შაქრო ტერტერაშვილი: „ამ ქვეყანაში ბედნიერი მხოლოდ ბიძინას ზებრაა“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ, ერეკლე კუხიანიძემ, ბოლო დღეებში საზოგადოება რამდენჯერმე ჩააგდო შოკში. ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის ლანძღვით გულნაჯერებ მეოცნებეს საზოგადოებისგან სერიოზული რისხვა დაატყდა თავს. როდესაც „ტვ პირველის“ ეთერში მივიდა, ყველას ეგონა, რომ ბოდიშს მოიხდიდა და სინანულს გამოთქვამდა. ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს კი მოუხადა ბოდიში, სამაგიეროდ ის ხალხი არ დააყენა საფლავში, ვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უბრძოლია. ამას რომ კაცმა დაუჯეროს, 9 აპრილიც ამაო იყო _ საბჭოთა კავშირი ისედაც დაიშლებოდაო.

კუხიანიძე ისე არის აჭრილი, რომ მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებით არ შემოიფარგლა და უფრო შორს წავიდა. ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, „ენკავედეს“ მისიის შემსრულებლად გამოაცხადა, რითაც საზოგადოება სულ გადარია. განსაკუთრებით ქაქუცას თანასოფლელები აღშფოთდნენ. როგორც „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა უთხრა, მატნელებმა ისეთი სიტყვებით მოიხსენიეს კუხიანიძე, რასაც აქამდე არ იყენებდნენ. ჩვენი რესპონდენტიც მატნელია და, ალბათ, მასაც სურდა თანასოფლელების მსგავსად გამოეხატა ლაღი კახურ-მატნური პროტესტი, მაგრამ ჩვენც და მკითხველსაც პატივი გვცა. შეძლებისდაგვარად, კორექტულად დაგმო კუხიანიძე და მისი პოლიტიკური საძმო.

რატომ ებრძვიან ეროვნულ გმირებს? რატომ უკლავენ ახალგაზრდებს სამშობლოსთვის ბრძოლის სურვილს? რას ფიქრობენ კახეთში „ქართული ოცნების“ გამოხტომებზე? რატომ გაიქცა კუხიანიძე ე. წ. საზღვრისკენ? რატომ არის ამ ქვეყანაში ბედნიერი მხოლოდ ივანიშვილის ზებრა? _ ამის შესახებ შაქრო ტერტერაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო შაქრო, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც არ მოასვენა და განაცხადა, რომ „ენკავედემ“ (нквд-НАРОДНЫЙ КОМИССАРИАТ ВНУТРЕННИХ ДЕЛ, _ რედ.) ქართული გენის გასანადგურებლად გამოიყენაო. ქაქუცასგან რაღა უნდოდა?
_ რასაც ეგ კაცი აკეთებს, ერთი მხრივ, ეგ არის მავნებლობა და მეორე მხრივ, ეროვნული გმირების შეურაცხყოფა. არ გეგონოთ, რომ გმირების შეურაცხყოფა ისე ხდება. ამას თავისი მიზანი აქვს _ უნდათ, ახალგაზრდა თაობას შთააგონონ, რომ ქვეყნისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა არაფერს ნიშნავს. ამ ბატონმა ის არ იკმარა, რომ ტყვედ ჩავარდნილ ექიმსა და მის ოჯახს აგინა, გარდაცვლილ გმირებსაც გადასწვდა. ტყუილად არ გითხარით, რომ საქმე გვაქვს მავნებლობასთან. რასაც ეგ აკეთებს, ამას ჰქვია მიზანმიმართული მავნებლობა.
შეცდომა ვის არ მოსვლია და ემოციურ ფონზე ბევრს უთქვამს ისეთი რამე, რაც მერე უნანია, მაგრამ ბოდიში მოუხდია. ამან ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ იქვე ისეთები დაამატა, რომ თავის პარტიასაც უხერხულობა შეუქმნა. ბოლოს მაინც გააგდეს პარტიიდან, მაგრამ რამდენიმე დღე ხომ მოუწიათ მისი დაცვა.
ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოგინდეს იმ ადამიანის დაცვა, რომელმაც პირდაპირ ეთერში, მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა, _ 1989 წლის 9 აპრილს გაღებულ მსხვერპლს ფასი არ აქვსო. არც იმათ მოუწონა საქციელი, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა თავი. ქვეყნის ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ქართველების გენოციდში დასდო ბრალი _ ამტკიცებს, „ენკავედემ“ გამოიყენა ქართული გენოფონდის გასანადგურებლადო. ვერსიის დონეზე მაინც ეთქვა, სულ მტკიცებით ფორმაში ილაპარაკა. მისი შეფასებით, ჩოლოყაშვილი გმირი კი არა, უარყოფითი პერსონაჟია.
წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ ექიმები, სამხედროები, პოლიციელები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლისგან ასეთ რამეს მოისმენდნენ?! როცა ეს განცხადებები გააკეთა, ის ჯერ კიდევ მმართველი პარტიის წევრი იყო. ახალგაზრდებიც და სამხედროებიც იფიქრებენ, _ ვთქვათ და, ტყვედ ჩავვარდით ან სამშობლოს დასაცვად განსაცდელის გადატანა მოგვიწია, რა აზრი აქვს ბრძოლას ან ტკივილის დათმენას, როცა მერე ვიღაც კუხიანიძეები გამოვლენ და გმირობას ვინ ჩივის, მოღალატედ, პროვოკატორად და შანტაჟიორად გამოგვაცხადებენო?
სხვა ქვეყნებში ახალგაზრდებში პატრიოტული განწყობა რომ აამაღლონ, არარსებულ გმირებს იგონებენ. ჩვენ უამრავი გმირი გვყავს. ჩვენი ისტორიაც გმირობის მრავალ მაგალითს ინახავს. იმის მაგივრად, რომ მათი პოპულარიზაცია ხდებოდეს, მიზანმიმართულად ლანძღავენ მათ. ახლა გეკითხებით თქვენც და მკითხველსაც, როცა ეროვნულ გმირებს გვილანძღავენ, ქვეყნისთვის თავგანწირვას ღალატად უთვლიან, რით უნდა იხელმძღვანელონ ახალგაზრდებმა?
_ ერეკლე კუხიანიძემ, ეტყობა, სამანელების (საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტების) შესახებ არაფერი იცის, თორემ მათ ტერორისტებად გამოაცხადებდა. საბჭოთა სისტემას რომ აჯანყება მოუწყვეს და 1940 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოითხოვეს, აბა, რა ეგონათ?
_ აქამდე მაგ კაცის განცხადებებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, ისეთ ტალღაზეა, რომ ვეჭვობ, სამანელებს უკვე გამოაცხადებდა ტერორისტებად. მიცვალებულებსა და მათ სახელს კუხიანიძე ვერაფერს დააკლებს, ვერც ოპოზიციას დააზარალებს, მაგრამ ტყვედ ჩავარდნილ და განსაცდელში მყოფ ადამიანს შეიძლება, ძალიან გაურთულოს ისედაც მძიმე მდგომარეობა. მართალია, ბოლოს გარიცხეს, მაგრამ მანამდე დედაქალაქის საკრებულოში ხელისუფლებამ საშინელი რაღაცები გააკეთა იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო კაცი ოპოზიციისგან და ხალხისგან დაეცვა.
