კობახიძის „ოქროს სარაია“ _ „ქართული ოცნება“ „დრაივის“ გარეშე…

ჩვენ მხოლოდ არჩევნების წინ ვქილიკობთ, რომ ყველაზე მეტს პოლიტიკოსები და მონადირეები (მეთევზეები) იტყუებიანო. არასოდეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვსიამოვნებს ლამაზი ტყუილის მოსმენა. გვსიამოვნებს, როდესაც „ოქროს სარაიას“ გვპირდებიან და იმედს ვიტოვებთ, ხვალ თუ არა ზეგ ჩვენი რიგიც მოვა. მერე, ერთ დღეს, რომ გვეტყვიან, _ არავითარი „ოქროს სარაია“ არ იქნება, _ ვგიჟდებით და მზად ვართ, ჩვენი მომტყუებელი სასტიკად დავსაჯოთ. დავსაჯოთ იმ იმედით, რომ ხვალ სხვას შევიპირებთ, სხვას მოვატყუებინებთ თავს, უკეთესს ტყუილს მოვისმენთ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ფორმულით მოქმედებენ _ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებას ან ამ წარმატებისთვის იბრძოლონ, მეტიც: ხელიდან გამოგლიჯონ ვისაც ჯერ არს ის, რაც მათ ეკუთვნით და არ დაელოდონ სხვის მიერ „ოქროს სარაიის“ აშენებას… თუმცა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი „ოქროს სარაიის“ აშენებას ახერხებენ…


ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის სათავეში _ მართავდა და ყიჟინას სცემდა, ვერ მართავდა და წვალობდა (ხელისუფალს ყოველთვის არ გამოსდის ის, რა მიზანიც დაისახა), ერთი რამ, რაც ნათელი იყო, ავად თუ კარგად, სახელმწიფო შენდებოდა. შენდებოდა დიდი ტრავმების, შეცდომების, ხშირად ზღვარგადასული ძალაუფლებისა თუ ძალადობის ხარჯზე… მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იყო იმედი იმისა, რომ ერთ დღესაც, როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა, აილაგმებოდა ეს ძალადობა და დარჩებოდა უმთავრესი _ რასაც დღეს ბევრი „დრაივს“ უწოდებს. ანუ დარჩებოდა „აღმშენებლობა“.
არავითარი აზრი არ აქვს მეათასედ იმის გამეორებას, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნება“, კონკრეტულად კი მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, მზად არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. იგი არ გეგმავდა გამარჯვებას ან არ სჯეროდა და ამის მრავალი ინდიკატორი თუ მისი გამონათქვამი არსებობს.
„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა… 2013 წლის ზაფხულისთვის კი „ქვეყანა გაჩერდა“. რეალურად ბლეფი აღმოჩნდა „ოცნების“ გუნდის ექსპერტების გაანგარიშებები ელექტროენერგიის, წყლისა თუ გაზის ტარიფების გაიაფების შესახებ. მეტიც: „ოცნებამ“ ბენზინში ვერ აღმოაჩინა „სააკაშვილის 1 ლარი“. სრულიად სისულელე აღმოჩნდა დაპირებები: ხუთი მილიონი ერთ სოფელს; იაფი კრედიტი და ა. შ. ესეც არ იყო მთავარი _ „ოცნების“ უმთავრესი დაპირება _ „სამართლიანობის აღდგენა“ _ სამართლიანობის მაძიებელთა უმეტესობისთვის დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება. გუნდი, რომელსაც მართვის გამოცდილება არ ჰქონდა, ივანიშვილის გადადგომის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა. იმის შიშით, რომ არაფერი გაეფუჭებინათ გადაწყვიტეს, ყველა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილთან შეეთანხმებინათ. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება გაჩერებულ ქვეყანაში. საჯარო მოხელეებსა და არა მხოლოდ მათ _ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს _ გაუჩნდათ განცდა, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. დაავიწყდათ, რომ შეცდომას ის უშვებს, ვინც რაღაცას აკეთებს. ამიტომ მიიღეს შინაგანი ცენზურის გადაწყვეტილება _ სჯობს, არაფერი გავაკეთოთ, რადგან ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც შესაძლოა, ცალკეული შეცდომა მოყვეს, დასჯადი გახდება. ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა უმძიმეს სტაგნაციაში აღმოჩნდა, მაინც აუცილებელი იყო საქმე _ ანუ ხელისუფლების უმთავარესი ვიზავი რამით ჩანაცვლებულიყო და ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვეს _ „სისხლიანი 9 წელი“.
