ნანა ყეინიშვილი 5 კომპანიის დირექტორია

საქართველოში ტერმინი „სტარტაპი“ სულ ცოტა ხნის წინ გახდა აქტუალური. ინვესტორები დაფიქრდნენ, რომ ბიზნესის კეთების ტრადიციული ფორმები მსოფლიოში იცვლება და საჭიროა ამ ტენდენციის დროულად გათავისება. სტარტაპ იდეის მქონე ადამიანისთვის მსგავსი შეთავაზება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაა. იდეის არსებობა წარმატებისთვის არასაკმარისი პირობაა. მისი რეალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, სტარტაპ ბიზნესისთვის პირიქით, ხელსაყრელია. დიდ ქვეყნებში შექმნილ ბიზნესს უჭირს ლოკალური სივრციდან თავის დაღწევა და მანამ, სანამ მთელ ბაზარს მოიცავს, განვითარების ტემპს ანელებს.
დამფუძნებლებმა თავიდანვე იციან, რომ თუ სურთ განვითარება, უნდა გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს და ეს მინიმალური დანახარჯით და მაქსიმალურად ინოვაციური იდეით უნდა გააკეთონ.
სწორედ ამიტომ საქართველო სტარტაპ ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
მაგრამ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში, ერთდროულად, სამ თვეში რამდენიმე კომპანიას აარსებენ?

