მურმან დუმბაძე: „არჩევნები შერეული სისტემითაც რომ ჩაატარონ, „ოცნება“ მაინც წააგებს“

მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ „ქართულ ოცნებასა“ და პარლამენტს. ქართველი კაცისთვის საკანონმდებლო ორგანოს დატოვება იოლი არ გახლავთ და რაკი ამ ზომამდე მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის საქმე ძალიან ცუდად არის. ამის თქმას „ოცნების“ წევრები პირად საუბრებშიც არ ერიდებიან.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მურმან დუმბაძეც ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის საქმე ძალიან მძიმედაა. ამასთან, მას არ სჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებმაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და პარლამენტი დატოვეს. ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი მიიჩნევს, რომ ეს რაღაც თამაშის ნაწილია. მას არც ამბოხებული დეპუტატების სჯერა. თავის დროზე ისიც აუმბოხდა ივანიშვილს და იგი პარტიიდან გარიცხეს, ვიცე სპიკერობიდანაც უპირებდნენ გადაყენებას. ახლანდელ ამბოხებულებს კი პირიქით, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებად ნიშნავენ.

რა თამაში მიდის „ოცნებაში“? რატომ არის შეუძლებელი ოპოზიციის დამარცხება? რას არ აპატიებს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს? რა ჩანაწერი შეიძლება გაჩნდეს კონსტიტუციაში? რატომ ჯობია, მამუკა მდინარაძე გაჩუმდეს? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:

_ თავის დროზე, თქვენ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან იმიტომ გაგრიცხათ, რომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგეთ. დღეს ის ხალხი, ვინც მისი ნების წინააღმდეგ წავიდა, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებად დანიშნეს. ამ უცნაურობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ წევრები, პარტიასთან ერთად, პარლამენტსაც ტოვებენ. თქვენი აზრით, რა ხდება მმართველ პარტიაში?
_ მმართველ პარტიაში კარგი არაფერი ხდება. იმ დეპუტატების ამბოხების ამბავი არავის დაუჯერებია და ეს ყველაფერი რომ სპექტაკლი იყო, საზოგადოებამ ნახა _ რამდენიმე „ამბოხებული“ კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასეთი გადაწყვეტილებები კი ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მიიღება. მე პირველი ვიყავი, ვინც ივანიშვილს დაუპირისპირდა. ამის გამო პარტიიდან გამრიცხეს. უნდოდათ, პარლამენტის ვიცესპიკერობიდანაც გადავეყენებინე, მაგრამ ვეღარ გაბედეს.
„ოცნების“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვებას რაც შეეხება, ეს განსაკუთრებულ ამბად არ მიმაჩნია. ბოლო, ვინც საკანონმდებლო ორგანო დატოვა, ოთარ ჩრდილელი იყო. ის კახა კალაძის მეგობარია, მისი პრესცენტრი იყო და ორივეჯერ მისი კვოტით მოხვდა პარლამენტში. მასთან 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში მომიწია მუშაობა. მან თავი იმით დამამასხოვრა, რომ ყველას მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ვინც ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გაბედავდა. მან ჩემთანაც სცადა ძალადობა, მაგრამ არ გამოუვიდა.
_ რა ძალადობა სცადა?
_ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ივანიშვილი იმ კონტექსტში მოვიხსენიე, რასაც ის იმსახურებდა და ამ დროს ოთარ ჩრდილელმა სცადა, ჩემთვის ფიზიკურად გაესწორებინა ანგარიში. ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ მან დემოკრატიული ღირებულებების ან უღირსი მოსამართლეების უვადოდ არჩევის გამო დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტი. მისი იქიდან წამოსვლა სულ სხვა რამეს უკავშირდება. როგორც თავში უკვე მოგახსენეთ, ის არის კალაძის გუნდის წევრი და მის მიერ პარლამენტის დატოვება შესაძლოა, თბილისის მერის შემდგომ გეგმებთან იყოს დაკავშირებული.
