დიმიტრი ბიძინაშვილი: „დედაქალაქის მერი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს“

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აშკარად აჭრილია და ზრდილობასთანაც ხშირად შეუთავსებლობა აქვს. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ კახა კალაძე სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და ამიტომაც არის გაღიზიანებული. ბოლო დროს მის სახელს არაერთი კორუფციული სკანდალი დაუკავშირდა. „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ მისი ქმედებები უკვე ბიძინა ივანიშვილსაც უშლის ნერვებს. მთავარი მეოცნებე კი უფრო იმით არის ნერვებდაწიწკნილი, რომ ეჭვობს, _ კალაძემ შეიძლება, დამოუკიდებლად თამაში მოინდომოს.
მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი, წლებია, კახა კალაძის საქმიანობას სწავლობს. ამასობაში მისი ხასიათიც კარგად შეისწავლა. მისი დაკვირვებით, კალაძე მაშინ გადადის უზრდელობაზე, როცა გუნდში პრობლემები ექმნება.

როდის იწყებს უზრდელობას კახა კალაძე? ვინ უწერს მას ხუმრობებს? რამდენი გვიჯდება მისი „პიარშიკების“ შენახვა? რატომ დაიწყო კორუფციაზე საუბარი? მართლა აგზავნის თუ არა ოპოზიციასთან ივანიშვილის საწინააღმდეგო მესიჯებს? _ ამ თემებზე დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დედაქალაქის მერმა ბოლო პერიოდში ქუჩური ტერმინოლოგიით დაიწყო საუბარი. თქვენ, როგორც სტაჟიანი კალაძელოგი, რით ხსნით ამას, _ ტრენდულია ასე ლაპარაკი თუ რამე სხვა ამბავი იმალება აქ?
_ დედაქალაქის მერი ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ უხეში მოპყრობით ცდილობს გადაფაროს ის მტკივნეული თემები, რომელიც პირადად მას აწუხებს. მისთვის ყველაზე მტკივნეული თემა ბიუჯეტია. როცა კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ, მას ავიწყდება, რომ საჯარო პირია და მაშინვე ქუჩურ ტერმინოლოგიაზე გადადის. მის კარიერას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უყვარს მას ეს ქუჩური ლაპარაკი. ის ხომ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსია. კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ხუმრობებიც კი წინასწარ აქვს მომზადებული.
კალაძე და მისი „პიარშიკები“ წინასწარ ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ, რა კითხვებს დასვამენ ჟურნალისტები და ოპონენტები. როცა მათთვის მიუღებელი კითხვები ისმება, თბილისის მერი იმწამსვე ხდება უზრდელი და ქუჩის ბიჭი, სხვა შემთხვევაში ყველაფერი წინასწარ აქვს დაწერილი და სხვების დაწერილს კითხულობს. საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მან დაწერილი ხუმრობა წაიკითხა. ასეა კალაძის, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი შექმნილი.
_ დაწერილი ხუმრობა წაიკითხაო და ამას ხუმრობით ამბობთ?
_ არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით გეუბნებით. საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ფურცელზე დაწერილი ხუმრობა წაიკითხა, თან არც კი შერცხვა.
_ ხუმრობა სხვამ როგორ უნდა დაგიწეროს? არ მესმის…
_ უწერენ და კალაძეც ხუმრობს თავისი ჭკუით. მისთვის ხუმრობის დაწერაზე „პიარშიკების“ მთელი გუნდი მუშაობს. ამ ადამიანების შენახვა ჩვენს ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უჯდება. მის „პიარშიკებს“ თვეში 5000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ აქვთ. ეს ადამიანები კი წერენ ხუმრობებს, მაგრამ იმის ამოცნობა არ შეუძლიათ, სად დაუსვამენ მერს კორუფციულ გარიგებებზე კითხვას. ამ დროს თავად კალაძე იღებს ინიციატივას და უზრდელობს. ამით თავს იცავს. ახლა ტოებით დაიწყო ლაპარაკი. ამით რაღაცის დამტკიცება სურს, მაგრამ რა უნდა დაამტკიცოს, როცა ერთი ჩვეულებრივი პროვინციელია.
