გიორგი მღებრიშვილი: „ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობას ცდილობს“

ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ოპოზიციის პროტესტს „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქციები დაუპირისპირა. ხელისუფლების მომხრეებმა დემიშიზაციის მოთხოვნით თბილისსა და ქუთაისში აქციები გამართეს. სავარდო და სამაისო ქუთაისში „ოცნების“ მომხრეებმა „ნაციონალების“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს. პოლიციას არავინ დაუკავებია, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი ლობიოს ტარებაზე აკავებენ.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ კონტრაქცია მოსალოდნელიც იყო. მისი თქმით, „ოცნება“ ცოტა ხანში თავის მომხრეებს რუსთაველის გამზირზეც განალაგებს და შეეცდება, იქ ოპოზიციას აქციების გამართვის უფლება არ მისცეს.

რატომ არის საჭირო ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა? რაზე მიუთითებს ხელისუფლების მიერ მოწყობილი კონტრაქციები? რა როლს ასრულებს ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში? რატომ დუმს ხელისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს გიორგი მღებრიშვილი ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, თქვენ ფართო საზოგადოებამ 18 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ გაგიცნოთ, სადაც ხელი მოგტყდათ და ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებთ პროტესტს. ოპოზიციის აქციებს გასულ კვირას ხელისუფლებამ კონტრაქციები დაუპირისპირა. ცხადია, რომ ხელისუფლება შეგნებულად მიდის სიტუაციის გამწვავებაზე, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს?
_ ხელისუფლება ცხადია, ხვდება, რომ ეს კონტრაქციები შეიძლება, ცუდად დასრულდეს, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. კონტრაქციები ერთგვარი კანონზომიერებაა, _ როცა ესა თუ ის ხელისუფლება მილევადია, ის ამ მეთოდს იყენებს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება.
ამ კანონზომიერებას კიდევ ერთი ნაბიჯი ექნება _ დაანონსდება დიდი კონტრაქცია და ხელისუფლების მომხრეები შეეცდებიან რუსთაველის გამზირის დაკავებას.
ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ მილევადი ხელისუფლების ხელწერაში ჯდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, ესეც გადავიტანოთ.
„ქართულ ოცნებას“ დღეს ორი გამოსავალი აქვს _ ან მიდის მოლაპარაკებებზე, ან _ ვა-ბანკზე. მან ვა-ბანკზე წასვლა ამჯობინა და ასე აპირებს ამ სიტუაციიდან გამოძრომას.
_ იმას, რის გაკეთებასაც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, შევარდნაძემ 2003 წელს გააკეთა, მან ბათუმიდან აბაშიძის ხალხი ჩამოიყვანა რუსთაველის დასაკავებლად, მაგრამ მისი მცდელობა, გადაერჩინა ხელისუფლება, უშედეგო აღმოჩნდა.
_ ასეთი რამ მარტო შევარდნაძეს არ გაუკეთებია. ზემოთ აღვნიშნე, რომ ეს არის გარკვეული კანონზომიერება, რომელსაც მილევის რეჟიმში მყოფი ხელისუფლებები მიმართავენ.
_ ამ მეთოდებს სააკაშვილიც იყენებდა, მაგრამ შევარდნაძის მსგავსად მან ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება.
_ სააკაშვილიც, ასლან აბაშიძეც, იანუკოვიჩიც. ვინც ეს გზა აირჩია, საბოლოო ჯამში, ყველა შეიცვალა. პოლიტიკურ ენაზე ამას ბოლო გაფართხალება ჰქვია.
როდესაც პოლიტიკური მეთოდებით ვეღარ პოულობენ გამოსავალს, იძულებული არიან, ასეთ ძალადობრივ მეთოდებს მიმართონ. ცუდია, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი გზა რომ აირჩია, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო.
_ მოსალოდნელი იყოო, ამბობთ და თქვენი აზრით, ოპოზიცია ამ სცენარისთვის მზად არის? ასევე მინდა გკითხოთ „ოცნების“ ლოზუნგზე, რომელიც ქვეყნის დემიშიზაციას ითხოვს. მერვე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და რით ვერ მოახერხეს ეს დემიშიზაცია?
_ რამდენად მზად არის ოპოზიცია ამ სცენარისთვის, ვერ გეტყვით. მე მათ ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ის მზად არის ამ გამოწვევისთვის.
