როგორ მოატყუა საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები?

2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა ე. წ. ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომლის განმხორციელებელი უნდა ყოფილიყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ზემოხსენებული პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებდა. ხსენებულ ინიციატივას ხელი უნდა შეეწყო სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში _ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრები.

ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, ყველა დონეზე იყო შეთანხმებული, კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის 6 ივნისს.
ახლა კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, რა უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული გრანტის ფარგლებში: გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, აგრეთვე, თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისთვის საფუძვლის შექმნის მიზნით ინიცირებული ყველა იდეა. ახალ პროგრამას უნდა უზრუნველეყო გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერა.
პროგრამის ბენეფიციარები უნდა ყოფილიყვნენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, რომლებიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დაფინანსების ოდენობას რაც შეეხებოდა, აქ მეტად საინტერესო პუნქტი გამოიკვეთა: 7000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელსაც უნდა ეცხოვრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფს, რომელიც უნდა შემდგარიყო ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის, ერთ ბენეფიციარს უნდა ეცხოვრა (ან საქმიანობა ჰქონოდა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფს, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის, მინიმუმ, ერთ ბენეფიციარს უნდა ეცხოვრა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც უნდა შემდგარიყო ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის, მინიმუმ, ერთ ბენეფიციარს მაინც უნდა ეცხოვრა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
შერჩევის პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს უნდა შეევსოთ და დაერეგისტრირებინათ ელექტრონული ბიზნესგეგმა. განაცხადი შედგებოდა როგორც აუცილებელი შესავსები ველებისგან, ისე თავისუფალი ტექსტის ფანჯრისგან. შერჩევის მეორე ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო ბიზნესგეგმების შეფასება და გამოვლენილიყვნენ გამარჯვებულები.
როგორც საგრანტო პირობებში ეწერა, ბენეფიციართა დაფინანსება განხორციელდებოდა წარმოდგენილი პროექტით, იგივე ბიზნესგეგმით, რომლის შემდეგაც გათვალისწინებული იყო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობისა თუ მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შეძენა, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით.
საგრანტო მოთხოვნის მიხედვით, გამარჯვებულები, კერძოდ, 10 გამარჯვებული 15 ივლისს უნდა გამოეცხადებინათ. ერთი წელი გავიდა და საგრანტო პროგრამა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომელზედაც კონკრეტული ბიუჯეტი იყო გამოყოფილი, ფაქტობრივად, ჩავარდა. ყოველ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაცვიით, 300-ზე მეტი საგრანტო განაცხადიდან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.

აქვე გთავაზობთ სს „აწარმოე საქართველოს“ მიერ გაცემულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენი გამოძიების ბოლო ეტაპზე მათ სრულ აბსურდულობას დაადასტურებს:
_ დაფინანსების შემთხვევაში როგორ გადავა შეძენილი საშუალებები
ადმინისტრაციულ საზღვარზე?
_ პირი თავად უზრუნველყოფს შეძენილი საშუალებების ადმინისტრაციულ საზღვარზე გადატანას, ასევე კომისია განიხილავს ცალკეულ შემთხვევებში დახმარების შესაძლებლობებს.
_ სად უნდა რეალიზდეს მიღებული პროდუქცია?
_ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაა შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი ექსპორტი.
_ გამყოფ ხაზზე პროდუქციის ან ნედლეულის გადატანის დროს უწევთ გარკვეული თანხის, რეჟიმის მიერ დაწესებული „ოფიციალური“ გადასახადის გადახდა. შესაძლებელია, თუ არა აღნიშნული „გადასახადის“ გრანტის თანხით გადახდა?
_ გრანტის თანხით აღნიშნული ხარჯის დაფინანსება აკრძალულია.
_ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა პრობლემურია, როგორ უნდა მოხერხდეს იქ წარმოება?
_ ბენეფიციარი უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელსაც აქვს აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობა.
_ კონკრეტულად რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ფიზიკურმა პირმა?
_ ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნეიტრალური დოკუმენტი ან რეგისტრირებული უნდა იყოს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი და მინიჭებული უნდა ჰქონდეს პირადი ნომერი.
_ რამდენად შესაძლებელია წარმოებისთვის საჭირო დანადგარის იმპორტით შეძენა?
_ გრანტის თანხით დანადგარის იმპორტით შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანადგარის განბაჟება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
_ როგორ განხორციელდება წარმოების პროცესის მონიტორინგი და ვინ განახორციელებს მას?
_ პროცესის მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები განახორციელებენ.
_ სავალდებულოა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ამხანაგობის რეგისტრაციის დროს?
_ სავალდებულოა ამხანაგობის ყველა წევრის რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობა დარეგისტრირებულად ვერ ჩაითვლება.
_ იგეგმება თუ არა ტრენინგი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?
_ პროგრამის ფარგლებში ტრენინგი დაგეგმილი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია.
_ გრანტის თანხით შესაძლებელია არსებული წარმოების გაფართოება, თუ შესაძლებელია სტარტაპის დაფინანსებაც?
_ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც არსებული, ასევე სტარტაპბიზნესის დაფინანსება.
_ რამდენ ხანშია შესაძლებელი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია _ მაგალითად, საქონლის ან ფრინველის შემთხვევაში, პროდუქციის გაყიდვა?
_ პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, პროფილი შეინარჩუნოს გრანტის მიღებიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში. პროდუქციის რეალიზაციის ვადები პროგრამით განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია წარმოების პერიოდსა და ხარისხზე.
_ დაფინანსების თანხის რამდენი პროცენტი უნდა გაიხარჯოს ძირითად და რამდენი პროცენტი საბრუნავ საშუალებებზე?
_ გრანტის თანხიდან 80% ძირითადი საშუალებებისთვის, 20% კი საბრუნავი საშუალებებისთვის უნდა გაიხარჯოს.
_ შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო საშუალების შეძენა?
_ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა აკრძალულია (ჯერ სად ხართ! – „ქრონიკა+“).
_ შესაძლებელია თუ არა გრანტის თანხით ტრაქტორის შეძენა?
_ დიახ, გრანტის თანხით შესაძლებელია აგრარული ტექნიკის, მათ შორის, ტრაქტორისა და მოტობლოკის შეძენა.
_ ბიზნესიდეის განხორციელების პროცესში საჭიროა თუ არა ბენეფიციარის ფინანსური თანამონაწილეობა?
_ აღნიშნული პროგრამით ბენეფიციარის თანამონაწილეობა არ მოითხოვება.
_ გრანტის მოპოვებისა და წარმოების განხორციელების შემთხვევაში, სავალდებულოა, თუ არა დაფინანსების თანხის დაბრუნება?
_ მიზნობრიობის შესრულების შემთხვევაში (ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხა გახარჯოს ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საჭიროებების დასაფინანსებლად) თანხა არ დაბრუნდება.
„ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გრანტში მონაწილე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ პირების ინტერვიუებს დაბეჭდავს, რომლებიც, გამოდის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოატყუა. ასევე სად წავიდა გრანტის ფული? რამდენი იყო სინამდვილეში ბიუჯეტი და რამდენი დაიხარჯა საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში“ ჩატარდა

თამარ როსტიაშვილი