გიორგი ბოტკოველი: „დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლას აიძულებს“

„ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სექტორში დასაქმებულები დააწიოკა. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს მერიებში იბარებენ და ეუბნებიან, რომ ისინი 14 დეკემბერს თბილისში უნდა წავიდნენ. ტრანსპორტით და სასმელი წყლით მათ ხელისუფლება უზრუნველყოფს.
მმართველმა პარტიამ რეგიონებს გეგმაც კი შეუდგინა, თუ ვინ რამდენი კაცი უნდა ჩაიყვანოს თბილისში. წასაყვან ხალხს ატყუებენ, რომ მათ თითქოს ევროპის დღეების ზეიმში უნდა მიიღონ მონაწილეობა. სინამდვილეში კი ეს ხალხი თბილისში იმისთვის მიჰყავთ, რომ ოპოზიციას კონტრაქცია მოუწყონ. „ოცნების“ ლიდერები ითხოვენ, რომ რეგიონებიდან თბილისში, ძირითადად, ახალგაზრდები ჩავიდნენ.
სამეგრელოსთვის, მაგალითად, ასეთი გეგმაა დამტკიცებული: ზუგდიდიდან 500 კაცი უნდა წავიდეს თბილისში, სენაკიდან _ 290; სამეგრელოს დანარჩენმა რაიონებმა დედაქალაქში 200-200 კაცი უნდა ჩაიყვანონ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ხალხის გადაყვანა-გადმოყვანისთვის 250-250 ლარს დაურიგებენ.
ლაშქრის შეკრების ბრძანება კახეთის რეგიონშიც გაიცა. პირველებს თბილისში გამგზავრება საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მოსთხოვეს.

როგორ აგროვებს ხელისუფლება აქციაზე წასაყვან ხალხს? რას ატყუებენ მათ? რატომ არ ამართლებს ასეთი ღონისძიებები? რას ფიქრობენ კახელები ამბოხებულ მაჟორიტარებზე? სადამდე აპირებს ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას? დააგვიანა თუ არა დასავლეთმა რეაგირება? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველი ესაუბრება:

_ „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. ხალხის შეგროვება რეგიონებში უკვე დაიწყო. ყველა რეგიონს მისცეს კონკრეტული გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რამდენი კაცი უნდა ჩამოიყვანონ თბილისში. გამონაკლისი არც კახეთი იქნება.
_ გამონაკლისი კი არა, პირველად აქ „ივაჟკაცა“ „ქართულმა ოცნებამ“ და აქედან დაიწყო თბილისში წასაყვანი ხალხის შეგროვების პროცესი.
მმართველი პარტია 14 დეკემბერს რომ კონტრაქციას გეგმავდა, ეს ინფორმაცია ჯერ არ იყო გავრცელებული, როცა კახეთის რეგიონში შეკრიბეს საბავშვო ბაღების თანამშრომლები და უთხრეს, რომ ისინი ერთი დღით თბილისში უნდა წასულიყვნენ.
თბილისში წასვლის ნამდვილი მიზეზი ამ ადამიანებს დაუმალეს და უთხრეს, რომ დედაქალაქში ევროპის კვირეული იმართება და კონცერტზე დასასწრებად უნდა წახვიდეთო.
ძალიან მალე გაუბაზრდა „ქართულ ოცნებას“, რომ 14 დეკემბერს სულ სხვა სახის ღონისძიებას ატარებდნენ, კონცერტი და ევროპის დღეები არაფერ შუაში იყო. როდესაც მათი ზრახვები გამოაშკარავდა, რაღაც განმარტებები გააკეთა „ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ, თითქოს ეს ახალგაზრდების შეკრება იყო და ა. შ.
