ლაშა ჩხარტიშვილი: „2008 წლის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ძმა „ნაციონალების“ აგიტატორი იყო“

ხალხმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი გადაგდება აღარ აპატია და ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვის გატეხით ის ადამიანები დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლებიც ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდნენ. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ნაციონალების“ მიერ თერთმეტგზის დაპატიმრებული ლაშა ჩხარტიშვილი „ნაციონალებთან“ ერთად დადგებოდა აქციაზე, ივანიშვილმა კი ეს შეძლო. მეტიც: მისმა ხელისუფლებამ, რომელიც „ნაციონალების“ ნამსხვრევებით არის სავსე, „ნაციონალებთან“ მებრძოლი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა.

ლაშა ჩხარტიშვილი, არც მეტი არც ნაკლები, ლობიოს გამო დააკავეს. პოლიციელების თქმით, ლაშას ხელში ლობიო ჰქონდა და მათ მონებს ეძახდა. ლობიოს გამო ჩხარტიშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში 8 დღის გატარება მოუწევს.
„ქრონიკა+“-მა ლაშა ჩხარტიშვილთან ინტერვიუ მორიგ დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. ჩვენთან საუბრისას ლაშამ თქვა, რომ დიდი იყო იმის შანსი, ის მეთორმეტედაც დაეჭირათ.
ჩხარტიშვილის ეს წინასწარმეტყველება ახდა. „ქრონიკა+“-სთან მან კიდევ სხვა რამეებიც იწინასწარმეტყველა. მან ისიც გვიამბო, როგორ უშლიდა მას ხელს ბიძინა ივანიშვილის ძმა, როცა ის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ოზურგეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ლაშა, თქვენ აქტიურად მონაწილეობდით „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში, პარლამენტის პიკეტირებაც არაერთხელ მოგიწყვიათ, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის რკინის ღობე შემოევლოთ. გახსოვთ ასეთი რამ?
_ აგერ უკვე მესამე ხელისუფლებას ვისტუმრებ, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით 11-ჯერ დამაკავეს, სტრასბურგმა ორჯერ გამამართლა, ამ მხრივ ნამდვილად რეკორდსმენი ვარ. აქედან გამომდინარე, რაღაც მსგავსი უნდა მენახა, რაც ახლა ხდება, მაგრამ ის, რაც ივანიშვილმა იკადრა, არავის უკადრია.
ივანიშვილმა და მისმა თვალთხარია მთავრობამ 21-ე საუკუნეში, შუაგულ თბილისში, ჟანგიანი კედლები აღმართეს. ეს ყველაფერი სიმბოლოა იმ კედლისა, რომელსაც „ოცნების“ ლიდერი ხალხსა და ხელისუფლებას შორის აშენებს.
მას იმედი აქვს, რომ 41 ყაჩაღი მაჟორიტარით და რობოკოპების დახმარებით ქვეყნის მართვას შეძლებს. მას მაჟორიტარულ-პოლიციური რეჟიმის დამყარება საქართველოში არ გამოუვა.
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალების“ მსგავსად მისი რეჟიმიც დამაპატიმრებს, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. გარეთ გამოვალ და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გავაგრძელებ. იგივეს გააკეთებენ სხვებიც, ვინც ამ რეჟიმმა დააკავა.
ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს, ამაში მისმა სამარცხვინო ინტერვიუმაც დამარწმუნა. ჟანგიან კედელზე მეტად ამ ინტერვიუმ გამაოცა.
_ მაგ ინტერვიუზე ცალკე გკითხავთ, მაგრამ ახლა ისევ შექმნილ ვითარებას დავუბრუნდეთ.
_ ქვეყანაში შექმნილი ვითარება პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის განცხადებებთან. ამ ინტერვიუს შემდე მინდა, მის ოჯახს ვთხოვო, რომ ბიძინა ივანიშვილს ლაპარაკი აუკრძალონ. ასე უფრო ნაკლებ აგრესიას დაიმსახურებს როგრც თავად „ოცნება“, ასევე _ მისი ლიდერი.
