ხათუნა ლაგაზიძე: „საკუთარი პარტიების შიგნით დემოკრატიის მოწინააღმდეგე ლიდერები ქვეყანაში დემოკრატიას ააშენებენ?!“

2020 წლის პოლიტიკურ მოლოდინებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს:

_ მოგესალმებით, დადგა 2020 წელი. ჩვენი საუბარი, ერთი შეხედვით, ბანალური კითხვით დავიწყოთ, _ როგორია თქვენი მოლოდინები ამ წლის პოლიტიკურ ცხოვრებასთან მიმართებით?
_ რადგან მაინც ახალი წლის პირველი დღეებია, ოპტიმისტურ ნოტზე დავიწყოთ და ვიტყვი, რომ _ მოლოდინით სავსე! თუმცა არც მთლად სირაქლემის პოზა გვარგებს და ვთქვათ ისიც, რომ გამოწვევებიც არანაკლები გველოდება. თუნდაც ვნახოთ, წელი როგორ დაიწყო: ე. წ. პრეზიდენტის გადადგომა აფხაზეთში და ვადამდელი არჩევნები; რუსეთში პრემიერის ცვლილება და საკონსტიტუციო რეფორმისა თუ საკონსტიტუციო გადატრიალების დაანონსება; ირან-ამერიკას შორის ურთიერთობის უკიდურესი დაძაბვა; „მეორედ მოსვლა“ ქვეყნის შიგნით _ მორიგი პრემიერის გადადგომისა და ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების მოლოდინი; ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნა საქართველოში, რომელიც თავისი ფიცის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად“. ანუ ელჩი ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მისია საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა იქნება _ დამეთანხმებით, საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ 2020 წელს მაქსიმალური ყურადღებით და პასუხისმგებლობით შევეგებოთ.
_ დიახ, 2020 წელი არჩევნების წელია. ჩვენც ვიზიარებთ აშშ-ის ახალი ელჩის პათოსს, თუმცა ისიც კარგად გვესმის ამ ქვეყნის ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანებს, რომ ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები. მაგრამ ამის პარალელურად ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი, გნებავთ, ჰამლეტისეული კითხვა, _ მართლა ასე მძიმედაა საქმე? მართლა ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას დღის წესრიგში?
_ ეს იქნება არჩევნები, სადაც სასურველი შედეგის მისაღებად რუსეთი ყველაზე მეტად იბრძოლებს. განვლილი 8 წლის განმავლობაში რუსეთმა სრულად მოახდინა საქართველოს საინფორმაციო სივრცის ოკუპირება და განუწყვეტლივ ახორციელებს ფსიქოლოგიურ-დივერსიულ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობაში კაპიტულანტური განწყობების ჩანერგვა-გაღრმავების კუთხით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი წინააღმდეგობის პირობებში. უაღრესად სიმპტომატური იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბატონი რომან კაკულიას განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტზე უარი რუსეთის მუქარის გამო თქვა, რათა თითქოსდა ქვეყნის უსაფრთხოება გადაერჩინათ. 90-იან წლებში შევარდნაძემ აზერბაიჯანისა და თურქეთის მაშინდელ ლიდერებთან ერთად ქვეყანასა და რეგიონს რუსეთისგან ალტერნატიული ენერგოდერეფნის ფუნქცია შესძინა და სწორედ ამის გამო რუსეთმა მასზე ორი ტერაქტი განახორციელა. მან ეს ფასი გადაიხადა იმაში, რომ საქართველო პროვინციული პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან აშშ-ისა და ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად ქცეულიყო. ახლა კი სად მიგვიყვანს ასეთი დათმობების გზით სიარული?! წელს ანაკლია დავთმეთ, მომავალ წელს, მუქარის შიშით, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზას გავხსნით, შემდეგ _ ევრაზიის კავშირში შევფორთხდებით და ასე 4-5 წელიწადში სომხეთსა და ბელარუსს გადავასწრებთ რუსეთთან სიახლოვეში. სიტყვა შორს რომ არ გაგვექცეს და არჩევნების თემას დავუბრუნდეთ, სწორედ ამ გავლენების შესანარჩუნებლად იბრძოლებს თავგამოდებით რუსეთი 2020-ში საქართველოს საპარალამენტო არჩევნებში და ამ გავლენების შესაჩერებლად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ _ საქართველოს მოსახლეობამ. ამიტომაც არის წლევანდელი არჩევნები ასე მნიშვნელოვანი.