ისე არ გამიგოთ, რომ ამით მის სამტრედიულ წარმომავლობას ვაკნინებ, არავითარ შემთხვევაში! სამტრედიელობის კომპლექსი თავად აწუხებს. სულ იმის ფიქრშია, რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს. არადა, მისგან არავინ ითხოვს, რომ ნაღდი თბილისელი იყოს. მისგან ითხოვენ მხოლოდ დაპირებების შესრულებას. დაპირებების შესრულება არ სურს და სლენგით უნდა ფონს გასვლა.
_ სლენგით საუბარი სხვებსაც გადაედოთ. ჯერაც ისევ პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, ხომ არ დაგასპოილერებთო. გახარიას რაღა სჭირს, ეგაც რამეს ამტკიცებს?
_ რა სჭირს და რაც _ კალაძეს. დანაპირებს ვერ ასრულებენ, შავ დღეში არიან და რაღაცით ხომ უნდა გავიდნენ ფონს? ეს ადამიანები ხომ რეალურად არაფერს წარმოადგენენ. თანამდებობებზე კი სხედან, მაგრამ ყველაფერი ისეა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა. „ქართული ოცნებიდან“ არავის აქვს რეიტინგი. ერთადერთი, ვისაც რაღაც რეიტინგი აღმოაჩნდა „ოცნებაში“, ეს არის კახა კალაძე. ის უკვე მეორედ დაწინაურდა რეიტინგებში და ამან უკვე გამოიღო შედეგი. როგორც კი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, კალაძეს მაშინვე შეექმნა პრობლემები. ეს პრობლემები მას „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დავალებით.
_ რა პრობლემები შეუქმნეს კალაძეს?
_ აქტიურად დაიწყო საუბარი კორუფციულ გარიგებებზე, სადაც კახა კალაძეც არის ჩართული. ეს გარიგებები მართლაც არსებობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა თბილისის მერმა სხვებზე მაღალი რეიტინგი დადო.
_ თქვენ კორუფციულ გარიგებებში კალაძის მონაწილეობაზე არაერთი კვლევა გამოაქვეყნეთ, მაგრამ „ოცნებას“ ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
_ არადა, ამ დროს მისი და მისი ახლობლების საქმიანობის შესახებ თავადვე აქვთ საქმე აღძრული. როგორც კი კალაძეს რაღაც დამატებითი პრეტენზიები და ამბიციები უჩნდება, ეს თემები მაშინვე წინა პლანზე წამოიწევს ხოლმე. ამ თემების წამოწევით კალაძეს აფრთხილებენ, რომ თუ ის ივანიშვილს გადაუხტება, აუცილებლად დაიწყება მის წინააღმდეგ გამოძიება. გამოსაძიებელი კი ძალიან ბევრია. თბილისის მერი დამოუკიდებლად გასვლას თუ გაბედავს, ისიც ცუდად დაამთავრებს და _ მისი გარემოცვაც. ისინიც ყელამდე არიან ჩაფლული კორუფციაში. ეს ადამიანები წურბლებივით ასხედან ბიუჯეტს.
_ როცა მის გარემოცვას ახსენებთ, ვინ გულისხმობთ?
_ ბევრნი არიან. განსაკუთრებით ივლიანე წულაიას და ბექა ოდიშარიას გამოვყოფდი. ისინი კალაძის კარზე დიდი პატივით სარგებლობენ და მართლა წურბლებივით ასხედან არა მარტო თბილისელების ფულს, არამედ თბილისელების ქონებასაც. ყველამ ვნახეთ როგორ აჩუქა კალაძემ 16 მილიონად შეფასებული მიწა 2 მილიონად თავის მეგობარს.
_ ძალიან „ჰუმანური“ მერი ჰყავს თბილისს, ასე არ გადასცეს მილიონად შეფასებული ადგილი ივანიშვილს ერთ ლარად?
