დათო გამცემლიძე: „დღემდე გაუგებარია, „ოცნებამ“ რატომ აიფეთქა თავი ნაღმზე?“

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

_ დათო, პირველ რიგში, უნდა გკითხო: რამდენად ელოდი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მმართველი გუნდის მხრიდან, რომელმაც მიმდინარე ეტაპზე ჰაერში გამოკიდა შენთვის ნანატრი „ვაიმარის რესპუბლიკის“ იდეა?
_ ნამდვილად არ ველოდი, ისევე როგორც ბევრი არ ელოდა, თუმცა იყვნენ ისეთები, ვინც ეჭვს გამოთქვამდა. არ ველოდი, რადგან მეტისმეტი რისკი იყო ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ხელისუფლებისთვის მუდამ საშიშია, როდესაც ლეგიტიმურ „სათქმელს“ აძლევს ოპოზიციას. ობიექტურად გაუჩნდა ოპოზიციას ასეთი „სათქმელი“ და პოლიტიკური არგუმენტი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, როდესაც ეს დაპირება _ პროპორიცულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ _ პირველად გახმოვანდა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, როცა ნამდვილად იყო საშიშროება, ხელისუფლება ბევრად უარეს დღეში აღმოჩენილიყო. მაშინ ამ დაპირებამ ვითარება, ასე თუ ისე, განმუხტა.
რაც შეეხება მრავალპარტიულ, პლურალისტურ დემოკრატიას, რომელსაც პირობითად ვუწოდებ „ვაიმარის რესპუბლიკას“, მას შემდეგ, რაც მოხდა, იგი მით უმეტეს, გარდაუვალი გახდა.
_ გარდაუვალი რა ვადისთვის?
_ უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა ეს უკვე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, 2024 წელს. ეს მაქსიმალისტური დროითი ზღვარია. მოვლენებმა ისეთი ხასიათი შეიძინა, არაფრის გამორიცხვა აღარ შეიძლება, მათ შორის, არც იმის, რომ დასავლეთის მონაწილეობით კვლავ მოხდეს შეთანხმება რაიმე კომპრომისზე, მიუხედავად დღევანდელი უკომპრომისობისა.
_ „ბილთმორის მოლაპარაკებების“ პროცესს გულისხმობ?
_ ეს პროცესია, რომელიც მყისიერ შედეგს ვერ დადებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული აქცენტებისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს.
_ და მაინც, როგორ ფიქრობ, რაში აწყობდა ეს ყველაფერი „ოცნებას“? აქ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდეთ, რომ ბერაიასა და ხუნდაძის თვითშემოქმედება არ გჯერა.
_ მაჟორიტარი დეპუტატების თვითშემოქმედების არ მჯერა, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ ეს ყოველივე თავიდან ბოლომდე, ანუ ივნისიდან _ დღემდე სპექტაკლი იყო. მაჟორიტარებს ნამდვილად არ სურდათ თავიანთი პრივილეგიის დაკარგვა. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ თუ 2020 წელს მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნდება, შესაძლოა, კიდეც ჰქონდეთ გამარჯვების შანსი თავიანთ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ფესვი გაიდგეს“, მაგრამ თუ 2020 წელს „მაჟორიტარული“ საერთოდ გაუქმდებოდა, მაშინ არანაირი შანსი არ ექნებოდათ. ამდენად, მათი უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა ამ უკმაყოფილებას, როგორც ჩანს, დაემატა მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასა და თვით მმართველი პარტიის ლიდერს გაუჩნდა ეჭვი და ყოყმანი 2020 წლის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
_ რა ეჭვზე საუბრობ?
