პოლიტიკური კურიოზები

ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ რაკი წინ ახალი წელია, გადავწყვიტეთ, ოდნავ მაინც გაგვეხალისებინეთ. იმედი გვაქვს, ეს ისტორიები სულ ცოტა მაინც გააუმჯობესებს თქვენს განწყობას.

როგორ მონათლეს მთვრალი გრაჩოვი?

ალბათ მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია, მოსისხლე მტერს დავუნათესავდეთ. აფხაზეთის ომის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველ კაცს რუსეთის თავდაცვის მინისტრ პაველ გრაჩოვის მონათვლის სურვილი გაუჩნდებოდა. გასაკვირი იყო ისიც, თუ რა ზარზეიმით მიიღეს ომის დამთავრების შემდეგ აქ პაველ გრაჩოვი _ იმ ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა.
იმ დროს, როცა გრაჩოვი საქართველოს ესტუმრა, ჩვენი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი ვარდიკო ნადიბაიძე გახლდათ. მისი კანდიდატურა მოსკოვმა შეარჩია. ნადიბაიძემ განსაკუთრებულად უმასპინძლა რუს უფროსს: ჯერ თბილისში აქეიფა და მერე თავისი მშობლიური სოფლისკენ _ მლეთისკენ გაასეირნა. მლეთიდან გუდაურამდე მოკლე მანძილია და ბიჭებმა იქაც აირბინეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჯიპში იჯდა. მის მანქანას უკან 4 „ნივა“ მიჰყვებოდა. ვარდიკო ერთ-ერთ „ნივაში“ იმყოფებოდა. გუდაურში თავდაცვის მინისტრებმა დალიეს და შუმახერობა მოუნდათ. აღმართზე ჯერ თოვლი გატკეპნეს, მერე რუსული „ნივა“ და ჯიპი ერთმანეთს შეაჯიბრეს, რომელი ივარგებდა. გაგიკვირდებათ და „ნივა“ ავიდა, ჯიპი კი თოვლში ჩარჩა. გრაჩოვი გამწარდა, _ მაგ ჯიპში აღარ ჩავჯდებიო და უკან „ნივით“ წამოვიდა.
„ნივის“ წარმატებით აღფრთოვანებულ რუს კოლეგასა და უფროსს ვარდიკომ ჰკითხა, _ მონათლული ხარო?
_ არაო, _ უპასუხა გრაჩოვმა.
_ გინდა, მოგნათლო ამ მთაშიო? _ ჩააცივდა მთვრალი ვარდიკო.
_ კიო, _ დასთანხმდა გალეწილი რუსი გენერალი.
მოიკითხეს, სად იყო მღვდელი. 1994 წელი იდგა და მაშინ მოძღვრები ასე მრავლად არ იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ანანურში იყო მამაო. იმ პერიოდში იქ სწირავდა თემურ სუარიშვილი. წავიდნენ ანანურში, მღვდელმაც არ დაიზარა და გრაჩოვი გააქრისტიანეს. გრაჩოვი ვარდიკომ მონათლა, ნათლობის საიდუმლო აღასრულა ქეიფის მოყვარულმა მღვდელმა სუარიშვილმა. ნათლობის შემდეგ სახელდახელოდ გაშალეს სუფრა ანანურის ეზოში, რამდენიმე ჭიქაც დალიეს და დაილოცეს. ისედაც მთვრალი გრაჩოვი კიდევ უფრო დათვრა და მამაოს ჰკითხა:
_ რით დადიხარ, მანქანა გყავსო?
_ არა, რა მანქანა, ასე ვწვალობო, _ მოისაწყლა თავი მამაომ.
