დიმიტრი ბიძინაშვილი: „როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობს, ის უკვე დამთავრებულია“

ასეთი საოცრება მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ხელისუფლებამ, რომელიც უკვე მერვე წელია, ქვეყანას მართავს, ოპოზიციას აქცია მოუწყოს და პრეზიდენტობიდან 6 წლის წინ წასული კაცის გადადგომა მოითხოვოს.
14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ თბილისში მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავს, სადაც სააკაშვილის გადადგომასა და „ნაციონალების“ დასჯას მოითხოვენ. „ნაციონალების“ დასჯა სურს იმ პარტიას, რომლის 70% „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული.

რატომ დასჭირდა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ოპოზიციისთვის აქციის მოწყობა? რატომ არ უნდა უპასუხოს ოპოზიციამ „ოცნებას“ ძალადობაზე ძალადობით? რა დიაგნოზის დასმა შეიძლება ივანიშვილისთვის? რა შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრეებს „ოცნების“ დეპუტატმა ოხანაშვილმა? რატომ არ აპროტესტებს საზოგადოება პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურების ფაქტს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:

_ 14 დეკემბერს ხელისუფლება თბილისში გრანდიოზული საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებს. რისთვის აკეთებს ამას ოცნება? რისი დამტკიცება სურს?
_ ხელისუფლებამ ამ აქციისთვის სერიოზული სამზადისი დაიწყო, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააყენოს ქუჩაში, რომ საზოგადოება მოატყუოს, კიდევ ამდენი ამომრჩეველი გვყავსო.
„ოცნება“ ყველა ღონეს იხმარს, რომ 14 დეკემბერს ბევრი ხალხი გამოიყვანოს, მაგრამ ეს ადამიანები მათი ამომრჩევლები არ არიან. წინასწარ გეუბნებით, აქციაზე მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულები და მათი ოჯახის წევრები მივლენ, ოღონდ თავიანთი სურვილით _ არა.
ჩემს მეგობრებს რეგიონებიდან ახლობლები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნება“ მათ 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე წამოსვლას აიძულებს. იმ შემთხვევაში, თუ აქციაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან.
14 დეკემბრის აქციის არავის შეეშინდეს, ეს კინო ჩვენ უკვე ვნახეთ და ვიცით, როგორი ფინალიც აქვს ასეთ ამბავს. როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობს, ის უკვე დამთავრებულია. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაც“ დამთავრებულია.
ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით ხალხს. ბოლო დღეებში რამდენიმე ქალაქში გავმართეთ აქციები, სადაც კარგად დავინახეთ საზოგადოების განწყობა.
ნანახიდან და მოსმენილიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ივანიშვილი დასრულებულია, მას ხალხში მხარდაჭერა აღარ აქვს. ასე რომ, გინდა 14 დეკემბერს გამართონ აქცია, გინდა _ 15 დეკემბერს და გინდა _ 30 დეკემბერს, არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. ვიმეორებ, აქციაზე იდგებიან მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულები და ისინიც იმიტომ, რომ სამსახურები არ დაკარგონ.
_ რამდენიმე ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აწყობს „ოცნება“ 14 დეკემბერს აქციას. ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილს სურს რუსთაველზე თავისი მომხრეები დააბანაკოს, რათა იქ ოპოზიციამ ვეღარ გამოხატოს პროტესტი. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ რუსთაველზე დაბანაკდეს?
_ ამაზე თუ წავლენ, ამით კიდევ უფრო დააჩქარებენ თავიანთ პოლიტიკურ აღსასრულს. ამით ხალხს ოფიციალურად ეტყვიან, რომ დამთავრდნენ.
საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ედუარდ შევარდნაძე. ახსოვთ ისიც, რომ მან ასე დააბანაკა ხალხი რუსთაველზე, რათა იქ ოპოზიციას აქცია აღარ მოეწყო. ამან შევარდნაძეს ვერ უშველა. რუსთაველზე პოზიციების დაკავებით ვერც ივანიშვილი გადაირჩენს თავს.
იმედია, იქ, სოლოლაკის სასახლეში, ჭკუა ეყოფათ და ამას არ გააკეთებენ. მგონია, რომ ვერც გააკეთებენ, რადგან იმ აქციაზე მყოფებიდან არავის გაუჩნდება რუსთაველზე დარჩენისა და ღამეების თენების სურვილი.
