თეონა ჭალიძე: „ყოფილი დეპუტატების ნაწილს კომპენსაცია უნდა შეუწყდეს“

მაშინ, როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილით კვდებიან, საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვს, _ მათ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართეს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გასულ კვირას დაიწყო.

ყოფილი დეპუტატები იმ ნორმებს აპროტესტებენ, რომლებიც განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან შესაბამისობაში მოიყვანოს უკვე დანიშნული კომპენსაციები.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით, თუმცა 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია 190 ლარით შუმცირდათ და ახლა პენსიის სახით 560 ლარს იღებენ.
ყოფილ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზეც დაყრდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას.

არის თუ არა პარლამენტის ყოფილი წევრების მოთხოვნა სამართლიანი? რატომ უნდა იყოს დეპუტატის ანაზღაურება ისეთი მაღალი იმ ქვეყანაში, სადაც მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველია? რატომ უნდა ჰქონდეს დეპუტატს ომის ვეტერანზე მაღალი პენსია? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე ესაუბრება:

_ პარლამენტის ყოფილი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მათ 560-ლარიანი პენსია უნდა გაუზარდოს. რამდენად მორალურია ამ მოთხოვნის დაყენება იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან?
_ ჩემთვისაც გაუგებარია, თუ რა ლოგიკით ითხოვენ პარლამენტის ყოფილი წევრები პენსიის გაზრდას, რომელიც 560 ლარს შეადგენს. სხვა თუ არაფერი, მათი პენსია რიგითი მოკვდავების პენსიაზე სამჯერ მეტია, მაგრამ მათ ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, რომ კომპენსაცია 720 ლარამდე გაიზარდოს.
მაშინ, როცა ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალური შემწეობით არსებობს, 150.000 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება, ომის ვეტერანების დახმარება 22 ლარია, ყოფილი დეპუტატების მოთხოვნა უადგილო და ალოგიკურია.
ჩემი აზრით, მათი პენსია არ უნდა გაიზარდოს. მეტიც: ყოფილი დეპუტატების ნაწილი ამ პენსიას საერთოდ არ უნდა იღებდეს.
ყოფილი დეპუტატების ნაწილს შეიძლება მართლაც ესაჭიროება სახელმწიფოსგან მზრუნველობა, რადგანაც ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთებზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.
_ ასეთი დეპუტატებიც არსებობენ?
_ ალბათ, არსებობენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთი-ორი კეთილსინდისიერი დეპუტატი ჩვენც გვყავდა. ბიზნესის აწყობასა და ბიუჯეტის ხარჯზე ხელის მოთბობას ყველა ვერ ახერხებს.
ასეთ ადამიანებს სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს, მაგრამ განურჩევლად ყველა ყოფილ დეპუტატს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს.
_ რამდენი ყოფილი დეპუტატი გვყავს, ეს მაინც თუ აქვთ დაზუსტებული?
_ 735 ყოფილი დეპუტატია და მათ ყოველთვიურად ვაძლევთ 560 ლარს. ზოგს ესეც არ აკმაყოფილებს და 720 ლარს ითხოვს. არამიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ყველა მათგანი იღებდეს ამ პენსია-კომპენსაციას.
მოქმედ პარლამენტს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რამდენიმე ათეული მილიონერი დეპუტატი გვყავს. მათი ოჯახები საკმაოდ სერიოზულ ბიზნესებს ფლობენ. ამ ადამიანებს ნამდვილად არ ეკუთვნით სახელმწიფოსგან დახმარება.
ასეთი მილიონერი დეპუტატები იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტებშიც. ისინი სახელმწიფოსგან კომპენსაციას არ უნდა იღებდნენ. ამ მიმართულებით სახელმწიფომ აუცილებლად რაღაც უნდა შეიმუშავოს და სათანადო ფორმა გამოძებნოს.