რანაირად დავუჯერო მე ოთარ ჩრდილელს, რომელმაც საყდრისის აფეთქება არ გააპროტესტა?! ჩემი აზრით, ამის გაპროტესტება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ საეჭვო წარმომავლობის მოსამართლეების უვადოდ გამწესება. ხვალ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება და ამ მოსამართლეების გაშვების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყანა, საყდრისს კი ვერასდროს აღვადგენთ. 5.000-წლიანი ისტორიის ძეგლი ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ იმიტომ აგვიფეთქა, რომ იქიდან ერთი მილიარდის ოქრო ამოეღო. მან ააფეთქა ძეგლი, რომლის მსგავსი დედამიწაზე არ არსებობს.
_ მოსამართლეების უვადოდ გამწესება არ გაწუხებთ?
_ არ მაწუხებს. ისინი არ არიან უვადო მოსამართლეები, მათი ვადა მაშინვე ამოიწურება, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება. საერთოდ, უზენაესი სასამართლოს ეს შემადგენლობა გაუქმდება. ოპოზიცია თანხმდება, რომ დასავლეთიდან ჩამოვიყვანოთ 20-25 მოსამართლე. ისინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ სრულიად ნეიტრალურები იქნებიან და შესაბამისად, ყველა საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასეთი პრაქტიკა უკვე გამოიყენა რამდენიმე ქვეყანამ და გაამართლა.
_ ისევ „ოცნების“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების თემას დავუბრუნდეთ. ჩრდილელზე გავიგეთ თქვენი პოზიცია, სხვებზე რას ფიქრობთ?
_ დადებითად არც მათ გადაწყვეტილებას შევაფასებ. ამ ხალხს არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ მათთან ერთად „ოცნების“ საპარლამენტო სიაში იყო ვანო ზარდიაშვილი. იმას ვერ იტყვიან, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ, რადგანაც სია საჯაროა. ეს რომ უგულებელყვეს, ამის მერე მათ ვერაფერს დავუჯერებ. არ იფიქროთ, რომ წინააღმდეგი ვარ, თუკი „ოცნების“ წევრები პარლამენტს დატოვებენ. დატოვონ, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას სიმამაცის ან სამართლიანობის ბრძოლის გამოვლინებად ვერ მივიღებ და ტაშს ვერ დავუკრავ. ეს ადამიანები ალბათ გრძნობენ, რომ „ქართული ოცნება“ სრულდება და ამიტომ მოდიან ან რაიმე სხვა გეგმასთან გვაქვს საქმე. რაც არ უნდა გეგმა მოიფიქროს ივანიშვილმა, თავის პარტიას ვეღარ გადაარჩენს. „ქართული ოცნება“ კი არა, კომუნისტური პარტია დაიშალა. ერთ დღეში ხუხულასავით ჩამოიშალა პარტია, რომელსაც საქართველოში 400.000 წევრი ჰყავდა.
მთავრდება „ქართული ოცნება“ და ესენიც ცდილობენ თავის გადარჩენას. ამ ადამიანებს უკვე უჭირთ ქუჩაში თავისუფლად გავლა. მათ ჰყავთ ოჯახები და ოჯახის წევრებსაც უფრთხილდებიან. ელემენტარულად, ტაქსიში ვერ ჩასხდებიან. ყველა ტაქსის მძღოლი ამათ აგინებს. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ტაქსით გადავადგილდები და ვიცი მძღოლების განწყობა. აქამდე 5 მძღოლიდან 4 აგინებდა „ოცნებას“, ახლა ხუთივე ხელისუფლების გინებაშია. ამას გრძნობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. დეპუტატის მანდატზე უარის თქმით ისინი ცდილობენ, იმ გემიდან გაიქცნენ, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე ჩაძირულია.
ისინი ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ისინი ხომ კარგად იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას? რატომ დაუშვეს, რომ ხალხი მათ ამდენ რამეს აპატიებდა? პატიებით ბევრი რამე აპატიეს, მაგრამ „გავრილოვის სისხლიანი“ ღამე ისეთი რაღაც არის, რასაც ქართველი კაცი არასდროს აპატიებს „ქართულ ოცნებას“, ასევე არ აპატიებს 24 ივნისს. და ეს ამბები, რაც დღეს ქვეყანაშია, 24 ივნისის გამოძახილია.
