ზურა იაშვილი: „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებს!“

„ოცნება“ სირაქლემის პოზაშია, ანუ ყველაზე კარგად მმართველმა გუნდმა იცის, რომ წამმზომი ჩართულია და ხელისუფლებაში მისი ყოფნა მალე დამთავრდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ადამიანები თავის დამშვიდებას ცდილობენ, _ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ წინააღმდეგ ქუჩაში მხოლოდ 200 „ნაციონალი“ გამოდისო. არადა, ყველა, ვინც პოლიტიკის არითმეტიკაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, ხვდება, რომ თუნდაც 14 დეკემბრის თავყრილობა, რომელსაც „ოცნებამ“ ევროსაბჭოს დღეები დაარქვა, ჩვეულებრივი „გედის სიმღერა“ იყო და მეტი არაფერი!

სხვათა შორის, ეს ზეიმი, გავრცელებული ინფორმაციით, „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით მოეწყო. ცხადია, იმას არ ვამბობთ, რომ „ოცნებას“ ახალგაზრდული ორგანიზაცია არ აქვს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალისთვისაც ნათელია, რომ ამ ქვეყნის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების ოპონენტია. დიახ, 20 ივნისიდან მოყოლებული, ქუჩაში ახალი თაობა გამოვიდა, თაობა, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ აუცილებლად შეცვლის!
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეებში რამდენიმე ახალგაზრდული სამოქალაქო პლატფორმა შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთი მოძრაობა „გაბედეა“, რომელშიც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია გაწევრიანებული. „ოცნება“ სწორედ ამან დააბნია, ანუ თავიდან შეეცადა, რომ „გაბედე“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „დაელინკა“ და „შავი პიარი“ აეგორებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზანმა საშუალება ვერ გაამართლა.
მოძრაობა „გაბედე“ წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობას, რომელთა რიგებშიც მოიაზრება საქართველოში აქტიურად მოქმედი ყველა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, გარდა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო პარტიისა.
მოცემულ ეტაპზე მოძრაობის მიზანია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კანონის ფარგლებში უკომპრომისო ბრძოლა. ხელისუფლების ცვლილების უალტერნატივო მეთოდად ჩვენ გვესახება არჩევნები, შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ ამ ცვლილების მისაღწევად აუცილებელი წინაპირობა საქართველოში პროპორციული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა რიგგარეშედ ან 2020 წელს.
მოძრაობა „გაბედეს“ შექმნა განაპირობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებამ, რამაც, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება წაართვა ქართველ ხალხს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების უზურპაციის პრაქტიკული გარანტიები შეუქმნა. „გაბედეს“ დაფუძნება კიდევ უფრო მეტად დააჩქარა ყველა მოქმედი პოლიტიკური პარტიის ერთი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო გაერთიანებამ და მათ მიერ საერთო მიზნების დასახვამ. „ყველა მინუს ერთი“ _ ეს არის ფორმატი, რის გარშემოც გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და ამ ფორმატს სრულად ვიზიარებთ „გაბედეში“ მოაზრებული პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები. შესაბამისად, ის შეთანხმებები და საბრძოლო მეთოდები, რის გარშემოც პოლიტიკური ლიდერები თანამშრომლობენ, სავსებით მისაღები და თავსებადია ჩვენს ფორმატთან.
„გაბედეში“ წარმოდგენილი ყველა სუბიექტის პარტიული კუთვნილებისა და პარტიული ანგარიშვალდებულების მიუხედავად, მოძრაობა თავისუფალია საკუთარ ქმედებებში. პარტიების ლიდერთა საერთო ფორმატში მიღწეული შეთანხმებების მიღმა ყველა სხვა სახის გადაწყვეტილება, მოძრაობის სამოქმედო გეგმებისა და მეთოდების შესახებ, გადაწყდება ხმათა უმრავლესობის პრინციპით, „გაბედეში“ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კენჭისყრის შედეგად.