თავიდან მართლა მხოლოდ ახალგაზრდების წასვლას ითხოვდნენ თბილისში. მერე ყველას მოსთხოვეს წასვლა, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ხალხი სკოლებიდანაც მიჰყავთ. სკოლის დირექტორები უკვე ჰყავდათ დაბარებუული. შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ხალხი წაიყვანონ თბილისში. უნდათ, რომ მათი აქცია მასშტაბური იყოს. ჰგონიათ, თუ ბევრ ხალხს შეკრებენ, ამით პროცესებზე გავლენას მოახდენენ.
_ თქვენ გაქვთ ამ ადამიანებთან შეხება, ვისაც თბილისში წასვლა უწევს? რა განწყობით მიდიან ისინი აქციაზე?
_ არავის გახარებია. დარწმუნებული ვარ, რომ საჯარო მოხელეების 80%-ს იქ წასვლა არ უნდა, მაგრამ იძულებული არიან, რომ წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურებიდან გაყრიან. ისინი ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს.
დაშინებით და იძულებით შეიძლება ბევრი ხალხი მიიყვანონ აქციაზე, მაგრამ ეს არაფრის მომცემია. ასე დაორგანიზებით ხალხის წაყვანა ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს მცდელობა თითქმის ყოველთვის და ყველა ხელისუფლებისთვის ცუდად დასრულებულა.
_ „ნაციონალებიც“ აორგანიზებდნენ ასე ხალხს, მაგრამ მაინც მოუწიათ ოპოზიციაში გადასვლა. მმართველობის ბოლო წლებში მათ ხალხის მოგროვებაც კი უჭირდათ. 2012 წელს კახეთშიც ძლივს შეაგროვეს ხალხი მიტინგისთვის.
_ ამაში ვერ დაგეთანხმებით. მაშინ კახეთში ბევრი ხალხი მოგროვდა. ასეთი ხალხმრავალი აქცია იმ წლებში სხვაგან არ გამართულა. ეს შეკრება საარჩევნო კამპანიის ნაწილი კი იყო, მაგრამ ის თელავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულებასაც მოიცავდა.
მაშინ თელავში ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა, ხალხი კმაყოფილი იყო და ამიტომაც გამოვიდა ამდენი ადამიანი შკრებაზე, რომელიც კონცერტით დასრულდა. 25.000 ადამიანი იყო მოსული მაშინ ღონისძიებაზე.
_ მე ამ ღონისძიებაზე არ მიკითხავს, დინამოს სტადიონზე რომ შეკრიბა „ნაცმოძრაობამ“ ხალხი, მაგას ვიხსენებ. რეგიონებში თბილისში წასასვლელ ხალხს ვეღარ აგროვებდნენ. დაახლოებით ასეთ დღეში უნდა იყოს ახლა „ოცნებაც“.
_ „ოცნება“ მართლა შავ დღეშია, როგორც კახეთში, ასევე მთელ საქართველოში. კახეთს არც დინამოზე გასამართი აქციისთვის გასჭირვებია ხალხის შეკრება.
იქ ხალხი კახეთიდანაც ბლომად ჩავიდა და სხვა რეგიონებიდანაც, მაგრამ მთავარი ისაა, შედეგი რა მივიღეთ. არჩევნებში დავმარცხდით და ოპოზიციაში მოგვიწია გადასვლა. როდესაც ხალხს შენი გადარჩევა აქვს გადაწყვეტილი, ამას ვერც კონცერტით შეცვლი და ვერც _ აქციით.
ეს ყველაფერი ჩვენ გამოცდილი გვაქვს და მინდა, „ოცნებას“ ვურჩიო, ასეთ ვითარებაში რეგიონებიდან ხალხის წაყვანა თბილისში და რაღაცის დემონსტრირებისთვის აქციის გამართვა ფუჭი გასროლა იქნება.
ისიც იცოდნენ, რომ რაც მეტ ადამიანს აიძულებენ მათი ნების წინააღმდეგ რამის გაკეთებას, მით მეტი პრობლემა დახვდებათ წინ. ეს ადამიანები დაელოდებიან არჩევნებს და საარჩევნო ყუთთან გადაუხდიან „ოცნებას“ სამაგიეროს.
