გია ხუხაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, 7 წლის მანძილზე საზოგადოების ჭარბი ნდობით ამაყობდა, თუმცა ჭარბი ნდობა ჭარბმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ჩაანაცვლა. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ახალი კვლევის თანახმად, ივანიშვილის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. „ოცნების“ ლიდერი მხოლოდ 17%-ს მოსწონს. მის მიმართ უარყოფითად 49%-ია განწყობილი.

ამის პარალელურად, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს მოლდოვის არაფორმალური მმართველის, ვლადიმირ პლახატნიუკის ბედს უწინასწარმეტყველებს.
მოლდოვაში, რომელიც ქვეყნის სიდიდითა და მმართველობის სტილით ძალიან ჰგავს საქართველოს, ოლიგარქია 2019 წელს დაემხო. პლახატნიუკი, ივანიშვილის მსგავსად, მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ყველა მსხვილი ბიზნესის მფლობელი იყო. სრულიად მოულოდნელად მოლდოვაში ვითარება შეიცვალა და ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი სახელმწიფოს მიტაცებაში ამხილეს. არაფორმალურმა მმართველმა ქვეყანა დატოვა, აშშ-მ კი ის შავ სიაში შეიყვანა.

გაიზიარებს თუ არა პლახატნიუკის ბედს ივანიშვილი? აქვს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რეიტინგის გამოსწორებისა და ხელისუფლებაში დარჩენის პოტენციალი მილიარდერს? და რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე დგანან მმართველი გუნდი და ოპოზიცია?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მეტიც, განაცხადა, რომ კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. ასევე ითქვა, რომ მთავრობა ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი განაცხადეს, რომ დავას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გააგრძელებენ. რა მიზანს ემსახურებოდა მთავრობის გადაწყვეტილება და ამ მოცემულობაში რა პერსპექტივა აქვს ამ პროექტს?
_ ამ პროექტის ჩაგდება ან თუნდაც გადავადება სახელმწიფო ინტერესებს, სამწუხაროდ, აზიანებს, გამომდინარე იქიდან, რომ ანაკლიის პროექტი დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი გახდა. როგორც ჩანს, ამერიკულ მხარეს გარკვეული სტრატეგიული დაინტერესება აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, შავ ზღვაში ბალანსი რუსეთის სასარგებლოდაა, იმ დროს, როდესაც ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანაა შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ანაკლიას შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების საქმეში შეეძლო და, იმედი მაქვს, ჯერ კიდევ შეუძლია, სერიოზული როლის თამაში. ანაკლიის პროექტის განვითარებით ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას ვაძლიერებთ, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ეკონომიკური ფუნქციის გაძლიერებაზე ვსაუბრობ, არ მაქვს მხედველობაში საკუთრივ საპორტო გადაზიდვები, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უფრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც შეიძლება ანაკლიის ირგვლივ განვითარდეს და დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ეკონომიკურ აქტივობაში სერიოზული როლი ითამაშოს. ასე რომ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის კონსერვაცია ან შეფერხება, ბუნებრივია, გრძელვადიან სახელმწიფო ინტერესს სერიოზულად აზიანებს. რაც შეეხება პერსპექტივას, იგი ძალიან ბუნდოვანია. არ მგონია, რომ ხელისულების ამოცანა ამ პროექტის საერთოდ გაუქმება იყოს, მათი ამოცანა ამ ეტაპზე იყო პროექტზე კონტროლის აღდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებისთვის კონსორციუმი, როგორც ჩანს, პოლიტიკურადაც მიუღებელი მხარე იყო, მაგრამ ეს თემა გახდება სადავო, ყველაფერი გადაინაცვლებს საერთაშორისო არბიტრაჟში, რაც თავისთავად შეაფერხებს პროექტის შემდგომ განვითარებას. იმ ვითარებაში, როდესაც პროექტის საკითხი საერთაშორისო სასამართლოში იხილება, ბუნებრივია, ცივილიზებული ინვესტორი ამ დროს ალტერნატიულ ინვესტიციას არ განახორციელებს, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ დავის პერსპექტივა გაირკვევა, შესაბამისად, ამ პერიოდში პროექტის განხორციელების ერთადერთი თეორიული შანსი რჩება, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა ან მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა მოახდინონ პროექტის აქტივიზაცია, თუმცა ეს თეორიული შანსებია. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება. ზიანი უკვე ნათელია, ეს ზიანი რა მასშტაბის იქნება და რა სახეს მიიღებს, ამაზე გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არც არსებობს, ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
_ გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიზანი იყო ანაკლიის პორტის პროექტზე კონტროლის აღება, გარკვეულწილად, მთავრობის გადაწყვეტილება რუსულ ინტერესებს ხომ არ ემსახურება?
_ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ რუსული დაკვეთა შეასრულა. საერთოდ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმ კონცეფციას, რომ ხელისუფლებაში რაღაც ჯგუფი რუსულ ინტერესებს ატარებს. მე მგონია, რომ ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების გამყარებაზე ფიქრობს და ამ პროექტს ძალაუფლების გამყარებას უკავშირებს. ხელისუფლება მზად არის როგორც პროექტის აქტივიზაციისთვის, ასევე პროექტის კონსერვაციისთვის. ხელისუფლება მზად არის, რომ ინსტრუმენტად, ამ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში, როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის მიმართულებით, ამ პროექტის ბედი გამოიყენოს. თუმცა ის, რომ უკვე ხელისუფლება ჩამოყალიბებული იყოს და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილი ჰქონდეს პროექტის კონსერვაცია, _ ასე არ ვფიქრობ. არ მგონია, რომ დღეის მდგომარეობით ასე ცუდად იყოს საქმე.
_ NDI-ის კვლევების მიხედვით ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ნეგატივის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. ეს რიცხვები, რაც ამ ორგანიზაციამ გაგვაცნო, რამდენად შეესაბამება რეალობას და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილმა თავისი რეიტინგის გასაუმჯობესებლად?
_ ერთია, პოზიტიური დამოკიდებულება ადამიანისადმი და მეორეა მისი რეიტინგი, როგორც პოლიტიკოსის, ანუ პოზიტივ-ნეგატივის ჯამი. შეიძლება, ადამიანი არ უყვარდეთ, მაგრამ მას აღიარებდნენ, როგორც ძალის ცენტრს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონა რომ გაეზომათ, ის ახლაც პირველ ადგილზე იქნებოდა, მაგრამ რადგან მისდამი ნეგატიური დამოკიდებულება გაიზომა, ასეთია სამწუხარო რეალობა, რომ მას ანტირეიტინგი ძალიან მაღალი აქვს და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, პრაქტკულად, ყველა მიმართულებით, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით დაზიანდა მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, პირობა მისცა მთელ საზოგადოებას და შემდეგ საკმაოდ უცნაური ფორმით გადააგდო მოსახლეობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ მან სიტყვა გატეხა. მართლმსაჯულება, რომელიც ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას და თვითონ მუდმივად სისხლიან 9 წელზე საუბრობს, სწორედ ეს მართლმსაჯულება იყო იმ სისხლიანი 9 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ამ მართლმსაჯულების სისტემის რეინტეგრაცია მოხდა. ამ ყველაფერმა ის განსაკუთრებით დააზიანა და, შესაბამისად, ასეთი მოცემულობა გვაქვს _ მას ძალიან მაღალი ანტირეიტინგი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის, როგორც ძალის ცენტრს, ყველა აღიარებს, მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება კრიტიკულად დაბალია. ეს ვითარდება იმ ფონზე, როდესაც დასავლეთიდან ძალიან შემაშფოთებელი სიგნალები მოდის, თუ ასე გაგრძელდა, მან შეიძლება ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგოს დასავლეთის თვალში. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სულ მალე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რამაც შეიძლება, წითელი ხაზივით გაიაროს მის მომავალ პერსპექტივაზე.
_ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს მოლდოველი ოლიგარქის ბედს უწინასწარმეტყველებს. მოლდოვაში გასულ წელს ოლიგარქია დაემხო და არაფორმალური მმართველი პლახატნიუკი ქვეყნიდან გაიქცა. ის აშშ-მ შავ სიაში შეიყვანა. აქვს თუ არა ივანიშვილს შანსი, რომ იგივე ბედი არ გაიზიაროს და ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან?
