მირიან მირიანაშვილი:„ივანიშვილი მოსკოვში გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ დანარჩენი სად წავა?“

„ქართული ოცნების“ გამხმოვანებლები უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ ყველაფერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივა. ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ოპოზიციაც. თუ პოზიცია-ოპოზიციამ საერთო ენა ვერ გამონახა, დიდი ალბათობით, საქმე აქამდე მივა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უკვე შეთანხმებული არიან, რომ საქმეს ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანენ და ახლა თარიღზე მუშაობენ. არჩევნების თარიღის შერჩევა კი ძალიან უჭირთ. მირიანაშვილის მტკიცებით, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და რაც დღეს ხდება, რუსული გეგმის ნაწილია.

რა ერთიან თამაშს თამაშობს უმრავლესობა და ოპოზიცია? რა კავშირი აქვს ტრამპის იმპიჩმენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან? გაბედავს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ვაშინგტონის გადაგდებას და რა პასუხს მიიღებენ ასეთ შემთხვევაში აშშ-სგან? ვინ და სად მოამზადა დასაჭერი ხალხის სია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:

_ უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. ამბობენ, ამ კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ ასე შეიძლებაო. თქვენი აზრით, მივა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე?
_ დიდია იმის ალბათობა, რომ საქმე მართლაც ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. არ იფიქროთ, ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებაა _ ეს პოლიტტექნოლოგიური გადაწყვეტილება გახლავთ და ის საქართველოში არ მიუღიათ.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს გარეთ, ჯერ კიდევ, წელიწად-ნახევრის წინ მიიღეს. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მისულიყო.
ვიღაცამ შეიძლება უაზრობად მიიჩნიოს საარჩევნო წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ერთი შეხედვით, ეს მართლაც აზრს მოკლებულია. ვადის მიხედვით 2020 წელს არჩევნები შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს და რამდენიმე თვით ადრე თუ ჩატარდება, თანაც ძველი სისტემით, ამით ქვეყანა ვერაფერს მოიგებს. ვადამდელი არჩევნები სულაც არ არის იმაზე გათვლილი, რომ ქვეყანამ რამე მოიგოს, მოტივაცია სულ სხვაა.
_ მაშინ გვითხარით, რა არის მოტივაცია?
_ ამ მოტივაციას სახელად რუსეთი ჰქვია. ქართულ პოლიტიკაში დღეს მთავარი აქტორი არის რუსეთი. მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე აქ ამერიკის შეერთებული შტატები გააქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე მათი კონტროლის ხელყოფა მოხდება.
ბოლო დროს რუსეთმა ბევრი სამუშაო გასწია, რათა საქართველოში არჩევნები ისეთ დროს გადმოეტანა, როცა ამერიკის პოლიტიკური ელიტა შიდა პოლიტიკური პრობლემებით იქნება გართული და სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის არ ეცლება.
პუტინის თანაშემწე სურკოვი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მათთვის სასურველ დროს ჩატარდეს.
_ სურკოვს ვინ ეკითხება, აქ როდის ჩატარდება არჩევნები?
_ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები სურკოვსა და კირიენკოს ეხება. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ აქ არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა ამერიკელები ტრამპის იმპიჩმენტის საკითხით იქნებიან დაკავებულები.
ეს პროცედურა იანვარ-თებერვალში იქნება. ამ დღეებში კონგრესი გრაფიკს დაამტკიცებს და როცა ეს პროცედურები დაიწყება, ვაშინგტონს საქართველოსთვის კი არა, ალაბამისა და კალიფორნიისთვისაც აღარ ეცლება.
მარტო ამერიკა კი არა, მთელი მსოფლიო იქნება ამ თემაზე გადართული. ტრამპის იმპიჩმენტი ამერიკის ისტორიაში მეოთხეა. როგორ დასრულდება ეს პროცედურა, ამაზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მსოფლიოში უახლოეს წლებში პროცესები.
საქართველოსთვის არავის ეცლება, შესაბამისად, რუსეთს უნდა, რომ საქართველოში ამ დროს ჩაატაროს არჩევნები. ამიტომაც არის საქართველოში ასეთი ვნებათაღელვა, ამიტომაც დაქოქეს ქართველები.
_ თქვენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამიტომ არ შეასრულა ივანიშვილმა დანაპირები და „ოცნებამ“ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ამის ჩაგდებას სერიოზული პროტესტი მოყვა.