დიახ, ამ ადამიანის განცხადებებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. მან გვითხრა, რომ „ნაცების“ დაბრუნების საშიშროება არსებობს და ამიტომ მარადჟამს მას და მის „ოცნებას“ უნდა ვუყუროთ.
_ რა „ნაცების“ დაბრუნება, ივანიშვილი თავადაც „ნაცი“ არ იყო იმ „სისხლიანი ცხრა წლის“ მანძილზე?
_ „ნაცსაც“ „ნაცი“ ჰქვია, ეს მთავარი „ნაცი“ იყო. ის სააკაშვილს ხელისუფლების მთავარი დამფინანსებელი გახლდათ. „ნაციონალების“ გარდა ივანიშვილი სააკაშვილის ოჯახის წევრებსაც აფინანსებდა. ყოფილ ხელისუფლებას ივანიშვილის ოჯახის წევრებიც აქტიურად ეხმარებოდნენ.
_ ვინ და როგორ ეხმარებოდა ივანიშვილის ოჯახიდან „ნაციონალებს“?
_ ვინ ეხმარებოდა და მისი ძმა ადიკო. ის „ნაცმოძრაობის“ აგიტატორი იყო.
_ ეს როდის ხდებოდა?
_ 2008 წელს. მე მაშინ გაერთიანებული ოპოზიციიდან ოზურგეთის მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს. ადიკო ივანიშვილი იმ დროს აქტიურად უჭერდა მხარს როგორც „ნაციონალების“ კანდიდატს, ასევე თავად „ნაციონალურ“ მოძრაობას.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არჩევნების შედეგებია. იქ ნახავთ, რამდენი პროცენტი მივიღე დანარჩენ ოზურგეთში და რამდენი _ შეკვეთილში. დაბა შეკვეთილს ვინც აკონტროლებდა, კარგად მოგეხსენებათ.
„ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო ბიძინა ივანიშვილიც, ოღონდ, ადიკოსგან განსხვავებით, ის აქტიურ აგიტაციას არ ეწეოდა, თუმცა ჭორვილაში დადებული შედეგები ბევრ რამეზე მეტყველებს.
ივანიშვილი არ ყოფილა მხოლოდ „ნაცების“ დამფინანსებელი. აშკარაა, რომ მას ძალიან მოსწონდა ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.
_ რატომ გგონიათ, რომ მოსწონდა ის, რასაც „ნაციონალები“ აკეთებდნენ?
_ მე არაფერი მგონია. ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ მოსწონდა ის, რასაც სააკაშვილის პარტია აკეთებდა.
აქამდე ის კიდევ ცდილობდა, რომ მთლად „ნაციონალი“ არ გამხდარიყო და რაც შეიძლება, ნაკლებად გამოეყენებინა ძალა, მაგრამ ესეც გაუსხლტა ხელიდან. როცა კორუფციაში ხარ ჩაფლული, გინდა თუ არა, ძალის გამოყენება მაინც მოგიწევს _ ხალხის მოთმინება უსასრულო ნამდვლად არ არის.
ივანიშვილმა „ნაციონალებს“ რაც ცუდი ჰქონდა, ყველაფერი გადმოიღო და გაიმეორა, ზოგ შემთხვევაში, მათ გაასწრო კიდევაც.
არ შემიძლია არ დავუბრუნდე „იმედის“ ეთერში გასულ მის ინტერვიუს.
ადამიანმა, რომლის მეორე სახელი ტყუილია, თქვა, რომ ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს. ამტკიცებს, რომ მან ყველა დაპირება შეასრულა და მხოლოდ ერთი ჩაუვარდა _ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება.
არადა, მას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, ხალხს კი ბევრ რამეს შეჰპირდა, მათ შორის, სამართლიანობის აღდგენას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, კომუნალური ტარიფების განახევრებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ყველაზე მთავარი დაპირება მაინც სამართლიანობის აღდგენა იყო, ხალხმა სწორედ ამიტომ აირჩია 2012 წელს „ქართული ოცნება“. ივანიშვილმა არათუ სამართლიანობა არ აღადგინა, კიდევ მრავალი უსამართლობა ჩაიდინა, ამიტომაც მას მადლიერმა ქართველმა ხალხმა მესამე სახელად „უსამართლობა“ უწოდა.