_ მას აქვს შანსები. ამაზე უკვე 3 წელია, ვსაუბრობ. იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად სწორად წავიდეს პროცესი და მას პოლიტიკური გადარჩენის შანსები მიეცეს, სამი ნაბიჯი უნდა გადადგას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პლახატნიუკის პრეცედენტის პირდაპირ ანალოგიაზე ვისაუბრო, მაგრამ აშშ-ს მხრიდან პლახატნიუკისთვის სანქციების დაწესების ფორმულირება ასე ჟღერდა: მას დაუწესეს სანქციები, რადგან მისი კორუფციული მოღვაწეობა აზიანებდა მოლდოვაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა პრეცედენტული აზროვნებისაა, ანუ თუ შეიქმნა პრეცედენტი და მერე ვიღაცამ დაუმტკიცა, რომ გარკვეული ანალოგიები არსებობს, ისინი ამ პრეცედენტს დიდი განხილვების გარეშე იყენებენ ანალოგიური შემთხვევებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რეალური ხიფათის მატარებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პლახატნიუკის დაცემა დაიწყო არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, ივანიშვილს ამ წლის ნოემბრამდე აქვს დრო, ანუ თუ მის წინააღმდეგ რამე მექანიზმები ჩაირთვება, ეს იქნება არჩევნების შემდეგ, მანამდე მას აქვს, ჯერ კიდევ, დრო, რომ ყველაფრის გარკვეული რეფორმირება მოახდინოს, რომ ამ ფორმულირების ქვეშ არ მოხვდეს. ამ ფორმულირების შემთხვევაში საუბარია შემდეგზე: 1. დემოკრატიული ინსტიტუტების კომპრომეტაცია: ქვეყანაში დარღვეულია ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ჩრდილოვან ავტორიტარიზმზეა საუბარია, როდესაც ქვეყანა ინსტიტუციური ცენტრებიდან არ იმართება. ასეთი ანალოგია შეიძლება დავინახოთ დღევანდელ მმართველობაში. მოგეხსენებათ, რომ თვითონ ივანიშვილი თითქოს ინსტიტუციონალიზებულია და ამ დროს არის განცდა, რომ ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას, საზოგადოებაც პასუხისმგებლობას ყველაფერზე მას აკისრებს. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი, რაც მან უნდა გადადგას, არის ის, რომ აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი. ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა კი ერთადერთი გზით არის შესაძლებელი, ეს გზა მარტივია: ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სხვა გზა, რომ, მაგალითად, ის საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან, არ მგონია, ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს, _ ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება, რადგან ვხედავთ, დღეს ვინც არის ხელისუფლებაში და ამ ადამიანების ხელში ჩემი მტერი ჩავარდა; 2. ოქტომბრამდე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, იგივე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, რომ გაჭირვებული ადამიანების უკმაყოფილება გადალახოს, _ ეს შეუძლებელია, ივანიშვილი ამას ვერ გააკეთებს. თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომელიც მას შეუძლია სწრაფად გადადგას და ამით, გარკვეულწილად, იმედის ნაპერწკალი გააჩინოს ხალხში. ეს ნაბიჯი არის სერიოზული, კარგი გაგებით აგრესიული, ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება. ამის გაკეთება შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად. ამ მეორე ნაბიჯით იგი, გარკვეულწილად, რეაბილიტაციას მოახდენს ქართულ საზოგადოებაში; 3. მესამე ნაბიჯი კი, რაც მას ამ პომპეოს ფორმულირების მთავარი საფრთხიდან გამოიყვანს, ეს არის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსის მოძებნა, ოქტომბერში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტირება, საკუთარი სტატუსიდან და პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, ასევე ღირსეული, ფაქტობრივად, უხინჯო