გია ნოდია: „ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვას რეპუტაციული ზიანი არჩია“

საქართველოში ახალი პოლიტიკური სპექტაკლის პრემიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აქციებით უპასუხა. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმით დაიწყეს: „მაინც დაგაბოქლომებთ“. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობას ბოქლომებს ადებენ.
ნერვების ომი, _ ხშირად ასე მოიხსენიებენ არსებულ ვითარებას.

რომელი მხარე რა უპირატესობებით სარგებლობს ნერვებს ომში? რა პოლიტიკური ფასი დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და რამდენად ქმედითია ოპოზიცია?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, რამდენად სწორად გათვალა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რისკები?
_ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ იგებდა. შეიძლება, მათი იმედი უნდა ყოფილიყო კოალიციის შექმნა, თუმცა ესეც, ერთი მხრივ, არასასურველი იყო მათთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ არ ექნებოდათ სრული ძალაუფლება და, მეორე მხრივ, ესეც არ იყო გარანტირებული, შესაძლოა, ოპოზიციას კოალიცია შეექმნა. შერეული საარჩევნო სისტემით კი ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას შეინარჩუნებენ. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისა და ასევე, რა თქმა უნდა, პარტიული ინტერესიც იყო. ყველა ნიშანია იმისა, რომ ე. წ. მაჟორიტარების „აჯანყება“ სპექტაკლი იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ მაჟორიტარებს გულწრფელად არ მოსწონდათ პროპორციული სისტემა, მაგრამ რა სისტემაც არ უნდა იყოს, ამ მაჟორიტარების პოლიტიკური მომავალი ბიძინა ივანიშვილის კეთილ ნებაზე გადის. მაჟორიტარებს, რეალურად, რამე ისეთი რომ გაეკეთებინათ, რაც ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონებოდა, ამით ისინი იმ ტოტს მოჭრიდნენ, რომელზედაც ისხდნენ და მაშინ ისინი ივანიშვილის ოპოზიციაში უნდა გადასულიყვნენ. ცხადია, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ არა ისინი, ვინც ფორმალურად შეეწინააღმდეგნენ ბიძინა ივანიშვილის ხაზს, არამედ ისინი ვინც მას მხარი დაუჭირეს და შემდეგ მოტყუებულად იგრძნეს თავი. როცა ივანიშვილი დაპირებას იძლეოდა, ალბათ, მაშინ ფიქრობდა, რომ ამ პირობას შეასრულებდა, რადგან სხვანაირად არალოგიკურია. თუ ასეთი დაპირება გასცა, მაშინ გახარია რატომ აღარ გადააყენა შს მინისტრობიდან? ანუ მას ხალხის ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია. როგორც ჩანს, იმ დროს ივანიშვილმა იფიქრა, რომ სრულად პროპორციული სისტემა მისთვის ცუდი არ იქნებოდა, თუმცა შემდეგ როცა კარგად დაითვალა, შესაძლოა, გამოკითხვები ჩაატარეს, აწონ-დაწონეს და რაღაც ეტაპზე სტრატეგია შეიცვალა. ეს, სავარაუდოდ, ზაფხულში ან ზაფხულის ბოლოს მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 ივნისის უკან დახევის შემდეგ შეტევაზე გადასულიყო. ამ შეტევის პირველი ნიშანი იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. ანუ არა უბრალოდ საზოგადოებისგან წამოსული მოთხოვნების არმიღება, არამედ საპირისპიროს გაკეთება. კონკრეტულად, როდის და რა წრეში გადაწყვიტეს პროპორციული სისტემის ჩაგდება, ცხადია, არ ვიცი. გასაგებია, რომ უმრავლესობის უმრავლესობამ, შესაძლოა, ეს არც კი იცოდა, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რადგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ეს ტრიუკი არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მათაც გაუკეთეს. რაც შეეხება გათვლებს, არ ვიცი, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველეს, რა მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ნეგატიურ რეაქციას ელოდნენ, თუმცა იფიქრეს, რომ თუნდაც ამ დონის პოლიტიკური კრიზისი იყოს, რაც ახლა არის, ეს სჯობს, ამას უფრო გადაიტანენ, ვიდრე არჩევნების წაგებას. ამიტომ გათვლა იყო ასეთი. არ მგონია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებას ნანობდეს. მან მიიჩნია, რომ არჩევნების წაგებას ყველაფერი სჯობს. გარდა ამისა, კანონპროექტის ჩაგდების მომდევნო დღეებში, უმრავლესობის ქცევიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ისინი პირიქით, პროვოცირებენ ოპოზიციის რადიკალიზაციას. სავარაუდოდ, მმართველი ძალა ფიქრობს, რომ მათთვის მომგებიანია ის, რაც ხდება. მათი აზრით, ოპოზიციის რადიკალიზაცია, ამავე დროს, გამოიწვევს მის მარგინალიზაციას, დარჩება რადიკალური ჯგუფები, რომელიც პიკეტირებას მოაწყობს, მაგრამ ხალხი ჩათვლის, რომ შეიძლება, „ქართული ოცნება“ არ ვარგა, მაგრამ სტაბილურობა უნდათ, ოპოზიციას არასერიოზულად და სუსტებად მიიჩნევენ. ანუ ამ აქციებით ოპოზიცია თავის სისუსტეს აჩვენებს, _ ე. ი. ეს არის „ქართული ოცნების“ გარკვეული სტრატეგიული ხედვა.
_ თქვენ როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მოქმედებებს? „მაინც დაგაბოქლომებთ“ და პარლამენტის პიკეტირება რამდენად ქმედითი ნაბიჯებია?
_ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯები მაინცდამაინც ქმედითი იყოს. ორი მიმართულებით შეიძლება იყოს ქმედითი _ ან იმ აზრით, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წამოვიდეს, მმართველ გუნდს არ ეტყობა, რომ რაიმეს დათმობას აპირებს; ან იმ აზრით, რომ ოპოზიციის ამ მეთოდით უფრო მეტი ადამიანის მობილიზაცია ხდებოდეს. ჩემი აზრით, არც ეს ხდება. ოპოზიციის იმედია, რომ შიდა და გარე ზეწოლის სინერგია უნდა იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობიდან ნამდვილად არის კრიტიკა, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ ის ზეწოლა, რომელსაც ვხედავთ როგორც გარედან, ასევე _ შიგნიდან, საკმარისი იყოს ხელისუფლების პოზიციების შესაცვლელად.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებიდან დღემდე ხელისუფლებისგან გვესმის, რომ არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა _ საარჩევნო სისტემა. ამის დასტურად იშველიებენ 2012 წელს, როცა მათ „ნაციონალური მოძრაობა“ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დაამარცხეს. რამდენად შეესაბამება ეს არგუმენტი დღევანდელ მოცემულობას?
_ ზოგადად, საარჩევნო სისტემებზე კამათი შეიძლება, მაგრამ 2012 წელი განსაკუთრებული შემთხვევაა იმიტომ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსის მქონე ფიგურა ჰყავდა. სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ოპოზიციას ნულოვანი შანსი ჰქონდა და მას არავინ განიხილავდა, როგორც სერიოზულ მოთამაშეს. ასე რომ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ, პირველ რიგში, ჩვენი გამოცდილებიდან და არა იქიდან, თუ როგორ მუშაობს, ზოგადად, ესა თუ ის სისტემა. ბევრ ქვეყანაში ძალიან გამართული დემოკრატია და სრულიად მაჟორიტარული სისტემაა, როგორც მაჟორიტარი კანდიდატები გვეუბნებიან და ეს ასეც არის, მაგრამ როგორც მუშაობს კონკრეტული საარჩევნო სისტემა საქართველოში, ჩვენი გამოცდილებიდან უნდა ამოვიდეთ.
