ლია მუხაშავრია: „ეს ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფებაა!“

მოხდა ის, რისთვისაც „ოცნება“ ყველა ხერხითა და შესაძლებლობით იბრძოდა, ანუ უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე მმართველი გუნდის უმრავლესობამ უპრობლემოდ დაამტკიცა.
რატომ იკლავდა თავს ივანიშვილის გუნდი ამ ადამიანებისთვის და, საერთოდ, როგორ მოხდა „ნაციონალების კარის“ თემიდას მსახურების „ოცნებაში“ გადაპორტირება? _ იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ისინი, რომლებიც უვადო მოსამართლეები გახდნენ, ძალიან საშიში ადამიანები არიან. მეტიც, ჩვენი რესპონდენტი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობს და იმის ალბათობასაც უშვებს, რომ ხელისუფლება ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მძევალია.

რა საფრთხე ემუქრება ამ დანაშაულებრივი ჯგუფისგან ქვეყანას და როგორ უნდა განეიტრალდეს იგი? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს იურისტ ლია მუხაშავრიასთან:

_ ქალბატონო ლია, მართალია, უზენაესი სასამართლო უვადო მოსამართლეების კანდიდატებს მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერებიც აპროტესტებდნენ, მაგრამ „ოცნებამ“ მაინც თავისი გაიტანა და ოდიოზური ფიგურები უზენაესში უვადოდ გაამწესა. ე. ი., მმართველი გუნდი მოქმედებს პრინციპით: „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“, არა?
_ დაახლოებით, ერთი წლის წინ ვამბობდი, ხელისუფლება გაჯიქდება და ყველაფერზე წავა, რომ ეს ადამიანები მოსამართლეებად დანიშნოს, რადგან 2020-ის არჩევნებისთვის სასამართლოში, განსაკუთრებით, უზენაეს სასამართლოში, თავისი ხალხი სჭირდება-მეთქი.
_ არჩევნებისთვის „ოცნებას“ სასამართლოში თავისი ხალხი რატომ სჭირდება?
_ გაყალბებული და უკანონო არჩევნების ლეგიტიმაციისთვის სასამართლოში ბეჭდის დამსმელი ადამიანები სჭირდება. მოკლედ, ზუსტად ისე მოხდა, რასაც ვამბობდი.
„ოცნებასა“ და, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ხელისუფლების დაკარგვის ეშინია. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, „ოცნება“ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, დაკარგავს და ეს მისთვისაც ცხადია _ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია, მომხრეები აღარ ჰყავს და მისი არავის სჯერა. ამიტომ არჩევნებზე ერთადერთი ძალისმიერი უკანონო მეთოდების გამოყენება რჩება, რომელიც სასამართლოში ყმა მოსამართლეებმა „ლეგიტიმურად“ უნდა გამოაცხადონ. სწორედ ამ „დიადი“ მიზნის მისაღწევად „ოცნება“ ყველაფერზე წავიდა.
საერთოდ, ნებისმიერ სხდომაზე, რომელზედაც გადაწყვეტილება მიიღება, სამუშაო ატმოსფერო უნდა იყოს, რადგან ადამიანებს გააზრების, დისკუსიისა და მოსაზრებების შეჯერების საშუალება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ იმის გამო, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა, ამ პლანეტაზე ვერსად დაერქმევა, რომ ამ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
ისე, იურიდიული თვალსაზრისით, მხოლოდ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება კი არა, პროცედურაც, ანუ ის წესიც მნიშვნელოვანია, რომლითაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა იმისა, რომ ყაყანი იყო, ერთმანეთის არავის ესმოდა და კომიტეტის წევრები ანრი ოხანაშვილის შეძახილზე დაზომბებულნი წევდნენ ხელს, დარბაზიდან ჟურნალისტებიც გაათრიეს, რაც სრულიად ამაზრზენი იყო. ამიტომ ყველაფერ ამას იურიდიული კომიტეტის სხდომა ვერ დაერქმევა და არ შეიძლება, ამ სხდომაზე მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება კანონიერად და სამართლიანად ჩაითვალოს!