„ქართული ოცნება“ ნორმალური პარტია რომ ყოფილიყო, როგორც კი ვაჟა ექიმზე ეს სიბინძურეები დაწერა, დაიბარებდა და ეტყოდა, _ სანამ ამას ხმაური მოყვება, ქუდი დაიხურე და თბილად და რბილად წადი სახლშიო. ეს იქნებოდა სწორი რეაქცია. ეტყობა, იმედი ჰქონდათ, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა თემაზე გადაერთვებოდა და კუხიანიძის გამოხტომებს ყველა მიივიწყებდა. ხალხს არ მიავიწყდა და არც დაავიწყდება. ვერც კუხიანიძისა და ვერც სხვების ლანძღვა ქაქუცასა და 9 აპრილს დახოცილებს ვერაფერს დააკლებს, „ქართულ ოცნებას“ კი ამით ბევრი დააკლდა. კუხიანიძეს რაც შეეხება, მან სამარცხვინო ქართველების გვერდით საპატიო ადგილი დაიკავა. „ოცნება“ იმდენი ხანი იცავდა ამ მავნებელს, რომ თავადაც დაიმკვიდრა ადგილი სამარცხვინოთა სიაში. ჩვენ, ოპოზიცია, შეიძლება პოლიტიკურად ანგაჟირებულები ვართ და რაღაცას ზედმეტს ვამბობთ, მაგრამ ხალხი ხომ ბრძენია. გლეხები სოფელში დგანან და ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ ამ სამარცხვინო კაცს, ცხოვრებაში რომ არ უთქვამთ.
_ ყველაზე მეტად მაინტერესებს, მატანში როგორ შეხვდნენ ქაქუცას ლანძღვას? მატნელებს ძალიან უყვართ თავიანთი გმირი! დაახლოებით კი ვხვდები, რა რეაქციებიც იქნებოდა, მაგრამ ჯობია, თქვენ გვითხრათ.
_ მატანი ძალიან გაბრაზებულია. ისეთი ადამიანებიც კი აგინებენ ამ სამარცხვინო კაცს, რომლებისგანაც ერთი უკმეხი სიტყვაც კი არ მომისმენია ცხოვრებაში. თუკი რაიმე სკაბრეზული გამონათქვამი არსებობს, ყველაფერს იყენებენ, ყველა კონტექსტში მოიხსენიებენ ამ ადამიანს.
_ წარმომიდგენია, რა გინების კორიანტელი დადგებოდა მატანში.
_ აბა, რა! ჩვენ ხო გულიანი ხალხი ვართ.
_ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად მავნებლობს და მას უნდა, რომ ხალხს სამშობლოსთვის თავგანწირვის მოტივაცია დაუკარგოს. ეს აშკარაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ აკეთებს ამას? ივანიშვილს უნდა, საზოგადოება იმ მასად გადააქციოს, რომელიც მას მადლობას გადაუხდის, საზღვარგარეთ რომ გააგზავნის სამუშაოდ?
_ ივანიშვილს უყვარს მონები და გარშემო სულ ასეთი ხალხი ჰყავს. რაც არ უნდა უბრძანოს, ყველაფერს შეუსრულებენ. დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები მისი მონები ვიყოთ. გადაწყვიტა, თავად სახელმწიფოც მონის როლში ჰყავდეს. იმდენად უნამუსოები არიან, გვეუბნებიან, _ რა საჭირო იყო დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვა, საბჭოთა კავშირი ისედაც დაიშლებოდაო.
_ 9 აპრილიც რაღაც ცუდად დაადგათ გულზე. იური მეჩითოვი, რომელიც მათი მინისტრის მოადგილე იყო, ამბობდა, 9 აპრილს რუს „სალდათებს“ ქართველები ნიჩბებით არ აუჩეხავთ, ჭყლეტის დროს დაიღუპნენო. არც ლევან ვასაძეა ბიძინასგან და „ოცნებისგან“ შორს და ცალკე ის გაიძახის, რა საჭირო იყო ეს მსხვერპლიო. არ გამიკვირდება, რუსების გენოციდში თუ დაადანაშაულებენ 9 აპრილს დაღუპულებს.
