ზურა ხუციშვილი: „ის, რაც ქვეყანაში ხდება, დიქტატურისა და ავტორიტარიზმის მიქსია!“

ვინმეს მოსწონს თუ არა, ჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი მუქი ფერებია, ვიდრე 90-იან წლებში იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო რამდენიმე დღეში, მინიმუმ, ხუთი კრიმინალური შემთხვევა მოხდა _ ბათუმში პოლიციელს ყელი გამოჭრეს; ასევე ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა; თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სამეგრელოში მცხოვრებმა 17 წლის გოგონამაც; საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, პოლიტოლოგ ცოტნე გამსახურდიას, ჩაუსაფრდნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს; 15 წლის მოზარდზე პოლიციამ იძალადა და ლუკა სირაძე იძულებული გახდა, თავი მოეკლა.
ეს და სხვა ფაქტები ადამიანს ძალაუნებურად გათქმევინებს, _ ამ ცხოვრების დედაცო!

მართალია, უწმინდესი და უნეტარესი ამბობს, რომ ამ ცხოვრების დედა მარიამ ღვთისმშობელია და ამიტომ იმ ფრაზის გამეორება, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედელზე მოზარდმა მიაწერა, არ შეიძლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „ცხოვრების დედაში“, ალბათ, უფრო სისტემა იგულისხმება, სისტემა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მონებივით ექცევა!

რატომ არ ზრუნავს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობაზე და, საერთოდ, ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენს ჩამოქცეულ სახელმწიფოში ხდება, ოპოზიციასაც ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა? _ ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა სოციოლოგსა და პიარტექნოლოგ ზურა ხუციშვილს დაუსვა:

_ რატომ გადაირია ხალხი _ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია თუ ადამიანები აპათიაში არიან და აგრესიამ ამიტომ იმძლავრა?
_ პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის, ასევე 17 წლის გოგონასა და ბათუმში 22 წლის ბიჭის ოჯახებს. ეს მძიმე დღეებია არა მხოლოდ ამ ოჯახებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. აქვე მინდა გამოჯამრთელება ვუსურვო პატრულის თანამშრომელსა და ცოტნე გამსახურდიას. ორივეს მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ.
_ მხნეობა და გამძლეობა, ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვენგანს გვჭირდება.
_ დიახ, ასეა. რაც შეეხება კითხვას, ზოგადად, საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი ყოველთვის იყო, ანუ ყველა ხელისუფლების დროს. თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული ხარ, არ დაისჯები, თუ არადა, ნემსიც რომ მოიპარო, შესაძლოა, „ქვეყნის გადატრიალებაც“ კი დაგაბრალონ.
ეს ქართული სინდრომია, თუმცა რაც ახლა ქვეყანაში ხდება, შეიძლება, უფრო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დავაბრალოთ.
_ უფრო კონკრეტულად?
_ მაგალითად, ადამიანებს გაეზარდათ საბანკო განაკვეთები, რომელსაც ვერ იხდიან და ოჯახებს ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნიან.
ამასთან, ვერც საჭირო განათლებას იღებენ, ვერც _ საკვებს და ვერც სამედიცინო თუ სხვა სახის მომსახურებას. ყველაფერს ამას დაძაბულობა, აგრესია და ზოგჯერ აპათიაში ჩავარდნაც კი მოყვება.
_ ყველაფერი ის, რაც ახლა ქვეყანაში ტრიალებს, იმის ბრალიც ხომ არაა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციის, ნიველირება ხდება და „ოცნება“ წინა პლანზე სამშობლოს წამოწევას ცდილობს?
სხვათა შორის, ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუშიც გვითხრა, რომ მთავარი სახელმწიფო კი არა, სამშობლოა.
_ წინა პლანზე სამშობლოს წამოწევა ცუდი არ არის, თუმცა სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, განადგურება საზოგადოებას სიკეთეს ნამდვილად ვერ მოუტანს.
_ რატომ?
_ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, შემიძლია, ჩემი დაკვირვებით გითხრათ, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ, რაც სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციის, უკანა პლანზე გადაწევას გულისხმობს, შეარყია ის ინსტიტუტები, რომლებიც მყარად უნდა იდგნენ.