_ 24 ივნისის ამბავში რას გულისხმობთ, ივანიშვილი რომ დაგვპირდა, სრულად პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთ 2020 წელსო, მერე შეთქმულების სპექტაკლი რომ დადგეს და გადაგვაგდეს?
_ მაგას ვგულისხმობ. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოგვცა პირობა, რომ „ოცნება“ ამზადებდა ცვლილებას, რომლის თანახმადაც მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდებოდა. ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია, რაც ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას. ამ პირობის მიღების შემდეგ ყველა გადაეწყო იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა.
_ ხალხის გადაწყობა კი არა, თავად ხელისუფლება აწყობდა ამ საკითხის სახალხო განხილვებს.
_ საერთო-სახალხო განხილვა ჩვეულებრივი ამბავია. გაიარეს ეს პროცედურა. ხვდებოდნენ ადამიანებს. ამაში უამრავი ფული დაიხარჯა. საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იწონებდნენ თავს და უცბად ყველაფერი უკან წაიღეს. ასლან აბაშიძესაც ვებრძოდი და _ მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ ასეთი უგუნურება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია სჩადიან, არ მინახავს. დავიჯერო, გარშემო ჭკვიანი ადამიანები მაინც არ ჰყავთ, რომ რჩევა მისცენ?!
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ თვითგანადგურების რეჟიმზეა და ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხმა ის შეცვალოს.
_ ამ დანაპირების შესრულებაზე უარის თქმამ უკვე შეჭამა „ქართული ოცნება“. მათ უკვე გაანადგურეს საკუთარი თავი. ვინმე ჭკვიანი რომ ყოფილიყო გუნდში, ურჩევდა, რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ, მაგრამ თავისას არ იშლიან _ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ხალხს აღიზიანებენ. აღიზიანებენ საერთაშორისო თანამეგობრობასაც. პასუხმა არც იქიდან დააგვიანა. ისინი უკვე ღიად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავ „ოცნებას“ _ როდემდე აპირებთ ასე გაგრძელებას?! სირცხვილია!
დღეის მდგომარეობით საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვადამდელი არჩევნები იქნება თუ თავის დროზე ჩატარდება. არ დაგიმალავთ და გეტყვით: ოპოზიცია განიხილავს, რომ ჩაჰყვეს „ოცნებას“ და 2020 წელს არჩევნების შერეული წესით ჩატარებას დასთანხმდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ და მერე თვითლიკვიდაციას გამოვაცხადებთ. დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უკვე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
_ ამიტომ გამოვიდა „ოცნება“ და განაცხადა, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდესო?
_ რა თქმა უნდა. მათთანაც ხომ მიდის რაღაც ინფორმაციები. ასე თუ ისე იციან, ჩვენ რას ვლაპარაკობთ. ასევე ჩვენც ვიცით, რა ხდება მათთან. ხელისუფლება ცდილობს, ამ ცვლილებით თავი დაიზღვიოს. „ქართული ოცნება“ შეშინებულია. მისი შიში არ არის უსაფუძვლო. ამდენი განსხვავებული ძალის ერთად დასხდომა ვერასდროს წარმომედგინა. ახლა კი ვხედავ, რომ ეს შესაძლებელია. განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ახლა ძალიან ერთიანები და რაც მთავარია, ძლიერები ვართ. „ოცნებას“ ტყუილად არ ეშინია ჩვენი. მესმის, რომ ეშინიათ, მაგრამ სად გაგონილა, ოპოზიციის შიშით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანონ. ან იმის შიშით ვის გაუგია კონსტიტუციის შეცვლა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენო.
ვისაც კიდევ გჯერათ „ოცნების“ და გგონიათ, რომ მათი დამარცხება სააკაშვილის დაბრუნებას ნიშნავს, არ გიფიქრიათ, რომ ამის გაკეთება საქართველოს მოქალაქეების გარეშე წარმოუდგენელია? მოქალაქემ თუ არ მისცა „ოცნებას“ ხმა და, ამავე დროს, არც „ნაციონალებს“ დაუჭირა მხარი, რანაირად დარჩება ივანიშვილი ანდა რა მეთოდით დაბრუნდება სააკაშვილი? ეს გამორიცხულია.
