კოტე იოსელიანი: „ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილი ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია“

ბიძინა ივანიშვილმა, თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე მასშტაბური ტრიუკი ჩაატარა. დაპირება, _ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, _ დარღვეულია, სხვა დაპირებების მსგავსად. ამჯერად განსხვავება ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, არამედ დასავლეთიც „გადააგდო“.
ოპოზიცია კი სიმბოლურად სამთავრობო შენობების დაბოქლომების მეთოდს იყენებს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პროტესტს განაგრძობს.

რა პოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ ივანიშვილის ტრიუკის შემდეგ? რა არის ოპოზიციის „გეგმა ბ“ და როგორ აპირებენ საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვებას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ კოტე იოსელიანს ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, როგორია პოლიტიკური მოცემულობა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო?
_ სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამაში ჩაერთო მმართველი გუნდი, უფრო სწორად, ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც, სინამდვილეში, არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახირებების შემსრულებლები და, მეორე მხრივ, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, რომლის უკანაც დგას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ზოგი ერთ პარტიას უჭერს მხარს, ზოგიც _ მეორეს, რაღაც ნაწილი საერთოდ არ დადის არჩევნებზე, თუმცა ამ მოცემულობაში აუცილებლად წავა, რადგან, როგორც იქნა, გაჩნდა შანსი, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე გადავიდეს. რამდენად გავართმევთ თავს, ეს მეორე საკითხია, თუმცა ეს შანსი აუცილებლად გამოსაყენებელია. ამას არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს. ის და მისი მონები ლაპარაკობენ, რომ პარლამენტთან 200 კაცი დგას და პროპორციული არჩევნები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაა, რაც არაადეკვატურობის ძალიან ნათელი მაგალითია. გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საჭიროებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. იმ დეტალებში შესვლა, რომ სამართლებრივად ესა თუ ის მუხლი რამდენად მიესადაგება ან არ მიესადაგება კონსტიტუციას, ინტერპეტაციისა და ასევე, იმის საკითხია თუ რა კონფიგურაციით აეწყობა ახალი საარჩევნო კანონმდებლობა. ეს ნულიდან არის გასაკეთებელი. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანულ პრინციპზე, თორემ „გერმანული მოდელის“ ერთი ერთში კოპირებას არავინ გეგმავს. შესაძლებელია, ახალი კანონმდებლობის იმ კონფიგურაციით აგება, რომ ეს შესაბამისობაში იყოს ჩვენს კონსტიტუციასთან და ამ ახალმა კანონმა უზრუნველყოს პროპორციული წესით არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ პარტიებმა იმაზე მეტი ადგილი არ მიიღონ პარლამენტში, ვიდრე ეს საქართველოს მოსახლეობას სურს.
_ თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება მომიტინგეების რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს. ოპოზიციას გქონდათ მოლოდინი, რომ მასშტაბური აქციები იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხალხი მასობრივად არ გამოვიდა ქუჩაში?
_ თავების თვლა წინა საუკუნის ფენომენია, მაშინ ეს ჭრიდა, მაგრამ ადამიანი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ქუჩაზე იყოს ან მანქანით გადაადგილდებოდეს, ინფორმაციას ყოველთვის იღებს მობილურით. ის საკუთარ თავს არ თვლის ანგარიშვალდებულად, რომ წავიდეს და მაინცდამაინც აქციაზე მივიდეს, თუმცა ის მოცემულობაც დადგება, რომ ასეთი ადამიანები აქციაზე მოვლენ. გეთანხმებით, რომ 100 000 კაცი არ გამოდის ქუჩაში. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რომ მილიონი ადამიანი გამოვიდეს. ღმერთმა დაიფაროს, ეს დღე დადგეს საქართველოში. მეორე უკიდურესობაში გადავარდნაც ძალიან არაგონივრულია, როდესაც კობახიძე გამოდის და ამბობს: გარეთ რომ დგას 200 კაცი, იმათ ის 100 პარლამენტარი ვეყოფით, რომელიც პარლამენტის შიგნით დავრჩითო. თავების თვლა და აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთება ერთი სისულელეა, უფრო დიდი უგუნურება კი მუშტი-კრივზე გადასვლა და კუნთებზე ყურებაა. კობახიძისგან არაერთი ბრიყვული გამონათქვამი გვახსოვს: „ოპოზიცია, რამდენჯერაც წამოწევს თავს, იმდენჯერ თავში ჩავარტყამო“, _ ამბობდა ის და დღეს თავში ჩარტყმული თავად კობახიძე ზის პარლამენტის სხდომათა დარბაზის ბოლო რიგში და რაღაცებს ბაქიბუქობს.