ამ ინსტიტუტების თუნდაც ერთბალიანი შკალით შერყევა კი ქაოსსა და ბევრი სხვა ქვედა რგოლის ჩამოშლას იწვევს.
_ არავინ მალავს, რომ 2012 წლის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. შენი აზრით, ეს მიზანმიმართულად ხომ არ მოხდა, რადგან მშიერი ადამიანების მართვა გაცილებით ადვილია?
_ 2012 წლის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია და ამას ვამჩნევთ, ვხედავთ და ვგრძნობთ. სხვა თუ არაფერი, ეროვნული ვალუტა უფსკრულის პირას დგას, ადამიანები გაღარიბდნენ, უცხოური ინვეტიციების შეოსვლამ იკლო.
ავიღოთ თუნდაც წლევანდელი ზაფხული _ აღმოჩნდა, რომ მთლიანად ქართული ტურიზმის, პრაქტიკულად, 80% რუსეთზე ყოფილა ჩამოკიდებული.
ყველაფერმა ამან რა გამოიწვია? _ ის, რომ ხალხს, რომელსაც აღებული ჰქონდა კრედიტები, რათა კომფორტი შეექმნა ტურისტებისთვის, ვეღარ მოახერხა ბანკის ვალდებულებების დაფარვა.
ამას გარდა, მსხვილი მწარმოებლები, მაგალითად, სამშენებლო ბიზნესი, აბსოლუტურად ჩამოკიდებულია რუსეთზე. გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი, ბატონი პუტინი, დაადებს ემბარგოს და დამთავრდა _ 3 თვე ყველაფერი გაჩერდება. მერე მოხსნის და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ამ წრეზე სიარულის გამო კი ქვეყნის ეკონომიკა ერთი ნაბიჯითაც ვერ მიდის წინ.
აქედან გამოსავალი კი ის არის, რომ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც უნდა ჩავრთოთ ქართულ ეკონომიკაში, რათა მათაც განახორციელონ ინვესტიცია და მათი მოსახლეობაც ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენმა ბიზნესმაც მოკავშირე ქვეყნების ჰავა იგძნოს. მოკლედ, არ შეიძლება, რომ პირადი ინტერესი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას დავუპირისპიროთ.
_ გასაგებია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ხომ ეკისრება, ანუ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ როგორ უნდა იმოქმედოს?
_ სანამ საქართველოში არ მოისპობა დამოკიდებულება _ „ხელისუფალი არის ვალდებული“, _ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ცოტა არ იყოს, დაპაუზებული იქნება!
_ ე. ი., ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
_ ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას მშვიდი და დაცული სახელმწიფო, საზოგადოებამ კი თავისი სახელმწიფოებრივი ვალდებულება უნდა შეასრულოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს.
_ რატომ არ არსებობს?
_ ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფალთა ბრალია, ანუ წინა, იმის წინა და ახლანდელი ხელისუფლებაც აჩვევდა მოსახლეობას უფასო ცხოვრებას და შედეგიც დადგა _ არავის უნდა სოფელში შრომა და ყველა ქალაქში გარბის. არადა, სადაც სოფელია ძლიერი, იქ ცხოვრებაც შესაძლებელია!
ახლა, ალბათ, მკითხავ, გლეხმა პროდუქტი რომ მოიყვანოს, მერე სად გაიტანოსო?
_ დიახ, გკითხავ.
_ ერთია: თუკი იგივე პომიდორი, კიტრი და სხვა პროდუქცია შემოდის მეზობელი ქვეყნებიდან, არ შეგვიძლია, ეს დოვლათი ჩვენ შევქმნათ?
_ შეგვიძლია?
_ დიახ, შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ.
_ რატომ არ ვაკეთებთ?
_ ამისთვის არ გამოგვაქვს ბანკიდან თანხა. იცი, ბანკიდან კრედიტი რატომ გამოგვაქვს? _ იმიტომ, რომ მეზობელს დავანახოთ, მასზე უკეთესი მანქანა ან ტელეფონი მაქვსო.
