სახელმწიფო, რომელიც პარტიას ემსახურება

14 დეკემბრის „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე უკვე ყველაფერი დაიწერა და ითქვა _ ერთი მუჭა იდეური „ქოცების“ გარდა ყველას ძალიან კარგად ესმის, რაც ხდება. გასაგებია, რომ ეს მიტინგი ორგანიზებული იყო სახელმწიფო მანქანის უშუალო მონაწილეობით და რომ ხელისუფლების ძირითადი საყრდენი ძალაა გაბერილი საჯარო სტრუქტურები, იქ მომუშავე ადამიანები და მათი ახლო ნათესავები. არც ისაა დიდი საიდუმლო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ბევრი გულწრფელი მომხრე, რომელიც მხარს უჭერს სახელისუფლებო პარტიას არა იმიტომ, რომ დამოკიდებულია მასზე, არამედ იმიტომ, რომ მას ქვეყნის კარგ მმართველად მიიჩნევს.

შეგვიძლია დიდხანს ვიქილიკოთ ავტობუსებით ჩამოყვანილ მასწავლებლებსა და ადგილობრივი გამგეობების სხვადასხვა უმნიშვნელო ლიფსიტაზე, თუმცა ეს არც ცვლის არსს _ არსი კი ის გახლავთ, რომ წლების მანძილზე სახელმწიფო სტრუქტურები გახდნენ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ხმების რეზერვად.
ამით სცოდავს ყველა მმართველი ძალა და არც ერთს არ სურს ამ ფასდაუდებელი რესურსის ხელიდან გაშვება.
მათ არ ესმით მარტივი ლოგიკა: „ხვალ რომ ოპოზიციაში გადახვიდეთ, ეს მავნე პრაქტიკა უკვე თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს“.
ეს ხომ საქართველოა! აქ ყველა მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნება. წინამორბედებმა შეცდომები დაუშვეს და წავიდნენ, ჩვენ კი ეს არ დაგვემართება _ ფიქრობს ყველა ხელისუფლება საქართველოში.
ეს რესურსი კარგად გამოადგა „მოქალაქეთა კავშირსაც“ კი, რომელმაც 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში, დაახლოებით, 15-20% მიიღო. წარმოგიდგენიათ იმ ადამიანების უნამუსობა და უპრინციპობა, რომლებიც მზად იყვნენ, ხმა მიეცათ შევარდნაძისთვის ან ასლან აბაშიძისთვის, რათა შეენარჩუნებიათ თავიანთი უბადრუკი თანამდებობები სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მათ ხელფასსაც კი არ უხდიდნენ?
ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ იგივე საჯარო სამსახური თავს შეაკლავს „ქართულ ოცნებას“, რომელიც, „მოქალაქეთა კავშირისგან“ განსხვავებით, ხელფასს უხდის, თანაც დროულად?
ის დროა, ყველა დაფიქრდეს _ რატომ? რა ხდება? რატომ არიან მზად საჯარო მოხელეები, ხმა მისცენ ნებისმიერ ბოროტებას, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა? საიდან ეს სიღრმისეული შიში, რომ „ხელისუფლება შეიცვლება და ყველას გაგვაგდებენ“?
ეს სერიოზული პრობლემაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ეს შიში არის „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე _ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დაუმთავრებელი ლაპარაკი „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც უკვე დიდად არავის არწმუნებს.
სამწუხაროდ, ეს შიში არ არის თითიდან გამოწოვილი და როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს ეშინიათ _ ძალიან სწორადაც ეშინიათ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, სხვა ყველაფერთან ერთად, არის კადრების დაუმთავრებელი გადაადგილების, წმენდის, ათასობით გარეთ გაშვებისა და „საკუთარი ნებით“ წასვლის ხანგძლივი ისტორია.
ყველა ოპოზიციური პარტია მიდის არჩევნებზე ერთი და იგივე ლოზუნგით: „ჩვენ არავის გავყრით, ყველა ღირსეული და პროფესიონალი კადრი შეინარჩუნებს ადგილს“.
თუმცა შემდეგ მოდის დრო და აღმოჩნდება, რომ სიტყვა „პროფესიონალი“ ყველას სხვადასხვანაირად ესმის _ ზოგისთვის მთავარია საქმის ცოდნა, ზოგს კი პროფესიონალიზმად მიაჩნია ოსტატური მლიქვნელობა და ფულად ანაზღაურებაზე აგებული უპირობო ერთგულება.
