მეტალის თეთრი ვირთხა მობრძანდება!

ასტროლოგიის ისტორია მრავალსაუკუნოვანია. ზუსტად არავინ იცის, როდის და რა პირობებში მოხსნეს მას მეცნიერების სტატუსი და პარამეცნიერებებს მიაკუთვნეს, მაგრამ ფაქტები მაინც ფაქტებად რჩება, რაც ნათლად მიგვითითებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ასტროლოგიას და რამდენად პრაქტიკულად გამოიყენებოდა ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა მედიცინა, ფიზიკა, ფსიქოლოგია, გეოგრაფია და ა. შ.
ასე რომ, ციური სხეულების, ძირითადად, პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნებისა და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა.

წინაისტორია: ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
ასტროლოგიის დარგი, ნატალური ასტროლოგია, სიტყვა-სიტყვით დაბადების ასტროლოგიას ნიშნავს _ ასტროლოგიის მიმართულება (სფერო), რომელიც დაბადების მონაცემებზე (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) დაყრდნობით და ჰოროსკოპის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს, ბედ-იღბალს და ა. შ.
წინასწარმეტყველური ასტროლოგია კი ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს განსაზღვრავს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადის შემობრძანებას ველოდებით. ვირთხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში პირველი ნიშანია. საინტერესოა, რას ჰპირდებიან ვარსკვლავები ცნობილ ადამიანებს საქართველოში?

სანამდე პოლიტიკოსების 2020 წლის ვარსკვლავურ ამბებს მოგიყვებით, ჯერ ყველაზე პოპულარული ლომის ამბავი უნდა გითხრათ, რომ წინასწარ იცოდეთ, რა ელის ელისო კილაძეს მომდევნო წელს:
იაპონური ჰოროსკოპით მამლის წელსა და აღმოსავლური ჰოროსკოპით ლომის თვეში 1969 წლის 15 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სკანდალებისა და ექსკლუზივების დედოფალი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე.
2020 წლის დადგომას ლომები მათთვის ჩვეულ _ საბედისწერო ლამაზმანების (ქალი იქნება თუ მამაკაცი) ამპლუაში შეხვდებიან. მზად უნდა იყვნენ მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი რამ მათ მონდომებასა და სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები. წლის პირველ ნახევარში უთანხმოებებიც არის მოსალოდნელი. წლის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ მიზანი, რომლის მიღწევაზეც დიდხანს იმუშავებთ, თავისუფალ დროსაც ამ საქმეებს მოანდომებთ. ამაში ხელს შეგიწყობთ კარგი ჯანმრთელობა და მოთმინების უნარი. წლის ბოლო მშვიდი და ზომიერი იქნება. მოგიწევთ აუჩქარებელ, შენელებულ ტემპთან შეგუება და ამასთან, მისგან კმაყოფილების მიღებაც. ეს დაგეხმარებათ, თვალნათლივ დაინახოთ თქვენი ცხოვრების მთლიანი სურათი და გაიგოთ, რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის.

