მიშა კაჭკაჭიშვილი: „ივანიშვილს ერთადერთი გამოსავალი დარჩა, დაბრუნდეს პრემიერად და არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს“

ოპოზიცია და ხალხი ხელისუფლებას უკვე სერიოზულად აღარ აღიქვამს. ნებისმიერი მათი განცხადება ქილიკის მიზეზი ხდება. ამერიკიდან მოსულ მწვავე წერილებზე რა რეაქციაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, სერიოზულ კომენტარებს აღარ ექვემდებარება. „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა, სოციალურ ქსელში ხუმრობით მიმართა კონგრესს და სთხოვა, ქართული შრიფტი გამოიყენეთ, ხუნდაძე ვერ გებულობს, რას წერთო. მმართველი პარტიის შეფასებების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლა ვერ ხვდებიან, რას წერენ ამერიკელები.

რას ელოდება ოპოზიცია ხელისუფლებისგან? რა ენა ესმის „ქართულ ოცნებას“? რას ნიშნავს დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ნიაღვარი? რატომ დააზარალებს სანქციები მთელ ქვეყანას? რა შემთხვევაში შეუძლია ბიძინა ივანიშვილს გადარჩენა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:

_ თქვენ სოციალურ ქსელში იხუმრეთ და კონგრესმენებს სთხოვეთ, ქართული შრიფტით წერეთ წერილები, დიმიტრი ხუნდაძე ვერ კითხულობსო. როცა მეოცნებეთა კომენტარები მოვისმინე, მგონი, მართლა უნდა ვთხოვოთ კონგრესს, რომ წერილები ქართულად დაწერონ, აშკარად ვერ გებულობენ, რაზეა საუბარი, თუ თავს იშტერებენ?
_ ძალიანაც კარგად ხვდებიან, რაზეა საუბარი, მაგრამ შტერები არიან და თავს იშტერებენ. ისე, ბერაია, ხუნდაძე, მეზურნიშვილი და სხვები ჯერ წერა-კითხვას თუ ისწავლიან და მერე გააკეთებენ კომენტარებს, კარგი იქნება. ანდა რა შეფასებები უნდა გააკეთონ ამათ კონგრესიდან მოსულ წერილებზე?! ტიპები არაფრის აზრზე არ არიან, მოკიდეს ხელი და შემთხვევით შეყარეს პარლამენტში. ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მაგარი ბიჭები არიან და კონგრესიდან მოსულ წერილებსაც ვითომ არაფრად აგდებენ.
_ სადაც მილიარდერ ბიძინას მოუწყვეს ე. წ. ამბოხი, იქ ვიღაც რიგით კონგრესმენებს რომ აუხტნენ, რა გასაკვირია.
_ რა თქმა უნდა, სად ესენი და სად კონგრესი. ახლა რა ჰგონიათ, ლობისტების მეშვეობით კონგრესმენებსა და სენატორებს მოისყიდიან? წავიდნენ და სცადონ. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ, მგონი, პარტიაში ინგლისურად მოლაპარაკე მართლა აღარ დარჩათ. ძალიან ცუდად არის მათი საქმე. პარტიის შიგნითაც ვერ არიან მთლად დალაგებულები. არევა მერე ნახე, ამერიკიდან კიდევ რომ წამოვა მესიჯები. რაც აქამდე მოვიდა, ეს მაგათთვის ყვავილები და პრელუდიაა, მთვარი წინ არის. მერე აღარ მგონია, სახუმაროდ ჰქონდეთ საქმე.
საზღვარი ყველაფერს აქვს და საქმე აქამდე რომ მივიდა, ეს თავად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ისინი ამ ვითარებაში არც კონგრესს ჩაუყრია, არც სენატს და არც _ ევროპარლამენტს. ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალონ. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ, დათმობაზე უნდა წავიდნენ. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობ, თორემ დანარჩენი ქვეითები არაფერს წარმოადგენენ. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ეგენი პირველები გამოიქცევიან და ივანიშვილს შეახოცავენ ხელს. ყველაფერს მას დააბრალებენ.