აი, ეს ქართული მენტალობის ბრალია.
რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მასაც ეკისრება, რადგან ოპოზიციაც ქართული პოლიტიკის ნაწილია.
ოპოზიცია თავის გამოსვლებში ხშირად იმაზე არ აკეთებს აქცენტს, რაც ხალხს სტკივა, ანუ არ მაჩვენებს, რატომ უნდა გამოვიდე და მის გვერდით დავდგე. ვერ მაჩვენებს, რატომაა თვითონ კარგი და სხვა _ ცუდი.
ზოგადად, ადამიანს, რომელსაც შინ ავადმყოფი ჰყავს და წამალს ვერ ყიდულობს, ნამდვილად ნაკლებად აღელვებს, პროპორციული არჩევნები იქნება თუ მაჟორიტარული. ამიტომ ოპოზიციამ წინა პლანზე ეს მოთხოვნებიც უნდა წამოსწიოს.
_ ზურა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებისა და ასევე ოპოზიციის ლოზუნგი გახდა „ამ ცხოვრების დედაც“. ეს უიმედობის კულტივირება ხომ არ არის?
_ ასე არ ვფიქრობ. ადამიანებს უიმედობა და სასოწარკვეთა ამ შემთხვევამდე კარგა ხნით ადრე დაეუფლათ. „ამ ცხოვრების დედაც“ კი შეიძლება, უბრალოდ, იმ ფრაზის განმეორებად ჩავთვალოთ, რომელიც ლუკამ სკოლის კედელზე მიაწერა.
_ ისე, შენი დაკვირვებით, „ოცნება“ დიქტატურისკენ მიდის თუ ავტორიტარიზმისკენ?
_ ამ შემთხვევაში, ორი თემის _ დიქტატურისა და ავტორიტარიზმის _ ძალიან კარგი მიქსია, თუმცა ამით შედეგი ერთ ხელისუფლებასაც არ დაუდევს, რადგანაც ძნელია, ხალხი, რომელიც თავისუფლებასაა მიჩვეული, მორჩილებაში ამყოფო!
_ „ოცნების“ მხრიდან მუდმივად „9 წელზე“ საუბარი რას ემსახურება, ანუ ამით მმართველ გუნდს რისი დემონსტრირება და ხაზგასმა უნდა?
_ შვიდი წლის განმავლობაში წარსულსა და 9 წელზე საუბარი მმართველი პარტიის მხრიდან, უბრალოდ, დაბალი პოლიტიკური ღირებულების მაჩვენებელია.
ამ თემით აპელირება, ვფიქრობ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა თუ პროცესების გადაფარვას, ანუ მუდმივად საზოგადოების დაშინებას _ აი, „ბუა“ მოვაო _ ემსახურება.
რამდენიმე დღის წინ ბატონი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე კი უკვე ღიმილი მომგვარა _ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მომხდარზე და მან უპასუხა, _ მიშამ დიდი ხნით გამოკეტა ცოტნე ციხეშიო.
ვფიქრობ, ესაა ამ პარტიის პიარტექნოლოგია, ანუ მუდმივად ატრიალოს 9 წელი, თუმცა ამის ტრიალი უკვე მოძველდა და ხალხმა შედარებაც დაიწყო, თუ რა კრიმინალური და სოციალური მდგომარეობა იყო მაშინ და რა არის ახლა.
ისე, იმას აღარავინ იხსენებს, რომ „ციხის კადრები“ დადგმული იყო და ეს თავად ავტორმაც აღიარა.
_ ზურა, შენი, როგორც პიარსპეციალისტისა და სოციოლოგის შეფასებით, „ოცნების“ ყველაზე ოდიოზური ფიგურა ვინაა, ვინც ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებს?
_ მმართველი პარტიის ყველა წევრი ერთმანეთზე იმდენად გადახლართულია და იმდენად შეხმატკბილებულ განცხადებებს აკეთებენ, ვფიქრობ, ასეთი ოდიოზები უკვე აღარ იკვეთებიან. ყოველ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის, ასეთი „ყველაზე ოდიოზური“ არავინაა.