_ ამის მცდელობა აქვთ, მაგრამ იმედები უნდა გავუცრუო _ ამ ოცნებას ასრულება არ უწერია. კუხიანიძე ამტკიცებს, რომ 9 აპრილს ტყუილად დაიღუპა ის ხალხი, რადგან საბჭოთა კავშირი ისედაც დაიშლებოდაო, ანუ ეს არაფერი იყოო. ამას რომ ამბობდა, ძალიან დამაჯერებელი სახით იყურებოდა. ეს სიბინძურე რომ დაამთავრა, საკუთარი თავის ქება დაიწყო, ამბობდა, ბევრი რამე გამიკეთებიაო. არ გაინტერესებთ, რაზე იქებდა თავს? ძალიან მაგარი და გაუგონარი ამბავია: წლების წინათ თეთრი წყაროში გაუგზავნიათ გამგებლის მოადგილედ. როგორც თავად ამბობს, იქ რაღაც ფურცლები დაურიგებია ხალხისთვის, რომ მრჩეველთა საბჭო აერჩიათ. არც მეტი-არც ნაკლები, ამ ფურცლების დარიგებას უთვლის საკუთარ თავს დიდი საქმის კეთებად. ფურცლების დარიგება და არაფრისმომცემი მრჩეველთა საბჭოს არჩევა ყოფილა საერო საქმე და ხალხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე რომ შესწირა, ეგ _ არაფერი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა მუხლჩაუხრელად და საბოლოოდ, ემიგრაციაში ამოხდა სული. ფურცლების დამრიგებელი კაცის აზრით, ის „ენკავედეს“ დავალებების შემსრულებელი იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი გადის როკსა და ფსოუზე, პროვოკატორი ყოფილა. ამათ, თურმე, პატივი არ უნდა მივაგოთ და კუხიანიძე, თეთრი წყაროში ფურცლების დარიგების გამო უნდა გვყავდეს თბილისის საკრებულოში წამოჭიმული.
_ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინაპრები ერთად იყვნენ ემიგრაციაში. ქაქუცას გმობაზე მას ხმა არ ამოუღია. გოგა ხაინდრავას რომ ვკითხოთ, ასეთი დესპანი საქართველოს არ ჰყოლია. თქვენი აზრით, მართლა ასეთი მაგარი დესპანია და რით ხსნით მის დუმილს ქაქუცას ლანძღვაზე?
_ გოგა ხაინდრავამ თქვა ის, რაც გოგა ხაინდრავას უნდა ეთქვა. ქაქუცაზე სალომესგან არანაირ რეაგირებას არ ველოდი. როდის იყო, ეგ გმირებს იცავდა? მისი დუმილი არ გამკვირვებია. პროტესტი რომ გამოეხატა, ეგ უფრო გამაკვირვებდა. ასე მგონია, რომ ივანიშვილი, ხაინდრავა, კუხიანიძე, მდინარაძე, ვოლსკი და სხვა მეოცნებეები კარგად ორგანიზებული მავნებლთა ჯგუფის წევრები არიან. ეს ჯგუფი ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა, გალანძღოს სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები, გააკეთოს ყველაფერი, რასაც ბატონი ბიძინა უბრძანებს. ამ ჯგუფისთვის სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო დესპანი იქნება. მოღალატეები და მავნებლები მასზე უკეთეს დესპანს ვერც ინატრებდნენ, ქალს პრეზიდენტი ჰქვია და საჯაროდ გაიძახის, ჯარი ჩვენ არ გვყავს, შეირაღება არ გვაქვს და არც გვექნებაო.
_ იმასაც ნუ დავუკარგავთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს რომ აბრალებს.
_ მაგიტომ გეუბნებით, მავნებელთა ჯგუფის საუკეთესო დესპანია-მეთქი. მეტი როგორღა დაგვიმტკიცოს, რასაც წარმოადგენს?! _ ქვეყანა შიმშილობს და სარეზერვო ფონდიდან ფული იმისთვის დახარჯა, რომ რუსული ანტიკვარებით მოეწყო პრეზიდენტის სასახლე. იმ დღეს, როცა რუსთაველზე ახალგაზრდების აქცია დაარბიეს, წავიდა და სალობიეში დაჯდა ლობიოს საჭმელად. მას საერთოდ არ ადარდებდა ახალგაზრდების ბედი. ის ხომ ზეპარტიული პრეზიდენტია, როგორც ამას ხშირად გვეუბნება თავად და „ქართული ოცნებაც“ იმავეს იმეორებს.
