ჯანდაცვის მინისტრმა გულით დაავადებულ ათასობით ადამიანს მკურნალობის უფლება წაართვა!

„წაქცეულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო“, _ „ქართული ოცნების“ საქმე სწორედ ამ ქართული ანდაზასავითაა, ანუ მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჯანდაცვის რეფორმით იწონებდა თავს, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს რეფორმა ჩვეულებრივი „ფეიკი“ ყოფილა და მეტი არაფერი. ისე, ე. წ. უფასო ჯანდაცვას „ანტიოცნებელები“ თავიდანვე აპროტესტებდნენ, მაგრამ ახლანდელი მოცემულობით, თავად „მეოცნებეებიც“ კი ამბობენ, რომ ის, რაც დავით სერგეენკომ კარგი გააკეთა, მისმა შემცვლელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, წყალს გაატანა. მაინც, რა ჩაიდინა ასეთი ქალბატონმა ტიკარაძემ, რომ „ქოცებიც“ და „ნაცებიც“ ერთიანი წარმატებით, ანუ ლამის ხმაშეწყობილად აგინებენ და მიწაში დებენ მას?

მოკლედ, საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს #520-ე დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმადაც, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიის, კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა.
ეს დადგენილება თეთრხალათიანებმა თავიდნავე გააპროტესტეს და თქვეს, რომ გათანაბრებული ტარიფების გამო კლინიკები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. მეტიც, საქმეში ჩახედულნი იმთავითვე აცხადებენ, რომ ზემოხსენებული დადგენილების გამო ბევრი კლინიკა შესაძლოა, დაიხუროს კიდეც.
ვინმემ ბრალი ჯანდაცვის სფეროში არსებული ისედაც მძიმე ვითარების დრამატიზებაში რომ არ დაგვდოს, ჩვენი მოსაზრებების გამოთქმისგან თავს შევიკავებთ და მხოლოდ ექსპერტებისა და ამ სფეროს სხვა სპეციალისტების მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.
დავიწყოთ ექსპერტ სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რომლის თანახმადაც, სამართლიანი და ადეკვატური ტარიფის დაწესებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყოვლად დაუშვებელია.
„ქალბატონო მინისტრო, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმ ნეგატიურ მხარეებზე, რაც ამ დადგენილების ამოქმედებას მოყვება.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყოვლად დაუშვებელია. #520-ე დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ქალბატონო მინისტრო, ხარჯების შეკავება ამ გზებით არ ხდება, ხოლო ახალი რეგულაციით თანხები დაიზოგება კი არა, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები (რაც ზოგიერთ რეგიონში ჯანდაცვის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას საერთოდ მოსპობს), შემცირდება ხელფასები, კვალიფიციური კადრები უცხოეთში წავა, შემცირდება სამუშაო ადგილები.
რაც მთავარია, #520-ე დადგენილებით საფრთხე ექმნება, პირველ რიგში, პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს ეს მცდარი ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას.
გასაგებია, რომ თქვენი მიზანია, შეამციროთ ხარჯები, რომელსაც სამინისტრო უკვე წლებია, ვერ აკონტროლებს, მაგრამ უსამართლო და გაუაზრებელი ტარიფებით ეს ვერ მოხდება. ჯანდაცვის სისტემა წლებია, უკვე ფინანსურად გაბანკროტებულია. გარდა იმისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6-7 თვის დავალიანება 300-400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. კატასტროფულად დაეცა ხარისხი, ვერ განვითარდა პირველადი ჯანდაცვა, ვერ ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია, სამედიცინო კადრები არათანაბარზომიერადაა გადანაწილებული, ექთნების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში, წამლების ხარისხი და უსამართლო ფასები უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროგრამები ვერ ასრულებენ დასახულ ინდიკატორებს, პროგრამების უმეტესობა არახარჯთეფექტიანია, კვლავ ვერ დაინერგა უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია პრობლემების.
ყოველივე ამის ფონზე თქვენ მიერ შეთავაზებული მთავრობის ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ისედაც მძიმე ვითარებას და საერთოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ თქვენ მიერ დადგენილ ტარიფებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დარგის სპეციალისტების, პრაქტიკოსი ექიმებისა და ჯანდაცვის მენეჯერების ჩართულობით, რომელიც დაადგენს სამართლიან, ადეკვატურ ტარიფებს და დაითვლის რეალურ ხარჯებს“, _ ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ჩიხლაძემ ქალბატონ ტიკარაძეს გაუგზავნა, თუმცა მინისტრმა ეს წერილიც, ტრადიციისამებრ, უპასუხოდ დატოვა.
