დათო გამცემლიძე: „როდესაც ამერიკელი კონგრესმენი მთავრობას „პრორუსულს“ უწოდებს, გულისხმობს, რომ საქართველო ტიპოლოგიურად დაემსგავსება პუტინის რუსეთს“

2019 წლის მოვლენების შეფასება „ქრონიკა+“-მა ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს სთხოვა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელიც მართლაც საინტერესოა მრავალი საგულისხმო აქცენტით:

_ რადგან მიმდინარე წელს ეს ბოლო ინტერვიუა, შევთანხმდეთ, რომ მისი მთავარი ხაზი იქნება ცალკეული მოვლენების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების წარმოჩენა. შესაბამისად, ჩვენი საუბარი დავიწყოთ ზოგადი შეფასებებით: რა იყო წლის მთავარი მოვლენა საქართველოსთვის, მისი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, პოლიტიკურ პრიზმაში?
_ გმადლობთ. 2019 წლის მთავარი მოვლენა, უდავოდ, „გავრილოვის ღამეა“. ოღონდ არა მხოლოდ ის ტრაგედია, რაც რუსთაველზე დატრიალდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ზოგიერთი, პოლიტიკურად მეტად არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო წარმომადგენელი იოლად წამოეგო „მართლმადიდებელი კომუნისტის“, სერგეი გავრილოვის, მისი ბერძენი კოლეგისა და მათი საერთო უფროსის, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრის“, კონსტანტინე ზატულინის „მაღალპროფესიულ პროვოკაციას“. არამედ ძალიან ღრმა პროცესი, რაც „დომინოს პრინციპით“ განაპირობა ამ კატასტროფულმა შეცდომამ და არაკვალიფიციურობამ.
_ დააკონკრეტე…
_ ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: ყველაზე გამაოგნებელი მაინც ისაა, რომ თვით მოსკოვთან „დათბობისა და ბალანსირების პოლიტიკის“ ფარგლებშიც კი, რასაც „ოცნება“ ატარებს, არანაირი აუცილებლობა ამ „მართლმადიდებლური ასსამბლეის“ ჩატარებისა არ არსებობდა!
ჩატარდებოდა თუ არ ჩატარდებოდა იგი თბილისში, აბსოლუტურად არაფერს ცვლიდა _ არც უკეთესისკენ, არც უარესისკენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.
მარტივი გათვლა იყო საჭირო და მოწინააღმდეგის ცბიერების შეცნობა!
იმაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ ეს „მართლმადიდებლური ასამბლეა“ კი არა, კლოუნადაა, რომელსაც კომუნისტი პრეზიდენტობს. ეს იგივეა, იუდეველთა გაერთიანებას ნაციონალ-სოციალისტი ჩაუყენო სათავეში.
სხვა შეფასება არც არის საჭირო, თუმცა არასდროს დავივიწყოთ ტალეირანის გენიალური ფრაზა: „დანაშაულზე უარესი _ შეცდომაა!“ და ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თუ მართლაც კონკრეტულ „ჭკუისკოლოფთა“ არაპროფესიონალიზმთან გვქონდა საქმე. გულწრფელად რომ გითხრა, მე ასე ვფიქრობ, თუმცა მათ ვინც ასე ვთვლით, „სათქმელი“ ბევრი არაფერი გვრჩება ოპონენტთა საპასუხოდ.
_ რატომ?
_ ზუსტად ვიცი რუსი კოლეგა-ჟურნალისტებისგან, რომ ასამბლეის პირველი სხდომა, წინასწარი შეთანხმებითა და პროგრამის შესაბამისად, არა სერგეი გავრილოვს, არამედ მის „ახლო მეგობარს“, საბერძნეთის წარმომადგენელს, ასამბლეის გენმდივანს უნდა წაეყვანა. მაგრამ ქართველმა ორგანიზატორებმა, უბრალოდ, გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმი გამოამჟღავნეს, რაკი იმის იმედად დარჩნენ, ეს ჩვენი ფლიდი და ცბიერი „მეგობრები“ მეორე სავარძელს არ მიიტანდნენ პრეზიდიუმში და იმ მეორე სავარძელში გავრილოვი არ ჩასკუპდებოდა.
უკაცრავად, მაგრამ თუ ასე გატყუებენ, შენი ბრალია და არა მათი _ აბა, ზატულინი რატომ უნდა ზრუნავდეს საქართველოს ინტერესებზე?!
მთავარი მაინც ისაა, რომ სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა გასული წლის პოლიტიკური შინაარსიც და შემდგომ პროცესთა მდინარებაც.
_ „გავრილოვის ღამე“ ის ნაღმი აღმოჩნდა, რომელიც იმდენად უხეიროდ აიფეთქა ხელისუფლებამ ცხვირწინ, რომ პოლიტიკურ სხეულზე არც კი დარჩა დაუზიანებელი ადგილი. ცხადია, ყოველი შემდგომი ნაბიჯი მას იარების მოშუშების საშუალებას არ აძლევს და უფრო მეტად ზიანდება. როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებდი „ოცნების“ ამ პოლიტიკურ ფიასკოს, რომელსაც თავად ხელისუფლება ამ დრომდე ვერ უსვამს სათანადო დიაგნოზს, ვერ აფასებს ადეკვატურად?
