ლადო ბოჟაძე: „ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ცხოვრება უღირდეთ“

„ამ ცხოვრების დედაც“, _ ეს წარწერა 15 წლის ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის“ კედელზე დატოვა. 15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობა არ მომხდარა. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ეს ტრაგიკული შემთხვევა ზუსტად ასახავს იმ მძიმე რეალობასა და მკვლელ სისტემას, სადაც ცხოვრება გვიწევს. ასეთ დროს ყველანაირი პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება. ფიქრობ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ლუკა სისტემის უკანასკნელი მსხვერპლი აღმოჩნდეს?

როგორ უნდა შევცვალოთ სისტემა? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ? რა როლი აქვს ასეთ დროს სკოლას?
აღნიშნულ თემასა და 2019 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, ძალიან მძიმე თემაა და ეს კონკრეტული შემთხვევა სისტემურ პრობლემას ასახავს. თქვენ სად ხედავთ პრობლემას?
_ პრობლემა უნდა ვეძებოთ ყველგან: საზოგადოებაში, სკოლაში, პოლიციაში, რადგან, სამწუხაროდ, არასრულწლოვნების მხრიდან ხშირია თვითმკვლელობა და ეს ძალიან მძიმე თემაა. ჩვენ, ყველამ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, მათ შორის, ეკლესიამ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ, სკოლამ და ოჯახმა. ეს თემა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნუ შევხედავთ ამ ფაქტს მხოლოდ, როგორც ერთ ტრაგედიას, რადგან მსგავსი ტრაგედიები მანამდეც ვნახეთ, _ ლუკას თვითმკვლელობას მოყვა ასევე სხვა ტრაგედიები. გასაგებია კონკრეტული პიროვნებების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალეულობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა შემთხვევებში არასრულწლოვნები, ახალგარზდები იკლავენ თავს, _ ეს სერიოზული პრობლემაა და კომპლექსურ ღონისძიებებით მუშაობას საჭროებს.
_ კონკრეტულად, ლუკას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით იყო მცდელობა, რომ ისრები სკოლაზე გადატანილიყო და არა _ სისტემაზე, რომელიც კლავს. რა პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს მაშინ, როცა სისტემა კლავს?
_ სკოლასაც თავისი წილი პასუხისმგელობა აქვს ამ ყველაფერში. თქვენ იცით, რომ ლუკა „მწვანე სკოლის“ მოსწავლე იყო. მათ საკუთარი მოსწავლის იდენტიფიცირება მოახდინეს, სკოლას კომუნიკაცია ჰქონდა ლუკასთან და მის ოჯახთან, მათ ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ. ცოტა უცნაურია, რომ სკოლა, რომელსაც წელიწადში 5 მილიონ ლარამდე აქვს შემოსავალი, ასე ექცეოდეს საკუთარ ყოფილ მოსწავლეს, მით უმეტეს, როცა იცოდნენ, რომ მას მამა ჰყავდა გარდაცვლილი, ასევე ჰქონდა გარკვეული პრობლემები. სკოლამ, მას შემდეგ, რაც ამოწურა ზარალის ამოღების რესურსი, პოლიციას მიმართა. ამ პროცესში სხვა მოსწავლეებიც არიან ჩართულები, გოგონამაც მიიყენა თვითდაზიანება, სწორედ იმიტომ, რომ მოსწავლეების დაპირისპირება ჯერ კიდევ სკოლის დონეზე მოხდა და, ასე ვთქვათ, სკოლაც არ არის ამ შემთხვევაში მართალი საზოგადოებასთან და, კონკრეტულად, ამ ახალგაზრდებთან. რა თქმა უნდა, სხვა არის ის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ ვნახეთ პოლიციაში. სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი მიდგომები და კოდექსი არ გამოიყენეს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სხვადასხვა უწყება უნდა გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წარსულში პრობლემა ჰქონდათ. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, პოლიტიკურ შეხედულებას, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებსაც კანონთან პრობლემა ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული გამომძიებელი, რომელმაც ლუკა დაკითხა, 2011 წლის „ყინწვისის საქმეში“ მონაწილეობდა, რომელშიც ბრალდებული ადამიანები გამართლდნენ და აპოლიტიკურ დევნილებად თავად სახელმწიფომ აღიარა. ამაზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც. მიუხედავად ამისა, ეს გამომძიებელი მაინც დარჩა სისტემაში. ამიტომ რაც მალე მოახერხებს ახალი მთავარი პროკურორი სისტემის გაწმენდას, მით უკეთესად შევძლებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წმენდა უნდა დაიწყოს არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ კანონთან პრობლემების მიხედვით _ თუნდაც ამ ხელისუფლების ან წინა ხელისუფლების დროს. რაც შეეხება ლუკას შემთხვევას, რომელიც, სამწუხაროდ, სუიციდით დასრულდა, იგი გაცილებით უფრო ფართო პრობლემაა და ამას უნდა შევხედოთ ბევრი ჭრილიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის დაცვა შევძლოთ ისეთი ტიპის პრობლემებისგან, რომელიც, სამწუხაროდ, აქვთ ხოლმე ჩვენს ახალგაზრდებს.