ზეპარტიული პრეზიდენტი რომ იყოს და არა ბიძინას რიგითი მონა, რუსთაველზე წავიდოდა და ახალგაზრდებს დაუდგებოდა გვერდით. მათ აზრს თუ არ გაიზიარებდა, მოისმენდა მაინც. ის ხომ ყველას პრეზიდენტია. ამის მაგივრად, წავიდა და ლობიო ჭამა. ეს უკვე ძალიან მძიმე დიაგნოზია. ძალიან კი გავბრაზდი ამ ამბავზე, მაგრამ მერე ჯარზე გაკეთებული განცხადებები რომ მოვისმინე, ვთქვი, _ ჯობია, მაგ ქალმა ისევ ლობიო ჭამოს, ოღონდ განცხადებები არ გააკეთო-მეთქი.
გიორგი გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, ხომ გახსოვთ. ერთ ამბავი ატეხა მაშინ ხელისუფლებამ. განცხადებები განცხადებებზე გააკეთეს, _ ძალიან ულამაზოა, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რომ იგინებაო. ამ დროს საკრებულოს დეპუტატი ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს რომ აგინებდა, ერთი პროტესტიც არ გამოუხატავთ. ყურში ცუდადაც კი არ მოხვდათ ეს გინება. ხალხს რომ არ აეტეხა ერთი ამბავი, არც კი უსაყვედურებდნენ იმ ვიღაც კუხიანიძეს.
მარტო ამ ამბიდან გამომდინარეც კი შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ოცნება“ მილევად რეჟიმშია. როგორ შეიძლება, იმ პარტიას რაიმე მომავალი ჰქონდეს, რომლის წევრებიც მზად არიან, გალანძღონ ის ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნისთვის თავი აქვს დადებული? ეს ამათთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. სამაგიეროდ, სოსო გოგაშვილია მათთვის გმირი.
_ ეტყობა, გმირობა კუხიანიძესაც მოუნდა და გასულ კვირას საოკუპაციო ზოლისკენ გაიჭრა. ცხინვალში ვაპირებდი გადასვლასო, _ ამტკიცებდა, _ მაგრამ ტყეში დავიბენი და მავთულხლართებში გავიხლართეო. მის ამ ქმედებას როგორ შეაფასებთ?
_ როგორ უნდა შევაფასო? კაცი ჩვეულებრივი „ცირკაჩია“. „ქართული ოცნებიდან“ რომ გარიცხეს, გადაწყვიტა, ახალ როლში შესულიყო. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია, რომ ეს ადამიანი თბილისის საკრებულოს წარმოადგენს.
_ ამბობთ, როლში შევიდაო, მაგრამ რისი ჩვენება უნდოდა? ცოტნე დადიანობა სურდა და ვაჟა გაფრინდაშვილის გვერდით აპირებდა დაჯდომას? მართლა რომ დაეჭირათ ოკუპანტებს, მერე სად მიდიოდა?
_ ჩემი აზრით, იქ მარტო ცირკის მოსაწყობად არ წასულა კუხიანიძე, აშკარად რაღაც დავალებას ასრულებდა. მან წინასწარ იცოდა, თუ რა ტერიტორიაზე არ უნდა გადასულიყო და თუ გადავიდოდა, მას არავინ დააკავებდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ცხინვალსა და აფხაზეთში პრობლემები გვაქვს. საოკუპაციო ზოლთან სულ რაღაც ხდება. არ მახსოვს შემთხვევა, ოდესმე იქ კუხიანიძე გამოჩენილიყო. მის შესახებაც კი მას შემდეგ გავიგე, რაც ვაჟა ექიმს აგინა. მაგ კაცს არც აფხაზეთი ანაღვლებს და არც _ ცხინვალი. მაგიტომ მაქვს ეჭვი, რომ კონფლიქტის ზონაში რაღაც სპექტაკლის დასადგმელად ჩავიდა.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო იცით, რა იყო? _ კაცი იმისთვის წავიდა, რომ ცხინვალში გადავალო და თურმე გზა ვერ გააგნო და დაიკარგა. ამტკიცებს, მავთულხლართებში გავიხლართე და ამიტომ დავბრუნდი უკანო.
