უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შავი დოსიეები

მმართველმა გუნდმა თავისი გაიტანა და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოპოზიციის გულისწყრომა კი არ დაიმსახურა, არამედ საკუთარი მომხრეებიც გაანაწყენა, უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. ზოგადად, ე. წ. უვადოების სია სულ 20-კაციანი იყო, თუმცა „ქრონიკა+“-ს ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ანუ 12 დეკემბრამდე, კულუარული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ამ ოციდან ექვსის კანდიდატურა ჩავარდებოდა. დანარჩენ 14-ს კი, ცაც რომ ჩამოქცეულიყო, საკანონმდებლო ორგანო უზენაესის მოსამართლედ, როგორც სალომე ზურაბიშვილი იტყოდა, აასაყდრებდა, ანუ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ზევიდან“ იყო დირექტივა გაცემული, რომ ეს 14 ადამიანი, რომელიც სამართლიანობით არ გამოირჩევა და გახმაურებულ სკანდალურ საქმეებშიც ფიგურირებს, ყველა ვარიანტში, „უვადოს“ მანტიით უნდა შემოსილიყო. ერთი სიტყვით, დირექტივა „ხუთიანზე“ შესრულდა და მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევენ ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გამწესდნენ. ამის შემდეგ „ოცნებას“ „ნაციონალების“ 9-წლიან სისხლიან რეჟმზე ლაპარაკის მორალური უფლება აღარ აქვს, რადგან თუ წინა ხელისუფლება რეჟიმი იყო, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძრაობა“ რეჟიმად სწორედ ამ უვადო მოსამართლეების ხელშეწყობით ჩამოყალიბდა, ანუ სწორედ ეს „უვადოები“ „აპრავებდნენ“ ყველა უკანონობას და იმაზეც არ ამბობდნენ უარს, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაეშვათ.

ასე რომ, ერთი ქართული სიბრძნისა არ იყოს, „ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზის, თუმცა ამას, ალბათ, გვიან მიხვდება. მანამდე კი, სანამ ივანიშვილის გუნდი საკუთარ საბედისწერო შეცდომას თვალებში ჩახედავს, „ქრონიკა+“ უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლის დოსიეს გთავაზობთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წინამდებარე პუბლიკაციაშია მოყვანილი ფაქტები ყურით კი არაა მოთრეული, არამედ, იმ გავლენიანი ქართული არასამთავრობოების მიერ გახლავთ გადამოწმებული, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობენ. შესაბამისად, თოთხმეტივე უვადო მოსამართლის „შავი დოსიე“ უტყუარია.

მერაბ გაბინაშვილს „ოცნების“ წყალობა უკვე მეორედ ერგო, ანუ 2017 წელს ის უვადო მოსამართლედ ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განამწესეს და სანამ უზენაესში „გადაპორტირდებოდა“, ამ უწყებაში საგამოძიებო კოლეგიას თავმჯდომარეობდა.
გაბინაშვილი იმით გახლავთ გამორჩეული, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმეში ფიგურირებს, ანუ ის მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს სააპელაციო წესით განიხილავდა და არ დააკმაყოფილა.
მირანდა ერემაძეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს კადრია, ანუ 2017 წლიდან ამ უწყებაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლის პოზიცია ეკავა. უახლოეს წარსულში კი ერემაძე „ანტინაციონალების“ განსაკუთრებული დევნით გამოირჩეოდა, კერძოდ, ერემაძე გახლდათ ოპოზიციის ექსაქტივისტისა და ამჟამად რკინიგზის დეპარტამენტის პიარის, დაჩი ცაგურიას მოსამართლე. შეგახსენებთ: 2009 წელს ცაგურია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, რა დროსაც, როგორც მაშინდელი სამართალდამცველები ამბობდნენ, გზის სავალი ნაწილი გადაკვეთა, ჯერ ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ კი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციელს უცენზურო სიტყვებით მიმართა. მირანდა ერემაძემ დაჩი ცაგურია სამართალდამრღვევად ცნო და წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა.