გრაჩოვმა ეს ამბავი პირად შეურაცხყოფად მიიღო. მიუბრუნდა გვერდით მდგომ ვარდიკოს და უბრძანა, _ ერთ სატვირთო სამხედრო „კამაზს“ მისცემ, ერთ „ტაბლეტკა“ (სასწრაფოს რომ ჰგავდა) „უაზს“ და ერთ „ვილისსო“. ვარდიკო დაჰპირდა, შენი ბრძანება შესრულდებაო. ამის შემდეგ დაიშალნენ. გაქრისტიანებული რუსი გენერალი მოსკოვში გაფრინდა, ვარდიკომ აქ გააგრძელა მოღვაწეობა, მაგრამ აღარ გახსენებია, რომ მღვდლისთვის სამი მანქანა უნდა ჩაეყვანა. მამაო ისევ ფეხით დადიოდა.
ასე გაგრძელდა მანამ, სანამ გრაჩოვი კვლავ არ ესტუმრა თბილისს. ეს ნათლობიდან მეორე წელს მოხდა. მართალია, როცა მონათლეს, მთვრალი იყო, მაგრამ კარგად ახსოვდა ის მამაო, რომელმაც მისი ნათლობის საიდუმლო აღასრულა. როცა თბილისში საქმეები მოითავა, ვარდიკოს უთხრა, _ ის მამაო კარგი კაცი ჩანდა და უნდა მოვინახულოო. ნადიბაიძე უფროსს უარს როგორ ეტყოდა და ანანურში წავიდნენ.
გამოეგებათ მამაო, მოიკითხეს ერთმანეთი. გრაჩოვმა მიმოიხედა და მანქანები ვერ დაინახა. მაშინ გაიგო, რომ მისი ბრძანება არ შესრულებულა. ნაწყენი მიუბრუნდა ვარდიკოს და უთხრა, _ ამ კარგ კაცს მანქანა ხვალვე ედგასო. ამჯერად სამ მანქანაზე აღარ იყო საუბარი. რუსმა გენერალმა ერთი მანქანა გაიმეტა მხოლოდ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მეორედ გადაგდება ვარდიკომ ვეღარ გაბედა და მოძღვარს მეორე დღესვე მიუყვანეს „გაზ 66“. და ნეტავ, არ მიეყვანათ.
როგორც ამ ამბების თვითმხილველი ადამიანი „ქრონიკა+“-ს უყვება, მღვდელმა გრაჩოვის ნაჩუქარი „გაზ 66“ სატაქსაოდ გამოიყენა _ ხევსურეთში დადიოდა და ხალხი გადაჰყავდა. იქ ჯერ ახლაა ძნელი მსუბუქი მანქანით ასვლა და მაშინ მხოლოდ სატვირთო მანქანები თუ ავიდოდნენ, ისინიც ძლივსძლივობით.
დადიოდა მამაო ამ მანქანით და ერთხელაც ავარიაში მოყვა. დუშეთში საშინელი ამბავი მოვიდა: მღვდელი მანქანით გადავარდა, 11 კაცი ეჯდა და ყველა დაიღუპაო. ამ ამბით გაგიჟებული „გაის“ უფროსი მაშინვე ხევსურეთში გაქცეულა, თან პროკურორი და უშიშროების უფროსი გაჰყოლიან. მაშინ მობილურები არ იყო და ვერავის დაუკავშირდებოდნენ, ამბავი რომ გაეგოთ. მაღაროსკარში მისულებმა დაინახეს, რომ მამაო ვიღაცის მანქანით ბრუნდება. გააჩერებინა მანქანა „გაის“ უფროსმა და დედის გინებით წაავლო წვერში ხელი მღვდელს:
_ რატომ დამღუპე, შენი ასე და ისეო?!
გადარეულა მამაო და სიმწრისგან ჭკუიდან გადასული „გაის“ უფროსისთვის იქით დაუდევს ვალი, _ რა დაგღუპე, ერთი მოხუცი კაცი მოკვდა, ისიც ჩემი ცოლის ნათესავი იყო, დანარჩენი გადარჩაო. „გაის“ უფროსმა შვებით ამოისუნთქა და მამაოს გადაეხვია.
მამაომ მანქანით სიარული მაინც არ მოიშალა, ოღონდ გრაჩოვის ნაჩუქარი მანქანა „ვილისში“ გადაცვალა, _ ამას ბევრი ბენზინი უნდაო. დღეს ეს მამაო თბილისის ერთ-ერთ მეტროში დგას და შესაწირს აგროვებს.

