ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციის მთავარი ბერკეტი ოპოზიციური მაგიდის ერთობაა!“

ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათი არ დასრულებულა. დიალოგის პროცესი ლოგიკურად დაპაუზდა ახალი წლისა და სადღესასწაულო პერიოდის გამო. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტს აქტიურად აპროტესტებდა. „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავდა.

რას ფიქრობს ამ გადმოსახედიდან რევოლუციურ სცენარზე? რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:

_ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ დასრულებულა კამათი იმაზე, ჩატარდება თუ არა პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. სადღესასწაულო პერიოდით განპირობებული პაუზა ხომ არ შეანელებს საპროტესტო მუხტს საზოგადოებაში?
_ ეს პაუზა აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, ამაზე ჩვენ გავაკეთეთ კიდეც განცხადება. უბრალოდ, არაადეკვატური იქნებოდა 1-2 იანვარს ან თუნდაც 7 იანვარს ოპოზიციის აქტიური შეხვედრები და კომენტარები ყოფილიყო ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით, და იმედია, ასეც იქნება, პროცესები მშვიდობიანია. აქედან გამომდინარე, ისეთი ფორსმაჟორი არ იყო, რომ ახალი წლის დღეებში ისედაც დატვირთული და შეწუხებული ადამიანები კიდევ უფრო დაგვეტვირთა. ძალიან სამწუხარო რეალობაა ის, რომ ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც საახალწლო განწყობა ჰქონდა, ჩემი ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ახალი წელი და გაცილებით უკეთესი განწყობა შეიძლება მქონდეს, ვიდრე ბევრ ადამიანს, იმდენად მძიმე ფონია ქვეყანაში, რომც არ გიჭირდეს, მაინც არ გაქვს საახალწლო განწყობა. ამიტომ, ბუნებრივია, სწორი იყო, რომ გარკვეული პაუზა ავიღეთ, მათ შორის, ამას განაპირობებდა დიპლომატიური კორპუსის არყოფნა ქვეყანაში და ისიც, რომ პროცესი დაიძრა. რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ ამ შეხვედრებს შედეგები არ ჰქონდაო, ფაქტია, შედეგები არის, მათ შორის, საზოგადოებისა და ახალგაზრდების აქტიურობის თვალსაზრისით. თქვენ გახსოვთ, ხელისუფლება ამბობდა, რომ საერთოდ არ აპირებდა საუბარს და არანაირ საკითხს არ განიხილავდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი კატეგორიული განცხადებებისა, მათ ცალკეული წინადადებების შემოთავაზება დაიწყეს, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებისაც. ასე რომ, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად მკვეთრი და თანმიმდევრული იქნება თავის მოთხოვნებში ოპოზიცია და რამდენად სერიოზულად იაქტიურებს საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდები. ვფიქრობ, ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს, ხელისუფლების მხრიდან ბევრი მცდელობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით ერთობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არ არის რომელიმე პარტიის მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ბრძოლა კი ძალიან მნიშვნელოვანია.
_ რა ბერკეტები გაქვთ ამ მოცემულობაში ოპოზიციას იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულოთ, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?
_ მთავარი ბერკეტი არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თანმიმდევრული ბრძოლა და ოპოზიციური მაგიდის ერთობა, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია სიმპათიების, ანტიპათიებისა და მტრობის მიუხედავადაც კი, გაერთიანდა ერთი მოთხოვნით ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომ მოვიპოვოთ პროპორციული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია საზოგადოება და მედია, ეს ყველა ქვეყანაში გადამწყვეტია და მას ჩვენს შემთხვევაშიც პრინციპული მნიშვნელობა ექნება. უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, რადგან იგი ძალიან აქტიური და მოწადინებულია, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.
_ გასულ წელს არაერთხელ აღნიშნეთ, რომ არ გამორიცხავდით რევოლუციურ სცენარს, თუ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს არ დასთანხმდებოდა. რა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ეს სცენარი?