არა, არანაირად ვამტკიცებ, რომ „ოცნებას“ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ან არ აკეთებს, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არც მშენებლობის ტემპები შემცირებულა, დაგებული გზებისა და მაგისტრალების რაოდენობა _ მანძილი გაიზარდა, შენდება მრავალპროფილური შენობები;. თუნდაც ახლა, რასაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ან პირიქით მიმავალი ჩვენი თანამოქალაქე რიკოთზე აკვირდება, მასშტაბური და შთამბეჭდავია. სხვა მხრივ, რასაც საერთო-სახალხო სიკეთე და მოლოდინები ჰქვია, „ოცნებამ“ ვერაფერი გააკეთა _ „დრაივი“ ვერ შექმნა. ყველაზე ხელმოსაჭიდი _ „ჯანდაცვის რეფორმა“, საყოველთაო დაზღვევა _ ცალკეული არაკეთილსინდისიერი პერსონის ან ჯგუფის მიერ კი არა, ცუდი ადმინისტრირების გამო უამრავ ნაკლოვანებას შეიცავს (მერწმუნეთ, ეს საკმაოდ მსუბუქი ნათქვამია). ამის პარალელურად, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევებია _ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, სტრატეგიული პარტნიორის _ აშშ-ს უპირობო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. მაგრამ ამ ყველაფრის, ანუ საერთაშორისო მიღწევების ეფექტიანი გამოყენებისა და საერთო-სახალხო სიკეთედ აღსაქმელად ხელისუფლებამ არაფერი იღონა.
რეფორმას, ნებისმიერს, ორი მხარე აქვს: 1. მისით უკმაყოფილონი რჩებიან არსებულ მექანიზმს მიჩვეულები და მისგან სიკეთენაწვნევები, ასევე ისინი, რომლებიც რეფორმის შედეგად კონკრეტულ ვადასა და მოცემულობაში განიცდიან ზიანს, ძირითადად, ფინასურს; 2. მისით კმაყოფილნი არიან ისინი, რომლებიც დაუგეგმავ სიკეთეებსა და შანსს იღებენ რეფორმიდან და ისინიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ რეფორმის სიკეთეებს თავადაც იწვნევენ.
რომელია უფრო მეტი სიკეთე? რა თქმა უნდა, მეორე, რადგან დროთა განმავლობაში რეფორმით პირველ კატეგორიაში გაერთიანებული ჯგუფიც იწყებს სარგებლობას, ზოგჯერ მეორე კატეგორიის წარმომადგენლებზე უფრო ადრე და შესაბამის სამართლებრივ სივრცეში ადაპტირებას.
რა არის კონკრეტულ სფეროში არსებული ვითარების მუდმივად ერთი მოდელით ოპერირების უარყოფითი მხარე? მინიმუმ ის, რომ ამ სფეროში მოდერნიზების, ცვლილებების, რეფორმის გარეშე, თითქმის, ერთი და იგივე პერსონები ოპერირებენ და ის ხელმიუწვდომელი რჩება როგორც საერთო-სახალხო სარგებელი, უფრო სწორად, შანსი ან ოცნება, რომლის აღსრულება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი პერსონისთვის _ მოქალაქისთვის არის შესაძლებელი. ანუ მარტივად რომ ვთქვა, იმის შანსი, რომ მე თუ „დღეს“ საოჯახო ჰოსტელი გავხსენი, „ხვალ“ შანსი მაქვს, სასტუმროების ქსელის მფლობელი გავხდე და ამაში სახელმწიფო პიროვნულად მე კი არ შემიწყობს ხელს, არამედ ისეთ გარემოს შემიქმნის, რომ ეს ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო. ან, სულაც, დღეს მე თუ ათი ძროხა ვიყიდე ნებისმიერი დამატებითი კრედიტის შემთხვევაში, ისე კი არ დამაკაბალებს, რომ ხვალ ათივე დავკარგო, არამედ იმ პირობებს შემიქმნის, რომ ხვალ, მინიმუმ, მეორე ათი მეყოლება; ან ისეთ დღეში არ ჩამაგდებს, რომ დღეს ჩემი შემოსავლის კვალობაზე, კრედიტს რომ ავიღებ, ხვალ არაგონივრული ეკონომიკური პოლიტიკის, ინფლაციის, ვალუტის დევალვაციისა და სხვა თანმდევი პროცესების გამო, ჩემივე შემოსავლიდან იმდენი დამრჩეს, სოციალური დახმარების მქონე თანამოქალაქეების ხვედრის მშურდეს.