_ თუ მიაქციეთ ყურადღება, „მთავარი ოპონენტი“, დიმიტრი ხუნდაძე, იმაზე აპელირებდა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულ იცნებას“ აღარ ექნებოდა 50%-ზე მეტი ხმა პარლამენტში და იძულებული გახდებოდა, კოალიცია მოეთხოვა ან ირმა ინაშვილთან, ან ნინო ბურჯანაძესთან, ან ორივესთან ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, რომლებმაც, შალვა ნათელაშვილთან ერთად, კატეგორიულად განაცხადეს, რომ ყოველგვარ ალიანსს გამორიცხავდნენ „ქართულ ოცნებასთან“.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მთავარ შეცდომად მის პარტიულ კრიტიკოსებს ის მიაჩნდათ, რომ მან არა მხოლოდ პროპორციული არჩევნები დაუთმო ოპოზიციას, არამედ, იმავდროულად, „ნულოვანი ბარიერიც“ დააწესა. 3 ან 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში „ოცნებას“ კიდევ ექნებოდა თეორიული შანსი, 50%-ზე მეტი მოეპოვებინა, რაკი „ბარიერგადაულახავი“ პარტიების მანდატები მასზეც გადანაწილდებოდა, მაგრამ „ნულოვანმა“ ბარიერმა პერსპექტივა შექმნა, მმართველ პარტიას 50%-იც ვერ მიეღო. როდესაც ხუნდაძემ და მისი გუნდის წევრებმა ამაზე აპელირება დაიწყეს, თვით ივანიშვილსაც დაეტყო, როგორც ჩანს, მერყეობა, ეჭვი გაუძლიერდა და სწორედ ამით აიხსნება ის უცნაური გარემოება, რომ, საბოლოოდ, „ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებაზე „თავისუფალი კენჭისყრა“ გამოაცხადა. ანუ არც ასე მარტივად იყო, თითქოს „მაჟორიტარები აჯანყდნენ“ და არც ისე, რომ „ბიძინამ სპექტაკლი დადგა“.
_ ჰო, ამაზე, ანუ სპექტაკლზე ბევრი საუბრობს…
_ სინამდვილეში, მოტივაციათა კომპლექსი წარმოიშვა, რომელიც „დომინოს პრინციპით“ განაპირობა კატასტროფულმა შეცდომამ, რაც მმართველი პარტიის ლიდერშიპმა დაუშვა ზაფხულში, როდესაც საქართველოს „დაუძინებელი მეგობრის“, კონსტანტინე ზატულინის თანაპარტიელი სერგეი გავრილოვი მოიწვია თბილისში „მართლმადიდებლური ასამბლეის“ ჩასატარებლად, რისი აბსოლუტურად არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, თვით იმ „ბალანსირების პოლიტიკის“ ფარგლებშიც კი, რასაც ხელისუფლება მოსკოვის მიმართ ატარებს. ეს ასამბლეა ჩატარდებოდა თუ არ ჩატარდებოდა თბილისში, აბსოლუტურად არაფერს ცვლიდა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში და დღემდე გაუგებარია, რატომ „აიფეთქეს თავი“ ნაღმზე.
_ როგორ ფიქრობ, რამდენად იყვნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის მაპროვოცირებლები კულუარებში, თორემ საჯაროდ რაც ხდებოდა და ხდება, ვხედავთ. ხომ არ წამოიკიდა საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლება თუნდაც იმ სარგებლის მისაღებად, რასაც ახლა იღებს?
_ ოპოზიციამ უდიდესი ოსტატობით შეასრულა თავისი პარტია, ანუ ითამაშა საკუთარი თამაში. იგი თავიდანვე „კარნახობდა“ ამ თამაშის წესებს ხელისუფლებას და, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიცია გამარჯვებულია. ერთადერთი, შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციური ფიგურა ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა ამისთვის ისინი მზად არიან, რაკი სისხლის სამართლის საქმეები მათ მიმართ ჯერ კიდევ ბოლო მოვლენებამდე იყო აღძრული და სამართლებრივ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს. ამჟამად კი ნებისმიერი კანონისმიერი მოქმედება ოპოზიციონერთა მიმართ დასავლეთში უკვე აღიქმება, როგორც რეპრესია. თანაც რეპრესია არა 20 ივნისის კონტექსტში, როდესაც მომიტინგეთა ნაწილმა მართლაც სცადა პარალმენტში შეჭრა, არამედ სწორედ ბოლო მოვლენების დროს, როდესაც არც ოპოზიციის ლიდერები, არც აქტივისტები არსად იჭრებიან და კანონსაც არ არღვევენ. ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, „კარგი სვლები“ არ ჰქონდა. მას უხდებოდა და უხდება არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.
_ წინა კითხვის გაგრძელებად: ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დღესვე მოვისმინეთ ოპოზიციის ცალკეული ლიდერების განცხადებები, რომ ისინი ხელისუფლებას არსებული საარჩევნო სისტემის პირობებშიც დაამარცხებენ. ეს მოხდა ნათელაშვილის ოფისში პირველ შეკრებამდე. თითქმის იგივე განაცხადა კიევიდან დაბრუნებულმა გუბაზ სანიკიძემ ინგა გრიგოლიას ეთერში, როდესაც სააკაშვილის განწყობებზე საუბრობდა. ეს „წამოცდენები“ ხომ არ მიუთითებს იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას არსებული სისტემა აწყობს, მაგრამ ახლა მიმდინარეობს სასარგებლო ქულების დაგროვება ხელისუფლების დაზიანების ხარჯზე?