_ რევოლუციური სცენარის განვითარების არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველაზე ნაკლებად ძალადობრივ რევოლუციასაც კი ყოველთვის მძიმე პროცესები მოყვება. როდესაც რევოლუციაზე ვსაუბრობ, ეს ჩემი სურვილი კი არ არის, პირიქით, ეს არის ჩემი შეშფოთება, რომ შეიძლება ვითარება ამ გზით წავიდეს და ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს! ასე რომ, ეს ვაივიში, რაც „ქართული ოცნების“ ტროლებმა ატეხეს, თითქოს ბურჯანაძეს რევოლუცია უნდა, არც ერთ ჩემს სიტყვაში მსგავსი არაფერი ყოფილა. რევოლუცია არც 2003 წელს მინდოდა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა მაშინდელ ხელისუფლებას შევარდნაძის ხელმძღვანელობით, „ვარდების რევოლუცია“ არ მოხდებოდა, მაგრამ იქნებოდა ევოლუციური განვითარების გზა. ასევე არც სააკაშვილმა დაიჯერა, რასაც ვეუბნებოდი და, პრაქტიკულად, რევოლუციამდე მიიყვანა ქვეყანა. რევოლუცია არ მინდა, არამედ ქვეყნის ევოლუციური განვითარება, მაგრამ უგუნურ ხელისუფლებებს თავისი არასწორი მოქმედებებით ქვეყნები რევოლუციამდე მიჰყავთ და ჩვენს ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ ეს არ მოხდეს. ვაიტროლებს კიდევ ვეტყვი, რომ დიდად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან მე არ ვკითხულობ უგუნური და უწიგნური ადამიანების, 5 მილიარდის ბრწყინვალებაზე გაყიდული ადამიანების კომენტარებს. თუმცა ინფორმაცია მაქვს, ამა თუ იმ გამონათქვამზე როგორი ინტერპრეტაციის მიბმას ცდილობენ კუდად.
_ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამით „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ექნება. იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას?
_ ჯერ ერთი, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა შეცდომა იყო იმიტომ, რომ ოლიგარქი ხელისუფლებაში მოსვლას არ უნდა ცდილობდეს. როცა ხელისუფლებაში ძალიან დიდი ბიზნესმენი მოდიხარ, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა კარგად იცი. მართალია, ივანიშვილს ეგონა, ყველაფერს სამ თვეში დაალაგებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე 7 წელი გავიდა და აბსოლუტურად არაფერი არ დალაგებულა, უბრალოდ ცხოვრება იმ ადამიანებმა დაილაგეს, ვისზეც ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა. მის პოლიტიკაში მოსვლას მე, თავის დროზე, იმიტომ მივესალმე, რომ მისი სახსრებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის საშუალებას იძლეოდა, სააკაშვილი უსისხლოდ გაგვეშვა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. ის უნდა დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. როდესაც პირველად გაცხადდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი გადადგომას და ჩრდილში წასვლას აპირებს, მე მას ღიად მივმართე, რომ არ წასულიყო, რადგან ზუსტად ვიცოდი, რას გამოიწვევდა ჩრდილოვანი მმართველობა. ახლა მისი დაბრუნება რამდენად უშველის სიტუაციას, რთული სათქმელია, _ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, დაბრუნდა და პირობა მოგვცა, რომ ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ, რეალურად, ვერაფერი დალაგდა. რაც შეეხება ხელისუფლების არა აბსოლუტური, არამედ რაღაც ნაწილის შენარჩუნებას, ამის შანსი ივანიშვილს ნამდვილად ექნება, თუ ის ადეკვატურად მოიქცევა, არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებს და ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეეცდება შავი ფულის გამოყენებას ოპონენტების, მედიის, სასამართლოსა და პროკურატურის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში მას ნამდვილად ექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების რაღაც ნაწილი მისი კონტროლის ქვეშ დარჩეს.
