როგორ მოვამზადოთ საახალწლო სუფრა 170-ლარიანი საარსებო მინიმუმით?

ახალი წელი კარს მოგვადგა, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ანუ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ აბრდღვიალებული რუსთაველის გამზირის მიუხედავად, საზეიმო და სადღესასწაულო განწყობა მოსახლეობის ერთ ფენასაც კი არ აქვს. ახლა, იტყვით, ფულოსნებს ძალიანაც აქვთო, მაგრამ ნება მომეცით, შეგეკამათოთ და დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი მოსაზრება მცდარია.
მოკლედ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს, შესაბამისად, ყველა, ვისაც ფული აქვს, პოლიტიკურ წრეებთან არის დაკავშირებული, ანუ ყველა ან თითქმის ყველა წარმატებულ ბიზნეს-პოლიტიკოსებს, უმეტესად, ხელისუფლების წევრები „კრიშავენ“. ჰოდა, „ოცნება“ რომ დიდი განსაცდელის წინაშე დგას, ეს ჩვენზე უკეთ თავად „მეოცნებეებმაც“ იციან.

ერთი სიტყვით, ეს ის შემთხვევაა, როცა ფული ბედნიერების პირდაპირპროპორციული არ არის და იგივე „ჯიბესქელ“ „ქოცებს“ ნამდვილად არ ეახალწლებათ, რადგან ზუსტად ხვდებიან, რომ მათი „ბაირამობა“ დასასრულს უახლოვდება და საახალწლო სუფრაზე მეტად ახლა, ალბათ, იმაზე უფრო ფიქრობენ, ის ქონება, რაც შვიდი წლის განმავლობაში უკანონოდ იშოვეს, როგორ გადაარჩინონ.
რაც შეეხება ქვეყნის აბსოლუტურ მოსახლეობას, მართალია, „საქსტატი“ თვალში ნაცარს გვაყრის და გვიმტკიცებს, საქართველოში საშუალო ხელფასი ათას ლარზე მეტიაო, მაგრამ პოლარული ღამესავით ნათელია, რომ ეს სახელმწიფო უწყება „პინოქიოს სინდრომით“ დაავადდა და იმდენ ტყუილს ამბობს, ცხვირი საათობრივად კი არა, წუთობრივად ეზრდება.
ჰოდა, „საქსტატის“ მონაცემები ზუსტად ისეთივე ბოტი, ტროლი თუ ფეიკია, როგორი ბოტებ-ტროლებიც „ოცნებას“ ასობით და შეიძლება, ათასობითაც ჰყავდა, თუმცა, საბედნიეროდ, „ფეისბუქმა“ ეს „ფეიკური სქემა“ გაშიფრა, ვირტუალური „მეოცნეები“ „დაასამარა“ და თითქმის ერთი კვირაა, ქვეყანა ბოტების აგრესიის გარეშე ცხოვრობს!
„ბოტების“ გარეშე ცხოვრება კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი რეალობას თვალს ვუსწორებთ.
როგორია ეს რეალობა?
ძალიან მძიმე და უიმედო, მით უმეტეს, ახლა, როცა ახალი წელი კარსაა მომდგარი და ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, მინიმუმ, გოზინაყი რა სახსრებით გააკეთოს.
დიახ, საახალწლო სუფრაზე ბევრს გოზინაყიც არ ექნება, რადგან ერთი კილოგრამი ნიგოზი, თანაც „შავი“, 23 ლარამდე ჯდება.
ამას დაუმატეთ თაფლი, რომლის გარეშეც გოზინაყი, უბრალოდ, არ გამოვა.
ჰოდა, ერთი თეფში გოზინაყის მოსამზადებლად, მინიმუმ, 45-დან 50 ლარამდეა საჭირო და ეს მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი, ზემოხსენებული „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სულ რაღაც, 170 ლარია.
აი, აქ ჩნდება ყველაზე მთავარი კითხვა _ თუ სახელმწიფომ იცის, რომ საარსებო მინიმუმი 170 ლარია, მაშინ რა პირით გვეუბნება, რომ ქვეყანაში მუქი ფერები არ არის და ხალხიც არ შიმშილობს?
ისე, ეს 170 ლარი რომელიმე გაზულუქებულ „ტიპს“ უნდა მისცე და აიძულო, ამ თანხით საახალწლო სუფრის ყველა ატრიბუტი იყიდოს, თავისი გოჭ-ინდაურითა და შამპანურ-შუშხუნებიანად!