რაც არ უნდა გააკეთონ, ქართველი კაცის ბუნებასა და წესს ვერ შეცვლიან _ რაც მეტად დააძალებ ქართველს რაღაცას, მით მეტად მოგხვდება მისგან ცხვირში.
_ ამ აქციის გამართვის აუცილებლობა მაჟორიტარების ამბოხებამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსიით, ისინი ივანიშვილმა ვერ დაარწმუნა, პროპორციულ წესზე გადასვლისთვის მიეცათ ხმა. ამბოხების ერთ-ერთი მოთავე კახეთის რეგიონიდან არის, _ მაჟორიტარ ირაკლი შიოლაშვილზე ვსაუბრობ.
_ მაგათი ამბოხება არ გაიშვა. რისი ამმბოხებლები არიან ან შიოლაშვილი, ან სონღულაშვილი, ან მაჭარაშვილი, ან მუჩიაშვილი, ან ოთხივე ერთად. ჩვენი რეგიონიდან ოთხმა მაჟორიტარმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
_ ამბოხებაში კახეთიდან 4 კაცი თუ მონაწილეობდა, ბახტრიონი მოუწყვიათ ფაქტობრივად.
_ რა ბახტრიონი და რისი ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა?! ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ეგ ოთხივე ერთად იქ ვერ ამბოხდება, სადაც საჭიროა.
როდის იყო, რომ ვიღაცის ხელის ბიჭები ამბოხებას აწყობდნენ? ეს ოთხივე ივანიშვილის ხელის ბიჭია, როგორც დანარჩენი მაჟორიტარი დეპუტატები.
დარწმუნებული ვარ, არც ერთმა მათგანმა არ იცის, თუ რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი დეპუტატი.
_ რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი დეპუტატი?
_ პირველ რიგში, ჩართული უნდა იყო საკანონმდებლო საქმიანობაში. ისინი რაიონებმა და მუნიციპალიტეტებმა აირჩიეს. ბევრ მათგანზე როცა ვამბობთ, აირჩიესო, სიტყვა „აირჩიეს“ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ. არჩევნების გზით ეგენი პარლამენტში არ მოხვედრილან, ეს სხვა რაღაც იყო, მაგრამ არა არჩევნები.
შეიძლება საქმე ასეთი გზით „არჩეულმა“ მაჟორიტარმაც გააკეთოს, მაგრამ ამბოხებული მაჟორიტარების გაკეთებული საქმე კახეთში არავის უნახავს. საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით და ქონების გაზრდით არიან დაკავებული. მათ მეტი შინაგანი ვალდებულება არ გააჩნიათ.
არც სხვების მიმართ ივიწყებენ ვალდებულებებს. მაგალითად, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს ასაქმებენ კარგ სამსახურებში, აგებინებენ ტენდერებს.
_ ამ მოდელირებულ ამბოხსა და ამბოხებულებზე კახელები რას ფიქრობენ? მათი გულწრფელი შეფასება ძალიან საინტერესოა.
_ ხალხი ძალიან ყველაფერს კარგად ხვდება. შეიძლება, ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ როცა დრო მოვა, გადაწყვეტილებას მიიღებენ. არჩევნებზე გასცემენ პასუხს ამბოხებულებსაც და სხვებსაც. დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მარტო კახეთში კი არა, მთელ საქართველოში დასრულდება.
_ საპრეზიდენტო არჩევნებისას თელავში უკვე დაასრულეთ „ქართული ოცნება“, მათმა ნებიერამ ორივე ტური წააგო ამ ქალაქში.
_ მარტო თელავმა რატომ დაასრულა _ „ოცნება“ მთელ კახეთშია დასრულებული. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კახეთში ოპოზიციამ 5.000 ხმით მოუგო „ოცნებას“.
მეორე ტურში როგორი „არჩევნებიც“ ჩატარდა, ყველამ ვიცით. ასე რომ, „ქართული ოცნება“ კახეთში დასრულებულია. მომდევნო არჩევნებზე ეს შედეგი გახუთმაგდება. ამაში დარწმუნებული იყავით.