_ რასაკვირველია იმიტომ ჩავარდა ეს საკითხი, რომ მღელვარების დაწყება იყო საჭირო. ვადამდელი არჩევნების დანიშვა ასე ვერ მოხდება. მეხი ხომ არ არის, მოწმენდილ ცაზე გავარდეს? ვადამდელ არჩევნებს გარკვეული წინაპირობა სჭირდება.
ჩააგდეს პროპორციულ წესზე გადასვლა, რასაც დაგეგმილი ვნებათაღელვა მოყვა და ვადამდელისთვის გარკვეული ფონიც შეიქმნა.
დარწმუნებული ვარ, პროპორციულის ჩაგდებით ივანიშვილიც დაინტერესებული იყო, მაგრამ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება რომ ჰქონოდა, ამ საკითხს საგაზაფხულო სესიაზე ჩააგდებინებდა „ქართულ ოცნებას“.
ამ შემთხვევაში ოპოზიციას რაც არ უნდა ეაქტიურა, რაც არ უნდა ბევრი ხალხი გამოსულიყო ქუჩაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ საქართველოს იმ დროს ჩაატარებინოს არჩევნები, როდესაც ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას რეგიონისთვის არ ეცლება.
მოსკოვის მიზანია, რომ შიდაპოლიტიკური ბატალიებიდან გამოთავისუფლებულ ამერიკელებს საქართველოში სრულიად ახალი რეალობა დაახვედრონ. რეალობა არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ხელახალი რიგგარეშე არჩევნები კი ერთ თვეში ვერ დაინიშნება.
ყველაფერი რომ სურკოვის მომზადებული სცენარით მიდის, ამაზე ოპოზიციის მოთხოვნაც მეტყველებს.
_ რაკი ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ამიტომ მოქმედებენ სურკოვის გეგმით?
_ აქ სხვა რამ ხდება. თითქმის ერთი თვეა, ოპოზიცია ქუჩაშია და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, მაგრამ არ ასახელებს ვადას. ითხოვდე ვადამდელ არჩევნებს და არ ასახელებდე ვადას, ეს ნონსენსია. ამ სიტუაციაში მათიც მესმის, ვადასა და გრაფიკს ისინი არ ადგენენ.
ამ გადაწყვეტილებას ღებულობენ რუსები, რომლებიც ახლა ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ყურადღებით. ამ დღეებში გაირკვევა, როდის დაიწყება ამერიკაში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა და რუსეთიც გადაწყვეტს, თუ როდის ჩატარდება საქართველოში ვადამდელი არჩევნები.
ალბათ უახლოეს მომავალში დაადგენს მოსკოვი ვადას და ჩვენი ოპოზიციაც გამოაცხადებს, თუ როდისთვის ითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
_ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიციაც რუსეთის მითითებებს ასრულებს?
_ რა თქმა უნდა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ დღეს საქართველოში არ არსებობენ ანტირუსული ძალები. ყველა პარტია მოსკოვიდან ღებულობს დავალებას. ზოგმა პრორუსულის როლი უნდა შეასრულოს, ზოგმა _ პროდასავლური, ზოგიც ცენტრისტული უნდა იყოს.
იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც დღეს მივიღეთ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ღიად უნდა შეასრულოს პრორუსულის ფუნქცია.
_ ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ?
_ არა მარტო ნინო ბურჯანაძეს. ამ ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძე ყველაზე პატიოსანი პოლიტიკოსია. ის ღიად ამბობს იმას, რა როლსაც ასრულებს. ის არის პრორუსული და ამბობს, რომ პრორუსულია.
დანარჩენი კომუფლირებს დასავლურ ღირებულებებს ან ცენტრისტულ მიუმხრობლობას და ნინოზე მეტად იმართება მოსკოვიდან.
დღევანდელი ოპოზიცია თითქმის მთლიანად პრორუსულია. მთელ მსოფლიოში პრორუსულ ძალებს ერთი შტრიხი აქვთ _ ისინი მოსკოვთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ დგამენ.
მაშასადამე ამ გაერთიანებაში რუსული პოლიტიკური ინტერესები დევს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დღეს რუსეთის სცენარით მოქმედებს.
ჩვენს საზოგადოებას ეს არ უნდა აოცებდეს და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, ხალხს ეს რომ აოცებს.
_ რატომ გიკვირთ, ხალხს რომ ეს აოცებს? არ არის გასაკვირი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და ოპოზიციასაც სხვა ქვეყანა მართავდეს და უმრავლესობასაც?