_ პროპორციულის ჩაგდების ერთ-ერთ არგუმენტად მაჟორიტარი დეპუტატები ასევე პოლიტიკური კრიზისის შექმნას ასახელებენ, რომ შესაძლოა, მთავრობის დაკომპლექტება ვერ მომხდარიყო. როგორ ფიქრობთ, ამის რისკი რამდენად მაღალი იყო ჩვენს ქვეყანაში?
_ პროპორციულის ნაკლი ის არის, რომ როდესაც ბევრი პარტიაა, მას შეიძლება გაუჭირდეს კოალიციის შექმნა. ეს არის ზოგადი პრობლემა ნებისმიერი პროპორციული სისტემის და ამას ბევრ ქვეყანაში ვხედავთ. ბოლო ხანებში ასეთი შემთხვევა ისრაელში მოხდა. გასაგებია, რომ უჭირთ კოალიციის შექმნა, მაგრამ ამის გამო არც ერთი სახელმწიფო არ დაშლილა. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ბელგიაში, ბულგარეთში ასეთი შემთხვევა ვნახეთ, მაგრამ ამ ვითარებისთვისაც არსებობს კონსტიტუციური მექანიზმები. ანუ სანამ ახალი მთავრობა შეიქმნება, ძველი მთავრობა აგრძელებს მუშაობას, თავის ფუნქციებს ასერულებს და ამ მიზეზით არც ერთი სახელმწიფო არ ჩამოშლილა.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ერთმანეთისგან იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები ერთად დადგნენ. რას ცვლის კონკრეტული მოცემულობა?
_ ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არასასიამოვნოა ხელისუფლებისთვის, მაგრამ მისი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ეს მოცემულობა ცუდია, მაგრამ ამას გავუძლებთ, _ ასეთია ხელისუფლების აღქმა ამ ოპოზიციური გაერთიანების მიმართ. ამ მოცემულობაში რესურსები „ოცნების“ ხელშია, მას მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსიც აქვს. 2012 წელს რომ შევადაროთ, ერთ მხარეს იყო ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ რესურსსაც შეიცავს, ხოლო მეორე მხარეს იყო ერთი ადამიანის მატერიალური რესურსი, რომელიც რაღაცნაირ წონასწორობას ქმნიდა. ახლა იმ ერთი ადამიანის ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსიც ერთ მხარესაა. მეორე მხარეს არის ხალხის უკმაყოფილება, აქტივიზმი, ენთუზიაზმი, მაგრამ, რესურსების თვალსაზრისით, ეს ვერ შეედრება ხელისუფლების რესურსებს.
_ გარდა რესურსების სხვაობისა, ოპოზიციისთვის არის თუ არა პრობლემა ის, რომ მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი?
_ ოპოზიციის გადმოსახედიდან ეს არ არის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ბიძინა ივანიშვილი ყველას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახის, თუმცა ამას ჩვენ სერიოზულად არ უნდა ვიღებდეთ. დღევანდელი ოპოზიციისთვის მიუღებელია გამოკვეთილი ლიდერი, თორემ ერთი გამოკვეთილი არსებობს, უბრალოდ, ის ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა ის მზად არის, ასეთი ლიდერი იყოს. მას ჰყავს მომხრეები, რომელთაც უნდათ, ასეთი გამოკვეთილი ლიდერი სწორედ ის იყოს, თუმცა იმ ხალხის უმრავლეობისთვის, ვინც დღეს ქუჩაში დგას და აქციებს ატარებს, მიუღებელია, რომ რომელიმე ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყოს. ეს, რაღაც აზრით, შეიძლება, სისუსტეა, რადგან ხალხი მაინც შეჩვეულია ბელადებს და გამოკვეთილ ლიდერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ეს დემოკრატიული მოძრაობაა, ამ მოძრაობის განწყობის ნაწილია, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი საქართველოს ცუდად აქვს დაცდილი. გამოკვეთილი ლიდერი მოდის, მაგრამ შემდეგ ის ახალი ხელისუფლებაც ძალაუფლების მონოპოლიას ახდენს. ასე რომ, ეს ერთგვარი დილემაა.