_ რატომ არ გადასცემდნენ. ივანიშვილმა ისინი იმიტომ დასვა პოსტებზე და იმიტომ აძლევს ფულის შოვნის უფლებას, რომ ყველა მისი ახირება უნდა შეასრულონ. ვიმეორებ: სანამ კალაძე „ოცნების“ ლიდერს წინ არ გადაურბენს, მანამდე შეუძლია ფული აკეთოს, ამაში ივანიშვილი პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ როგორც კი თავის თამაშის დაწყებას შეეცდება, მაშინვე აღუძრავენ საქმეს. ამ საქმეების ნაწილი უკვე გამოძიებულია და ისინი თაროებზეა შემოდებული.
თბილისის მერი სერიოზულად არის გაფრთხილებული, როგორც კი ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, მის მეგობრებს დააკავებენ. არაა გამორიცხული, ისიც დაიჭირონ, თუმცა ეს უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. ოლიგარქი შეეცდება, რომ როგორმე დაჭერის გარეშე გაანეიტრალოს თბილისის მერის ამბიციები, რომელიც ისე მომძლავრდა ფინანსურად, რომ დამოუკიდებლად სურს მოქმედება.
_ მის დაპატიმრებას რატომ ეწინააღმდეგება ივანიშვილი?
_ იმიტომ, რომ ბევრ საქმეში არიან თანამონაწილენი.
_ რა საქმეებში?
_ თუნდაც ფულის გათეთრების სქემაში. ამ სქემაში ერთად არიან ორივენი. ეს საქმე გაიშიფრა. კიდევ ბევრი საერთო კორუფციული სქემა ექნებათ ამათ. ამიტომ მოერიდება „ოცნების“ ლიდერი მის დაჭერას, მისი მეგობრები კი ნებისმიერ წუთს შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. როგორც უკვე გითხარით, თბილისის მერი ამის თაობაზე გაფრთხილებულია.
_ საიდან იცით, რომ გაფრთხილებულია? ვარაუდია, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ?
_ თავისი პირით გვითხრა. ამაზე იყო გაბრაზებული და ამიტომ გალანძღა ჟურნალისტები. არადა, ჟურნალისტმა მისი განცხადებიდან გამომდინარე დაუსვა კითხვა. თბილისის მერმა საგანგებო განცხადებაში აღიარა, რომ მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში კორუფციაა. მან ამ სტრუქტურებს მიმართა და მოუწოდა, კორუფციას შეეშვითო, არ ჩაერთოთო და ა. შ.
მერიასა და კალაძის გარშემო რომ კორუფცია ყვავის, ეს რამდენჯერ დამტკიცდა. დააკავეს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, დააკავეს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე. კორუფციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მიერ გაკეთებული განცხადება ერთგვარი თავის დაცვის მცდელობაა. ის დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, კორუფციული სქემების გამო მიადგებიან. ეს კი ეტყვის, მე როგორ გავერეოდი კორუფციაში, როცა სხვებს ვაფრთხილებდი, ასე არ მოქცეულიყვნენო.
მინდა, „ქრონიკა+“-ის მკითხველმა იცოდეს, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი კორუფციული გარიგებაა, მათ შორის, ის ტენდერი, მილანიდან რომ უნდა ჩამოიტანოს 13-ათასიანი სკამები. ისიც კორუფციული სქემაა, ოდიშარიას ქვისლმა ძვირადღირებული ნაგვის ურნები რომ უნდა ჩამოიტანოს პორტუგალიიდან.
კორუფციული გარიგების ნათელი მაგალითი იყო ის „ალვის ხე“, რომელიც მერმა დიდი ამბით იტალიიდან ჩამოიტანა და ნაძვის ხედ გაასაღა. შეიძლება, ეს რაღაც ხე მართლა ტრენდულია, მაგრამ ის მილიონი ნამდვილად არ ღირს. კალაძე კი გვარწმუნებს, რომ ამ ხეში მილიონი გადაიხადა. „ალვის ხით“ ამდენი ფულის გაკეთება არ იკმარა და ევროპიდან საგანგებოდ ჩამოიყვანა ბლოგერები, რომლებმაც დაწერეს, რომ თურმე რა მაგარი და ლამაზი ნაძვის ხე დადგა თბილისის მერმა.
