ოთარ კვირიკაშვილი: „ირაკლი კობახიძე ბოროტი რობოტია“

„ქართულ ოცნებას“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გულზე დაადგა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად დაიწყეს მისი ლანძღვა. კამპანია თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ გახსნა. ადამიანი, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს აგინებდა კუხიანიძე მხოლოდ იმიტომ არის სიბრაზისგან ჭკუიდან გადასული, რომ ვაჟა ექიმი ამბობს, საქართველოს საზღვარი ფსოუზე და როკის გვირაბთან გადისო. კუხიანიძის უღირსს განცხადებას საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. საკრებულოს წევრი ვერც ამან დააოკა და მისი ნათქვამით აღშფოთებულ ხალხს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა.
„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის გაშავების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ამ ოპერაციას სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა განკვეთილი გოგაშვილი ბინძური დავალებების შესასრულებლად დააბრუნა.

რატომ ებრძვის ხელისუფლება თავისუფალ ადამიანებს? რისთვის მზადდება ნიადაგი? რა აღარ უშველის ივანიშვილს? რატომ არ აქვს ირაკლი კობახიძეს ხმის ამოღების უფლება? რა აჩვენა 14 დეკემბერს გამართულმა კონტრაქციამ? _ ამ თემებზე ოთარ კვირიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოთარ, ხელისუფლებამ ღიად დაიწყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ლანძღვა. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, მას პროვოკატორი უწოდა. ექიმის ლანძღვაში სხვა ჩინოსნებიც ჩაერთნენ. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ ამ ბინძური კამპანიის უკან სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დგას. ბინძური საქმეების კეთება ამ კაცს კარგად გამოსდის და ამიტომაც მას მიაბარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გაშავების საქმე.
_ რაში აწყობს ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გაშავება?
_ როგორ არ აწყობს?! _ ჩვენი ქვეყანა ხომ თავიდან ბოლომდე რუსულ რელსებზე გადაიყვანეს! ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ინკუბატორის წიწილებს დაამსგავსოს. ისინი არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მათ არც თავისუფლებისკენ სწრაფვა უნდა ჰქონდეთ, არც ღირსება უნდა გააჩნდეთ და არც სამშობლო უყვარდეთ. ამ ვითარებაში ვაჟა ექიმი გამოჩნდა, როგორც ერთი ნათელი წერტილი. ასეთი ადამიანები ხშირად ცვლიან ხოლმე ერის ცნობიერებას. „ოცნების“ კომუნისტურ რეჟიმს ასეთი ადამიანები არ აწყობს. არ უნდა, რომ ხალხი თავისუფალ ადამიანებს აჰყვეს. ამიტომაც გადაწყვიტეს მისი გაშავება. ასეთ რამეებს აკეთებდნენ კომუნისტები.
განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს საბჭოთა კავშირის დროს გიჟებად და არანორმალურებად ნათლავდნენ. მაგალითად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, გიჟებს ეძახოდნენ. ვაჟა გაფრინდაშვილს გიჟს ვერ დაუძახებენ, რადგან მას ყველა იცნობს. სამაგიეროდ, პროვოკატორი დაარქვეს. ამ ადამიანის გაშავების საქმე, როგორც უკვე გითხარით, ყველაზე ბინძურ ადამიანს, სოსო გოგაშვილს მიანდეს.
_ ეს ადამიანი მოკვეთილი არ ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს?
_ მოკვეთილი არ იყო, გადამალული ჰყავდათ. ეტყობა, რაღაცისთვის გადაინახეს. ახლა „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს, ფაქტობრივად, თავის გადარჩენისთვის იბრძვის. გადამალული სოსო გოგაშვილიც გამოიყვანეს ასპარეზზე. თან მარტო კი არ გამოუშვეს, შვილთან ერთად არის უკვე. აქამდე ის სიბინძურეებს შეფარულად აკეთებდა, ახლა უკვე ღია მოქმედებაზე გადავიდა. ერეკლე კუხიანიძის საზიზღარ პოსტს თუ წავიკითხავთ და მის ქვევით კომენტარებს ჩავყვებით, ნომრიან აგენტებს ვნახავთ. „ოცნებისა“ და გოგაშვილის აგენტები სულ იქ არიან, ყველა გაიშიფრა. ეს ადამიანები ამხნევებენ კუხიანიძეს და ლანძღავენ ვაჟა გაფრინდაშვილს. კომენტარებში სოსო გოგაშვილიც აქტიურობს.