_ ხალხის ქუჩაში არგამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას ასახელებენ. თქვენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი პარტიისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს?
_ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა თანამედროვე ტრენდია და ეს პრობლემა ყველა სახელმწიფოშია, როდესაც პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა აღარ არსებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. თუ გადავხედავთ ევროპულ სახელმწიფოებს იქ, ძირითადად, ხელისუფლებაში მოდიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წიაღიდან წამოსული და შემდგომში უკვე პოლიტიკურ ველზე გადასული აქტორები. მაგალითად, მოლდოვაში, ესპანეთში ასეა. თუნდაც განვიხილოთ მაკრონი, რომელიც ისეთი პარტიული და პოლიტიკური მმართველობის კულტურის სახელმწიფოში, როგორიც საფრანგეთია, აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე აღმოცენდა და შემდგომში საპარლამენტო არჩევნებიც მოიგო თავისი პარტიით. ადამიანებმა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა რომ დაკარგეს, ამას პრობლემად საერთოდ არ აღვიქვამ. პოლიტიკური პარტია ეს ხომ არ არის რელიგიური ორგანიზაცია ან სექტა, სადაც ერთგულებაა ყველაზე მთავარი? პოლიტიკური პარტია ეს არის მექანიზმი, სადაც თანამოაზრეებს შეუძლიათ გაერთიანება და ამ მექანიზმების გამოყენებით ხელისუფლებაში მოსვლა. ხალხისთვის მთავარია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, რა ღირებულებები ექნება მას და როგორ შეძლებს თავისი დანაპირების იმპლემენტაციას. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური პარტია. მან პირველ რიგში დააანონსა, რომ თვითონ მოდიოდა პოლიტიკაში და შემდგომში შექმნა პოლიტიკური პარტია. 2012 წლის პერიოდში არსებულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მიმართ გაუჩნდა ნდობა?! _ რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, ამომრჩევლები გაჰყვნენ იმ დანაპირებებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ვერბალურ დონეზე გასცა. ჩვენ სინამდვილეში ვნახეთ, უკვე პოლიტიკოსად და პოლიტიკური პარტიის ფარგლებში, ამ ადამიანმა რა გააკეთა. მან ყველა მოატყუა და აბსოლუტურად ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეეძლო. დღეს „ქართული ოცნება“ გაკოტრებული ძალაა, რომელიც ძველ ბიჭებსა და პოლიციის პირად შემადგენლობაზე დგას. იქაც მყარად ვერ დგანან. რიგით პოლიციელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ის პოლიციელები, რომლებიც ამ სტრუქტურაში მაღალ თანამდებობებზე არიან, ვაჟა სირაძე და მსგავსი პერსონები, ისინი სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის ისეთივე დაქვემდებარებაში არიან, როგორც ნებისმიერ დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებები „ჩააგდო“. მაგალითად, განსხვავება არ არის საპატრულო პოლიციის უფროსსა და დეპუტატ დაჩი ბერაიას შორის. ისინი ყოველთვის იქნებიან ბიძინა ივანიშვილის სათამაშოები. მათ სხვა კარიერული განვითარების ან ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილის შეტანის პერსპექტივა არ გააჩნიათ. ერთი რამ ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ხელიდან არაფერი სიკეთე აღარ გამოვა. ისინი გადასული არიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამ ეტაპზე ეს იმით გამოსდით, რომ უდანაშაულო ხალხს სპეცდანიშნულების რაზმი ერევა. ყოველი დარბევის შემდეგ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები გახარებულები გამოდიან, სპეცრაზმი რომ მოერია ახალგაზრდა აქტივისტებს, თითქოს ეს პირადად მამუკა მდინარაძის ან თეა წულუკიანის გამარჯვებაა. ტრიუმფალური თაღი უნდა დავუდგათ პარლამენტის შენობაში და ეტყობა, ყოველი დარბევის შემდეგ მის ქვეშ გავატაროთ (იცინის). შუა საუკუნეებში იყო, დიდი ლაშქრობიდან რომ ბრუნდებოდნენ რომში გამარჯვებულები, მათ ყვავილებით და დაფნის ფოთლებით