_ მართლა მოეწონათ ევროპელ ბლოგერებს ნიახურის კონის მსგავსი ხე?
_ მოეწონათ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ასე დაწერეს, მაგრამ არა კალაძის ხათრით. „ალვის ხეზე“ დადებითი რომ დაეწერათ, ეს ქვეყნის ბიუჯეტს ათასობით ლარი დაუჯდა დამატებით. ამ ადამიანების ჩამოყვანის ფულიც ჩვენ გადავიხადეთ, მათი დროსტარებისა და სასტუმროს ხარჯებიც ჩვენ გავისტუმრეთ. აბა, კალაძე თავისი ჯიბიდან ხომ არ გადაიხდიდა?
ყველაზე კარგად თავად თბილისის მერმა იცის, რაც ჩაუდენია. ისიც იცის, რომ ამის შესახებ ივანიშვილმაც იცის. ეტყობა, რაღაც გეგმებიც აქვს, რომლის განხორციელებასაც მის გარემოცვაში დაკავებები მოყვება, ამიტომაც დაიზღვია წინასწარ თავი _ მისიანებს უთხრა, კორუფციას არ გაეკაროთო. ჟურნალისტმაც აქედან გამომდინარე დაუსვა კითხვა, რამაც ხელოვნური პოლიტიკოსი კალაძე გააღიზიანა. ადამიანებს მაშინ აღიზიანებთ კითხვები, როცა ცუდად აქვთ საქმეები. ის უზრდელობით შეეცადა თავდაცვის რეჟიმზე გადასვლას.
ეს ადამიანი გაჭირვებულებს ეუბნება, რომ დღეში საჭმლისთვის 1 ლარი 18 თეთრი უნდა იმყოფინონ, თავად კი მილიონები არ აკმაყოფილებს. მილიონები კი იშოვა, მაგრამ ახლა ძალიან შეშინებულია. იცის, რომ მის გარშემო ხმაურიანი დაჭერები იქნება. თავად მას იმიტომ არ მოკიდებენ ხელს, რომ ივანიშვილთან ერთად არის საეჭვო სქემებში ჩართული. ძალიან თუ გამწვავდა საქმე, შეიძლება მისი დაკავებაც გადაწყდეს. მერე თბილისის მერს აღარ უშველის ბიძინას ექვთიმესთვის შედარება. განათლების მინისტრმა ბიძინას თანამედროვე ექვთიმე უწოდა და ამ ადამიანს უკვე განიხილავენ პრემიერის პოსტზე.
_ კალაძემ შეიძლება, არც იცის, ვინაა ექვთიმე თაყაიშვილი. ის ივანიშვილს უფრო თავის კანტორის ხალხს შეადარებს, მაგალითად, სილვიო ბერლუსკონის, პაოლო მალდინის ანდა ჯენარო გატუზოს.
_ იმან თუ გადაწყვიტა თბილისის მერის დაჭერა, არავისთან შედარება აღარ უშველის. ახლა ყველაფერი კალაძეზეა დამოკიდებული. დამოუკიდებლობას თუ მოინდომებს, შეიძლება, გისოსებს მიღმა ამოყოს თავი.
_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ დამოუკიდებელი თამაში თუ მოინდომაო. გაქვთ რამე კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერს „ოცნებისგან“ დისტანცირება სურს?
_ ეს ხმები უკვე დიდი ხანია, დადის. ყველასთვის ცნობილია ამ ადამიანის ამბიციების შესახებ. მას რომ დამოუკიდებლად გასვლა უნდა, ამაზე ის გაფრთხილებებიც მეტყველებს, რომლებზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ.
_ თბილისის მერი რამე ფორმით თუ ეკონტაქტება ოპოზიციას? ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ კალაძე ოპოზიციას მესიჯებს უგზავნის, რომ ივანიშვილის ჩამოგდებაში მეც დაგეხმარებითო. ამაზე „ოცნების“ კულუარებშიც საუბრობენ. თქვენ დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? ან, იქნებ, ასეთ ინფორმაციებს იმიტომ ავრცელებენ, რომ უნდათ, „ოცნების“ ლიდერი გადაამტერონ თბილისის მერს. ის კაცი, როგორც ამბობენ, ბუნებით ძალიან ეჭვიანია.