ბიძინა ივანიშვილი _ უკვე მსჯელობის საგნად იქცა, იგი არაფორმალური მმართველია თუ ფორმალური? _ 1956 წლის 18 თებერვალს სოფელ ჭორვილაში დაიბადა, თვეების ჰოროსკოპით მერწყულია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით _ მაიმუნი, ანუ მაიმუნის წელიწადში დაბადებულა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მერწყულებს მთავარი დავალება აქვთ, 2020 წელს ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირდნენ! მერწყულებს რთული და დაძაბული წელი ელით, მაგრამ არ იღელვოთ, ბატონო ბიძინა, ეს არ გამორიცხავს საინტერესო სიახლეებსა და ამბებს. ვარსკვლავები მერწყულებს ეუბნებიან, წელს იმ მიზნებს მიაღწევთ, რაზედაც უკვე მრავალი წელია, მუშაობდით. საკმაოდ კარგი პერიოდი გელით, მთავარია კონცეტრირდეთ ყველაზე მთავარზე და არ ყველაფერს ერთდროულად მოედოთ. იყავით: უხეში, გაბედული, თამამი და ყველაფერი გამოგივათ.
ჯეკპოტს ვერ მოხსნით ლატარიაში, მაგრამ წარმატება 2020 წელს მაინც თქვენი მეგზური იქნება. ფული შეიძლება უცებ არსაიდან მიიღოთ და ასევე უცებ გაქრეს. სტაბილური შემოსავალი, ძირითადად, იმ მერწყულებს ექნებათ, რომელთა საქმიანობაც სხვების დახმარებას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი _ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ დროისთვის ქვეყნიდან დევნილი, ძებნილი და უკრაინის მოქალაქე. დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში. აღმოსავლური ჰოროსკოპით მშვილდოსანია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით _ თხა. წელს საქართველოს მესამე ექსპრეზიდენტს ვარსკვლავები ჰპირდებიან, რომ საბედისწერო შეხვედრის დრო აქვს!
მანამ, სანამ სხვები ისვენებენ, მშვილდოსნები ცხოვრებით ტკბებიან, თუმცა მათ ცხოვრებას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია _ 2020-ში ამ დეტალს აუცილებლად შეხვდებიან. დიახ! ეს იქნება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მთელს მათ ცხოვრებას ამოაყირავებს (სასიამოვნოდ). შეიძლება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი მოუწიოთ ან _ ცხოვრების სტილის. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ დინამიკური წელი ელის.
ამ წელს პირადი ცხოვრება ბევრი ამაღელვებელი და მიმზიდველი მოვლენით იქნება სავსე. ამიტომაც ღირს გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა ხშირად შეხვდეთ ღირსეულ და საინტერესო ადამიანებს.
რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, აქაც მოიძებნება ადგილი როგორც აღმასვლებისთვის, ასევე დაცემებისთვის, დაზღვეული არაფრისგან ხართ. ამიტომაც შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ შავი პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქნება თეთრი.
ფულის საშოვნელად მუშაობა მოგიწევთ. 2020 წელი მშვილდოსნებს ფინანსური საკითხების მოგვარებაში წარმატებას ჰპირდება. მუშაობის შესაძლებლობა გექნებათ და ამაში კოლეგებიც და ახლობლებიც ხელს შეგიწყობენ. 2020 წელს ისეთი პრობლემების გადაჭრასაც შეძლებთ, რომელსაც 2019 წელს თავი ვერ გაართვით.

გიგა ბოკერია _ 1972 წლის 20 აპრილს დაიბადა თბილისში. აღმოსავლური ჰოროსკოპით ვერძია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით ვირთხის წელიწადშია დაბადებული. ანუ წელს ბოკერიას წელი ყოფილა. ვარსკვლავები კი უთვლიან, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატება იანვრის პირველივე დღეებიდან გაჰყვებათ. ენერგიულობა და ძალების მოზღვავება საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეთ მაშინვე და ცხოვრებაც სწრაფად შემოტრიალდება სწორი მიმართულებით. ამიტომაც დაპირება, რომელიც იწყება სიტყვებით: „ახალი წლიდან“, თქვენთვის ხმამაღალი ნამდვილად არ არის. მთავარია, ცოტაოდენი სურვილი გამოიჩინოთ.
გასულ წელს ბევრი იშრომეთ და იწვალეთ, ამისათვის ყოჩაღ! შეიძლება ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი თქვენია! თავად ვირთხა საკმაოდ მშრომელია და ყველაფერს თავისით აღწევს. ნუ გაჩერდებით, გააგრძელეთ დამოუკიდებლად შრომა, წინ უამრავი დასაპყრობი მწვერვალია!
ვარსკვლავების აზრით მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ამის პარალელურად საქმეც უფრო მოიმატებს და მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ზოგჯერ სამსახურში სირთულეს წააწყდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველას რაღაც უნდა და სჭირდება.
2020 წელს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ იმისთვის, რომ საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრათ. ერთადერთი თვე, როცა ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ივნისია.