_ მიკვირს ეს გაკვირვება, მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთიდან იმართება. რუსეთმა არ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილს ივანიშვილისთვის გადაებარებინა ხელისუფლება? მანამდე რუსეთმა არ გადააბარებინა შევარდნაძეს ძალაუფლება სააკაშვილისთვის?
რუსეთიდან მითითება რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის უფლებას არ მისცემდა. ერთი დღეც არ გააჩერებდა ამ სივრცეში.
აქ იცით, პრობლემა რა არის? რუსეთი ცდილობს, საქართველო ისევე მართოს, როგორც თავის შიდა რეგიონებს მართავს. იმ რეგიონებში, სადაც ხელისუფლების გამოცვლაა ნავარაუდევი, მოქმედ ხელისუფლებას ევალება, რომ მომავალ ხელისუფლებას სათანადო ნიადაგი შეუქმნას მოსასვლელად და მერე ხდება გადაბარება.
_ ამ გაზაფხულზე ინგუშეთში დაახლოებით ამ სცენარით შეიცვალა ევკუროვი.
_ ინგუშეთი გამონაკლისი არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგივე მოხდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, დაღესტანსა და ბალყარეთში. ვოლგისპირეთის რესპუბლიკებშიც იგივე ხდება.
გასაკვირი აღარ არის, რომ რუსეთი ჩვენს საქმეებში ერევა, მაგრამ საჩოთიროდ კი გვაქვს საქმე: საქართველო ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც რუსეთისთვის ლამის შიდაპოლიტიკური ნაწილი გახდა. ჩვენი 30-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ასეთი კომედიური შედეგით დასრულდა.
შეიძლება, ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ წინა ხელისუფლებებთან შედარებით ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტი ავტონომიურობებით ხასიათდება. მიშა სააკაშვილი ხისტად იყო რუსეთთან მიბმული.
_ ეს რაში გამოიხატებოდა?
_ მე არ მახსოვს, მას მოსკოვიდან წამოსული, თუნდაც ერთი საკადრო გადაწყვეტილება გაეპროტესტებინოს. ვისზეც კი უთხრეს უნდა დანიშნოო, ყველა დანიშნა: გრიგოლ ვაშაძით დაწყებული, მიხეილ ჯანელიძით დამთავრებული.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რუსეთის შერჩეულ კადრებს თანამდებობეზე ნიშნავდა, მათ უფლებას აძლევდა, უწყებაში საკუთარი გუნდი მიეყვანა.
_ ივანიშვილი არ ნიშნავს ადამიანებს თანამდებობებზე რუსეთის მითითებით? როგორც ამბობენ, გახარიას დანიშვნა პრემიერად მოსკოვმა მოითხოვა.
_ გახარიას მოსკოვი ლობირებდა და დაინიშნა კიდევაც ის პრემიერად. მაგრამ მას ივანიშვილი იმპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას არ აძლევს.
_ ეს რაში გამოიხატება?
_ ის უახლოეს სივრცესაც კი ვერ აკონტროლებს თავისი კადრებით, ამის უფლებას მას ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს.
გავიმეორებ იმას, რაც ზევით ვთქვი: წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ივანიშვილი მეტად ინარჩუნებს ავტონომიურობას.
_ და ამის მიუხედავად მაინც მზადაა, შეასრულოს დავალება და ხელისუფლება გადააბაროს?
_ გადაბარება ეს ისეთი რამეა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის რესურსი ივანიშვილს არ გააჩნია. ეს მის შესაძლებლობებს უბრალოდ აღემატება. აქედან გამომდინარე, ის ვერაფერს იზამს.
_ სააკაშვილისა და შევარდნაძის დროს, როცა ხელისუფლების გადაბარებისკენ მიდიოდა საქმე, ჩანდა ის ობიექტი, ვისაც ხელისუფლებას გადააბარებდნენ. ახლა ასეთი ძალა ან ობიექტი არ ჩანს.
_ რუსეთისთვის არც ეს იქნება პრობლემა, მონახავენ ვინმეს. საჭირო ობიექტი აქამდე რომ ვერ მოინახა, ეს ამერიკის დამსახურებაა. ამერიკა უშლიდა ამაში რუსეთს ხელს. არც ახლა უნდა ამერიკას, რომ აქ მოვლენები რუსული სცენარით განვითარდეს, ამიტომაც მოსთხოვა ვაშინგტონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთთან დალაპარაკება.