საჯარო მოხელეებიც კარგად ხვდებიან, რომ ივანიშვილი დასრულებულია. ქვეყანა რომ ჩიხშია შესული, ამას ეს მოხელეები საკუთარ თავზე გრძნობენ. იმ ხელფასით, რასაც იღებენ, გუშინ უფრო ბევრი რამის ყიდვა შეეძლოთ, ვიდრე დღეს შეუძლიათ. იმდენად მძიმე დღეში აღმოჩნდნენ, რომ ბევრი მათგანი დამატებით სამუშაოს ეძებს.
საჯარო მოხელეების ნაწილი ტაქსაობდა და ამით შოულობდა დამატებით შემოსავალს. გამოვარდა კალაძე, ტაქსების სფერო ხელში ჩაიგდო და ამ ადამიანებს ტაქსაობა აუკრძალა, ფაქტობრივად, ლუკმა გამოაცალა პირიდან.
საჯარო მოხელეებიც ხვდებიან, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და სულ არ ადარდებთ ხალხისა და ქვეყნის ბედი.
ამან უკვე გამოიღო შედეგი, „ოცნებას“ მხარდამჭერები აღარ დარჩა. მათ რამდენიმე ქალაქში მოგვიწყვეს კონტრაქციები, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ხალხი იყო. სულ რაღაც 30 კაცი დარჩათ და მაგათ დაატარებენ აქეთ-იქით.
ამ 30 კაცის ვის უნდა შეეშინდეს? დაჭერებით ვერ შეგვაშინეს. ეგონათ, რომ დაჭერებით საპროტესტო მუხტს დააგდებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა _ სანამ ჩვენ ციხეში ვიყავით, სხვები აწყობდნენ აქციებს. ძალადობასა და პროვოკაციას თუ გაბედავენ, ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება.
ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს თავების დათვლა უყვართ და, ალბათ, ხვდებიან, რომ საკმაოდ ბევრნი ვართ. მათ რიგებში კი ძალიან ცოტა ხალხია. ვიმეორებ: ისინიც იმიტომ დგანან იქ, რომ სამსახურები არ დაკარგონ.
გასულ კვირას ქუთაისში მსვლელობა გავმართეთ. „ოცნება“ დაგვცინოდა, _ სულ ამდენი ხართო? არადა, იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ველოდით. იმასაც ნუ დაივიწყებენ, რომ შარშან საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ პირველი ტური ქუთაისში პირწმინდად წააგო.
მეორე ტურში ქუთაისსა და სხვა რეგიონებში ხალხის დაშინებით მიიღო ხმები. ხალხი ამისთვისაც მოსთხოვს პასუხს „ქართულ ოცნებას“.
ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და ახლაც გავიმეორებ: რაც უფრო მეტ ძალადობაზე წავა ივანიშვილი და რაც უფრო მეტად გაჭიმავს ზამბარას, მით უფრო მწარედ მოხვდება ეს ზამბარა ცხვირში.
საქართველოსა და ქართველი ხალხის დამარცხება არც ერთ შიდა თუ გარე დამპყრობელს არ გამოუვიდა. ამას ვერც რუსი ოლიგარქი შეძლებს. ამ ბრძოლას ხალხი მოიგებს!
_ ოპოზიციის აქციებსა და მსვლელობებს თან ახლავს ინციდენტები. მაგალითად, თქვენი მიმართულებით ისვრიან კვერცხებს. კვერცხის მსროლელებს პოლიცია არ ამჩნევს. სამართალდამცველები იგივე პოზიციას თუ დაიკავებენ, „ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს თქვენ თუ დაუშენთ კვერცხებს?
_ პოლიცია ამაზე აუცილებლად მოახდენს რეაგირებას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ მსგავსს არაფერს ჩავიდენთ.
ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა _ ჩვენ, მათგან განსხვავებით, სტაბილურობა გვინდა, მათ კი ქაოსი და არეულობა აწყობთ. ამიტომაც მათ აქციაზე არასდროს მივალთ და არ ვესვრით კვერცხებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
ამას გარდა, ჩვენ ვიცით, რომ სიმართლის მხარეს ვართ და როცა მართალი ხარ, არც ცოცხის სროლა გჭირდება და არც _ კვერცხის.
მართალია, „ოცნებამ“ ასეთ დღეში ჩააგდო ქვეყანა, ბევრჯერ დაგვარბიეს, გვესროდნენ კვერცხებს, გვცემდნენ, გვიჭერდნენ, გვთხრიდნენ თვალებს, მაგრამ მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ძალადობისგან თავი შეიკავონ. ჩვენ ხომ მათგან განსხვავებულები ვართ. თან როგორ შეიძლება, სერიოზულად აღვიქვათ ის ხალხი, რომელიც მერვე წელია, ხელისუფლებაში არის და ოპოზიციას აქციებს უწყობს? მათ თანაგრძნობით უნდა მოვეკიდოთ.