გულწრფელად გეუბნებით, არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ცუდად დაამთავროს. არც სამაგიეროს გადახდა და შურისძიებები მინდა, მაგრამ ამათი დარჩენაც შეუძლებელია. დაწვეს, დაანგრიეს და უფსკრულის პირას მიიყვანეს ქვეყანა. ახლა მართლა ჯობია დათმონ, თორემ სანქციებიც იქნება და სხვა რაღაცებიც. ასე რომ, ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს. იმდენი ცუდი რამ აქვთ გაკეთებული, რომ მეეჭვება, ოქტომბრამდე მიაღწიონ. უფრო ადრე დაინგრევიან და გადატყდებიან. მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდება კიდევ რაღაც. ისეთ სისულელეს გააკეთებენ, ქუჩაში გამოსულ ხალხს უკან ვეღარ დააბრუნებენ. ხალხი თავად აღარ დაბრუნდება, რადგანაც „ოცნების“ გაშვება უკვე პრინციპის საკითხი იქნება.
მე კი მინდა, რომ მშვიდობიანად წავიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ იქნება. ჩაებღაუჭებიან ძალაუფლებას. ამით ისინი მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიგებენ. მაქსიმუმ, დაგვიჭერენ და მერე რა? _ ციხეს ორი კარი აქვს, შევალთ და გამოვალთ.
_ დაჭერები რომ იქნება, ეს ივანიშვილმაც დააანონსა.
_ იყოს, არ გვეშინია ამ დაჭერების. რამდენი ხნით ჩაგვსვამენ? ოქტომბერში ყველაფერი შეიცვლება. ოქტომბრამდე ვისხდებით, ნოემბრამდეც. დაჭერით ვეღარ შეაშინებენ ვერც ხალხს და ვერც ოპოზიციას. იმედი მაქვს, ივანიშვილი ხვდება ამდენს. მე მისგან გადაწყვეტილების მიღებას ველოდები, დანარჩენი რეგვენები რას ფიქრობენ, არც მაინტერესებს.
_ ამბობთ, რომ ივანიშვილისგან ელით გონივრულ გადაწყვეტილებებს. ის ინფორმირებულია, რაც ქვეყანაში, მისი და მისი პარტიის თავს ხდება? იქნებ, გარემოცვა ყველაფერს არ ეუბნება?
_ ბიძინამ არ იცის, ქვეყანაში რაც ხდება _ ეგ, დაახლოებით, ისეთი ამბავია, სტალინმა არ იცოდა, ხალხს რომ ხვრეტდნენო. რას ჰქვია, არ მიდის მასთან ინფორმაცია?! მას ხომ ჰყავს რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც ინფორმაციებს აწვდის. იცის, როგორ არ იცის, მაგრამ, ალბათ, სხვა გამოსავალი არ აქვს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს რამდენიმე ადამიანი „ოცნების“ ლიდერს შელამაზებულ ამბებს არ უყვება? იქნებ, ისე უყვებიან, როგორც ეს „ოცნების“ ლიდერს მოეწონება?
_ არა მგონია, ყველაფერს უმალავდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რაც ხდება. ღმერთმა კიდევ იმაზე ბევრი ფული მისცეს, რაც დღეს აქვს, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებოს, ეს რეგვენების კოჰორტაც მოგვაშოროს. მერე თუ უნდა, დარჩეს ამ ქვეყანაში და იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა. თუ სიკეთის გაკეთება უნდა საქართველოსთვის, ისე გააკეთოს.
ყველამ გააცნობიერა, რომ ერთ ადამიანში ან ერთ პარტიაში არ უნდა იყოს მთელი სახელისუფლებო რესურსი კონცენტრირებული. ეს რომ დამთავრდეს, ამისთვის საჭიროა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ამ შემთხვევაში ძალთა ბალანსი დაცული იქნებოდა. ამათ ასეთი არჩევნები არ აწყობთ. ძალიან ცუდ გზას ადგანან, ეს გზა ჩიხამდე მიიყვანთ. ჩიხის იქით უფსკრულია და გადაიჩეხებიან. ეს ქვეყანასაც დააზარალებს, თორემ ეგენი წყალსაც წაუღია. საკუთარ თავს თავადვე გამოუტანეს განაჩენი _ ან რა კომენტარებს აკეთებენ, ან როგორ იქცევიან?! აქამდე ხომ სამარცხვინოები იყვნენ, ახლა უკვე სასაცილოები გახდნენ.
_ სისულელეებს ძალიან მოუმატეს და ეს საარჩევნო სიის შედგენას ხომ არ უკავშირდება? ყველას უნდა იქ მოხვედრა და შეიძლება, ამ გზით ცდილობენ, თვალში მოხვდნენ ვიღაცას.
