ლაბორატორიების „ომი“

ორი თვის წინ, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, ადგილობრივი ჰიგიენური პროდუქციის შესწავლის გამო სავაჭრო ობიექტებში მთელი რიგი შესყიდვების სერია განახორციელა ნიმუშების უცხოეთის ლაბორატორიაში გადაგზავნის მიზნით. საერთო ჯამში, შეისყიდეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქცია, რომელიც მავნე ნივთიერებებზე გამოსაკვლევად საფრანგეთის ლაბორატორიას (ევროფინსი) გადაეცა. საკვლევ თემას წარმოადგენდა საფრთხის შემცველი ნივთიერება _ პარაბენების (34 ნიმუში), კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობის დადგენა. აქვე დავძენთ, რომ შემოწმების პარამეტრებად განისაზღვრა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისი მაჩვენებლები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში იკრძალება. „ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ ამ შემოწმების ნიმუშებს. აქვე დავძენთ, რომ კვლევის შემდეგ ისტორია მეტად საინტერესოდ წარიმართა… თუმცა მივყვეთ მოვლენებს!

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ნიმუშების სახეობები და ჩასატარებელი კვლევები შეარჩია მსოფლიოში დღესდღეობით გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულია სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის.
აქვე დავძენთ, რომ პარაბენი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება. ისევე როგორც კონსერვანტები, ის გამოიყენება პროდუქტის გაფუჭებისგან დასაცავად და მისი ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად. მთელ მსოფლიოში ოფიციალურად არის დადგენილი პარაბენის უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე _ მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
ამიტომაც პარაბენის გამოყენება პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ევროკავშირის ქვეყნებში მკაცრად ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. არის პარაბენი, რომლის გამოყენება საერთოდ იკრძალება, ზოგიერთი კი დაშვებულია მკაცრი დოზირებით და ისიც მხოლოდ გარკვეული დასახელების პროდუქციაში.
როგორ არეგულირებს ხსენებულ საკითხს ჩვენი კანონმდებლობა, ანუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? _ კარგი არაფერი! საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს. ეს გახლავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ის #307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, რომელიც, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ თუ გამოვლენილ საფრთხეებს. კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად, ამიტომაც რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. რაც შეეხება პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელ უწყებას _ „სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს“, ის 2005 წელს გაუქმდა.
ასე და ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება. რას მოვიხმართ? რას ვისვამთ? რას ვიზელთ? რას ვსუნთქავთ? _ ამის დადგენა მხოლოდ უცხოეთის ლაბორატორიაში გადამოწმების გზით არის შესაძლებელი, როგორც მოიქცა კიდეც „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“.
მოკლედ, საფრანგეთის ლაბორატორიაში კვლევის შედეგად 35 ნიმუშიდან 5-ში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში იკრძალება. ეს პროდუქცია გახლავთ: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „ Garnier “, (პარტიის #28R700), ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი „Aმალფყ“ (პარტიის #10:70), თმის საღებავი „ Amalfy “ (პარტიის #0267030300), თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline (შტრიხკოდის #5902082520757), ფრჩხილის ლაქი „ Olivia “ (გამოშვების თარიღი: 14.05.2018).
აღნიშნული კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში, იმ კომპანიებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (მაგალითად, შპს „სუფთა სახლს“ _ ტუჩსაცხსა და სახის საცხზე, შპს „ნავნეს“ _ თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმებს: L’Oreal -ს სახის საცხზე, Clairol -ს _ თმის საღებავზე, Quimi Romar -ს _ შამპუნზე, BELL-ს _ ტუჩსაცხზე და Orkide Cosmetics olivia -ს _ ფრჩხილის ლაქზე).
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“ ფარგლებში.