სხვათა შორის, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცები განმარტავენ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც ერემაძემ ცაგურია თავის დროზე დამნაშავედ ცნო, საბჭოთა კავშირის დროსაა მიღებული, ამდენად იგი სამართალწარმოების პროცესში სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის სათანადო საპროცესო გარანტიებით დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, ეს კანონი არც უდანაშაულობის პრეზუმპციას ითვალისიწინებს, ანუ როგორც არასამთავრობოები განმარტავენ, ეს კანონი სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს იმაზე ნაკლები დაცვის სტანდარტს სთავაზობს, ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობა – ბრალდებულებს.
„ამიტომაც, განსაკუთრებით დიდია მოსამართლის როლი, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დასაბუთებული“, _ განმარტავენ „ენჯეოები“
უვადო მოსამართლეებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მამუკა ვასაძეა, რომელიც 2015 წლის ნოემბრიდან ბოლო წუთამდე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გახლდათ, 2018 წლის ივნის-ივლისში კი მთავარი პროკურორის მოვალეობასაც ასრულებდა.
სწორედ იმ დროს, როცა ვასაძე ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების „თვალი და ყური იყო“, როგორც კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებს, საზოგადოების ყურადღება არაერთმა გახმაურებულმა საქმემ მიიპყრო, ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესოა დათუნა სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეები.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალები სწორედ ვასაძის მთავარი პროკურორის მოადგილეობის დროს გავრცელდა, თუმცა დამნაშავე დადგენილი აქამდე არაა.
მაია ვაჩაძის სამოსამართლეო კარიერამ 1999 წელს, ე. ი., „ვარდების რევოლუციამდე“ აიღო სტარტი და მთელი ამ წლების განმავლობაში იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გალხდათ.
ამ ქალბატონის არსებობის შესახებ საზოგადოებას შესაძლოა, არც გაეგო, რომ არა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმე, ანუ ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს იმ დიდი პალატის წევრი გახლდათ, რომელმაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე განიხილა. მართლმსაჯულების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს.
ასე, მაგალითად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ დიდმა პალატამ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის.
თამარ ზამბახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 3 წლის ვადით 2017 წლის 11 მაისს დაინიშნა. ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც თამარ ზამბახიძე განიხილავდა, ე. წ. ღვინის ქარხნის საქმეა.
შალვა თადუმაძეზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვით, ანუ „კაკო ყაჩაღისა“ არ იყოს, ბავშვმაც კი იცის, რომ თადუმაძეს დიპლომი არ აქვს. ამიტომაც ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში სწავლა ეზარებათ, იმედი მიეცათ, დიდები როცა გაიზრდებიან, „შალვათადუმაძეები“ გახდებიან. ხუმრობა იქით იყოს და, თადუმაძის მთელი დამსახურება ის გახლავთ, რომ ივანიშვილის ადვოკატობა ერგო და სწორედ ამის გამო „აურაცხელი საწყაულით დასაჩუქრდა“, ანუ 2018 წლის ივლისს ჯერ საქართველოს მთავარი პროკურორობა უბოძეს, ახლა კი უზენაესის უვადო მოსამართლე გახდა და, როგორც ამბობენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაც გარანტირებული აქვს.
ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 15 ივლისიდან ახორციელებდა და მის ანგარიშზეა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც საზოგადოება „ფილიპ მორისის საქმედ“ იცნობს, ანუ მოსარჩელემ, სს „თბილისის თამბაქომ“, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეის“ წინააღმდეგ.
მოსარჩელე მოპასუხეებისგან დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა 2013-2015 წლებში, მოპასუხეთა მხრიდან უკანონო მოქმედებებით, ანუ დემპინგით კონკურენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ყველა სხვა მოთხოვნა კი სწორედ აქედან გამომდინარეობდა.
ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ წლების განმავლობაში არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ სიგარეტს ყიდდნენ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. სწორედ ეს იყო დემპინგი, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიაყენეს – ამ პერიოდში მისი გაყიდვები, შემოსავლები და ბაზარზე წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
ლევან მიქაბერიძე მოსამართლედ 2006 წლიდან მუშაობს, 2019 წლიდან კი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გახლდათ დასაქმებული. მის მიერ განხილული საქმეებიდან გამორჩეულია „თბილავიამშენის“ სადავო საქმე. კერძოდ, საუბარია 2010 წლის ფაქტზე, როდესაც „თბილავიამშენის“ მეწილეებმა კომპანიის 100% სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს. ისინი აცხადებენ, რომ წილების დათმობა მათ სახელმწიფომ აიძულა. საქმეში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაიაც ფიგურირებს, ანუ მოწმეთა თქმით, ახალაია კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს შეხვდა, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტროში წავიდნენ და იქ ჩუქება გაფორმდა. მეწილეები და აქციონერები სასამართლოსგან ამ ჩუქების დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
2017 წელს „თბილავიამშენის“ სადავო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, რომელსაც ლევან მიქაბერიძე თავმჯდომარეობდა, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ღია საზოგადოების ფონდის“ დასკვნის თანახმად, მოსამართლემ „არ მიაქცია ყურადღება და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არაერთ კითხვას აჩენდა გარიგების ნამდვილობაზე“.
ამ ეტაპისთვის საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
12 დეკემბრამდე, გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მდივანი გახლდათ. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლის მანტიაც ჰქონდა მოსხმული.
მიქაუტაძე სასამართლოში არსებული ე. წ. კლანის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, თუმცა თავად მიქაუტაძე ყოველგვარი კლანის არსებობას უარყოფს.
რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, ამ მხრივ თვალში საცემია ე. წ. უკანონო შემოწირულობების საქმე. საუბარია 2012 წელზე, როცა კონტროლის პალატამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაეჯარიმებინა „ქართული ოცნების“ 17 შემწირველი უკანონო შემოწირულობის გამო. მიქაუტაძემ ეს მოთხოვნა უსიტყვოდ დააკმაყოფილა და 17-ვე შემწირველი, ჯამში, 1.2 მილიონით დააჯარიმა, ანუ მიქაუტაძე არცთუ შორეულ წარსულში „მეოცნებეებზე“ ნადირობდა, ახლა კი „ოცნების“ „სანდო კადრია“.
ამ საქმესთან დაკავშირებით ფონდ „ღია საზოგადოების” დასკვნაში ვკითხულობთ:
„სადავო ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ უკანონო შემოწირულობის განხორციელება უნდა განხილულიყო არა როგორც ადმინისტრაციული, არამედ როგორც სისხლისსამართლებრივი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, მოქალაქეებს კი არ უნდა დაკისრებოდათ მტკიცების ტვირთი, რომ მათ ნამდვილად ჰქოდათ შესაბამისი თანხები და განახორციელებდნენ შემოწირულობებს, არამედ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ, რომ მათ ეს თანხები ვერ ექნებოდათ საკუთრებაში, თუმცა გადაწყვეტილებაში საერთოდ ვერ ვხვდებით მსჯელობას ამ საკითხზე. მეტიც, საქმის მასალების გაცნობის გარეშე დაინტერესებული მკითხველი გადაწყვეტილებიდან საერთოდ ვერ გაიგებს, რომ დაცვის მხარე ამ საკითხზე დაობდა.
მოსამართლეს არ გამოუყენებია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, კანონის კონსტიტუციურობის შესაფასებლად შუამდგომლობით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ გვხვდება. მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღე მისცა პირებს სასამართლო განხილვისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად და შესაბამისი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, ხოლო სხდომის გადადებისა და შესვენების გამოცხადების
შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა“.
ამას გარდა, მიქაუტაძეს ედავებოდნენ არასრულწლოვნის ცემას, ანუ არსებული ინფორმაციით, 2016 წელს გონიოს სანაპიროზე მოხდა ინციდენტი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც მოსამართლე მიქაუტაძემ განიხილა ინციდენტამდე ერთი წლით ადრე. ხაჭაპურიძის განცხადებით, მის 13 წლის შვილს მოსამართლემ სცემა. გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო. გამომძიებლის განცხადებით, მოზარდის ცემის ფაქტზე მიქაუტაძე დაკითხეს, თუმცა საქმე არ გამოძიებულა, ახლანდელი მდგომარეობით კი გამოძიება ხანდაზმულია.