_ იქნებ, მართლა აებნა გზა? რატომ არ გინდათ ამ ვერსიის დაშვება?
_ მაგ ვერსიას, მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, ვერ დავუშვებ. ტელევიზიით რომ გამოვიდა, ლამის ყველა თემაზე ისაუბრა, ამტკიცებდა, რომ ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით ინფორმირებული იყო. აქ რომ ყველაფერი მოათავა, სამი საუკუნის წინანდელ საქართველოს გადასწვდა. იმ დროშიც ყველაფერი იცოდა და ამ კაცმა გზას ვერ გააგნო. სხვა თუ არაფერი, ტელეფონი ხომ მაინც აქვს? ტელეფონში დაგუგლავდა და რუკას ნახავდა. ამ რუკის მიხედვით იპოვიდა გზას. დღეს გზის გაგნება უკვე პრობლემა აღარ არის. ასე ძალიან თუ უნდოდა გადასვლა, იქაურებს შეეკითხებოდა და ის ხალხი სიხარულით მიაცილებდა ოკუპანტების მიერ აღმართულ ე. წ. საზღვართან. არანაირ მავთულხლართებში არ ახლართულა, იტყუება. საკუთარ უსირცხვილობაშია ახლართული და აღარ იცის, როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.
ეს ხომ „ოცნების“ სტილია, ჩაიდენენ რაღაც საშინელებას და მერე ამის გადასაფარად ათას სისულელეს მიმართავენ. არც „ცირკაჩობის“ რცხვენიათ უკვე. კუხიანიძემაც მაგიტომ მოაწყო ეს ცირკი. ეგონათ, ამით დაავიწყდებოდა ხალხს, რაც მაგან იკადრა, მაგრამ ეს არავის დაავიწყდება.
_ დავიწყებით არავის დაავიწყდება, მაგრამ ეს ამბავი ძალიან სამწუხარო ფაქტმა გადაფარა. მოზარდი, რომელიც პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა. ამ საშინელ ტრაგედიაზეც კი საოცარი რეაქცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ამაზე რას იტყვით? როდემდე უნდა იშვერდნენ სხვისკენ ხელს?
_ არც ეს ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი. „ქართულ ოცნებას“ თავისი ჩადენილი დანაშაულისა თუ შეცდომის სხვისთვის გადაბრალების საოცარი უნარი აქვს. ნებისმიერი ამბავი შეიძლება სხვას დააბრალონ.
აქამდე ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდნენ, ბავშვის თვითმკვლელობის მთლად ჩვენზე გადაბრალება არ გამოვიდოდა, ამიტომაც ისრები სკოლისკენ მიმართეს. ამ ამბავმა 2015 წელს ვერის ხეობაში დატრიალებული ტრაგედია გამახსენა. მაშინ მთავარ დამნაშავედ ლამის ზოოპარკის დირექტორი გამოაცხადეს. მოგეხსენებათ, რომ იმ დღეებში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. ხელისუფლება ამტკიცებდა, ზოოპარკის დირექტორმა ვერ დათვალა კარგად თავისი ცხოველები და მაგიტომ დატრიალდა ეს ტრაგედიაო. სიტყვა არავის დასცდენია იმაზე, რომ ეს ვეფხვი იმ ტერიტორიაზე იყო დამალული, რომელიც ჯუნგლებად ივანიშვილმა აქცია. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მიისაკუთრა, აუზებიც დაკეტა და იქაურობა გაუვალ ადგილად აქცია. იქ იყო ვეფხვი დამალული, მის დადანაშაულებას ვინ გაბედავდა და ყველაფერი ზოოპარკის დირექტორს დააბრალეს.