მოდით, ახლა გავიხსენოთ, რა კერძი უნდა იყოს აუცილებლად ქართულ ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე. მერე დავიანგარიშოთ, თითოეული კერძის მოსამზადებლად რა თანხა დაგვჭირდება და დასკვნები იმ „ქოცებს“ გამოვატანინოთ, რომლებიც ახლაც კი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ.
ისე, სააკაშვილის გადადგომაზე გამახსენდა _ „ქოცობა“, მართლაც, დიაგნოზია!
აბა, დიაგნოზი რომ არ იყოს, მიშა 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის და ეს მამაცხონებულები, ნეტავ, ვის გადადგომას ითხოვენ?
კარგი იქნება, თუ 2020-ში ვინმე კეთილისმსურველი მაინც ეტყვის ამ ხალხს, რომ მიშასთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, თანაც უკვე 21-ე საუკუნეა და ცრუ დონკიხოტობა მაინცდამაინც კარგ ტონად აღარ ითვლება!


ახლა კი ისევ ჩვენს საცოდავ 170 ლარს და საახალწლო სუფრას დავუბრუნდეთ.
ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ჩვენებური საახალწლო სუფრის სეფე, ანუ მთავარი კერძი საცივია.
ტრადიციულად, საცივი ინდაურისგან მზადდება, ანუ ინდაურის საცივს სხვა გემო აქვს.
ინდაური ყოველ ახალ წელს ძვირდება ხოლმე და იაფი არც წელს ღირს, თანაც ინდაურის ფასი მის ზომაზეა დამოკიდებული.
შესაბაისად, თუ ორსულიანი ოჯახი გყავთ, შესაძლოა, 80-ლარიანი ინდაურიც გეყოთ, მაგრამ თუ ოჯახში ბევრნი ხართ და თანაც სტუმრებს ელოდებით, მაშინ ინდაურში, მინიმუმ, 120-140 ლარის „გასროლა“ მოგიწევთ.
მოკლედ, ინდაური კი იყიდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საცივისთვის ნიგოზიც საჭიროა.
ასევე არ დაგავიწყდეთ ნივრისა და სუნელ-სანელებლების ყიდვა.
თქვენ კი საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტი უკვე ინდაურში მიათხლიშეთ და სულ 30 ლარი გიჩხავით ჯიბეში.
ამ ფულით, ბევრი-ბევრი, ერთი კილო ნიგოზი მოგივდეთ, მაგრამ აი, ნიორსა და სუნელებს საიდან მოიტანთ? _ ეს უკვე თქვენს მარიფათზეა დამოკიდებული, თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბაზარსა თუ სუპერმარკეტიდან შინ წასვლაც გინდათ, ე. ი., მგზავრობისთვისაც უნდა დაიტოვოთ, მინიმუმ, ორი ლარი!
ისე, ერთ რჩევას მოგცემთ:
ინდაურის საცივზე ოცნებაც არ გაბედოთ, მით უმეტეს, რომ საცივის მომზადება ქათმისგანაც შეიძლება.
ჰოდა, პირდაპირ ქათამი იყიდეთ, თან სოფლის დედალი კი არა, ქარხნის, რომელიც, ალბათ, 30 ლარამდე დაგიჯდებათ.
აი, ასე რამდენიმე ათეულ ლარს დაზოგავთ!
მოკლედ, ისწავლეთ ხელმომჭირნეობა და „ქოცების“ ცნებასაც მიჰყევით, გვშია, გვწყურია, გვცივა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ თავისუფლად ვსუნთქავთ და ჩვენი მამა-მარჩენალიც ჭარბი ნდობით სარგებლობსო!
თუმცა საკითხავია, რამდენად თავისუფლად ვსუნთქავთ!


ქართულ საახალწლო სუფრაზე ფხალიც აუცილებლად უნდა იყოს. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ისპანახია, რომელიც მაინცდამიანც ძვირი არ ჯდება. ამიტომ თამამად შეგიძლიათ, ისპანახი ბლომად იყიდოთ და თუ სხვა არაფერი გექნებათ, 31 დეკემბერს ისპანახის „ფართი“ მოაწყოთ!
ისე, ისპანახს შეგიძლიათ, მწნილიც მიამატოთ, ანუ ერთი კილოგრამი მჟავის შესაძენად 7-8 ლარამდე დაგჭირდებათ.
მწნილი, ისპანახი და პური კი, თუნდაც, შავი, მართლაც, მეფური ვახშამი იქნება, თანაც, საახალწლოდ!


ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ საქართველოში ერთგვარ ტრადიციად ითვლება, რომ ნებისმიერ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს „ვინეგრეტის“ სალათა, ანუ „ოლივიე“.
პირადად მე ამ კერძს არ გეახლებით, რადგან მიმაჩნია, რომ მაიონეზი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო პროდუქტი არ არის, მაგრამ ყველა ჩემნაირად ხომ არ ფიქრობს?
ჰოდა, „ოლივიეს“ ატრიბუტებზე წინასაახალწლოდ ნამდვილი წყვეტაა ხოლმე.
უჩემოდაც გეცოდინებათ, რა ინგრედიენტებია საჭირო „მაიონეზის“ სალათისთვის, მაგრამ ნათქვამია, გამეორება ცოდნის დედააო, ამიტომაც მეც „გაგამეორებინებთ“:
კარტოფილი, სტაფილო, „გაროხი“, მჟავე კიტრი, კვერცხი, ახალი ხახვი, კამა, მაიონეზი, ცოტა ზეთი და მარილი, შავი პილპილი.
ასე რომ, 20-25 ლარად სუპერ „ოლივიეს“ მოამზადებთ, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ოჯახის წევრებისა და სტუმრების რაოდენობა.


ვინაიდან და რადგანაც თქვენი და ასევე ჩემი საარსებო მინიმუმი 170 ლარს არ სცდება, ამიტომ არც უნდა ვიოცნებოთ, რომ საახალწლო სუფრაზე ყველით სავსე ხაჭაპური გვექნება, თუმცა შეგვიძლია, შორეული 90-იანი წლები გავიხსენოთ და ტყუილი ხაჭაპური გამოვაცხოთ, რომლისთვისაც მაკარონი და ფქვილი დაგვჭირდება, თუმცა იაფი არც მაკარონია და არც _ ფქვილი.


რაც შეეხება საახალწლო სუფრის სხვა კერძებს, აი, მაგალითად, ტოლმაც ოცნებაა, რადგან ერთი კილოგრამი ხორცის ფასი, მინიმუმ, 20-22 ლარია.
კი ბატონო, ერთი კილოგრამი კომბოსტო ძვირი არ ღირს, მაგრამ მხოლოდ კომბოსტოთი ტოლმა არ გამოგივათ და, ბევრი-ბევრი, სალათა მოამზადოთ.
ისე, პირადად მე, ტოლმაზე მეტად, სწორედ კომბოსტოს სალათა უფრო მიყვარს.
ასე რომ, თუ საახალწლო სუფრაზე ტოლმა არ მექნება, დიდად არც ვინერვიულებ!


სხვათა შორის, საახალწლო სუფრაზე მდიდრებს „ხალადეციც“ აქვთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხომ უბრალო მოკვდავები ვართ. ამიტომაც „ხალადეცი“, ტკბილეულობა და სხვა ნუგბარი შეგვიძლია, მხოლოდ სიზმარში ვნახოთ!
რას ვიზამთ, ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლის ხელისუფლებაც მდიდარია, მოსახლეობა კი იმის მცდელობაშია, რომ როგორმე შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს!
ეს ლიტონი სიტყვები რომ არ გეგონოთ, თავად ხალხს მოვუსმინოთ.