_ NDI-ის ახალი კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჯამში ოპოზიციას იმაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე _ „ქართულ ოცნებას“. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და როგორ უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ ეს მოცემულობა?
_ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ზოგადად ვხედავ საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში NDI-ის კვლევის ტენდენციებმა, რაც საზოგადოებრივ განწყობებს გულისხმობს პრობლემებთან დაკავშირებით, ნამდვილად ასახა რეალობა. როგორც წესი, ამ კვლევებს ახასიათებს, რომ ტენდენციას სწორად აჩვენებს, ოღონდ ძალიან დიდია ცდომილება, როდესაც საკითხი ეხება პოლიტიკური პარტიების ან ლიდერების რეიტინგს, მაგრამ, თავისთავად, NDI-ის კვლევა ზუსტად დაემთხვა იმას, რასაც საზოგადოებაში ვხედავ, _ სერიოზულ უკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს ხელისუფლების მოქმედებების მიმართ. ეს მონაცემები ხელისუფლებისთვის კატასტროფულია, რადგან არასდროს ყოფილა ხელისუფლებისადმი ნდობა ასეთი დაბალი. მით უფრო, არასდროს იყო ნდობის ვარდნა იმ მასშტაბის, როგორიც ამ ხელისუფლების პირობებშია ისეთი სტრუქტურებისადმი, როგორიც არის თუნდაც ჯარი ან პრეზიდენტი. სამწუხაროა, რომ ეს კვლევა ხელისუფლების ძალიან მძიმე რეალობას აჩვენებს, თუმცა ხელისუფლებას ამის დანახვა არ უნდა.
_ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივნისს მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა კი საქართველოში პრობლემად რჩება. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. რაზე მეტყველებს მმართველი გუნდის ეს განცხადება?
_ ეს ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უგუნურებაზე, უცოდინარობასა და უსუსურობაზე მეტყველებს. Human Rights Watch-ში, შეიძლება, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისი მოსაზრება მიიტანოს, მაგრამ აბსოლუტურად შეცვალოს Human Rights Watch-ის განწყობა და დოკუმენტის შინაარსი, ეს წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ ხელისუფლება მიხვდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ყოვლისშემძლე, მას ვურჩევ წაიკითხოს Human Rights Watch-ის 2011-2012 წლების ანგარიში, სადაც ასევე ძალიან მწვავედ არის გაკრიტიკებული „ნაციონალური მოძრაობა“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამო. ე. ი., მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, ვერ აკონტროლებდა Human Rights Watch-ს და ახლა აკონტროლებს?! ყველაფერს საზღვარი აქვს, თუმცა ამ ხელისუფლების უცოდინარობამ აბსოლუტურად ყველანაირი ზღვარი გადალახა. მეორე მხრივ, თუ რომელიმე ორგანიზაცია და, მათ შორის, Human Rights Watch-ი ასეთი ადვილად სამართავია, ოპოზიციას უფრო ადვილად შეუძლია მართვა თუ ხელისუფლებაში მყოფ და 5 მილიარდის პატრონ ბიძინა ივანიშვილს?! თუ შესაძლებელია რომელიმე ორგანიზაციის მართვა, მაშინ გაინძრნენ და თვითონ მართონ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც Human Rights Watch-ში დაიწერა, მათ შორის, სასამართლოზე, პროკურატურასა და ა. შ., ეს ნამდვილად, ის სამწუხარო რეალობაა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.
_ ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, 10 იანვარს კი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო თანამდებობიდან გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ეს მოვლენები რა კუთხით შეიძლება გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ?
_ ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ის, რომ ამ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მძიმე შედეგები მოყვებოდა, ეს ნათელი იყო, რადგან ხაჯიმბას არ ჰქონდა მაღალი ავტორიტეტი და ისეთი მონაცემები ჰქონდა პირველ ტურში, რომ ნამდვილად ძალიან სერიოზული გაყალბება სჭირდებოდა მეორე ტურში მოსაგებად. მან შეცდომა დაუშვა, რა თქმა უნდა. სჯობდა, საქმე აქამდე არ მისულიყო და არჩევნები ნორმალურად ჩატარებულიყო ან კონსულტაციები ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ეს ასე არ მოხდა, რატომღაც, იქაც მოქმედმა ხელისუფლებამ ყური მოიყრუა და არ გაიგონა საზოგადოების მეორე ნაწილის აზრი. როცა ასეთი ვითარებაა, გარკვეული კრიზისი გარდაუვალია, თუმცა ნამდვილად ვისურვებდი, ნებისმიერი შიდა კრიზისის შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოონ, რადგან რაც არ უნდა ილაპარაკოს აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ან წარმომადგენელმა, სანამ იქიდან მკვიდრი მოსახლეობა განდევნილია და სანამ დევნილები თავიანთ სახლებში არ დაბრუნდებიან, მანამ ვერანაირ სამართლიანობასა და დემოკრატიულობაზე ვერ ისაუბრებენ. არჩევნებსაც ყოველთვის ექნება „ე. წ.“ თავსართი. ის, რომ დიალოგთან დაკავშირებით სიგნალები გაჩნდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია. არ არის გამორიცხული, ეს იყოს სიგნალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოსკოვისთვისაც, დიდი ალბათობით, ასეც არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გონიერი ხელისუფლება პოზიტიურად გამოიყენებდა, თუმცა შეძლებს თუ არა დღევანდელი ქართული ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, ვერ გეტყვით.
_ პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პროაფხაზური ძალები ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, რაც დიალოგის წამოწყების შესაძლებლობას გვაძლევს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს და აღიქვამთ თუ არა ოპოზიციურ ძალებს პროაფხაზურ ძალებად?
_ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ აბსოლუტურად ყველას, ხელისუფლების ყველა ნაწილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თუ გვინდა პრობლემების მოგვარება, _ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა და ახლაც კარგავს. რაც შეეხება ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აფხაზეთში, ვინ რა პოზიციაზეა და ვის პოზიციას რა განაპირობებს. ამ შემთხვევაში მრავალკითხვიანი ამოცანაა და ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც შეიძლება განაპირობებდეს ამა თუ იმ განცხადებას და პოზიციას, ამიტომ ამას ღრმა შესწავლა სჭირდება და არც ზედმეტი განცხადებების კეთება მიმაჩნია სწორად.
_ რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა, მედვედევი კი მიხეილ მიშუსტინმა ჩაანაცვლა. ამის პარალელურად პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურებოდა ამ მომენტში მთავრობის გადადგომა და როგორ შეიძლება, რუსეთის შიდა პროცესები აისახოს მის საგარეო პოლიტიკაზე?
_ ვფიქრობ, რუსეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ელოდა მთავრობის სერიოზულ განახლებას და ახალ პრემიერ-მინისტრსაც. ფაქტია, ახალი ამოცანები დაისახა ახალი რეფორმების გასატარებლად, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რეფორმების განხორციელებაზე და ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თავად პრემიერის ფიგურა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაასახელა. ყურადღებით წავიკითხე ამ ადამიანის ბიოგრაფია და ნამდვილად ძალიან საინტერესო ადამიანია, რომელმაც უზარმაზარი რეფორმები ჩაატარა საგადასახადო-საფინანსო სფეროში, იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმები, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებდა ამ რეფორმებს, როგორც სამაგალითოს. მას ახასიათებენ, როგორც ძალიან საქმიან და სერიოზულ ფიგურას, ასე რომ, ეს რუსეთისთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ იმ ბლოკებში, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ეხება, კონკრეტულად კი საქართველოსთან ურთიერთობას, ისეთი ტენდენცია განვითარდება, რომელიც ხელს შეუწყობს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ნენე ინჯგია