„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა?!

„საქართველოს ფოსტა“ შესაძლოა, სერიოზული საერთაშორისო სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს, უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის ინიციატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ თუ უნივერსალური მომსახურების გაწევა ფინანსურად საქართველოს ფოსტამ ვერ შეძლო, ეს უნდა დაკომპენსირდეს საფოსტო სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებიდან, როგორიცაა, DHL, TNT, FEDEX და UPS. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპის მასშტაბით არ არსებობს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისეთი კომპანიები, როგორიცაა DHL, FEDEX და UPS ცხადია, ამ პირობებს არ დასთანხმდებიან და ბაზარს დატოვებენ, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოყვება. მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ ქვეყნის დატოვება კი სწორედ იმის სიგნალია, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტორებისთვის სასურველი გარემო არ არის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა მოხდა თურქმენეთში, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოყვა, _ „თურქმენფოსტა“ ბაზრის მონოპოლისტად იქცა, რის გამოც DHL-მა, TNT-მ, FEDEX-მა და UPS-მა ბაზარი დატოვეს.
თუ რატომ დგას საქართველო იგივე საფრთხის წინაშე, „ქრონიკა+“-მა აღნიშნული საქმის დეტალები გაარკვია და როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო სკანდალში გახვევის მიზეზი შესაძლოა, „საქართველოს ფოსტის“ დირექტორ ლევან ჩიკვაიძის მიზანმიმართული ქმედება იყოს, რომ იგი ბაზრის მონოპოლისტი გახდეს.
სანამ უშუალოდ დეტალებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, ვინ არის ლევან ჩიკვაიძე და როგორ აღმოჩნდა ის „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის თანამდებობაზე:
2012 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ფოსტის მმართველის ცვლილება მოყვა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილის გადაწყვეტილებით ლევან ჩიკვაიძე სათავეში ჩაუდგა „საქართველოს ფოსტას“, „ლატარიის კომპანიასა“ და შპს „ექსპრესს“. დიმიტრი ქუმსიშვილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომელი იყო, ჩიკვაიძე კი _ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ლევან ჩიკვაიძე 2012 წლის არჩევნების პერიოდში ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგას“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება და პარალელური ხმის დათვლა აწარმოა. ამომრჩეველთა ლიგა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გამარჯვება ამცნო. სწორედ ეს გახდა, სავარაუდოდ, ჩიკვაიძის დაწინაურების მიზეზი და მას „საქართველოს ფოსტა“ ჩააბარეს.
ჩიკვაიძემ, ფოსტაში მისვლისთანავე, ბრძანება გამოსცა და თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მუდმივი ან მრავალწლიანი კონტრაქტებიდან ერთთვიან კონტრაქტებზე გადაიყვანა, ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი თანამშრომელთა ნაწილი სამსახურებიდან გაათავისუფლა. უფრო კონკრეტულად კი, 2012 წლის ნოემბრიდან ზაფხულამდე, 150 თანამშრომელი დაითხოვა, მათგან 65-მა სასამართლოს მიმართა, 38-მა პროცესი მოიგო. 38 ადამიანს საქართველოს ფოსტამ 900 ათას ლარზე მეტი უკვე გადაუხადა.