_ პოლიტიკურ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს და ისევე როგორც მოწყვეტილი ზვავი ემორჩილება ფიზიკის კანონებს, პოლიტიკური პროცესიც თავისივე ულმობელი კანონებით ვითარდება.
ამ მასშტაბის შეცდომა, რაც ზუსტად შეადარე „ნაღმზე აფეთქებას“, მმართველ პარტიას „კარგ სვლებს“ აღარ უტოვებდა. საჭადრაკო ცუგცვანგის ვითარებაა, როდესაც ყოველი მომდევნო სვლა საერთო მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.
„პროპორციული არჩევნების“ დაპირება კონკრეტულად იმ მომენტში ვითარების განმუხტვას ისახავდა მიზნად და ასეც მოხდა. მაგრამ ბევრი ექსპერტი უკვე მაშინ წინასწარმეტყველებდა, რომ ამ დაპირების შესასრულებლად მმართველ პარტიას მეტისმეტად დიდი ფასის გადახდა მოუწევდა. შესაბამისად, როდესაც „აწონეს“, მიხვდნენ, რომ „არ უღირდათ“ ამდენად. ოღონდ იმ ვითარებაში „მიხვდნენ“, როდესაც სიმწვავემ შესამჩნევად იკლო.
_ 2019 წელი და ოპოზიცია. მესმის, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი არ შეიძლება, თუმცა ეს წელი ქართული ოპოზიციისთვის მაინც გამორჩეულია, თუნდაც მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ან, გნებავს, ხელისუფლების შეცდომებზე რეაგირების მხრივ. და მაინც, როგორი იყო გასული წელი ოპოზიციისთვის?
_ როგორც ვთქვი, ხელისუფლებამ მოგვიანებით „გადათამაშება“ სცადა და მიუხედავად საერთო დაძაბულობისა, ჯერჯერობით გამოუვიდა. აი, ის, თუ რატომ „გამოუვიდა“, უკვე ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მისი სისუსტის თემაა.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ოპოზიციონერებმა, რომ „თავების თვლას აზრი არ აქვს“, არავითარი „გადათამაშება“ არ მოხდებოდა, ხელისუფლებას იმის შეგრძნება რომ ჰქონოდა, საპასუხო მიტინგზე 200 000 ადამიანი შეიკრიბებოდა.
მაგრამ შეიკრიბა? _ არა!
„რატომ?“ _ აი, ამ კითხვას ოპოზიციონერები, სამწუხაროდ არათუ არ პასუხობენ, არც კი ცდილობენ, გაიაზრონ, რა არის ამის მიზეზი.
_ მაგრამ ვაღიაროთ, რომ ისინი ბევრად აქტიურები გახდნენ და მოქმედებენ. როგორ _ ეს სხვა საკითხია და რამდენად ეფექტურად…
_ ჭკვიანურად მოფიქრებულ, ძალზე კრეატიულ აქციებს აწყობენ, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ეს არ იქნება საკმარისი? და რაკი წელი მიიწურა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ: მიუხედავად მომგებიანი საწყისი პოზიციისა, ოპოზიციამ ჯერ საბოლოოდ ვერ მოიგო. მაშასადამე, მისთვის უკეთეს შეთხვევაში, ეს პარტია, ჯერჯერობით, ყაიმით დასრულდა. ხოლო „ყაიმს“ ის თვისება აქვს, რომ ერთ-ერთი მხარის მოგების ტოლფასიც შეიძლება იყოს. მაგალითად, თუკი ეს მხარე შავებით თამაშობდა.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლება თამაშობდა შავებით, ხოლო ოპოზიცია _ თეთრებით. თუმცა პარტია მაინც ყაიმით დასრულდა.
_ რა არის ამის მთავარი მიზეზი?
_ ჩემი აზრით ის, რომ როდესაც ხელისუფლება დროთა განმავლობაში „იჟანგება“, ოპოზიცია ვერ ქმნის არსებით ალტერნატივას, ვერ სთავაზობს მოსახლეობას მკაფიო, გასაგებ და მისაღებ ალტერნატიულ პროგრამას, _ „ახალ ალტერნატივას“ არა პერსონალური, არამედ პოლიტიკური და პროგრამული თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ქართველები, ბოლო 30 წლის გამოცდილებით, ტრადიციული ეჭვით ეკიდებიან ჩვენებურ პოლიტიკოსთა ორ ყბადაღებულ ნარატივს: „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და „ჯერ ეს გავუშვათ, სხვა ყველაფერი მერე ვარკვიოთ ერთმანეთში“, ანუ „მერე ვნახოთ“. ასე არ გამოვა. სანამ ოპოზიციას არ ექნება მკაფიო პროგრამა _ გარდა „პროპორციული არჩევნებისა“ _ თუ რა როგორ იქნება „მერე“, _ მასობრივ მხარდაჭერას იმ სეგმენტშიც ვერ მოიპოვებენ, ვისაც „ოცნება“ არ მოსწონს ან „აღარ მოსწონს“.