_ ვიყოთ რეალისტები, დღეს, _ ბუკვალურად დღეს, _ არ გეჩვენებათ, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება, როდესაც არჩევნები ისევ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს, თითქოს, მთავარ ოპოზიციურ ძალებსაც აწყობს? საახალწლო ქეიფების ფონზე ვგონებ, თავადაც არ ახსოვთ ის საკითხი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხად მიიჩნეოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დიახ, მთავარ ოპოზიციურ ძალებს არ სურდათ პროპორციული არჩევნები, მაგრამ რადგანაც „ოცნებამ“ ამ თემაზე საკუთარი ხელით აიფეთქა ნაღმი, როგორც „გავრილოვის ღამეს“ მოახერხეს თემის კარგად გახურება, ხელისუფლების დისკრედიტაცია და მეტი არც სურთ რეალურად. თქვენ რას ხედავთ და როგორ აფასებთ უმნიშვნელოვანესი თემის სადღესასწაულო მივიწყებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, პერიოდულად გაახსენებენ მეტწილად დასავლეთს, მაგრამ ამის იქით არ წავლენ.
_ ტელეკომპანია „მთავარი“ ამ მხრივ გამონაკლისი იყო: მთელი მისი წინასაახალწლო ეთერი „ოცნების“ ლუსტრაციას ემსახურებოდა. თუმცა იმაში უნდა დაგეთანხმოთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პროპორციული არჩევნების თემა 20 ივნისიდან მალევე მიივიწყეს, არადა, მათი გამოცდილების პატრონებს რატომ უნდა ჰქონოდათ ილუზია, რომ „ოცნება“ ამას ასე მარტივად დათმობდა? რატომ არ იმუშავეს პროპორციული არჩევნების ჩაგდების პრევენციისთვის?! პასუხი არ მაქვს. სხვათა შორის, ასევე არ მაქვს პასუხი, რატომ არ იმუშავა ოპოზიციამ მთელი ძალით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც. თუმცა არ მგონია, ოპოზიციას პროპორციული არჩევნების ჩავარდნა აწყობდა.
_ მე არ ვსაუბრობ ოპოზიციის სრულ სპექტრზე, განსაკუთრებით დაბალრეიტინგიან პარტიებზე. თუმცა ვისაც „შინაგანად“ არ სურდა პროპორციული არჩევნები, მათაც „ოცნების“ ეს ქმედება საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. სხვაგვარი ქცევა გასაკვირი იქნებოდა, თუმცა ახლანდელი შემგუებლური პოზაც ხომ ბევრ რამეს ნიშნავს…
_ დავიწყოთ იმით, რა მოიგო ოპოზიციამ? _ თუ გამარჯვება უნდათ _ ვერაფერი; ამერიკის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამკაცრებული ტონი _ კი ბატონო, თუმცა იქაც კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია სრულ თანხვედრაში არ იყო: ერთი უფრო ხისტია, მეორე _ ნაკლებად. თუმცა ამერიკის ახალი ელჩის ზემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, სადაც ის სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ხაზგასმით საუბრობს, არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებას კარგი დღეები დაუდგეს. მით უფრო, რომ ოპოზიცია მოლდოველი ოლიგარქის, რომელიც, იმავდროულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყო _ პლოხოტნიუკის მიმართ ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ გულმოცემულია და მაქსიმალურად იმუშავებს ივანიშვილის წინააღმდეგ ანალოგიური სანქციების შემოსაღებად, რასაც მხოლოდ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებამ შეიძლება შეუშალოს ხელი.
_ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებაში არავინ ფიქრობს ამ მიმართულებით ან ირონიით უყურებენ ამ შესაძლებლობას…
_ საოცარი სიტყვები ამოვიკითხე 2 დღის წინ ამერიკელ კონგრესმენ მალინის ღია წერილში გახარიასადმი, სადაც ის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესებაზე საუბრობს: „როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთების გაჟღერება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე“, _ ნეტავ, თუ ხვდება ხელისუფლება ახლა მაინც, სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და როგორ გამოუვალ ჩიხში შევიდნენ?!