დიახ, ეკატერინე ტიკარაძე „დუმილის უფლებას“ იყენებს. ამასობასი კი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები საჯარო განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ და ტიკარაძის ე. წ. რეფორმას აპროტესტებენ. ნიშანდობლივია, რომ მინისტრის რეფორმას „ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან კობერიძეც აპროტესტებს და ამბობს, რომ სანამ რეფორმა დაიწყებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს მედიკოსებთან კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და მათი მოსაზრებები გაეგო.
„ექიმებსა და კლინიკებს უნდათ დაანახონ რეალობა ჯანდაცვის სამინისტოს, რომ გადაწყვეტილება შეეხება სამედიცინო სერვისების ხარისხს და მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება აუცილებლად გააუარესებს სამედიცინო სერვისს. მეტიც, ბევრი სერვისი გაქრება კიდეც. როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერ სექტორთან უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი და ეს იქნება მისი ხელმძღვანელობის პირდაპირი მახასიათებელი სამინისტროებისა და მთავრობის, ამ დროს ერთ-ერთი სამინისტრო არანაირ კომუნიკაციას არ მართავს დარგთან, ეს ნიშნავს, რომ ერთიანი პოლიტიკის არარსებობაა სამინისტროებსა და პრემიერის ხელმძღვანელობაში, ან, უბრალოდ, ჯანდაცვის მინისტრი არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას, რომ უნდა არსებობდეს რეალური კომუნიკაცია სექტორთან, _ ამბობს დეპუტატი კობერიძე და დასძენს, _ ამოცანები, რომელსაც სახავს მთავრობა, რეალურად ემსახურება არა კონკრეტულად დარგის განვითარებას, დარგის ინტერესებს, საჭიროებებსა და გამოწვევებს, არამედ ეჭვს ბადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დავალებების შესრულება. წარმოუდგენელია, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდეს, რომელიც ძირეულად ეხება დარგს და რეფორმის გატარებამდე პირველი პირები არუზრნველყოფდნენ შეხვედრების ორგანიზებას, აზრების გაცვლა-გამოცვლა სდა შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირებას. ან ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულება, რომ სამინისტრომ ყველაფერი იცის და თვითონ გადაწყვეტს, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია! მეორე ის, რომ დიალოგის უნარი ამ შემთხვევაში სტრუქტურას არ გააჩნია და 21-ე საუკუნეში ცოტა ინტერაქტიული დიალოგის გარეშე რამე გადაწყვეტილების მიღება მგონი, უკვე არქაიზმიც აღარაა. მსგავსი გადაწყვეტილებებით სახელმწიფო უფრო და უფრო შორდება თავის მოსახლეობას“.
მართალია, ხელისუფლება ზემოხსენებულ რეფორმას ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებით ხსნის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საპირისპიროს აცხადებენ და ირწმუნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრად გააუარესებს.
„სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს“, _ ამბობენ მედიკოსები და 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილითაც მიმართა და ზემოხსენებული დადგენილების გადავადება მოითხოვა, თუმცა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა და თეთრხალათიანების თხოვნა არ გაითვალისწინა.
ექიმების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივ ასოციაციებთან ერთად, მთავრობის 520-ე დადგენილებამ სამედიცინო აპარატურის, სახარჯი მასალებისა და იმპლანტების იმპორტიორი კომპანიებიც შეაშფოთა.
„ Johnson & Johnson, GE, Stryker, Olympus, Cordis, Cook Medical, Merit Medical, Biosensors, Vygon, LivaNova – ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება, ქართული ბაზარი დატოვოს; გადავიქცევით, დაახლოებით, ტაჯიკეთის დონის ქვეყნად. არც ერთი სერიოზული კომპანია არ მუშაობს ტაჯიკეთში, სწორედ აქეთ მივდივართ. საკითხი შემდეგნაირად დგას _ კლინიკები ვეღარ იყიდიან ძვირადღირებულ მასალებს. ტრანსნაციონალური კომპანიები კი, შეიძლება ბაზრიდან გავიდნენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, აქტიურად ვმუშაობთ, იქნებ, ფასების რეგულირება მოვახერხოთ და რაღაც ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თუმცა ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დაბალი ხარისხის პროდუქციას, უბრალოდ, არ ჩამოვიტან, ვერ გავრისკავ ვერც ერთი პაციენტის ჯამრთელობით. აქ კი ჩნდება საფრთხე, რომ მაღალი დონის სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ანუ დავბრუნდებით იქ, სადაც 15 წლის წინ ვიყავით. ჯანდაცვის სამინისტროს არ ეყო კომპეტენცია. ტარიფების გათანაბრების თემა მიაბარეს მხოლოდ ფინანსისტებს და რას ითვლიდნენ, მათ უბრალოდ არ იცოდნენ“, _ უთხრა ჟურნალისტებს Modern Medical Solution -ის გენერალურმა მენეჯერმა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.