ოპოზიციის ეს სისუსტე ხელისუფლების მნიშვნელოვანი რესურსია, რადგან ტრადიციული კითხვა: „ის თუ არა, ვინ?“ იგივეა, რაც: „ეს თუ არა, მაშინ რა?“.
_ ჩვენი სინამდვილისთვის აბსოლუტურად რელევანტური კითხვებია…
_ როგორც პირველ, ასევე მეორე კითხვაზე ოპოზიციას უჭირს პასუხის გაცემა და ვერც უპასუხებს ვითარებაში, როცა ერთ მაგიდასთან სხედან ლეიბორისტი, უკიდურესად მემარცხენე შალვა ნათელაშვილი და ლიბერალი, მაშასადამე უკიდურესად მემარჯვენე „გირჩი“ _ ზურაბ ჯაფარიძე.
აბა, ვინ დაიჯერებს, რომ მათ რაიმე საკითხზე შეიძლება ჰქონდეთ საერთო აზრი, გარდა „პროპორციული არჩევნებისა?!“ ხოლო ამ ერთ საკითხში მათი შეთანხმება ხალხისთვის საკმარისი სულაც არ არის. ხალხი მეტს მოითხოვს მკაფიო ალტერნატივის სახით, ანუ გასაგებ პასუხს კითხვაზე: „ეს“ თუ არა, მაშინ ვინ?“ ანუ „ასე“ თუ არა მაშინ როგორ?“
_ მესმის პოლიტიკური პროცესებიდან განყენებულად პოლიტიკურ ლიდერებზე საუბარი არაფრის მომცემია, მაგრამ მაინც ვპერსონიფიცირდები და გკითხავ: ივანიშვილი და სააკაშვილი… ვინ რა „დაკარგა“ და რა „მოიგო“ 2019 წელს? რამდენად განსხვავდებოდა მათი მოქმედებები წინა წლებისგან და რამდენად შეიცვალნენ ისინი?
_ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად დასუსტდა 2019 წელს, მაგრამ არა „მომაკვდინებლად“. მის პოლიტიკურ კრახზე ლაპარაკი აშკარად ნაადრევია,
ხოლო გასული წლის „პერსონა“ და მთავარი გამარჯვებული არის მიხეილ სააკაშვილი!
პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ გასულ წელს მან დაამტკიცა, რამდენად მართალი იყო თავად და რამდენად ცდებოდნენ მისი ყოფილი თანაპარტიელი-ოპონენტები 2016 წელს.
_ რა შეცდომას გულისხმობ?
_ აბა, გავიხსენოთ დისკუსია, რაც 3 წლის წინ გაიმართა სააკაშვილსა და დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერშიპს შორის: ისინი მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ჯერ ერთი, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადავიდოდა ჩრდილში და აქტიურობას არ მოუკლებდა, ეს გააძლიერებდა „ოცნებას“, რაკი მოსახლეობის ის ნაწილი, ვისთვისაც მიშა მიუღებელია, მისი დაბრუნების შიშით, „ოცნების“ გარშემო დაირაზმებოდა.
ჰოდა, „რაღაც საეჭვოა“, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის აქტივობას მოუკლოს და ეს მისმა ყოფილმა თანაპარტიელებმა კვლავინდებურად გააპროტესტონ.
ეს ერთი. მეორეც, შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ლიდერთა ფუნდამენტური ნარატივი იყო: „არა რევოლუციას“, მიშა კი ამბობდა „სხვანაირად „ოცნება“ არ წავაო“ და ამის გამო აკრიტიკებდნენ. ახლა ლამის მიშაზე უფრო რადიკალური გახდნენ ამ მხრივ. თუ ეს, რაც ამჟამად ხდება თბილისსა და მთელ საქართველოში, არ არის „რევოლუცია“, თუნდაც წარუმატებელი, მაშინ საერთოდ გაუგებარია, რა არის?
ამიტომაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დისკუსია გვიან, სამი წლის შემდეგ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოიგო!
_ მართალია, ჩვენ ჯერაც ვერ ვხედავთ და, ალბათ, ვერც ვნახავთ მესამე პოლიტიკურ ცენტრს, მესამე ძალას, როგორც ამას პოლიტიკურად აქტიური, გნებავს, პასიური პუბლიკა ითხოვს, მაგრამ თუნდაც პერსონების დონეზე თუ ხედავ ვინმეს, ვინც მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს შეასრულებს მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებში?
_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „მესამე პოლიტიკური ძალის“ რესურსი ქვეყანაში არ არსებობს.
ამას ერთდროულად რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. ამჯერად ერთს დავასახელებ, რასაც, სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას: თავად ქართული მედია იმდენადაა პოლარიზებული, „მესამე ძალის“ წარმოშობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ჩანასახშივე მოსპობს _ შესაბამისი „ტექნოლოგიით“. მედიის გარეშე კი „მესამე ძალის“ კონფიგურირება და პრომოუტირება სრულიად შეუძლებელია.