მოძრაობა „გაბედეს“ თვითმიზანს არ წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ კონკრეტულ ძალასთან გაიგივების ყველა სახის მცდელობას. ჩვენ არ ვართ მართული არც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური სუბიექტისგან, ჩვენ ვაერთიანებთ ყველას მინუს ბიძინა ივანიშვილი!“ _ ნათქვამია „გაბედეს“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის ანოტაციაში.

შეძლებენ თუ არა ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების შეცვლას? _ ამ თემაზე „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე _ ტრიბუნის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტიკის მეცნიერ ზურა იაშვილს ესაუბრა:

_ ზურა, პროფესიით პოლიტიკის მეცნიერი ხართ და, მითხარით, საქართველოში პოლიტიკა არსებობს?
_ ეს თითქოს რიტორიკული კითხვა სრულიად ლეგიტიმურია, მით უმეტეს ახლა, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკა პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე არსებობდეს. საქართველოში კი სწორედ ამ პოლიტიკური ინსტიტუტების დიდი დეფიციტია. მეტიც, ასეთი ინსტიტუტების არსებობის ტრადიციაც არ გაგვაჩნია, ანუ ეს ინსტიტუტები ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომაც დინამიკა ხანდახან პოზიტიურია, რასაც უკუტალღა მოჰყვება ხოლმე.
მოკლედ, სახელმწიფოებრიობის 3-ათასწლიანი ისტორია შეიძლება, გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობის ერთ-ორწლიან წყვეტილ ისტორიაზე შეგვიძლია საუბარი.
_ პოლიტიკური ინსტიტუტი მაინც, რა არის?
_ პოლიტიკური ინსტიტუტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სამოქალაქო საზოგადოებაა, თუმცა ეს სამოქალაქო საზოგადოება, რაღაც ფორმით, ორგანიზებული უნდა იყოს, ანუ ერთია, ხალხი რომ თეატრში დადის ან სტადიონზე იკრიბება, მაგრამ იმის ტრადიცია არ გაგვაჩნია, რომ ხალხმა საკუთარი პოზიცია თუ მოტივაცია ორგანიზებულად გამოხატოს.
_ ამ ტრადიციის არქონა 70-წლიანი ბოლშევიკური მმართველობის გავლენით აიხსნება თუ საკუთარი აზრის ორგანიზებულად გამოხატვა ჩვენს კულტურაში არ არის, ანუ გვირჩევნია, ჩვენ მაგივრად ყველაფერი სხვამ გააკეთოს? სხვათა შორის, ეპიზოდი გამახსენდა „დათა თუთაშხიადან“ _ იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო.
_ ამ მხრივ საქართველო უნიკალური არაა, ანუ ყველა პოსტტოტალიტარულ და პოსტავტორიტარულ საზოგადოებას აქვს პრობლემა, რომ ელის, მის ნაცვლად რაღაც სხვა გააკეთებს. როცა საზოგადოებრივი მობილიზების კუნძულოვანი გამოხატვა ხერხდება, ამას ძალიან რადიკალური რამე უძღვის ხოლმე.
_ მაგალითად, რა?
_ ასეთი რადიკალური 2012 წელს ე. წ. ციხის კადრები იყო. ასეთივე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდი. ახლო წარსულიდან კი ასეთ რადიკალურად შეგვიძლია, „გავრილოვის ღამე“ ჩავთვალოთ, მაგრამ იმის გამო, რომ ყველაფერი ეს, ასე ვთქვათ, ფესვებიდან არ მოდის, ასეთი რადიკალური გამოვლინებები მოკლევადიანია, ამოხეთქვის შემდეგ მინელდება და ხანგრძლივი ძილის მდგომარეობაში გადაინაცვლებს ხოლმე.
_ ახლა სწორედ ასეთი „ხანგრძლივი ძილის ფაზაში“ ხომ არ ვართ? ზურა, იცი, ამას რატომ გეკითხები? _ აი, იგივე საარჩევნო კოდექსზე მხოლოდ პოლიტიკოსები საუბრობენ, ხალხი კი, პრაქტიკულად, ჩუმადაა.