იმდენსაც ვერ აცნობიერებს „ქართული ოცნება“, რომ კონსტიტუციაში ხელოვნური ცვლილების შეტანა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ანდა რატომ გამოიწვევს? _ უკვე სახეზეა ეს კრიზისი. ამაზე უარესი არ არსებობს. სად გაგიგიათ, რომ მმართველი პარტიის ლიდერები ყოველდღიურად გამოდიოდნენ და გაიძახოდნენ, დღეს ეს ჩავწეროთ კონსტიტუციაში, ხვალ _ ის, ზეგ _ კიდევ სხვანაირადო… ასე გრძელდება დაუსრულებლად.
დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ ჩიხში და აქედან გამოსვლის გზა ვადამდელი არჩევნებია, რომელიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. არ ვამბობთ, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვითხოვთ. ასე ჩატარებული არჩევნებით ივანიშვილიც დარჩება პოლიტიკაში, ოღონდ იმ პროპორციით, რასაც მისთვის საქართველოს მოსახლეობა გამოიმეტებს არჩევნებზე. მივმართავ თქვენი გაზეთით ბიძინა ივანიშვილს: რატომ გეშინია ასეთ არჩევნებში მონაწილეობა? ხომ ამბობ, რომ ჭარბი ნდობა გაქვს? იქნებ, 51%-ს აძლევს ხალხი შენს პარტიას.
_ 51% ეცოტავებათ, 60%-ზე ნაკლებს არ ელოდებიან. საჯაროდ ასე ამბობენ და სინამდვილეში, ალბათ, სულ სხვა რამეს ფიქრობენ.
_ დარწმუნებული თუ არიან, რომ 60%-ს მიიღებენ, ჩაატარონ პროპორციული არჩევნები და ყველა დააჯერონ, რომ ხალხი მათ უჭერს მხარს. თუ ამ არჩევნებს მოიგებენ, პირობას ვდებ, რომ გამოვალ და საჯაროდ მივულოცავ ივანიშვილსა და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას. წარმატებასაც კი ვუსურვებ, თუ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვებს. რა არის ასეთი ეს გამარჯვების ჟინი?! 30 წელია, პოლიტიკაში ვარ და მხოლოდ ერთხელ მაქვს არჩევნები მოგებული, 29-ჯერ წავაგე, მაგრამ რამე კი არ მომსვლია, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ ბრძოლას.
ხელისუფლებაში როცა ხარ, უნდა იცოდე, რომ ოდესღაც წააგებ არჩევნებს. ამას ყველა პოლიტიკოსი შეგუებულია. მხოლოდ ივანიშვილს ვერ შეაგნებინეს ეს. მან გადაწყვიტა, რომ 2030 წლამდე უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. 2030 წლიდან 2050 წლამდე ბერა იქნება საქართველოს არაფორმალური მმართველი, 2050 წლიდან კი _ ბერას ბავშვი ბერუკა. იმ ბავშვს რას ვერჩი, ღმერთმა ბედნიერი გაზარდოს. მისი ხსენება იმიტომ მომიხდა, რომ ბაბუამისის მზაკვრული გეგმა გამემხილა. რა უბედურებაა ხელისუფლებაზე გამოკიდება?!
ისევ ბერუკაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას: ეს ბავშვი საქართველოს მოქალაქეა და მასაც აქვს უფლება, კენჭი იყაროს და თუ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს, უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ამ ბავშვმა კონკურენციის გზით უნდა იაროს და არა ბაბუამისის გზით. კონკურენციისა და დემოკრატიის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ეს იცის ივანიშვილმა და ამიტომ ცდილობს, არჩევნები მიიტაცოს. აქედან ვეუბნები, რომ მას არჩევნების მიტაცება არ გამოუვა.
_ რატომ გგონიათ, რომ არ გამოუვა?