სასტუმრო „ბილტმორი“ ამერიკელებმა იქირავეს, რომ იქ დაპირისპირებული მხარეები დაესვა მოლაპარაკებების მაგიდაზე.
სინამდვილეში, მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. ეს ამერიკელებმაც კარგად იციან და ამიტომაც დასვეს დიალოგზე. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ხელი შეუშალონ ვადამდელ არჩევნებს.
ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან, თუ აქ არჩევნები იმ დროს ჩატარდება, როცა მათი პოლიტიკური ელიტა საქართველოს მონიტორინგისთვის ვერ მოიცლის, რუსეთი მათ საქართველოდან და რეგიონიდან მოტეხავს.
ამ პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია ავტომატურად ხდება ანტიამერიკული ძალა. მინდა, რომ ეს ამ პარტიებმა კარგად გააცნობიერონ.
ბიძინა ივანიშვილს, მათგან განსხვავებით, ქვეყნიდან წასვლა და ცხოვრების სხვაგან მოწყობა არ გაუჭირდება. დიდი ალბათობით, ის მოსკოვში მიიღებს თავშესაფარს და ასლან აბაშიძის მსგავსად გააგრძელებს ცხოვრებას.
_ ეს გადაწყვეტილია, თუ თქვენ ვარაუდობთ?
_ ხელისუფლების გადაბარების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ასე იქნება. ივანიშვილი ყველა ვარიანტში უშველის თავს, მაგრამ ესენი რისი იმედით არიან? ჰგონიათ, რომ ამერიკა რეგიონიდან მოტეხვას გაატარებს? იტყვიან, რა შებერტყილები არიან ქართველები და რუსები, რეგიონიდან მოგვტეხეს და ჯანი გავარდესო?
თავიანთი პოლიტიკური პრობლემებისგან რომ განთავისუფლდებიან, საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე რეაგირებას არ მოახდენენ? მოახდენენ და თანაც როგორ!
ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ეს პოლიტიკური ბალაგანი ერთად შევა ხაფანგში, სადაც თავიანთ ანტიამერიკულობას ბოლომდე გამოაჩენენ. ამით მოხდება ქართული პოლიტიკური ელიტის სრული ლუსტრაცია.
წინა დესტაბილიზაციებისგან განსხვავებით, ახლა ქართველებს მცდარი მოლოდინები აქვთ იმაზე, რომ რუსებმა ვიღაცები გამაზეს და აშშ და მისი საელჩო ბოლომდე ნეიტრალური იქნება თბილისში განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც ვადამდელი არჩევნებით უნდა დამთავრდეს.
მე არ ვიცი, ვიღაცამ აიღო თავის თავზე ამ საქმის მოგვარება და ვერ გააკეთა, თუ რუსებმა მოატყუეს ქართველები და შეგნებულად შეაგდეს ანტიამერიკულ ხაფანგში. სამაგიეროდ, კარგად ვხედავ, რომ ამერიკისთვის თბილისში მიმდინარე მოვლენები სულერთი არ არის.
ამის დასტური იყო „ბილტმორში“ გამართული შეხვედრაც, რომელიც ამერიკელების ეგიდით და მოთხოვნით გაიმართა.
_ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება, დაიწყო კონტრაქციები და ერთმანეთის ცემა-ტყეპა.
_ ამაშიც რუსეთის ხელი ურევია. მოსკოვში საქართველოს საკითხზე ორი ჯგუფი მუშაობს: ერთია სურკოვ-კირიენკოს ჯგუფი, მეორე ჯგუფს დუმის სპიკერი ვოლოდინი ხელმძღვანელობს.
სურკოვ-კირიენკოს ჯგუფი ცდილობს, პროცესები ისე წარმართოს, რომ საქართველოს გამო ამერიკასთან ღია დაპირისპირება არ მოუვიდეს; ვოლოდინი კი უფრო ხისტი მოქმედებების მომხრეა. როგორც ამბობენ, თავის დროზე, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია ვოლოდინის მითითებით გამართა.
_ „პატრიოტთა ალიანსი“ ვოლოდინისგან იმართება?
_ ვოლოდინს მათთან უშუალო კონტაქტი არ აქვს. დუმის სპიკერი საქართველოში პარტიებს რუსი დეპუტატების მეშვეობით ეკონტაქტება. „პატრიოტთა ალიანსზე“ კალაშნიკოვი მუშაობს. არაა გამორიცხული, რომ ეს კონტარაქციებიც ვოლოდინისგან იყოს დირიჟირებული.