_ ბუნებრივია, ხელისუფლება ყოველდღიურად ზიანდება ამ ძალზე კრეატიული, ნიჭიერად მოფიქრებული აქციებით, როდესაც რამდენიმე ათეული „პასსიონარით“ _ ანუ „აქტიური და თავგანწირული ადამიანით“ _ იქმნება მნიშვნელოვანი „მედია-მოვლენები“, ხოლო მმართველი პარტია გამოიყურება, როგორც თავდაცვის რეჟიმში მყოფი, შეშინებული და დაბნეული.
ამ მოვლენებს ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული: ეს არის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მხოლოდ ამ პარტიას აქვს შანსი, დღეს არსებული ანუ ძველი საარჩევნო სისტემითაც კი ძლიერი კონკურენცია გაუწიოს „ოცნებას“ მაჟორიტარულ ოლქებში. რეალურად, 2020 წლის არჩევნების ბედი სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში გადაწყდება ზუსტად ისევე, როგორც 2012 წელს.
_ რას გულისხმობ?
_ იმას, რომ „ოცნებამ“ ის არჩევნები მოიგო არა იმიტომ, რომ პარტიული სიებით მოიპოვა მეტი მანდატი, არამედ იმის წყალობით, რომ იმავდროულად ბევრ მაჟორიტარულ ოლქშიც გაიმარჯვა. არ არის გამორიცხული, მომავალ წელს ეს ვითარება განმეორდეს.
_ პროცესს გარედან შევხედოთ, _ შინ ხალხი აღშფოთებულია, გარეთ საერთაშორისო საზოგადოებაა შეშფოთებული. აღშოთებულთა და შეშფოთებულთა რაოდენობასა და თავებს ყველა ითვლის. აქ საინტერესოა, რამდენად შეიძლება გაიზარდოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შინ და რას უნდა ველოდოთ საერთაშორისო საზოგადოებისა და მოკავშირეებისგან ქვეყნის ფარგლებს გარედან?
_ თავების რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში პროცესთა აღქმის თვალსაზრისით. ბოლოს და ბოლოს, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩNN-მა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირი ეთერი ჩართო ზუსტად იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი იყო. მეორე მოტივი, რის გამოც დასავლეთმა, შესაძლოა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს ხელისუფლების მიმართ, ის ვითარება იქნება, თუ მთავრობა ვერ მოთოკავს ემოციას და არაპროპორციულ ძალას გამოიყენებს მოპიკეტეების მიმართ ან ოპოზიციის ლიდერებს დააპატიმრებს ნებისმიერი საბაბით.
20 ივნისს ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, მაგრამ მაშინ დასავლეთმა ჩათვალა, რომ ძალის გამოყენება, მთლიანობაში, ლეგიტიმური იყო, რაკი მომიტინგეთა ნაწილმა მართლაც სცადა პარლამენტში შეჭრა. ახლა სხვა ვითარებაა და მართლა ნერვების ომი მიმდინარეობს. წააგებს ის, ვისაც ნერვები პირველს უმტყუნებს.
_ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მაინც კანონის ჩარჩოში იჯდა. ანუ ყოველ შემდგომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ნორმებთან შესაბამისობა და ლეგიტიმაცია ჰქონდა. 2003 წელს ედუარდ შევარდნაძე გადადგა. მისი ამ ნაბიჯის გარეშე ახალი ხელისუფლება, რა არჩევნებიც არ უნდა ჩატარებულიყო, ლეგიტიმაციას ვერ შეიძენდა. თუმცა მაშინაც გვქონდა კაზუსი _ როდესაც რევოლუციონერებმა მაჟორიტარები „იყიდეს“ _ მათთვის არჩევნები არ გამართულა. რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება: დღეს რა გამოსავალი გვაქვს? ცხადია, პარლამენტი ვერ და არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანუ პროპორციულ არჩევნებზე ვერ გადავალათ თუ მაჟორიტარებზე რაიმე ფორმით არ განხორციელდა ძალადობა, ზეწოლა. გამოსავლად სახელდება ე. წ. გერმანული მოდელის ქართული ინტერპრეტაცია, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამასაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ანუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ისე, რომ სამართლებრივი სივრციდან არ გავიდეთ?