ყველაზე მთავარი, _ რეფორმის არსი არის მოლოდინი. დიახ, ხვალინდელი წარმატებული დღის მოლოდინი. ხვალინდენი გამარჯვების მოლოდინი და ზეგინდელი გარანტირებული ღირსეული სიბერის იმედი. ანუ რეფორმა, რეალურად, სიკეთით სარგებლობის შანსი და იმედია.
ახლა ხვდებით, რა ვერ მისცა „ოცნებამ“ ამომჩეველს, საქართველოს მოსახლეობას? დიახ, დიახ, „ოცნებამ“ ხალხს ახალი იმედები და ახალი შანსი ვერ მისცა. აქ ნამდვილად დავეთანხმები პუბლიცისტ თენგიზ აბლოთიას და მეც გავიმეორებ ჩემივე სიტყვებით: ირგვლივ ყველაფერი ძველია _ „იმ 9 წლის მემკვიდრეობაა“ ყველაფერი! დიახ! ყველაფერი ხელმოსაჭიდი. ახალი არაფერია? ახალი იმდენად არის გაუმიჯნავი იმ ძველი სიკეთეებისგან, რომ მისი აღქმა ახალ შანსად და ახალ იმედად ვერ ხერხდება. უბრალოდ, რომ გაიფიქრებ, მაშინვე ვერ იხსენებ.


„ოცნებაში“ თუ ოცნებელებს უკვირთ _ ამდენი (რამდენი, ვერ ვიტყვი და რას გულისხმობენ, _ ვერც იმას) გავუკეთეთ ხალხს და მაინც უკმაყოფილოები და უმადურები არიანო. აი, აქ კი ზუსტად მინდა, რომ ამ გაკვირვებულებმა, იქნებ, დასვან ტოლობის ნიშანი კონკრეტული სიკეთეებისგან მათ და, ვთქვათ, რიგითი მოქალაქეების მიერ მიღებულ სარგებელს შორის. მაგალითისთვის ავიღოთ ამ ტექსტის სტილისტ-კორექტორი თავისი ფილიგრანული განათლებით, დიდებული ქართულით, ზოგადი ცოდნით, ერუდიციით, გამოცდილებით და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რეფერენტი. პასუხისმგებლობაზე არ დამიწყოთ საუბარი. პირველის შრომა უფრო რუტინულია და მის მიერ დაშვებული შეცდომა უფრო რეზონანსული, ვიდრე რეფერენტის მიერ (ისე, საერთოდ, რა ეტყობათ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს რეფერენტების ყოლის) დაშვებული რაიმე სახის შეცდომა ათასჯერ „გადაკატავებულ“ ტექსტში, რომელსაც ბოლომდე ბატონი არჩილი არც ჩაიკითხავს. იცით, ვერანაირად ვერ დასვამთ ტოლობის ნიშანს. ის რეფერენტი აჯობებს, იმის მიუხედავად, რამდენად ჩამორჩება თავის განათლებაში, გამოცდილებასა თუ სხვა უნარებში ჩვენს სტილისტ-კორექტორს.