ქარელის „მამა იაზიკობანა“

საქართველოში ბევრი უცნაური ადამიანი გვყოლია ხელისუფლებაში. სწორედ ამ უცნაური ხალხის რიგებში მიშა ქარელმა საპატიო ადგილი დაიკავა. შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა თავისებური რუსულით დაგვამახსოვრა თავი. ქართულადაც კარგად ურიკინებდა, მაგრამ მისი რუსული მაინც ნამდვილი „კლასიკა“ იყო.
გუბერნატორად მისი დანიშვნა ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავებას დაემთხვა. იქ კონფლიქტი 2004 წელს განახლდა. მაშინ შეტაკებებიც იყო. რუსი სამშვიდობოები, ტრადიციულად, პროვოკატორის მისიას ასრულებდნენ. ცხინვალის რეგიონში რუს სამშვიდობოებს სვიატოსლავ ნაბდზოროვი ხელმძღვანელბდა. ის ხშირად ხვდებოდა ხოლმე მიშა ქარელს. მიშამ გადაწყვიტა, მას ცოტა გაშინაურებოდა და ერთხელაც მეგობრულად მიმართა, _ „ტი მოი ვასემნადცატო“. რუსმა გენერალმა ვერაფერი გაიგო, ვერც _ სხვებმა, სანამ თავად ქარელმა არ ჩაიბურდღუნა, _ რა ვერ გაიგო ამ ჩემის თვრამეტიანმაო. იდეაში, ნაბდზოროვს, _ შე ჩემის თვრამეტიანოო, _ უთხრა.
ეს ადამიანი „განბაჟუით“ გავიცანით. კონფლიქტი რომ გამწვავდა, რუსებმა ტანკები შემოიყვანეს. ქართული მხარე მაშინ ბევრ გზას აკონტროლებდა და ერთგანაც მიშას თაოსნობით გზა გადაკეტეს. ტანკების დანახვაზე ქარელი საოცარი რუსულით აყვირდა:
„ეტი ტანკი განბაჟოვანი? სპერვა განბაჟუიწე, ა პატომ პრიხაძიწე, ა სიჩას უბირაიწეს, დავაი ტანკ ნაზად“.
აქედანაც ვერაფერი გაიგო ნაბდზოროვმა. მისი თანმხლები პირები ქარელს შეევედრნენ, რუსულად თქვი, რა გინდაო. ის სულ გაშმაგდა და აყვირდა: „რუსკი ეტა ნე მოი მამა იაზიკო“. დაანებეს რუსებმა თავი. სამაგიეროდ, ქარელი არ აპირებდა გაჩერებას. ქართულ-რუსულ-ოსური შეხვედრები სუფრით მთავრდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ სუფრაზე მეგობრულად მოილხინეს. იმ დროისთვის კონფლიქტი ოდნავ მიყუჩებული იყო და რაკი ურთიერთობა დათბა, ნაბდზოროვმა მიშას უსაყვედურა, _ რას მერჩი, ბიჭო, რატომ მლანძღავო?
ქარელმა იუკადრისა, _ რას ჰქვია, გლანძღავო და მის საყვედურს სადღეგრძელო მოაყოლა, სადაც აპირებდა ეთქვა, მეგობარი რომ ხარ, მაგიტომ გეუბნები პირშიო. მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ამის თარგმნა სურდა ქარელს და ასე გამოუვიდა:
„კაკ უ ნას, ვ გრუზიი, გავარიატ, დრუგა დაიოშ ვ როტ, ა ვრაგა ვ ზად. ტი მოი დრუგ და პატამუ ძელაუ ტაკ“.
ნაბდზოროვი რას იფიქრებდა, ხომ წარმოგიდგენიათ. წამოვარდა და გავარდა თურმე შეშინებული. უკან ეს ქარელი მისდევს გადასახვევად და მისძახის: „ტი მოი დრუგო“. ლამის როკის გვირაბამდე სდია რუს გენერალს. მერე ვიღაც მადლიანმა აუხსნა, რას გულისხმობდა მიშა და სვიატოსლავიც დაბრუნდა.
ქარელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილის გაოცებაც კი შეძლო. „თავისუფლების ინსტიტუტი“ ხომ გახსოვთ, იმ წლებში მოდაში იყო, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. მიშას ყურებსაც ესმა ამ ინსტიტუტზე. გაიგო, რომ ბოკერიასა და რამიშვილის კანტორა იყო. ერთხელაც მიაკითხა ბიჭებს და უთხრა, _ მაიტათ, მაგ ინსტიტუტის დიპლომი მომეცითო.