წარმოიდგინეთ, ირანმა მოიტაცოს ისრაელის მოქალაქე და ის ტყვეობაში ჰყავდეს. ამის გამო ქნესეთის წევრმა გატაცებული მოქალაქე გალანძღოს და მისი ოჯახი გააკრიტიკოს და ეს მოსადის თანამშრომელმა მოიწონოს. ასეთი რამე გამორიცხულია, მაგრამ თუ მოხდებოდა, ამას ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვებოდა. ასეც უნდა იყოს. ისრაელივით უნდა მოიქცეს ყველა, ვისაც თავისი სახელმწიფო უყვარს. ჩვენთან კი ხომ ხედავთ, რა ხდება. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აშავებს ადამიანს, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაშია, თან კიდევ რაღაცებს მიედმოედება, სტიქაროსანი ვარო.
_ ეს სტიქაროსნობით მარიაჟობა რა არის? ბევრი იწონებს ამით თავს და ხალხს ზემოდან უყურებს.
_ არც არაფერია. მით უმეტეს, ახლა, როცა ყველამ ვიცით, რომ ამ სტიქაროსნობას ძალიან ხშირად აფარებენ თავს ბანდიტები, ყაჩაღები და ათასი უბედურების მომტანი ხალხი. ასეთი სტიქაროსანია გოგაშვილიც. ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო კომუნისტურ რელსებზე გადავიდეს. „ოცნების“ წევრები კომუნისტებისგან უკვე არაფრით განსხვავდებიან. ვაჟა გაფრინდაშვილის გაშავების კამპანიაც ამის დასტურია. ეს ხელისუფლება გაფრინდაშვილს მხოლოდ იმიტომ ერჩის, რომ ის გამორჩეული, ღირსეული ქართველია, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ამ ქვეყანაში ღირსეული ადამიანები იყვნენ. მათ ისეთი ხალხი სჭირდებათ, 14 დეკემბრის აქციაზე რომ ჩამოიყვანეს რეგიონებიდან.
_ გაფრინდაშვილის გაშავების კამპანიამ არჩილ ტატუნაშვილი გამახსენა, რუსები და ოსები კარგა ხნის მანძილზე ამბობდნენ უარს მისი ცხედრის გადმოცემაზე. ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოყვა. ხალხი ხელისუფლებას სთხოვდა, რამე ეღონა. ამ დროს გამოვარდა გოგა ხაინდრავა და თქვა, არ აბრუნებენ ამ ცხედარს და ამის გულისთვის ტანსაცმლიდან ხომ არ ამოვვარდებითო.
_ ეს ამათი სტილია. როდესაც რომელიმე ადამიანის გაშავება უნდათ, პირველ ეტაპზე ასპარეზზე ვიღაც გათახსირებულს გამოაგდებენ და მას ალაპარაკებენ სიბინძურეებს. მერე ამ გათახსირებულს გარეწარი ტროლები დაიცავენ. ტროლები გამგეობისა და საკრებულოების თანამშრომლები არიან. ასე შეამზადებენ ნიადაგს და როცა ნახავენ, რომ საზოგადოების აზრს აჯობეს, მერე უკვე ვიღაც გახარია, ვიღაც წულუკიანი და ვიღაც ხაინდრავა გააკეთებენ განცხადებებს. ახლაც ასე ხდება. ტყუილად კი არ ჰყავთ ასეთი გათახსირებულები გუნდში. ისინი, ფაქტობრივად, კამიკაძე ტერორისტების როლში ჰყავთ.
_ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში საზოგადოებრივ აზრს ვერ აჯობეს, პირუკუ შედეგი მიიღეს.
_ ეს იმიტომ მოხდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია. ის პოლიტიკაში გარეული არ არის და არავის ეჯავრება. პოლიტიკოსები ასეთი ავტორიტეტით არ სარგებლობენ. ვაჟა ექიმის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ არ გაჩერდებიან. მისი გაშავების კამპანია უკვე დაწყებულია.
_ რისთვის სჭირდებათ ამ ადამიანის გაშავება? იმის გადაფარვა უნდათ, რომ საკუთარ მოქალაქეს ვერ უპატრონეს, თუ იმიტომ სჯიან, რომ ადამიანმა თქვა, საქართველოს საზღვარი ფსოუზე და როკის გვირაბთან გადისო?
_ ის არ ადარდებთ, საქართველოს მოქალაქე რომ მიტოვებული ჰყავთ. მათ ის ანერვიულებთ, რომ საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნისთვის თავი დადოს. გადაწყვეტილი აქვთ, ის სამაგალითოდ დასაჯონ, რათა სხვამ ვეღარ გაბედოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. ისიც ანერვიულებთ, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ, ვიღაც ბედავს იმის თქმას, რომ ჩვენი საზღვარი ფსოუზე და როკის გვირაბთან გადის. საქართველოში ხალხი ასე ჯერ კიდევ რომ ფიქრობს, ეს „ოცნებისთვის“ მართლაც სანერვიულოა. ისინი ხომ იმიტომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარი ათქმევინონ. უნდა დაავიწყონ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა.
_ პრეზიდენტად ვინც უზით, ეგ ქალი აცხადებს, რომ აფხაზეთი განგრენაა საქართველოსთვის და უნდა მოვიკვეთოთო.
_ სალომე ზურაბიშვილი ცალკე მოვლენაა. კარგად მახსოვს მისი აქტიურობა სოციალურ ქსელში. ხშირად ვკითხულობდი მის სტატუსებს. წლების წინათ ის ასეთ სისულელეებს არ წერდა და არც ლაპარაკობდა. დარწმუნებული ვარ, ახლა მიზანმიმართულად იშტერებს თავს, ვითომ შეცდომებს უშვებს და ამ ვითომ-ვითომში საქართველოს აზიანებს.
_ საინტერესო რამე გაიხსენეთ. ის ასეთი დამახინჯებული ქართულით მაშინაც კი არ საუბრობდა, მიშამ პარიზიდან რომ ჩამოიყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრად დასვა. 15 წელი არის აქ და წესით, უფრო კარგად უნდა ესწავლა ქართული ენა.
_ მახსოვს მისი ლაპარაკი და ასე არ ამახინჯებდა არც ქართულს და არც აზრებს. საკმარისი იყო ჩამდგარიყო „ქართული ოცნების“ სამსახურში, რომ აურია. ეს ასაკის გამო კი არ მოსვლია, არამედ ივანიშვილისგან აქვს ასეთი დავალება მიღებული. რაც დაავალეს, იმას ასრულებს. ივანიშვილს ხელისუფლებაში მყოფი პირისთვის დავალებული აქვს, რომ ამ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დააკარგვინოს. აშკარაა, რომ „ოცნების“ ლიდერი და ეს პროცესები გარედან იმართება. ისიც აშკარაა, თუ ვინ არის ეს გარე ძალა. ისლანდიასა და გერმანიას ამაში ვერავინ დასდებს ბრალს. ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება არ აწყობს, ეს რუსეთია.
_ ამ ფონზე ძალიან სასაცილო იყო ის წიოკი, რაც „ოცნებამ“ ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლის გამო ატეხა. სამაგიეროდ, გახარიამ უკრაინაში რუსულად რომ გამართა პრესკონფერენცია, ხანგრძლივი ტაში დაუკრეს. მის რუსულ აქცენტზე საერთოდ დაეცნენ.
