თორნიკე შარაშენიძე: „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიშლება“

ქართულ რეალობაში პოლიტიკური პროცესები სწრაფი ტემპით იცვლება. გარდა იმისა, რომ მთავარი თემა დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაა, ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს! მისი თქმით: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“. თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა მსგავსი ტიპის, ასევე ხმაურიანი და, შეიძლება ითქვას, ყოვლად გაუმართლებელი პოსტი, რომლის ავტორი იყო თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტები და პროვოკატირები უწოდა და მათ აგინა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! :(((((((“ _ დაწერა ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა. ამ პოლიტიკურ ქაოსში კი „ქართულმა ოცნებამ“ 14 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა იზეიმა და რეგიონებიდან (ნებით თუ ძალით) თავის მხარდამჭერებს მოუყარა თავი.

რას ემსახურებოდა პრეზიდენტის სკანდალური განცხადება? რას აკეთებს ხელისუფლება ქართველი ექიმის ტყვეობიდან გამოსახსნელად? რა დაგვანახა 14 დეკემბრის „კონცერტმა“?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

_ ბატონო თორნიკე, წინა კვირას საქართველოს მთავარსარდლისგან მორიგი სკანდალური განცხადება მოვისმინეთ: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“, _ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ზურაბიშვილის ეს განცხადება?
_ ამ ადამიანზე დაახლოებთ 10 წელია, სერიოზულად კომენტარს ვერ ვაკეთებ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აბსოლუტურ არაადეკვატურობასთან. ნუ უყურებთ მის გამონათქვამებს რაციონალური გადმოსახედიდან, ის უბრალოდ არაადეკვატურია. ეს ქალბატონი არ ფიქრობს სახელმწიფოებრივად, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ განცხადებამ. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი ჯერ მინისტრად და შემდეგ პრეზიდენტად მოგვივლინეს, _ ის არაადეკვატურობის კლასიკური ნიმუშია.
_ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტები და პროვოკატორები უწოდა და მათ აგინა! რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რას აკეთებს ხელისუფლება ექიმის დასახსნელად?
_ „ქართული ოცნების“ ამ დეპუტატზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს იყო კატასტროფული კომენტარი! ასეთი სირეგვენის თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებსაც კი შერცხვათ და შემდეგ გაფრინდაშვილს იცავდნენ, მის მზეს იფიცებდნენ. რაც შეეხება გაფრინდაშვილის გამოხსნას, მგონი, რომ მუშაობენ, მაგრამ არ ჰყოფნით ძალა, გამბედაობა და რესურსი. „ოცნებამ“ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე, 7 წლის წინ რატომ ვერ ბედავდნენ ვერც აფხაზები და ვერც ოსები მსგავსს რამეს? იმიტომ, რომ იცოდნენ, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვებოდა, ახლა კი ბედავენ. „ქართულმა ოცნებამ“ ენის მოჩლექით ამ მოცემულობამდე მიიყვანა საქმე. ენის მოჩლექა კარგია ზომიერად. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობები რაღაც დონეზე უნდა დაალაგო, ნორმალიზაცია უნდა მოახდინო, მაგრამ იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, რომ ამდენს ბედავდეს ცხინვალის რეჟიმი. ეს არის ოროსნების პოლიტიკა, _ ყველა თავზე აზის ამ ქვეყანას.
_ რა დაგვანახა 14 დეკემბრის შეკრებამ, ამით რისი თქმა სურდა „ქართულ ოცნებას“?
_ 14 სექტემბრის შეკრებამ, პირველ რიგში, დაგვანახა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი ისწავლა. როცა ხელისუფლება მობილიზაციასა და აქციის ჩატარებას ძალით ან სპეციალურად მოყვანილი ხალხით განიზრახავს, ეს მის დასასრულს მოასწავებს. ასე იყო გამსახურდიადან მოყოლებული. მან დაიწყო თავიდან თავისი მხარდამჭერების რუსთაველზე მობილიზება, შემდეგ შევარდნაძემაც იგივე გააკეთა, _ ასლან აბაშიძეს ჩამოაყვანინა მხარდამჭერები, 2012 წელს კი იგივე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა ზუსტად იმავეს იმეორებს „ქართული ოცნება“. როგორც ჩანს, ამ გუნდში არავინ დარჩა, ვისაც ოდნავ საღი აზრი მაინც მოეკითხება და ვისაც შეუძლია, ეს საღი აზრი პირში მიახალოს ივანიშვილს.
_ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ მათ 100 000 ადამიანის მობილიზება მოახერეს, მაშინ, როცა ოპოზიციას, როგორც „ქართული ოცნების“ წევრები აღნიშნავდნენ, 200 ადამიანი გამოჰყავდა. ვინ იდგა 14 დეკემბერს „კონცერტზე“? ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან?
_ რა თქმა უნდა, არა, პირიქით, ბევრი მათგანი, ვისაც ჩამოსვლა არ უნდოდა და ძალით ჩამოიყვანეს, „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცემს ხმას, ანუ მათი დიდი ნაწილი დაკარგეს. სწორედ იმათი ხმები დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“, ვინც ძალით ჩამოიყვანა. ჩამოსულებს შორის, ძირითადად, იყვენენ, „ბიუჯეტნიკები“, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, _ მათ შაბათ-კვირას უნდათ, რომ ოჯახში ან მეგობრებთან ერთად დაისვენონ, ხელისუფლება კი კვირა დილით ჩაყრის მანქანაში, თბილისში მიტინგზე 2 საათს გააჩერებს და შემდეგ მანქანით ისევ უკან გამოყრის. ანუ, რეალურად, ამ ადამიანებს შაბათ-კვირას ართმევენ. მათთვის ამ ყველაფერში კარგი რა შეიძლება იყოს? _ ეს მე არ მესმის. თბილისში პარასკევს რომ ჩამოიყვანო და ორშაბათს წაიყვანო თავიანთ სახლებში, 2 დღე რომ ატარო, აჭამო-ასვა, კიდევ მესმის, მაგრამ დილით ჩამოგყავს, წიხლით ტენი მანქანაში, შემდეგ მიტინგზე აყენებ და საღამოს უკანვე მოგყავს ძალით? თუ ეს ადამიანები ძალით თუ ნებით ოდესმე აძლევდნენ ხმას „ქართულ ოცნებას“, ზუსტად ამათი ხმები დაკარგეს.
_ ივანიშვილმა „კონცერტზე“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მათ ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ოკუპაციისა და ავტორიტარიზმის სახით. რა გამოჩნდა ამ გზავნილებით და რა იყო ივანიშვილის მესიჯებში მთავარი ქვეტექსტი?
_ ამ გზავნილების მთავარი ქვეტექსტია ის, რომ: „ნაციონალური მოძრაობა“ გვებრძვის დღემდე. სხვა არაფერი! ოკუპაციის შედეგების ლიკვიდაცია გასაგებია, რომ ასე მალე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ავტორიტარიზმის ლიკვიდაციას რა უნდოდა? 7 წელიწადი კი არა, 1 წელიც ეყოფოდა ავტორიტარიზმის ლიკვიდაციას, მათ რომ პოლიტიკური ნება ჰქონოდათ. რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარიზმის მანქანა თავიდან ბოლომდე გადაიბარა _ ზუსტად იგივე მეთოდებით, არჩევნების გაყალბებით, მოსყიდვებით და უსამართლო სასამართლოთი. რეიტინგებით რომ ამაყობენ ხოლმე, შეხედონ, სად არის საქართველო დემოკრატიის რეიტინგებში. სააკაშვილის შემდეგ შორს წავიდა?! _ არანაირად არ წასულა შორს. რაღაც პერიოდი შეიძლება, შორს წავიდა, რადგან 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, მაგრამ შარშან რეიტინგებში ისევ ძალიან მძიმედ ჩამოვარდა. ეს ვარდნა განპირობებული იყო იმით, რომ არჩევნები ისე გააყალბეს, ამაზე თვალი ვერავინ დახუჭა.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, პოლიტიკური ღირებულებების სხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია ამ თემის ირგვლივ გაერთიანდა. მან თქვა, რომ ყველანაირი გზით ეცდებოდა, ხელისუფლებას 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა შეესრულებინა, თუმცა, ჯერჯერობით, ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მოქმედებს და იყენებს რესურსებს ოპოზიცია?
_ ოპოზიციას მაინცდამაინც ბევრი რესურსი არ აქვს და აკეთებს ორ რაღაცას. პირველი: საერთაშორისო საზოგადოებას კარნახობს, რომ დიალოგისთვის მზად არის და ჯდება მაგიდასთან, თუმცა, ალბათ, კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, მაგრამ მაინც სხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ყველას დაანახოს, რომ ყველანაირ შანსს იყენებს კონსტრუქციული, მშვიდობიანი გამოსავლის მოსაძებნად. მეორე: ეს არის ის, რომ მათ 50 000 კაცი ვერ გამოჰყავთ, ამის საშუალება არ გააჩნიათ, მაგრამ ვინც გამოჰყავთ, იმით ცდილობენ, დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას და რაღაც შეცდომა დააშვებინონ. ოპოზიციას მეტი გზა და რესურსი არც აქვს.