_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, ჩვენ ვსაუბრობდით საარჩევნო სისტემის გაუმართაობაზე. მახსოვს თქვენი მოსაზრება, რომ ოპოზიციას მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეს საარჩევნო კოდექსი. ახლაც იგივე ვითარება გვაქვს _ დღეს არავის ახსოვს საარჩევნო კოდექსი. ან ახსოვთ იმ დოზით, რა იქნება მათთვის სასარგებლო, ან როგორ მოირგონ არსებული მოდელი. ამ მხრივ რა გვეშველება? ანუ რა ეშველება თავად საარჩევნო პროცესს და რა ვუყოთ კოდექსს, რომელიც ერთია, რომ ხარვეზებითაა სავსე და მეორეა, რომ არასათანადო ადმინისტრირების გამო ხელისუფლებების გამარჯვების გარანტიაა. გარანტიად ვგულისხმობ ვითარებას, როდესაც ამომრჩეველთა თუნდაც 40% რჩება სახლში. სხვა სიტუაციაში ვინ და როგორ მანიპულირებს, ეს დიდი ხანია, კარგად ვიცით.
_ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დღემდე საქართველოში განხორციელებული ყველა საარჩევნო ცვლილება მხოლოდ იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. არადა, თუ გვინდა ლიდერების ახალი თაობის გამოჩენა-გაზრდა და ის, რომ პარტიები ხალხის ინტერესებს წარმოადგენდნენ პოლიტიკაში და არა საკუთარი ქარვასლები ჰქონდეთ გახსნილი, მაშინ იდეალური იქნებოდა რეგიონულ-პროპორციული ან მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ღია, ანუ პრეფერენციული სიებით არჩევნების ჩატარება, სადაც სიაში მყოფ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი ანიჭებს ნუმერაციას საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით და პარლამენტშიც ის ხვდება, ვინც ამა თუ იმ პარტიის სიაში ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. არადა, ამ სისტემაზე ქართული პოლიტიკური პარტიები თითქმის არ საუბრობენ, რადგან ეს ლიდერების მიერ მართვის სადავეების შესუსტებასა და პარტიების შიგნით მეტ დემოკრატიას ნიშნავს. ეს კი არ აწყობთ. ჰოდა, გეკითხებით, ლიდერები, რომლებიც საკუთარი პარტიების შიგნით დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან, ქვეყნაში დემოკრატიას ააშენებენ?!
_ ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ ქვეყანაში არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი _ ძალა არ იქნება. ამას ხელს უშლის როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური სპექტრი. თუ ვინმე ცდილობს გამოჩნდეს და გვქონდა ამის რამდენიმე მცდელობა, ორპოლუსიანი პარტიული მედია მაშინვე იწყებს ახალი ძალისა თუ პერსონების მარგინალიზებას. ასეთ ვითარებაში, უმნიშვნელო ცვლილებების გარდა, ელოდებით, რომ საქართველოს პარლამენტის მომავალი შემადგენლობა არსობრივად განსხვავებული იქნება ამჟამინდელისგან?
_ ობიექტური ხელის შემშლელი პირობების გარდა, მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენას სათანადო პოლიტიკური ლიდერების არყოლაც უშლის ხელს. ავიღოთ იგივე მამუკა ხაზარაძე, რომელსაც არც ფინანსები აკლია და არც _ მხარდაჭერა მედიის მხრიდან, მაგრამ აკლია მთავარი _ გამარჯვების ენერგეტიკა და ბრძოლის ჟინი: სად უნახავს მაგ დალოცვილს პრესკონფერენციებით მოგებული არჩევნები?! ის სწორად დაგეგმეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებს პროგრამისა და ხედვების პრეზენტაციებისთვის გამოიყენებენ, რომ მთლად სასამართლოთი არ გადაიფაროს მათი პოლიტაქტივობა, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი არჩევნებზე, მეტ-ნაკლებად, სერიოზული შედეგის დასადებად?! თუმცა პრობლემად რჩება „ნაციონალებთან“ იდენტიფიცირებაც _ არადა, განზე გადგები და ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგი გამოდიხარ.
_ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი ობივატელის და არა მხოლოდ მათი _ ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა თვალსაწიერი ამ გლობალიზებულ სამყაროში ძალიან დაპატარავდა. ჩვენ, რეალურად, რუსთაველის გამზირის იქით ვერ ვიყურებით. არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ტრამპსაც კი ვასწავლით ჭკუას და _ მაკრონსაც; ლამის ზეპირად ვიცით თარიღი, როდის დაინგრევა რუსეთის იმპერია და ა. შ. ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად არაფერი ვიცით იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს და იმ პროცესებს, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას ქვეყნის _ ქართული სახელმწიფოს პერსპექტივებზე. ამ მხრივ რა მოლოდინები გაქვთ 2020 წელს? მით უფრო იმ მოვლენების ფონზე, რასაც ვაკვირდებოდით აშშ-ირანის საკმაოდ საფრთხის შემცველი მოვლენების დროს.