ხვდებოდნენ, ზუსტად ასეთ მოლოდინს იქმნიან, თითქოს დიდი გამარჯვება მოიპოვეს. სინამდვილეში, რობოკოპების სპეცდანიშნულების რაზმმა ახალგაზრდები დაარბია და „ქართული ოცნება“ ამას დიდ გამარჯვებად ასაღებს. ეს არის მთელი იმ მარაზმისა და ცირკის მოცემულობა, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოში ხდება. ამ ფონზე კალაძე დარბის და პრეზენტაციებს აწყობს, რა გააკეთა 2 წლის განმავლობაში. მოვა დრო და პრეზენტაციას აქეთ გაუკეთებენ იმაზე, თუ რამდენი მოიპარა ამ 2 წლის განმავლობაში. იმედია, რომ სათითაოდ დაუთვლიან და პასუხსაც აგებინებენ. ამ პრეზენტაციის 90% იმაზე იყო, რომ ვაკეში წყალგაყვანილობისა და კომუნიკაციის სისტემებს ცვლის. კახა კალაძეს თბილისი მხოლოდ ვაკე ჰგონია და ამ ვაკეში მხოლოდ _ ჭავჭავაძე, თითქოს მუშაობს და რაღაცებს აკეთებს. მორყეული, მონჯღრეული, ამორტიზებული ქალაქია ყველა მიმართულებით და ყველა უბანში. კალაძე გამოდის და თავი მართლა მილანის მერი ჰგონია, ტაქსების გადაღებვით არის დაკავებული ამხელა კაცი, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოში გამოყენებული ტრენდები და ურბანული სიახლეები დანერგოს. ეს არ არის მხოლოდ კალაძის პრობლემა, ზუსტად ამ მოდუსით ოპერირებს „ქართული ოცნება“. ივანიშვილმა გვითხრა, რომ ყველა სერიოზული დაპირება, რაც გავეცით, შევასრულეთო. თუ არ გაკმაყოფილებთ, გასწავლით გერმანულს, წადით ქვეყნიდან და იქ იცხოვრეთო. ბოლომდე გაიშალა ყველა კარტი, „მეფე შიშველია“, თავიდან ბოლომდე გაშიშვლდა ივანიშვილი _ ჩემთვის ის არც მეფეა და არც _ ხელმძღვანელი, ყველაზე უღირსი და ბოროტი ადამიანია, ვისაც კი ჩემი ცხოვრების განმავლობაში უცხოვრია. ის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებული მომავლის პერსპექტივისთვის.
_ კალაძემ, რომელზეც ვრცლად ისაუბრეთ, განაცხადა: „არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა“. არგუმენტად კი 2012 წელი მოიყვანა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არსებული სისტემით „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. თუ ოპოზიციას ხალხის ნდობა გაქვთ, მაშინ რატომ წარმოადგენს პრობლემას საარჩევნო სისტემა?
_ ის, რომ 2012 წელს არსებული საარჩევნო სისტემით მათ არჩევნების მოგება შეძლეს, ეს რეალობაა, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია გარემოებები. ეს იყო სტიქიურ ფონზე ციხის კადრების, უკიდეგანო დაპირებების არჩევნები. მთელი მოსახლეობა წინასაარჩევნო პერიოდში დასტრესილი იყო. იმის წინა ხელისუფლების შეცვლის დროს რევოლუციური სცენარი განვითარდა. გასაგებია, რომ შესაძლოა, არჩევნების ჩატარების გარეშეც საკუთარი ხელით შეცვალოს მოსახლეობამ ხელისუფლება. ამ ლოგიკით, საერთოდ რად გვინდა არჩევნები? თუკი ხალხი ისე გაბრაზდა ხელისუფლებაზე, რომ ყველამ ერთად გადაწყვიტა მისი შეცვლა, არჩევნების გარეშეც მშვენივრად მოახერხებს ამას. ამ მოცემულობაში სურს კახი კალაძეს ჩვენი ჩატოვება, რომ ამ სახელმწიფოში პოლიტიკური გარემო იმ პერიოდამდე არ შეიცვლება, სანამ თითოეული მოქალაქე არ გაბრაზდება, უკიდეგანოდ არ განრისხდება და საკუთარ თავზე არ აიღებს ხელისუფლების შეცვლას, მანამდე კი იქნებიან ხელისუფლებაში, _ სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ, ისევ და ისევ, ყველას ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული ყაიდის მმართველობის სისტემა, სადაც უმცირესობას თავისი სათქმელის შესაძლებლობა ექნება და სადაც უმრავლესობა უმცირესობების უფლებებით, კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებებით იქნება შეზღუდული. ეს შესაძლებელია მხოლოდ მულტიპარტიულ სისტემაში, სადაც ყველა მოქალაქეს ჰყავს თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რეალურად, არა საარჩევნო სისტემას, არამედ დემოკრატიასა და თავისუფლებას გვართმევს, თუ ვინ უნდა ავირჩიოთ. ჩაკეტილ სივრცეში გვტოვებენ. ჩვენ გვინდა გახსნილი სივრცე, სადაც თავად ჩამოვყალიბდებით, ვის რა დოზით მივცეთ კონკრეტული ძალაუფლება.