ნათელა, 59 წლის, გარემოვაჭრე:
„ხალხს გაჭირვება ძალიან დაეტყო, უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული. წლებია, გარე ვაჭრობას ვეწევი, ანუ სეზონურად ხან რას ვყიდი და ხან _ რას. ახლა, რადგან ახალი წელი მოდის, ჩურჩხელების „ბიზნესი“ დავიწყე. ზოგჯერ ადამიანი მომდის და მეუბნება, ნახევარი ჩურჩხელა მინდაო. აი, გეკითხებით, ადამიანი ნახევარი ჩურჩხელის ყიდვას რომ გადაწყვეტს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უჭირს?
ადრე ბაზარში ვცადე ვაჭრობა, მაგრამ აზრი არ აქვს, რადან იქ უმეტესად გაჭირვებულები დადიან. ისინი კი, ვისაც ცოტა ფული აქვს, სუპერმარკეტებში შედიან. აი, ქუჩაში ვაჭრობა კი უფრო მომგებიანია, ზოგს თხილი მოუნდება, ზოგს _ ჩირი და პურის ფულს მაინც ვშოულობ ხოლმე.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ტყემალსა და აჯიკას ვაკეთებდი და ვყიდდი, მაგრამ ახლა ამას აზრი არ აქვს, ანუ შეიძლება, სამ დღეში ერთი ბოთლი გავყიდო და წაგებაზე მივდივარ.
მოკლედ, ხალხის პატრონი არავინ არაა. ისე, იყო დრო, როცა არაფერი მაკლდა, წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ დავდიოდით დასასვენებლად, დღევანდელ რეალობას ცხოვრება ჰქვია? ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთია!“
ვახო, 68 წლის:
„რამდენიმე თვეა, გარეთ ვცხოვრობ… წლები ვცხოვრობდი სასტუმრო „აფხაზეთში“, თან ვვაჭრობდი, ცოტა ფულიც დავაგროვე, რამდენიმე წლის წინ კარკასი იაფად ვიყიდე, როცა სასტუმროდან გაგვყარეს, ეს კარკასი გავყიდე _ გაკეთების თავი არ მქონდა, გირაოთი ვნახე ბინა 12 ათასად.
ყველა საბუთი მაქვს, გავაფორმე, მაგრამ სესხის ხელშეკრულებაა და არა _ იპოთეკის, რა პირობებიც უნდა გვქონოდა, არ დაგვახვედრა პატრონმა. ვუთხარი, _ ან ფული დააბრუნე, ან დაგვისრულე აბაზანა-ტუალეტი-მეთქი, მაგრამ ახლა სახლში აღარ გვიშვებს.
რამდენი თვეა მპირდება, რომ გადააგირავებს და ფულს მომცემს, მაგრამ ჯერ არსად ჩანს. მე კიდევ ადვოკატისა და სასამართლოში საქმის აღძვრის ფული აღარ მაქვს.
პენსია საჭმელად ძლივს გვყოფნის. იქნებ, ამ საახალწლოდ დამეხმაროს ვინმე და დავიბრუნო ჩემი თანხა.
რა მჭირს საიმისო, რომ ქუჩაში ვიყო, მაგრამ რა ვქნა? ახალ წელსაც, ალბათ, ქუჩაში შევხვდები, აბა, სად წავიდე?“
თამაზი, 53 წლის:
„11 წელი ციხეში ვიჯექი. იქიდან რომ გამოვედი, სხვა დამხვდა სახლში, სრულიად უცნობი ადამიანი, ელიაზე ვცხოვრობდი დაბადებიდან.
ჩემი სახლის ახალმა მეპატრონემ 500 დოლარი შემომთავაზა… როცა ციხიდან ძმაც გარდაცვლილი დამხვდა, მითხრა, _ შენი ძმისგან ვიყიდეთ, მინდობილობა მის სახელზე იყოო. არადა, სახლი ჩემზე იყო გაფორმებული, მინდობილობა არავისთვის დამიწერია და არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ამ უცხო ადამიანის ხელში ჩემი სახლი.
რა სამართალს ვიპოვიდი ნაციხარი და გაუბედურებული ადამიანი? მას მერე სარდაფებში ვათენებ. ახალ წელსაც „პადვალში“ ვხვდები. სოციალურ დახმარებასაც არ მაძლევენ, სადმე უნდა იყო რეგისტრირებულიო. ერთ შორეულ ნათესავს მივაკითხე, _ შენს ბინაში ჩამწერე-მეთქი, მაგრამ არც მომისმინა, კარი ცხვირწინ მომიხურა, _ გაეთრიე აქედან, შე „ბომჟოო“!
მერიაშიც მივედი, _ ასე და ასეა ჩემი საქმე, სახლი მე არ მაქვს, საბუთები მე არ მაქვს, თავს მათხოვრობით ვირჩენ და იქნებ, მომხედოთ-მეთქი. მერიაში ახალგაზრდა გოგო მელაპარაკა და მითხრა, _ ერთ თვეში დამირეკე და გეტყვი, რამით დახმარებას შევძლებთ თუ არაო. გამეცინა და გამოვბრუნდი, ადამიანს ვუხსნიდი, მათხოვარი ვარ და პურის ფულს ძლივს ვშოულობ-მეთქი. ის კი მეუბნება, დამირეკეო. ნეტავ, საიდან უნდა დავურეკო?
მერე რა, ციხეში რომ ვიჯექი _ ახალგაზრდობაში შეცდომა დავუშვი, მთავარია, კაცი არ მომიკლავს, ეკონომიკური სახის დანაშაული იყო და დავისაჯე კიდეც, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველამ ხელი მკრას?
ბევრს კი არაფერს ვითხოვ _ უბრალოდ, მინდა, რომ საკუთარი ჭერი მქონდეს, რამე სამსახური ვიშოვო და ახალ წელს სხვას არ დავუწყო ხელებში ყურება!“