_ ერთი მხრივ, ნეგატიური _ რადგან თვით დემოკრატიული დასავლეთიც კი ძალიან აჭრილია ღირებულებებისა და პრიორიტეტების მხრივ და ამის მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის სიტყვები გამოდგება, რომელიც ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც ის აცხადებს, რომ მზად არის რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებისთვის, რაც მასთან ერთად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის აგებაშიც გამოიხატება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხანგრძლივ ბრძოლაშია, კონფლიქტებშია ჩაბმული თავის მეზობლებთანო. მეორე მხრივ, _ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის საქართველოს მიმართ ამერიკის ახალი ელჩის ღიად მხარდამჭერი მოწოდებები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არც სირაქლემის პოზაა გამოსავალი, მაგრამ რეალობის გათვალისწინებაც გვმართებს.
_ არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ჩემი ემოცია უნდა გაგიზიაროთ: ერთგვარად შოკიც კი მივიღე, როდესაც აშშ-ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ღიად ითხოვდა ხელისუფლებისგან პოზიციის დაფიქსირებას და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის. ასევე ღიად გაკეთებულიყო აშშ-ის მხარდასაჭერი და ირანის დასაგმობი განცხადებები. ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ არანაირი ღია განცხადებები ვაშინგტონს თბილისისგან არ სჭირდებოდა. რატომ, ესეც ცხადია და ამ თემის გაშლას არ ვაპირებ. მაგრამ შეფასება მინდა, _ რამდენად პრაგმატული იყო ასეთი სახის განცხადებები და რამდენად სწორად მოიქცნენ ხელისუფლების ცალკეული სტრუქტურები, როდესაც ამ ნარატივს არ აყვნენ? იქნებ, ზოგადადაც ახსნათ, რამდენად მიზანშეწონილია კულუარული პოლიტიკის გასაჯაროება კრიტიკულ ვითარებაში? ამას გეკითხებით, როგორც სფეროს ექსპერტსა და პროფესიონალს.
_ ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლება წინდახედულად მოიქცა, მაგრამ ირანისგან და ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით, რომელთა კარგი სპეციალისტები საქართველოში ნამდვილად გვყავს და არც ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით, თქვენი თქმის არ იყოს, შოკის მომგვრელი იყო, როცა აღმოვაჩნე, რომ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს წარმოდგენა არ აქვს და არც მიიჩნევს საჭიროდ, რომ ჰქონდეს, თუ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების თავზე დაკიდული მთავარი მახვილია და თანაც, კარის მეზობელი _ რუსეთში. იქ მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე: პრემიერისა და კონსტიტუციის ცვლილებებზე ქართული პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურებებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ სრული პოლიტიკური ხეიბრები ვართ რუსეთში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით: არავინ იცის, რა მზადდება რუსეთში; მიდის პუტინი და „მაყურებლად“ ანუ ჩრდილოვან მმართველად რჩება; თუ მიდის, მაშინ ვისთან გვიწევს საუბარი _ არ უნდა გვაინტერესებდეს?! როცა პოლიტიკურ ძალებს ასეთი სტრატეგიული მიმართულებებით ხედვები კი არა, ინტერესიც არ გააჩნიათ, მერე იმედგაცრუებული ამომრჩევლის რა უნდა გვიკვირდეს?
_ რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი აფხაზეთის საკითხს და იქ განვითარებულ მოვლენებს. მათ ფონზე საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, _ ხვალ რომ დადგეს, მეტ-ნაკლებად, ხელსაყრელი მომენტი და აფხაზები წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე, ვიცით, რაზე უნდა ვესაუბროთ? ვიცით და გააზრებული გვაქვს, რისი დათმობა შეგვიძლია და რისი _ არა? ცხადია, აქ ვითარების შემფასებლად და, გნებავთ, მომლაპარაკებლად ვერ გამოგვადგებიან ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, _ არაფერს ვუთმობთ! გვაქვს კი სახელმწიფოს რამე სახის კონსენსუსი ამ საკითხზე, თუ როგორც გვჩვევია ხოლმე, ფორს-მაჟორში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მუდამ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთოთ არჩევანი?