ირმა ინაშვილი _ 1970 წლის 6 ივლისს დაიბადა. პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი. აღმოსავლური ჰოროსკოპით კირჩხიბი, ხოლო იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით დაბადებულია ძაღლის წელიწადში.
დაიბრუნე ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია!
კირჩხიბს ამ წელს საშუალება ექნება, მიტოვებულ საქმეებს დაუბრუნდეს და წინა წლებში დაკარგულიც დაიბრუნოს. მაგალითად: გააგრძელეთ წამოწყებული და შუა გზაზე მიტოვებული საქმეები და ა. შ. 2020 წელს კარგად გარჯა მოგიწევთ, თუმცა დიდ შემოსავლებს ნუ ელით. ნუ მოეშვებით, მეგობრები და თანამოაზრეები რთული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებიან. მთავარია, რომ 2020 წელს ყველაფერი ძველი მოიშოროთ. გადაერთეთ ახალ წელზე და თქვენი სამსახურის შემოქმედებით მხარეზე გადაიტანეთ ყურადღება. იაპონური ჰოროსკოპით, ძაღლის წელიწადში დაბადებულთათვის მეტალის თეთრი ვირთხის წელი ყველაზე წარმატებულია. კარგი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.
მოიწადინეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედაპირული მის მიმართ. დროდადრო უთანხმოებები გელით და ერთმანეთის საიმედოობაზე გამოცდაც მოგინდებათ. ასეთი მომენტები, ძირითადად, იანვარსა და აპრილში გელით.
სამსახურში ყურადღება მიაქციეთ ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი დიპლომატია უნდა გამოავლინოთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს.

დავით უსუფაშვილი _ 1968 წლის 5 მარტს დაიბადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკური პარტია „შენების“ ლიდერია, აღმოსავლური ჰოროსკოპით იგი თევზებია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით _ მაიმუნი. წელს ვარსკვლავები დავით უსუფაშვილს მოუწოდებენ: მეტი პოზიტივი, თევზებო! როგორიც არ უნდა იყოს 2020 წელი, შენთვის იგი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. ვირთხა დაგეხმარება პოტენციალის განვითარებაში. აღმოაჩენ და წამოიწყებ ახალ ან ძველ მივიწყებულ საქმიანობას. წელს ასევე ისწავლი, როგორ გაუმკლავდე პრობლემებს და ყველაფერში ნათელი მხარე დაინახო!
თევზების ფინანსური მდგომარეობა, გარკვეულწილად, მათ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ამ საკითხში წარმატებას მოგიტანთ მოგზაურობასა და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. თუ საინტერესო იდეებს უყურადღებოდ არ დატოვებთ, შეძლებთ, რიგიან თანხას მოუყაროთ თავი. ამიტომ იმოქმედეთ!

შალვა ნათელაშვილი _ პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, უსუფაშვილის მსგავსად, ისიც თევზია, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით _ ძაღლი. დაიბადა ფასანაურში 1958 წლის 17 თებერვალს.
თუ ვიმსჯელებთ, რომ ძაღლის წელიწადში დაბადებულებისთვის ვირთხის წელიწადი საუკეთესოა, ხოლო თევზებს მეტი პოზიტივი ელით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლეიბორისტული პარტია 2020 წლის პარლამენტში აუცილებლად შევა, მთავარია, ახსოვდეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა პარტნიორებზე არის დამოკიდებული.

