ამირან სალუქვაძე: „მოთმინება და შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობა უნდა გვეყოს, რომ ტერიტორიების დაბრუნებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ!“

ნაახალწლევს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა, პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით, სრული შემადგენლობით გადადგა. მთავრობის გადადგომამდე მოსკოვში ვლადიმირ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. ანალიტიკოსთა ნაწილმა თავიდანვე ივარაუდა, რომ მთავრობის გადადგომა შესაძლოა, ვლადიმირ პუტინის იმ ინიციატივებს უკავშირდებოდეს, რომელიც მან ამ მიმართვის დროს გააჟღერა.
კერძოდ, ზემოხსენებული მიმართვისას პუტინი რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა და დუმისა და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დააანონსა. ამასთან, დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს კი საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის უფლება ეძლევა.

ასევე იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი, ანუ ახალი პროცედურის მიხედვით, ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება მთავრობის დანიშვნის წესიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს, დუმა დაამტკიცებს. ცვლილებებითვე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით.
ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება, გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად, საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.
ასევე იგეგმება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და პენსიის ინდექსაცია, რომელიც არ უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე რუსეთში განსაზღვრული საარსებო მინიმუმი. ამავდროულად, მკაცრდება პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის საკანდიდატო მოთხოვნები.
ცვლილებების თანახმად, რუსეთში ცხოვრების სავალდებული დრო 10-დან 25 წლამდე იზრდება. პრეზიდენტს, მინისტრებსა და მოსამართლეებს ერთმევათ ორმაგი მოქალაქეობისა და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის უფლება.
რუსეთის პრეზიდენტს ან პრეზიდენტობის მსურველს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტი, როგორც მიმდინარე დროში, ასევე _ წარსულშიც.
ყოველივე ამის გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებაც. კერძოდ, რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს _ პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ექნება და, ამგვარად, მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.
შეგახსენებთ, რომ პუტინს საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს ეწურება, თუმცა პუტინს თავის მიმართვაში არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგ.
ისე, ქართული პოლიტიკის კულუარებში რუსეთის სამთავრობო ცვლილებები ზოგმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზებად მიიჩნია. ზოგადად, პუტინი რომ საბჭოთა კავშირის რეანიმაციას ცდილობს, აქ ახალი არაფერია, თუმცა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მედვედევის მთავრობის გადადგომას მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის შექმნის დასაწყისად არ მიიჩნევს. ამასთან, სალუქვაძე არც იმას ელოდება, რომ რუსეთის ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკას შეცვლის და, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რამე სიახლე იქნება, ანუ ქართველი ექსპერტი ამბობს, რომ ყველაფერ იმას, რაც ჩრდილოეთში მოხდა, უფრო შიდა მოხმარების სახე აქვს, ანუ პუტინი ცდილობს, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ხალხის გული როგორმე მოიგოს და საპროტესტო მუხტი ჩაახშოს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ბრიგადის გენერალ, ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან:

_ პუტინის მიერ რუსეთის მთავრობის გადაყენების შემდეგ ზოგიერთმა ქართველმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ ყველაფერი ეს შესაძლოა, მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ბატონო ამირან, ამ მოსაზრებას იზიარებთ?
_ ჩემს პირველ პოზიციაზე დავრჩები, რომელიც ამ ცვლილებების გახმოვანების შემდეგ გავაჟღერე, ანუ პუტინის მიერ მთავრობის გადაყენება, ჩემი აზრით, ორი ფაქტორითაა გამოწვეული. ერთი ფაქტორი შიდაა _ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ბოლო თვეებში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საკმაოდ მწვავე საპროტესტო აქციები ვიხილეთ. რიცხოვნობის მხრივ, რუსეთის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს აქციები შესაძლოა, მწვავე არ იყო, მაგრამ ბალოტნაიას საპროტესტო ტალღის შემდეგ, მსგავსი სიმწვავის აქციები არ ყოფილა. ეს აქციები ბევრ შიდა პროცესსა და მოვლენას უკავშირდებოდა, ანუ ხალხი, ერთი მხრივ, ბოლო არჩევნებს აპროტესტებდა, მეორე მხრივ კი _ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. ყველაფერი ეს რუსეთის ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გაიაზრა.
_ რუსეთის ხელისუფლებამ გაიაზრა თუ პუტინმა?
_ ყველასთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება პუტინია _ ყველა სახელისუფლებო შტოს, რა სისტემაც უნდა შემოიღოს, პუტინი ერთპიროვნულად აკონტროლებს. მოკლედ, პუტინმა დაინახა, რომ აუცილებელია ყურადღების გადატანა. ამიტომაც, ერთი მხრივ, სამთავრობო ცვლილებები დაიწყო, რაც კარგა ხნის განმავლობაში განხილვის მთავარი თემა იქნება, მით უმეტეს, რომ აპრილში მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრატეგიის წარდგენას აპირებენ. მეორე მხრივ, პუტინმა გარკვეული სოციალური პაკეტებიც გააჟღერა, რაც, ჩემი აზრით, სისტემური კი არა, უფრო ეპიზოდურია. მაგალითად, საუბარია პირველიდან მეოთხე კლასელებისთვის სკოლებში უფასო ცხელ კვებაზე; ასევე კლასის დამრიგებლებისთვის ხელფასების 5 ათას რუბლამდე მომატებაზე, რაც ას დოლარზე ნაკლებია. ყველაფერი ეს 2026 წლამდე უნდა მოხდეს. პუტინის ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2024-ში იწურება, თუმცა ეს პროგრამები კიდევ ორი წელი იმუშავებს, თუმცა შემდეგშიც გაგრძელდება თუ არა, რეზერვებზე იქნება დამოკიდებული.
_ ერთი სიტყვით, პუტინი მასის გულის მოგებას ცდილობს?
_ რა თქმა უნდა. ის ხომ „მზრუნველი ნაციონალური ლიდერია“, თუმცა ამ ტერმინის შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებ. ყველა ეს პროგრამა ეკონომიკის ძირეულ ცვლასა და მოდერნიზებას არ ემსახურება, თუმცა პუტინს ახალი პრემიერის იმედიც აქვს, რადგან სანამ პრემიერი გახდებოდა, თავის სფეროში წარმატებას მიაღწია _ ისეთი საგადასახადო თანამედროვე სისტემა შექმნა, როგორიც, დაახლოებით, ჩვენთანაა და გადასახადების ამოღების მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
ამას გარდა, პუტინისთვის არანკლებ მნიშვნელოვანი 2024 წლის შემდგომი პერიოდისთვის მზადებაა _ 2024-ში მას უფლება აღარ ექნება, რომ პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს და, როგორც ჩანს, ამ კუთხით ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს, თუმცა ამ მხრივ ბოლო თვეების ტრენდია საინტერესო.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, „ედინაია როსიას“ ლიდერები, მაგალითად, ნემეროვი, პუტინს პრეზიდენტს კი არა, „ნაციონალურ ლიდერს“ უწოდებს, რაც შემთხვევითი არაა. ამ ტერმინს, ცხადია, საკუთარი ნებით არ იყენებს და, როგორც ჩანს, ასეთი მითითება აქვს.
_ ანუ უნდა ველოდოთ, რომ 2024-ში რუსეთში „პუტინიზმი“ არ დასრულდება და პუტინი რუსეთის პრემიერად მოგვევლინება?
_ ცხადია, პუტინი თავისთვის გარკვეულ თანამდებობას მოიმზადებს და შემცვლელის მოძებნაზეც იმუშავებს, ანუ უკვე თქვა, რომ რუსეთი 2024-ის შემდეგაც საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსადალი იქნება.
ეს თანამდებობა რუსეთში ყოველთვის სერიოზულ ბერკეტად მიიჩნეოდა და მიიჩნევა. ამას გარდა, პრეზიდენტს სხვა ფუნქციებიც შეუნარჩუნდება, ანუ მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც მუშავდება, პარლამენტს გადაეცემა, კერძოდ, პარლამენტი პრემიერის კანდიდატურას შეარჩევს, მის მიერ შედგენილ მინისტრთა კაბინეტს კი პარლამენტი დაამტკიცებს, ხოლო პრეზიდენტს მხოლოდ ის ვალდებულება ექნება, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხელი მოაწეროს. ეს, დაახლოებით, ისეთივე მოდელია, როგორიც ჩვენთანაა. საერთოდ, ბოლო წლებში რუსეთმა ჩვენგან ბევრი რეფორმა გადაიღო.
_ დიახ, ასეა. მაგალითად, საქართველოს მსგავსად, „კანონიერი ქურდობა“ რუსეთშიც უკვე დასჯადია.
_ იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებრივ სერვისებზეც…
პუტინს კიდევ ოთხი წელი აქვს და იქიდან გამომდინარე, თავისთვის საბოლოოდ რომელ თანამდებობას შეირჩევს, არავინ იცის. კიდევ რამდენ საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს, არც ეს ვიცით, მაგრამ ახლანდელი მოცემულობით, პრეზიდენტს მხოლოდ ის უფლება რჩება, რომ თანამდებობიდან პრემიერი და მინისტრები ორი მიზეზით _ ნდობის დაკარგვისა და მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო _ გაათავისუფლოს. ეს პრეზიდენტის ხელში საკმაოდ სერიოზული ბერკეტებია. მოკლედ, პუტინი იზრუნებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერიოზული კანდიდატი შეარჩიოს და არაა გამორიცხული, პრეზიდენტად ისევ მედვედევს ამზადებდეს.
_ ასე რატომ ფიქრობთ, ბატონო ამირან?
_ მედვედევი უშიშროების საბჭოს მდივნის, ანუ, პრაქტიკულად, პუტინის მოადგილედ გადავიდა. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მედვედევის შემდეგი თანამდებობა პრეზიდენტობა ან უშიშროების საბჭოს მდივნობა იყოს.
_ თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, პუტინი, თქვენი აზრით, რა თანამდებობას დაიკავებს?
_ სავსებით დასაშვებია, რომ პუტინი ისევ პრემიერად მოგვევლინოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დუმის ზედა ან ქვედა პალატის ხელმძღვანელობა აირჩიოს, მაგრამ არ მგონია, საკანონმდებლო საქმიანობა მისთვის სასიამოვნო და მისაღები იყოს.
იქიდან გამომდინარე, რომ პუტინს უკვე ისე მოიხსენიებენ, როგორც „ნაციონალურ ლიდერს“, არაა გამორიცხული, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლოს. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ აქამდე, დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საბჭო არაკონსტიტუციური ორგანო იყო, ახლა კი პუტინმა ამ საბჭოსთან მიმართებით საკონსტიტუციო ინიციატივები გააჟღერა, რომლის თანახმადაც, სახელისუფლებო ვერტიკალში საბჭოს გარკვეული ბერკეტები გადაეცემა. მოკლედ, ჩანს, რომ პუტინი ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა და სხვადასხვა შტოსთვის სახელისუფლებო ბერკეტების გადანაწილებაზე მუშაობს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავრობის დანიშვნაზე დუმას გარკვეული უფლებები უკვე მისცა.
_ ბატონო ამირან, ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, იმას ხომ არ ემსახურება, რომ პუტინმა დიდი ხნის ოცნება აიხდინოს და მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი შექმნას?
_ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე წლებია, მუშაობს _ ოცი წელია, ხელისუფლების სათავეშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ კუთხით რამე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.
სხვათა შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეიქმნა, მაგრამ დსთ-ს საქართველოც გამოაკლდა და _ უკრაინაც.
რაც შეეხება რუსეთ-ბელარუსის კავშირს, პუტინი საგრძნობ წარმატებას ამ კუთხითაც ვერ აღწევს და ლუკაშენკოსთან მუდმივად ჭიდაობს. ვნახოთ, მომავალ ოთხ წელიწადში ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანებას მოახერხებს თუ ვერა. სხვა მიმართულებით, ეკონომიკურის გარდა, ევრაზიულ კავშირს ვგულისხმობ, სერიოზული არაფერია. თუ მართვის მოდელზე ვსაუბრობთ, არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირი, პირველ რიგში, 15 რესპუბლიკისგან შემდგარი სივრცე იყო, მაგრამ ის, რაც 20 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა, არ მგონია, პუტინმა დარჩენილ ოთხ წელიწადში შეძლოს, თუ, რა თქმა უნდა, პირდაპირ აგრესიაზე არ გადავიდა.
როგორც გითხარით, მთავრობის გადადგომა უფრო შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, ანუ ერთი მხრივ, პროტესტი რომ ჩაახშოს _ ხალხს თავი ისე მოაჩვენოს, როგორც მზრუნველმა მამამ და „ნაციონალურმა ლიდერმა“ და, მეორე მხრივ, 2024-ისთვის მოემზადოს, თუ რა ფორმით მოგვევლინება და როგორ პოლიტიკურ სისტემას შექმნის.
