვინც საერთოდ ამ გუნდის წევრია და ვინც არჩევნებზე პასუხისმგებელია, ამიტომ პერსონალურ საყვედურებზე საუბარი არ არის, აქ საუბარია, ზოგადად, რომ არ არის სასიამოვნო რომელიმე საარჩევნო უბანზე წარუმატებლობა… ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე სწორი ანალიზი, რომლის საფუძველზეც შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება, რათა მეორე არჩევნებზე შედეგები უკეთესი იყოს.
_ თუმცა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა. რომ ჰყოლოდა, შეიძლებოდა, არც წაგეგოთ, არა?
_ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდა კანდიდატი, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა მხარი… ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ერთიან საარჩევნო კამპანიას ნიშნავდა…
_ იღბლის გჯერათ?
_ ადამიანს ღმერთისგან თავისუფალი ნება აქვს მიცემული! ეს არჩევანის თავისუფლება, ალბათ, იმდენად ფართო ცნებაა, რომ იქ შეიძლება, იღბალსაც ჰქონდეს თავისი ადგილი…
_ ლატარიაში მილიონი რომ მოიგოთ, წახვალთ პოლიტიკიდან?
_ მილიონის გამო არც მოვსულვარ პოლიტიკაში და არც შეიძლება, მილიონის გამო წავიდე…
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გიყიდით, ყოველ შემთხვევაში, მილიონად?
_ ვცდილობ, რომ მართალი ვიყო.

მაკა მოსიაშვილი