ზუსტად ერთი და იგივე ჰოროსკოპი აქვთ მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს:
1978 წლის 17 იანვარს თბილისში დაიბადა ალეკო ელისაშვილი, რომელიც დღეს სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელია… გამოირჩევა აქტიური ცხოვრებით, კრიტიკით და განსაკუთრებულად უყვარს თბილისი. ელისაშვილი თხის რქაა, თუმცა იაპონური ჰოროსკოპით ცხენია.
მამუკა ხაზარაძე 1966 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. ის დღეს მოძრაობა „ლელოს“ დამაარსებელი და ლიდერია. ჰოროსკოპით, ელისაშვილის მსგავსად, ცხენის წელიწადში (ოღონდ, ცეცხლის _ 60 წელიწადში ერთხელ) დაბადებული თხის რქაა.
2020 წლის ჰოროსკოპი მათ ახსენებს, რომ საკუთარ თავზე ფიქრის პერიოდია!
ძალიან ბევრი დრო დახარჯეთ სხვებზე ფიქრსა და დარდში _ თუ როგორ არიან სხვები, რამე ხომ არ სჭირდებათ მათ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ და საერთოდაც, როგორ გადაჰყვეთ თავს. ახლა კი დროა, საკუთარ თავსაც მიხედოთ. წელს მოგიწევთ მხოლოდ თქვენზე ფიქრი. აიხდინეთ ოცნებები, აკეთეთ ის, რაც გიყვართ, მოკლედ, შენ, შენ და შენ! _ ეს არის 2020 წლის საზრუნავი.
ვირთხის წელი თხის რქებისთვის ნამდვილი ტრამპლინი იქნება უკეთესი ცხოვრებისთვის. შესაძლებელია მოიპოვოთ უძრავი ქონება, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობდით. ასევე შენიშნავთ პროგრესს პიროვნულ სიმაღლეზე. პირად ცხოვრებაში ურთიერთობაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება.
ასეთ დატვირთულ და დადებით წელს აუცილებელია იპოვოთ დრო და ძალა, დაეხმაროთ ახლო ადამიანებს, რომელთათვისაც თქვენი მხარდაჭერა ისეთივე საჭირო იქნება, როგორც არასდროს. თხის რქებს მოუწევთ, ხელებდაკაპიწებულებმა იმუშაონ. შეიძლება მოგეჩვენოთ, თავს სირთულეები ერთბაშად დაგატყდათ, მაგრამ ნუ მოეშვებით. თქვენ ისეთი შინაგანი ძალა გაქვთ, რომ ყველაფერს თავს გაართმევთ, მათ შორის, ფინანსურ პრობლემებსაც. თუ თანამოაზრეები და მეგობრები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარს ნუ ეტყვით. ახლებური ხედვები დაგეხმარებათ, რომ შემოსავალი მიიღოთ და ყველაფერი დალაგდება, თუმცა მაინც ნუ მოდუნდებით!

ნინო ბურჯანაძე _ 1964 წლის 16 ივლისს დაიბადა ქუთაისში, იყო ორჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არის პარტიის ხელმძღვანელი. იაპონური ჰოროსკოპით დრაკონია, ხოლო აღმოსავლური ჰოროსკოპით _ კირჩხიბი. როგორც მას ზოდიაქო ეუბნება: დაიბრუნე ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასია!
კირჩხიბს ამ წელს საშუალება ექნება, დაუბრუნდეს მიტოვებულ საქმეებს და დაიბრუნოს ის, რაც წინა წლებში დაკარგა. მაგალითად: აღადგინე დასრულებული ურთიერთობები, გააგრძელე წამოწყებული და შუა გზაზე მიტოვებული საქმეები და ა. შ. 2020 წელს კარგად გარჯა მოგიწევთ, თუმცა დიდ შემოსავლებს ნუ ელით. ნუ მოეშვებით, მეგობრები და თანამოაზრეები რთული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებიან.
მთავარია, რომ 2020 წელს ყველაფერი ძველი მოიშოროთ. გადაერთეთ ახალ წელზე და თქვენი სამსახურის შემოქმედებით მხარეზე გადაიტანეთ ყურადღება