ნუგზარ სხირტლაძე 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე მოსამართლე სააპელაციო და საოლქო სასამართლოებში იყო. უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
სხირტლაძე განიხილავდა გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხს, რაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებას ეხებოდა.
კერძოდ, ტრანსგენდერი ადამიანი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა ჩატარებული „სქესის შეცვლის“ ოპერაცია. იგი ასევე ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ახალი აქტის გამოცემას, სადაც მისი სქესის ჩანაწერი აისახებოდა.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელსაც მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე თავმჯდომარეობდა, ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ მიიღო არსებითად განსახილველად.
ლალი ფაფიაშვილი, თავის დროზე, მგზნებარე „ნაცი“ გახლდათ, ანუ 1996-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში – პარლამენტის წევრი; 2007-2017 წლებში _ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ეკავა. ამას გარდა, 1998 წლიდან, ფაფიაშვილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
მართალია, თავის დროზე „ნაცი“ იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ფაფიაშვილს გიგი უგულავას საქმე განეხილა. მანვე განიხილა „კაბელების საქმეც“ და ორივე შემთხვევაში, ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, როგორიც „ოცნებას“, ე. ი., ახალ ბატონს ეამებოდა.
ქეთევან ცინცაძე, თავის დროზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად 5-წლიანი ვადით აირჩია. 2009-2011 წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტად მუშაობდა, 2011-2017 წლებში კი _ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობისას ქეთევან ცინცაძე სხვადასხვა მოსამართლის, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწეც იყო. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო კლანის ლიდერად სწორედ ჩინჩალაძე მიიჩნევა, ანუ ცინცაძე ჩინჩალაძის კადრია.
ალექსანდრე წულაძე 2011-2012 წლებში იუსტიციის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. შემდეგ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2015 წლებში კი, _ ამავე დეპარტამენტის უფროსი. 2015-დან 2017-წლამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსად საქმიანობდა, შემდეგ – საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. 2017 წლიდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა.
ნინო ქადაგიძე 1994-2000 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, 2000 წელს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა, 2002-2012 წლებში გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, 2013 წლის 17 ივნისიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.


ცნობისთვის: უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის სურვილი სულ 20 ადამიანს ჰქონდა, თუმცა ამ ოციდან ხუთმა ვერც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და ვერც დეპუტატთა საჭირო ხმები.
დაწუნებული კანდიდატები არიან: თამარ ალანია, პაატა სილაგაძე, გოჩა ჯეირანაშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი და შოთა გეწაძე.
რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მან კანდიდატურა თავად მოხსნა, თუმცა ამის მიუხედავად, იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდოამზე მას კენჭი მაინც უყარეს. მართლმსაჯულებაზე მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ ესეც კანონდარღვევა იყო, რადგან თუ ადამიანი კანდიდატურას ხსნის, მას კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ უნდა მიაღებინონ, თუმცა ამ ქვეყანაში, ცხონებული ნიკო გომელაურის თქმისა არ იყოს, ყველაფერი მოსულა!


ზემოთქმული კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ უვადო მოსამართლეებისთვის სამართლიანობა და პრინციპები არაფერს ნიშნავს, ანუ მათთვის მთავარია, ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს რაც შეიძლება კარგად ასიამოვნონ და, სანაცვლოდ, პრივილეგიები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ეს პრივილეგია უვადო მოსამართლეობაა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ „უვადოობის“ ანულირება თავისუფლად შეიძლება, რადგან საქმეში ჩახედულთა თქმით, 14-ვე მათგანი უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანონის დარღვევით გამწესდა.
იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020-ში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. შესაბამისად, ეს 14 მოსამართლე არათუ სამსახურს დაკარგავს, არამედ, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ თითოეული მათგანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ყველა იმ უკანონობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ, პასუხი აგონ! ბოლოს და ბოლოს, ხომ გაგიგიათ, სამართალი ურმით დადისო. ჰოდა, ეს ურემი, ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გამოჩნდება!

გიორგი აბაშიძე