_ გახარიას რუსულმა აქცენტმა მეც გამაოცა. ქართულადაც ასეთი აქცენტით რომ საუბრობდეს, აქ ძალიან დიდი ფანკლუბი ეყოლებოდა. არც კი ვიცი რატომ შეიცხადეს ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა. მას ღიად აქვს ნათქვამი, რომ დასავლეთსაც უნდა ველაპარაკოთ და _ რუსეთსაცო. ამომრჩეველმა შეაფასოს მისი მოსკოვური ვოიაჟები, მაგრამ „ოცნებას“ ამაზე ხმა ამოსაღები არ აქვს. თავად არიან ქვეყნის მტრები.
_ იმ დროს, როცა ვაჟა ექიმს აშავებენ, ხელისუფლებას ერთი სიტყვითაც კი არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ ოსები ახალგორში ქართველების სახლებში უცხოტომელებს ასახლებენ.
_ ამაზე ხმას არც ამოიღებენ. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი უბედურება იცით, რა არის? ქვეყანა რომ ინგრეოდეს, ხმის ამომღები არავინაა, სანამ ზევიდან არ მიუვათ დირექტივა. „ოცნებას“ ათეულობით ათასი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ სადმე გინახავთ, რომ საქვეყნო საქმეებზე გაეკეთებინოს რომელიმე მათგანს განცხადება? არც მცოცავი ოკუპაცია დაუგმიათ, არც არაფერი.
_ წლებია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაკვირდები და ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ მათ ან აფხაზთა ლიდერი ხაჯიმბა გაეკრიტიკებინოთ, ანდა ცხინვალელების ლიდერი ბიბილოვი. არადა, ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილ ქართველებს ავიწროებს.
_ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ამას როგორ იტყვიან? შეიძლება, ვიღაცას კი უნდა მათი გინება, მაგრამ სანამ დირექტივა არ მოვა, ხმას ვერ ამოიღებენ. „ოცნების“ ლიდერისგან კი ასეთი დირექტივა არასდროს მოუვათ. ის ბიბილოვთან და ხაჯიმბასთან ერთად რუსულ საქმეს აკეთებს. ალბათ, თავადაც არ აქვთ ამის გაპროტესტების სურვილი, თორემ ისინი ისევე წამოვიდოდნენ მმართველი პარტიიდან, როგორც ეს ჩვენ 2014-2015 წლებში გავაკეთეთ. იმის იქით „ოცნებაში“ დარჩნენ ისინი, ვინც უნდა დარჩენილიყო.
_ ახლაც ხომ დაიწყეს ვიღაცებმა მმართველი პარტიიდან წამოსვლა? მათ დემარშზე რას ფიქრობთ?
_ ამას გმირობად ვერ შევაფასებ. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც გემი იძირება, იქიდან პირველები ვირთხები ხტებიან. დავით მათიკაშვილი, ოპოზიცია „მრეცხავ ვარდოს“ რომ ეძახის და ანრი ოხანაშვილი, ხომ კომიკური პერსონაჟები არიან, მაგრამ ისინი ერთგვარ გმირობას სჩადიან, „ოცნებაში“ რომ რჩებიან. არც იმას გამოვრიცხავ, დარჩენილებსაც უნდათ გამოქცევა, მაგრამ ვერ ბედავენ. მოკლედ, ზოგი გარბის და ზოგი რჩება. გაქცეულიც და დარჩენილიც შიშით მოქმედებს. ორივეს თავის გადარჩენის სურვილი ამოძრავებს. მათ არც ქვეყნის განვითარება სურთ და არც დაპირებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. უსამართლობა რომ გაეპროტესტებინათ, 20 ივნისის სისხლიანი ღამის მერე უნდა წამოსულიყვნენ. ამის შემდეგ იქ დარჩნენ და როგორ დავიჯერო ამათი?
_ მათი აზრით, 20 ივნისს არაფერი მომხდარა.