ისე, დასაშვებია, რომ სახელმწიფო საბჭო სსრკ-ს პოლიტბიუროს დაემსგავსოს, მაგრამ პოლიტბიურო უფრო პარტიული იყო, სახელმწიფო საბჭო კი გუბერნატორებისგან შედგება და უფრო სხვა მოდელია, ანუ ჩინოვნიკებისგან დაკომპლექტებული ორგანოა, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემს, რეგიონები აკონტროლოს.
_ ბატონო ამირან, რამდენჯერმე ხაზგასმით თქვით, რომ პუტინს უკვე „ნაციონალურ ლიდერად“ მოიხსენიებენ. ზოგადად, ნათელია, რომ ბოლო დროს მხოლოდ რუსეთში კი არა, დასავლეთშიც ნაციონალური იდეები თანდათან პოპულარული ხდება, რაც ტრამპის მაგალითზეც ნათლად ჩანს, ანუ ფაქტია, მსოფლიო იცვლება. ჰოდა, ეს გლობალური ცვლილება და ამასთან, რუსეთში განვითარებული პროცესები საქართველოზე როგორ აისახება?
_ ყველაფერი ეს ჩვენზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ჩემს პოზიციაზე ვრჩები, რომ რუსეთის სამთავრობო თუ საკონსტიტუციო ცვლილებები შიდა მოხმარებას ემსახურება. საგარეო მიმართულებით კი რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ასევე პოლიტიკა არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შეიცვლება. სხვათა შორის, ევრაზიული კავშირის გაფართოებაც რთულად წარმომიდგენია. ყოველ შემთხვევაში, ევრაზიულ კავშირში საქართველოსა და უკრაინის ჩათრევა შეუძლებელია. მართალია, აფხაზეთში წაგებული პირველი ომის შემდეგ დსთ-ში კი შევედით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი მეორედაც გადავდგათ, მით უმეტეს, ნდობა ნულოვანია _ 2008-ში ვერც დსთ-ში ყოფნამ გვიშველა და ვერც _ სხვა ფაქტორმა.
_ სხვათა შორის, რუსეთის სამთავრობო ცვლილებებამდე ერთგვარი ბუნტი ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო, რასაც ე. წ. პრეზიდენტის გადადგომა მოყვა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ე. წ. აფხაზური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები თბილისთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდიან. ყველაფერი ეს რუსეთის მთავრობის გადაგდების კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?
_ ამას რუსეთის სამთავრობო ცვლილებებთან არ დავაკავშირებ.
_ რატომ?
_ ეს აბსოლუტურად ცალკე პროცესია.
_ ეს თემა გავშალოთ.
_ აფხაზეთში საპროტესტო აქციები შემოდგომაზე, ანუ მაშინ დაიწყო, როცა ადგილობრივი „კანონიერი ქურდები“ მოკლეს. ამჟამინდელ საპროტესტო აქციებს, რომელიც ხაჯინბას გადაყენებით დამთავრდა, მეტწილად სწორედ ამას უკავშირებენ, თორემ ე. წ. არჩევნები გასული წლის სექტემბერში ჩატარდა და იქაური კონსტიტუციიდან გამომდინარე, მაშინვე ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ე. წ. არჩევნები გაყალბებული იყო, ანუ ამ „კონსტიტუციაში“ ასეთი ჩანაწერი ყოფილა, რომ მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ჯამში, გამარჯვებულ კანდიდატსა და გაბათილებულ ბიულეტენებზე ნაკლები უნდა მიიღოს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა მეორე ადგილზე გასულისთვის რომ დაემატებინათ, ხაჯიმბა პრეზიდენტობას ვერ გაიფორმებდა. აქედან გამომდინარე, ე. წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაჯიმბას გამარჯვება და, საერთოდ, არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, თუმცა რომ არა ზემოხსენებული კრიმინალური დაპირისპირება, ყველაფერი ეს არ მოხდებოდა, ანუ იმის კატალიზატორად, რაც ბოლო დროს აფხაზეთში მოხდა, კრიმინალური გარჩევები მიიჩნევა.
რაც შეეხება იმას, რომ აფხაზეთის შიდა მოვლენებში რუსეთი ჩაერია და სიტუაცია დაალაგა, ეს პირველად არ მომხდარა. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს ხაჯიმბა არ აწყობდა, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ იგივე სურკოვი სოხუმში მის გადასაყენებლად ჩავიდა _ მოსკოვმა დაინახა, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის ხაჯიმბა მიუღებელი გახდა. ასეთ დროს კი რუსები ყოველთვის იმაზე მიდიან, რომ არასასურველი პიროვნება მარტივად ჩამოწერონ.