_ თანაგრძნობის გარდა, ალბათ, არაფერს იმსახურებს მათი მოთხოვნები. ისინი 6 წლის წინ თანამდებობიდან წასული სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ. არადა, მას შემდეგ უკვე ორი პრეზიდენტი აირჩიეს.
_ ეს უკვე სასაცილოც კი აღარ არის. დაე, მოგვიწყონ აქცია, დაე, მოითხოვონ სააკაშვილის გადადგომა. ჩვენ მათ ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ასეთი აქციების გამართვაში. ამით საზოგადოება დაინახავს, თუ რა დღეში არიან ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.
ჩემი აზრით, ეს აქციები კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს: „ოცნება“ ხვდება, რომ ხელისუფლებიდან მიდის და ნელ-ნელა ითავისებს ოპოზიციის როლს. წესით, ოპოზიცია უნდა უწყობდეს ხელისუფლებას აქციებს.
„ქართული ოცნება“ ძალიან მალე გადავა ოპოზიციაში, თუ საერთოდ არ გაქრა პოლიტიკიდან და როგორც ყველა ოპოზიციური პარტია, მანაც უნდა გამართოს აქცია, თუ ხელისუფლება უკანონობას ჩაიდენს. მინდა მჯეროდეს, რომ ამ აქციებით ისინი ოპოზიციონერობაში ვარჯიშობენ. აბა, სხვანაირად როგორ ავხსნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წელს ოპოზიციისა და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აწყობენ?
„ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, დასრულებულია, ამას არჩევნებზე ოფიციალურად გააფორმებს ქართველი ხალხი.
_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ცოცხების კადრების წყალობით მოვიდა. ეს რომ ასეა, ამას არც თავად მალავენ. დღემდე ჩხუბობენ იმაზე, რომ „ნაციონალების“ დროს კაცებს აუპატიურებდნენო. გასულ კვირას ერთი შემზარავი ამბის შესახებ გავიგეთ, პოლიციელმა იარაღის მუქარით ახალგაზრდა მამაკაცი გააუპატიურა. მოძალადე დაკავებულია, მაგრამ საზოგადოება ამაზე ხმას არ იღებს. განსაკუთრებულ მდუმარებაში ისინი არიან, ვინც ცოცხების კადრებზე დღემდე ბოლო ხმაზე კივის. ეს რას ნიშნავს?
_ სანამ ამ შემზარავ ფაქტზე ვისაუბრებთ, მინდა თავად ცოცხების კადრების ისტორია გავიხსენო: „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ლომიამ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ციხის კადრები მათ მოიპოვეს.
ამ განცხადებით მან დაადასტურა, რომ ეს ამბავი არ მომხდარა. ლომიას განცხადება „ქართულ ოცნებას“ არ გაუპროტესტებია. დუმილი თანხმობას ნიშნავს.
პოლიციელის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურება შემზარავი ფაქტია. დანაშაული რომ მოხდა, ეს დადასტურებულია, მოძალადე დაკავებულია. მსხვერპლი სახეზეა და ის ყველაფერს ღიად ყვება. ხალხი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ყვიროდა, რომ სააკაშვილის დროს პატიმრებს აუპატიურებდნენ, ახლა ხმას არ იღებს.
მივმართავ ამ ადამიანებს: სად ხართ, რატომ არ აპროტესტებთ ძალადობას? რაკი თქვენი საყვარელი „ოცნების“ პოლიციელმა გააუპატიურა მამაკაცი, ეს საშინელება და უკანონობა არ არის? ცოცხების კადრებზე ხომ კარგად ყვიროდით და დღემდე ყვირიხართ.
დღემდე იმას გაიძახიან, რომ „ნაცების“ დროს 26.000 ვაჟკაცი გააუპატიურეს ციხეშიო, მაგრამ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია საჯაროდ, რომ მასზე იძალადეს.
დღეს არსებობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელმა გააუპატიურა. ის მოძალადე თავად ამ ხელისუფლებამ დააკავა, მაგრამ პროტესტი არ ისმის. ეს რაღაცაზე მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ მათ გაუპატიურებაზე ყვირილი მხოლოდ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის სურთ.
_ ციხეებში 26.000 ვაჟკაცის გაუპატიურების თემა ახსენეთ და ვინც ამაზე აპელირებს, ვერ ხვდება, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის დროს ციხეებში ისხდნენ?
_ ამას რომ ხვდებოდნენ, ოპოზიციას აქციებს ხომ არ მოუწყობდნენ. მარტო პატიმრობამოხდილ ადამიანებს მიაყენეს შეურაცხყოფა? თავისი მომხრეები ჩააგდეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში.