_ კონკრეტული ფაქტის მოყვანა გამიჭირდება. ვერც იმას დავამტკიცებ, რომ ის ოპოზიციას მესიჯებს უგზავნის, მაგრამ ვერც ამის ალბათობას გამოვრიცხავ. ვიცი, რომ მკითხველს ეს ამბავი ძალიან აინტერესებს. ისინი ამ კითხვაზე პასუხს მარტივად მიიღებენ, თუ თბილისის მერის წარსულს კარგად გადახედავენ. ამ წარსულიდან გამომდინარე მიხვდებიან, რა ადამიანია ის და რაზე შეუძლია წასვლა.
_ თქვენი პასუხი რას ნიშნავს, რომ თუ დასჭირდა, ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციას გაურიგდება?
_ კონკრეტული ინფორმაცია რომ მქონდეს, აუცილებლად ვიტყოდი. მკითხველს, რომელსაც მისი ბიოგრაფიის გადახედვა არ უნდა, ვეტყვი, რომ თბილისის მერი არის ადამიანი, რომელიც ყველა ბოთლის „პრობკას“ ერგება.
_ თქვენც კალაძესავით ჟარგონებით დაიწყეთ საუბარი?
_ კალაძემდე ბევრი მიკლია. ის ამ მხრივ ძალიან შორს წავიდა. დაიწყო გარაშენდით, გადავიდა რვა სულ ქურდზე, მერე გამოქანებაზე ისაუბრა, მერე სიგრძე-სიგანე გეყოფათო. ბოლოს ტოებით დაიწყო ლაპარაკი. მასავით გამომივიდა, მაგრამ ის მართლაც ყველა ბოთლის „პრობკას“ ერგება. მას შეუძლია, ყველა პარტიასთან გამონახოს საერთო ენა, რომელიც კი ხელისუფლების სათავეში მოვა.
როცა შევარდნაძე ქვეყნის მმართველი იყო, მის პარტიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა; როცა სააკაშვილი გაძლიერდა, მისი ყურმოჭრილი მონა გახდა. ყველგან თან დასდევდა და მზად იყო, მიშას ყველა დავალება თუ ახირება შეესრულებინა. ვინმეს თუ არ ახსოვს, გავახსენოთ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია. კალაძე ამ კამპანიაში 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ჩაერთო.
_ რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ თბილისის მერთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. მისი თქმით, 2007 წელს, დარბევიდან რამდენიმე საათში, კალაძემ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დარეკა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. მან ოპოზიცია და ხალხი დაგმო, სამაგიეროდ, ხელისუფლებას ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა.
_ მეტი რა გინდათ, ეს მაგალითიც საკმარისია კალაძის დასახასიათებლად. კაცი 7 ნოემბრის დარბევას ამართლებდა, სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის აქტიური სახე იყო და ახლა „ნაციონალებს“ ახსენებს ხოლმე ამ დარბევას. 2008 წლის სააკაშვილის საარჩევნო კამპანია ლამის სულ თბილისის დღევანდელ მერზე იყო აგებული. ეს მას უანგაროდ არ გაუკეთებია, სააკაშვილის დახმარებით მან დიდი ფული იშოვა, მაგრამ მას უფრო მეტის შოვნა სურდა.
2011 წელს, როცა ხელისუფლებიდან „ნაციონალების“ წასვლა უკვე მომწიფებული იყო, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა. კახა კალაძეს ამ მხრივ კარგი ალღო აქვს და მიხვდა, საიდან უბერავდა ქარი. და ის პოლიტიკურ სივრცეში „ქართული ოცნების“ ლიდერთან ერთად შემოვიდა. ამის შემდეგ მან იმის ლანძღვა დაიწყო, რასაც მანამდე წლების მანძილზე მთელი მონდომებით ამართლებდა.