ძალიან პროვინციული აზროვნებაა, როდესაც ადამიანი თანამდებობაზე დაინიშნება და შემდეგ მის ნათესავებს, მეზობლებს ზემოდან უყურებს. ზუსტად ამ კატეგორიის ადამიანები არიან „ქართულ ოცნებაში“. ისინი საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რატომ არიან ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში ყოფნა მაშინ ხდება მიმზიდველი, როცა შენ ამ ძალაუფლებას ბოროტად, პირადი მიზნებისთვის იყენებ. ქართული ფენომენია: „რა საჭიროა მძღოლი, თუკი მას ბაზარში პროდუქტის საყიდლად არ გაუშვებ?“ _ სწორედ ამ გადმოსახედიდან უყურებენ „ქართული ოცნების“ პერსონალიები, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში ყოფნა და სხვა არაფერი. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი დასაცინი ფრაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ მისამართით ითქვა, ასეთია: მას შემდეგ, რაც „განათლებულებმა“ დატოვეს უმრავლესობა, აღარავინ დარჩათ „ინგლისურისა და კომპიუტერის“ მცოდნე. ამ დონეზე ჩამოწიეს ყოველდღიური ცხოვრება. ვიღაცამ შეიძლება, პოლიტიკური ცხოვრებაც დაარქვას, მაგრამ ეს პოლიტიკა განყენებული თემა კი არ არის, ოლიმპოზე კი არ წყდება ჩვენი ბედი, პოლიტიკა მთავრდება თითოეული ადამიანის ფინანსური სიძლიერით, უფლებების რეალიზების საშუალებით, თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის კეთილდღეობით ან პირიქით, მუდმივი გაუარესების მოცემულობით. ამ ადამიანებს არ ესმით, რა არის პოლიტიკა, მათ არ იციან, ამა თუ იმ თანამდებობას რატომ აქვს კონკრეტული პრივილეგიები. ჰკითხეთ კახი კალაძეს, რატომ სჭირდება დაცვა? როგორც ჩანს, კალაძეს დაცვა ნივთი ჰგონია, რომელსაც როცა მოუნდება, მაშინ აუწევს შუა თითს. თავად თქვა, _ აქციის მონაწილეებს კი არ ავუწიე შუა თითი, ჩემს დაცვას ვანახეო. ის დაცვასაც მის საკუთრებად აღიქვამს, მერიასაც და ქალაქსაც. ამ გაურკვევლობაშია გაბნეული მთლიანი „ქართული ოცნება“. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, თავად ბიძინა ივანიშვილი ხედავს ქვეყანას ასე, რომ მისი საკუთრებაა და თვითონ როგორც უნდა, ისე განკარგავს ყველაფერს. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: ვაჟა გაფრინდაშვილი ან ოთხოზორია, ან ტატუნაშვილი ამერიკის მოქალაქეები რომ ყოფილიყვნენ, ისევე მოექცეოდნენ, როგორც ამათ მოექცნენ?! რუსებმაც კი იციან, რომ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, ის ძლიერია. ძლიერი ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში აღმოუჩენენ დახმარებას და პრევენციულ ზომებსაც მიიღებენ იმისთვის, რომ ისინი საფრთხეში არ აღმოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩვენ რაღაც დოზით დავიწყეთ მსგავს ქვეყნად ჩამოყალიბება: მალაიზიაში რომ დაიჭირეს ორი ქართველი ქალი და ძალიან საეჭვო და ცუდი მუხლებით უპირებდნენ გასამართლებას, ისინი გამოვიხსენით. ჩვენ მალაიზიიდან საფრთხეში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოხსნა და თავიანთ ოჯახებში დაბრუნება შევძელით. „ქართული ოცნების“ რომელ წარმომადგენელს ან თავად ივანიშვილს აქვს საერთაშორისო დონეზე ოპერირების უნარი, ცოდნა ან თუნდაც სურვილი, რომ საკუთარ მოქალაქეებს მიხედოს?! ეს ყველაფერი კარგად ჩანს ვაჟა გაფრინდაშვილის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევაში. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს.