_ „ოცნება“ ამბობს, რომ ის უპრობლემოდ აიღებს არჩევნებში 60%-ს. ამას როგორ უპასუხებთ?
_ ასე უპრობლემოდ თუ შეეძლოთ არჩევნებში 60%-ის აღება, რატომ ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესი? რამდენ პროცენტს აიღებენ, ამას არჩევნები გვაჩვენებს. მათი განცხადებებით და საქციელით თუ ვიმსჯელებთ, არ ეტყობათ, რომ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვთ. ამიტომ მიდიან ყველანაირ უკანონობაზე, რომ არჩევნები არჩევნებამდე მოიგონ.
ხალხი გადაწყვეტილებას ბოლოს მაინც იმის მიხედვით იღებს, თუ რა აქვს გაკეთებული ამა თუ იმ პარტიას. „ქართულ ოცნებას“ კიდევ რისი იმედია აქვს, _ მერვე წელია, ხელისუფლებაშია და რა გაუკეთებია? _ არაფერი. შესაბამისად, არარელურია, რომ ისინი 60%-ს მიიღებენ.
_ თქვენ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად ამბობთ, რომ „ოცნებას“ არაფერი უკეთებიაო, მაგრამ ივანიშვილის მტკიცებით, მისმა პარტიამ ხალხს ყველა დაპირება შეუსრულა, ერთის გარდა. ამ დაპირების შესრულებაში მას ვითომ ამბოხებულმა მაჟორიტარებმა შეუშალეს ხელი.
_ სირცხვილია, რომ ასეთი გაჭირვება მოუტანე ქვეყანას, არც ერთი დანაპირები არ შეასრულე და კიდევ ამბობ, ყველა დაპირება შევასრულეო. ეტყობა, ასეთი ტაქტიკა აირჩია ივანიშვილმა. აშკარად უნდა, რომ რაც შეიძლება მალე გაუშვან ხელისუფლებიდან.
„ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ამ ჩვენებას, _ ყველა დანაპირები შევასრულეთ, _ ბოლომდე მიაწვნენ და რა შედეგს მიიღებენ, ნახავენ.
_ ოპოზიციის შედეგიანობაზეც ვისაუბროთ. უკვე სამი კვირაა, რაც ოპოზიცია ქუჩის აქციებს მართავს. გამოიღო ამ აქციებმა შედეგი?
_ როგორ არ გამოიღო. შედეგი უკვე სახეზეა. ჩვენი პროტესტი მანამდე არ შეწყდება, სანამ „ქართული ოცნება“ არ წავა დათმობაზე, არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მას პოლიტიკურად დაასრულებს.
ჩვენ კანონის ჩარჩოებიდან არ გავალთ, მაგრამ მწვავე აქციებს არ მოვერიდებით. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს დისკომფორტი შეექმნება. მათ ეს დაიმსახურეს.
_ თქვენ ახლა აქტიურად იბრძვით მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად, მაგრამ თავადაც გაქვთ მიღებული მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში.
_ რა არის დასამალი, 2016 წელს თელავის მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს, მე 10.000 ხმა ავიღე, ირაკლი სესიაშვილმა _ 11.000 ხმა.
_ ეს ამბავი სხვა რამის გამო გაგახსენეთ: ივანიშვილმა თქვა და შემდეგ ყველამ გაიმეორა, რომ ჩვენ რატომ უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარული არჩევნები, როცა წლების წინათ სააკაშვილმა თქვა უარი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზეო? ამ არგუმენტზე რას იტყვით?
_ მათ მიერ მოყვანილი სხვა არგუმენტების მსგავსად ესეც არასერიოზულია. არავინ უარყოფს, რომ, თავის დროზე, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვეს მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებს იმდენი უნდა ესმოდეთ, რომ არსებობს განვითარების სხვადასხვა საფეხური და რაღაც ეტაპზე ცვლილებებია საჭირო.
დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით, როცა სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავედით. რადგან ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, ახლა ამიტომ ამბობს უარს „ოცნება“ ცვლილებაზე? ეს უცნაურია.
მას შემდეგ, რაც ჩვენ უარი ვთქვით გაგვეუქმებინა მაჟორიტარული სისტემა, მრავალი წელი გავიდა. „ოცნება“ უკვე მერვე წელია, რაც ხელისუფლებაშია. სხვა თუ არაფერი, მათ საარჩევნო დაპირებაში ედოთ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ეგრევე გააუქმებდნენ მაჟორიტარულ არჩევნებს.
ქვეყნის განვითარებას ცვლილებები სჭირდება. „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს, ცვლილებებზე უარს ამბობს და ყველანი ვხედავთ ამ შედეგს _ ქვეყანა დაპაუზებულია.
_ ის არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ მიშას სახელის გაგონებაც კი არ უნდათ, მაგრამ რაკი მან არ გააუქმა მაჟორიტარული არჩევნები, ესენიც არ აუქმებენ. ამაში მოსწონთ სააკაშვილი?
_ უცნაური როგორ არ არის. ისიც არ იციან, რა არგუმენტები მოიყვანონ თავის გასამართლებლად. კარგი, ჩვენ ბნელი და ცუდი ძალა ვიყავით, საშინელება ჩავიდინეთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არ შევცვალეთ, მაგრამ თავად რატომ არ ცვლიან ამას? ეს ყველაფერი ხომ ცუდი იყო. ადექი და შეცვალე, შე მამაცხონებულო. თან შენი მთავარი დანაპირები ეგ იყო. ამდენი ტყუილი და არასერიოზულობა სად გაგონილა?!
დაპირებები ვახსენე და არც ის დაგვვიწყებია, როგორ ამბობდა ივანიშვილი, რომ ქალაქებს თვითმმართველობები ექნებოდა. 2013 წელს ეს ცვლილება შემოიღეს. გვქონდა 11 თვითმმართველი ქალაქი. მერე დაინახეს, რომ ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას მათ სიმყარეს და არა ქვეყნისას, და თვითმმართველ ქალაქებს ეს სტატუსი წაართვეს.
ყველა კანონსა და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, რამდენად დაეხმარება მათ ეს ხელისუფლების შენარჩუნებაში. ქვეყანა განვითარდება თუ ერთ ადგილზე დარჩება, ეს მათ საერთოდ არ აინტერესებთ. მთავარია, თავად მოიწყონ კარგად ცხოვრება.
_ ოპოზიცია სამი კვირაა, ქუჩაში დგას და სრულად პროპორციული სისტემით ითხოვს არჩევნების ჩატარებას. ამ დროს გამოდის დიმიტრი ხუნდაძე და ხელმოწერებს აგროვებს, რომ საარჩევნო სისტემა სრულად მაჟორიტარული უნდა იყოს. ეს რას ნიშნავს?
_ მოიცათ, მოიცათ! რომელ ხუნდაძეზე მეკითხებით, სენატორი რომ არის? სენატორი რომ არის ხუნდაძე, ეს უკვე კომენტარია და ამ ადამიანებზე და მისნაირ ამბოხებულებზე ბევრს ნუ მალაპარაკებთ, არ ღირს.
ახლო მომავალში ისეთი ინიციატივები შემოიყრება, სენატორ ხუნდაძის ინიციატივა მონაგონი იქნება.
_ რა ინიციატივები შემოიყრება?
_ რაც თავში მოუვათ, შინაარსს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ინიციატივა შემოაგდონ. ეს ერთგვარი თამაში იქნება, შემოყრიან ამ რაღაცებს და მერე სპექტაკლს დადგამენ, თითქოს დათმობაზე წავიდნენ.
ოპოზიციის პროტესტი მათ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის და ლუკმის გადმოგდებას შეეცდებიან.