შარაძის შარიანობა

1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტი ძალიან წააგავს დღევანდელ პარლამენტს. მაშინაც ასე ნელ-ნელა ჩამოიშალა უმრავლესობა. მის ბაზაზე რამდენიმე ახალი პარტია და ფრაქცია გაკეთდა. „მოქკავშირის“ ბაზაზე საკუთარი ფრაქციები ირაკლი გოგავამ და ელგუჯა მეძმარიაშვილმაც შექმნეს. მეძმარიაშვილი ტექნოლოგიებსა და ანტენებზე მუშაობდა და მის ფრაქციას შინაურობაში „ანტენებს“ ეძახდნენ. გოგავა ლევან მამალაძის კადრი იყო და მის ფრაქციაში აზერბაიჯანელი დეპუტატები შედიოდნენ. ამ ფრაქციას „თალიბებს“ ეძახდნენ ხუმრობით. ეს თავად აზერბაიჯანელებსაც არ სწყინდათ.
კენჭისყრაზე რაღაც საკითხი გადიოდა და პარტიები ითვლიდნენ, ჩავარდებოდა თუ არა. ცხონებული გურამ შარაძე მაშინ „მრეწველთა ფრაქციაში“ იყო. მიდის განხილვა და ზურაბ ტყემალაძე ამბობს, _ „ანტენები“ და „თალიბები“ მხარს დაუჭერენო. გურამ შარაძეს თვალები გაუფართოვდა და გაოგნებულმა იკითხა, _ რომელი ქვეყნის პარლამენტზე საუბრობთო?
გურამ შარაძე „ეუთოსთან“ ხშირად ჩხუბობდა ხოლმე. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ტრადიციულად რაღაცას აპროტესტებდა, რაც „ეუთოს“ ინტერესებს არ ემთხვეოდა. ამაზე მას ჟურნალისტებმაც მიუთითეს. ცხონებული გურამ შარაძე გადაირია და იყვირა: საკმარისია, მე საქართველოს „ეუთოს“ აღარ დავაუთოებინებო.
ხშირად კამათობდა ხოლმე ბატონი გურამი. ერთხელ მას როსტომ დოლიძემ უთხრა, _ პირველად ვხედავ, კაცი თავის გვარს ასე ამართლებდესო.