_ ოპოზიციისთვის ხელისუფლების მესიჯი, რომ „ყველა, ვინც ქუჩაში გამოვა, „ნაციონალია“, თამაშობს თუ არა უარყოფით როლს?
_ გასაგებია „ქართული ოცნების“ თამაში, რომ ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყი მიაწებოს, ამიტომაც, როგორც ასეთი, ოპოზიციის გაერთიანება არ არის კარგი აზრი. თუ პარტიები ცალკე გავლენ, ალბათ, უფრო მეტ ხმას მიიღებენ, რადგან ვიღაცებს მართლა არ უნდათ „ნაციონალებისთვის“ ხმის მიცემა. ამიტომაც ეს გაერთიანება, ალბათ, ცუდი იქნება. საბოლოო ჯამში, სხვა პარტიებისთვის იქნება უარყოფითი შედეგების მომტანი. მაგრამ, მეორე მხრივ, რაც შეეხება ხალხის გამოყვანას, ამასთან მიმართებით „ნაციონალის“ იარლიყი ნაკლებად მოქმედებს. უბრალოდ, ხალხი გარეთ არ გამოდის, თუ მართლა რაღაც ძალიან მძიმე არ მოხდა. ასე რომ, ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ხალხს განსატვირთად და „კვამლის გამოსაშვებად“ ფეისბუქი აქვს. ახლა არ არის ის სიტუაცია, რაც 2012 წელს იყო, ამ მხრივ, ვითარება შეიცვალა. თუ ოპოზიციას ხალხი გარეთ გამოჰყავს, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოჰყავს, რადგან ყველაზე მეტი აქტივისტი ისევ მას ჰყავდა.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიში თამაშობს თუ არა უარყოფით როლს ქუჩაში ხალხის გამოსვლასთან დაკავშირებით?
_ შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ერთ ნაწილზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა ხალხის ქუჩაში არგამოსვლა არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას. უბრალოდ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ „ოცნებას“ არ მისცემენ ხმას და მათ ქუჩაში გამოსვლა ახლა ეზარებათ. ისინი არჩევნებს ელოდებიან. ამიტომაც ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველმა ძალამ. შეიძლება, ოპოზიციას ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი ოპოზიციას არ მისცემს ხმას და „ოცნებას“ მიემხრობა.
_ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტით ხელისუფლების წარმომადგენლები სათავისოდ ქულების დაწერას ეცადნენ. ისინი ოპოზიციის რუსულ ინტერესებზე მიუთითებდნენ. ამ ვიზიტმა ოპოზიციას (პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციას) მიაყენა თუ არა რეპუტაციული ზიანი?
_ არ მგონია, რომ ამან ოპოზიციას რეპუტაციული ზიანი მიაყენა. ყველამ იცის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში დადის. მას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ის, რომ ბურჯანაძე პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდა, ეს მოასწავებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ბურჯანაძის ამომრჩეველიც, ამ ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი, ამიტომ ხელისუფლებას ეს არ უნდა უხაროდეს. „ოცნება“ დისკრედიტაციას შეეცადა და ტყუილიც კი მოიგონა, რომ გრიგოლ ვაშაძეც გაჰყვა მოსკოვშიო. ყველამ გაიგო, რომ ეს ტყუილი იყო. ეს არის ძალიან მოკლევადიანი ტყუილებით თამაში და ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციის მცდელობა. საბოლო ჯამში, ეს ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არც არაფერს მოუტანს. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მიხედონ, თუ უნდათ, რომ რაღაცას მიაღწიონ და გადარჩნენ. სხვებზე ხელის გაშვერას თავი დაანებონ. რაც შეეხება გადარჩენის შანსს, ძალიან მცირე აქვთ, რადგან, ვიმეორებ: მათ რიგებში თითქმის ვეღარ ვხედავ საღად მოაზროვნე ადამიანს, ვისაც შეუძლია, სიმართლე პირში უთხრას ლიდერს.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილს არასწორ ინფორმაციებს აწვდიან და ის რეალურად საქმის კურსში არ არის?
