სალომე სამადაშვილი: „ივანიშვილის ხელისუფლება სულ უფრო რეპრესიული რეჟიმის სახეს იღებს“

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. ოპოზიცია, მათ შორის, განსხვავებული ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტიები, ერთიანი ძალებით ცდილობენ უკვე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და „ქართულ ოცნებას“ დანაპირების შესრულებას სთხოვენ. ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლას. ერთ-ერთია ქუჩის აქციები და პოლიტიკური პერფორმანსები, რასაც ხელისუფლება კონტრაქციებს უპირისპირებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია. ერთი რამ ცხადია, რომ ოპოზიცია არ დათმობს, თუმცა ხელისუფლებაც არ აპირებს კომპრომისებზე წასვლას. მეტიც: მმართველი ძალა ხან მაჟორიტარების გააქტიურებით, ხან კი „ტიტუშკების“ მობილიზებით ცდილობს სიტუაციის განეიტრალებას.

ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო დაიბარეს. ფეიბუქ პოსტში გვარამია „უზურპატორის დამხობაზე“ საუბრობდა. გვარამიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსი გააზიარა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
აზიანებს თუ არა მსგავსი შინაარსის მოწოდებები, კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“? რას ფიქრობენ მთავარ ოპოზიციურ ძალაში ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით? პოლიტიკური პერფორმანსების გარდა რა ხერხებს მიმართავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის დასაბრუნებლად?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ როგორ შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოცემულობა მას შემდეგ, რაც მათ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს?
_ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის გადაწყვეტილებას ეკისრება. ივანიშვილს აღარ აქვს შესაძლებლობა, დემოკრატიული არჩევნების გზით შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება. მიუხედავად ამისა, ის ხელისუფლებისთვის ყოველთვის მომგებიანი მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით აპირებს ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებას. საზოგადოება ამას არ მიიღებს და პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება მანამ, სანამ მისი განმუხტვის გზა არ მოიძებნება.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აქციების მსვლელობისას ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ 22-მა პარტიამ მხოლოდ 5000 ადამიანის გამოყვანა შეძლო. რით აიხსნება ის, რომ ცვლილებების ჩაგდებას მასშტაბური პროტესტი არ მოყვა?
_ პროტესტი საკმაოდ მძლავრია. თანაც არ მიმაჩნია გონივრულად, თანამედროვე პოლიტიკურ გარემოში ქუჩაში თავების თვლით საზოგადოებრივი აზრის შეფასება. რეალურად, თანამედროვე გარემოში საპროტესტო მუხტით განწყობილი ადამიანი ბევრად მეტი არის, თუმცა უშუალოდ ქუჩაში არ გამოდის. მაგალითად, ადამიანების გარკვეული ნაწილი პროტესტს სოციალურ ქსელში გამოხატავს. მოკლედ, მხოლოდ ქუჩაში გამოსული ადამიანები არ ასახავენ საზოგადოების შეხედულებას. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებრივი კონსენსუსია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მიუღებელია. ასევე ვნახეთ Edison Research -ის გამოკითხვის შედეგები, სადაც ნათლად ჩანს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ეს შედეგი აისახება სწორედ შემდეგ არჩევნებზე.
_ თქვენი პროტესტის გამოხატვის ფორმებით („მაინც დაგაბოქლომებთ“ და პარლამენტის პიკეტირება) ხელისუფლებას ხომ არ აძლევთ იმის საფუძველს, რომ დესტრუქციულ ძალებად მოგიხსენიოთ და ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან?
_ დაბოქლომება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მიმართ პროტესტის სიმბოლური გამოხატულებაა. კონსტრუქციულმა პროცესმა რაღაც შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს. ივნისის აქციების შედეგად ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას დასთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აქციის სხვა მოთხოვნები არ შესრულდა. ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დათანხმებამ, გარკვეულწილად, განმუხტა სიტუაცია. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ეს დაპირება უკან წაიღო და ზამბარა ისევ დაიჭიმა. ვხედავთ, რომ მოლაპარაკებებზე ივანიშვილის წარმომადგენლები არანაირ პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებენ, რომ რეალურად ისაუბრონ არსებულ პრობლემებზე. ასე რომ, არაკონსტრუქციული დამოკიდებულება, პირველ რიგში, ივანიშვილს აქვს არა ოპოზიციის, არამედ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.
