ნინო მეტრეველი: „მალე შემოეხევა ივანიშვილს საკუთარ ტანზე მორგებული კონსტიტუცია“

მმართველი პარტიის შიგნით სერიოზული განხეთქილებაა. „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის არსებობდა რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც ვერასდროს იტანდა ერთმანეთს და გავლენებისთვის იბრძოდა, ახლა კი ეს აუტანლობა გაუსაძლისი გახდა. ვიღაცები უკვე წავიდნენ… მაგრამ როგორც ამბობენ, მთავარი ამბავი ჯერ წინ არის. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ფიქრობს, რომ დიდია იმის ალბათობა, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ბაზაზე კონტროლირებად ოპოზიციურ ძალას შექმნის.

რატომ არის ივანიშვილი მარცხისთვის განწირული? არის თუ არა ოპოზიცია ხალხის სიმცირით იმედგაცრუებული? შეცვალა თუ არა მათი გეგმები „ოცნების“ მოწყობილმა მასშტაბურმა კონტრაქციამ? რა პირობას აძლევენ ხელისუფლებას ისინი? არის თუ არა გადარჩენის საშუალება კონსტიტუციის საკუთარ ტანზე მორგება? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ნინო მეტრეველი ესაუბრება:

_ ნინო, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციებში. ირაკლი კობახიძემ ნიშნისმოგებით თქვა, რომ მთლიანმა ოპოზიციამ, სულ რაღაც, 5-6 ათასი კაცი გამოიყვანა, მათ კი 100.000-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. რატომ ითვლიან გამუდმებით თავებს?
_ უღირსი და უმადური საქმეა თავების თვლა. ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია გარკვეული ოდენობის ხალხის გამოყვანა. 135.000 ადამიანია დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში. როცა ხალხის სიმრავლეზე ისაუბრებს, კობახიძემ ეს ფაქტიც ახსენოს ხოლმე. ხალხის სიმრავლე და სიმცირე გადამწყვეტი არ არის. მთავარია, რისთვის, რა მიზნით გამოგყავს და რა შედეგზე კეთდება გათვლა. ოპოზიციას ხალხი გამოგვყავს არსებული უზურპატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ვიბრძვით, რათა დემოკრატიულად შევცვალოთ ოლიგარქიული ხელისუფლება.
_ თქვენი აზრით, ოპოზიციის მომხრეებზე ხომ არ იმოქმედებს ის ფაქტი, რომ მათ ცოტა ხალხი გამოჰყავთ, ხელისუფლებამ კი ბევრი გამოიყვანა? ბევრი ადამიანი მხოლოდ რაოდენობას უყურებს და სულ არ ფიქრობს, ხალხი ხელისუფლებამ ძალით გამოიყვანა თუ არა.
_ არანაირ გავლენას არ მოახდენს ეს ხალხმრავალი კონტრაქცია. აქციებზე ცოტა ხალხი თუ დადის, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში საპროტესტო განწყობა არ არის. ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს ხელისუფლება და მისი პოლიტიკა, მაგრამ ქუჩაში არ გამოდის. ამ ადამიანებს ურჩევნიათ, თავიანთი პოზიცია სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირონ. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ჩანს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია. ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოება იზიარებს ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ქვეყანაში ერთმმართველობა უნდა დასრულდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ერთპარტიულმა მმართველობამ ეს ქვეყანა დაანგრია. ამდენი წელია, დამოუკიდებლობა გვაქვს მოპოვებული და ვერანაირ შედეგამდე ვერ მივედით. ერთპარტიული მმართველობა თუ გაგრძელდა, ვერც მივალთ.
ოპოზიციამ იცის, რა მიზნითაც გამოიყვანა მომხრეები აქციაზე, მაგრამ ხელისუფლებას რა მიზანი ჰქონდა, ვერავინ გაიგო. ვთქვათ, დავიჯერე, ეს მართლაც ზეიმი იყო და ევროსაბჭოს თავმჯდომარეობამ რომ მოგვიწია, ამას აღნიშნავდნენ. თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ მარტო „ოცნებას“ რატომ აზეიმეს? საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას რატომ არ დაუძახეს? ან, იქნებ, მხოლოდ სოლოლაკის რძის ქარხანაა ევროსაბჭოში შესული და დანარჩენი საქართველო _ არა.
_ სოლოლაკის რძის ქარხანა რამე სიახლეა და არ ვიცით?