_ ეს ადამიანი სიჯიუტით გამორჩეულია და არ უყვარს სიმართლის მოსმენა. მას გარშემო კონფორმისტები ჰყავს, ისინი ცხოვრობენ, ფულს შოულობენ და რატომ უნდა გაიმწვავონ ბიძინასთან ურთიერთობა?!
_ ოპოზიციისგან ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. როგორ ფიქრობთ, რა სახით და როდის გადაიხდის ამ პოლიტიკურ ფასს მმართველი ძალა?
_ ჩემი აზრით, ყველაზე რეალური სცენარი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიშლება, რადგან ის ამდენ კრიზისს ასეთი სუსტი გუნდით ვერ გაუძლებს.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ამის თქმის საფუძველს, პირველ რიგში, მაძლევს ის, რომ ძალიან სუსტი გუნდია და ამ სუსტ გუნდს მიდრეკილება აქვს, რომ ქვეყანაც და საკუთარი თავიც შარში გახვიოს. კიდევ ერთ კრიზისს კი, მე მგონი, „ოცნება“ ვერ გადაიტანს.
_ როდესაც კრიზისზე ვსაუბრობთ, ვხედავთ, რომ მმართველ გუნდს კანტიკუნტად ტოვებენ დეპუტატები. ეს ხომ არ გგონიათ ხელოვნურად მართული კრიზისი და პარალელს ხომ არ გაავლებდით „ამბოხებული მაჟორიტარების“ თემასთან?
_ რა თქმა უნდა, „ამბოხებული მაჟორიტარები“ უნიჭო სპექტაკლი იყო, მაგრამ შემდეგ ვინც პარტია დატოვა, შესაძლოა, გულწრფელად წავიდა. ზოგიერთი მათგანის შესახებ აქამდე არც გამიგია არაფერი, ასე რომ, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. მოსამართლეების თემის გამო რამდენიმე ადამიანი მართლაც გულწრფელად წავიდა, _ ეს ფაქტია.
_ შესაძლოა თუ არა, რომ უმრავლესობის დაშლა თავად „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოტივით?
_ არ მგონია, რადგან თუ დაიშლებიან, ეს იმდენად დიდი დარტყმა იქნება მათ ამომრჩეველზე, ყველა ვარიანტში კრიზისი შეიქმნება. ხელოვნურად გამოიწვიო კრიზისი, დაშალო შენი პარტია და ჩაატარო ვადამდელი არჩევნები, _ ამას სჭირდება მოხერხება, ძალა და რესურსი. ასევე აუცილებლად სჭირდება სერიოზული რეპუტაცია, მათ კი, რეალურად, ეს ყველაფერი ჩამოენგრათ, დარჩათ მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, ამის იმედზე არიან, მაგრამ ისიც ან იმუშავებს, ან _ არა. ასე რომ, მსგავსი ტაქტიკური სვლა თუ განახორციელეს, ძალიან ძვირი დაუჯდებათ.
_ კვლევების, მათ შორის, IRI-ის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. რით აიხსნება ეს და ამის გათვალისწინებით, რა მოცემულობა შეიძლება მივიღოთ 2020 წელს?
_ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია მოხდა შეგნებულად იგივე ივანიშვილის მხრიდან. ახალ პარტიებს უჭირთ თავის დამკიდრება, რადგან ქვეყანაში ფული არ არის, ღარიბი ქვეყანაა და მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ფინანსებსა და ბიზნესს მთავრობა თავზე აზის. ასევე სტერეოტიპია: პოლიტიკაში ყოველთვის ცუდები მიდიან! ამიტომაც ვერ ვითარდება ოპოზიციური პარტიები. ივანიშვილს კი იქით მიჰყავს საქმე, რომ კვლავ პოლარიზებული გარემო მივიღოთ, მას ასე წარმოუდგენია მოგება.
_ პოლიტიკურ პროცესებში სულ უფრო აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. ახალგაზრდული მოძრაობის წინააღმდეგაც დაიწყო მმართველმა გუნდმა შავი პიარის აგორება _ მათ „ნაციონალური მძრაობის“ მიერ მართულს უწოდებენ. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რა როლი აქვთ ახალგაზრდებს დღეს?
_ ის, რომ მთავრობას ახალგაზრდების ეშინია, ე. ი. მათ აქვთ ძალა და ის რესურსი, რომ რაღაც რეალურად შეცვალონ. ხელისუფლება ცდილობს, მათ „ნაცების“ იარლიყი მიაკეროს, მაგრამ არ გამოსდის იმიტომ, რომ „ნაცების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ახალგაზრდების უმრავლესობა ბავშვი იყო.

ნენე ინჯგია