გასულ კვირას ანრი ოხანაშვილი გამოვიდა და თქვა, _ ოპოზიციის წინააღმდეგ აქციებს ის ახალგაზრდები აწყობენ, რომელთა მამებიც „ნაციონალების“ დროს გააუპატიურესო. წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ახალგაზრდებიც და მათი მშობლებიც.
_ დავიჯერო, ანრი ოხანაშვილი ვერ მიხვდა, რა რეაქციები მოყვებოდა მის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას?
_ ამაზე არც იფიქრებდა. მთავარია, სკამები შეინარჩუნონ და საკუთარ მხარდამჭერებსაც არ ინდობენ, მათი ღირსების შელახვასაც არ ერიდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი ოპონენტები არიან, ჩვენ გვიწყობენ პროვოკაციას, ძალიან აღვშფოთდი, როცა ანრი ოხანაშვილის ეს განცხადება მოვისმინე. ვინ ასწავლათ ასე ყველაფრის კადრება ან სად დაიბადნენ, ან სად გაიზარდნენ, ასე როგორ შეიძლება?!
ოხანაშვილი, რომელიც, თურმე, ამ გაუპატიურებების გამო ძალიან წუხს, დღეს ხმას არ იღებს იმ საშინელებაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა. როგორ შეიძლება, დაუდასტურებულ გაუპატიურებაზე პროტესტს გამოხატავდე, ხოლო დადასტურებულზე ხმას არ იღებდე?!
ამ კითხვას მათ ხშირად დავუსვამ. ეს კითხვა საზოგადოებამაც უნდა დასვას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა კეთილი ინებონ და ახსნან დუმილის მიზეზი. იქნებ, იმიტომ არიან ჩუმად, რომ ამის გაპროტესტებას მათი ინტერესები შეეწირება.
მთელი ამ წლების მანძილზე „ქართული ოცნება“ „ნაციონალებს“ სისხლიანებსა და კაცების გამაუპატიურებლებს ეძახდა. ახლა ამის თქმის უფლება, უბრალოდ, აღარ აქვთ. მათი პოლიცია ბავშვებს თვალებს თხრის და მათი პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს აუპატიურებს.
დუმილით და ხელის დაფარებით ამ საშინელებას და სიბინძურეებს ვერ გადაფარავენ. ხალხი ყველაფერს ხედავს. „ოცნებას“ საზოგადოებაში რა ნდობაც ჰქონდა, ისიც კი დაკარგა. ახლა ივანიშვილის ხელისუფლება ერთ პატარა, წვრილ ძაფზეა ჩამოკიდებული. ეს ძაფი ძალიან მალე გაწყდება და „ოცნებაც“ წარსულს ჩაბარდება.
_ ისევ 14 დეკემბრის აქციას დავუბრუნდეთ: გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებმა შეიძლება ოპოზიციის წარმომადგენლებს სცემონ. „ნაციონალების“ გასამართლებას რომ მოითხოვენ, ამას არც მალავენ. ფიზიკური ანგარიშსწორება თუ დაიწყო, ამას როგორ აღუდგება წინ ოპოზიცია?
_ ძალადობა ოპოზიციამ კი არა, ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს. მათგან არანაირ ძალადობას არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ვეცდებით, რომ პროვოკაციას არ წამოვეგოთ.
იმის იმედი თუ აქვთ, რომ ვინმეს ცემით შევშინდებით, ძალიან ცდებიან _ ვერც ცემით შეგვაშინეს და ვერც დაჭერებით, ვერც თვალების დათხრით. ძალადობაზე თუ გადავლენ, ამით უფრო მალე წავლენ ხელისუფლებიდან.
„ნაციონალების“ დასჯის მოთხოვნას რაც შეეხება, ამ მოთხოვნის დაყენება უკვე ძალიან სასაცილოა. მერვე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და რით ვერ დასაჯეს ეს „ნაცები“? თან სხვაგან სად მირბიან „ნაცების“ დასასჯელად, ჯერ საკუთარ რიგებში მყოფ „ნაციონალებს“ მიხედონ.
მეეჭვება, მათთვის ცნობილი არ იყოს, რომ კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ყველა ნაბიჯს „უპრავებდა“, მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც. ეს მან საჯაროდ განაცხადა და ამის ნახვა ინტერნეტში ყველას შეუძლია.
_ ამაზე იტყვის, ეს მაშინ გავაკეთე, როცა, ჯერ კიდევ, უბრალო ბიჭუნა ვიყავიო.