ორჯერ გადაგვავლეს სიცივეში ყინულიანი წყალი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, პროტესტი მწვავდება და მწვავდება. შესაბამისად, ერთი-ორი ნასროლი კვერცხით ვერავის ვეღარ შეაშინებენ. ამათი კონტრაქციები საზოგადოების განწყობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
რაც შეეხება ლოზუნგ დემიშიზაციას, ეს კარგად დამუშავებული ლოზუნგია. „ქართული ოცნება“ უკვე მერვე წელია, რაც ხელისუფლებაშია და მთელი ამ ხნის მანძილზე გამუდმებით 9 წელზე ლაპარაკობს.
ლოზუნგ დემიშიზაციას, ჯერ კიდევ, დარჩა მარგი ქმედების კოეფიციენტი და მას დღემდე ამიტომაც იყენებენ.
_ რა მარგი ქმედების კოეფიციენტი დარჩა ამ ლოზუნგს?
_ ამ ლოზუნგს იმ ადამიანების მიმართ კი არ იყენებენ, ვის წინააღმდეგაც იბრძვიან, არამედ თავისი მომხრეების გასააქტიურებლად. „ოცნებას“ ახლა ძალიან უჭირს და ამ ლოზუნგით უნდა ხალხის გარეთ გამოყვანა. ამ ლოზუნგის გარეშე ხელისუფლება მომხრეებს უკვე ვეღარ აგროვებს.
_ აღნიშნეთ, რომ ერთი-ორი ნასროლი კვერცხით ვერავის შეაშინებენო. მესმის, რომ ვერ შეგაშინებენ, მაგრამ იმ დროს, როცა ლაშა ჩხარტიშვილს ლობიოს ტარებაზე აკავებენ, კვერცხის მსროლელებს რატომ არ იმჩნევენ? ასეთი ქმედება რა მორალში ჯდება, ეს რა ვითარებაა?
_ ესეც გარკვეული კანონზომიერებაა. ადამიანებს მარტო ლობიოს ჰაერში აყრის გამო არ იჭერენ. ჩემ თვალწინ დააკავეს გიორგი რუხაია, რომლის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ იღიმებოდა; ადამიანები ასევე დააკავეს იმის გამო, რომ მათ პოლიციას მადლობა გადაუხადეს.
სამაგიეროდ, მეორე მხარეს არავის აკავებენ, არადა, ისინი აშკარა ძალადობაზე მიდიან. იმის ნაცვლად, რომ დასაჯონ, პირიქით _ მათ ძალადობას ახალისებენ.
პოლიცია ამით შეწუხებულია, მაგრამ მოძალადეებს ვერ აკავებს, რადგან უბრძანეს, მათ ხელი არ ახლონ.
ჩვენ არც ველოდებით, რომ იმათ ძალადობაზე ხელისუფლება რამე რეაგირებას მოახდენს.
ერთი რამე ყველამ დაიმახსოვროს: როდესაც ქვეყანა გასწორდება, ამ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს აუცილებლად მოყვება რეაგირება.
_ სოციალურ ქსელში თქვენ საკმაოდ კრიტიკული პოსტებით გამოირჩევით. აქტიურად მონაწილეობდით გასულ წელს კახეთში გამართულ აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს გაიმართა. ფართო საზოგადოებამ მაინც 18 ნოემბრის აქციიდან გაგიცნოთ, სადაც წყლის ჭავლით ხელი მოგტეხეს, მაგრამ მაინც იქ დგახართ. როგორ ჩაერთეთ ამ პროცესებში?
_ ამ პროცესებში დიდი ხანია, რაც ჩართული ვარ. იმიტომ ჩავერთე, რომ სამოქალაქო შეგნება მაქვს. მიმაჩნია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
კარგა ხანია ვაქტიურობ, ვაპროტესტებ, მაგრამ ხალხმა ახლა გამიცნო, აქციაზე ხელი მომტყდა და მაგიტომ. ხელის მოტეხა რეზონანსული საქმე იყო, ამან წამოსწია ჩემი პერსონა წინ, თორემ მე ყოველთვის ვაპროტესტებდი ამ ხელისუფლების ქმედებებს.
_ თქვენ უკრაინაშიც მონაწილეობდით ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, თუ რაღაც მეშლება?
_ არ გეშლებათ. უკრაინაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი.
_ მოკლედ, სადაც მიდიხართ, ქაოსი მიგაქვთ.
_ არა, ქაოსი არ მიმაქვს, უფრო მშვიდობის მომტანი ვარ. საბოლოო ჯამში, უკრაინამ გადალახა ის კრიზისი, რაც მას ჰქონდა, აქაც ასე იქნება.
სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა აზრის დასაფიქსირებლად, მაგრამ ახლა ეს აზრი გარეთ უნდა გამოვიტანოთ. მე აქციაზე ხელი მომტეხეს, მაგრამ მერე რა მოხდა? _ მოტეხილი ხელითაც ვაგრძელებ პროტესტის გამოხატვას.
_ ხალხმა სწორედ ამით დაგიმახსოვრათ, რომ მოტეხილი ხელით დაბრუნდით აქციაზე და გააგრძელეთ პროტესტი და მეორედაც მოყევით დარბევაში.
_ მეორედაც მოვყევი დარბევაში, მაგრამ წინა დარბევიდან გამოცდილება მქონდა მიღებული და მშვიდობიანად გამოვედი. წყლის ჭავლის აცილებაც მოვახერხე.
ახლა ჩვენ ორი გზა გვაქვს: ან შევეგუოთ პრობლემებს და ჩავიძიროთ ქვეყანაში დღეს არსებულ ჭობში, ან შევებრძოლოთ ამ ჭაობს და მისი დაშრობით გადავჭრათ არსებული პრობლემები.
ამ ჭაობს თუ არ შევებრძოლეთ, სახელმწიფო განადგურდება, გავნადგურდებით ჩვენც. ამ ჭაობში ორი ხელითაც ჩაიძირება ადამიანი და _ მოტეხილითაც, ამიტომაც საჭიროა ბრძოლა.
_ ქვეყანა რომ ჭაობში იძირება, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დაგეთანხმებათ, მაგრამ ეს ადამიანები გარეთ მაინც არ გამოდიან. თქვენი აზრით, რატომ რჩებიან ისინი სახლში? ამ ხელისუფლებას უყვარს თავების დათვლა და ქუჩაში ბევრი ხალხი რომ დაენახა, „ოცნება“ აუცილებლად წავიდოდა დათმობაზე.
_ ხელისუფლება ნამდვილად ითვლის თავებს და ამის მიხედვით მოქმედებს. როგორც კი ხალხის ოდენობა მცირდება, „ქართული ოცნების“ ძალადობა იზრდება. როდესაც ხალხი ბევრია, ხელისუფლება ძალას არ იყენებს.
ახლა ქუჩაში კრიტიკული მასა რომ გამოსულიყო, ხელისუფლება დათმობაზე წავიდოდა და სულ სხვა სურათი გვექნებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი აქციის ორგანიზებას ვერ ვახერხებთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ, შედეგის მიღწევა მცირე საპროტესტო მუხტებითაც შეიძლება. დიდი საქმეების კეთება მცირე რესურსებითაც შესაძლებელია. ასე რომ, ხალხის სიმცირის გამო ხელს ნურავინ ჩაიქნევს.
_ დიდი საქმეების კეთება მცირე ძალებითაც შეიძლებაო, მაგრამ მცირე რესურსით ეს დროში გაიწელება. როდემდე გაქაჩავს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება?
_ გაქაჩვას რაც შეეხება, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად გადავანაწილებთ ჩვენს რესურსს. ცხადია, ხელისუფლებას უფრო დიდი რესურსი აქვს. ამას ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობებიც ემატება.
ზოგჯერ მწირი რესურსითაც შეიძლება მოგება, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ამ მცირე რესურსებით უნდა მივაღწიოთ მიზანს. ეს ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჯერჯერობით ვახერხებთ ივანიშვილის ხელისუფლებასთან გამკლავებას.
_ გამკლავება რაში გამოიხატება?
_ ბევრ რამეში. დავიწყოთ იმით, რომ ისეთი პოლიტიკური ძალები დადგნენ ერთმანეთის გვერდით, რომ მათი გაერთიანება ფიქრშიც კი წარმოუდგენელი იყო.
ამ პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები სხვადასხვა ადგილზე მართავენ აქციას. სულ რამდენიმეკაციანი აქციებია. ამ 4-5-კაციანი აქციის გასანეიტრალებლად ხელისუფლება 400-500 პოლიციელს აგზავნის. ეს უკვე შედეგია.
ასე ყველაფერს ვერ გასწვდებიან, ხელისუფლების რესურსიც მილევადია. ხელისუფლება აღიარებს, რომ ის დაიღალა. მცირე რესურსების გამოყენება რაღაც შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
_ წინ ახალი წელია და ქართველები ამ დროს აპოლიტიკურები არიან. ფაქტობრივად, 19 იანვრამდე მიდის ქეიფი და დროსტარება. როგორ აპირებთ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას?
_ მოგვიწევს ამ ფაქტორის გათვალისწინებაც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იდეა ხალხს საპროტესტო განწყობას არ ჩაუქრობს.