ვან ბაიბურთის ვნებანი

ვან ბაიბურთი საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო. არც მას აკლდა კურიოზები. ერთხელაც, საქართველოს პარლამენტს უცხოელების დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრას ვანიც დაესწრო. დაიწყეს სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთის გაცნობა. საქმეში ბაიბურთიც ჩაერთო. ერთ-ერთმა ამერიკელმა გაბადრული სახით გაუწოდა ხელი საქართველოს პარლამენტის წევრს. ბაიბურთმა მის გამოწვდილ მარჯვენას უმალ შეაგება თავისი მარჯვენა და საკუთარი სახელიც დასჭექა: ვან. ამერიკელმა იფიქრა, ეს ოხერი, „მეკაიფება“, ამაზე ოხერის დედაც ვატირეო და უპასუხა თუო. მერე ვიღაცამ გააგებინა, რომ იმ კაცს ვანი ერქვა და ამერიკელმაც გაუმხილა თავისი სახელი _ ჯონი რქმევია.
ამერიკელებთან ვანს აშკარად გაუჭირდა დალაგება და ამერიკაში ვიზიტისას კინაღამ ციხეში ამოჰყო თავი. გაზეთების კითხვა პარლამენტშიც უყვარდა და შტატებში ყოფნისასაც არ მოიშალა ეს ჩვევა. ზის ვანი, თურმე, სასტუმროს ფოიეში და კითხულობს გაზეთს. ამ დროს შემოსულა ვიღაც მაგარი ქალი, დამჯდარა ვანის პირდაპირ თავისთვის და ფეხი ფეხზე გადაუდევს. ვანი მიშტერებია. საქართველოში ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდნენ, მაგრამ ამერიკაში ვერ მიართვეს. იმ ქალს პატრული გამოუძახებია და ჩვენმა დელეგაციამ ძლივს გაოჰგლიჯა ბაიბურთი იქაურ პოლიციას ხელიდან. უმტკიცებდნენ, თურმე, ასე იცის, თვალი უშტერდებაო. ვანი ეგრევე მიხვდა, რა უნდა ექნა, პოლიციელებსაც მიაშტერდა და იმათაც თავი დაანებეს. ასე გადავრჩით საერთაშორისო სკანდალს.

რისი თავიც გაქვთ, ის ამოიღეთ

შევარდნაძის დრო და ბიუჯეტის სეკვესტრი ყველას გემახსოვრებათ, მაშინ ყოველ წელს ხდებოდა ბიუჯეტის სეკვესტრირება, პენსიები და ხელფასები უიმედოდ იყინებოდა. კი იმართებოდა ამაზე მთავრობის სხდომები, მაგრამ ამაოდ. თავიდან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მოგვიწოდებდნენ ბიუჯეტის შევსებისკენ, მერე მათაც ჩაიქნიეს ხელი. ამის შესახებ მედიას ვიტალი ხაზარაძემ ამცნო.
ვიტალი ხაზარაძეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ჰოდა სთქვა ვიტალიმ:
_ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაცები უკვე აღარ გვთხოვენ ბიუჯეტის შევსებას, ხვეწნაზე არიან გადასული _ რისი თავი გაქვთ, ის მაინც ამოიღეთო.

მარშანიას მღელვარება

საქართველოს პარლამენტის წევრი, ადა მარშანია, შევარდნაძის დროსაც იყო საკანონმდებლო ორგანოში. აფხაზეთის კვოტით გასულმა რამდენიმე ვადის პარლამენტში მოახერხა მოღვაწეობა. ის ყოველთვის ემოციური გახლდათ. ქართული მაშინ კარგად არ იცოდა და ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა. ერთხელაც რაღაცაზე ძალიან გაბრაზდა, რამდენჯერმე მივიდა მიკროფონთან, მაგრამ უკან დაბრუნდა. ბოლოს ვერ მოითმინა, სპიკერს მიკროფონი ჩაართვევინა და დასჭექა: _ ვიკავებდი… ვიკავებდი… და ვეღარ შევიკავე!
„მოქკავშირის“ არსებობის ბოლო ხანებში ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ძველებსა და რეფორმატორებს შორის. ადა მაშანია ძველებში იყო. ხშირად დაჰკიოდა ხოლმე ახალგაზრდებს. ერთხელ პარლამენტს გარეთაც მოსვლია გია ბარამიძესთან ჩხუბი. საქმის გარჩევა მასთან პარლამენტის სხდომაზე გადაწყვიტა. სიტყვა ითხოვა და გია ბარამიძეს დაჰკივლა:
_ გია ბარამიძე, შე პოლიტიკურო ტერორისტო, გუშინ შარვალში რომ ჩაიყავი ხელი, რის ამოღებას აპირებდი? _ იგი იარაღს გულისხმობდა, მაგრამ დეპუტატებს წესიერად ხომ არაფერი ესმით.
ადა არ გაჩერდა, მივიდა მასთან, ბარამიძე და უმტკიცებდა, _ ქალბატონო ადა, არაფერი მქონია და რა უნდა ამომეღოო. ადა კი გაჰკიოდა, _ გქონდაო.