_ ოპოზიციამ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად „დაბოქლომება“ აირჩიეთ, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს და ამბობს, რომ დესტრუქციული, რადიკალური ძალა ხართ. საკმარისია თუ არა სტრატეგია „მაინც დაგაბოქლომებთ“ და გაქვთ „გეგმა ბ“? სანამდე გაგრძელდება პოლიტიკური პერფორმანსები?
_ სანამ ხელისუფლება თავხედობას გააგრძელებს, პირადად ყოველთვის ვიქნები საპროტესტო ტალღაში ჩართული, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამის პირობას ვდებ „ქრონიკა+“-ის გავლით ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან დაკავშირებით შს მინისტრმა გომელაურმა თქვა, რომ მხოლოდ 4 თვე გავუძლებთ ამას. ის, რასაც ხელისუფლება ჩვენი მისამართით ამბობს, რომ დესტრუქციული ძალა ვართ, ეს გზავნილი თავიანთ ამომრჩეველზეა გათვლილი. მათი ძირითადი ამომრჩეველია ბიუროკრატიის ნაწილი, კორუფციაში ჩაფლული ბიზნესი, ყველა ის კომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც არალეგალურ კაპიტალს იზიდავს თავის ანგარიშზე და ასევე ეს არის მოკრიმინალო გაუგებარი მასა, რომელიც თავად ვერ ჩამოყალიბდა _ სუს-ის აგენტები არიან, ძველი ბიჭები თუ უბნის მაყურებლები. მეტადონის პროგრამა აწერია 90%-ს შუბლზე. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ მყარი ამომრჩევლები არიან, რომლებიც ასევე მითებში ცხოვრობენ, რომ ვიღაც დაბრუნდება და იმას დაიწყებს, რაც არ მოსწონდათ. ვეთანხმები, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით ბევრი რაღაც არასწორად იყო იმპლემენტირებული, თუმცა ერთი და იგივე შეცდომას მეორედ არავინ დაუშვებს. ეს გაცხადებულიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობისგან, რომ ვინც ადრე იყო მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, კერძოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისინი აღარასოდეს დაუბრუნდებიან საკუთარ კაბინეტებსა და თანამდებობებს. „ქართული ოცნება“ ძველ ბიჭებს იმით კვებავს, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაშინ ვიღაც სხვა მოვა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთო. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩევლებს მდარე გზავნილებით ასაზრდოებს. საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე წყლის ჭავლით დარბევის შემდეგ ერთ საათში გამოვიდა და თქვა, _ წყლის ჭავლი საერთოდ არ გამოგვიყენებიაო, როცა პირდაპირ ეთერში ყველა ტელევიზია გადასცემდა ამ კადრებს. ვაჟა სირაძეებზე დგას დღეს „ქართული ოცნება“, ასევე მაკრახიძისნაირ ბიზნესმენებზე, ფარცხალაძისნაირ ტიპაჟებზე, კალაძისნაირი მენტალიტეტის მქონე ადამიანებზე. გულისამრევი აურის მატარებელი ღირებულებათა სისტემაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასაზრდოებს დღევანდელ დღემდე, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ილევა. დღეს ვინც საქართველოში იბადება, არც ერთი ბავშვი აღარ იქნება ქურდული მენტალიტეტის და აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით იცხოვრებენ.
_ როგორ შეაფასებთ ახალი თაობის აქტიურობას და რა როლი აქვს მას პოლიტიკურ საქმიანობაში?