_ დიახ, ნაწილობრივ ასეა, რაც უფრო საშუალო ასაკისა და მხცოვან ადამიანებზე ვრცელდება, ანუ მათზე საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ტრადიცია გავლენას უფრო მეტად ახდენს. ახალგაზრდა თაობა კი მეტად მგრძნობიარეა. შესაბამისად, ახლანდელი დემოკრატიული მაჯისცემა დიდწილად სწორედ ამ ახალგაზრდულ აქტივიზმსა და ენერგიას ემყარება.
_ ყველა დროსა და ქვეყანაში ცვლილებები ახალგაზრდებისგან იწყება ხოლმე, თუმცა საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ამ ახალ თაობას უფროსების ნაწილი „ლიბერასტებს“ ეძახის და ტრადიციების ნიველირებაში სდებს ბრალს. ახალგაზრდებმა რა უნდა გააკეთონ, რომ მამების თაობების ეს განწყობა შეცვალონ და მთელმა საზოგადოებამ მხოლოდ იმაზე კი არ იფიქროს, რა ჭამოს, არამედ წინა პლანზე ისეთი ფუნდამენტური საკითხები წამოვიდეს, როგორიც, მაგალითად, ადამიანის თავისუფლება ან არჩევნებია?
_ ეს კონფლიქტი სრულიად ბუნებრივია.
_ ბუნებრივი რატომაა?
_ ამ კონფლიქტის ანალოგიები საქართველოს ისტორიაშიც გვახსოვს.
სხვათა შორის, რეპრესიის, ანუ სიახლის დათრგუნვის მცდელობა რუსეთშიცაა, სადაც ყველაფერ ამას რუსეთის ხელისუფლება უფრო ავტორიტარულად აკეთებს. ჩვენთან კი ეს რეპრესია, ასე ვთქვათ, წარმატებული ვერ არის იმიტომ, რომ უკვე არსებობს ახალგაზრდების კრიტიკული მასა, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს! ამ ახალგაზრდებმა შესაძლოა, არასრულყოფილი, მაგრამ განათლების განსხვავებული სისტემა გამოიარეს. მოკლედ, ეს თაობა დასავლეთის დემოკრატიულ ტრადიციებთან უფრო მეტადაა ინტეგრირებული. ამ თაობისთვის იგივე ინგლისურ ენაზე სხვა ტიპის წყაროებია ხელმისაწვდომი და ამდენად, ახალგაზრდების მსოფლმხედველობა განსხვავებულია და შესაბამისად, იმასაც იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ძალისხმევა და სამოქალაქო აქტივიზმი. ამ თაობამ იცის, რომ თუ ასე არ მოიქცევა, მაშინ მის ხვალინდელ დღესა და თავისუფლების რეალიზაციას საფრთხე შეექმნება! უფროსი თაობა კი სწორედ ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავს.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდობა, მგონი, უმცირესობაშია. არ მეთანხმები?
_ ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ანუ ეს ახალგაზრდობა, ელექტორალური თვალსაზრისით, კრიტიკული მასა არაა, მაგრამ დინამიკა ახალგაზრდების სასარგებლოდაა. საერთოდ, განახლება ბუნებრივი პროცესია.
ამას გარდა, კიდევ ერთი რამეა საინტერესო, რაც ჩვენს კვლევებშიც ჩანს: უფროსი თაობა დიდწილად მოელის, რომ მესამე თუ ახალი ძალა პოლიტიკაში სწორედ ახალგაზრდებისგან წამოვა და ამ ძალის მიმართ უფროსებს მეტი მიმღებლობა ექნებათ.