_ გეთანხმებით, მაგრამ რეალობა ასეთია: 14 ადამიანი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის მანტიით უკვე შემოსილია. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს შედეგი წინასწარ იცოდნენ, რადგან ყველა კანდიდატს მანტიაც კი მზად ჰქონდა და პარლამენტში ფიცის დადების დროს მოისხა.
_ დიახ, ეს ადამინები უვადო მოსამართლეებად ფორმალურად არიან არჩეულები, მაგრამ თუ 2020-ის არჩევნებამდე მივაღწიეთ, ახალი ხელისუფლება მოვა და გარწმუნებთ, მას აღმოაჩნდება ნება, რომ შექმნილი ვითარება შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ნორმალურ სახელმწიფოდ ქცევის პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან არ შეიძლება, რომ სახელმწიფო სასამართლოსა და მართლმსაჯულების გარეშე არსებობდეს!
_ მართლმსაჯულება, ცხადია, სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ ეს ადამიანები მოსამართლეებად უვადოდ, ანუ რამდენიმე ათეული წლით არიან არჩეულები და არსებობს რამე სამართლიანი მექანიზმი, რომლითაც მათი უკან გამოწვევა იქნება შესაძლებელი?
_ რა თქმა უნდა, არსებობს.
_ და ეს რა მექანიზმია?
_ შეიძლება, შეიქმნას კომისია, რომელიც ამ მოსამართლეების არჩევა-დანიშვნის პროცედურების კანონიერებას შეისწავლის და თუ კომისია დაადგენს, რომ ეს პროცედურა კანონიერი არ იყო, გადაწყვეტილება გაბათილდება.
ამას გარდა, პირადად მე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი ევროსასამართლოში მაქვს გასაჩივრებული და თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი იგივე საკითხზე არ დააკმაყოფილა, მაშინ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც დიდ როლს ითამაშებს.
მოკლედ, თუ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო ან ევროსასამართლო დაადგენს, რომ ევროკონვენცია დაირღვა, მაშინ ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნის გადაწყვეტილება გაბათილდება.
_ ეს, ალბათ, დროში გაწელილი პროცესია და არსებული რეალობა მალე არ შეიცვლება. ქალბატონო ლია, წეღან თქვით, „ოცნებას“ მონა მოსამართლეები სჭირდებაო. ჰოდა, საინტერესოა, ეს ადამიანები „ოცნებას“ როგორ დაემონენ, როცა არცთუ დიდი ხნის წინ „ნაციონალების“ ერთგულები და მონები იყვნენ. აი, მაგალითად, უვადოდ დანიშნული ერთ-ერთი მოსამართლე „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეს განიხილავდა. სხვათა შორის, ამ საქმეში სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო და პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუწყვიტა. მოკლედ, ეს მოსამართლეები „გარდამავალი დროშასავით“ არიან და „ოცნებას“ მათი ერთგულების იმედი რატომ აქვს?
_ ზოგადად, საინტერესოა, ამ უვადო მოსამართლეებს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ებრძვის.
_ ეს საინტერესო რატომაა?
_ ამ ადამიანების სამოსამართლო კარიერა სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, ანუ ეს ადამიანები წინა ხელისუფლების დროს დაწინაურდნენ, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ მათ გააფთრებით იმიტომ ებრძვის, რომ კარგად იცის, მათ ერთგულების გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ და ნებისმიერი ძალისა და ხელისუფლების მქონე ჯგუფის მიმართ, უბრალოდ, ლოიალურები არიან! შესაბამისად, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ეს მოსამართლეები ახალი ხელისუფლების ბანაკში გადაბარგდებიან, ლოიალობას ახლა მას დაუმტკიცებენ და ოღონდ მანტიები შეინარჩუნონ, შეჰფიცავენ, რომ მის ყველა დავალებას უსიტყვოდ შეასრულებენ!
ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ადამიანებს ორგულობა და სამგულობა ახასიათებთ. უბრალოდ, მის მიმართ, ვინც ხელისუფლების სათავეში მოდის, ლოიალურები არიან! ხელისუფლების სათავეში მყოფთ ასეთები ყოველთვის სჭირდებათ და ეს ადამიანები იმ თანამდებობებზე, სადაც დაინიშნენ, სწორედ ამიტომ მოხვდნენ!