ერთ რამესაც უნდა დავაკვირდეთ, _ ეს კონტრაქციები არ არის მასშტაბური. შეხლა-შემოხლაშიც მცირე ჯგუფები მონაწილეობენ. ამით იცით, რა იდეის განვრცობა მიდის, რომ უკმაყოფილებამ ცენტრიდან რეგიონებში გადაინაცვლა.
ისიც იცოდეთ, რომ შეხლა-შემოხლებიც გრაფიკით არის გაწერილი, წინასწარ არის ცნობილი, თუ სად იქნება ეს ფსევდო შეხლა-შემოხლა.
_ ისევ გადაბარების თემას დავუბრუნდეთ. თქვენ ამბობთ, რომ გადაბარება უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ამერიკელები ამ პროცესს წელავენ და თან ის ობიექტიც არ ჩანს, ვისაც ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებს.
_ ჯერ ვერ იპოვეს საჭირო ადამიანია. ამ დროისთის საუკეთესო ვარიანტი გიგა ბოკერიაა. მოსკოვს მისი კანდიდატურა აქვს შერჩეული.
სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაბარება თავიდანვე გამოირიცხა, იმიტომ რომ მასთან ამერიკას პრეტენზიები აქვს. ამას ვაშინგტონი ღიად არ ამბობს, მაგრამ ქმედებებიდან ჩანს. ადამიანს აშშ-ში სამუშაო ვიზა არ მისცეს. მიუღებლობის ამაზე მეტი დემონსტრირება რა გინდათ?
ბოკერიას კანდიდატურა მოსკოვმა ტრამპის ადმინისტრაციას რომ შეუთანხმოს, ეს ადმინისტრაციისთვის შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს. ბოკერია კიდევ უფრო ახლოს არის რუსეთთან, ვიდრე სააკაშვილი. ტრამპის იმპიჩმენტის პერიოდში მის კანდიდატურაზე შეთანხმება აღქმული იქნება, როგორც თეთრი სახლისა და პუტინის ადმინისტრაციის გარიგება.
ამიტომ ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც რუსეთთან კავშირში იყო, ამერიკასთან ვერ შეთანხმდება.
_ აბა, ჩაუვარდათ გადაბარება და ეგაა. ამბობთ, რომ ბოკერიას კანდიდატურა განიხილება და ის რუსეთთან არის კავშირში.
_ სხვანაირად გამოძვრებიან სიტუაციიდან. თუ მოასწრეს და აქ არჩევნები მაშინ ჩაატარეს, სანამ ამერიკას არ ეცლება სხვებისთვის, ბოკერიას გადააბარებენ ხელისუფლებას და კუდიანებზე დევნის პროცესიც დაიწყება.
_ რას გულისხმობთ?
_ იმ შემთხვევაში, თუ ბოკერიას ხელისუფლებას გადააბარებენ, მას მისცემენ დირექტივას, რომ პრორუსულ ძალებს დაერიოს.
_ რუსები მისცემენ ამ დირექტივას?
_ რუსები მისცემენ ამ დავალებას და ბოკერიაც დაერევა მათ. ამით ის აშშ-ს თვალში ერთგვარ პოლიტიკურ ალიბის შეიქმნის. ის უნდა გამოჩნდეს, როგორც დაუნდობელი ანტირუსი.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დევს სია, თუ ვინ უნდა დაიჭიროს ბოკერიამ, თუ ხელისუფლებაში მოვა.
ნურავინ დაიჯერებს, რომ, თავის დროზე, სააკაშვილი რუსეთის აგენტებს ავტონომიური გადაწყვეტილებით იჭერდა. დასაჭერი ხალხის სიას მასაც რუსეთი აძლევდა.
ეს სია ახლაც მზად არის და არაა გმორიცხული, ამ სიაში ის ხალხიც იყოს შეყვანილი, ვინც ახლა ბოკერიას გვერდით დგას. ამის შესახებ ამ ადამიანებმა ჯერ არაფერი იციან.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას: ნუ ითამაშებენ რუსულ თამაშს და ნუ წავლენ ამერიკის წინააღმდეგ. ეს მათთვის ცუდად დამთავრდება. ამერიკა არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ის საქართველოდან მოტეხოს.

შორენა მარსაგიშვილი