თანაც ხელისუფლებაში მოსულ ყველა პარტიას ჰყავს დიდი აქტივი, ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ, არ ეძინათ ღამეები, ზამთარში იყინებოდნენ და ზაფხულში იწვოდნენ სიცხით პარტიულ აქციაზე, ეჩხუბებოდნენ სახელისუფლებო ზონდერებს.
ყველა ეს ადამიანი ითხოვს შრომის დაფასებას: „ჩვენ ვიბრძოდით და ამიტომაც გვეკუთვნის“.
მთელი ამ მასის დასაქმების ერთადერთი ადგილია სწორედ საჯარო სამსახური. ამიტომაც ვიღაც რომ მოვიდეს _ ვიღაც უნდა წავიდეს.
აი, აქაა 14 დეკემბრის საფუძველი _ არა ძალდატანება ხელისუფლების მხრიდან, არამედ საჯარო მოსამსახურეთა ინსტინქტად ქცეული შიში. ეშინიათ რადგან საფუძველი აქვთ; რადგან არაერთხელ მომხდარა _ იმის მიუხედავად, რომ „ყველა პროფესიონალი დარჩება თავის ადგილზე“ _ ჯერ იცვლება უწყების ხელმძღვანელი, მერე მას მოჰყავს თავისი ხალხი, მერე იმ თავის ხალხს უფრო დაბალ დონეზე _ ასევე თავისი ხალხი.
შესაბამისად, რამდენიც გინდათ იძახეთ, „საკადრო წმენდა არ იქნება“ _ სიმართლე ისაა, რომ დიახაც, იქნება.
საერთოდ, რაზეა საუბარი _ თავი დავანებოთ ხელისუფლების შეცვლას. საკადრო ჭრა-კერვის რისკს შეიცავს ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის შეცვლაც კი, არსებული ხელისუფლების ფარგლებში.
ნებისმიერი მინისტრის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეცვლა ხდება ქვეშევრდომთა პანიკის საფუძველი _ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ახალი ცოცხი, ვის მოხსნის და ვის შეინარჩუნებს, რამდენი მუქთახორა ჰყავს დასასაქმებელი და რამდენს მოუწევს „ნებაყოფლობით წასვლა“ იმისთვის, რომ მათთვის ადგილი განთავისუფლდეს.
ეს, ვიმეორებ, არსებული ხელისუფლების ფარგლებში. წარმოიდგინეთ, როგორი აპოკალიპსური განწყობებია საჯარო სტრუქტურებში ხელისუფლების ცვლის დროს?
არის კიდევ მეორე მხარე _ დღეს საჯარო სამსახურში ტყუილად იღებს ხელფასს ათასობით პარაზიტი _ ძირითადად, „საჭირო ადამიანების“ ნათესავები. მათ ხომ ნამდვილად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იციან, რომ ვის-ვის, მაგრამ მათ ნამდვილად გაყრიან გარეთ ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე საათში.
ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არის ძირითადი დამსაქმებელი, ეს შიშები არაა გასაკვირი. არც ის, რომ ადამიანები მზად არიან, დაემორჩილონ ნებისმიერ უკანონო ბრძანებას. მათ ხომ ყველას ჰყავთ შვილები, კისერზე აწვებათ სესხები, ხარჯები განათლებაზე და ათასობით წვრილ-წვრილი გასავალი. რა დროს ოპოზიციაა.
ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა, რომლის შეცვლის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს.
ევროპამ ეს პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ საჯარო მოსამსახურეებს ისეთი გარანტიები მისცა, პრეზიდენტის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე რიგითი ჩინოვნიკის დათხოვნა.
თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს _ ეს კლავს კონკურენციას და უკარგავს საჯარო მოსამსახურეებს წინსვლისა და განვითარების მოტივაციას. საქართველოს პირობებში, ადგილობრივი მენტალიტეტის გათვალისწინებით, ეს მოიტანს გარანტირებულ ჩამყაყებას და სახელმწიფო სამსახურის ქმედითუნარიანობის დრამატულ ვარდნას. შესაბამისად, უახლოეს წლებსა და ათწლეულებში ეს სიტუაცია არ შეიცვლება. აგიტაცია, პროპაგანდა, იმის ახსნა, რომ ხელისუფლება არ ვარგა და ის შესაცვლელია _ ყველაფერი უაზრობაა. რით უნდა დაარწმუნოთ ადამიანები, ვინც 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირსაც“ კი მისცა ხმა?
ეს არის ურყევი მოცემულობა, რომელთანაც ოპოზიციას მოუწევს შეგუება.

თენგიზ აბლოთია