_ იმიტომ, რომ ხალხი აღარ აპატიებს. მას ისედაც ბევრი რამე ეპატია. ამ ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ საქართველოს მოქალაქეები სიტყვის გატეხას არავის პატიობენ. ქართველებს გვჩვევია ბევრი რამის წაყრუება: წავუყრუეთ რომ გაგვაღარიბა ივანიშვილმა, არ შევიმჩნიეთ, რომ პირადი კეთილდღეობის მიზნით საყდრისი აგვიფეთქა, მაგრამ სიტყვის გატეხა ისეთი რამეა, რასაც ქართველი კაცი არავის აპატიებს. ხალხის ეს დამოკიდებულება უკვე აშკარად ჩანს, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, მოქალაქეები ყველგან ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
იცით, თბილისში რომ ჩამოვდივარ, ტაქსის მძღოლები მგზავრობის საფასურს არ მახდევინებენ? იმიტომ კი არა, რომ ჩე გევარა ვარ. უბრალოდ, ამ ფორმით სიმპათიებს იმის გამო გამოხატავენ, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ვარ. მთელი საქართველო „ოცნების“ წინააღმდეგია. არ შეიძლება, მთელი ქვეყანა შენ წინააღმდეგ იყოს და შენ კონსტიტუციის ჭრა-კერვით ცდილობდე ხელისუფლებაში დარჩენას. სკამზე ჩაბღაუჭებას არავისთვის მოუტანია კარგი.
ტყუილად აქვს ივანიშვილს იმის იმედი, რომ ხალხს აზრს 14 დეკემბერს ჩატარებული აქციით შეაცვლევინებს. ყველამ იცის, თუ როგორ მიიყვანეს ხალხი ამ აქციაზე. ესეც აჩვენებს, რომ ივანიშვილს ქვეყნის განვითარება არ უნდა, ივანიშვილი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს და ამ მიზნის მისაღწევად არაფერზე უკან არ იხევს. 14 დეკემბრის აქციით ვერაფერს მიაღწევს. მას ჰგონია, რომ ამით გვითხრა, თქვენ ქუჩაში ხართ 200 ნაციონალი და ჩვენ ვართ 2 მილიონი.
_ უკვე ნერვების მომშლელია „ოცნების“ მხრიდან ოპოზიციაზე იმის ძახილი, რომ ისინი „ნაციონალები“ არიან. თქვენ არ გეშლებათ ნერვები, „ნაციონალებთან“ რომ გაიგივებენ?
_ ნერვები მე არ მეშლება. ნერვები ამათ ახლობლებს უნდა მოეშალოთ, ისეთ ამაზრზენ განცხადებებს აკეთებენ. სირცხვილი არაა, მამუკა მდინარაძე „ნაციონალს“ რომ მეძახის? ადვოკატთა ასოციაციის წევრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ თავმჯდომარეს ირჩვენ. არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობს. ასეთი არჩევნები „ნაციონალების“ დროსაც ტარდებოდა. ერთ-ერთ არჩევნებში მამუკა მდინარაძეც იყრიდა კენჭს. ის ზაზა ხატიაშვილის მთავარი კონკურენტი იყო. იცით, ვისი კანდიდატურა იყო ბატონი მდინარაძე? _ „ნაციონალური“ მოძრაობის. „ნაციონალები“ მას ღიად უჭერდნენ მხარს. ახლა ეს ადამიანი მე მეძახის ურცხვად „ნაციონალს“. მე ეს იარლიყი აღარ მაღიზიანებს, უკვე მეცინება, მამუკა მდინარაძეს კი უნდა რცხვენოდეს.
იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ოპოზიციას ვეღარ დააბულინგებენ „ნაციონალების“ ძახილით. ჩვენ ხალხი გვიჭერს მხარს და ვიცით, რომ სიმართლის მხარეს ვართ. ან რა შუაშია არიან „ნაციონალები“? ივანიშვილის სიტყვის გატეხას მოყვა ეს ამბები. „ნაციონალებს“ არ ჩაუგდიათ საკონსტიტუციო ცვლილება. „ნაციონალების“ გარდა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მაშინ ისინიც „ნაციონალებად“ გამოაცხადონ.
_ ივანიშვილმა „აირაი“ და „ენდიაი“ უკვე გამოაცხადა „ნაციონალებად“.
_ მერე ეს ხომ სირცხვილი და თავის მოჭრაა. ამაზე ამერიკამ მას უკვე გასცა ოფიციალური პასუხი. დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით ასეთი აქტიური კარგა ხანია, აღარ ყოფილა. საქართველოში აკრედიტებული ელჩების ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე მოლაპარაკება გაიმართა. დასავლეთი გვემუდარება, არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარეთ და თამაშის წესები შეცვალეთო. ამაზე მეტს დიპლომატები არ იტყვიან.