_ ეს გასაგებია, მაგრამ, ქალბატონო ლია, სასამართლო სისტემას, შეიძლება ითქვას, შიგნიდან იცნობთ. შესაბამისად, ალბათ, იცით, „ნაციონალების“ ერთგული მოსამართლეები „ოცნებამ“ როგორ გადაიბარა _ კომპრომატებით თუ „მონებმა“ ივანიშვილის გუნდს თავად შესთავაზეს თავი?
_ გეტყვით.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ გავიხსენოთ უახლესი წარსული, კერძოდ, 2013-2014 წლები. მაშინ ხელისუფლებამ რამდენიმე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გასამართლება დააპირა, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, რომ უმეტესად გამამართლებელი განაჩენები დადგა. ამიტომ ხელისუფლებას ახალი ბრალდებების შეთითხვნა დასჭირდა, რომ საქმეები სასამართლოში ხელახლა წასულიყო. ყველაფერმა ამან ისეთი ვითარება შექმნა, რომ ინტერპოლით ძებნილთა სიაში, მგონი, მხოლოდ ასლან აბაშიძეა დარჩენილი.
მოკლედ, მაშინ სასამართლოს კლანმა თავისი ბრჭყალები გამოაჩინა და ეს უნიათო და უგერგილო ხელისუფლება ისე შეაშინა, რომ გარიგებაზე წავიდა. ამის შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, აი, მურუსიძე კარგი კაციაო.
_ ივანიშვილმა მურუსიძეს პირდაპირ მსხვერპლი უწოდა.
_ დიახ, ასე იყო. მერე კობახიძე შეეცადა, ყველასთვის თვალში ნაცარი შეეყარა და ეთქვა, _ ეს მოსამართლეები „ნაციონალების“ დროს ცუდები კი იყვნენ, მაგრამ ახლა კარგები გახდნენო. ეს უსუსური ქმდებები იმ რეალური შიშით იყო გამოწვეული, რომელიც „ოცნებას“ სასამართლოს მიმართ გაუჩნდა. ამასთან, ხელისუფლებაში მოსულებს გონიერება არ აღმოაჩნდათ, ანუ ქვეყნის მართლმსაჯულების განმტკიცებით კი არა, უფრო სუბიექტური საკითხებით იყვნენ დაკავებულები. აქედან გამომდინარე, გარიგებაზე წავიდნენ, თან ისე, რომ არ გაითვალისწინეს, საქმე ვისთან ჰქონდათ. არადა, ეს ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფებაა, რომელსაც სათავეში და ასევე თავის რიგებში ჰყავს ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური იურისტები.
_ ანუ ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფება სასამართლო კლანია?
_ დიახ. ესენი ძალიან საშიში ადამიანები არიან, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებენ და შეუძლიათ, ნებისმიერ ხელისუფლებას, თუ საკმარისად გაბედული, ჭკვიანი და გონიერი წევრები არ ეყოლება, უკან დაახევინონ! აი, ასე ჩამოყალიბდა ეს კლანი, რომელსაც ჯერ მურუსიძე ედგა სათავეში, მერე კი ჩინჩალაძემ არათუ ეს კლანი, არამედ ამ კლანის ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცა!
სხვათა შორის, თავის დროზე, ამ კლანმა ათი მოსამართლის გაყვანა სცადა, რაც არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, ახლა უზენაესში 14 გაიყვანა, ანუ ეს კლანი სივრცეს ნელ-ნელა იკავებს, აფართოებს და საკუთარ პოზიციებს იმტკიცებს!
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საშიში ვითარებაა და მხოლოდ ჩემთვის ან თქვენთვის კი არა, არამედ, _ ხელისუფლებისთვის.
_ ხელისუფლებისთვის საშიში რატომაა?
_ მახსოვს, ერთხელ, როცა უზენაესის ყოფილ წევრს ასამართლებდნენ, ის ამბობდა, ასე უკანონოდ ნუ გამასამართლებთ და ისეთ მოსამართლეებს ნუ დასვამთ, რომლებმაც არ იციან, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა რა არის, თორემ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ეს მოსამართლეები თქვენც უკანონოდ გაგასამართლებენო!
