როგორ დაიგეგმა ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი?

რამდენიმე კვირაში 2020 წელი დადგება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობას მომდევნო წლის ბიუჯეტების მიღების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია.

ბიუჯეტის პროექტის მიღების კანონით დადგენილი ვადა 10 ნოემბერია.
უცვლელია პრიორიტეტები _ მოწინავე ადგილს კვლავ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იკავებს. ასევე უცვლელია ბიუჯეტის ფორმირების მანკიერი პრაქტიკაც _ პრიორიტეტებისა და პროექტების მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე შედგენა. მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საკრებულოებს საჯარო განხილვების ჩატარებას ავალებს, განხილვები, უმეტესად, არ ტარდება ან ტარდება ფორმალურად, მხოლოდ პარტიულ აქტივთან.
თანამონაწილეობითი სამოქალაქო ბიუჯეტი გამჭვირვალე და დემოკრატიული მოდელია, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, თუ რაში დახარჯონ ფული და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტზე, თუმცა იგი ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ დანერგილა.
თანამონაწილეობითი ბიუჯეტის შექმნის მცდელობა წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტსაც ჰქონდა.
გასულ წელს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნავდა, რომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი არ ასახავდა მოსახლეობის საჭიროებებს.
ფრაქციის ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარი თვითმმართველობასა და მერიის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებისთვის იყო გათვალისწინებული. გაზრდილი იყო მერიისა და საკრებულოს ხარჯები სარესტორნო და საავტომობილო მომსახურებისთვის.
საპირისპიროს ამტკიცებდა სახელისუფლებო გუნდი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მარეხ ნიჟარაძის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული.
ქუთაისის გასული წლის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 54 992 000 ლარს შეადგენდა.
2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამების მხარდაჭერა იყო. ინფრასტრუქტურისთვის, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი გამოიყო, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 16 მილიონი ლარი დაემატა.
4 900 000 ლარამდე გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება. კონკრეტულად, გაიზარდა მრავალშვილიანი დედებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული ხარჯები.
2019 წლის ბიუჯეტზე მეტად მასშტაბურია 2020 წლის საფინანსო დოკუმენტის პროექტი. 2020 წელს ქალაქის ბიუჯეტის მოცულობა, სავარაუდოდ, 61 032 200 ლარია.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კანონის შესაბამისად ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 15 ნოემბერს გაეგზავნა. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო განისაზღვრა.

დავით ნიშნიანიძე _ ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი:
„ყველაზე მსხვილი პროექტი არის 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რომელთან დაკავშირებითაც საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. დღე-დღეზე გვექნება პროექტი და, სავარაუდოდ, მისი ღირებულება ერთი მილიონი ლარია. როგორც შარშან, წელსაც ასევე ევლოდებით სკოლების რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 2 მილიონ ლარს“.

100-საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის დაწყებას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენიმე წელია, აანონსებს. პროექტის განხილვასა და პროცესის დაწყებას შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების გაჯანჯლება უშლის ხელს.
ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად განხორციელებული მაღალბიუჯეტიანი პროექტების წარმატებულად დასრულებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მაგალითისთვის თეთრი ხიდის პროექტი გამოდგება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე დაჯდა, დღემდე დაუსრულებლად ითვლება. ხოლო კომპანია, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, მერიამ დააჯარიმა და სამუშაოებს ჩამოშორდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ელოდება, რომ 2020 წელს ქუთაისისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მომდევნო წელს დამატებითი პროექტებისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

თამარა ჩ. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვიდივე შვილიდან ექვსი ზრდასრულია და მუშაობს, ექვსივე მათგანს შემოსავალი მხოლოდ საკუთარი ოჯახის სარჩენად ჰყოფნის. თამარა გასულ თვემდე მეორე ჯგუფის ინვალიდ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. გაცილებით ძვირი ჯდება ის მედიკამენტები, რომელიც მას და მის 40 წლის ვაჟს მუდმივად სჭირდებათ. გასულ თვეში თამარას ვაჟი სარეაბილიტაციო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა, ქალი _ ინსულტის ნიშნებით კლინიკაში. ახლა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და გარდა საკუთარი ჯანმრთელობისა, იმაზეც დარდობს, რომ შვილისთვის კუთვნილ პროდუქტს, რომელსაც ქუთაისის „მადლიერების სახლში“ აძლევდნენ, მისი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ აღარ დაუბრუნებენ.

თამარა ჩ. _ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი, 80 წლის:
„სოციალური დახმარება რამდენჯერმე მოგვიხსნეს. „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარების სიიდანაც ამოიგვიღეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში უფროსი შვილი იყო ჩაწერილი. ისიც მრავალშვილიანი დედაა, 5 შვილი ჰყავს, სრულწლოვნები. ქუთაისში საერთოდ არ ცხოვრობს. ერთი პერიოდი, როდესაც იმერეთში საცხოვრებლად ჩამოვიდა, ღამეს ჩემთან ათევდა და შესაბამისად, აქ ჩავწერეთ. მერე სახლი იყიდეს და გადავიდნენ. ამოწერა აღარ გაგვხსენებია. იმის გამო, რომ აქ იყვნენ აღრიცხული, სოციალურიც მომიხსნეს და _ საკვებიც. ჩემს შვილს, რომელსაც არანაირად არ შეუძლია თვითმომსახურება და ტანსაც კი და-ძმები ბანენ, ჯგუფი გადაუკვალიფიცირეს. მერე, როგორღაც, „მადლიერების სახლის“ დახმარება ჩემი შვილების დიდი ბრძოლით დავიბრუნეთ. ყველა მათგანს საკუთარი ოჯახი აქვს, შვილები ჰყავთ, ვერავის დავავალდებულებ, რომ შემიფარონ და მარჩინონ. ჩემს შვილსაც ვერ წავიყვანდი ვერავისთან აქამდე. აქ კარგად ვიყავით მარტო ერთად. ახლა როცა კლინიკაშია და ჩემი მდგომარეობაც არაა სახარბიელო, მეშინია, რამე რომ დამემართოს, როდესაც იგი სახლში დაბრუნდება, „მადლიერების სახლის“ დახმარება არ მოუხსნან“.