ყველას ეგონა, რომ დასავლეთის ჩარევის შემდეგ „ქართული ოცნება“ პოზიციას შეიცვლიდა. მათ მართლა შეცვალეს პოზიცია, ოღონდ უარესობისკენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება, რომ 2024 წლამდე ყველა არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდესო. რა უბედურებაა ეს, ამიხსენით ვინმემ?! რისი მიღწევა უნდა „ქართულ ოცნებას“? ამდენი ცვლილება გამიგია კონსტიტუციაში? ადგნენ და პირდაპირ ჩაწერონ, რომ ივანიშვილი მანამდე იქნება ხელისუფლებაში სანამ არ მოსწყინდება, მერე ეს ხელისუფლება ბერას გადააბაროს, იმან კიდევ _ ბერუკას. არც გამიკვირდება, რომ ასეთი რამე ოფიციალურად ჩაწერონ, ისეთ აბსურდულ რაღაცებს აკეთებენ.
რაც არ უნდა ჩაწერონ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს გადაწყვეტილი ამბავია და ამას ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილება და ვერანაირი დაპირება ვეღარ შეცვლის.
_ თქვენ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება? მათ კიდევ ბევრი ბერკეტი აქვთ ხელში.
_ არის მომენტი, როდესაც არანაირი ბერკეტი აღარ შველის ხელისუფლებას. იმიტომ ვარ დარწმუნებული „ოცნების“ წასვლაში, რომ ხალხის განწყობა ვიცი. ამათგან განსხვავებით ხალხს არ ვემალები. მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ვიცი, რასაც ფიქრობს. ხალხის ტვინში უკვე ჩადებულია ის აზრი, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდება არჩევნების გზით. „ქართულმა ოცნებამ“ შერეული სისტემითაც რომ ჩაატაროს არჩევნები, მაინც წააგებს. სააკაშვილსაც ეგონა, რომ მაჟორიტარების დატოვებით ხელისუფლებას დიდი ხნით შეინარჩუნებდა, მაგრამ 2012 წელს წააგო, ასევე წააგებს ბიძინაც.
იმედი მაქვს, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ხელისუფლება სანამ ამას არ დასთანამხდება, ქვეყანაში მანამდე დაძაბულობა იქნება. პროტესტს ნახავენ ყველგან, სადაც საჯარო მოხელე ფეხს დაადგამს. ივანიშვილის ყველა მხარდამჭერს შეექმნება დისკომფორტი. მას ყველგან ეტყვიან, რომ ის გადამგდებია, რადგან სიტყვის გამტეხ კაცს უჭერს მხარს. სიტყვის გამტეხი კაცი საქართველოში არ უყვართ. სიტყვის გამტეხს ისე უნდა მოექცე, როგორც ოპოზიცია ექცევა დღეს „ქართულ ოცნებას“.
მათზე გამუდმებით იქნება პრესინგი და ზეწოლა. მნიშვნელობა არ აქვს ადგილს. „ოცნება“ ვერც პარლამენტში იგრძნობს თავს კომფორტულად, ვერც მთავრობის ადმინისტრაციაში და ვერც _ რეგიონებში. წავიდნენ დათმობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ზეწოლაში მოუწევთ ცხოვრება. თბილისის გარდა ჩვენ რეგიონებშიც გავიშალეთ. რამდენიმე ქალაქში უკვე გავმართეთ აქცია. ახლო მომავალში ბათუმში ვგეგმავთ ამის გაკეთებას. ჩვენ არ გავჩერდებით. ეს ისეთი ნიაღვარია, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. გაჩერება კი არა, კალაპაოტსაც კი ვერ შეურჩევ შენი სურვილით. წინააღმდეგობის ისეთი ნიაღვარი მოდის, რომ ის ყველა ბარიერს გახეთქავს და იმ კალაპოტში ჩადგება, როგორც ეს ხალხს უნდა. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ხალხის მოთხოვნაა.

შორენა მარსაგიშვილი