_ ისიც საინტერესოა, რატომ უნდა იღებდნენ ისინი 560 ლარს და ჩვეულებრივი პენსიონერები მათზე სამჯერ ნაკლებს? ან ომის ვეტერანებს რატომ უნდა ჰქონდეს 22-ლარიანი დახმარება?
_ ეს ჩემთვისაც გაუგებარია. არც ერთი კანონმდებლისთვის არ დაუძალებია ქვეყანას და ხალხს, რომ გინდა თუ არა, პარლამენტში შედი და დეპუტატი გახდიო. ისიც გავითვალისწინოთ, რომ სანამ ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ, ბევრი სიკეთით სარგებლობდნენ.
მათ პარლამენტში ყოფნისას არც განსაკუთრებულად მძიმე შრომა გაუწევიათ და არც ფიზიკურად მძიმე სამუშაოები შეუსრულებიათ. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ომის ვეტერანს 22 ლარი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოს დასაცავად და დეპუტატს _ 560 ლარი?
_ სოციალურად დაუცველებისთვის თუ 50 და 70 ლარია საკმარისი, ყოფილმა დეპუტატებმაც იკმარონ ამდენივე თვეში, თუ მათ განსაკუთრებული მადა აქვთ და სოციალურად დაუცველები ვერ შეჭამენ კარგ საჭმელს?
_ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თანასწორია და საარსებო მინიმუმი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.
ჩვენს ქვეყანაში დღეს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ასეთ დროს, სულ მცირე, უხერხულია, როცა ყოფილი დეპუტატების ნაწილი 560-ლარიანი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. თავიანთ მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ ხალხის სამსახურში იყვნენ.
_ ამასაც გვამადლიან? სულ ჩვენ არ გვემსახურებოდნენ?
_ მათი მოთხოვნა ნამდვილად უადგილოა. წელიწადში ისედაც 5 მილიონ ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან ყოფილი დეპუტატებისთვის კომპენსაციების გადასახდელად.
_ ყოფილი დეპუტატებიდან მოქმედ დეპუტატებზეც გადავიდეთ. მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში შესვლა ძალიან უჭირთ. ეს ყველაფერი დაბოქლომებით დაიწყო, დაბოქლომება კი თქვენი იდეა იყო. როგორ მოვიდა დაბოქლომების იდეა? ოღონდ, სანამ ამ იდეაზე მოგვიყვებით, ის გვითხარით, რატომ მივიდა ამ კრიზისამდე საქმე?
_ ქვეყანაში რომ ასეთი ვითარებაა, ეს ხელისუფლების ბრალია. ყველაფერი კი მათ ტყუილს მოყვა. „ქართული ოცნება“ ზაფხულში დაგვპირდა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ნოემბერში ეს პირობა დაარღვიეს. ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი აღარ აქვს.
განსაკუთრებით იმ დეპუტატების უნამუსობას მინდა გავუსვა ხაზი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხალხს მაჟორიტარი დეპუტატები სჭირდება. მათ შევახსენებ, რომ „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახური ბოლო სამი წლის მანძილზე აქტიურად ახორციელებდა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის მონიტორინგს და კარგად ვიცით, თუ როგორ „ეფექტიანად“ მუშაობენ ისინი. ჩვენ ყოველ წელს ვითხოვდით მაჟორიტარების ბიუროებიდან მათი საქმიანობის ანგარიშს.
იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი და ამტკიცებენ, რომ ქვეყანას მაჟორიტარული სისტემა სჭირდება, თავიანთი ბიუროების საქმიანობაზე ინფორმაციაც კი არ მოგვაწოდეს.
_ ვინ არ მოგაწოდათ ინფორმაცია?
_ მაგალითად, ყაველაშვილმა, ოქრიაშვილმა… ვინც მოგვაწოდა, იქაც ბევრგან არის კომიკური სიტუაცია.