კერძოდ, პეისმეიკერის/კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის ფასი ჯანდაცვის სამინისტრომ სწორად კი დათვალა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამ პეისმეიკერს ორი ელექტროდი სჭირდება, რომელიც 1000 დოლარამდე ღირს.
ამას გარდა, ჯანდაცვის უწყებაში არც იმას მიაქციეს ყურადღება, რომ თანამედროვე გაიდლაინით პაციენტს უნდა ჩაუყენდეს წამლიანი სტენტი და არა _ მეტალის.
სპეციალისტების თქმით, სწორედ ამაში გამოიხატება მინისტრ ტიკარაძის არაკომპეტენტურობა.
„იმას არ ვამბობთ, რომ ცუდები არიან, უბრალოდ, ეს არაა მისი საქმე, ფინანსისტი როცა ითვლის, ითვლის ყველაზე იაფს. იმის ნაცვლად, რომ დამსხდარიყვნენ დარგობრივ ასოციაციებთან და ეს თემები გაევლოთ, პირდაპირ 520-ე დადგენილება შევიდა ძალაში, თან ამტკიცებენ, რომ ის ფასები, რასაც ექიმები ამბობენ, არარელევანტურიაო, მაგრამ რა არის არარელევანტური? საერთოდ, იციან, როგორ უნდა გაკეთდეს რთული კარდიოქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც, მინიმუმ, 11 ათასის სახარჯი მასალაა საჭირო და სახელმწიფო ნაკლებს იხდის?
პაციენტს ან წამალი არ სჭირდება, ან ექოს გადაღება ან ანესთეზია? დავუშვათ, ექიმმა ხელფასი აღარ აიღო და მოგება არც კლინიკამ ნახა, მაგრამ რა ქნას პაციენტმა?“ _ რიტორიკულად კითხულობენ კარდიოლოგები და დასძენენ, რომ ისინი არც რეგულაციების წინააღმდეგნი არიან და არც _ ფასების გათანაბრების, მაგრამ ვისაც საშუალება აქვს, თანხის დამატების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„როცა ურთულესი სტენტირება კეთდება, იქ რა მასალა უნდა გაიხარჯოს, რა ღირს ეს მასალა და ა. შ., არავის მოუკითხავს არც ჩვენთან, არც _ მწარმოებლებთან. პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ფასები გაბერილია. ჩვენ ვლაპარაკობთ პროდუქციაზე, რომელზეც წლიური მოგება შეიძლება 5-7% იყოს ანუ ფული რომ ბანკში დავდოთ, უფრო დიდ მოგებას მივიღებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ბიზნესი მარტო ბიზნესი არაა, ჩვენც ბევრ დათმობაზე მივდივართ და კლინიკებიც და თუ ვიღაც არაკეთილსინდისიერად აკეთებდა რაღაცას, თავის დროზე სხვა ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ“, _ ასეთია პრაქტიკოსი ექიმების პოზიცია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს იმის ალბათობა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი იძულებული გახდეს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავიდეს, რადგან მას კლინიკები საჭირო მომსახურებას ვეღარ გაუწევენ. აქედან გამომდინარე, ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულდება და შესაძლოა, სიკვდილიანობაც გაიზარდოს, ანუ ადამიანები გულის ოპერაციებს ვეღარ გაიკეთებენ.
„გამოუვალი ვითარება არ არსებობს და გამოსავალი შესაძლოა, აქაც მოიძებნოს, ანუ ადამიანი სამკურნალოდ შეიძლება, თურქეთში წავიდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, გული სათუთი ორგანოა, ამიტომ იმის ალბათობა, რომ პაციენტმა თურქეთში ჩასვლა ვერ მოასწროს, ბუნებრივია, არსებობს“, _ აცხადებენ ექიმები.