_ ჩვენ გვესმოდა ასეთი შეფასება: „სკოლას პოლიციაში არ უნდა დაერეკა“, მსგავსი მიდგომა ხომ არ უწყობს ხელს პოლიციის დისკრედიტაციას?
_ არ ვგულისხმობ, რომ სკოლამ დააშავა, მაშინ როცა პოლიციას მიმართა. სკოლამ დააშავა მაშინ, როცა თვითონ აწარმოა დამოუკიდებელი გამოძიება, თვითონ გადასცა უკანონოდ პოლიციას პერსონალური მონაცემები, ერთმანეთს დააპირისპირა საკუთარი სკოლის მოსწავლეები. ლუკასა და მისი ყოფილი კლასელის მიმოწერა ამოიღეს და დაამუშავეს. სკოლას კონტაქტი ჰქონდა ლუკასთან და ლუკას მშობელთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ მათ აენაზღაურებინათ ზარალი. მას შემდეგ, რაც სკოლამ რესურსი ამოწურა, მიმართა პოლიციას და არა ფაქტისთანავე, ანუ 2-3 სამი დღის შემდეგ მიმართა სკოლამ პოლიციას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სუიციდები ზოგადად კომპლექსური პრობლემაა, პრობლემის მოსაგვარებლად რა გზები არსებობს და რა როლი აქვს ეკლესიას?
_ ეკლესიის ჩართულობაში არ იგულისხმება ის, რომ ყველა სკოლაში რელიგიის სწავლება დავაბრუნოთ ან სკოლებს მოძღვრები მივუმაგროთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როცა ეკლესიის ჩართულობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ვგულისხმობ ყველა აღმსარებლობას. ეკლესიის ჩართულობაში იგულისხმება ის, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ გარშემო ადამიანებზე, მათ შორის, ეკლესიამაც, სახელმწიფომაც, საზოგადოებამაც. ამ შემთხვევაში სპორტი სერიოზული გამოსავალია. სპორტი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის, რადგან ახალგაზრდები უფრო ენდობიან საკუთარ მწვრთნელებს. შეიძლება ითქვას, რომ მწვრთელი არის მათი მესაიდუმლე. ან თუნდაც თავიანთ მეგობრებს, ვისთან ერთადაც ჩართულები არიან სპორტში, უყვებიან თავიანთი გასაჭირის შესახებ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს უღირდეთ, უხაროდეთ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში და არ იფიქრონ სუიციდზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს თითოეული ჩვენგანის ვალია და ჩვენ გარშემო მყოფი ახალგაზრდების პრობლემები უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ.
_ 2019 წელს პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით აიწია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. სრულიად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით. ელჩების შუამავლობით კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები იმართება. უკვე მე-4 რაუნდი ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. რა პერსპექტივა ექნება 2020 წლიდან ამ მოლაპარაკებებს?