ჰუმანიტარული მისიიდან _ პოლიტიკაში… პოლიტიკიდან კი _ ბიზნესში…

პოლიტიკური პარტია „ჩვენების“ დამფუძნებელი, ნანა ყეინიშვილი, 2012 წლამდე თუ მხოლოდ ერთი „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელი იყო, ახლა უკვე ყოფილი პარლამენტარი, ერთდროულად, 5 კომპანიის დირექტორი და 6 კომპანიის მეწილეა.
მართალია, ყეინიშვილი 2019 წლის სექტემბერში „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აანონსებდა, რომ მალე პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და საკუთარი პარტიის ალამს აღმართავდა ქართული პოლიტიკის ველზე, თუმცა საოცარი ისაა, რომ მან პოლიტიკის ნაცვლად იმდენი კომპანია დააარსა ერთსა და იმავე მისამართზე სამი თვის ინტერვალით და იმდენი კომპანიის დირექტორი გახდა, საეჭვოა, ყველას სახელი ახსოვდეს.
მისი ბოლო განცხადება სწორედ „პრაიმტაიმს“ აქვს, სადაც ყეინიშვილი ამბობს, რომ ახლა ბიზნესშია, კერძოდ კი ნიუსიდან ვკითხულობთ:
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, ნანა ყეინიშვილი, პოლიტიკაში ბრუნდება _ ამის შესახებ ყეინიშვილმა ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც ნანა ყეინიშვილმა მმართველი გუნდი დატოვა, პარტია „ჩვენები“ დააფუძნა. რამდნიმე წელია, ის პოლიტიკურ ველზე აღარ გამოჩენილა, თუმცა ამბობს, რომ აქტიური პოლიტიკური გეგმები აქვს, რომელზედაც რამდენიმე დღეში დეტალურად ისაუბრებს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნდება.
„აუცილებლად ვაპირებ პოლიტიკურად გააქტიურებას. ახლა სწორედ შესაბამისი დრო არის, ვისაც პოლიტიკური გეგმები აქვს, შესაბამის გზას დაადგეს“, _ განუცხადა „პრაიმტაიმს“ ნანა ყეინიშვილმა.
ნანა ყეინიშვილის თქმით, ის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს და პარტნიორებსაც უკვე განიხილავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, არანაირ ვარიანტს. შემოქმედებითი კუთხით შევხედავთ მომავალს. პარტნიორებს უკვე განვიხილავ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არავისთან მქონია, რადგან ძალიან დიდი ხანია, უცხოეთში ვარ და ბიზნეს საქმიანობას ვეწევი“, _ ამბობს ნანა ყეინიშვილი.
ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ 2016 წელს დატოვა. მან მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა.
კომპანიებში, რომელთაც ყეინიშვილი მართავს, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დამფუძნებლად.
უფრო ზუსტად კი:
2019 წლის 28 ივნისს ყეინიშვილმა, მის ორ პარტნიორთან ერთად, რომლებიც ისრაელისა და პოლონეთის მოქალაქეები არიან, შპს „ვიანდოგეორგია“ დააარსა, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, IV მკ/რ, კორპ. #9, ბინა #59.
დირექტორი კი ექსპოლიტიკოსი ნანა ყეინიშვილია.
კომპანიის მეპატრონეები: მესაკუთრე წილის მმართველი ნანა ყეინიშვილი 60%-ს ფლობს, კატარზინა ტამარა რუდ. /პოლონეთი/ 10%-ს; დავიდ აბადი, /ისრაელი/ 10%-ს; ბოგუმილა მაგდალენა ვოიტალ /პოლონეთი/ 10%-ს; კრზისზტოფ ვოზნიცზკა /პოლონეთი/ 10%-ს.
2019 წელი, 30 სექტემბერი, ახალი შპს „აგრიმონი“ არსდება, რომლის იურიდიული მისამართი იგივეა: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, IV მ/რ, კორპუსი #9, ბინა #59. შპს-ს დირექტორი ნანა ყეინიშვილია.
კომპანიას სამი თანამესაკუთრე ჰყავს მესაკუთრე წილის მმართველები არიან: ნანა ყეინიშვილი (1/3), იანაი მიზრაჰი, /ისრაელი/ (1/3), კატარზინა ტამარა რუდ. /პოლონეთი/ (1/3).
2019 წლის 7 ნოემბერი _ უკვე შპს „ნათმეტალი“ არსდება, რომელიც იგივე იურიდიულ მისამართზეა რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, IV მკ/რ, კორპ. #9, ბინა #59.
ამ კომპანიის დირექტორი საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძეა, იგი ნანა ყეინიშვილის ქალიშვილია.
მესაკუთრები: ნათია ლოლაძე _ 33%, დანი ვეჰბე /ჩეხეთის რესპუბლიკა/ _ 33%, სამირ კამილ ბენჩენა /ნიდერლანდები/ _ 33%, ნანა ყეინიშვილი კი 1%-ის მფლობელია.
2019 წლის 31 ივლისი _ შპს „ალიანსი“ რეგისტრირდება. აქაც იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, კორპუსი #9, ბინა #59
დირექტორი _ ნანა ყეინიშვილი,
მესაკუთრე _ ნანა ყეინიშვილი.
2019 წლის 30 სექტემბერი _ ასპარეზზე გამოდის შპს „მედიკო“, რომლის იურიდიული მისამართია ისევ: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დას., IV მკ/რ., კორ. #9, ბ. #59.
დირექტორი ისევ ნანა ყეინიშვილია.
მესაკუთრე: მესაკუთრე წილის მმართველი ნანა ყეინიშვილი, (1/3) კატარზინა ტამარა რუდ. /პოლონეთი/ (1/3), იანაი მიზრაჰი, /ისრაელი/ (1/3).
უფრო ადრე კი, 2017 წლის 25 დეკემბერი _ შპს „ზემელი“, იურიდიული მისამართი: საქართველო, მთაწმინდის რაიონი, თბილისი, ყაზბეგის ქ., #14, ქალაქი თბილისი, ბაქრაძის ქ. #21.
დირექტორი _ ნანა ყეინიშვილი.
მესაკუთრე წილის მმართველი _ ჯუმბერ გოგიტიძე _ 25%, ნანა ყეინიშვილი _ 50%, ნინო ონიანი _ 25%.

არის კი მისი ბიზნესი გამჭვირვალე?

არადა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნანა ყეინიშვილი რამდენიმე უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოში ჩადებულ ინვესტიციებს მართავს, მათ შორის, ერთ-ერთი არის საჯომარდო ტურები საქართველოში.
მაგრამ მაინც, კითხვა ღიად რჩება, _ რას საქმიანობს „წითელი ჯვრის“ ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტარი, სააკაშვილისა და ივანიშვილის ყოფილი მედროშე ყეინიშვილი?.. რა ხდება მის 5 კომპანიაში, რომელთაც ის უცხოელების ინვესტიციებით მართავს?..
ყეინიშვილის გასული წლის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მას პოლიტიკაში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა _ არა. მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, საკუთარი კარიერა დააფინანსოს, მას „ქართული ოცნება“ აღარ ენდობა, რასაც მის მიმართ აღძრული და თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეებიც ადასტურებს.

(გაგრძელება იქნება)

მაკა მოსიაშვილი