ისე, კრემლის პოზიციის მიუხედავად, ადგილობრივები არჩევანს მაინც თავიანთ ჭკუაზე აკეთებენ, თუმცა აფხაზეთში რუსეთს უზარმაზარი ბერკეტები აქვს _ სამხედრო ბაზა, ეკონომიკა, კრიმინალური კონტროლი. შესაბამისად, ე. წ. არჩევნებში ვინც უნდა გაიმარჯვოს, კონტროლს მაინც შეინარჩუნებს.
რაც შეეხება პირდაპირ დიალოგსა და ჩვენს მოლოდინს, აქტიურები უნდა ვიყოთ.
_ და ეს აქტიურობა რაში უნდა გამოიხატოს?
_ ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააჟღერა, აფხაზეთში რაც უნდა მოხდეს, მაინც არაფერი შეიცვლებაო, მაგრამ, ჩემი აზრით, გვერდითი დამკვირვებლები არ უნდა ვიყოთ, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.
_ „გასაკეთებელში“ რას გულისხმობთ, ბატონო ამირან?
_ კონფლიქტი, მაინცდამაინც, ომით არ უნდა გადაწყდეს, რადგან რუსეთთან დაჯახება თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ჩვენი პოზიცია აქტიური უნდა იყოს და კომუნიკაციის არც ერთ ფორმატზე არ უნდა ვთქვათ უარი. ეს რუსეთთან კი არა, ჩვენს ტერიტორიასთან საუბარი იქნება, თუმცა აფხაზები შეეცდებიან, რომ თანატოლის სტატუსით გვესაუბრონ.
ისე, რომელიმე აფხაზმა ლიდერმა რომ განაცხადოს, მზად ვარ, საქართველოს შემადგენლობაში დავბრუნდეთო, სოხუმში საკუთარ პოზიციას მაშინვე დაკარგავს. საერთოდ, იმის დაბრუნებას, რაც ომითაა დაკარგული, წლები სჭირდება. ამიტომ მოთმინება და შიდა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური თანხმობა უნდა გვეყოს, რომ საბოლოო მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ. სხვანაირად არაფერი გამოვა.
პასიურ რეჟიმს კი ის მოაქვს, რომ ორივე მხარეს თაობები იზრდება და ნდობა, ჯერ კიდევ, შემორჩენილია, რაზედაც შამბასა და ბჟანიას განცხადებებიც მეტყველებს, ანუ კომუნიკაციის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. მას შემდეგ კი, როცა პოლიტიკაში ამ ხალხის შვილიშვილები მოვლენ, დიალოგი და საუბარი გაცილებით რთული იქნება!
_ ბატონო ამირან, გამორიცხულია, რომ კონფედერაციის იდეა გაცოცხლდეს, რომელშიც აფხაზეთს ფართო უფლებები ექნება?
_ ეს ასე მარტივად არ მოხდება.
_ რატომ?
_ დიალოგი უნდა დაიწყოს სხვადასხვა ფორმატით და შეიძლება, უამრავი შეხვედრა დაგვჭირდეს, რათა შემდეგი თანაცხოვრების პირველი კონტურები გამოიკვეთოს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველაფერ ამისთვის მოთმინება უნდა გვეყოს და, ამასთან, პასიურ რეჟიმშიც არ უნდა ვიყოთ! კომუნიკაციების გზებს ჩვენ უნდა ვეძებდეთ!
რაც შეეხება კონკრეტული ლიდერების განცხადებებზე რეაქციას, აქაც გონივრულები უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ იქაური ნებისმიერი პოლიტიკოსის შექება თუ პროქართულად გამოცხადება ამ პოლიტიკოსს მხოლოდ ავნებს. ის პოლიტიკოსი კი, რომელსაც მტრად გამოვაცხადებთ, იქ შესაძლოა, წარმატებული გახდეს.
მოკლედ, გონივრულები უნდა ვიყოთ და გაუაზრებელი მოქმედებები ყოვლად მიუღებელია! დეოკუპაციის საკითხში მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანი უნდა იყოს. ყველა სახელმწიფოს, ვინც კი ამ კუთხით წარმატებას მიაღწია, გრძელვადიანი მიზანი ჰქონდა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ!

გიორგი აბაშიძე