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ სჭირდება თუ არა „გერმანულ მოდელს“ საკონსტიტუციო ცვლილება, ეს უპირატესად პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგნად იქცა და არავითარი კავშირი, რეალურად, იურიდიულ საკითხებთან არ გააჩნია. ორივე მხარეს საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვს, თუ რატომ შეესაბამება ან რატომ არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას და რატომ შეიძლება ან არ შეიძლება მისი მიღება უბრალო უმრავლესობით.
_ და ამ მოდელზე დათანხმება რატომ არის „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა?
_ მთავარი ისაა, რომ „გერმანული მოდელის“ მიღება კატეგორიულად არ აწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან ამ მოდელით, შესაძლოა, მან 73 მაჟორიტარული ოლქი მოიგოს (მაღალი ალბათობით ასეც იქნება), ასევე მოიგოს მეტ-ნაკლები უპირატესობით პროპორციული არჩევნები, მაგრამ ვერც ერთი დეპუტატი ვერ შეიყვანოს პარლამენტში პარტიული სიით, ანუ მისი დეპუტაცია შემოიფარგლოს მხოლოდ 70-73 მაჟორიტარით. საქართველოს უახლესი ისტორია კი გვასწავლის, რომ, როგორც თქვენ მართებულად შენიშნეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარები ლერწამივით იმისკენ გადახრილან, ვისკენაც მეტი „პარტიული ძალა“ იყო კონკრეტულ მომენტში. ამდენად, „ოცნება“ გერმანულ მოდელს არც ერთ შემთხვევაში არ დასთანხმდება. მაშინაც კი, თუ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციას მიიღებს, რაკი ეს რეკომენდაცია სავალდებულო არ არის _ მხოლოდ რჩევაა.
_ ხომ არ გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი მაინც იქითკენ მიდის _ ერთ დღეს საკანონმდებლო ჩიხის გამო ოპოზიციაც დასთანხმდება არსებულ მოდელს? ანუ ამ ყველაფერში ხომ არ ხედავ უფრო რაციონალურს, ვიდრე ემოციურს, თუნდაც მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების მიზნების რეალიზებისთვის?
_ არც ოპოზიციას აქვს უკან დასახევი გზა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული ზიანის გარეშე. ამდენად, მაღალი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ამ „ნერვების ომში“ ორივე მხარე შეინარჩუნებს თავშეკავებას, სწორედ ასეთ პირობებში მივალთ 2020 წლის არჩევნებამდე. ეს არჩევნები იმაზე დაძაბული იქნება, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ვერც კი გავბედავ თუნდაც „შორეულად ვივარაუდო“, რა მოხდება იმ არჩევნებზე ან იმ არჩევნების შემდეგ. მომავალ არჩევნებზე ყველაზე რადიკალური სცენარიც კი სავარაუდოა უკვე.
_ ვადამდელი არჩევნები _ რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, მარტში ან აპრილში გაიმართოს, ვის აწყობს? აი, ხელისუფლება არაფერს ცვლის და არჩევნებს ნიშნავს. რა ხდება ამ შემთხვევაში?
_ ვადამდელი არჩევნები ოპოზიციას აწყობს და არა _ ხელისუფლებას, რადგან ერთადერთი შანსი, „ოცნებამ“ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, არის ვითარება, როდესაც მმართველი პარტია გატყდება და კაპიტულაციას გამოაცხადებს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია ზუსტად ასე შეფუთავს ამ დათმობას _ რიგგარეშე არჩევნების შესახებ, ხოლო „უკვე წაგებულ და დანებებულ ძალას“ ქართველი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს. ამდენად, „ოცნება“ ყველანაირად ეცდება, ვითარება 2020 წლის საბედისწერო კენჭისყრამდე მიიყვანოს.
_ ანუ საკმაოდ რთულ არჩევნებს ელოდები…
_ ისეთი დაძაბული არჩევნები იქნება, როგორიც ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთხელ, მთელი ჩვენი 30-წლიანი უახლესი ისტორიის მანძილზე, არც ერთ მმართველ პარტიას „მესამე ციკლისთვის“ არ უბრძოლია. „ქართული ოცნება“ იქნება პირველი 1990 წლიდან, რომელიც მესამე ვადისთვის იბრძოლებს.