იმიტომ, რომ სწორედ მედია „ახმოვანებს“ და უთმობს ტრიბუნას სოციალურ ჯგუფებს, ვისაც „მესამე ძალის“ მოთხოვნა აქვთ _ არის ასეთი სეგმენტი საზოგადოებაში, თანაც არც თუ მცირერიცხოვანი, ე. ი. სწორედ მედია ქმნის პოლიტიკურ პრიორიტეტებს და საერთო „ატმოსფეროს“.
ხსენებული „ატმოსფერო“ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მხრივ: დღეს იგი „ორფეროვანია“. შესაბამისად, ვერანაირი „მესამე პოლიტიკური ძალა“ ვერ წარმოიშობა.
პერსონალურად თითქოს ყველაზე მეტი შანსი და რესურსი, ამ ეტაპზე, მამუკა ხაზარაძეს უნდა ჰქონოდა, მაგრამ ხსენებულ პოლარიზებაში და „ორფეროვან ატმოსფეროში“ ისიც ჩაიკარგა.
_ 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. სავარაუდოდ, მის წიაღში არსებული პრობლემები, რამდენიც არ უნდა მიიჩქმალოს გადაწყვეტის გარეშე, მუდამ წამოყოფს თავს სხვადასხვა ეტაპზე. ამის მიუხედავად, ისტორიულ პრიზმაში როგორ შეიძლება დავახასიათოთ თავად პროცესი და რა მიგაჩნია ამ ინსტიტუციის პრობლემების დაძლევის, პროცესების გაჯანსაღების უმთავრეს ფაქტორად?
_ სრულიად გეთანხმები: 2019 წელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი უმაღლესი იერარქიის, „დესაკრალიზაციის“ წელი აღმოჩნდა და ეკლესია უკვე ვერანაირად ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც თუნდაც შარშან იყო.
ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ დაკარგა საქართველოში პოლიტიკური „ლეგიტიმატორის“ ფუნქცია და სტატუსი, რასაც უკლებლივ ყველა ხელისუფლება იყენებდა, თუმცა ეს უნარი რომ სერიოზულად შეუსუსტდა, უკვე ცხადია.
ამ მხრივ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მალე, დაახლოებით, იმ ფუნქციის მატარებელი გახდება და იმ დოზით, რაც რუმინეთში და ბულგარეთშია.
წლევანდელ „გარდატეხამდე“ კი იგი უფრო რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის „ტყუპისცალი“ იყო სახელმწიფოებრივი „ლეგიტიმაციის“ თვალსაზრისით.
რაც შეეხება, ზოგადად, ისტორიულ ჭრილში, შეიძლება თუ არა მოხდეს ტრანფორმაცია, სამწუხაროდ, ამის რესურსს თვით ინსტიტუტის არსი ვერ ქმნის ვერც საქართველოში, ვერც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში: არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ეკლესია ბიზანტიის პირმშოა, შესაბამისად, მისი რეფორმა _ არა მხოლოდ საქართველოში და მისთვის თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაბამისი „ნიშის“ მოძებნა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე „ლათინური ეკლესიისა“.
ამ ისტორიულ რეალობას უნდა შევურიგდეთ, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით პატარ-პატარა გამარჯვებების მოპოვება მაინც შეიძლება. მაგალითად, ყველა რისკის მიუხედავად, უკრაინის ეკლესიის აღიარება, შედარებით ზომიერი, არაფანატიკური ძალების მხარდაჭერა უმაღლეს იერარქიაში და ა. შ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას გვახსოვს, რომ ჩვენს დედა-ეკლესიაში ნამდვილად არიან კეთილშობილი, ღირსეული ღვთისმსახურები, რომლებიც საკუთარ მისიას უბრალო ადამიანებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებაში ხედავენ.
_ საგარეო პოლიტიკა _ აქ რამდენიმე მიმართულებას შევეხოთ. დავიწყოთ მსოფლიო ტენდენციებით. რა იყო 2019 წლის საგარეო _ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი საკითხები?
_ მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო და კვლავაც დარჩება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობათა „რეფორმატირება“ ახალი რეალიების გათვალისწინებით. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ ეკონომიკაზე, „სავაჭრო დისბალანსსა“ და ა. შ. რეალურად, საქმე ეხება ჩინეთის, როგორც ზესახელმწიფოს გლობალურ როლს.
დღემდე ჩინეთს „მძინარე გოლიათს“ უწოდებდნენ მსოფლიო გავლენის თვალსაზრისით, მაგრამ მისი ეკონომიკური ძლევამოსილება ბოლო ათწლეულებში უკვე იმდენად გაიზარდა, „ატლანტიკური ერთობის“ (აშშ+ევროპა) გლობალურ დომინირებასაც კი დაემუქრება ახლო მომავალში.