არჩევნების ჩატარება კონკურენტულ გარემოში. თუ ის ამ სამ ნაბიჯს გადადგამს, ვფიქრობ, მას რჩება ხელისუფლებაში დარჩენის თეორიული შანსი, წელგამაგრებულ და რეაბილიტირებულ ბიძინად. ხელისუფლებაში რომც ვერ დარჩეს, ის შეინარჩუნებს მთავარს: კეთილდღეობას, პირად უსაფრთხოებას და წელგამართული გააგრძელებს მოღვაწეობას ან ოპოზიციაში თუ პოლიტიკაში დარჩება, ან გააკეთებს იმას, რასაც ადრე აკეთებდა. მე ვისაუბრე იმაზე, რაც სწორად მიმაჩნია და, ფაქტობრივად, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვთავაზობ ივანიშვილს. მგონია, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯები და პირადად მისთვის, _ კარგი. ამ შემთხვევაში ამოვდივარ მისი გულშემატკივრის პოზიციიდან. როდესაც ვამბობ, რომ გულშემატკივარი ვარ, ვიღაცებს ძალიან უკვირთ, მე არ ვარ მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რა პოლიტიკასაც ის ატარებს და მე მისი მკაცრი ოპონენტი ვარ. როგორც ადამიანთან და პიროვნებასთან, მის ოჯახთან, ბუნებრივია, ბევრი რამე მაკავშირებს. მას, როგორც პიროვნებას, ვგულშემატკივრობ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალია, მას შევთავაზო რეაბილიტაციის პროგრამა; მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკურად აბსოლუტურად უცხოა და მასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერც ვხედავ.
_ თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმაზე, რომ ივანიშვილს გარემოცვაში ისეთი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მხოლოდ მისთვის სასიამოვნო ინფორმაციას აწვდიან. ამ ეტაპზე, რამდენად იაზრებს ის შექმნილ ვითარებას და როგორია მისი პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შანსები?
_ რაც გარედან ჩანს, იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას რეალობა დაკარგული აქვს. ვამბობ კიდევაც, რომ მას საერთოდ ვერ ვცნობ. როდესაც ერთად ვიყავით, ის სულ სხვა აზროვნების ადამიანი იყო და ამდენ შეცდომას ნამდვილად არ უშვებდა. დღეს მეჩვენება, რომ მას გარკვეული ალტერნატიული რეალობა შეუქმნეს და იმ ალტერნატიულ რეალობაში, გარკვეულ პოლიტიკურ ბუნკერში აცხოვრებენ, სადაც გათიშულია ყველა კომუნიკაციის საშუალება და რაღაც ერთი, აბსოლუტურად გაუგებარი არხიდან მიეწოდება ინფორმაცია. ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე. ვფიქრობ, მისი ინფორმაციის მიღების არხები ძალიან შეზღუდულია, სტერილიზებულია. ვერ ვიტყვი, რომ ამას ვიღაც გარედან უკეთებს, ეს მისი არჩევანია, თვითონ არჩია „ცხოვრება მშვენიერიას“ ვითარებაში ოპერირება. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, ვინც მის ირგვლივ არიან, მის ამ სურვილს, რომ ყველაფერი კარგად არის, შესანიშნავად აღიქვამენ და გარკვეული გამაძლიერებლის როლს თამაშობენ. მგონია, რომ ასეთი ვითარებაა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი ტაქტიკოსია და ნამდვილად აქვს ამ ვითარებიდან გამოძრომის პოტენციალი. ზუსტად ამიტომ ვთავაზობ მას რაღაცებს და ვცდილობ, ეს კედელი რაღაცნაირად გავარღვიო და მცირე ეჭვის მარცვალი მაინც ჩავაგდო მის აღქმაში, რომ მთლად ისე კარგად არ არის ყველაფერი, როგორც მისი გარემოცვა ეუბნება ბოლო დრომდე.
_ NDI-ის კვლევებს დავუბრუნდეთ: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ – 20%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ _ 13%, „ევროპულ საქართველო _ თავისუფალ დემოკრატებს“ – 8% მისცემდა ხმას, ანუ კვლევების მიხედვით ჯამურად ოპოზიციას იმაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. რას გვეუბნება ეს რიცხვები და ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება თუ არა პროგნოზირება?