_ მათთვის არაფერი მომხდარა. აბა, ერთი მათი ოჯახის წევრებისთვის დაეთხარათ თვალები, ვნახავდი, როგორ ილაპარაკებდნენ. მათთვის არც სამშობლო არსებობს, არც ადამიანი, ჩვეულებრივი „კაგებეშნიკის“ მენტალობა აქვთ _ არც სისხლი აქვთ, არც ხორცი და მზად არიან, ზევიდან მიღებული ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ. ელემენტებიანი რობოტებივით არიან. რობოტზე, რატომღაც, ირაკლი კობახიძე გამახსენდა. იგი განსაკუთრებულია _ თან რობოტია, თან ბოროტია. ერთი სიტყვით, ბოროტი რობოტია, რომელიც გაუთავებლად საუბრობს წარსულსა და „ნაციონალებზე“. სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა ფოტო, სადაც ირაკლი კობახიძის მამა ჯაბა იოსელიანთან და სხვა პუტჩისტებთან ერთად არის გადაღებული. ოპოზიციას „ნაციონალებს“ გვეძახის ეს ბოროტი რობოტი და თავად პუტჩისტი უზის სახლში, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. კიდევ იმას გვამადლის, გერმანიაში მაქვს განათლება მიღებულიო. მისმა მშობლებმა ეს ქვეყანა გაძარცვეს და რატომ არ გაუშვებდნენ შვილს საზღვარგარეთ სასწავლებლად.
_ გერმანიაში სწავლობდა, მაგრამ მეეჭვება, ეგ ვინმეზე მეტად განათლებული იყოს.
_ არც განათლებულია და არც _ კომპეტენტური. ამის პარალელურად, დაბოღმილია, ყველას ლანძღავს. ამ დროს სახლში უზის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე. ის ასე თავისუფლად ვერ უნდა ბედავდეს სხვის წარსულზე ლაპარაკს. ან ასე ძალიან თუ არ უყვარდა „ნაცები“, ერთხელ როგორ არ დადგა მათ წინააღმდეგ მოწყობილ მიტინგზე? უამრავი მიტიგი გაიმართა სააკაშვილის დროს, მაგრამ იქ კობახიძისთვის თვალი არავის მოუკრავს.
ასეთები კიდევ მრავლად არიან „ოცნებაში“. არანაირი „ნაციონალების“ მოწინააღმდეგეები ეგენი არ არიან, უბრალოდ, ამოიჩემეს „ნაცები“ და უნდათ, ქვეყანაში ორპოლუსიანობა იყოს. ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ „ქოცები“ და „ნაციონალები“ დარჩნენ. ოქრუაშვილიც მაგის გამო უზით ციხეში. იმ დღეს ვიღაცები მეკამათებოდნენ, _ არ არის ოქრუაშვილი ის ფიგურა, ვინც მიშას ან ბიძინას ხმებში აჯობებდაო. მათ ვერ აჯობებდა, მაგრამ ის მესამე ძალა ხდებოდა, რაც ამ ხელისუფლებას პრობლემას შეუქმნიდა. მე ადრეც გითხარით, რომ ბიძინას სამ კაცში კვადრატის თამაში არ შეუძლია.
პროპორციულ წესზე გადასვლაზეც იმიტომ თქვა უარი, რომ უნდა თუ არა, ასე თუ ჩატარდა არჩევნები, რამდენიმე მოთამაშე გამოიკვეთება. მამუკა ხაზარაძე და „ვეროპული საქართველოც“ სერიოზული მოთამაშეები გახდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ვეღარ დაიჭერდა სიტუაციას. ამიტომ იცავს კბილებით მაჟორიტარულ სისტემას. ცდილობს, ამ ქვეყანაში ისევ მხოლოდ ორი ძალა ფიგურირებდეს, რომ მერე იძახოს, მე თუ არ ამირჩევთ, მიშა მოვა და დაგხოცავთო. ამით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.