„ატლანტიკური ელიტები“ ამას გრძნობენ და ცდილობენ არ დაუშვან, რომ ეკონომიკურად წარმატებული, თუმცა პოლიტიკურად კვლავაც ტოტალიტარული, არადემოკრატიული, არაკონკურენტული, ზოგადად რეპრესიული რეჟიმი სარგებლობდეს ამ უპირატესობით, რასაც არადემოკრატიული რეჟიმის ეკონომიკური ტრანსპარენტულობა ქმნის საბაზრო ეკონომიკის ინსტრუმენტთა გამოყენებით.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ატლანტიკური ელიტები“, რომელთა სიღრმისეულ ინტერესებს ტრამპი გამოხატავს, არ დაუშვებენ, ჩინეთი კოლოსალურ „სინგაპურად“ იქცეს!
_ რას გულისხმობ?
_ სინგაპურელმა დიქტატორმა, ლი ქუნ იუმ, მიაგნო ამ მოდელს 1960-იან წლებში, რომლის ჩინურ ნიადაგზე გადატანა 1980-იანებში დენ სიაო პინმა დაიწყო და, როგორც ვხედავთ, დიდი წარმატებითაც.
მაგრამ პატარა სინგაპური ერთია, ხოლო სულ მალე ორმილიარდიანი ჩინეთი, იმავე მოდელით, გლობალური ფაქტორი ხდება! იმდენად, რომ თუ ცოტა არ „დაამუხრუჭეს“, მესამე ათასწლეული „ჩინური ათასწლეული“ იქნება და ოსვალდ შპენგლერის წინასწარმეტყველებაც ახდება „ევროპის მზის ჩასვენების“ შესახებ. „ევროპაში“ იგულისხმება ევროპული ცივილიზაცია _ ატლანტიკის ორივე ნაპირზე.
ამ გამოწვევასთან შედარებით, „ბრექსიტი“, „სირიის ომი“, „უკრაინა“ მაინც უფრო მცირე პრობლემებად ჩანს; ჩვენს პატარა ქვეყანაზე და მის სასიცოცხლო პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
„ჩინეთის პრობლემასთან“ შედარებით პუტინის რუსეთიც კი ნაკლები საფრთხეა „ატლანტიკური ერთობისთვის“.
_ საქართველო და საგარეო პოლიტიკა _ გვაქვს კი ამ მიმართულებით რაიმე ხელმოსაჭიდი მიღწევები? მით უფრო იმ ფონზე, რა განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან.
_ ღმერთმა დაიფაროს ხელისუფლებაც და ქვეყანაც, რომ გაძლიერდეს ის პოლიტიკური აღქმა, რაც გამოიხატა ჭშჟ-ის „ედითორიალში“, ანუ სარედაქციო წერილში, ასევე გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებსა თუ ღია წერილებში. ბოლოს და ბოლოს, თვით ადამ კინზინგერი, რომელმაც ღია წერილით _ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია _ გააკრიტიკა მთავრობა დემოკრატიული ნორმებისა და წესების დარღვევისთვის, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ კოორდინატორია, რაც მის განცხადებებს კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს ჰმატებს.
_ ანუ?
_ ეს განცხადებები მხოლოდ საქართველოს მთავრობის საგულისხმოდ კი არ კეთდება, არამედ იმ წრეთა, ვინც აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს საქართველოს მიმართულებით.
ახლა დავაკვირდეთ, რას და როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება. ყურადღებით წავიკითხე მართლაც ძალიან კარგი, კვალიფიციური, პროფესიონალი დიპლომატის, დავით ზალკალიანის საპასუხო განცხადება, რომ „ქართველი ჯარისკაცები იბრძვიან ავღანეთში“, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის გაფორმებულია _ ნამდვილად გაფორმებულია _ რამდენიმე შეთანხმება სამხედრო და უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ, ანუ „როგორღა ვართ „პრორუსულები?!“
სამწუხაროდ, აქ სრული აცდენაა საზრისთან. სინამდვილეში, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი მთავრობას აკრიტიკებს და უწოდებს „პრორუსულს“, ის სრულებითაც არ აყენებს ჩრდილს იმ ქართველ გმირებს, ვინც ავღანეთში დაიღუპა და ეჭვი არ შეაქვს სამხედრო თანამშრომლობის მაღალ დონეში, არამედ გულისხმობს, რომ საქართველო „ტიპოლოგიურად“ დაემსგავსება პუტინის რუსეთს, თუკი „დემოკრატიის“ ისეთივე დონეზე დაეშვება, რაც თანამედროვე რუსეთშია კულტივირებული.
ეს, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების, მმართველი კლასისა და ექსპერტული თანამეგობრობის ხშირი შეცდომაა აღქმისას: ამერიკული პოლიტიკური კულტურა „პრორუსულად“ მიიჩნევს მთავრობას უპირველესად იმ „მარკერების“ შესაბამისად, რაც ქვეყანას ტიპოლოგიურად ამსგავსებს რუსეთს. თორემ, აბა, ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის რომ თანამშრომლობაა სამხედრო სფეროში… ისეთი უნდა!