_ ანალოგიური _ პოლიტიკური ხეიბრობა გვჭირს აფხაზეთის მიმართულებითაც: არც „მომლაპარაკებელი“ ადამიანები გვყავს და არც ინფორმაცია გვაქვს, რა ხდება აფხაზეთში და არ გვაქვს განა იმიტომ, რომ არ არის ხელმისაწვდომი, არამედ _ არ გვაინტერესებს. არანაირი მზადება „შესაძლებლობების ფანჯრის“ გახსნისთვის _ ეკონომიკური, სოციალური, მენტალური, სახალხო დიპლომატიის დონეზე _ არც ხელისუფლებისა და არც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.
_ და ისევ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას დავუბრუნდები, _ რა არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლია ოპოზიციას არჩევნების დღემდე შესაბამისი შედეგისთვის და რა არის ის, რასაც დათმობს „ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
_ „ოცნება“ არაფრის დათმობას არ აპირებს, ოპოზიციამ უნდა დაანახოს ხალხს _ რას სთავაზობს უკეთესს? ოპოზიციის ჯამური რეიტინგი, რომელიც NDI-ის ბოლო კვლევებით „ოცნებისაზე“ მეტია, ნიშნავს მხოლოდ მაღალ ოპოზიციურ განწყობას საზოგადოებაში, მაგრამ _ არა ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას, რადგან ოპოზიცია ერთიანი სხეული არ არის. მაგალითად, ვინმეს წარმოუდგენია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებას“ უგანებს და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეეკრება? კვლევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ოპოზიციის ერთიანობაა. ამიტომ ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანი იქნება, რომ ნებისმიერი ფორმით: გარიგებით, მოსყიდვით, შანტაჟით, დაშინებით _ ოპოზიციას გაერთიანების საშუალება არ მისცეს.
თუმცა ოპოზიციას „ოქროს რეზერვი“ აქვს.
_ რას გულისხმობთ?
_ ბოლო კვლეევების თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. სწორედ ეს არის ის „ოქროს რეზერვი“, რომლის საკუთარ ამომრჩევლად ქცევა ოპოზიციამ დარჩენილ თვეებში უნდა შეძლოს.
_ თბილისში ჯდომით და მხოლოდ ტელეეკრანებიდან ქადაგებით ამ „ოქროს“ დათრევა ძალიან გაჭირდება. უკაცრავად, შეგაწყვეტინეთ…
_ ზოგადად, ამ ტიპის კვლევებში სხვადასხვა შეკითხვის პასუხები ერთმანეთს ავსებს და შორს მიმავალი დასკვნების გამოტანის საშუალებაც ჩნდება. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ მაგალითს: 64% კი არის უკმაყოფილო მთავრობის მუშაობით, მაგრამ როცა პარტიების მხარდაჭერაზე მიდგა საქმე, ჯამურად მხოლოდ 40%-მა იცის, ვის აძლევს ხმას. ამ კითხვებზე პასუხების ერთმანეთთან დაკავშირება იმის ნათელ სურათს გვაძლევს, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯერჯერობით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აძლევს ხმას. ანუ ოპოზიციური ხმები ჯერ სრულად პარტიებზე არ გადანაწილებულა. ეს არის ამომრჩევლის ის დიდი პოლიტიკური მასივი, რომელზედაც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს, თუ უნდა არჩევნებზე დღევანდელი შედეგის გაუმჯობესება.
ვფიქრობ, ე. წ. ტექნიკური, ანუ საერთო ოპოზიციური სია და მაჟორიტარულ ოლქებში საერთო ოპოზიციური კანდიდატები არის ოპოზიციის ყველაზე მძლავრი ბერკეტი გამარჯვებისთვის, დაქსაქსული ოპოზიციის შემთხვევაში გამარჯვება ბევრად უფრო რთულია.