„ Modern Medical Solution “-ის გენერალური მენეჯერი კი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ზემოხსენებული რეფორმით საყოველთაო კრიტიკა ნამდვილად დაიმსხურა:
„ეს რეგულაციები გაუაზრებელია და არაკომპეტენტურად ჩატარებული. მიზანი ნამდვილად კარგი ჰქონდათ, თუმცა არ შეიძლება ისე გააკეთო, რომ პაციენტები დაზარალდნენ; როცა ყველა ამას გიმტკიცებს, მინიმუმ, ალბათ, უნდა დაფიქრდე _ შეცდომა ხომ არ გაქვს დაშვებული. ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ კომუნიკაცია ძალიან გართულებული იყო და სამინისტრო ნახევრად სადამსჯელო ორგანიზაციის როლში გამოდიოდა ცალ ხელში შოლტით _ დაჯარიმებაზე ორიენტირებული… კლინიკებს 6-7 თვეა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დავალიანება არ ჩარიცხვიათ. დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს კი ეს არ ხდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ არის მიმართულებები, სადაც კარგი რაღაცები გააკეთეს. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური აბლაციაც (მოწვა ან მოყინვა, _ რედ.) ფინანსდება პროგრამის ფარგლებში, რაც ბევრი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს, თუმცა ფაქტია, არითმოლოგია, სადაც საქართველო ბოლო რამდენიმე წელია წინ მიდის, გაწირეს იმისთვის, რომ თუ პაციენტს არ უდევს $10.000, უნდა მოკვდეს ან წავიდეს თურქეთში, გერმანიაში, სადაც ან ჩაასწრებს ან _ ვერა“.
„საქართველოს გულის რიტმის“ ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი პაპიაშვილი კი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, არსებობს ალბათობა, რომ ზემოხსენებული დადგენილების გამო ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ხარისხიანმა კომპანია Abbott -მა შესაძლოა, საქართველო დატოვოს:
„აი, #520-ე დადგენილების შედეგი. ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ავტორიტეტული კომპანია Abbott -ი გვაფრთხილებს, რომ შეიძლება, ბაზრის დატოვება მოუწიოს. ეს წერილი მივიღეთ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ, რასაც მათი თანხმობით ვასაჯაროებ. წერილს თან ერთვის დეფიბრილატორის შესყიდვის ინვოისი.
ბატონო გიორგი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის წინაშე შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ N520-ე დადგენილების ძალაში შესვლის გამო.
ასევე გვსურს გავაქარწყლოთ ის ეჭვები, რომელიც რამდენიმე კლინიკაში გაჟღერდა: თითქოს ჩვენ, როგორც კომპანია Abbott -ის ( SJM is now Abbott ) ოფიციალური წარმომადგენლობა საოცარ მოგებას ვნახულობთ სიცოცხლის შემანარჩუნებელი დივაისების გაყიდვით და დიდი რესურსი გვაქვს.
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას თამამად წარმოგიდგენთ ოფიციალური შესყიდვის ინვოისს (სადაც არ შედის ინტროდიუსერი, ტრანსპორტირება FedEx , განბაჟება), გასაყიდი ფასი $5200 ამ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს, ხოლო 20%-იან მოგებაზე, რომელსაც სამეწარმეო კოდექსი გვავალდებულებს, ფიქრიც კი ზედმეტია.
დადგენილებით განსაზღვრულ 13500 ლარად არ შეგვწევს ძალა, რომ პაციენტებმა მიიღონ თერაპია (არათუ ხარისხიანი).
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, ისეთი როგორიც Abbott -ია, ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე, მიზერულ ფასად გვაწვდიან მაღალი ხარისხის დივაისებს, რაც პირდაპირ აისახებოდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ქართული ჯანდაცვის განვითარებაზე, რითიც ასე ვამაყობდით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება დარგობრივ ასოციაციებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის საერთო ენის გამონახვა, სხვა შემთხვევაში, არითმოლოგიური მიმართულება დაიხურება, ხოლო ხარისხიან კომპანიებს საქართველოს ბაზრის დატოვება მოგვიწევს“.
ერთი სიტყვით, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფოში სტომატოლოგად მუშაობდა, კოლეგებს, პრინციპში, ლახვარი ჩასცა. საბოლოო ჯამში კი ამ მახვილს შესაძლოა, „ოცნებისთვის“ ყელში დანის გამოსმის ეფექტი ჰქონდეს! ზოგადად, როცა ხელისუფლებას საკუთარი ხალხის ხმა არ ესმის ხოლმე, მოღვაწეობას ცუდად ამთავრებს. მართალია, სამთავრობო ელიტა სიმართლეს თვალს არ უსწორებს და სირაქლემის პოზას ირჩევს, მაგრამ „ოცნება“ სწორედ იმ ფაზას უახლოვდება, როცა ადამიანები საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას მასობრივად იწყებენ ხოლმე!

გიორგი აბაშიძე