_ უნდა ვაღიაროთ, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს, ისეთი პოზა წარმოაჩინოს, რომ „ყველაფერი არის კარგად“. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა…
_ სწორად შენიშნე, რომ ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ხომ გახსოვს, ერთი კეთილი და პატრიოტი ქართველი ებრაელი (საუბარია ბატონ აბონ ციციაშვილზე, _ ავტ) რომ ცდილობდა ქართული ხალხური ანდაზების პროეცირებას ამერიკულ სინამდვილეზე: „რეიგანს დავიწყებია ქართული ანდაზა…“ ჰოდა, ნურც ჩვენ დაგვავიწყდება, რომ დასავლური პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელია ფენომენი, რაც სხვა ქართული ანდაზით გამოიხატება: „სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობს“.
კვლავ ვიმეორებ: ღმერთმა ნუ ქნას, დაირღვეს ის პოზიტიური აღქმა, რაც ვაშინგტონში, ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძის ძალისხმევით დამკვიდრდა, თორემ ამით ქვეყანაც სერიოზულად დაზარალდება.
_ ამ ყველაფერს ხომ აქვს მიზეზი?
_ სისტემური მიზეზი კი ისაა, რომ ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების საკითხი. ოღონდ ამ ფენომენის მთელი კომპლექსი: არა მხოლოდ საკუთრივ კენჭისყრა, არამედ საარჩევნო კამპანიის საერთო „ატმოსფერო“ და რაც ყველაზე არსებითია, იმის გარანტია, რომ ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ და მათ შედეგად, პოლიტიკური კლასისა და მთავრობის „რეფორმატირება“-განახლება ხდება.
ეს აუცილებლად არ გულისხმობს მაინცდამაინც მთავრობის ან მმართველი პარტიის სრულ შეცვლას და ნამდვილად არ გულისხმობს ერთი პარტიის ტოტალური მმართველობის ჩანაცვლებას მეორე პარტიის ასევე ტოტალური მმართველობით, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, „პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით“ იმიტომაც იყო მიზანშეწონილი _ ყველა რისკის მიუხედავად, რომ აძლიერებდა კოალიციურობის შანსს, რაც განამტკიცებდა ამერიკასა და დასავლეთში საქართველოს აღქმას, როგორც „დემოკრატიული კუნძულისა“ კავკასიის რეგიონში.
სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ თუ დღემდე და, ალბათ, არც ხვალ, ამერიკა საქართველოს ან მის მმართველს სანქციებს არ დაუწესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასავლური პოლიტიკური კულტურისა და აღქმის იმ მეორე თავისებურების წყალობით, რომ ამერიკელები და ევროპელები, როდესაც ქვეყანას, მის მთავრობას აკრიტიკებენ და ვითარებას აანალიზებენ, მუდამ ადარებენ ამ ვითარებას სხვა მეზობელი ქვეყნების რეალობებს. აი, ამ მხრივ კი, თუ ყველა „მარკერს“ ავიღებთ, ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ამერიკელთა თვალში საქართველო არათუ აზერბაიჯანს, არამედ სომხეთსაც ვერ შეედრება.
_ სანქციები ახსენე და ბარემ აქვე ვიკითხავ: ოპოზიციის ცალკეული ლიდერები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ „მალე“ ამ პროცესებს ივანიშვილის პერსონის წინააღმდეგ მოყვება სანქციები. შენი მოლოდინები როგორია?
_ რაც შეეხება პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს იმდენად „ექსკლუზიური ინსტრუმენტია“, ამერიკელები მას ძალიან იშვიათად და ფრთხილად იყენებენ ხოლმე. საეჭვოა, აქამდე მივიდეს საქმე დღეს ან თუნდაც ხვალ… თუ მართლა რაღაც საშინელება არ მოხდა მომავალ არჩევნებზე, რომელიც „საბედისწეროდ გვიახლოვდება“.
_ საგარეო ვექტორზე მთავარი გამოწვევა მაინც რუსეთია. ამ მიმართულებით როგორ შეაფასებდი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს? აქ ვგულისხმობ თუნდაც მცოცავი ოკუპაციის თემასაც და მასზე რეაგირებას.
_ სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლება „საცრით წყლის ზიდვას ცდილობს“ _ სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა ნარატივით, სხვადასხვა ენერგიით, თუმცა არსი არ იცვლება.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოსკოვმა დაგვსაჯა იმისთვის, რომ ლოიალობის დონე არ მოეწონა, რაც ქართულმა საზოგადოებამ გამოამჟღავნა აშკარა შეურაცხყოფის პასუხად.
„დასჯის“ ტექნოლოგია არა მხოლოდ ტურისტული სანქციებია, არამედ „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიათა გააქტიურება. მხედველობაში მაქვს სიტუაცია საოკუპაციო ხაზზე.