_ ეს რიცხვები იმას გვეუბნება, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლება, პრაქტიკულად, გარანტირებულად კარგავს ძალაუფლებას. ზუსტად ამიტომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი რეპუტაციულ, ძალიან სერიოზულ ზიანზე და დატოვა შერეული, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. ყველას კარგად გვესმის: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში 20% საკმარისია იმისთვის, რომ 100%-იანი შედეგი მიიღონ. ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარულის შემთხვევაში ყველა ოლქში მეორე ტური გარდაუვალია, ხელისუფლება ოპოზიციის დაქსაქსულობისა და სისუსტის პირობებში პირველ ადგილებზე გავა. ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსით, მეორე ტურებში, თუნდაც 20%-იანი ლეგიტიმაციით, ხელისუფლება მოახერხებს მაჟორიტარული არჩევნების მოგებას და ამაზეა მთელი გათვლა, ამავდროულად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ეს იგივე ძალაუფლების უზურპაციის ტოლფასია, რადგან 20%-იანი ლეგიტიმაციით 100%-იანი ძალაუფლების მიღება არ ქმნის სტაბილური პოლიტიკური პროცესის საფუძველს და, შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, წინასაარჩევნო პრობლემები გვაქვს, მაგრამ პოსტსაარჩევნოდ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.
_ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ დასრულებულა კამათი იმაზე, ჩატარდება თუ არა პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენი აზრით, როგორ დასრულდება ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგი?
_ პროპორციული არჩევნების ჩატარებას იმ სახით, როგორც თავიდან იყო ნათქვამი, ბუნებრივია, სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან კონსტიტუციური პროცესის ორგანიზება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ადაპტირებული გერმანული ვარიანტი, რომლის მიღების თეორიული შანსი, ჯერ კიდევ, ჩანს, _ მრავალმანდატიან ოლქებს ვგულისხმობ. ასევე არსებობს ხელისუფლების შეთავაზებაც, რომლის მიხედვითაც, 100 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 50 მაჟორიტარულად აირჩიონ, რაც, გარკვეულწილად, ოდნავ უკეთესი არის იმაზე, რაც დღეს გვაქვს. ასე რომ, პოლიტიკურ პროცესში გამოჩნდება, რა იქნება შესაძლებელი. თვითონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, რომ ლეგიტიმურობას საფრთხე არ შეუქმნას. მუდმივი კრიზისებისა და რყევის პირობებში რომ არ ვიყოთ, მაქსიმალურად უნდა დაუთმოს ოპოზიციას და შეეცადოს, არჩევნები მოიგოს არა ხელების გადაგრეხით, არამედ პოზიტიური დღის წესრიგით, ახალი იმედების ტალღის გაჩენით. პოზიტიური დღის წესრიგი არის ერთადერთი უნივერსალური მექანიზმი იმისთვის, რომ გრძელვადიანად დარჩე ძალაუფლებაში, რადგან რამდენიც არ უნდა უგრიხო ადამიანებს ხელები, დააშინო და დააშანტაჟო, ამას საბოლოო ჯამში, პერსპექტივა მაინც არ გააჩნია, _ რაც უფრო აგრესიულად მოქმედებ, უკუქმედების ძალასაც ზრდი. ნიუტონის კანონია, ბოლოს და ბოლოს, ქმედება-უკუქმედების. ბიძინა ივანიშვილმა ახალი იმედი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, იგივე ანტიკორუფციული ღონისძიებები უნდა გაატაროს და ერთი-ორი ბობოლა რომ ვიხილოთ კორუფციისთვის დასჯილი, ეს საზოგადოების მხრიდან მისდამი დამოკიდებულებას, გარკვეულწილად, გამოასწორებდა. რაც შეეხება ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგს, ვფიქრობ, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ბევრი დრო არ არის დარჩენილი. ვფიქრობ, იანვარ-თებერვალში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი. იმის იქით გადაწევა უკვე აღარ შეიძლება, რადგან საერთაშორისო სტანდარტით არჩევნებამდე 1 წლით ადრე უკვე უნდა დადგინდეს წესები.

ნენე ინჯგია