ახლა კი ჩვენი პრეზიდენტის ვარსკვლავური დღეებიც ვნახოთ
სალომე ზურაბიშვილი _ 1952 წელს 18 მარტს დაიბადა პარიზში, იაპონური ჰოროსკოპით დრაკონის წელიწადში, აღმოსავლური ჰოროკოსპით კი თევზების თვეში. იგი დღეს საქართველოს პრეზიდენტია… ვარსკვლავები პრეზიდენტს ეუბნებიან: მეტი პოზიტივი, სალომე! როგორიც არ უნდა იყოს 2020 წელი, თქვენთვის მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. ვირთხა დაგეხმარებათ პოტენციალის განვითარებაში. აღმოაჩენთ და წამოიწყებთ ახალ ან ძველ მივიწყებულ საქმიანობას. წელს ასევე ისწავლით, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემებს და ყველაფერში ნათელი მხარე დაინახოთ! 2020 წელს ნანატრი შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანთან. ის შეიძლება გახდეს თქვენი დამრიგებელი, გურუ, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ თქვენთვის რთულ პერიოდში. ამის წყალობით ადვილად გადალახავთ სირთულეებს და გამარჯვებასაც მოიპოვებთ. იყავით მიზანმიმართული მთავარზე, ნუ მოცდებით წვრილმანებზე.

ქალი პოლიტიკოსებიდან, როგორც ჩანს, სალომე სამადაშვილს სასარგებლო წელი ელის წინ _ ის 1976 წლის 2 აპრილს დაიბადა. ჰოროსკოპით ვერძია და როგორც ზოდიაქო ეუბნება, ახალი მწვერვალების დაპყრობის დროა!
გასულ წელს ბევრი იშრომეთ და იწვალეთ, ამისთვის ყოჩაღ! შეიძლება ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი თქვენია! თავად ვირთხა საკმაოდ მშრომელია და ყველაფერს თავისით აღწევს. ნუ გაჩერდებით, გააგრძელეთ დამოუკიდებლად შრომა, წინ უამრავი სიმაღლეა!
მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ამის პარალელურად საქმეც უფრო მოიმატებს და მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ზოგჯერ სამსახურში სირთულეს წააწყდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველას რაღაც უნდა და სჭირდება. 2020 წელს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ, რომ საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრათ. ერთადერთი თვე, როცა ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ _ ივნისია. თუ ამ თვეში შოპინგის ცდუნებას ძლევთ, ბევრ ფულს დაზოგავთ

თინათინ ბოკუჩავა _ 1983 წლის 29 მაისს დაიბადა. ის დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია, ჰოროკოპით ტყუპი. ვარსკვლავები ურჩევენ, რომ დატკბეს ცხოვრებით!
ზოგადად, ტყუპები ძალიან პოზიტიური ზოდიაქოს ნიშანია, ვირთხა კი უფრო თავშეკავებულია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ წელს ტყუპებს არაფერი განსაკუთრებული არ ელოდებათ. შეეცადეთ, არ დაკარგოთ ის პოზიტივი, რაც ბუნებრივად გაქვთ. ბევრი იმოგზაურეთ და გაიცანით ახალი ადამიანები, ეს დაგეხმარებათ, რომ 2020 წელს მოწყენილი არ იყოთ. ტყუპები კარგ შემოსავალს მიიღებენ შემოქმედებითი საქმიანობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიტუაცია არც თუ ისე მოწესრიგებული იქნება. 2020 წელს ტყუპები თაღლითებს უნდა უფრთხილდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება პერიოდს ივნისის ბოლომდე. აი, შემოდგომა კი კარგი დროა.

ეკატერინე ბესელია _ დაიბადა 1971 წლის 5 ნოემბერს. იაპონური ჰოროსკოპით ღორია (ტახი), ხოლო აღმოსავლური ჰოროსკოპით _ მორიელი. რამდენადაც კარგად უნდა გრძნობდეს თავს, ვარსკვლავები მას ეუბნებიან, რომ საცხოვრებლის შეცვლის დროა!
ცხოვრების ინტერესი დაკარგეთ? სამსახური უკვე მოსაბეზრებელია? გარშემო ყველა გაღიზიანებთ? _ 2020 წელი ამ ყველაფრის შესაცვლელად არაჩვეულებრივი პერიოდია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ვირთხას ცხოვრების რიტმის შეცვლა არ უყვარს. თქვვენ ხომ მორიელი ხართ, ე. ი. არ ემორჩილებით წესებს! შეცვალეთ ყველაფერი, რაც უბედურს გხდით. გამოცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, სამსახური და საერთოდ _ გარემო. აკეთეთ ის, რაც გინდათ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ და როცა გინდათ!