_ კარგია, თუ უფროსებს ახალი თაობის იმედი აქვთ, მაგრამ აქვე, ერთიც უნდა ვთქვათ: ახალგაზრდების დიდ უმეტესობას განათლების დეფიციტი აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ ისინიც კი, ვინც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებიან, მშობლების გავლენით, სტალინის სადღეგრძელოს სვამენ. ჩვენი საშველი, მგონი, მაშინ იქნება, როცა ამ ტოტალურ გაუნათლებლობას დავამარცხებთ!
_ აბსოლუტურად გეთანხმები და უახლესი საერთაშორისო კვლევებიც ცხადყოფს, რომ განათლების კუთხით საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს. ეს კვლევები 80-მდე ქვეყანაში მსგავსი მეთოდოლოგიით ტარდება და საქართველო ბოლო ათეულშია.
ერთ-ერთი, რასაც ახალგაზრდობა აპროტესტებს, ეს საკითხიცაა, ანუ საქართველოში განათლების ასეთი კატასტროფული დევალვაცია. დიახ, ახალგაზრდები განათლებით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ფიქრობენ, რომ იმ საფასურის შესაბამის განათლებას, რასაც იხდიან, არ იღებენ.
ახალგაზრდების პროტესტი, განათლების თემის გარდა, იმასაც უკავშირდება, რომ განათლების მიღების მიუხედავად, პროფესიულ რეალიზებას ვერ ახერხებენ, რადგან სხვადასხვა სამსახურში ადამიანების დასაქმება ნეპოტიზმის ნიშნით ხდება ან ფიქტიური კონკურსები ტარდება და ასეთ დროს ახალგაზრდები წინასწარ განაწილებულ ვაკანსიებს აწყდებიან.
_ სხვათა შორის, თუ გახსოვს, თავის დროზე, ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოში ნაცნობ-მეგობრობით სამსახურში მიღება ყოველთვის იქნებაო. ე. ი., ახალგაზრდებში ნიჰილიზმს ხელისუფლება აკულტივირებს, არა?
_ დიახ და სწორედ ამ მესიჯის გაგრძელებაა განცხადება: თუ ყველაფერ ამით უკმაყოფილონი ხართ, მაშინ სხვა ქვეყანაში წადით და იქ იმუშავეთო… მაგრამ ახალგაზრდები ამაზე ყაბულს არ არიან და ამიტომ არსებული კონფლიქტი და უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. ასეთი გზავნილები ნორმალურ სამოქალაქო დიალოგს ხელს არ უწყობს!
_ „ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას დასანახად რომ ვერ იტანს, ეს იმთავითვე ცხადია. ახლა კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ ივანიშვილი გეგმავს, თეთრ სახლს ქართულ და ამერიკულ არასამთავრობოებზე ღია წერილით მიმართოს. ეს რეპრესიების დაწყების მაუწყებელია?
_ საგულისხმოა, რომ ეს განცხადება ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში კი არა, წინასწარ ჩაწერილ იმ ინტერვიუში გააკეთა, ანუ ვერ ვიტყვით, რომ წამოსცდა.
საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი არასამთავრობოების მიმართ რუსეთის ფედერაციაში გვინახავს, სადაც ასეთ ორგანიზაციებს რუსული კანონმდებლობა ავალდებულებს, ისე დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები.
_ მსგავსი მცდელობა „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
_ მოკლედ, განცხადებები: ინტერნეტი უნდა გაკონტროლდესო და ა. შ., ჩვეულებრივი ავტორიტარული ტრაექტორიაა. როცა ხელისუფლება მის მიმართ პროტესტს ხედავს, სხვა გზა არ იცის, გარდა იმისა, რომ ასეთი ავტორიტარული ნაბიჯი გადადგას და პროტესტს ასე დაუპირისპირდეს. არადა, ეს სრულიად საწინააღმდეგო მოძრაობაა. სინამდვილეში, მოძრაობა ამ პროტესტის შემხვედრი გზით უნდა მიმდინარეობდეს და ხელისუფლება ფოკუსირებას პრობლემებზე უნდა ახდენდეს.