_ ახალგაზრდები და აქციები: ჩვენ ვხედავათ, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენელი ცდილობს ახალგაზრდების მარგინალიზებას და მათი როლის დაკნინებას. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება არასწორად კითხულობს მათი ქმედებებისა და აქტივობის არსს? რეალურად, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა ახალგაზრდობა?
_ ახალგაზრდობა, რასაკვირველია, ანგარიშგასაწევი ძალაა, რადგან საზოგადოების ყველაზე აქტიური _ პასიონარული ნაწილია, ხოლო ერის ისტორიას სწორედ მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური უმრავლესობა. ახალგაზრდობის მარგინალიზება არ გამოვა, რადგან მას უკვე საკუთარი ასაკით და აქტიურობით აქვს სტატუსი, რომელიც აქტიური მოქმედების უფლებას ანიჭებს.
_ რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ქმედებები აქციის მონაწილეთა მიმართ? აქ ვგულისხმობ საპოლიციო ქმედებებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება აქციის მონაწილეებისადმი რამდენად ეფექტიანია, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ, ან რამდენად დამაზიანებელია მისთვის? ისევე როგორც რამდენად მოსაბეზრებელია აქციის მონაწილეთა ქმედებები ან რამდენად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებს მათ მიმართ?
_ ჩემი შთაბეჭდილებით, ხელისუფლება ცდილობს, ფრთხილად იმოქმედოს, რათა, პირველ რიგში, დასავლეთის მწვავე რეაქცია არ მიიღოს, თორემ თვით საქართველოში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც ვხედავთ, „მაყურებლის როლშია“. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნების დროსაც ამავე როლში დარჩება. ამიტომ ეს აქციები სწორედ ელექტორატზეა გათვლილი უპირატესად. ანუ მისთვის შესაბამისი შთაბეჭდილებისა და განწყობის შესაქმნელად.
_ დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხო ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შესახებ და აქ კითხვას ორ ნაწილად გავყოფ: 1. შენი აზრით, ქვეყანასა და მის მოქალაქეს თანამედროვე სამყაროში რა უფრო სჭირდება _ სამშობლო, რომელთანაც ემოციური ბმა არასოდეს და არსად წყდება თუ სახელმწიფო, რომელმაც მისი უფლებები და ქვეყნის სიძლიერე უნდა უზრუნველყოს? 2. დასაქმება: ამ საკითხის ირგვლივ მისმა ფორმულამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატი თითქმის იმავეს იმეორებდა. მაშინ არ მოგვისმენია თავდასხმები ამ კანდიდატის მიმართ. რას იტყვი თავად ფორმულაზე და საკითხის აღქმაზე საზოგადოების მხრიდან?
_ პირველი კითხვა გვაბრუნებს ჩვენი უახლესი ისტორიის საბედისწერო საკითხთან: „სამშობლო თუ ჭეშმარიტება“. დაახლოებით ასეთივე მორალური, პრაგმატული და ემოციური დილემაა. არის ცნებები, რომელთა ურთიერთდაპირისპირება, უბრალოდ, უაზრობაა სამივე _ მორალური, პრაგმატული და ემოციური განზომილებით. ამდენად, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ თემაზე საგნობრივი მსჯელობა. მხოლოდ იმას ვიტყვი, თუ მაინც დაისმება ასე საკითხი: ან ორივე სჭირდება და/ან _ არც ერთი!
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ერთ-ერთ საკვანძო თემად მართებულად იქცა მისი განცხადება საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ. Pღ თვალსაზრისით უმძიმესი შეცდომა იყო. ძალიან უარყოფითად აღიქვა საზოგადოებამაც: ადამიანებს არ შეიძლება უთხრა, რომ მათი ერთადერთი პერსპექტივა საზღვარგარეთ დასაქმებაა. არ უნდა უთხრა მაშინაც კი, თუ კულუარულად მუშაობ ევროპელ პარტნიორებთან, რათა ადამიანებს ევროპაში ლეგალურად დასაქმების საშუალება ჰქონდეთ. თავისთავად ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ასევე განიცდის მოსახლეობის გადინებას ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „ოცნებამ“ 2012 წელს სხვა მოლოდინები და იმედები შექმნა. აი, ეს არის პრობლემა, რომელსაც ვერანაირი არგუმენტი და მაგალითი ვერ გადაწონის საზოგადოების თვალში.

გეგა სილაგავა