_ უბრალო ბიჭუნა იყო, ახლაც ასეთივეა, ოღონდ „ნაციონალების“ ერთ-ერთი სახე გახლდათ. არსად ერიდებოდა სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების რეკლამას. ძალიან ამაყობდა იმით, რომ მათი სახე იყო.
ბიძინა ივანიშვილი საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სპონსორი გახლდათ და ყოფილი ხელისუფლების ნამოქმედარზე მასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი. მას „ნაციონალები“ რომ არ დაეფინანსებინა, ისინი ამდენს ვერ დააშავებდნენ.
იმ მაჟორიტარებსაც მიხედონ, მთელი 9 წელი „ნაციონალების“ რიგებში რომ იყვნენ და მათ ყველაფერზე ტაშს უკრავდნენ.
„ნაციონალებიდან“ ვინც დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ თუ „ნაციონალობის“ გამო სჯიან ადამიანებს, მაშინ სადამსჯელო ოპერაცია „ქართული ოცნებიდან“ უნდა დაიწყოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იციან თავიანთი თანაპარტიელების წარსული. თუ არ იციან, მზად ვარ, მათი წარსულის გარკვევაში დავეხმარო. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, გადახედონ სივებს და ყველაფერი გაირკვევა.
„ქართული ოცნების“ წევრების 70% „ნაციონალების“ დროს სხვადასხვა თანამდებობაზე იყო დანიშნული. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. რამდენიმე მათგანი კი აუცილებლად უნდა გამოვყოთ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
_ როგორც ამბობენ, ის ბობოლა „ნაცი“ იყო.
_ ასეა. „ნაციონალების“ მომხრე რომ არ ყოფილიყო, არჩილ თალაკვაძეს სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტურ თვითმმართველობას არავინ ჩააბარებდა. არც პატრიოტთა ბანაკებს გააკარებდნენ.
პატრიოტთა ბანაკებში ბიძაც ჩართული ჰყავდა. ბიძამისი ამ ბანაკების კვების ტენდერებს ტენდერებზე იგებდა.
ყველამ კარგად იცის ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სანდრა რულოვსის თანაშემწედაც მუშაობდა.
ასეთები „ოცნებაში“ მრავლად არიან და ახლა ეს ხალხი, ვინც „ნაციონალების“ დროს სკოლაში დავდიოდით, სისხლისმსმელებს, ჯალათებსა და დესტრუქციულებს გვეძახის.
რაც უნდა, ის დაგვიძახონ, მათი აზრი საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ხალხი და ქვეყანა. ხალხმა იცის, ვის რა აქვს გაკეთებული იმ ყბადაღებული 9 წლის მანძილზე.
ხალხმა ისიც იცის, თუ ვინ დგას დღეს სიმართლის მხარეს. ასე რომ, რას ფიქრობენ ბიძინა და თალაკვაძე, ეს თავისთვის შეინახონ.
საქართველო ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე. ეს გამორიცხულია!
_ საქართველო რუსულ ორბიტაზე რომ არ დაბრუნდება, ამაზე ის კადრებიც მეტყველებს, რაც თქვენს სასამართლო პროცესზე ვნახეთ. რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი იდექით და საქართველოს ჰიმნს მღეროდით. ეს ძალიან ემოციური სურათი იყო.
_ სახელმწიფო ჰიმნის მიმართაც უცნაური დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“. ახალგაზრდებს, ვინც საქართველოს ჰიმნს ვმღერივართ, დესტრუქციულ ძალას გვეძახიან, ხოლო ვინც იგინება და ჩხუბობს, ისინი ანგელოზებად გამოჰყავთ.
_ ჩხუბით და გინებით არ იფარგლებიან, ერთმა ახალგაზრდამ „ნაციონალებს“ ეშმაკის განდევნის რიტუალიც ხომ ჩაუტარა?
_ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. ბიძინა ივანიშვილის „ანგელოზებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი. რაც მეტ ასეთ რიტუალს ჩაატარებენ, მით უფრო ცხადად წარმოაჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. საზოგადოება ისედაც ნათლად ხედავს, თუ რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის.
ზუსტად არ ვიცი, რა აქვს „ოცნებას“ 14 დეკემბერს ჩაფიქრებული, მაგრამ რაც არ უნდა ჩაიფიქრონ, ყველაფერი ცუდად შეუტრიალდებათ.
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, რომელსაც ხალხთან ერთად მოვიგებთ. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ამით ივანიშვილის რეჟიმის დასრულება ოფიციალურად გაფორმდება. „ქართული ოცნება“ უკვე დამთავრებულია. როგორც თავში ვთქვი, ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას აქციებს უწყობს, დასრულებულია.

შორენა მარსაგიშვილი