2020 წელს, სხვა სოციალურ პროექტებთან ერთად, „მადლიერების სახლის“ ბიუჯეტიც იზრდება. მომდევნო წელს პროგრამის ბიუჯეტი 650 ათასი ლარი იქნება. აქედან ბენეფიციარების კვების ხარჯებზე 430 ათასი ლარი მოდის. „მადლიერების სახლს“ ეს თანხა, წლიურად, 800 ბენეფიციარის კვებაზე აქვს გათვლილი.
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება ადგილობრივ თვითმმართველობაში შრომის ანაზღაურებაც. ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა 2019 წელს 24 597 ლარს შეადგენდა, მომდევნო წელს კი 25 135 ლარი იქნება. 1.965 ლარი დაიხარჯება გზებისა და ტრორუარების შესაკეთებლად, რაც გასული წლის ხარჯზე 700 ათასი ლარით მეტია. 87 400 ლარით იზრდება ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო ხარჯები. ამ ხარჯებში ზემოხსენებული 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის საკითხი მოიაზრება. ასევე იზრდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ხარჯები ახალი ორგანიზაციის _ DMO-ს დაფუძნების ხარჯზე, რომელსაც თავად ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი ბიზნესმენების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს. ააიპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისათვის“ განკუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან 710 ათას ლარს შეადგენს. აქედან 430 ათასი ლარი ტურისტული ცენტრის ფუნქციონირებაზე დაიხარჯება, 120 ათასი ლარი _ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობაზე, 110 ათასი ლარი _ მედია და საინფორმაციო ტურებზე, ხოლო 50 ათასი ლარი დაჯდება ქუთაისისა და იმერეთის, როგორც ტურისტული პროდუქტის ბრენდინგი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინათ არასათანადოდ აგებული სოციალური საცხოვრისის გარშემო ატეხილი მრავალი სკანდალისა თუ გაუგებრობის შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ვხვდებით ჩანაწერს კიდევ ერთი სოციალური საცხოვრისის მშენებლობის შესახებ. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 528 ათასი ლარი გამოიყოფა. საცხოვრისი, მაქსიმუმ, 87 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.
ბიუჯეტში კვლავინდებურად არის გათვლილი ხარჯები მარტოხელა დედებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისთვის. ეს პროგრამები ქუთაისის მერიამ, დაახლოებით, პირველად ორი წლის წინ დაიწყო.

მარიამ მ. _ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გიგის დედა:
„გიგის დიაგნოზი წელს დაუსვეს. მერიას მაშინვე მივმართეთ და მას შემდეგ რიგში ვდგავართ. მითხრეს, რომ უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ან იმათ, ვინც წინა წელსაც მიმართეს მერიას. ჩვენ არც ერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებთ, თუმცა იმედი მაქვს, გიგის რიგი მანამ დადგება, სანამ რეაბილიტაცია დაგვიანებული არ იქნება“.’

წელს მერიას ასა-ს (აუტიზმის სპექტრის აშლილობა, _ რედ.) მქონე ბავშვებისთვის 550 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სავარაუდოდ, დაფინანსებულ რეაბილიტაციის პროგრამაში მაქსიმუმ 140 ბავშვი მოხვდება.
10 ათას ლარს შეადგენს მომდევნო წელს ასევე ორიოდე წლის წინ დაწყებული მარტოხელა მშობელთა დახმარების ქვეპროგრამის ბიუჯეტი. პროგრამაში მოხვედრა ცოტა რთულია _ მშობელმა მერიას უნდა წარუდგინოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება და ცნობა მარტოხელა მშობლობის შესახებ. ცნობის განახლება ექვს თვეში ერთხელაა საჭირო.

მარი ჯ. _ მარტოხელა დედა:
„რეალურად, მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ სტატუსი იმიტომ არ მაქვს, რომ დაბადების მოწმობაში მამის სახელი და გვარი ფიგურირებს. მამობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ვერც მატერიალურად გვეხმარება. ვერ ან არ იხდის ალიმენტს, თუმცა ხანდახან მისი ახლობლები ბავშვს მცირე თანხას ან ტანსაცმელს ჩუქნიან. ეს ჩვენთვის ზღვაში წვეთია. მარტო ვზრდი შვილს და ამის გამო ვერ ვმუშაობ, პატარა ჯერ ბაღის ასაკის არ არის. დახმარება მხოლოდ ნათესავებისგან მაქვს. შესაბამისად, არც ცნობა გამაჩნია მარტოხელა მშობლობის შესახებ, ვერც _ სოციალურ დახმარებას, რიგი პრობლემების გამო, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წესი ოდნავ მაინც შეიცვლება“.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდაზე, გარკვეულწილად, კიდევ ერთი ფაქტი ახდენს გავლენას _ ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც. 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისთვის 18 423 973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 19 937 101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი ეს ხარჯი 5 831 839.22 ლარია. მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, 2020 წელსაც გაგრძელდება.
2020 წლის ბიუჯეტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 25 დეკემბერს დაამტკიცებს.

შორენა ლაღაძე