უკრაინაში მაიდნის აქციები 30-გრადუსიან ყინვაში იმართებოდა. ასე რომ, არა მგონია, ახალმა წელმა და ქეიფის სურვილმა ჩვენი აქციები დაშალოს.
სხვა სიტუაციაში ვართ და ცოტა უნდა გავიჭირვოთ, ახალ წელს სხვა დროსაც შეგვიძლია შევხვდეთ. ახლა მთავარია, ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან.
ხელისუფლებასაც ერთი სული აქვს, რომ გვერდითმა მოვლენება ჩვენი პროტესტი შეაჩეროს, ჩვენ მათი ოცნება არ უნდა ავასრულოთ. ვფიქრობთ, რომ სირთულეების დაძლევას მოვახერხებთ.
_ კონტრაქციების საფრთხეს როგორ დაძლევთ? მე პირადად ძალიან მეშინია, ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
_ სამოქალაქო დაპირისპირების ყველას გვეშინია. ხელისუფლების მიერ მოწყობილი კონტრაქციები სწორედ რომ სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევაზე არის გათვლილი.
_ რაში აწყობს ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირება?
_ თუ სამოქალაქო დაპირისპირება განვითარდა, ამ ფაქტებს გამოამზეურებს და მისი აღკვეთის საბაბით რეპრესიულ მანქანას აამოქმედებს. რეპრესიები ისედაც დაწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“.
ის ხალხი, ვინც იძულებით გამოჰყავთ კონტრაქციაზე, უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. იმედი მაქვს, ისინი მეტი გულისხმიერებით მოეკიდებიან როგორც საკუთარ თავს, ასევე _ ქვეყანას.
ხელისუფლებამ ბევრჯერ სცადა ჩვენი წამოკიდება. აქამდე ეს ვერ შეძლო. ჩვენ მშვიდობიანად გამოვხატავთ პროტესტს და არც მომავალში ვაპირებთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას.
ჩვენი პროტესტი მომავალშიც რადიკალური იქნება, მაგრამ, ამავე დროს, _ უკიდურესად მშვიდობიანი.
_ მიუხედავად იმისა, რომ აქცია მშვიდობიანია, სამართალდამცველები აქტივისტებს აკავებენ. ზემოთ გვითხარით, რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ იღიმებოდაო.
_ როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებს, იქ აქციაზე მყოფები შეიძლება ნებისმიერი საბაბით დააკავონ.
აღმაშფოთებელია, როცა ჩვენს აქტივისტებს აკავებენ, მაგრამ ვერც ეს გვიბიძგებს უკანონობისკენ. ჩვენ არ ვიმოქმედებთ დაპირისპირების ზღვარზე. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში რჩება.
ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ხელისუფლების მართულ ძალებს პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ მივცეთ, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე მაინც რჩება დღის წესრიგში. ხელისუფლებას აშკარად უნდა არეულობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
_ ხელისუფლებას რომ დესტაბილიზაცია სურს, ეს ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან ჩანს. ეს უკანასკნელი პირდაპირ იმუქრება, რომ თურმე ძლივს აკავებს 100 დეპუტატს, თორემ ისინი გამოვიდოდნენ და აქციაზე მდგარ 198 კაცს კბილებს ჩაუმტვრევდნენ. ჯერ სად დათვალა ამ ნასპიკერალმა 198 კაცი და მერე თავად მისი განცხადება რას ჰგავს?
_ ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, როცა საკანონმდებლო ორგანოს წევრი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს. კიდევ უფრო ცუდია, რომ ასეთ ადამიანს ეკავა პარლამენტის სპიკერის თანამდებობა. სამწუხაროდ, კობახიძე დღესაც წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას და მისი ერთ-ერთი ლიდერია.
ვფიქრობ, ეს ადამიანი გასულია საღი აზრის არეალიდან და მის ამ მდგომარეობას ძალიან კარგად იყენებს „ქართული ოცნება“. მას ალაპარაკებენ იმას, რის თქმასაც „ოცნების“ წევრებიც კი არ იკადრებენ.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ არაადეკვატური ადამიანის განცხადებებს, ჩვენზე უკუქმედება მოაქვს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აჟღერებს იმ მესიჯებს, რომელსაც მერე ოლიგარქატი ახორციელებს.
_ კობახიძე ერთგვარ ჟირინოვსკად ჩამოყალიბდა. კრემლი იმ გადარეულს ალაპარაკებს ხოლმე წინასწარ იმაზე, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს.