მთავრობა მაინც ცდილობს, „წყალი საცერში შეინარჩუნოს“, რაც არ გამოვა და არც გამოსდის, როგორც ვხედავთ: მარტო ვაჟა ექიმის მიმართ სრულიად უსინდისო, არაადამიანური, ყოველგვარ ზღვარს გადასული სისასტიკე რად ღირს?!
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აქ „კარგი სვლები“ არა მხოლოდ მთავრობას არ გააჩნია, არამედ ქვეყანასაც _ ვინც არ უნდა იყოს სათავეში და რა მთავრობაც არ უნდა ავირჩიოთ.
მე, პირადად, კვლავ იმ აზრზე ვრჩები, რომ „ჰიბრიდული ომი“ გაგრძელდება მანამ, სანამ არ შევურიგდებით „კედლის“ კონცეფციის უალტერნატივობას, ანუ არ ავირჩევთ იმავე სტრატეგიას, რაც სამხრეთ კორეამ აირჩია 1950-იან წლებში, როდესაც გამოასახლა მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზიდან _ „გადარჩენილი“ ტერიტორიის სიღრმეში, ააშენა კედელი გამყოფ ხაზზე და გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა, ყოველგვარი მისვლა-მოსვლა საოკუპაციო რეჟიმთან.
ხაზს ვუსვამ: სწორედ საოკუპაციო რეჟიმთან და არა მის სპონსორებთან _ პეკინთან და მოსკოვთან. პოლიტიკა „შესაძლებლის ხელოვნებაა“ და ბისმარკი ამბობდა: „არსებითია არა განზრახვა, არამედ შესაძლებლობა“. თუ ჩვენს რეალურ მოწინააღმდეგეს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს მორიგი „ვაჟა-ექიმის“ საქმე ჩვენს დასასუსტებლად, აუცილებლად გამოიყენებს და ამაზე ააგებს პოლიტიკას. თუ არ ექნება ამის შესაძლებლობა და პოტენციალი, მაშინ შესაძლოა, თავისი პოლიტიკის გარკვეული კორექტირებაც სცადოს და შედარებით კონსტრუქციულიც გახდეს.
_ იმის გათვალისწინებით, რომ ისტორია არ არის მხოლოდ პოლიტიკა და ჟამთააღმწერისთვის მნიშვნელოვანია თანმხლები პროცესები, პირადაც ჩემთვის 2019 წელი იმითაც იქნება ნიშანდობლივი, რაც კინოთეატრ „ამირანთან“ ხდებოდა სამი დღის განმავლობაში. ადამიანები აპროტესტებდნენ იმას, რაც არ ჰქონდათ ნანახი. საინტერესოა შენი მოსაზრება: როგორც საზოგადოება, მოქალაქეები ვიზრდებით თუ კვლავაც ერთ ადგილს ვტკეპნით?
_ საინტერესო კითხვაა. რაკი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ფილმით დაიწყე და ზუსტად დაახასიათე კომუნისტური ეპოქის სლოგანით: „არ წამიკითხავს (მინახავს), თუმცა ვგმობ“, მოდი, ამ სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ და ვითარების მოდელირება ვცადოთ: რა მოხდებოდა ჩვენი რეგიონის ბევრ ქვეყანაში, თუ აქტიური სოციალური ჯგუფების აგრესიული პროტესტი მოჰყვებოდა ამა თუ იმ ფილმის პრემიერას? რა და… ეს ფილმი, უბრალოდ, არ გავიდოდა ეკრანზე და არავითარი პრემიერა არ შედგებოდა. ხელისუფლებები გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ლეგალურ თუ არალეგალურ „ბერკეტებს“, რათა „აუტკივარი თავი არ აეტკივებინათ“.
საბედნიეროდ, საქართველოში ამგვარი ვითარება არ გვაქვს, რადგან დღევანდელი ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს! აი, ეს არის სწორედ ის „ძვირფასი სხვაობა“, რაც დემოკრატიის მთავარი რესურსის, სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფესა და გავლენაზე მეტყველებს. და რაც საქართველოს _ ვიმეორებ, _ ჩვენი რეგიონის სხვა ბევრი პოსტსაბჭოური ქვეყნისგან განასხვავებს.
ხოლო ის, რომ ამ საშუალო მხატვრული ღირებულების, მაგრამ მწვავე საზოგადოებრივი დისკურსის მატარებელი ფილმის პრემიერა, ასე თუ ისე, მაინც შედგა, უდავოდ ზრდაზე მიანიშნებს.
თუმცა ექსცესები მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა, ოღონდ მთავართან შედარებით მაინც „ზრდისას გამოვლენილი საყმაწვილო სენია“.
თანდათან იმასაც მივეჩვევით, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ პროტესტი თავპირისმტვრევას არ უნდა გულისხმობდეს. ეს სისუსტის გამოვლინება უფროა.