ამ მატყუარა ადამიანის ყველა განცხადება თუ დაპირება პირიქით უნდა გავიგოთ. მაგალითისთვის: ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა, რომ საქართველოში ჰესების აშენების გამო ბუნება არ უნდა განადგურდეს.
მოვიდა თუ არა, ეგრევე გიგანტური ჰესების მშენებლობა დაიწყო. თანაც რისთვის? _ იმისთვის, რომ ბიტკოინები აწარმოოს და კიდევ უფრო გამდიდრდეს.
მის შეუსრულებელ დაპირებებზე საუბარი დიდ დროს წაიღებს. ცუდია, რომ ხალხი აქამდე მას ამაზე პასუხს არ სთხოვდა, მაგრამ ბოლოს გადაგდება ყველას ყელში ამოუვიდა და საყოველთაო პროტესტი მივიღეთ. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რომ თითქმის ყველა პარტია ერთ მაგიდასთან დასვა.
_ ამ ერთ მაგიდასთან მსხდომებს „ნაცებს“ რომ გეძახიან „ქოცები“, არ კომპლექსდებით?
_ მე როგორ უნდა დამაკომპლექსოს ამან? თერთმეტჯერ დამიჭირეს წინა ხელისუფლების დროს. როდესაც „ნაციონალებს“ ვებრძოდი, ივანიშვილი და „ოცნების“ წევრების დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავდა.
„ნაცი“ რომ არ ვარ, ეს იმითაც გამოიხატება, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრი ვარ. ამ პარტიის წარსული არანაირად არ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. კალაძე და ივანიშვილი კი იმაზე დიდი „ნაცები“ იყვნენ, ვიდრე ახლანდელი „ნაციონალები“ არიან.
დღეს შექმნილი ოპოზიციური ერთობა იმით არის ღირებული, რომ ეს ხალხი ბოლშევიზმის წინააღმდეგ გამოდის. თავის დროზე, შევარდნაძესა და მერე უკვე სააკაშვილს ვერ წარმოედგინათ, რომ ქვეყანა ბოლშევიკური მეთოდების გარეშე ემართათ. ამ გზას ადგას ბიძინა ივანიშვილიც. ბოლშევიზმში იგულისხმება საკონსტიტუციო უმრავლესობა და დიდი უმრავლესობა.
ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ივანიშვილი სახლში გავუშვათ თავის საპოლიციო რეჟიმთან ერთად და ამის პარალელურად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ბოლშევიზმი.
ბოლშევიკური მმართველობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ტრაგედია. ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ ღმერთის იმედად რჩება.
ღმერთის მწამს, მაგრამ ყოველთვის მის იმედად არ უნდა ვიყოთ, რაღაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ. ამას თავად ღმერთი გვეუბნება.
ეს რაღაც, რაც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ბოლშევიკური მმართველობა დავასრულოთ. საკონსტიტუციო ან დიდი უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვეღარასდროს უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.
_ არც ლეიბორისტული პარტია გინდათ, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით?
_ არ მინდა. საკონსტიტუციო ანდა დიდი უმრავლესობა არც ერთ პარტიას აღარ უნდა ჰქონდეს.
გამოსავალი ერთია _ ძალაუფლება რამდენიმე პარტიამ უნდა გადაინაწილოს. სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა ვერ დალაგდება და სულ ასე ვიქნებით.
იმ შემთხვევაში თუ პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები, ბოლშევიზმი დასრულდება და რამდენიმე პარტია პასუხისმგებლობას გადაინაწილებს. ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ხალხი ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულია და „ნაციონალების“ სახელის გამოყენებით ოპოზიციის დისკრედიტაცია აღარ მოხდება. სულ ტყუილად ამბობენ იმას, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყოო.
_ თქვენი აზრით, არ იყო შეცდომა?