_ ახლა ქვეყანაში არის ის ვითარება, რომ ქუჩაში კრიტიკული მასა გამოვიდეს, რომელიც ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს?
_ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საამისოდ არ არის სიტუაცია მომწიფებული, თუმცა ადუღდება.
_ რა აადუღებს?
_ ახალ წელს უამრავ ადამიანს მაგიდა ცარიელი ექნება და ქართული პოლიტიკაც, ასე ვთქვათ, კუჭზე გაივლის. აი, ხალხი მაშინ აუცილებლად გამოვა გარეთ.
_ ზოგადად, ხალხს საარჩევნო სისტემა აღელვებს თუ ამ თემით, უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრი აპელირებს?
_ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, იმისთვისაა, რომ ყველა თემა სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ადამიანებმა უკვე საკმაოდ კარგად იციან და საარჩევნო პროცესების კარგი გამოცდილებაც აქვთ.
ასევე იციან, რომ პარლამენტარებს ფულს აბსოლუტურად ტყუილად ვუხდით!
_ და ამიტომ არ უყვართ საქართველოში პოლიტიკოსები?
_ საქართველოში პოლიტიკოსები არ უყვართ?
_ დიახ, ასე მგონია.
_ საქართველოში პოლიტიკოსებს არ უყვართ ხალხი!
_ ისე, ხომ არ დადგა დრო, რომ ყველა ძველი პოლიტიკური სახე „შვებულებაში“ წავიდეს და ინიციატივა ახალგაზრდებმა აიღონ?
_ საქართველოს დღევანდელ რეალობაში ნამდვილად დგას ის მომენტი, როცა ძველი სახეები ღია პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ.
ყველა დროში, ყველა მოწვევის პარლამენტში, ერთი და იგივე სკამზე ერთი სახე აღარ უნდა იჯდეს!
მშვენიერი ახალგაზრდები არიან _ განათლებულები, ზრდილობიანები და სხვანაირად მოაზროვნეები როგორც მმართველ პარტიაში, ასევე _ მეორე მხარეს. ჰოდა, მათ მივცეთ საშუალება, დასხდნენ, ისაუბრონ, იკამათონ და აუცილებლად მიაღწევენ შედეგს, რომელიც ქვეყანას წაადგება.
_ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება ვითარებას შეცვლის?
_ ჩვენდა სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის კულტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტები და თუნდაც პოლიტიკოსები ქვეყნიდან არ გარბოდნენ, არ ვკეროთ საქმეები და არ ვიყოთ მუდმივ და გაუთავებელ ჯაჭვში.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას, თუმცა, ამ მომენტში, მის ჩამოსვლას შესაძლებელია, სხვა მძიმე პროცესები მოყვეს.
ისე, სააკაშვილი, როგორც მრჩეველი, ევროპულ და ამერიკულ პოლუსზე, ნამდვილად არ გვაწყენდა!
_ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსული მენტალობა მოსახლეობაში?
_ იმის თქმა, რომ რომელიმე მენტალობა უნდა დავამარცხოთ, ცოტა გაზვიადებულია.
_ რატომ?
_ მენტალობა ადამიანებში ინდივიდუალურად უნდა შეიცვალოს, ანუ დოზირებულად უნდა მოხდეს ყველაფრის პროპაგანდა.
ახლა საქართველოში ნამდვილად მუშაობს რუსული პროპაგანდის მანქანა და, შესაბამისად, რუსული მენტალობაც გაზრდილია, განსაკუთრებით, _ ზღვისპირა ქალაქებში.
_ ბოლოს, ვირთხის წელი მოდის. რას ელოდები _ პოლიტიკური ვირთხები გემიდან გაიქცევიან?
_ ყოველ ახალ წელს ადამიანები ახალს ელიან, შესაბამისად, მეც აუცილებლად პოზიტიურ ცვლილებას ველოდები პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით.
ისე, პოლიტიკური ვირთხები ყოველთვის იყვნენ და არიან, მაგრამ ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ ვირთხებს სათაგურში საბოლოოდ გამოამწყვდევს.
_ ვნახოთ.

გიორგი აბაშიძე