კარგი ტელეფონი

ეს ამბავი 1999-2003 წლების პარლამენტში ხდება. მაშინ ძალიან თანამედროვე ტელეფონები ბევრს არ ჰქონდა. ხათუნა გოგორიშვილი ყოველთვის კარგი ტელეფონით დადიოდა. ერთ-ერთი გასახსნელი ტელეფონი იყო. იმ დროისთვის ძალიან მოდურ მოდელად ითვლებოდა. ეკრანზე თავისი პაწია დისშვილის ფოტო ეყენა, რომელსაც სულ ეფერებოდა ხოლმე.
ერთხელაც ვიღაცასთან უნდა დაერეკა, გაშალა ეს ტელეფონი და სანამ ნომერს აკრეფდა, ფოტოს დახედა, ხელი გადაუსვა და ჩუმად მიესიყვარულა, შენ გენაცვალეო. ახლომახლო მდგარა ანზორ წოწონავა. მეგრელის სმენას რა გამოეპარებოდა _ ტელეფონიც წამებში შეაფასა და ხათუნას ცბიერად ჩაეკითხა: კარგი ტელეფონია, არა? ეგონა, ტელეფონს ეფერებოდა.

კორუფცია მეგრული გვარია

იყო ასეთი დეპუტატი, ანზორ აბრალავა. ახლა მას საზოგადოება, როგორც ვანო ზარდიაშვილის სიმამრს, ისე იცნობს. საოცარი იუმორი ჰქონდა და კარგ შეფასებებსაც აკეთებდა. ერთხელაც მოიწვია პრესკონფერენცია და მოითხოვა კორუფციის ალაგმვა. ამ მოთხოვნით კანცელარიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
_ კაცო, თქვენ ეს კორუფცია მეგრული გვარი ხომ არ გგონიათ, რომ არ ებრძვით. ანდა იქნებ, კანცელარია გგონიათ მეგრული გვარი და ამიტომ არ აკეთებთ საქმეს. კორუფციასთან ბრძოლა კანცელარიის ვალია.
1999 წლიდან მოყოლებული რუსები გამუდმებით არღვევდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. საკმაოდ ხშირად გვბომბავდნენ კიდევაც. მორიგი დაბომბვის შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში უხმო მთავრობას. ანზორ აბრალავამ გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილი ვითარება ასე შეაფასა: ძალიან მიკვირს, მთავრობის წევრების მშვიდ სახეებს რომ ვუყურებ. ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ დათო თევზაძის გარდა, მთელ მთავრობას ყალყზე უნდა ედგას თმა (თევზაძეს თავზე თმა მაშინაც არ ჰქონდა).
ამ დაბომბვებთან დაკავშირებით კომენტარი თევზაძემაც გააკეთა. მას გადაეკიდნენ, რატომ არ ყრით რუსულ საფრენ აპარატებსო. მან კი უპახუხა, _ „რაგატკით“ ჩამოვყაროთო?
თევზაძე ვახსენეთ და მისი თავდაცვის მინისტრობა „აღორძინებაში“ ასე გააპროტესტეს: ეს როგორ შეიძლება, თავდაცვის მინისტრი თევზაძე იყოს, ლუდის ქარხნის დირექტორი კი _ თოფაძეო?