_ ამით მეფის კარზე თავის გამოჩენას ცდილობენ. ჰგონიათ, რომ ასე თუ მოიქცევიან, ერთგულებას დაამტკიცებენ. სინამდვილეში, ყველა მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაზედაც მომავალში აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. ოღონდ ისინი თავისუფალმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს. მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამარლოს არავინ ენდობა. მთელი ოპოზიცია შეთანხმებული ვართ, როცა „ოცნებას“ გავუშვებთ, სასამართლო სისტემას სრულიად გავწმენდთ. ვინც ახლა არის უზენაეს სასამართლოში, არავინ აღარ დარჩება. სასამართლოსთან ერთად სხვა სისტემებიც გაიწმინდება.
„ქართული ოცნება“ ასე არაადეკვატურად იმიტომ თუ იქცევა, რომ ჰგონია, ხალხი ქუჩაში არ გამოვა, ძალიან ცდება. დაელოდონ და ნახავენ, რამდენი ადამიანი მოუწყობს აქციას. ძალიან ბევრი გამოვა ქუჩაში, თუ არჩევნების გაყალბებაზე წაუცდებათ ხელი.
_ როგორც ამბობენ, არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოიგოო და შეძლებს ოპოზიცია არჩევნებამდე არჩევნების მოგებას?
_ ახლა ცოტა სხვანაირად არის საქმე. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ უნდა მოვიგოთ არჩევნები, არამედ თავად „ოცნება“ აგებს არჩევნებს არჩევნებამდე. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ფეხბურთში, როცა კარგად არ თამაშობ, მოწინააღმდეგე გაგიტანს გოლს და მოგიგებს თამაშს. მე არჩევნების მოგებაში იმიტომ კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციაა უშეცდომო, „ქართული ოცნება“ იქცევა საზიზღრად და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ისეთი ვითარება შექმნეს, რომ უნდა დამარცხდნენ. 51%-ს არჩევნებზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიწერენ.
_ რატომ ვერ დაიწერენ 51%-ს?
_ ვერ დაიწერენ და იმიტომ. ყველამ იცის, რა რეიტინგიც აქვთ. მე თუ მკითხავთ, მათი რეიტინგი 20%-ს არ აღემატება. ადმინისტრაციული რესურსი დარჩათ ერთი და ეგენიც ბოლომდე მათი მხარდამჭერები არ არიან. ძალიან ცუდი ბედი ელოდებათ, ოპოზიციაში თუ გადავლენ, ეს მათთვის მისწრება იქნება, მაგრამ შეიძლება, გაქცევა მოუწიოთ. რამეს თუ გაბედავენ, შიმშილისგან დაოსებული ხალხი კეტებით დაერევა.
_ დასავლეთის გააქტიურებას დავუბრუნდეთ. აქამდე არაფერს იმჩნევდნენ და ახლა აღარ ჩერდებიან. ან მაშინ რატომ დუმდნენ, ან ახლა რატომ წერენ წერილს წერილზე?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დასავლეთი გააქტიურდა მაშინ, როცა ეს საჭიროდ მიიჩნია. მე ამათი დამოკიდებულება მაკვირვებს. მგონი, წარმოდგენა არ აქვთ ამერიკასა და კონგრესზე. 80-მილიონიანი ირანი, რომელსაც მილიონიანი არმია ჰყავს, ვაშინგტონმა ერთ დღეში დაამთავრა დიპლომატიურად და ამათ ვერ მოერევა? ძალიან სასაცილოა „ოცნების“ დამოკიდებულება.
ამერიკის შეერთებული შტატები ჰეგემონი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს საქართველოში. ის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მეგობარია. მათ არ აინტერესებთ, რა გვარის კაცი იქნება საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ვაშინგტონს არაფერში სჭირდება, რომ აქ დესტაბილიზაცია იყოს. მას საქართველო, როგორც ძლიერი ქვეყანა, ისე სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეგნებულად ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. ჩამოშალა ყველა ინსტიტუტი, კურსი მკვეთრად ჩრდილოეთისკენ აიღო. პუტინს კიდევ რუსეთში ივანიშვილისნაირი 3.000 ოლიგარქი ჰყავს.