_ ივანიშვილის შუშის სასახლეს ვეძახი ასე, ვიზუალურად რძის ქარხანას წააგავს ძალიან. საქართველო ევროსაბჭოს წევრია და ეს ზეიმი ევროსაბჭოს თუ ეხებოდა, მთელი საქართველო უნდა მიეწვიათ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ევროსაბჭოს წევრი საქართველო 20 წლის წინ გახდა და ამაში „ქართულ ოცნებას“ არანაირი წვლილი არ მიუძღვის. მაშინ ეს პარტია, უბრალოდ, არ არსებობდა. არანაირი ზეიმი არ ყოფილა, თავისი მომხრეებიც მოატყუეს. სინამდვილეში, იმიტომ მიიყვანეს რუსთაველზე, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ. პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო კონტრაქცია. სამარცხვინოდ მოიქცა „ქართული ოცნება“ _ ვის გაუგია, ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობდეს. რაოდენობით რომ გვეჯიბრებიან, ეს ხომ საერთოდ სასაცილოა.
_ ისე, ოპოზიციის აქციებმა კობახიძეს აშკარად არგო, აქამდე ოპოზიციის მომხრეები 200 „ნაციონალად“ ეჩვენებოდა ახლა 5-6 ათასამდე აგიყვანათ. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა. მარტო ის რად ღირდა, პარლამენტს რკინის ღობე რომ შემოარტყეს.
_ ეს „ნაცების“ ძახილიც უკვე ამაზრზენი გახდა. 28 პარტია დგას ქუჩაში და ესენი, „ნაცებიო“, გაიძახიან. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ მათთან მთელი ოპოზიციური სპექტრია დაპირისპირებული. „ნაცების“ ძახილით ჩვენი დისკრედიტება უნდათ. ერთ რჩევას მივცემდი: ვიდრე სხვას დაუძახებენ „ნაცებს“, საკუთარ რიგებს გადახედონ და დაითვალონ, რამდენი პორტირებული „ნაცი“ ჰყავთ. დათვლა არჩილ თალაკვაძიდან დაიწყონ.
იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, რომ ზოგჯერ მგონია, თავადაც ვერ ხვდებიან, თუ რა სისულელეს ამბობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი რამე როგორ უნდა თქვან? „ოცნებაში“ პოლიტიკოსები რომ არ არიან, ვიცი. ივანიშვილმა თავის გუნდში არსაიდან მოსული ხალხი შეყარა. დღეს ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული სისტემა. ასეთი სისტემა კი მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და ჯიბეზე ზრუნავს. ივანიშვილის მიერ არსაიდან მოყვანილი ხალხიც ჯიბეების გასქელებაზეა ორიენტირებული. პოლიტიკოსები კი იმაზე ფიქრობენ, თუ რას იტყვის ისტორია და ხალხი მათზე. საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მათაც გამოიყენონ ბოროტად, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსისთვის მთავარი საზრუნავი მაინც ისაა, თუ რას იტყვიან მომავალში მასზე.
_ გასულ კვირას კი მოახდინა ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირება, მაგრამ ეს თავად „ოცნებასაც“ ვეღარ აძლიერებს. როგორც ამბობენ, მმართველ გუნდში დიდი განხეთქილება მწიფდება და გამორიცხული არაა, ერთი ჯგუფი გამოეყოს „ოცნებას“.
_ შიგნით ძალიან შავად აქვთ საქმე. მგონია, შევარდნაძის დრო მეორდება, მაშინ „მოქალაქეთა კავშირის“ შიგნითაც გაჩნდა ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ და ზურაბ ჟვანიას პარტია მოქკავშირის განაყოფები იყვნენ. „ქართული ოცნების“ წიაღშიც მოხდება ასეთი რამე. ოღონდ ჯერ ვერ გეტყვით, ეს ბუნებრივად მოხდება, თუ ამას ივანიშვილი ხელოვნურად გააკეთებს. რაღაც ინფორმაციები კი მაქვს, მაგრამ სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, კატეგორიულად ვერაფერს დავამტკიცებ. წლების წინათ ივანიშვილს თავად აქვს ნათქვამი, რომ საჭირო თუ გახდებოდა, თავად შექმნიდა ოპოზიციას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპონირებას გაუწევდა. ამიტომ მგონია, რომ ის ხელოვნურად შექმნის „ოცნების“ წიაღში ოპოზიციურ ძალას, რომელიც მის მიერ კონტროლირებადი იქნება.
სერიოზული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა გუნდიდან ზვიად ძიძიგურის წამოსვლა. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ადრე გრძნობს, სად თბილა და სად იპოვის თავის ადგილს.