თევდორაძის კლასიკა

როცა ელენე თევდორაძე განცხადებას აკეთებდა, ვიცოდით, რომ კურიოზი გარდაუვალი იყო. ის საზოგადოებამ, როგორც პატიმრების უფლებადამცველი, ისე გაიცნო. პარლამენტში გამოსვლების დროს სულ მათ უფლებებზე მოსთქვამდა. ერთხელაც გამოვიდა და ყვირის, ნანახით აღშფრთოვანებული ვარო. ცხონებული ზურაბ ჟვანია ეხვეწებოდა, დაწყნარდით ქალბატონო ელენე და ისე გვითხარით, აღშფოთებული ხართ თუ აღფრთოვანებულიო, მაგრამ ის მაინც აღშფრთოვანებას გაჰყვიროდა.
ერთხელ კიდევ ციხიდან მოსულმა განაცხადა, _ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელ დღეში იმყოფება 5 უმწიკვლო რეციდივისტიო. კაციშვილმა ვერ გაიგო, რანაირად იყვნენ რეციდივისტები უმწიკვლოები ან საერთოდ რისი თქმა სურდა თევდორაძეს.
პოლიტიკაში რომ შემოვიდა, ელენეც შევარდნაძის მეხოტბე იყო. კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ოპოზიციის შეფასებას, რომ შევარდნაძემ აფხაზეთი გაყიდა. ამტკიცებდა, რუსებმა მოატყუესო. თავის ენაზე ეს ასე წარმოთქვა: და შევარდნაძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რუსებისგან მოტყნულებული.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები გრძელი მაგიდის გარშემო სხდებოდნენ ხოლმე. ერთხელაც თევდორაძე რაღაცას წერდა. ვიღაცამ მაგიდა გაატოკა, მას ხელი შეეშალა და იკივლა: ოჰ, ვინ ანძრევს. ის ბიურო ჩაიშალა. დეპუტატები ერთმანეთს ვეღარ აბრუნებდნენ. მეორე ბიუროს სხდომას ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ვიცესპიკერი იყო და ამის უფლება ჰქონდა. თევდორაძემ რაღაც ინიციატივა წარადგინა და მას მხოლოდ ყოლბაიამ დაუჭირა მხარი. ქალბატონ ელენეს გული აუჩუყდა და მადლობა ემოციურად გადაუხადა: დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას.
ოდესღაც ადამიანების უფლებებს სოზარ სუბარიც იცავდა. ის და თევდორაძე, ბუნებრივია, თანამშრომლობდნენ. ერთხელ სუბარმა საქმეზე დაურეკა. ელენემ ჩაჰყვირა, _ სოზარ, ბოდვებში ვარ და არ მცალიაო. შეძრწუნდა სუბარი, იფიქრა, სიცხე აქვს და ბოდავსო. გაიკითხა და გაარკვია, რომ ბოდბეში იყო. ერთხელაც ვიღაც გამოელაპარაკა და არ უპასუხა, მერე უცბად გამოფხიზლდა და მოუბოდიშა, _ დუმებში ვიყავი წასული და ვერ შეგამჩნიეო. უნდოდა ეთქვა, ჩაფიქრებული ვიყავიო.

მარგიანის სვანეთის უბანი

როდესაც შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა, მთავრობის ვიცე-პრემიერად ავთანდილ მარგიანი დანიშნა. იმ სართულზე, რომელზეც მარგიანის კაბინეტი იყო, სულ სვანები მოძრაობდნენ. დაცვაშიც სვანები ჰყავდა და მიღებითაც მხოლოდ სვანებს იღებდა. ეს ამბავი შევარდნაძეს არ გამოჰპარვია, დაიბარა ერთხელაც მარგიანი და ჩაეკითხა: ავთო, სვანეთის უბანში საქმე როგორ არისო? მარგიანი ვერ მიხვდა, არაფერი გამიგია და ახლავე ხალხს გავაგზავნი, ხომ არის მშვიდობაო?
ერთხელ ვიღაცამ ააღწია ამ სართულამდე (სვანეთის უბნამდე) და მარგიანთან შეხვედრას შეეცადა. მისაღებში მდივანი, დაცვის წევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანი იყვნენ. მისულმა დაცვას სთხოვა, _ შემიშვიო. იმან უარი უთხრა. ეს შეევედრა, _ ნახევრად სვანი ვარ და შემიშვიო. დაცვა გადაირია და ერთ-ერთ იქ მყოფზე მიუთითა, მთლიანად სვანს არ ვუშვებ და შენ რატომ უნდა შეგიშვაო?

შორენა მარსაგიშვილი