ამერიკას რუსეთთან დაპირისპირება არ აწყობს. ამიტომაც ადევნა თვალი მშვიდად იმას, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა. ახლა 8-წლიანი ციკლი მთავრდება და ყველაფერი უნდა შეიცვალოს. რუსეთისკენ ვეღარ წავალთ. ივანიშვილს 8 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ისტორიაში როგორც დადებითი ფიგურა, ისე შესულიყო. მას ამის თეორიული შანსი კიდევ აქვს. ამისთვის პროპორციული არჩევნები უნდა დააბრუნოს. სხვა შემთხვევაში ის განწირულია. სადღაც ვიღაცებმა ის უკვე გადახაზეს. როცა წითელ ხაზებს კვეთ, იქ დამოკიდებულება იცვლება. მთელი მსოფლიოს წინაშე დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ყველა გადააგდო. ასეთ რამეებს კი არავის პატიობენ, არც საქართველოში, არც დასავლეთში.
შეცდომები სხვაც ჰქონდა, იყო გადაცდომებიც. ეს ყველაფერი ილექება, გროვდება. პენსიონერებს დაჰპირდა, პენსიას გაგიზრდითო და გადააგდო. სიღარიბე აღარ იქნებაო და სიღარიბეც სანატრელი გახადა, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ხალხი. საკრებულოს დამლაგებლებს, თურმე, დღეში 8 ლარად ამუშავებენ. ის ადამიანი, ვინც ეს ამბავი გაამჟღავნა, ჯგუფურად სცემეს საკრებულოში. ლევან ხაბეიშვილზე ვსაუბრობ. ასეთი რაღაცები ყველასთვის ცუდად მთავრდება. ასე იქცეოდა შევარდნაძე 2003 წელს და დამთავრდა. სააკაშვილი 2012 წელს გადაირია და ისიც დამთავრდა. მთავრდება „ქართული ოცნებაც“. არ მინდა, რომ ივანიშვილს საქართველოდან გაქცევა მოუწიოს. იმედი მაქვს, გონს მოეგება. თუ არ მოეგება და… წასვლითაც ვერსად წავა.
_ გასაქცევი რომ არ აქვს, შეიძლება მაგიტომაც არ წავიდეს დათმობაზე და ყველაფერი გააკეთოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
_ შეიძლება, აქვს გასაქცევი, მაგრამ ვერ გაიქცევა. შეთქმულების თეორიები არ მიყვარს, მაგრამ, რატომღაც, ასე მგონია, რომ ის საკუთარ თავზე აღარ არის დამოკიდებული. რაღაცნაირად ჩაითრია ქვეყანაში არსებულმა კორუფციულმა სისტემამ და მისი მსხვერპლი გახდა. წავედიო, _ ვერ იტყვის. სხვანაირად არის მანდ საქმე. ობობის ქსელივით არის მოდებული ეს სისტემა ყველაფერს. აქ ჩხარტიშვილი ვანო, იქ ისა და ისა. ასე ადვილად ივანიშვილიც ვერ მიდის. აქედან გამომდინარე, ქართული ანდაზა გაიხსენა: ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და ჩაყვა ამათ.
_ ვანო ჩხარტიშვილი ახსენეთ, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიშორა თავიდან.
_ შემოდგომაზე ხელისუფლება რომ შეიცვლება, მაშინ მოვიცილებთ ვანო ჩხარტიშვილსაც და მის მსგავს ოდიოზურ ფიგურებსაც.
_ დაგეგმილ აქციებზეც ვისაუბროთ, არ გაუჭირდება ოპოზიციას ხელახლა პროტესტის აგორება?
_ არ გაუჭირდება. სხვანაირი სიტუაციაა, ერთი სული აქვს ყველას, თუ როდის დაიწყება აქციები და გამოსვლები. ვიცით, რომ ხელისუფლება უფრო სასტიკად დაგვარბევს, ვიდრე გვარბევდა, მაგრამ პროტესტი არ შეწყდება. აქციებზე ხალხის დაკავებას ცოტა ხნით მოერიდებიან. ბოლო დროს აქციებზე დაკავებულების გამართლებაც კი დაიწყეს. ძალიანაც არ უნდათ მათი გამართლება, მაგრამ ახლა ასე სჭირდება საქმეს. ამით დასავლეთს აჩვენებენ, რომ აი, ჩვენ რეპრესიებზე უარს ვამბობთო. ყველამ იცის, რომ ეს შირმაა და მეტი არაფერი. ყველა მიმართულებით გარღვევა და ჩავარდნა აქვთ. გამორიცხულია, რომ ესენი საპარლამენტო არჩევნებზე რამით ფონს გავიდნენ. აქციაზე დაკავებულებს თუ გაამართლებენ, ამით დიდად არაფერი შეიცვლება.