ლიდერები საჭირო არიან და თუნდაც პოლიტიკური ლიდერი აუცილებელია, ამის გარეშე პოლიტიკური ბრძოლის მოგება ძალიან ძნელია. ამორფული გაგებით, საზოგადოება ხელისუფლებას ვერ მოუგებს, მაგრამ უნდა იყოს ალტერნატიული ძალა. ეს უნდობლობა, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ზოგადად პოლიტიკური პარტიების მიმართ, ოპოზიციურ მოძრაობას აზიანებს, მაგრამ ამ წუთას ეს რეალობა გვაქვს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახის. რაღაც კუთხით ეს მისი სტრატეგიაა, რომ ყველას, ვინც ქუჩაში დადგება, „ნაციონალი“ დაუძახოს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი უშლის თუ არა ხელს სხვა ოპოზიციურ ძალებს და რამდენად წარმატებულია ივანიშვილის ხრიკი, რომ ყველას „ნაციონალებს“ ეძახის?
_ როგორც ყველა გამოკითხვა აჩვენებს, ოპოზიციურ პარტიებს შორის მაინც ყველაზე პოპულარული „ნაციონალური მოძრაობაა“. ასე რომ, როცა ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას უშლის ხელს, მგონია, რომ ეს გადაჭარბებაა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეუშლის ხელს ვერც ერთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს, რომ მან პარტია შექმნას ან გააძლიეროს, ან რაღაც სხვა ძალების კონსოლიდაცია მოხდეს. მაგრამ სხვა ამბავია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას იყენებს, როგორც ტაქტიკას, მის ერთ-ერთ ხრიკს. ყველას ეძახის „ნაციონალებს“ და ამით იმ განწყობის მობილიზაციას ახდენს, რომ „ნაციონალები“ ცუდები არიან. ეს მისი ტაქტიკაა. არ მგონია, რომ ეს ძალიან წარმატებული იყოს, თუმცა რაღაც ზომით შეიძლება, წარმატებულია. არსებობს ნეგატიური იმიჯი, რომლის გარშემოც მისი მომხრეები კონსოლიდირებულები არიან. ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ თვითდაშლას ვერ გამოაცხადებს, რომ ბიძინას ამის თქმის საშუალება არ ჰქონდეს. ივანიშვილის ხრიკი, რომ ყველას „ნაციონალს“ ეძახის, საზოგადოების მიმართ მისი გზავნილის მთავარ საყრდენად რჩება, სხვა სერიოზული საყრდენი მან ვერ შექმნა, რადგან პოზიტიური საჩვენებელი არაფერი აქვს და ამიტომ ამ ნეგატივზე გადააქვს მთლიანად ყურადღება. ზოგადად, ნეგატიური კამპანია მუშაობს, ამას არა მხოლოდ საქართველოს მაგალითი აჩვენებს. რაღაც ზომით მომგებიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნეგატიური კამპანია ყოველთვის იმუშავებს. ოპოზიციის კამპანიაც ნეგატიურია, ასე რომ, ორივეს ნეგატიური კამპანია აქვს და არ არსებობს იმის გარანტია, ხელისუფლების ნეგატივი აჯობებს ოპოზიციის ნეგატიურ კამპანიას თუ _ პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მისი მხრიდან ნეგატივი უფრო მუშაობს, ვიდრე _ პოზიტივი.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ოპოზიცია ამბობდა, რომ მასშტაბური აქციები იქნებოდა, თუმცა იმ რაოდენობის ხალხი არ მივიდა, რამდენსაც ვარაუდობდნენ. თავის მხრივ, ხელისუფლება „თავებს“ ითვლის და მის სასარგებლოდ აღნიშნავს მომიტინგეების რაოდენობას. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მივიდა ხალხი აქციაზე?