ერთი სიტყვით, ამ მოჯადოებულ წრეზე უკვე მესამედ მივდივართ, ანუ ყველა მომდევნო ხელისუფლება წინას სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაასამართლებს და ასე, ნელ-ნელა, საქართველო ბანანის რესპუბლიკა გახდება, რომელიც ევროკავშირის კი არა, პროგრესის ყველა პერსპექტივას დაკარგავს!
_ მაშასადამე, „ოცნება“ სასამართლო კლანის მძევალია და იძულებულია, რომ მის დაკრულზე იაროს?
_ დიახ, დიახ, სწორედ ამას ვუყურებთ.
_ თუ ასეა, მაშინ ხელისუფლებას კრიტიკა კი არა, დახმარება სჭირდება, რომ მძველობიდან გავათავისუფლოთ.
_ ამ შემთხვევაში კრიტიკა კონსტრუქციული და ძალიან შეუპოვარია. ყოველთვის ხაზს ვუსვამ და არც ახლა დამეზარება, რომ მედიას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და პროფესიულ წრეებს მადლობა ვუთხრა, რადგან ამ მდგომარეობას არ ეპუებიან! ეს ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, _ თუ ეს პროცესი არ შემობრუნდა, უფსკრულში გადაჩეხვის კანდიდატები გავხდებით! ეს კრიტიკა კრიტიკისთვის კი არა, იმაზე წუხილი და დარდია, თუ რა მოელის სახელმწიფოს.
საერთოდ, იურისტი ის კი არ არის, ვინც კონკრეტულ დანაშაულს კარგად იძიებს ან კონკრეტულ საქმეზე ვიღაცას კარგად ასამართლებს, არამედ იურისტია ადამიანი, რომელსაც ესმის, სახელმწიფო როგორ უნდა მოეწყოს, რათა ყველა მშვიდობიანად თანაარსებობდეს და ქვეყანას წინსვლის პერსპექტივა ჰქონდეს!
_ კომუნისტები ამბობდნენ, კრიტიკა ადამიანს ეხმარებაო და შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ კრიტიკას აზრი მაშინ აქვს, თუ კრიტიკის ობიექტი ამ კრიტიკას ყურაღებას ოდნავ მაინც აქცევს. აი, უვადო მოსამართლეების არჩევა დიპლომატებმაც უარყოფითად შეაფასეს, მაგრამ „ოცნება“ მაინც თავისას „მიერეკება“. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს?
_ დიახ, არსებობს და იცით, გამოსავალი რა არის?
_ რა?
_ ეს თემა ყოვლისმომცველი გახდა, საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწია და 2020-ისთვის ნებისმიერ ამომრჩეველს ძალიან კარგად ექნება გაცნობიერებული, თუ როგორი ხელისუფლება სჭირდება, ანუ ახალი ხელისუფლების სამართლიანობის აღდგენის დანაპირები ლიტონი სიტყვები კი არ უნდა იყოს, არამედ საამისოდ მან ხალხს კონკრეტული გზები და საშუალებები უნდა შესთავაზოს!
ისე, კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან დიდი ხარვეზი იყო.
_ რას გულისხმობთ?
_ მასში, უბრალოდ, ეწერა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ იმაზე არაფერი იყო ნათქვამი, _ რა გზით და საშუალებით.
დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნების დროს საზოგადოება ძალიან კარგად დაფიქრდება და აწონ-დაწონის, ხმა ვის უნდა მისცეს.
შეიძლება, ეკონომიკის ან ფინანსთა გენიალური მინისტრი ვიპოვოთ. საერთოდ, ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შეცვლას ძალიან დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ თუ სასამართლოში ჩაცემენტებულ-ჩაბეტონებული, სამისდღემჩიოდ დანიშნული მოსამართლე გვეყოლება, რომელიც თავად ფიქრობს, ხელისუფლებისთვის სასიამოვნო რა იქნება, აი, ქვეყანა მაშინ დაიღუპება! ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის პროგრესი გამორიცხულია და ეს ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში არაერთი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა!
სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენმა საზოგადოებამ უსამართლობის მსახვრალი ხელი ძალიან კარგად იწვნია. ამიტომ, მართლმსაჯულებას, ხელისუფლების სხვა შტოებს შორის, უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა და ამიტომაც მგონია, რომ ეს თემა მომავალ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება!