გარდა იმისა, რომ ჩიკვაიძემ სამსახურიდან უკანონო განთავისუფლებებით ფინანსურად დააზარალა „საქართველოს ფოსტა“, ის მოსვლის დღიდან დაკავებული იყო ნათესავებისა და ახლობლების დასაქმებით, ნეპოტიზმი მისი მართვის სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის არჩევნების დროს ჩიკვაიძე „ამომრჩეველთა ლიგას“ ხელმძღვანელობდა, ფოსტის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ამომრჩეველთა ლიგის მმართველი 10 დელეგატიდან 9 დელეგატი დაასაქმა მის დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიებში: „საქართველოს ფოსტაში“, „ლატარიის კომპანიასა“ და შპს „ექსპრესში“. „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრთა ნაწილი, რომელიც ჩიკვაიძემ ფოსტაში დაასაქმა, 2012 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. ამას ადასტურებს მათ მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები „ოცნების“ მაისურებით. აღსანიშნავია, რომ „ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაციას 2012 წელს ლევან გაჩეჩილაძეც შეუერთდა. მოგვიანებით, გაჩეჩილაძის შვილი და მისი თანაგუნდელები ჩიკვაიძემ მისდამი დაქვემდებარებულ კომპანიებში დაასაქმა. იმ პერიოდში ფოსტაში ჩიკვაიძემ დაასაქმა ახლა უკვე უმრავლესობის რიგებიდან გარიცხული დეპუტატი ბიძინა გეგიძე _ ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და წარსულში პოლიტიკური პარტნიორი; ფოსტაში კომერციულ დირექტორად დანიშნა გაჩეჩილაძის კომპანიის დირექტორი, რადიო „უცნობის“ ყოფილი კომერციული დირექტორი, ვიქტორ წილოსანი; ფინანსური დეპარტამენტის საბუღალტრო სამსახურის უფროსად _ ჟანა ბალასანიანი, რომელიც ასევე რადიო „უცნობის“ ყოფილი ბუღალტერი იყო; „საქართველოს ფოსტისთვის“ მართვაში გადაცემულ სახელმწიფო კომპანია „ექსპრესში“ დაასაქმა საკუთარი ბიძაშვილი ლუკა ჩიკვაიძე. ამ კონკრეტული ფაქტებიდან აშკარაა, რომ ჩიკვაიძე ზრუნავდა საკუთარი ახლობლებისა და ნათესავების კეთილდღეობაზე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული კომპანიების ხარჯზე.
ჩიკვაიძის დანიშვნიდან 1 წლის შემდეგ „საქართველოს ფოსტის მოგება 0 ლარი იყო, ხოლო ჩიკვაიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი გახდა, კონკრეტულად კი:
2012 წელს „საქართველოს ფოსტის“ შემოსავალი 61 მლნ. ლარი იყო, ხოლო მოგება _ 7 მლნ ლარი. 2013 წელს შემოსავალი 47 მლნ. ლარამდე, მოგება კი 494 000 ლარამდე შემცირდა. 2014 წელს შემოსავალი 54 მლნ. ლარი იყო, ხოლო მოგება _ 0 ლარი. განულდა სალარო აპარატით მიღებული შემოსავლების ოდენობაც. თუ 2012 წელს სალარო აპარატით მიღებული თანხა 21 მლნ. 721 ათას ლარს აღემატებოდა, 2013 და 2014 წლებში საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით აღრიცხული შემოსავლის ოდენობა ნულია. როგორც 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ჯგუფის წმინდა მოგება 2016-2017 წლებში უარყოფითია (ზარალი) და, შესაბამისად, 2 252 ათას და 326 ათას ლარს უტოლდება. ცალკე აღებული „საქართველოს ფოსტის“ შემთხვევაში კი 2017 წლის ზარალი 409 ათას ლარს შეადგენს. ცხრილი #1 ასახავს ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებლებს ბოლო 2 წლისთვის. 2017 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 23%-ით გაიზარდა ჯგუფის შემოსავლები, მაგრამ ხარჯების უფრო მაღალი ტემპით ზრდის შედეგად 16%-ით გაიზარდა საოპერაციო ზარალი და 1.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზარალი ნაწილობრივ დააბალანსა საპროცენტო შემოსავლებმა და საკურსო სხვაობიდან მიღებულმა მოგებამ, შედეგად, წმინდა ზარალი 326 ათას ლარამდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა: 2012 წელს ფოსტის ხელფასებზე 14 მლნ ლარი დაიხარჯა. 2013 წელს _ 19 მლნ., ხოლო 2014 წელს _ 21 მლნ., ლევან ჩიკვაიძე კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი გახდა: მარტო 1 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, მან 157 ათას ლარზე მეტი მიიღო, ანუ თვეში _ 13 ათას ლარზე მეტი.