წლების მანძილზე „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი, მათთან ერთად ვებრძოდი უსამართლობას და გული მტკივა, მათ ასეთ სახეცვლილებას რომ ვუყურებ. ვხედავ, როგორ გახდნენ თავმოყვარე ადამიანები უთავმოყვაროები. ისინი პარლამენტში მხოლოდ ღილაკის დამჭერის ფუნქციას ასრულებენ. ხმის ამოღების უფლება არ აქვთ, პროტესტიც არ უჩნდებათ და არარაობებად გადაიქცნენ.
_ იქნებ, არც უნდათ ხმის ამოღება? ცხოვრება აიწყვეს და რატომ გააპროტესტებენ უსამართლობას?
_ მთლად ასეც არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. იმასაც გააჩნია, ვინ რას ეძახის ცხოვრების აწყობას. ვიღაცამ თუ სასახლე აიშენა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, თუ როგორ ამთავრებენ ასეთი ჩინოვნიკები მოღვაწეობას. ზოგი ქვეყნიდან გარბის, ზოგს ციხეში უწევს წასვლა. ამ ადამიანებთან ვიბრძოდი და არ მინდა, რომ ისინი ციხეში ვიხილო, მაგრამ თავად აკეთებენ ყველაფერს, რომ იქ მოხვდნენ.
_ ამბობთ, არ მინდა, ისინი ციხეში ვნახოო, მაგრამ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ის აუცილებლად უნდა წავიდეს ციხეში.
_ ბუნებრივია, დამნაშავის ადგილი ციხეშია. მათ ბევრი დააშავეს და იციან, საითაც წავა მათი გზა, როცა ხელისუფლებას ჩამოშორდებიან. ამიტომაც ეპოტინებიან სავარძელებს. სანქციები თუ დააწესეს, გაქცევითაც ვერ გაიქცევიან. ევროპა და ამერიკა ამათ არ მიიღებს, ამიტომ მოუწევთ ციხეში თავის ამოყოფა.
_ გაქცევამდე თუ მიუვიდათ საქმე, რუსეთში გაიქცევიან.
_ რუსეთიდან სად წავლენ? _ ვერსად. ესენი არ არიან ისეთი დონის ფიგურები, რომ ვინმეს რამეში სჭირდებოდეს. მატყუარა, გადამგდები და სიტყვის გამტეხი კაცი არავის უყვარს. ივანიშვილს სახის შენარჩუნება თუ უნდა, პროპორციული არჩევნების დაბრუნებაზე უნდა იფიქროს. ამას თუ არ აკეთებს, გამოვიდეს და ბოდიში მაინც მოუხადოს ხალხს.
_ ხომ მოიბოდიშა, თქვა, _ მინდოდა არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო, მაგრამ მაჟორიტარები ვერ დავითანხმეო.
_ ეს არ არის ბოდიში, ეს არის ზღაპარი. სიმართლე თქვას და ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. მოიფიქრონ ისეთი გეგმა, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღებია. ამის ნაცვლად გვეუბნებიან, ჩვენი შეთავაზება მიიღეთ, თუ არადა… თუ არადა, რასაც მიიღებენ, ნახავენ. მართლა უძლეველები ხომ არ ჰგონიათ თავი?! ისეთ რაღაცას მიიღებენ, რაც ჯერ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ მიუღია.
_ რა უნდა მიიღონ ასეთი? _ ერთი ხელისუფლება სისხლიანი გადატრიალებით ჩამოვაგდეთ, მეორე _ უსისხლო რევოლუციით.
_ ამ შემთხვევაში სანქციებს ვგულისხმობ. მსგავსი რამე არც ერთი ხელისუფლების წინააღმდეგ არ დაუწესებიათ. „ოცნების“ წევრებზე გული არ შემტკივა, მაგრამ ეს სანქციები ჩვენს ქვეყანასაც დააზარალებს. ძალიან ცუდია, როცა ამა თუ იმ ხელისუფლებას დასავლეთი სანქციებს უწესებს. ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება ცუდად. ჩავითვლებით, რომ არ ვართ სტაბილური ქვეყანა და ყველა უარს იტყვის აქ ინვესტიციების ჩადებაზე. არ მესმის, რატომ არ ფიქრობს ივანიშვილი ამაზე? გამოუშვი პოლიტპატიმრები, ჩაატარე დემოკრატიული არჩევნები და თუ წააგებ წადი, რა, მშვიდობიანად. მოგების შემთხვევაში _ დარჩი. ღმერთმა შეგარგოს გამარჯვება.