რას ჰპირდება თეთრი ვირთხა საკუთარ თავსა და 11 მეგობარ ცხოველს?!

2020 წელი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა აღმოსავლური ნიშნისთვის, რომ გაიუმჯობესონ მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დამატებით მოეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი, სტრესთან გამკლავება.

2020 წლის წარმატებული თვეები აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ძაღლის, კურდღლის/კატა, ცხენისა და თხისთვის/ცხვარი მეტალის თეთრი ვირთხის წელი ყველაზე წარმატებულია.
თქვენთვის კარგი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.
მოიწადინეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედაპირული მის მიმართ. დროდადრო უთანხმოებები გელით და ერთმანეთის საიმედოობაზე გამოცდაც მოგინდებათ. ასეთი მომენტები, ძირითადად, იანვარსა და აპრილში გელით. მიუხედავად ამისა, კარგი წელია ბუდის ასაშენებლად და შვილის გასაჩენად.
სამსახურში ყურადღება მიაქციეთ ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი დიპლომატია უნდა გამოავლინოთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. როცა მატერიალურად მოძლიერდებით, მზად იყავით, რომ ახლობელი ადამიანებიც კი შურით დაბრმავდებიან და თქვენ გარშემო ჭორები და ინტრიგები მოიმატებს.
2020 წელს თვითგანვითარებისთვის უამრავი შანსი მოგეცემათ. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ის. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. ნუ გაეკიდებით ილუზიებს, ფულსაც დაკარგავთ და _ წარმატებასაც.
ძაღლი, კურდღელი/კატა, ცხენი და თხა/ცხვარი 2020 წელს კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მხოლოდ ერთი გაფრთხილება გაქვთ: არ გასცეთ ფული ვალში. ნუ გადაყვებით მატერიალურზე ფიქრს, გამოყავით დრო სულიერებისთვისაც.

2020 წლის წარმატებული თვეები გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვისთვის

თქვენს ცხოვრებაში დაისადგურებს ჰარმონია. უამრავი პოზიტიური წამი გელით.
თქვენთვის კარგი თვეებია: მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.
პირად ცხოვრებაში აღმაფრენებისა და დაცემისთვის მოემზადეთ. ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, ერთადერთ უარყოფით გრძნობასთან _ ეჭვიანობასთანაა კავშირში. არჩევანის წინაშეც დადგებით: ან სასიყვარული, თავგადასავლები, ან მშვიდი, სტაბილური ურთიერთობები. საქმეების მიუხედავად, მეტი დრო უნდა დაუთმოთ რომანტიკული ურთიერთობების განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი ადამიანის წუწუნს საზღვარი არ ექნება. ეცადეთ, დროდადრო ერთად იმოგზაუროთ. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, მარტსა და დეკემბერს გირჩევთ. ოქტომბერში შეიძლება, სკანდალებში ჩაგითრიონ. ამის მიზეზი არალეგალური შემოსავალია.
გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი დაბადებით ლიდერები არიან და კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეეშლებათ. ამ კუთხით 2020-ში განსაკუთრებით წარმატებული თვეა მაისი. ივნისში არც აიღოთ და არც გასცეთ ვალი.
ოლიმპს აუცილებლად დაიპყრობთ, მაგრამ ბევრი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ და მაქსიმალური მოთმინება გამოავლინეთ, არ დანებდეთ. თუ თავისუფალი თანხა გაქვთ, ის სარფიან საქმეში დააბანდეთ. გარკვეულწილად მომჭირნეობაც უნდა ისწავლოთ. ხანდახან ძალიან გიყვართ ფულის ფლანგვა.
გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი 2020 წელს კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წყლის პირას. მოაწყვეთ პიკნიკები ბუნებაში.