მაჟორიტარების მიერ მოწოდებული ინფორმაციებიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთ ბიუროში მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 40 წერილი შევიდა. 40 მოქალაქეს ხანდახან დღეში ველაპარაკები ხოლმე.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს _ ამხელა მაჟორიტარულ ოლქში, წელიწადში მხოლოდ 40 ადამიანს გაუჩნდა სურვილი, დეპუტატისთვის მიემართა.
დღეს საქართველოში 73 მაჟორიტარის ბიურო მოქმედებს. ამ ბიუროებში 350 ადამიანია დასაქმებული. იქ დასაქმებული ადამიანები არანაირ კონკურსსა და ტესტირებას არ გადიან. ისინი იქ ნეპოსტისტური ნიშნით ინიშნებიან. ამ ბიუროების შესანახად ბიუჯეტი, ყოველწლიურად, 5 მილიონ ლარს ხარჯავს.
აქედან გამომდინარე, ეს ბიუროები ვალდებულები არიან, ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. მეტიც, ისინი ხალხის მიმართ არანაირ ვალდებულებას არ გრძნობენ.
ეს მაჟორიტარები, ეტყობა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად. არც მის მიმართ იგრძნობდნენ თავს ანგარიშვალდებულად, მაგრამ ახლა სხვა გზა არ აქვთ, _ „ოცნების“ ლიდერის დაქვემდებარებაში არიან.
შესაბამისად, მათი განცხადებები, რომ ხალხს მაჟორიტარები სჭირდება, სიცრუე და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.
_ ნაცრის შეყრას დიდი ხანია, მორჩნენ, ახლა, მგონი, პირდაპირ ნაღვერდალს გვაყრიან თვალებში.
_ ასეა და ხალხისგან სათანადო პასუხიც მიიღეს. მისასალმებელია, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა პროტესტის ასეთი მშვიდობიანი ფორმა გამოძებნა. ჩვენი აქციები თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი და არაძალადობრივია, ამავე დროს, მაქსიმალურად კრეატიული და განსხვავებულია. ჩვენს აქციებში არანაირი ძალმომრეობა არ ჩანს. გადამეტებულ ძალას ჩვენ წინააღმდეგ ხელისუფლება იყენებს.
_ ნელ-ნელა მივედით დაბოქლომებასთანაც. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
_ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხშირად ვატარებდით აქციებს და პოლიცია იოლად ახერხებდა ჩვენს დაშლას. ამაზე ძალიან ვბრაზობდი. კიდევ უფრო გავბრაზდი, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტში მივედი, მაგრამ იქ არ შეგვიშვეს. არადა, ჩვენზე საშვი იყო დაშვებული.
ამ ინციდენტის შემდეგ სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთხელ ხალხმა ესენიც არ შეუშვას პარლამენტში-მეთქი.
_ შურისძიება გადაწყვიტეთ?
_ ასე გამოვიდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემეზღუდა მათთვის პარლამენტში შესვლის უფლება, ისევე როგორც ჩვენ შეგვიზღუდეს ეს.
ერთხელაც ელიავას ბაზრობაზე ვიყავი. ჩემი იქ წასვლა პოლიტიკას არანაირად არ უკავშირდებოდა, სახლისთვის რაღაცის ყიდვა მინდოდა და ამიტომ წავედი.
საჭირო ნივთის ძებნაში თითქმის მთელი „ელიავა“ შემოვიარე და იქ მსხვილი ჯაჭვები დავინახე. მაშინ გამიჩნდა აზრი და განცდა, რომ ასეთი ჯაჭვები შეიძლებოდა გამოყენებულიყო პარლამენტის დასაკეტად. კიდევ ბევრი სხვა იდეა გამიჩნდა, მაგრამ ისინი მალევე დავახარვეზე.
_ რა იდეები იყო?
_ მაგალითად, კარის აჭედვა და კიდევ სხვა… ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდი დაბოქლომება იყო და ამიტომ შევჩერდი მასზე.