_ „ქართული ოცნების“ მანკიერ მიდგომებს ახალგაზრდები უპირისპირებენ ხარისხიან განათლებას, საღ იდეებს, დიდ ენერგიასა და რაც ყველაზე მთავარია _ იდეალებს. მუდმივად გვესმის, რომ ეს ახალგაზრდები თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ და რომ ისინი გადაგვარჩენენ. კომუნიზმი მილევად რეჟიმში იყო, როცა დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა მესმოდა: „თუ რამე გინდა, ზემოთ უნდა დარეკო, იქ ნაცნობი მყავს, ის გააკეთებს. ის ჩემი ბიძაშვილია, თუ რამე გჭირდება, მე გავაკეთებინებ“. არ მქონია იმის განცდა, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ანგარიშვალდებულების მოთხოვნის მცდელობა ჰქონდათ მოქმედი ხელისუფლებისგან _ მაღალი თანამდებობის პირებს ანგარიშვალდებულებას არავინ სთხოვდა. ყველაზე მთავარი მათთვის ის იყო, რომ მათთან შუამავალი გამოენახათ და პირად საქმეზე დალაპარაკებოდნენ. ეს თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, სწორედ ამ განცდით უყურებს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკოსს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ საზოგადოებაში გაჩნდნენ ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ანგარიშვალდებულებას მოსთხოვენ ხელისუფლებას და არ დაიწყენენ ნაცნობების, ბიძაშვილების ძებნას პირადი საქმეების მოსაგვარებლად. ანგარიშვალდებულების იდეა რომ „ქართულ ოცნებაში“ საერთოდ არ არსებობს, ამის მაგალითია „გაზპრომის“ საკითხი. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი ენერგეტიკაა, რაც საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე. კალაძე წავიდა, „გაზპრომის“ ხელმღძვანელს შეხვდა, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინეტერესების საწინააღმდეგო უკიდურესად წამგებიანი კონტრაქტი დადო „გაზპრომთან“ და ანგარიშვალდებულადაც არ მიიჩნევს თავს, რომ ეს კონტრაქტი წაგვაკითხოს. ვატარებდით აქციებს, იყო ტოქშოუები, ძალიან დიდი ძალისხმევა გამოვიჩენეთ, რომ ხელისუფლებამდე მიგვეტანა გზავნილი, _ საზოგადოებას გვაინტერესებდა, რა ეწერა „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაში. ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, კალაძე საერთოდ არ თვლის თავს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულად. მეტიც: მას არც კი ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ის „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ესაუბრებოდა, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი. ამ დონეზეა „ქართული ოცნება“ გაჭედილი და ის ვერასდროს წავა წინ. ეს ახალგაზრდები სწორედ აქედან გამოსავალს გვთავაზობენ და არსებულ სტატუსკვოს არ ეთანხმებიან. ამ რეალობას არ ეგუება ყველა ის, ვისაც გათვიცნობიერებული აქვს, რა უნდა და რას უნდა სთხოვდეს ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ კუნთებზე იყურებიან, თავებს ითვლიან, კობახიძე დუელში გვიწვევს. თავში ჩარტყმული ვინ ზის პარლამენტის ბოლო რიგში, კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და კარგად დაინახავს. მაგალითად, გია ვოლსკი მარიამ ბიგვავას ებრძვის და უხსნის, რა არის თავისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი გადმოსახედიდან უყურებენ ახალგაზრდებს, ჰგონიათ, რომ ეს ახალგაზრდები ვიღაცამ გაგზავნა და დაავალა იქ დგომა. თვითონ რასაც შვრებოდნენ ბავშვობაში, საკუთარი აზრი არ გააჩნდათ და ყოველთვის პარტიული ნომენკლატურის იერარქიიდან წამოსული დავალებების შემსრულებლები იყვნენ, ჰგონიათ, რომ ეს ახალგაზრდებიც ასეთები არიან. მაგრამ ცდებიან, _ ეს ახალგაზრდები დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და იციან თავისუფლების ფასი.
რამდენიმე დღის წინ შეტყობინება გავრცელდა: „25 ნოემბერს გელოდებით ირაკლი ღარიბაშვილის ახალ პოლიტიკურ ძალაში“. ამ თემაზე თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ზემოთქმული არის ფეიკი, ანუ ყალბი ინფორმაცია და ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან არაფერ შუაშია. ირაკლი ღარიბაშვილი თუ ფიქრობს, რომ ვიღაცამ ფეიკნიუსი გაუვრცელა, გამოვიდეს, ჩაატაროს პრესკონფერენცია, თქვას, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა, თუმცა მან თვითონ ეს არ გააკეთა და თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. როგორც ჩანს, ღარიბაშვილს თავისი საკუთრება ჰგონია ჯარიც, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიც და ბიუჯეტიც. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა პირადად მას უნდა ემსახუროს, როგორც ღარიბაშვილი ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთელი პრობლემა. კონკრეტულად, სწორედ ეს ადამიანები არიან შესაცვლელები.

ნენე ინჯგია