მოდი, რა, დავამკვიდროთ ღირსეულად თამაშის წესები, თორემ გზას თუ არ დამიტოვებ, აუცილებლად გამოვალ ქუჩაში. თუ ჩამარტყამ _ ჩაგარტყამ. არავის ეგონოს, რომ საკრებულოში მომხდარი სამარცხვინო ამბით დააშინებენ ვინმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით, მაგრამ ვერაფრით გავამართლებ, რაც „ოცნების“ წევრებმა ლევან ხაბეიშვილს გაუკეთეს. ოცი კაცი დაესია ერთს. ამით ვიღაცას ერთგულება დაუმტკიცეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეჭრათ თავი. მათ საქციელს გამართლება არ აქვს.
ამ ქვეყანაში შვილებს არ ასწავლიან, რომ ადამიანს გიენებივით დაესიეთო. არც ჩვენ გავუზრდივართ ასე და არც ჩვენ ვზრდით ასე ბავშვებს. ეს ჩხუბი ტელევიზიით გავიდა და, ალბათ, ამ გიენების ოჯახის წევრებმაც უყურეს. მაინტერესებს, რა უთხრეს შვილებს, სიამაყით მოუყვნენ, როგორ დაესია ოთხი მუტრუკი ერთ ბიჭს? ხვალ ჩვენც შეიძლება ჯგუფურად დაგვესხან თავს, მაგრამ არ გვეშინია. შეშინებულები თავად არიან და ამიტომაც ვარდებიან ხშირად სასაცილო მდგომარეობაში. ხალხის განწყობა ამათ მიმართ აღარ შეიცვლება. სიტყვის გამტეხს აღარ დაუჯერებენ.
_ ხალხის გულის მოსაგებად თუ თვალის ასახვევად ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს ამზადებს. ეს შეცვლის რამეს?
_ რა უნდა შეცვალოს? გახარიას თუ გაუშვებს, ჰგონია, ხალხი ყველაფერს დაივიწყებს? გახარია აუცილებლად აგებს პასუხს იმაზე, რაც 20 ივნისს ჩაიდინა. ის ჩაჯდება იქ, სადაც ახლა ვანო მერაბიშვილია. ისიც აქციის დარბევისთვის დაისაჯა. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილიც შს მინისტრი იყო და სააკაშვილმა ის პრემიერად არჩევნების წაგებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანა. ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და კარგად აცნობიერებს იმას, რომ სამთავრობო ცვლილებები არაფერს შეცვლის. იმ დონეზე არიან, რომ ამათ ქმედებებზე უკვე აღარც ვბრაზდები. მგონია, მათ განცხადებებსაც იგნორი უნდა გავუკეთოთ.
_ ისეთებს ამბობენ, იგნორი როგორ უნდა გავუკეთოთ? სხვა თუ არაფერი, გაგეცინება ადამიანს.
_ მაგიტომაც დავცინი. ამათზე სერიოზულად საუბარი დაუშვებელია. კონგრესის მნიშვნელობა არ იციან და ამათ რაზე უნდა ველაპარაკო? ინგლისურიც არ ესმით, რომ რამე გაიგონ. ამათთვის გასაგები მხოლოდ ძალის ენაა და სანქციებს რომ მიიღებენ, მერე იხუმრონ. ამათგან განსხვავებით ივანიშვილზე შემტკივა გული. თან მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა. ამით საკუთარ თავსაც გადაარჩენს და ქვეყანასაც აარიდებს არეულობას. ასე ძალიან თუ უნდა სამთავრობო ცვლილებები, თავად უნდა დაბრუნდეს პრემიერად და არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს. ამის შემდეგ გადავიდეს ოპოზიციაში და დარჩება საქართველოში. სხვა შემთხვევაში ძალიან ცუდად წავა მისი საქმე. მას გაქცევა მოუწევს და შეიძლება, ვერ გაიქცეს.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ „ოცნებაში“ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი ბრძოლა გველის. ესენი იოლად არაფერს დათმობენ, არჩევნების გაყალბებას კი არავინ გაატარებს.

შორენა მარსაგიშვილი