ეს და კიდევ ბევრი რამე მაფიქრებინებს იმას, რომ თბილისის მერი, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად დაუწყებს ბიძინა ივანიშვილს ბრძოლას. მანამდე იმ ადამიანებთან შეეცდება საერთო ენის გამონახვას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის შანსები ექნება. ეს იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ცდილობს, ყველა ხელისუფლების პირობებში ნახოს სარგებელი. ამ შემთხვევაში მისი ერთადერთი საზრუნავი იმ მილიონების შენარჩუნებაა, რომელიც მან საქართველოს გაღატაკებულ და შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას მოპარა.
არ ვიცი, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს ალეკო ელისაშვილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის მერი მართლა აგზავნიდეს ოპოზიციასთან ხალხს და ჰპირდებოდეს, ივანიშვილის ჩამოგდებაში დაგეხმარებითო. კალაძეს საუკეთესოდ აქვს ალღო განვითარებული და ის ყველაზე კარგად ხვდება, რომ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს დიდი დღე არ უწერიათ. სხვა თუ არაფერი, ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და შიგნიდან უყურებს მოვლენებს. მათი საქმე შავად რომ არის, ეს ბოლო კვლევებმაც დაამტკიცა.
_ ამ კვლევის შედეგებს „ოცნება“ უნდობლობას უცხადებს. „ენდიაის“ არც კახა კალაძე ენდობა.
_ ამ კვლევებთან მიმართებითაც ორმაგი სტანდარტი აქვს კალაძეს. ის ძალიანაც კმაყოფილია, რომ „ოცნებიდან“ ყველაზე რეიტინგულად დასახელდა, გულში ეთანხმება, მაგრამ საჯაროდ _ არა. იცის, რომ ასე თუ არ მოიქცევა, ივანიშვილს გადაიმტერებს.
_ ბოროტი ხმები როგორც ამბობენ, ივანიშვილს არ უყვარს ის ხალხი, ვინც რეიტინგში წინაურდებაო.
_ ასეა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის უნდა იყოს ყველაზე პოპულარული. კალაძე მას უსწრებს. თბილისის მერმა კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვს „ოცნების“ ლიდერს იმათ მიმართ, ვისაც მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომ შეეცდება, თავი გადაირჩინოს და სამომავლოდ დაალაგოს ყველაფერი. აქამდე ოპოზიციასთან თუ არ აქვს დაწყებული მოლაპარაკებები, ხვალ და ზეგ აუცილებლად დაიწყებს.
_ ოპოზიციას, ალბათ, გაუხარდება, თუკი თბილისის მერი ივანიშვილს დაუპირისპირდება.
_ გაუხარდება, იმიტომ რომ მისი წამოსვლა ივანიშვილის პარტიისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ამ პარტიას ისედაც ბევრი ტოვებს. იქიდან ერთ-ერთი ლიდერის წამოსვლას უფრო სერიოზული ეფექტი ექნება.
_ კმაყოფილი ოპოზიცია, ალბათ, მიიღებს კალაძეს თავის რიგებში.
_ მას ყველა ხელისუფლებასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. შეეცდება, დღევანდელ ოპოზიციასთანაც იგივე გააკეთოს. ოპოზიცია თუ მას თავის რიგებში მიიღებს, ეს ძალიან ცუდი იქნება.
_ ვისთვის იქნება ცუდი?
_ თავად ოპოზიციისთვის. ხალხისთვის გაგზავნილი ცუდი მესიჯი იქნება. ისინი საზოგადოებას ეტყვიან, რომ მზად არიან, ბიუჯეტის ქურდს მილიონები აპატიონ, რადგანაც მან ივანიშვილს ზურგი აქცია. ამის დაშვება არ შეიძლება. კალაძემ და მისმა გარემოცვამ პასუხი უნდა აგონ. პასუხი ყველამ უნდა აგოს, ვინც რამე დააშავა. ამ ხალხმა ბიუჯეტის ფული მიითვისა. ფული შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს მოპარეს და როგორ შეიძლება, მათთვის ინდულიგენციის მიცემა?!

შორენა მარსაგიშვილი