_ ქალბატონო ლია, თუ სასამართლო კლანი ჩვეულებრივი ბანდიტური დაჯგუფებაა, მაშინ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, უპრობლემოდ დააშანტაჟებს.
_ არა, გეთაყვა, ასე არ მოხდება.
_ რატომ?
_ კრიტიკა და საზოგადოებისთვის ნამდვილი სურათის დახატვა აუცილებელი იმიტომაა, რომ ადამიანებმა ასეთი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა იმ პროფესიონალებს მიანდონ, რომელთაც გონიერებაც ეყოფათ, გამოცდილებაც, ცოდნაც, კვალიფიკაციაც, სითამამეც და გამბედაობაც!
ახლა ჩვენ, პრაქტიკულად, სამკვდრო-სასიცოცხლო პოზიციაზე ვდგავართ! ამიტომ უკან დასახევი არ გვაქვს! აი, მაგალითად, ვაჟა გაფრინდაშვილი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, _ ამდენი წელია ყველა ხელისუფლებას ეშინია და ხმას ვერ იღებსო. ანუ ამ ერთმა კაცმა გაბედა და ის გააკეთა, რაც სამი ხელისუფლების პირობებში ვერავინ მოახერხა! ამიტომ ამ ადამიანის გმირობა და თავგანწირვა ოპტიმისტური სულისკვეთების საფუძველს მაძლევს!
საერთოდ, შეუძლებელი არაფერია და ისიც გავიხსენოთ, რომ ყველაფერი ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, უდიდესი მოაზროვნე დიმიტრი უზნაძე ქართველი იყო. ამიტომ ჩვენს ნურც წარმატებას დავივიწყებთ, ნურც _ ღირსებას და არათუ წინაპრების, არამედ ჩვენი თანამედროვე გმირების ღირსი ადამიანები ვიყოთ!
_ განწყობას, გეთანხმებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საუბარს ამ მიმართულებით არ გავაგრძელებ და კითხვას შალვა თადუმაძეზე დაგისვამთ, ანუ მთავარ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლით ამტკიცებს. ეს პროცედურა თადუმაძემაც გაიარა, თუმცა უცებ უვადო მოსამართლეობა მოუნდა და იგივე სურვილი მის მოადგილესაც გაუჩნდა.
თქვენი აზრით, თადუმაძე და ვასაძე უზენაესში რა მიზნით გადაპორტირდნენ?
_ ესეც გარიგების ნაწილი იყო.
_ ანუ?
_ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდება და მისი მთავარი ფუნქცია მოსამართლეების კონტროლი იქნება. სხვათა შორის, ამას, თავის დროზე, დიდი წარმატებით კოტე კუბლაშვილიც აკეთებდა, თუმცა კუბლაშვილი თადუმაძისგან იმით განსხვავდება, რომ მას დოქტორის ხარისხი ევროპაში აქვს მიღებული, თადუმაძეს კი საქართველოში აღებული ხეირიანი დიპლომიც არ გააჩნია!
მოკლედ, თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ივანიშვილს სჭირდება და იურიდიული კომიტეტის ზემოხსენებული სხდომაც სწორედ ამის მტკიცებულებაა. დიახ, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საარჩევნო და სხვა მნიშვნელოვან დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო მისი კონტროლის ქვეშ იყოს და მშვიდად რომ ეძინოს, უზენაესის სათავეში თადუმაძე უნდა იყოს!
ამ ფონზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი ვინ იქნება, რადგან პროკურატურასთან ამ ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს, ანუ ის ხალხი, ვინც ადრე ადეიშვილ-სააკაშვილს ემორჩილებოდა და მათ სრულიად წარმოუდგენელ და თავხედურ ამბიციებს აკმაყოფილებდა, მერე ივანიშვილის ხელისუფლების მსახურებაზე გადავიდა.
ერთი სიტყვით, პროკურატურა თავიდანვე მოქნილი იყო, სასამართლომ კი კლანჭები გამოაჩინა. შესაბამისად, გარიგების ნაწილი გახლდათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თადუმაძე გახდება, სხვა ადგილებს კი კლანის სხვა წევრები დაიკავებენ! ამ გარიგების ყველა წვრილმანი და დეტალი ბიძინა ივანიშვილთანაა შეთანხმებული.
_ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნინო გვენეტაძე „ნაციონალების“ წინააღმდეგი იყო, „ოცნება“ მის კონტროლს ვერ ახერხებდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ამიტომაც აიძულა წასვლა?
_ ცხადია. გვენეტაძე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური იურისტია და იმის, რაც მისთვის მიუღებელი იყო, თავსმოხვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ვერც კი გავიგეთ, ეს ადამიანი ამხელა თანამდებობიდან როგორ წავიდა და ვერასოდეს ვერც გავიგებთ, ამ წასვლის მიზეზი რა გახდა.
_ ანუ „ოცნება“ შეცდა, როცა თავიდან გვენეტაძეს ლობირებდა?
_ ან შეცდა, ან გვენეტაძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც წინააღმდეგობა გაწია. ამიტომ მთელი ხელისუფლება დაირაზმა და გვენეტაძეს აჯობა.
_ ისე, ქალბატონო ლია, თქვენი აზრით, სასამართლოში ისეთი რამდენიმე მოსამართლე მაინც თუ არის, რომელიც ხმა ამოიღებს და კლანის მხილებას შიგნიდან დაიწყებს?
_ არა, ეს გამორიცხულია, რადგან კლანის მიერ აშენებული ეს ციხესიმაგრე აგურ-აგურ ძალიან კარგადაა აშენებული. ამ სისტემის დასანგრევად ქვეყნის შიგნით ძალიან სერიოზული ძალისხმევა და პოლიტიკური ნებაა საჭირო, ქვეყნის გარეთ კი _ საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზება. ჩვენ მსოფლიოს უნდა დავანახვოთ, ეს კლანი როგორი საშიშია და ქვეყანას როგორ შემზარავ პერსპექტივას უმზადებს! ჩვენს ყველა მეგობარს უნდა მოვუხმოთ, რომ ეს საშინელი ციხესიმაგრე დავანგრიოთ და გავაცამტვეროთ!
_ ეს კლანი ხომ წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეკისრება, არა?
_ რა თქმა უნდა. ეს გველის წიწილები სააკაშვილის დროს გამოიზარდნენ და ახლა ურჩხულებად და გველეშაპებად გადაიქცნენ! არადა, თითოეულ მათგანს ხანდაუზმელი დანაშაული აქვს ჩადენილი და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნას, რომელშიც კვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შევლენ, ეს კომისია ყველა მათგანს დაუდასტურებს, რომ ხანდაუზმელი დანაშაული აქვს ჩადენილი და ამიტომ თითოეულმა მათგანმა უნდა ილოცოს, რომ სამუდამო პატიმრობას გადარჩეს! ეს, თავის დროზე, „ოცნებას“ რომ გაეკეთებინა, გასუსულები იქნებოდნენ, მაგრამ კლანმა დაინახა, „ოცნება“ რა უნიათოც იყო. ამიტომ ნელ-ნელა წელში გასწორდა და ახლა ერთმანეთს კბილებით იცავენ. შესაბამისად, ეს კლანი შიგნიდან არ გატყდება. ეს გარედან სამართლებრივად უნდა მოხდეს, ანუ ყველას ის საქმეები უნდა დაუდო, როცა უდანაშაულო ადამიანებზე წერდნენ, დამნაშავეები არიანო და ციხეში უშვებდნენ.
_ ამის გაკეთება, ანუ კლანის წევრების გასამართლება, რეალურია?
_ დიახ, აბსოლუტურად. უბრალოდ, ესენი ქვეშაფსიები არიან და არ შეუძლიათ ან ქონების მოხვეჭით ან იმ ქონების გადანაწილებით იყვნენ დაკავებულნი, მიშამ სხვებს რომ წაგლიჯა და სხვა რამეებისთვის არ ეცალათ. ამიტომ ეგონათ, რომ ყველაფერი ეს ჩაივლიდა, მაგრამ სახელმწიფოს მართვა შპს-ს მართვა არ არის!

გიორგი აბაშიძე