_ ასეა თუ ისე, ხელისუფლება თავისას მიაღწევს, რადგან ხელში სხვადასხვა ბერკეტი აქვს, რომლითაც თუნდაც ახალგაზრდებს გააკონტროლებს.
_ ვერ დაგეთანხმები.
_ რატომ?
_ ასეთმა ბერკეტებმა შესაძლოა, ისეთ დიდ სახელმწიფოებში გაამართლოს, სადაც მოსახლეობაც ბევრია და ქვეყანაც დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, მაგრამ მცირე ზომის ქვეყნებში ასეთი ავტორიტარული მცდელობები არ ამართლებს.
საერთოდ, საქართველო, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა ჩამოყალიბდა, ანუ მცირე ზომის ქვეყნები ავტორიტარიზმის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან. სხვათა შორის, ეროვნული მოძრაობის დროსაც განსაკუთრებით ახალგაზრდები და სტუდენტები აქტიურობდნენ. სწორედ ასეთი მცირე ჯგუფები ახერხებენ რეზისტეცნიას, წინააღმდეგობას და მათ საზოგადოების ფართო ჯგუფებიც მიჰყვებიან ხოლმე.
ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ ახლაც ეს კრიტიკული ეტაპი გადალახულია და ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი და მნიშვნელობა არ აქვს, ეს არჩევნები როგორი პრინციპით ჩატარდება.
_ 80-იანი წლების ბოლოს, როცა ეროვნული მოძრაობა აზვირთდა, სხვა მოცემულობა იყო, ახლა კი _ სხვაა. გავიხსენოთ თუნდაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როცა „ოცნებამ“ მთელი საარჩევნო კამპანია მთლიანად აგრესიაზე ააგო, ანუ ვინმეს სიამოვნებს თუ არა, ფაქტია: მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და „ოცნება“ მუდმივად ამ ემოციაზე თამაშობს. აგერ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კიდეც, ქუჩაში მხოლოდ 200 „ნაცი“ დგასო, ანუ ყველა იმ ადამიანის „ნაციონალად“ გამოცხადება, ვინც არსებულ რეჟიმს აპროტესტებს, პიარსტრატეგიაა?
_ დიახ, მართლას ამბობ. 2021 წლიდან ასე მოდის და, შეიძლება ითქვას, რომ ამ აზრით „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებს.
_ რას ნიშნავს, „ასაზრდოებს“?
_ ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, პოლიტიკური ველიდან ერთის ან მეორის არარევოლუციური გზით გასვლა მეორის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს, ანუ „ოცნებას“ ამ წლების განმავლობაში ევროპული ყაიდის ოპოზიცია რომ ჰყოლოდა, რომლის მიმართაც 9-წლიანი სისხლიანი პერიოდით აპელირება არ იქნებოდა შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში, „ოცნების“ პოლიტიკური ისტორია გაცილებით ხანმოკლე იქნებოდა. ამით და კიდევ სხვა მანქანების გათვალისწინებით, „ოცნებამ“ რამდენიმე არჩევნები მისთვის სასურველი შედეგით დაასრულა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ფასი დაუჯდა.
_ ანუ?
_ საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ოცნებას“ მთელი თავისი რეპრესიული რესურსის მობილიზება მოუწია. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული სკეპსიზი თავად „ოცნებაშიც“ არსებობდა _ პირველ ტურში გამოჩნდა, რომ შიდა პარტიული დისციპლინა საკმაოდ შერყეული იყო, თუმცა მეორე ტურისთვის „ქუდზე კაცის“ პრინციპით ყველა რესურსის მობილიზება მოხდა…
_ კარგად თუ დავაკვირდებით, „ოცნება“ ახლაც ზუსტად ამ სცენარით მოქმედებს.
_ დიახ, ახლაც იგივეს ცდილობს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკული გაფრთხილება მოჰყვა. ასე რომ, ყველა ეს მექანიზმი უკვე ცნობილი და გამოაშკარავებულია და თუ არჩევნების შედეგების კორექტირება მომავალშიც ასე მოხდება, მაშინ რეაქცია კიდევ უფრო კრიტიკული იქნება!