_ დიალოგი აუცილებელია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ამ პროცესის მედიატორები და მოდერატორები არიან. ჩვენ ასევე ვნახეთ ძალიან მძიმე კადრები, როცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები სიტყვიერად, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მხარდამჭერებისა და მოქალაქეების დაპირისპირება არანორმალური პროცესია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი მშვიდობიან ჭრილში გადავიდეს. საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მეორე მოდელი შეიძლება იყოს შემოთავაზებული, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მაგალითად, მოდელი, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებთან მიმართებით წარმოადგინა ოპოზიციამ. ოღონდ მრავალმანდატიანში 6-7 მანდატს ნუ ვიგულისხმებთ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სამმანდატიან საარჩევნო ოლქზე ვიფიქროთ, რომელიც ასევე შეიძლება იყოს გამოსავალი. მოდელი, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა, 100/50-ზე მანდატების განაწილებას ითვალისწინებს, ეს კი საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს, მაგრამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ესეც ვერ განხორციელდება. 2020 წლისთვის ერთჯერადად უნდა მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც სამართლიანი იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე _ ხელისუფლებისთვის. სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და ისე ვერ იზამთ, რომ ამომრჩევლის ხმები დათვლის სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა ტექნოლოგიით სხვანაირად აისახოს მანდატებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას 2020 წლის არჩევნებისთვის განცდა ჰქონდეს, რომ არსებობს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და თავისუფალი გარემო, იმისთვის, რომ მათი არჩევანი ოქმში აისახოს და მივიღოთ ისეთი პარლამენტი, სადაც მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ბარიერის საკითხი, რამდენი პროცენტი იქნება, ესეც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პოლარიზებული გარემოთი მივიდნენ ჩვენს საარჩევნო თარიღამდე. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას, დარწმუნებულ ვარ, შეთანხმების რეალური რესურსი არსებობს, კომპრომისი შესაძლებელია, _ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამონახავს გზებს, რომ დიალოგი გაგრძელდეს, მაგრამ დიალოგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დიალოგი უნდა დასრულდეს კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც, თუ საჭირო იქნება, კონსტიტუციაში უნდა აისახოს; თუ საჭირო იქნება, უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში. გვაქვს ეუთოს 27 რეკომენდაცია, რომელიც ასევე უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო. დარწმუნებული ვარ, დიალოგი შედეგიანი იქნება და ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში ჩატარებულ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში მივიდეთ 2020 წლის ოქტომბრამდე და შემდეგ უკვე უშუალოდ კენჭისყრის დღეს მისი აღმატებულება ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ გააგრძელებს ქვეყნის მართვას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
_ „ქართული ოცნებისთვის“ 2019 წლის დასასრული საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, 20 დეკემბერს ფეისბუქმა ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყო კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი თქმით, ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა. ასევე, როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი, ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ეს ფაქტი რამდენად საგანგაშოა მმართველი გუნდისთვის და რა მოცემულობაში აღმოჩნდნენ ისინი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე?
_ პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ ფეისბუქის განცხადებაში არაფერი წერია არც ანტიდასავლურ და არც ანტიამერიკულ განწყობებზე. ეს არის ატლანტიკური საბჭოს დასკვნა, რომ აღნიშნული გვერდებიდან ზოგიერთზე ანტიდასავლური თუ ანტიამერიკული განცხადებები ქვეყნდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ბოტები და ტროლები წაიშლონ, არამედ მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაც“. ამ ყალბ ფეისბუქ გვერდებს სხვა პოლიტიკური პარტიებიც იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ატლანტიკურმა საბჭომ გააგრძელოს მუშაობა ქართულ ფეისბუქ სივრცეზე და, მათ შორის, სხვა პოლიტიკური პარტიების ყალბ ანგარიშებზე, რომლებიც დისკრედიტაციით, სიძულვილის ენით და ადამიანების შეურაცხყოფით გამოირჩევიან, რათა შევძლოთ, ეს პოლიტიკური სივრცე გავათავისუფლოთ არა ცალმხრივად მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდებისგან, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიების ყალბი ექაუნთებისგან. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა სიახლეს ვნახავთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება რეპუტაციას, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიისთვის ასეთი ტიპის განცხადებები დამაზიანებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების გარდა სხვა სახის გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, იმ 316 ათასი დოლარის ანგარიშსწორებაზე, რომელიც ფეისბუქში გადაირიცხა. დადგინდეს მათი წარმომავლობა, ხომ არ არის ეს თანხები ბიუჯეტიდან დახარჯული და ა. შ.? თქვენ იცით, რომ ფეისბუქი არადეკლარირებულ თანხებს არ მიიღებდა, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ტიპის გამოძიება ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
_ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ყალბი გვერდები ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს ავრცელებდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გვერდების უკან მმართველი გუნდი იდგა, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ინტერესში იყო მსგავსი განცხადებების გავრცელება. ეს რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
_ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსები არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, მით უმეტეს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტული ხელისუფლების დამსახურება. დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება ის არის, რომ დღეს ჩვენ ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ ამერიკასთან ურთიერთობაში. 2020 წლის ბიუჯეტში ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის _ უპრეცედენტო პარტნიორობა ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა და ბევრი სხვა საკითხი. სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ევროატლანტიკურ სივრცეში დროულად გაწევრიანებისთვის. ბუნებრივია, ყალბ გვერდებზე გამოქვეყნებული სტატიები ვერ შეარყევს იმ ფუნდამენტურ მიზანს, რაც ჩვენთვის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა.

ნენე ინჯგია