_ თუ „ქართულმა ოცნებამ“ არსებული საარჩევნო სისტემით 2012 წელს შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება (ამაზე ხშირად აკეთებენ აქცენტს მმართველი ძალის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა _ რომელიმე საარჩევნო სისტემა), მაშინ რატომ არის 2020 წელს პრობლება შერეული საარჩევნო სისტემა?
_ პირველ რიგში, არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს თუნდაც არსებული საარჩევნო სისტემით ვერ დავამარცხებთ. არსებული საარჩევნო სისტემითაც მისი მარცხი გარდაუვალია. იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, როცა ჩვენ მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადავედით მთლიანად პროპორციული სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტი, ვფიქრობ, ეს უკეთესი გზაა ქვეყანაში სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში, არ მინდა საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ საარჩევნო სისტემის გამოცვლასთან დაკავშირებით მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესია ან ვინმეს ეგონოს, რომ ივანიშვილს აქვს რაიმე შანსი, რომელიმე საარჩევნო სისტემის შემთხვევაში ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება. უბრალოდ, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სჯობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ _ ეს გვითხრეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და, როგორც ჩანს, ეს არის საზოგადოების პოლიტიკური დაკვეთაც და მოთხოვნაც.
_ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ხელისუფლებამ სათავისო გამოიყენა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ბურჯანაძის ვიზიტი ოპოზიციის რუსულ გეგმებზე მიუთითებდეს. როგორ ფიქრობთ, დააზიანა თუ არა ბურჯანაძის ვიზიტმა ოპოზიციის გაერთიანება?
_ მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი გამართლებული ან დროულია. ჩვენ რუსეთთან სალაპარაკოდ ყოველთვის უნდა დავსხდეთ ჩვენს მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამონაწილეობის ფორმატში. რაც შეეხება პოლიტიკურ მომავალსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ქალბატონ ბურჯანაძესთან არავითარი საერთო არ გვაქვს. ჩვენ მისგან ძალიან განსხვავებულ პლატფორმაზე ვდგვართ, მაგრამ იმ საკითხში, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ვფიქრობ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, თუნდაც ჩემთვის მიუღებელს, როგორიც არის ქალბატონი ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია, აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ინტერესები, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიული გზით, რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები. ის, რომ ქალბატონი ბურჯანაძე არ არის მისაღები საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების უმრავლესობისთვის ამას ცხადყოფს მისი და მისი პოლიტიკური პარტიის საკმაოდ დაბალი რეიტინგი. ჩვენი ეს თანამშრომლობა ერთადერთ საკითხზე შედგა, რის გარშემოც გაერთიანდა მთელი ოპოზიციური სპექტრი _ ეს არის ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩემთვის ეს ვიზიტი არ არის მისაღები. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, კონკრეტულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული გაერთიანება, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო, თაკო ჩარკვიანმა დატოვა. მე არ ვიცი, სხვა პარტიებს რა რეაქცია ექნებათ ქალბატონი ბურჯანაძის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის უფლება ჩემთვის ძალიან მიუღებელ პოლიტიკურ ძალასაც აქვს. ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მაგალითად, პრორუსული პოლიტიკური ძალებიდან მათ რომელი უფრო მოსწონთ _ ბიძინა ივანიშვილი თუ ნინო ბურჯანაძე. ეს იმ ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, რომელსაც ჩვენი ამომრჩევლისგან და ჩვენი პარტიისგან განსხვავებული ხედვა აქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე.
_ ხელისუფლება ამ მოცემულობაში ჩვეულ რიტორიკას იყენებს: თუ ჩვენ არ ვიქნებით, მიშა და „ნაციონალები“ დაბრუნდებიან. რამდენად გაჭრის მათი ეს მესიჯი და იმოქმედებს თუ არა იგი საზოგადოებაზე?