_ ჩათვალეთ, რომ ირაკლი კობახიძე ქართველი ჟირინოვსკია. აპრობირებული მეთოდია, რომ არასერიოზულ ადამიანებს ათქმევინებენ იმას, რის გაკეთებასაც შემდეგ ხელისუფლება აპირებს.
ამ არასერიოზული კაცის მუქარა ხელისუფლებამ ძალიან მალე აასრულა და ქუთაისში „ნაციონალების“ ოფისში ზონდერები მივარდნენ.
მართალია, კობახიძე არაადეკვატურია, მაგრამ მის ბოლო განცხადებებს სერიოზულად და შეშფოთებით ვეკიდები. ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის მზად არის, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს.
_ თქვენ გაიხსენეთ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერი იყო. მას ეს თანამდებობა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაატოვებინეს. თავიდან აქციის მონაწილეები ითხოვდით, რომ მას პარლამენტიც დაეტოვებინა, მაგრამ მხოლოდ მისი გადადგომით დაკმაყოფილდით. ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ამ ადამიანს პარლამენტში დარჩენის უფლება მიეცით?
_ 20 ივნისის აქციები, ზოგადად, ხელიდან გაშვებული შანსი იყო. მე ცოტა სხვა პოზიცია მქონდა. დღეს ჩვენი მეგობრები ხვდებიან ამ შეცდომებს. ისინი ერიდებოდნენ რადიკალიზმს, არ უნდოდათ არეულობა და იმედი ჰქონდათ, რომ შეიძლებოდა, ეს პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩამდგარიყო.
მე ხელისუფლებისგან სხვა მოლოდინი მქონდა და ამიტომაც სხვა რამეებს ვითხოვდი. უმრავლესობამ მაშინ ასე გადაწყვიტა და აქამდე მოვედით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მაინც მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა.
რაც შეეხება იმას, უნდა დაგვეტოვებინა თუ არა კობახიძისთვის მანდატი, ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა.
_ რატომ არ შეიცვლებოდა?
_ იმიტომ, რომ არ იქნებოდა კობახიძე, სხვა არასერიოზულ პერსონას მონახავდნენ და მას გააჟღერებინებდნენ თავიანთ პოზიციას.
კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ნათქვამს. სხვა თუ არაფერი, წლების მანძილზე ქვეყნის მეორე პირი იყო და მარტო ამიტომ მოეთხოვება მეტი სერიოზულობა.
_ რუსთაველზე მიმდინარე აქციებმა უკანა პლანზე გადაწია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი, რომელიც ცხინვალში რუსი ოპკუპანტების საყმოს ტყვედ ჰყავს აყვანილი. ხელისუფლება, რომელიც გამუდმებით ოპოზიციას ლანძღავს, ვაჟა ექიმის საქმეზე რატომ არ იღებს ხმას.
_ ხელისუფლება ვაჟა ექიმზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც ამ შემთხვევაში ოკუპაციის თემაზე მოუწევს ლაპარაკი. ეს თემა მათთვის ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია იმიტომ, რომ ისინი რუსებთან კოლაბორაციაში არიან. შესაბამისად, მოსკოვის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლიათ.
ერთმა კაცმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა, ხელისუფლებაც და სახელმწიფოც ფაქტის წინაშე დააყენა _ ოკუპაცია ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ქართველებზე და რაღაც უნდა ვიღონოთ.
ვაჟა ექიმი ინარჩუნებს ღირსებას და საქართველოს სუვერენულ საზღვრებსაც. ხელისუფლება არის ჩიხში. ამ ადამიანს მსოფლიო თანამეგობრობა უჭერს მხარს და ხელისუფლებაც ვალდებულია, ის დაიცვას, მაგრამ, ამავე დროს, ვერ მიდის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ვაჟა ექიმი, სინამდვილეში, ოკუპანტებმა დააკავეს. ამ ჩიხიდან გამოსავალი დუმილი ჰქგონიათ და ამიტომაც არ იღებენ ხმას.
რუსეთი რისი რუსეთია, რომ ეს ფაქტი სათავოსდ არ გამოეყენებინა. მათ ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაგვიყენეს, რომ თუ თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის ნებას მივცემთ, ვაჟა ექიმს გაათავისუფელებენ.
_ შეასრულებს ხელისუფლება რუსეთის ამ მოთხოვნას?
_ როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი ვერ გაიხსნება. ამას გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომაზე უარესი პროტესტი მოყვება და ხელისუფლება „გავრილოვის ღამეზე“ უფრო მწვავე პროტესტს მიიღებს.

შორენა მარსაგიშვილი