2020 წლის წარმატებული თვეები დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნისთვის

2019 წელს საკმარისი თანხა დააგროვეთ? ახალი წლიდან სიფრთხილე გმართებთ, არ დაკარგოთ ის, არ გახდეთ თაღლითების, უბედური შემთხვევების მსხვერპლი.
თქვენთვის კარგი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი.
პირად ცხოვრებაში უნდა აკონტროლოთ ემოციები, დაუშვებელია ეჭვიანობა და კონფლიქტები საყვარელ ადამიანთან. ახალი ურთიერთობების დასაწყებად და ქორწინებისთვის კარგი თვეებია: იანვარი, თებერვალი, სექტემბერი და ნოემბერი. თუ გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ააწყოთ, ხშირად წადით კომპრომისზე, ნუ გაჯიუტდებით. გამოავლინეთ მოთმინება და ბევრ გაურკვევლობას აირიდებთ თავიდან.
დაგროვილი თანხა ეცადეთ, შეინარჩუნოთ. განსაკუთრებით არ გარისკოთ ბიზნესმენებმა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და ნუ გააფართოებთ ბიზნესს, თუ დარწმუნებული არ ხართ გამარჯვებაში. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მატერიალურ მოგებას მაისში ნახავთ. თებერვალსა და ნოემბერში ფრთხილად და გააზრებულად იმოქმედეთ. დააკვირდით კონკურენტებს, რა ვითარებაა თქვენ გარშემო.
დრაკონს, ხარს, ვირთხასა და მაიმუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ ელით. საფრთხეა მოსალოდნელი მეტალის ბასრი საგნებისგან.

2020 წელი ნაკიანი წელიწადია

ჯემალ ბაღათრიშვილი _ ისტორიკოსი, ეთნოლოგი:
_ დედამიწა მზის გარშემო ბრუნვას 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს ანდომებს. 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღის დამატება თითქმის 6-საათიანი სხვაობის შესავსებად ემატება კალენდარს.
_ ძალიან ბევრი ნაკიან წელიწადს პანიკით ელოდება…
_ წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ნაკიან წელს არ შეიძლებოდა ქორწინება, განქორწინება. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, არ შეიცვალოთ მისამართი და სამსახური. თუ ქორწინება მაინც გადაწყვიტეთ, ტრადიციულად, პატარძალს გრძელი კაბა უნდა ეცვას. რაც უფრო გრძელი იქნება კაბა, მით დიდხანს შეინარჩუნებს წყვილი ოჯახს. ძველად მიაჩნდათ, რომ ნაკიან წელს განსაკუთრებული, გამორჩეული ბედის ბავშვები იბადებოდნენ. ისინი დიდხანს იცოცხლებდნენ. მოუნათლავ პატარას სისხლით ნათესავს შეურჩევდნენ ნათლიად.
_ ცოტა უცნაურია…
_ საინტერესო რიტუალი არსებობს: თუ ბავშვი 29 თებერვალს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე დაიბადებოდა, დაბადების დღეს 28-ში უხდიდნენ; თუ დილის 6 საათიდან 12 საათამდე დაიბადებოდა, 2 წელი 28 თებერვალს უხდიდნენ, შემდეგ პირველ მარტს. თუ ბავშვი 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე დაიბადებოდა, პირველ წელს 28 თებერვალს, მომდევნო დაბადების დღეებს პირველ მარტს უხდიდნენ, ხოლო თუ პატარა 18:00 საათის შემდეგ დაიბადებოდა, მის იუბილეს, ყოველწლიურად, პირველ მარტს აღნიშნავდნენ. სხვა უცნაურობებიც გვქონდა ქართველებს, მაგალითად: ნაკიან წელს დაფეხმძიმებულ ქალს მშობიარობამდე თმის შეჭრა ეკრძალებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ბავშვი ავადმყოფი, სუსტი დაიბადებოდა.

ასე რომ, ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვარსკვლავებს არ გავაბრაზებთ და გავცემთ მეტ სიყვარულს… რასაც ვაკეთებთ, იმას ვგზავნით კოსმოსში და კოსმოსიც იმასვე გვიბრუნებს უკან.
ბედნიერი ახალი წელი ყველას!..

მაკა მოსიაშვილი