_ რა შეიძლება იყოს ეს ლუკმა?
_ ალბათ ის, რომ სენატორ ხუნდაძის ინიციატივას არ დასთანხმდებიან, რომელიც ითხოვს, რომ არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩატარდეს.
ამ ინიციატივის ჩაგდების შემდეგ გამოვლენ „ოცნების“ ლიდერები და სიამაყით ამცნობენ საქართველოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პარტიამ ამბოხებულ მაჟორიტარებს აჯობეს.
_ ოპოზიცია დასჯერდება ამ ლუკმას?
_ რა თქმა უნდა, არა. არც ხალხი დაიჯერებს ამას. ეს ძალიან აშკარა ბლეფი იქნება. ისეთივე აშკარა, როგორიც მაჟორიტარების ამბოხებაა.
_ ეს ამბოხი ძალიან იოლად გასაშიფრი ბლეფი იყო, თავად ვერ ქაჩავენ მეტს, თუ საზოგადოება და ოპოზიცია ჰგონიათ გონებაჩლუნგები?
_ თავად რომ ვერ ქაჩავენ, ამიტომაც ჩათვალეს, რომ ხალხი და ოპოზიცია ჩლუნგია და მათ ბლეფს ვერ გაშიფრავდნენ.
თავს გამარჯვებულებად მიიჩნევენ, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება და შედეგიც სათანადო იქნება _ „ქართული ოცნება“ დასრულდება. ამ გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს. ის ამომრჩეველი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მრავალჯერ მოატყუა.
_ იმ შემთხვევაშიც დასრულდება „ოცნება“, თუ დათმობაზე არ წამოვლენ და არჩევნებს კვლავ შერეული სისტემით ჩაატარებენ?
_ ჩვენ არც კი განვიხილავთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წამოვა. მათ ამის გაკეთება ძალიან არ უნდათ, მაგრამ მოუწევთ.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ „ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს? ამბობენ, არ დავთმობთო.
_ რამდენიც უნდათ თქვან, დათმობაზე წასვლა გარდაუვალია. არც ხალხი და არც ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს. თუ ვინმე არ დათმობს, ეს ჩვენ ვართ. დასათმობი, უბრალოდ, არაფერია, აქ საქმე ქვეყნის მომავალს ეხება.
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის განვითარებაა. „ოცნება“ ამ განვითარებას ამუხრუჭებს. ამიტომაც აღარ დათმობს არავინ და „ოცნებას“ მოუწევს დანაპირების შესრულება.
ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ამ თემით დასავლეთიც დაინტერესებულია. ჩვენი დასავლეთელი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. მათ სურთ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული და განვითარებული იყოს. ასე რომ, მოუწევს დათმობაზე წასვლა ბიძინა ივანიშვილს. ამით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
_ საერთაშორისო თანამეგობრობა ახსენეთ, ისინი ძალიან სერიოზულად ჩაერთნენ აქ მიმდინარე პროცესებში.
_ ეს აშკარაა, მათი მოთხოვნით დათანხმდა ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს. არადა, მანამდე ამბობდნენ, რომ კარი დახურული იყო.
_ თქვენი აზრით, მათ ცოტა ხომ არ დაიგვიანეს? მათი პასიურობა ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ „ოცნებამ“ ასე აიშვა?
_ დასავლეთელი პარტნიორების შემფასებლად არ გამოვდგები, არც მათი მისამართით ვაპირებ საყვედურის თქმას. მათაც თავისი სტრატეგია აქვთ და როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისინიც მაშინ ჩაერთნენ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალეს. ამას მხოლოდ მივესალმებით.
ყველაფერი კარგად იქნება, „ქართული ოცნება“ ჯერ დათმობაზე წამოვა, მერე იძულებული იქნება, დემოკრატიულად ჩაატაროს არჩევნები, რაც „ოცნებას“ დაასრულებს.

შორენა მარსაგიშვილი