_ გვერდს ვერ ავუვლი „შავი სიის“ თემას. რატომ „შავი სია“ და უფრო კრეატიული სხვა რამ არა _ ვერ ვხვდები. შემიძლია, ვარიანტებიც კი ჩამოვწერო, მაგრამ, როგორც იტყვიან, იდეა ფული ღირს. რა პოლიტიკური ეფექტი შეიძლება ამას მოყვეს და გნებავთ, დივიდენდები პოლიტიკური პროცესისთვის? ამას უფრო ოპოზიციის კრეატიულობის კონტექსტში გეკითხებით…
_ სხვათა შორის, მიხვდნენ „შავ სიებთან“ დაკავშირებულ შეცდომასაც და სააკაშვილის ბოლო გამოსვლის დროს 20 ივნისის თემაზე წამოსროლილ ფრაზებზე საზოგადოების ნაწილის უკურეაქციასაც და საპასუხოდ საინტერესო რამ შემოგვთავაზეს „ვანოს შოუს“ ბოლო გადაცემაში, სადაც სააკაშვილი გადატრიალების თემას საკმაოდ ნიჭიერად თავად აშარჟებს და ანეიტრალებს. ვანო ჯავახიშვილის რეპლიკის ფონზე: „რა ქვეყანაა ეს უკრაინა, სადაც იუმორისტი პრეზიდენტი ხდება და პრეზიდენტი _ იუმორისტიო“. სააკაშვილის აგრესიული იმიჯის იუმორით შემსუბუქება კარგი სვლა იყო მის მიმართ არსებული შიშის, მეტ-ნაკლებად, გასანეიტრალებლად და გვაჩვენა, რომ ის ნიჭიერ რეჟისორთან ერთად კარგი მსახიობიც არის. მოკლედ, კარგად მოირგო ხალხოსნური იმიჯი.
ოპოზიციას კრეატიულობა აკლია ერთად და ცალ-ცალკე: ახალი, არაორდინალური მიდგომებით ხალხის გაოცება. სამი ძირითადი ფაქტორია, რის გამოც ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ოპოზიციას ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს: პირველი _ ეს არის იმედგაცრუება მათი წარსული ქმედებების გამო; მეორე _ ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს სისტემური ხედვა და სტრატეგია, ამომრჩეველს რას შესთავაზებენ ივანიშვილის გაშვების შემთხვევაში. თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისია გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მამუკა ხაზარაძის საპროგრამო ხედვა „ლელოს“ დაფუძნების ღონისძიებაზე; მესამე ფაქტორი კი, რაც აუცილებელია ამომრჩევლის დასამუხტად, არის ის, რომ ხალხს, ქვეყნის შენების სტრატეგიასთან ერთად, მოქმედებების ისეთი ტაქტიკური ნახაზი უნდა დაანახვო, რომ შენი გამარჯვებისა და შენი კარგი სტრატეგიის რეალიზაციის შესაძლებლობაში დაარწმუნო. ამის გათვალისწინება აუცილებელია ოპოზიციის გასამარჯვებლად.
_ უკვე ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ გახარაიას მალე მოუწევს თანამდებობის დატოვება. მიზეზებს მნიშვნელობა შესაძლოა, არც ჰქონდეს. ასე დავსვათ საკითხი, _ რამდენად გაამართლა მან მომხრეების იმედები და რამდენად ძლიერი ან პოზიტიური, სასარგებლო პრემიერი აღმოჩნდა იგი?
_ გახარიამ, ჯერჯერობით, ვერაფერი მოასწრო პრემიერის პოსტზე. იმასაც ვერ მივხვდი, რა მოიგო გახარიამ 20 ივნისის საკუთარ თავზე აიღებით?! თავად მას თუ აქვს დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ კითხვაზე?!
_ დაბოლოს, მაინც, რას ფიქრობთ, რა არის ქართული სახელმწიფოს ნომერ პირველი ამოცანა 2020 წელს, დღის წესრიგის უმთავრესი საკითხის _ არჩევნების პარალელურად?
_ მოსახლეობის დაცვა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ტერორისგან, რომელსაც გარე მტერიც და შინაური „მოყვარეც“, ანუ ხელისუფლება, მის წინააღმდეგ ერთობლივად აწარმოებს და რაც წლის ბოლოს „ფეისბუქმა“ ოფიციალურად დაადასტურა; საგარეო პოლიტიკაში _ საკუთარი ადგილისა და როლის ღირსეული გააზრება და სირაქლემის პოზაზე უარის თქმა; ახალი პოლიტიკური ლიდერების ასპარეზზე გამოსვლის ხელშეწყობა, ინოვაციური ეკონომიკური ხედვები და განათლება, როგორც მუდმივი ორიენტირი.
_ დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, საინტერესო და დამაფიქრებელი ინტერვიუ გამოგვივიდა.

გეგა სილაგავა