ყურადღებით ვაკვირდებოდი მისი მომხრეების აქციას, რომელიც 14 დეკემბერს გამართა. ეს ადამიანები, ვინც რუსთაველზე დადგნენ, ხომ გამარჯვებულ პარტიას წარმოადგენდნენ იდეაში და წესით, ამაყად უნდა ჩამოევლოთ, მაგრამ ყველას ძალიან საწყალი და უბედური სახე ჰქონდა. ისედაც უბედურები იყვნენ, ბევრ მათგანს, ალბათ, პურის ფულიც კი არ აქვს. ასეთ ადამიანებს ეუბნება ბიძინა, მე თუ არ ამირჩევთ, მიშა მოვაო. ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს, იმისთვის სულერთი არაა, ბიძინა მოკლავს შიმშილით, თუ მიშა _ თოფით? სულერთია, მაგრამ მაინც ტყუვდება ეს ხალხი. ტყუვდება იმიტომ, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ვინც ხახვსა და კარტოფილს მიუგდებს, იმას აძლევს ხმას.
_ სახეებზე რაკი გაამახვილეთ ყურადღება, ბედნიერი სახეები არც „ოცნების“ ლიდერებს ჰქონიათ.
_ როგორ უნდა ჰქონოდათ ბედნიერი სახეები, არანაირი მუხტი არ ყოფილა მათ აქციაზე. ლიდერებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ, თუ როგორ ჩამოიყვანეს ეს ხალხი თბილისში. კარგად იციან, იქ მიყვანილებშიც რომ ჩაეტარებინათ არჩევნები, იქაც კი 20%-ზე მეტს ვერ აიღებდნენ. ამიტომაც ჰქონდათ ეგეთი სახეები. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ გამართეს ეს აქცია. ისეთი ერთუჯრედიანები არიან, ხშირად საკუთარი ხელით ითხრიან ხოლმე საფლავს. შეიძლება, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ძალის დემონსტრირება მოეხდინათ, მაგრამ იქ იმდენი გაუთვალისწინებელი რამე მოხდა, დარწმუნებული ვარ, ახლა ნანობენ.
_ ირაკლი კობახიძეს სინანულის არაფერი ეტყობოდა. ამაყად განაცხადა, მთელმა ოპოზიციამ 5-6 ათასი ძლივს გამოიყვანა, ჩვენ 100.000-ზე მეტი კაცი გამოვიყვანეთო.
_ არ ვიცი, ვის აგულიანებენ ამით, მაგრამ ის ხალხიც ხომ გადაიკიდეს, ვინც თბილისში ძალით ჩამოიყვანეს. დღეს ნახევარი საქართველო ამ ადამიანებს დასცინის. თბილისში ჩამოყვანილებს საჭმელიც კი არ აჭამეს _ პერაშკებზე გადაატარეს. ეს ბუნებრივია, მათში პროტესტს გამოიწვევს. კაცმა არ იცის, რას იზამენ ისინი არჩევნებზე.
_ ისინი რას იზამენ, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ „ოცნება“ რომ ყველაფერზე წავა, ამაში 20 ივნისსაც დავრწმუნდით.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერზე წავლენ. აშკარაა, არაფრის დათმობას არ აპირებენ. მათ ასეთ დამოკიდებულებას დასავლეთიც ხედავს. სტრუქტურა აღარ დარჩა დასავლეთში, რომ ესენი არ გაეკრიტიკებინა. ამერიკა და ევროპა ყოველდღე აკრიტიკებს „ოცნებას“ და მეტი რანაირად უნდა მიახვედრონ, რომ არჩევნების გაყალბებას აღარ გაუტარებენ, როგორც ეს 2016 წელს და 2018 წელს გაატარეს.
„ოცნება“ ამასაც კარგად აცნობიერებს და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებას. თითქმის ყველას იჭერენ: ოქრუაშვილი ციხეშია. ხაზარაძე და მელია შეიძლება, ყოველ წუთს დაიჭირონ. მგონი, ერთი დათო უსუფაშვილზე არ აქვთ საქმე აღძრული, მაგრამ არ გამიკვირდება, მასაც დააბრალონ რომელიმე მსოფლიო ჩემპიონის ცემა, როგორც გიგი უგულავას.

შორენა მარსაგიშვილი