_ გახოვს ის ანეკდოტი, „კითხვა: _ რატომ მიატოვა მუშაობა სომხურმა რადიომ? პასუხი: _ ებრაელი, რომელიც კითხვებზე პასუხს სცემდა, სამსახურიდან წავიდა!“. ბოლო პერიოდში ორი მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი ფრაზა მახსენდება სულ: „ღვთისმშობელმა წილხვედრი მიატოვა“ და მეორე: „წილხვედრი რომ არ ვიყოთ, ამ ყველაფერის ფონზე ახლა არ ვიარსებებდით?“ შენ გქონდა მეტად ფილოსოფიური ფრაზა-მოსაზრება: „ვერ დავლაგდით“.
წინ 2020 წელია _ არჩევნები გველოდება ისეთი, „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“… როგორ ფიქრობ, ვინმე გაგვცემს კითხვებზე პასუხს: ღვთისმშობელი დაბრუნდება, უფრო მყარად გადაგვაფარებს კალთას, თუ დავლაგდებით ან _ ვერ?
_ რაკი არჩევნები ახსენე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვიტყვი, რომ სხვისი არ ვიცი და მე ამ არჩევნებს მართლა ძრწოლვით ველოდები.
თითქმის 30 წლის მანძილზე ყველა არჩევნები გამიშუქებია, რა არ გვინახავს, რას არ მოვსწრებივართ, მაგრამ ასეთი დაძაბულობა ჯერ არ ყოფილა.
ვერ შევადარებ ვერც 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ასლან აბაშიძემ ბათუმში მძლავრი პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბა, ვერც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებს…
მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, არც ერთი მმართველი პარტია „მესამე ვადით“ არ გაფორმებულა.
ნამდვილად „ვერ დავლაგდით“ 30 წელია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკური კლასი (აქ მხოლოდ ხელისუფლება არ იგულისხმება) ვერ ახერხებს „მოდუს ვივენდისა“ და „მოდის ოპერანდის“ გამომუშავებას.
სამწუხაროდ, კვლავაც პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და ამ მანკიერებიდან გამომდინარე, „ჩლუნგი უკომპრომისობა“, მაქსიმალიზმი და შეურიგებლობა გვიშლის ხელს. იგივე სინდრომი „უჩემოდ ვით იმღერეთა“.
სახელმწიფოებრივი კულტურის „გულანი“ სტრატეგიული კომპრომისის უნარია. აი, ზუსტად ის, რაც ქართულ ელიტებს მუდამ აკლდა არა მხოლოდ დღეს, არა მხოლოდ გუშინ, არამედ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და უამრავი საზარელი უბედურების მიზეზი გამხდარა. თუმცა ეს „სახიფათო“ თემა შორს წაგვიყვანს.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, ღვთისმშობელს ვთხოვოთ, ეგებ, მართლა „გადმოგვაფაროს კალთა“ და წარმატებით _ ე. ი. რაიმე კომპრომისით, დასრულდეს ის მოლაპარაკება, რაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის ჩვენი დასავლელი მეგობრების შუამავლობით.
ეს კომპრომისიც კი არ შექმნის სრულ გარანტიას, რომ არმაგედონს გადავრჩებით მომავალ წელს, მაგრამ ამის ალბათობას შეამცირებს მაინც.
_ საახალწლო სურვილები მინდა მოვისმინო შენგან და დღევანდელი გადასახედიდან მითხრა, რომელი იყო ყველაზე კარგი წელი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოსთვის?
_ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე „კარგი წელი“ მე არ მახსენდება. თუ „კარგ წელში“ ვგულისხმობთ საერთო ატმოსფეროს ქვეყანაში და განვითარების მთავარ მიმართულებებს, უპირველესად კი, საზოგადოებრივ კონსენსუსს ძირითად ღირებულებებზე. ეს, ჩემი აზრით, უმთავრესი მაჩვენებელია.
სამწუხაროდ, 1990 წლიდან _ დღემდე ყველა წელიწადს „წითელ ხაზად“ გასდევდა ფუნდამენტური უთანხმოება, განხეთქილება, შეუწყნარებლობა, დაპირისპირება, რისი პირველწყაროც ის საზარელი სამოქალაქო დაპირისპირება და თანამდევი სამოქალაქო ომია, რაც ქვეყანამ 1990-იანი წლების დასაწყისში გადაიტანა.
ნურავის ეგონება, რომ მისი „ექო“ გაქრა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებსა და მასში მონაწილე „სტატუსურ“, გავლენიან პერსონებს, მათ ბიოგრაფიას, ადრეულ „ტრავმებს“, თუნდაც აღარ ლაპარაკობდნენ ამაზე და ა. შ., „ღირებულებითი განხეთქილება“ კვლავაც ცხადია და მუდამ „ფეთქებადსაშიში“.
ამიტომაც ჩვენს მკითხველს სწორედ ამას ვუსურვებ, რომ ამ ჩვენს „პოლიტიკურ კლასს“ და საზოგადოებრივ ელიტებს ეყოთ ნიჭი, პასუხისმგებლობა, „სტრატეგიული კომპრომისის უნარი“, რათა შექმნან ვითარება, როცა საახალწლოდ „კეთილი ისტორიები“ იქნება აღქმადი, ხოლო არჩევნები, _ სასიხარულო განახლების წინაპირობა.

გეგა სილაგავა