_ ეს იდეა სად გაახმოვანეთ, პარტიაში თუ აქციაზე?
_ ეს იდეა ახლა კი არ მომივიდა, კარგა ხანია, თავში მიტრიალებს. რამდენჯერმე ვთქვი სხვადასხვა შეკრებაზე, მაგრამ თავიდან სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
როდესაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩააგდეს, ოპოზიციას ამაზე მწვავე რეაგირება ჰქონდა და პარლამენტის პიკეტირება გადაწყდა _ კარვების გაშლა და ქვიშის შეტანა და ა. შ.
ჩვენი პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძესთან საორგანიზაციო საკითხებზე ვსაუბრობდი და ამ საუბარში სხვათა შორის, ვუთხარი, ჯაჭვებით და ბოქლომებით ხომ არ დაგვეკეტა ეს კარებები-მეთქი?
გიორგის ეს იდეა უცბად დაუჯდა ჭკუაში. მეორე დილით ელიავას ბაზრობაზე ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრი გავგზავნეთ ჯაჭვებისა და ბოქლომების საყიდლად. ასე გაჩნდა დაბოქლომების იდეა.
ის იდეა რომ სისრულეში მოვიდა, გიორგისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც სახელმწიფო უწყებები დააბოქლომეს.
დაბოქლომების აქცია მთელ საქართველოს ვირუსივით მოედო.
_ მარტო საქართველოს არა, სხვა ქვეყნებშიც დააბოქლომეს იქ მცხოვრებმა ქართველებმა ჩვენი საელჩოები და ასე შეუერთდნენ თქვენს პროტესტს.
_ ყველამ აიტაცა და ძალიან ეფექტური გამოვიდა. გიორგი ვაშაძე რომ არა, დაბოქლომება მხოლოდ იდეად დარჩებოდა.
იდეა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს, მაგრამ მთავარი მისი განხორციელებაა. მიხარია, რომ ეს იდეა განხორციელდა. იმიტომ არა, რომ ეს ჩემი იდეა იყო. მე ის მიხარია, რომ ეს ბოქლომი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
სახელმწიფო სტრუქტურები უკვე დიდი ხანია, აღარ არიან ხალხის სამსახურში და მათი კარები ხალხისთვის დაკეტილია. ამ უწყებების დაბოქლომებით ჩვენ ყველას დავანახეთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია.
_ თუმცა თალაკვაძემ ეს ჯაჭვები გაწყვიტა და გაწყვეტილი ჯაჭვი ოპოზიციას დაუბრუნა.
_ პარლამენტის სპიკერმა ამით ძალიან მოიწონა თავი, მაგრამ ეს გადაკვნეტილი ჯაჭვის აფრიალება ძალიან სამარცხვინო და კომიკური იყო.
_ სამარცხვინო რატომ იყო?
_ იმიტომ, რომ ჩვენ ერთი მოძრაობით დავაბოქლომეთ უწყებები, იმათ კიდევ უამრავი ხელსაწყოს მოტანა დასჭირდათ, რომ ეს ჯაჭვები გაეჭრათ.
_ ჯაჭვები იოლად გაჭრეს, მაგრამ ბოქლომები ვერ გახსნეს.
_ ვერ გახსნეს და ეს მათთვის ძალიან ცუდია. „ოცნება“ სანამ ამ ბოქლომებს არ გახსნის, ასე იქნება დაბოქლომებული.
_ ახლა ამას სერიოზულად მიიღებენ და ბოქლომების გახნას შეეცდებიან.
_ მაგ ბოქლომებს ვერ გახსნიან. მათი გახსნა მხოლოდ გასაღებით შეიძლება, ეს გასაღებები კი ჩვენს ხელთ არის. უფრო ზუსტი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ხალხის ხელშია. ისინი, ფაქტობრივად ხალხმა დააბოქლომა.