ამის შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოვლენები ერთობ საინტერესოდ ვითარდება. 2019 წლის 10 სექტემბერს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღო საპასუხო წერილი, რომლითაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მათ მიერ გაგზავნილი ინფორმაციის განხილვა.
პარალელურად, 24 სექტემბერს, Amalfi -ს ბრენდის იმპორტიორმა ფირმა „ჰისპანიამ“ თავისი სოციალური ქსელის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, ფაქტობრივად, თაღლითობაში დაადნაშაულა. კერძოდ, „ჰისპანიამ“ ასევე გამოაქვეყნა სტრატეგიული კვლევების ცენტრის ლაბორატორიული კვლევის ოქმის ქართულ თარგმანი, სადაც მონიშნული ჰქონდა რამდენიმე წინადადება და ამტკიცებდა, თითქოს დასკვნაში წერია, რომ შემოწმებულ ნიმუშში წინასწარ, განზრახ იყო დამატებული მავნე ნივთიერებები.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ეს იმდენად აბსურდულ ბრალდებად მიიჩნია, რომ სერიოზულად არც განუხილავს. არადა, ღირდა! როდესაც ვიღაცა თაღლითობაში გადანაშაულებს, პასუხი ნამდვილად ღირს. „სტრატეგიული კვლევების ცენტრმა“ მხოლოდ განმარტა, რომ ლაბორატორია ამოწმებს მასთან მისულ ნიმუშებს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არის. შეუძლებელია, ლაბორატორიამ განსაზღვროს, განზრახ არის დამატებული ესა თუ ის ნივთიერება ნიმუშში.
„ჰისპანიამ“ ასევე გამოაქვეყნა „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ მიერ შემოწმებული პარტიის ერთ-ერთი შამპუნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, რომელიც ესპანეთში ჩატარდა და ამ ნიმუშში პარაბენები არ აღმოჩნდა. თუმცა, ცენტრის განმარტებით, ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ მათ მიერ შემოწმებულ ნიმუშში პარაბენები არ იყო, ვინაიდან ეს შამპუნები ქარხნულად დალუქული არ იყიდება. შესაძლოა, დისტრიბუციის ან სავაჭრო ობიექტში განთავსების დროს შამპუნში სხვა სითხე შეურიეს.
ასე რომ, „სტრატგეიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ რეკომენდაცია იყო, რომ „ჰისპანიამ“ შესაბამისი ზომები მიიღოს თავისი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ასეთი ზომა კი ქარხნულად დალუქული ნიმუშების გაყიდვაა, რაც იმის რისკს გამორიცხავს, რომ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლოს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, გააყალბოს პროდუქცია.
15 ოქტომბერს „სტრატეგიული კვლევების ცენტრმა“ მიიღო ჯანმრთელობის სამინისტროს პასუხი მათ მიერ გაგზავნილ წერილზე. სამინისტრო აღიარებდა ცენტრის მიერ დაყენებულ პრობლემას და მზადყოფნას გამოთქვამდა პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობისთვის.
ახლა კი ცოტა შევაჯამოთ. მაშასადამე: საფრანგეთის ლაბორატორიამ, ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით, საქართველოს ქსელში რეალიზაციაში მყოფ პარფიუმერულ პროდუქციას კვლევა ჩაუტარა და ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა მავნე და აკრძალული ნივთიერებები. ამის შესახებ წერილი გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სხვა უწყებებს. ამის შემდეგ ამ ხუთიდან ერთ-ერთმა კომპანიამ, გადამოწმების მიზნით, იგივე პარტიის ნიმუშები ასევე უცხოეთის ლაბორატორიაში გადაამოწმა და იქ პარაბენები არ აღმოჩნდა. კომპანიამ ამაზე ხმაური ატეხა, _ აბა, ახლა დამიმტკიცე, რომ მართლა მავნე ნივთიერებები იყო ჩემს პროდუქციაშიო, რაზედაც „სტრატეგიული კვლევების ცენტრმა“ უპასუხა, რომ შენი ლაბორატორია შეიძლება არ ტყუის, მაგრამ არც ჩემი ტყუისო! ეგ როგორო?! როგორ და უმჯობესია, შენი პროდუქცია ბაზარზე გააკონტროლო, რომ ქარხნულად დალუქული იყიდებოდეს, თორემ არ არის გამორიცხული, დისტრიბუციის დროს შიგნით სხვა შემადგენლობას ამატებდნენო.
ცოტა უცნაურია, ხომ?! ანუ გარდა იმისა, რომ ლაბორატორია არ გვაქვს, უცხოეთში შემოწმებული პროდუქციის პასუხებიც კი შეიძლება საეჭვო აღმოჩნდეს. თუმცა აქ ერთი კითხვაც ისმის?! _ თუ „ჰისპანიის“ პროდუქტი ქარხნულად ილუქება და ისე გადის გასაყიდად, ხომ არ ჯობდა, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ საფრანგეთში შემოწმებაზე დალუქული პროდუქციის ნიმუში გაეშვა?! სხვა საკითხია, რატომ ვერ აკონტროლებს „ჰისპანია“ საკუთარ პროდუქციას, რომელიც დაულუქავი იყიდება.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებულ სამომხმარებლო პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.

თამარ როსტიაშვილი