_ ზურა, მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, ანუ მგონია, რომ „ოცნებას“ სულაც არ ადარდებს, დასავლეთი გააკრიტიკებს თუ არა, თან „ქოცები“ თავს იმშვიდებენ, მსოფლიოს ყალბ ინფორმაციას „ნაციონალები“ აწვდიან, თორემ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და დემოკრატიაც ავაყვავეთო.
_ ჯერ ერთი, ეს ძალიან ახლომხედველობაა. მეორეც, ასეთი განცხადებებით „ოცნება“ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობები და საელჩოები აქვს, შეურაცხყოფას აყენებს.
სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევაზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ ძალიან კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
_ უვადო მოსამართლეების არჩევა-დანიშვნა, როგორც იტყვიან, აშშ-ს საელჩომაც მიწაში ჩადო.
_ დიახ.
საერთოდ, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების ინიციატივა ჩააგდო, დასავლურ მედიაში კრიტიკული სტატიების მთელ კოჰორტას ვხედავთ. დასავლური პრესა ამაზე კრიტიკული ვეღარ იქნება, თან ეს დასავლური პრესა მხოლოდ ჟურნალისტური წრეებისგან არ შედგება, ანუ მსგავსი სტატიები დიდწილად ახდენს გავლენას იმ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების საქართველოსადმი განწყობაზე, რომლებიც ჩვენს რეგიონზე მუშაობენ!
_ სხვათა შორის, პრემიერმა გახარიამ ამერიკულ პრესას, სადაც 11 სექტემბერს საქართველოში დაჭერილ ოქროს მოწმეზე სტატია გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას ჯერარნახული საერთშორისო სკანდალი უწინაწარმეტყველა, ჭორაობაში დასდო ბრალი.
მოკლედ, ზურა, რა უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას? ფაქტია: არჩევნები ის თემა არაა, რის გამოც ქუჩაში კრიტიკული მასა გამოვა.
_ იმედი მაქვს, რომ იგივე საარჩევნო თემაზე სამოქალაქო პოზიციის მასშტაბური მობილიზება მოხდება.
_ ამის იმედს რა გაძლევს?
_ ოპოზიციის გაერთიანება აქამდე წარმოუდგენლი იყო, ახლა კი საარჩევნო თემაზე მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და ესეც გარკვეული ინდიკაციაა.
ამას საერთაშორისო კომპონენტიც ემატება, რაც უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.
სხვათა შორის, 2012 წელსაც, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიმართ დასავლეთის განწყობა ასეთი კრიტიკული იყო და ყველა ე. წ. ანტიმისშიტურ პუბლიკაციაზე, რომელიც დასავლეთის იმდროინდელ პრესაში იბეჭდებოდა, „ოცნება“ ხაზგასმით აღნიშნავდა.
ახლაც ყველა ეს ფაქტორი სახეზეა და ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“რადიკალური და ინოვაციური ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ თუნდაც საარჩევნოდ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება მოახერხოს, მით უმეტეს, რომ ეს ხალხი, ზოგადად, პოლიტიკაზე და ასევე „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებულია.
ერთი სიტყვით, ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ ადგილზე მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი!
_ ოპტიმისტურად განწყობილი, მგონი, არც „ოცნებაა“, მაგრამ სირაქლემის პოზით იმშვიდებს თავს.
_ დიახ, ეს ჩანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნებას“ საკუთარი წევრები ყოველდღე თუ არა, ყოველკვირეულად მაინც ტოვებენ. ამ დატოვების მიზეზი სხვადასხვაა _ ზოგი საპატრიარქოს იშველიებს, ზოგი _ სხვა რამეს, მაგრამ ფაქტია: მმართველ ძალას ყოველ კვირას თითო დეპუტატი რომ ტოვებს, ეს ბევრი რამის მაჩვენებელია!

გიორგი აბაშიძე