_ ხალხი გამოვიდა, მაგრამ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გამოდის ხოლმე, _ არა (რამდენიც ხელისუფლებას თავის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა). ამ შემთხვევაში ფაქტორების მთელი ერთობლიობაა. კონსტიტუციური საკითხი, არჩევნების თემა იმგვარი თემებია, რომელსაც მოსახლეობა ემოციურად არ აღიქვამს. ხალხი უნდა გამოიყვანოს ემოციურმა მუხტმა, ეს ემოციური მუხტი კი იყო: მთავრობამ მოგვატყუა! ემოციური მუხტი შეეხო პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს, რომელიც არც ისე დიდია. პოლიტიკურად აქტიური ნაწილის მიღმა აღნიშნულმა მუხტმა ვეღარ გაარღვია. განწყობა, რომ საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა, ჩემი აზრით, სინამდვილეში, ტყუილია. ამ აქციებში პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობენ, მაგრამ წამყვანი ძალები ახალგაზრდული მოძრაობები არიან. ივნისში, აქციების დროს, გვახსოვს, რომ რაღაც დღეებში პოლიტიკურ პარტიებს არ უშვებდნენ და აქციის ორგანიზატორები მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ამაზე მეტი ხალხი არ იყო. ნაწილი ამას აბრალებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა და ამიტომ არ მიდის აქციაზე, მაგრამ ეს არ არის რეალური მიზეზი იმისა, რატომაც არ გამოდიან. ერთი მიზეზი ხალხის გარეთ არგამოსვლის არის ის, რომ თვითონ თემაა ნაკლებად აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უკმაყოფილოა, გაბრაზების ხარისხი მაინც არ არის ისეთი ინტენსიური.
_ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირებების არშესრულება არახალია, 2012 წლიდან დღემდე მათი მიერ გაცემული დაპირებებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მიეჩვია ხალხი ტყუილში ცხოვრებას?
_ ესეც არის. ტყუილი ჩვეულებრივ ამბად იქცა, _ რა მოხდა, კიდევ ერთი ტყუილი თქვეს, _ ასეთი დამოკიდებულებაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ბევრ ადამიანს ნამდვილად აქვს მსგავსი რეაქცია, რომ ეს „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილია და დიდი ამბავი, თუ კიდევ ერთხელ მოიტყუეს.
_ თავად ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, მიიღო თუ არა გამოუსწორებელი ზიანი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით?
_ კაკულიას სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მან რეპუტაციული ზიანი მიიღო, მაგრამ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით 2020 წლისთვის ხელისუფლება შეინარჩუნა. ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვას რეპუტაციული ზიანი არჩია.
_ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი, რევოლუციური სცენარის განვითარებაზე საუბრობს. თქვენ რამდენად ხედავთ მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების ალბათობას?
_ შეიძლება, ამ წუთში ვერ ვხედავ რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ მგონი, ამის ალბათობა გაზარდა, რადგან გაცილებით მეტი ადამიანისგან მესმის რევოლუციაზე საუბარი, მათ შორის არიან ისეთებიც, ადრე რევოლუციის გაგონებაც რომ არ სურდათ. რევოლუციის იდეა თითქოს უფრო გავრცელდა, რაც არ ნიშნავს, რომ მართლაც რევოლუცია მოხდება, მაგრამ საზოგადოებაში უფრო მეტი ადამიანი გაჩნდა, ვისაც ამის წარმოდგენა შეუძლია. რევოლუციების მოხდენა-არმოხდენა, განსაზღვრების თანახმად, არაწინასწარმეტყველებადია. როცა ის ხდება, ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის.
_ ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ, რა გავლენა იქონია საშინაო პოლიტიკაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ. დასავლეთის თვალში რა მოცემულობაში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“?