რთული მაგალითია? არა! მაგრამ თუ ვერ ჩასწვდით, მაშინ სხვა მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, ამ ტექსტის ავტორის შრომის ანაზღაურება დიდად ჩამოუვარდება, ვთქვათ, რომელიმე სამთავრობო უწყების PR სამსახურის რიგითი სპეციალისტის (კვალიფიკაციას შეგნებულად არ შევეხები) შრომის ანაზღაურებას. და აქ უბედურება იცით, რა არის? თითქმის არც ერთ PR სამსახურში არათუ სპეციალისტები, ხელმძღვანელებიც კი გაზეთებს არ კითხულობენ და, რატომღაც, ყველა _ უკლებლივ ყველა, ძალიან ჭკვიანია. რისთვის მჭირდება ეს სარკაზმი? იმისთვის, რომ ამ ჭკუის კოლოფებმა, „ოცნების“ PR-ის განმკარგველმა პერსონებმა, მერვე წელია, ერთი სწორი PR კამპანია ვერ წარმართეს წარმატებული საქმეების წარმოსაჩენად და ცალკეული წარუმატებლობის შემთხვევაში თუ როგორ უხეიროდ ძვრებოდნენ სიტუაციიდან, ესეც კარგად მოგეხსენებათ. ახლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა, „ოცნების“ ლიდერებმა მიღებული სიკეთეების პრიზმაში ტოლობის ნიშანი დასვან ჩემს, ჩემს კოლეგა ჟურნალისტებსა და სამთავრობო PR-ის თანამშრომლებს, სპეციალისტებს შორის. აშკარად დაგვჯაბნიან! არადა, ლუკმას ჩვენით ჭამენ, რეალურად. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ისინი საჯარო მოხელეები არიან და ჩვენ _ ჟურნალისტები, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ სისტემა ოდესმე შეიცვლება.
უკეთეს მაგალითსაც გეტყვით, ანუ დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომლის ფენომენსაც ათეული წელია, ვერ ვხსნი. ვაღიარებ, ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების სენი არ გახლავთ. ე. ი. იცით, რა მაინტერესებს _ როგორ აღმოაჩნდებათ ხოლმე განსაკუთრებული უნარები თანამდებობებზე დაწინაურებული პირების ოჯახის წევრებს? არა, არა! _ აქ მხოლოდ ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი არაფერ შუაშია, მერწმუნეთ, ეს გავლენის კორუფციაა. და როცა სიკეთეებზე ვსაუბრობ, უფრო სწორად, სიკეთეების ხელმისაწვდომობაზე, ეს ფაქტორიც უმთავრესი გახლავთ, რადგან, რეალურად, უამრავი ნიჭიერი და გონიერი ადამიანი იჩაგრება ამ კორუფციის შედეგად და როგორ გინდათ დასვათ ტოლობის ნიშანი თქვენი („ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების) ოჯახის წევრების მიერ მიღებულ სიკეთეებსა და რიგითი მოქალაქის მიერ მიღებულ სიკეთეს შორის?!


და მაინც, რისი თქმა მინდა? _ ძალიან მარტივი რამის: ყველა პოლიტიკოსს არ შეუძლია მართოს სახელმწიფო, რაოდენ კეთილი ზრახვებიც არ უნდა ჰქონდეს მას. სახელმწიფოს მართვაში კი უმთავრესია მუდამ ახალი, სასიკეთო მოლოდინების გაჩენა. სასიკეთო მოლოდინები-რეფორმები, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯაბნის თუნდაც კანონის განუხრელად და ზედმიწევნით შესრულება-აღსრულების განგრძრობად პროცესს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ისედაც ეკუთვნით. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სასიკეთო მოლოდინების იმედგაცრუება და უსამართლობა თითქმის იდენტური ემოციაა ადამიანებში და ისინი დროსა და სივრცეში ერთნაირად რეაგირებენ მათზე. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იციან, რომ მათ არ უნდათ ცხოვრება არც შევარდნაძის ჩამყაყებულ რეჟიმში, არც სააკაშვილის „დრაივების“ პარალელურად არსებულ უსამართლობასა და ძალადობაში, არც ივანიშვილის მიერ კობახიძისთვის აშენებულ „ოქროს სარაიაში“ _ გაჩერებულ ქვეყანაში. და იცით, ასეთ დროს რას აკეთებს ამ ქვეყნის მოსახლეობა, ამ სახელმწიფოს მოქალაქე? მარტივ რამეს _ ამარცხებს ხელისუფლებებს. აქვს კი შანსი ივანიშვილის ხელისუფლებას, კობახიძის „ოქროს სარაიის“ აივნიდან კი არ უმზიროს ქვეყანას, არამედ რამე ახალი შესთავაზოს, დაქოქოს იგი? როგორც იტყვიან, შანსი მუდამ არის. აი, მისი გამოყენება კი ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყნის დასაქოქ გასაღებს „კობახიძის ოქროს სარაიაში“ ჩააშენებ…

კოკა წერეთელი