_ მგონი, ამან ამოწურა უკვე თავისი პოტენციალი. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს ხელისუფლება იმაზე, რომ ყველა „ნაციონალია“, ვინც მათ ეწინააღმდეგება, მით უფრო სასაცილო ხდება მათი ეს პოზიცია. პირიქით, ვფიქრობ, ეს აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ თვალსაზრისით, რომ ერთადერთ ძლიერ მეტოქედ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს. ამაში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა. რაც მეტს გაჰყვირის ხელისუფლება, რომ ყველა, ვინც მათ ეწინააღმდეგება, „ნაციონალია“, მით უფრო გვაძლიერებს ჩვენ და მით უფრო სასაცილოს ხდის საკუთარ პოზიციას საზოგადოების თვალში.
_ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა: „უზურპატორი უნდა დავამხოთ“, ეს პოსტი გააზიარა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გვარამია კი ამის გამო სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. რამდენად იზიარებთ თქვენ ამ ფორმულირებას და აზიანებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი შინაარსის მოწოდებები, თუნდაც სააკაშვილის მხრიდან?
_ ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიცვალოს, ამას, თუ გნებავთ, დამხობა დაუძახეთ ან შეცვლა. რეალობა არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უნდა შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება. ივანიშვილს რომ უზურპირებული აქვს ძალაუფლება, მგონი, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. სუს-მა რომ გამოძიება დაიწყო გვარამიას პოსტის გამო, ეს იმის დემონსტრირება იქნება, რომ სულ უფრო და უფრო რეპრესიული რეჟიმის სახეს იღებს ივანიშვილის ხელისუფლება. ასევე ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნებისმიერი საბაბით ცდილობენ კონკრეტული ადამიანების, პოლიტიკოსისა თუ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის შეკერვასა და აღძვრას.
_ ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება კონტრაქციებს აწყობს, ასევე საქართველოს რეგიონებში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს შორის. არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ ამ დაპირისპირებებში მთავარი მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „დაიკარგოს“?
_ ხელისუფლება სამარცხვინო გზას დაადგა _ ის კონტრაქციებს აწყობს. ე. ი. მმართველი ძალა საბოლოო ფაზაში შევიდა. ვისურვებდი, ამ პოლიტიკურმა პროცესმა მშვიდობიანი და ცივილიზებული სახე მიიღოს. კონტრაქციების მოწყობა და თავდასხმების ორგანიზება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებთან, როგორიც, მაგალითად, ზუგდიდსა და მცხეთაში იყო, უკიდურესად სახიფათოა და ამ დაორგანიზებული ძალადობის კოორდინება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან მძიმე დანაშაულია ხელისუფლების მხრიდან.
_ გარდა იმისა, რომ განაგრძობთ პოლიტიკურ პერფორმანსებს, რას გეგმავთ ოპოზიცია, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ?
_ ჩვენ ბრძოლას კოორიდინებულად გავაგრძელებთ ყველა ფრონტზე. ეს იქნება საშინაო თუ საგარეო ხაზზე. მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივემგზავრებით ამერიკაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ივანიშვილის ხელისუფლებაზე ზეწოლის მობილიზებისა და განხორციელების თვალსაზრისით. ასევე გავაგრძელებთ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფრონტის საქმიანობას ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან, სხვანაირად, შესაბამისი ზეწოლის გარეშე, ვხედავთ, რომ ივანიშვილი ძალიან დიდი ხნით აპირებს დარჩეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა უკვე აღარ აქვს.
_ ივანიშვილის ფინანსური რესურსი ოპოზიციასთან მიმართებით კვლავ უპირატესობად რჩება, როგორ ფიქრობთ, რა უნდა დაუპირისპიროთ ამას?
_ ივანიშვილს ფინანსური უპირატესობა იმ თვალსაზრისითაც აქვს, რომ საბიუჯეტო რესურსებს იყენებს. რეალურად, კორუფციული სქემის ნაწილია პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსება. მეტი ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ ეს სქემები გამოაშკარავდეს, თუ რა გზებით ფინანსდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი. ამის გამოაშკარავება შედეგებს მოიტანს.

ნენე ინჯგია