_ დასავლეთის თვალში ცალსახად ნეგატიური შედეგი მიიღო. ივანიშვილი სატელევიზიო გამოსვლაში აშკარად თეთრზე შავს ამტკიცებდა, _ დასავლეთში არავის შეკითხვები არ აქვსო. ამ დროს კი თვალსაჩინოა, რომ დასავლეთიდან ძალიან მკაფიო კრიტიკაა. სახელისუფლებო კოალიციაში ის ხალხი, ვინც დასავლეთში დადიოდა და ინგლისური იცოდა, ყველა წავიდა უმრავლესობიდან, მხოლოდ კობახიძე და თალაკვაძე დარჩნენ.
აქამდე ითვლებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო იდეალური, მაგრამ რეგიონშიც არავინ არის იდეალური, თავად ევროპაშიც, _ უნგრეთში, პოლონეთში პრობლემებია და ამ ფონზე საქართველოს არა უშავს, _ ასეთი განწყობა ჰქონდა დასავლეთს. ახლა დასავლეთის დამოკიდებულებაში გარდატეხა მოხდა, რაც ლოგიკურად აჩენს შიშს. ივვანიშვილმა არა მხოლოდ საკუთარი ხალხი, არამედ დასავლეთიც გადააგდო. ამ პირობებში ვინ რჩება მას პარტნიორად?!
_ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ნერვების ომად აღიქვამენ. თქვენ ხედავთ თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას ასე?
_ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ნერვების ომია, მორე მხრივ, ორივე მხარეს ჰგონია, რომ მისთვის ეს ვითარება მომგებიანია. ჩემი აზრით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მისთვის ეს მოცემულობა მომგებიანია, რადგან ოპოზიცია ამ ყველაფრით თავის სისუსტეს აჩვენებს. ოპოზიციასაც ჰგონია, რომ ამით ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენს… ამიტომ ეს მალე არ დამთავრდება. ფსიქოლოგიური გამძლეობის ომია. ამ შემთხვევაში მთავარია ის, ხალხი ვინც ამას უყურებს (ზოგი „ტვ პირველზე“, ზოგი „მთავარ არხზე“, ზოგი „ქრონიკა+“-ს კითხულობს), როგორ აღიქვამს ამას და ვისკენ გადაიხრება უფრო მეტი ადამიანის სიმპათია? ერთ მხარეს არის ბიძინას პატარა პოლიტიკური ჯგუფი, საც ცოტა ხალხია და მეორე მხარეს აქციაზე მდგომი პროტესტანტი ადამიანები, რომელიც ბიძინას ჯგუფზე მეტია, თუმცა რაოდენობრივად მაინც ცოტანი არიან. დანარჩენი ქვეყანა მაყურებელია. „დაბოქლომება“, აქციის პერიოდულად დაშლა, წყლის ჭავლი, _ ეს არის სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი უყურებს. ვისკენ გადაიხრება მაყურებელი? _ ეს არის გადამწყვეტი. ამ ეტაპზე სიტუაცია ამღვრეულია. ძნელი სათქმელია, რით მივალთ 2020 წლამდე.
_ ბოლო კვლევების თანახმად ჩანს, რომ ხალხი კვლავ ახალ ძალას ელის და არსებული პოლიტიკური ველიდან არჩევანის გაკეთება უჭირს. ჩვენ უკვე წლებია, ამ მითიურ ახალ ძალაზე ვსაუბრობთ. რატომ ვერ პასუხობენ პოლიტიკოსები ხალხის დაკვეთას?
_ ჩვენ 2013 წლიდან გვესმის, რომ ხალხს დაკვეთა აქვს ახალ ძალებზე. თუ დაკვეთა აქვთ, ამ დაკვეთის ფორმით ბევრი ახალი ძალა შეიქმნა: „ლელო“, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“, _ ორივეს აქვს 2%. დაკვეთა ახალ ძალაზე _ ესეც მითოსში გადავიდა. როცა არსებობს გამოკვეთილი დაკვეთა, შემდეგ მიწოდებაც არის. მგონია, პრობლემა იმ ხალხშია, ვინც ამ ახალ ძალას ელის და არ იცის, როგორი უნდა იყოს იგი.

ნენე ინჯგია