სხვათა შორის, ახალი წლის სამზადისზე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში სპეციალური თემაც არის გახსნილი, სადაც ინტერნეტის მომხმარებლები, როგორც წესი, გაჭირვებულ ცხოვრებაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ხალხს ახალი წლის მოახლოება უხაროდა.
გთავაზობთ რამდენიმე ინტერნეტმომხმარებლის კომენტარს:


„რამდენი ლარი გაქვთ გამოყრილი, თქვე უნამუსოებო!!!
მაგრად ყეზე მკიდია ბიუჯეტის გაზრდა, ორმაგად იღებთ ჩემი ჯიბიდან ფულს, თქვე ბოზებო!!! მიშას დროს ახალ წელს მაინც იყიდიდი დოლარს იაფად და ვალს მშვიდად გადაიხდიდა კაცი! ვერა და ვერ ამოისუნთქა ხალხმა ამ დოლარის ყიდვით, თქვენი დანამატიანი დედის მულები მოვნ!!! თქვე კუჭგახვრეტილო წურბლებო, რით ვერ გაძეხით?! ცოტა ხანი მაინც გაძელით უპრემიოდ და უდანამატოდ!!! თქვენი დედები მოვტან!!!
ლარის კურსს ყოველდღე ნუ აბითურებთ!!!
ტრა***ში გაირჭე, ბიძინა, 10-მილიარდიანი ბიუჯეტი ამხელა დოლარის კურსით!
თქვენი დდშვც ბელადიანად!!!!
ხალხზე ცოტა იფიქრეთ ახალ წელს მაინც!“


„ხალხი იმიტომ არის მოტყუებული ყოველთვის, რომ თავს იტყუებს.
ყველაფერი ხალხის ბრალია!
ინფანტილურია ჩვენი ხალხი, ადვილად ასაგდები, ბრიყვი და მიმნდობი, ხარბი და პარაზიტი.
ასეთ ბრიყვს ყველა მთავრობა ასე მოექცევა. ფოჩიან კანფეტებზე რო იყიდები და ყველაფრის გჯერა, ყოველთვის ასე მოუვა ამ ხალხს.
გამოსავალი არის ის, რომ ყველა სათითაოდ უნდა გაიზარდოს, დაჭკვიანდეს ცოტა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყოს.
ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უნდა შეძლოს, რომ გაარჩიოს ტყუილ-მართალი და რაც მთავარია, ადვილად ასაგდები არ უნდა იყოს“.


„მძნერული ახალი წელი მოდის! როგორიც „ოცნება“ და მისი წევრები არიან, აი, ეგეთი მძნერული და მძნერისსუნიანი! გლდანში ქუჩის განათებაც კი გამორთეს ეს დღეები დენის დაზოგვის მიზნით. მძნერები არიან და ეგრეც ფიქრობენ და მართავენ ქვეყანას“.


გვიჭირს თუ გვილხინს, კალენდარს ვერაფერს ვუზამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წელი მაინც მოვა! კარგი იქნებოდა, რომ საახალწლო განწყობა გვქონოდა და ვირთხის წელის შემობრძანებას მომღიმარი სახეებით შევხვედროდით, მაგრამ რაც არის, ეს არის!
ისე, მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და სადღესასწაულო განწყობის შექმნა ლობიოთი და ცივი მჭადითაც შეიძლება, თან ხომ იცით, ბოლო დროს ლობიო როგორ „ცვეტშია“ _ პირდაპირ საპრეზიდენტო კერძი გახდა!
მართალია, იაფი არც ლობიო ღირს, მაგრამ ჩვენი მწირი საარსებო მინიმუმით ერთ კილოგრამ ლობიოს, ცოტა მწნილს, მჭადის ფქვილს მაინც შევიძენთ და 31 დეკემბერს, მას მერე, რაც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დავლოცავთ, ტკბილ სიტყვას, ალბათ, არც ლობიოსმოყვარული პრეზიდენტისა და, ზოგადად, ხელისუფლების მისამართით დავიშურებთ!

გიორგი აბაშიძე