_ ეს დაბოქლომება მაინც დროებითი იყო. მთავარია, არჩევნებზე რა იქნება. თქვენი აზრით, არჩევნებზე თუ დააბოქლომებს ხალხი პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“?
_ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, თუ რა არჩევანს გააკეთებს ხალხი და ამიტომაც არ უნდა პროპორციულ წესზე გადასვლა. საარჩევნო სისტემა თუ არ შეიცვალა, „ოცნებას“ რაღაც შანსები აქვს, ამიტომაც ვერ ელევიან ამ სისტემას.
რაც არ უნდა გააკეთონ, საბოლოოდ, მაინც ხალხს დარჩება გამარჯვება. ადრე თუ გვიან, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დაბოქლომდება, რაც მეტად გააღიზიანებენ ხალხს, დაბოქლომების ხარისხი მეტად მაღალი იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ, ადრე თუ გვიან, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს, მაგრამ იმ სისტემით, რომლითაც ისინი არჩევნების ჩატარებას აპირებენ, მათი წასვლა შეიძლება დროში გაიწელოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ დამუხრუჭებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ამიტომაც გვინდა, რომ არჩევნები საქართველოში პროპორციული წესით ჩატარდეს.
_ „ოცნება“ ამბობს, რომ თუ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა, ეს ქვეყანას დააზიანებს.
_ ქვეყანას აზიანებს ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, მხოლოდ „ოცნება“ დაზიანდება.
ასეთი სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა მხარდაჭერასაც მიიღებს მოსახლეობისგან.
დღევანდელი საარჩევნო სისტემა ძალიან უსამართლოა და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც გვპირდება, რომ არჩევნები პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარდება.
_ ესენი თავის ნებაზე თუ მიუშვა კაცმა, არც 2024 წელს ჩატარდება არჩევნები პროპორციული წესით.
_ ამასთან დაკავშირებათაც გაკეთდა მინიშნებები. გვითხრეს, რომ პლებისციტს ჩაატარებენ და ხალხის აზრს გაიგებენ, სურს თუ არა მოსახლეობას მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება.
ჩვენ 2024 წლამდე არ ვაპირებთ მოცდას, არჩევნები პროპორციული წესით უკვე 2020 წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენ ეს დაპირება სისხლის ფასად მივიღეთ. ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს, ასე რომ, ამას ასე მარტივად არავინ გაატარებს.
რატომ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ მაჟორიტარი დეპუტატების ინტერესი, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ? იმ ადამიანებზე იფიქრონ, ვისაც „გავრილოვის ღამეს“ თვალები დასთხარეს.
_ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი რომ ჩავარდებოდა, ეს ამბავი, ფაქტობრივად, კახა ოქრიაშვილმა გვამცნო. ახლა ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა. თქვენი აზრით, იქნება ვადამდელი არჩევნები?
_ ჩვენც ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ ეს არჩევნებიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ოქრიაშვილს რაც შეეხება, ის ამდენი ხანია, საქართველოს პარლამენტის წევრია, მაგრამ აქამდე მას ხმაც კი არ ამოუღია.
_ დიდი ხანია, პარლამენტშია, 2003 წელს გახდა პირველად მაჟორიტარი და მას შემდეგ არის და არის.
_ 15 წელია, მისი ხმა არ გაგვიგია, სამაგიეროდ, მაჟორიტარული წესის გაუქმებაზე რომ მიდგა საქმე, მაშინვე გააქტიურდა. დარწმუნებული ვარ, არც მაშინ გააქტიურებულა საკუთარი ინიციატივით. ეჭვიც არ მეპარება, რომ მან და კიდევ რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანეს.
_ ამ ლოგიკით ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებს.
_ ასე იქნება. ჩვენ არ გვაინტერესებს, რას გაახმოვანებს „ოცნება“. ჩვენ ვითხოვთ დანაპირების შესრულებას _ საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

შორენა მარსაგიშვილი