ეს ადამიანი დააპატიმრეს კიდევაც, მაგრამ როგორც კი საზოგადოებაში მწვავე პროტესტი დაინახეს, მაშინვე გაათავისუფლეს. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მალევე მიუცუცქდა მას ღარიბაშვილი, რომელიც მაშინ ქვეყნის პრემიერი იყო. ახლა სკოლისკენ ხელის გაშვერა იგივეა. ვერის ხეობაში ადამიანები მოვარდნილმა წყალმა დაახრჩო, ესენი კი ზოოპარკის დირექტორს დასდევდნენ. არავისთვის არ მოუთხოვიათ პასუხი იმაზე, თუ რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენები. მათი დახმარებით იმ ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა.
ახლაც ასეა, _ 15 წლის ბავშვი პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ გადმოხტა მეცხრე სართულიდან და სკოლისკენ იშვერენ ხელს. ეს ხომ სამარცხვინოა! ასეთი რამის კადრება მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეუძლია.
_ სკოლას იმიტომ ადანაშაულებენ, რომ მათ გამოიძახეს პატრული…
_ აბა, სკოლას რა უნდა ექნა? მათ ხომ თავიდან არ იცოდნენ, რომ იქ წარწერები ამ ბავშვმა გააკეთა? იქნებ, მანიაკი იყო? როდესაც დანაშაული ხდება, ვის უნდა დაურეკო, თუ არა პოლიციას? ეს ჩვეულებრივი ამბავია.
_ „ოცნებაში“ ამბობენ, ამის მოგვარება პოლიციის გარეშეც შეიძლებოდაო?
_ პოლიციის გარეშე როგორ შეიძლებოდა ამის მოგვარება? ვთქვათ, ერთხელ არ ამოიღეს ამაზე ხმა, მეორედ რომ შესულიყო ვიღაც და სკოლიდან კომპიუტერები წაიღო, ხომ დაიჭერდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დანაშაულის დამალვის გამო? სასურველი იქნებოდა, ეს ამბავი სხვანაირად მოგვარებულიყო, მაგრამ ტრაგედია მოხდა და ხელისუფლებამ აიღოს საკუთარ თავზე მომხდარი დანაშაულის სიმძიმე. იმას ხომ ვერავინ უარყოფს, რომ ეს ბავშვი მეცხრე სართულიდან მას შემდეგ გადმოხტა, რაც მასზე პოლიციამ ძალადობა განახორციელა?
_ გია ვოლსკი ღაღადებს, სკოლა იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ რატომ უნდა ვარჩიოთ მტყუან-მართალიო?
_ გია ვოლსკი იმიტომ არის გია ვოლსკი, რომ ასეთი რამეები უნდა თქვას. არც ვოლსკისა და არც ბიძინას არ გამოუვათ სკოლაზე ხელების შეწმენდა. სისტემამ მოკლა ეს ბავშვი და სისტემამ უნდა აგოს პასუხი. სისტემასთან ერთად ივანიშვილიც ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. მან მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. აქ ადამიანებს სიცოცხლე აღარ უხარიათ. ყველა დათრგუნული და გაუბედურებულია. ერთადერთი, ვინც ამ ქვეყანაში ბედნიერია, ბიძინას ზებრაა. ისიც იმიტომ, რომ არ ესმის, რა ხდება ქვეყანაში, თორემ ისიც უბედური იქნებოდა.
_ აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ გულზე არ გეხატებათ, მაგრამ რაკი ახალი წლები მოდის, რა რჩევას მისცემდით მას?
_ „ქართულ ოცნებას“ რა რჩევა უნდა მისცეს კაცმა?! _ დაწყევლილები არიან! ებრაული წყევლა არის: არც შენი გესმოდეს და არც სხვისი გაგეგონებოდესო. ეს წყევლა სჭირთ მაგათ. რა შეცდომებიც ჩვენ დავუშვით, იგივეს იმეორებენ და უმატებენ. გამოსავალი ერთია: ხელისუფლებას უნდა მოშორდნენ! ეს მათთვისაც კარგი იქნება და _ ქვეყნისთვისაც.

შორენა მარსაგიშვილი