„ოცნებიდან“ წამოსულების ნაწილი აცხადებს, რომ კონსტრუქციულ ოპოზიციად გადავიქცევითო. ამტკიცებენ, რომ საქართველოს დღეს სწორედ ასეთი ოპოზიცია სჭირდება. მე კი მიმაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში კონსტრუქციულობისა და თქვენობით ლაპარაკის ადგილის და დრო არ არის. ისინი კონსტიტუციას გვახევენ თავზე და ჩვენ თალაკვაძეს თქვენო კეთილშობილებავ, მივმართოთ, თუ კობახიძეს ვუთხრათ, _ თქვენო ღირსებავ?! ბოდიში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მარჩენლად ვერ მოვიხსენიებთ.
_ ოპოზიცია ვერ მოიხსენიებს, მაგრამ „ოცნებისთვის“ მამაც არის და _ მარჩენალიც.
_ მამამარჩენალი რომ არის, მაგიტომაც ეძახიან მბრძანებელს და არის კიდევაც მათი მბრძანებელი. ჩვენთვის ის არ არის მბრძანებელი და არც ის გვინდა, რომ ქვეყნის მბრძანებელი იყოს. ოპოზიცია რადიკალურ პროტესტზე გადავიდა. ასე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება არ დათმობს.
ამდენი ინიციატივის შემოგდება რაღაც თამაშის ნაწილი მგონია. რაღაცას გაითამაშებენ და მერე ისე გამოიყვანენ, რომ თითქოს ოპოზიციასთან დათმობაზე წავლენ. მადლობასაც მოგვთხოვენ. მიჭირს იმის გაგება, რა ჩაიფიქრეს. ხუნდაძე რომ გახდება პირველი ხმა, ის პარტია სერიოზულად როგორ უნდა აღიქვა? ის ხომ საერთოდ ზღაპარია, ხუნდაძემ ივანიშვილს რომ არ დაუჯეროს, ან კახა ოქრიაშვილმა გაუწია ოლიგარქს წინააღმდეგობა.
_ კახა ოქრიაშვილი ცოტა საეჭვოდ იქცევა. მან დმანისში ჩასულ ოპოზიციას ზონდერების ნაცვლად ბილბორდი დაახვედრა, სადაც ეწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო. ოქრიაშვილი ამ ბილბორდს ისე არ გამოფენდა, რაღაცა რომ არ გაეთვალა.
_ კახა ოქრიაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია და იცის, რომ ჯიკაობა და ჭიდაობა მისთვისვე იქნება დამაზიანებელი. მის ფონზე ნამდვილი ველურივით გამოჩნდა ხუნდაძე. მცხეთაში ჩასულ ახალგაზრდებს აგრესიული ზონდერები დაახვედრა და სასტიკად აცემინა ისინი. ამის გარდა, ოქრიაშვილს შესანიშნავი ალღო აქვს და კარგად იცის, საით უნდა ისკუპოს. ალბათ რაღაც იგრძნო და სამომავლოდ თადარიგი დაიჭირა.
_ ზემოთ თქვით, რომ ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია და ბევრ უცნაურობას აკეთებსო. ამ უცნაურობებში თავად აიხლართებიან, თუ ოპოზიციას ახლართავენ?
_ დიდი ხანი ვიყავი ჟურნალისტიკაში და ბევრი რამე ვნახე. თუ ჩემი ჟურნალისტური და პოლიტიკური ალღო არ მღალატობს, „ქართული ოცნება“ დამთავრებულია. ახლა დროს წელავენ, რომ რაც შეიძლება, დიდხანს გაძლონ ხელისუფლებაში. გადატრიალებას არავის მოვუწყობთ, მაგრამ მოსვენება რომ არ ექნებათ, ამას უკვე მიხვდნენ. მათთვისვე აჯობებს, ადრე დაიხურონ ქუდები და ადრე ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. ჩვენმა ბრძოლამ უკვე მიაღწია შედეგს.
_ რა შედეგს მიაღწიეთ? ხელისუფლებას ჯერ არაფერი დაუთმია…
_ ყველაფერი წინ არის. მიზნის მიღწევაში დასავლეთის გააქტიურებას ვგულისხმობ. ამ ოლიგარქიული ხელისუფლებით დასავლეთიც შეწუხდა.
ბიძინა ივანიშვილს ტყუილად აქვს კონსტიტუციის იმედი, რომელიც საკუთარ ტანზე მოირგო. წლების წინათ ასე მოიქცა მიხეილ სააკაშვილიც, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩენა ვერ შეძლო. ივანიშვილსაც მალე შემოეხევა საკუთარ ტანზე მორგებული კონსტიტუცია.
_

შორენა მარსაგიშვილი