დირექტორმა, რომელიც თვეში 13 ათას ლარზე მეტს იღებს, ვერ დაიანგარიშა, რა უჯდება კომპანიას უნივერსალური მომსახურება?
გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრად ყოფნის პერიოდში სახელმწიფომ 300 000 დოლარი გადაიხადა და დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას KFMG-ს დაავალა გამოეთვალა, თუ რა უჯდებოდა „საქართველოს ფოსტას“ უნივერსალური მომსახურების განხორციელება. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძემ კომპანიას მიზანმიმართულად არასწორად მიაწოდა უნივერსალური მომსახურების განმარტება, რომ რაც შეიძლება მეტი გამოსულიყო ხარჯი. KFMG-მ იმ განმარტებით, რაც ჩიკვაიძემ მიაწოდა, ჯამურად, დაახლოებით, 11 მილიონი დაითვალა. როგორც გაირკვა, ლევან ჩიკვაიძემ ისევ დაიქირავა KFMG და მიზანმიმართულად, იგივე განმარტების თანახმად, ათვლევინებს კომპანიის ფინანსებს.
„საქართველოს ფოსტის“ დირექტორი უკვე 2012 წლიდან თაღლითური სქემებითა და ნეპოტიზმით მართავს კომპანიას, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას სხვადასხვა ეტაპზე ლობირებდნენ გავლენიანი პირები, მათ შორის, ჯანყარაშვილი, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილი, ასევე ბიძინა გეგიძე და ფაქტია, რომ მას ახლაც ჰყავს ლობისტები “ქართულ ოცნებაში “
აუდიტის სამსახურში „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევაზე მიუთითებენ. ეს დასკვნა 2019 წლის 15 მარტს გამოქვეყნდა. უწყება განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება. „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ შეთანხმებები გააფორმა. ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი. საუბარია ფოსტასა და ლატარიის კომპანიას შორის ქონებასთან და დავალიანებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
„ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებულ ორ შემთხვევაში _ ქონების გადაცემა დროებით სარგებლობაში და ქონების გადაცემა დავალიანების სანაცვლოდ _ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი. მსგავსი გარიგების დადებისას შესაძლოა, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისთვის დებს ერთ გარიგებას, რთული გადასაწყვეტია, რომელ წარმოდგენილ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები. ერთისთვის უპირატესობის მინიჭება ავტომატურად მოქმედებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ლატარიის კომპანიისთვის დავალიანების სანაცვლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხში, ერთ მხარეს წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს 70%-ით – სახელმწიფო და 30%-ით კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საკუთარი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს“, _ აღნიშნულია დოკუმენტში.
ერთ შემთხვევაში საუბარია 2018 წელს დავალიანების სანაცვლოდ ლატარიის კომპანიისთვის ქონების გადაცემაზე. „2018 წლის დასაწყისში გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე, გადასახდელი 661 728 ლარის სანაცვლოდ, შპს „საქართველოს ფოსტამ“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, საერთო ფართით 1,858.85 კვ.მ. სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და გაუგებარია, ეთანხმება თუ არა სააგენტო ვალის სანაცვლოდ ქონების გასხვისებას. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ დარწმუნდა, რამდენად დაცულია მარეგულირებელი ნორმის მოთხოვნა და შეთანხმებულია თუ არა საკითხი სააგენტოსთან, ასევე რამდენად მართლზომიერია ფოსტის ქმედებები სახელმწიფო ქონების ასეთი ფორმით გასხვისებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
შეძლებს თუ არა „საქართველოს ფოსტა“ გახდეს ბაზრის მონოპოლისტი და გაეხვევა თუ არა თურქმენეთის შემდეგ საქართველოც მსგავს სკანდალში, ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა თაღლითური სტილით მუშაობას ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის პოსტზე.
“ქრონიკა +”კომენტარისთვის “საქართველოს ფოსტის”დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს დაუკავშირდა,მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა

ნენე ინჯგია