_ შეცდომა როგორ არ იყო, მაგრამ ამაზე დრე უნდა ეფიქრათ. თავის დროზე ხალხი ამაშიც გადააგდეს, „ნაცების“ დასჯას შეჰპირდნენ და მათთან საერთო ენა გამონახეს. ახლა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებენ.
ამაზე ახლა ივანიშვილის მხრიდან საუბარი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მეტი არაფერი.
_ რატომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება? დანაშაული თუ აქვთ „ნაცებს“ ჩადენილი, არ უნდა დაისაჯონ?
_ მთელი ეს წლები რას ვითხოვდით? აბა, რისთვის აირჩია ქართველმა ხალხმა „ოცნება“? მათ პირობა მისცეს, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ, მაგრამ მაშინ სხვა გზა აირჩიეს, არავის მოსთხოვეს პასუხი.
მერვე წელი დაიწყო, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია და თუ ვინმეს დანაშაული ჩაუდენია, აქამდე უნდა დაესაჯათ, ახლა რაღაცების გახსენება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
პოლიტიკური ანგარიშსწორებაა იმაზე საუბარიც, რომ ვიღაცამ წინა ხელისუფლების დროს ფული მოიპარა და ახლა ამ ფულს არიგებენ. ჯერ ერთი, მაგასაც დამტკიცება სჭირდება და მეორე, _ რას აკეთებდა ამდენი ხნის მანძილზე „ოცნება“? რატომ არ გამოიძია ასეთი ფაქტები?
მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს, თუმცა ახლა ივანიშვილის მხრიდან „ნაციონალების“ ჩადენილ დანაშაულზე საუბარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად იქნება აღქმული, როგორც საქართველოში, ასევე _ საზღვარგარეთ. დასავლეთი ამას აუცილებლად მისცემს სათანადო შეფასებას.
_ დასავლეთის შეფასებები ამათ აშკარად არ აინტერესებთ.
_ ასე ვერ ვიტყოდი. მათთვის ჯერ კიდევ სულერთი არ არის, თუ რას იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
_ თუ ასეა, რატომ არ შეასრულეს მათთვისაც მიცემული პირობა, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა?
_ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ამას აუცილებლად მოყვება დასავლეთის რეაგირება. როდესაც აქ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ჩვენი პარტიის ლიდერს აშშ-ში მოუწია წასვლა. იქ მას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა კონგრესმენებთან.
ისიც ნიშანდობლივი იყო, რომ ამ ვიზიტის დროს დააკავეს შალვას ბიჭი, ბექა ნათელაშვილი. იგი მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ამერიკელები ამ ფაქტის შემდეგაც დარწმუნდებოდნენ, თუ რა რეჟიმის დამყარება სურს საქართველოში რუს ოლიგარქს.
_ ბექა ნათელაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მთლად სასაცილო მიზეზით დააკავეს, ისინი ზებრა გადასასვლელზე მოძრაობდნენ. ასეთი რამის გამო ვინ დაუკავებიათ?
_ აქამდე არავინ დაუკავებიათ, ახლა დააკავეს, რადგან ოლიგარქს ასე სურდა. ივანიშვილი ყველაფერზე ცდილობს კონტროლის დამყარებას, მათ შორის, ზებრა გადასასვლელებზეც უნდა მონოპოლიის აღება.
ეს ქვეყანა ხომ მიითვისა და ეტყობა, ზებრებიც კი აღარ ემეტება მოქალაქეებისთვის. ეს ხუმრობით, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.
ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ფაქტორზეც ვისაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და სხვისი ხელით ნარის კრეფას თავი დავანებოთ.
_ რას გულისხმობთ, იქნებ, უფრო გასაგებად გვითხრათ?
_ პოლიტიკური პარტიები ძალიან აქტიურები ვართ და ვითხოვთ, რომ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვინ შევა პარლამენტში და არა _ ბიძინა ივანიშვილმა. დიდი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ამ საკითხში ერთიანობას ვინარჩუნებთ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
საზოგადოებამაც თუ არ იაქტიურა, არაფერი გამოვა. რისთვისაც ახლა ვიბრძვით, ეს, პირველ რიგში, საზოგადოებას ეხება, ამიტომ ხალხი უფრო აქტიური უნდა იყოს, სხვისი ხელით ნარის გლეჯას კარგი შედეგი არ მოაქვს.
ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ შევა პარლამენტში და არა _ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ნახევარი პარლამენტი უკვე წინასწარ უზის ჯიბეში.
არჩევნები თუ შერეული სისტემით ჩატარდა, ჩათვალეთ, რომ 73 მანდატი ჯიბეში აქვს. მაჟორიტარულ არჩევნებს ყოველთვის ხელისუფლების მომხრე კანდიდატები იგებენ. ასე იყო სააკაშვილის და შევარდნაძის დროსაც. ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა. ამ სისტემის შეცვლა, პირველ რიგში, ხალხს უნდა სურდეს.
ივანიშვილის ზღაპრებმა მათ თავგზა არ უნდა აუბნიოს. ეს უკანასკნელი გვეუბნება, რომ თურმე სააკაშვილი ცუდად იქცეოდა და ახლა მისი ცუდად ქცევაც უნდა ავიტანოთ.
სააკაშვილი რომ ცუდად იქცეოდა, ამიტომაც შეცვალა ის ხალხმა. „ქართული ოცნებაც“ უნდა შეიცვალოს. და ივანიშვილმა აღარ უნდა დაგვამადლოს, რომ „ნაციონალები“ დაამარცხა.
_ მან დაამარცხა და აღარც თქვას?
_ ასე ნამდვილად არ ყოფილა. ის „ნაციონალების“ წინააღმდეგ მხოლოდ ერთი წელი იბრძოდა. ჩვენ სააკაშვილს ჯერ კიდევ მაშინ ვებრძოდით, როცა ივანიშვილი „ნაციონალებს“ აფინანსებდა.
ის ჩვენს ბრძოლას 2011 წლის შემოდგომაზე შემოუერთდა. იმის გამო, რომ ბევრი ფული ჰქონდა, ამ ბრძოლის სათავეში მოექცა, თორემ „ნაციონალების“ დამარცხებაში მასზე ნაკლები წვლილი არავის შეუტანია.
ხალხი აღარც იმას უნდა წამოეგოს, რომ თუკი „ოცნებას“ გადავირჩევთ, ხელისუფლების სათავეში „ნაცები“ მოვლენ. ეს არის სისულელე.
„ნაცების“ ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შანსიც კი არ არის და ასეთი შანსი რომც იყოს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გამუდმებით „ოცნება“ დავტოვოთ ხელისუფლებაში? სად გაგონილა, რომ „ნაცების“ დაბრუნების შიშით ივანიშვილი არ შევცვალოთ.
_ ეს მართლა არაფერში წერია. სხვა თუ არაფერი, ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს, _ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?
_ ასეა. ეს გამოთქმა ასე შეიძლება გავათანამედროვოთ, _ წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით არჩევნები ვის გაუუქმებია? რის გაკეთებასაც ახლა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ცდილობენ, სხვა არაფერია, თუ არა არჩევნების გაუქმება, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
კარგად მახსოვს, რას გვაბრალებდა წინა ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ვისაც „ნაციონალები“ არ მოგვწონდა, ყველანი პრორუსებად გამოგვაცხადეს.
ისინი ამბობდნენ, რომ თუ მათ არ ავირჩევდით, ხელისუფლებაში რუსეთუმეები მოვიდოდნენ. ახლანდელი ხელისუფლება ყველა მოწინააღმდეგეს „ნაცს“ ეძახის და ამტკიცებს, რომ მათ თუ არ ავირჩევთ, სააკაშვილი დაბრუნდება.
ეს არის სისულელე, მაგრამ ამას აქამდე „ოცნება“ კარგად იყენებდა. იმას არ დასჯერდნენ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ივანიშვილი აკონტროლებს, ახლა გადაწყვიტეს, ოპოზიციაც მის კონტროლს დაუქვემდებარონ.
_ რას გულისხმობთ?
_ კახა კალაძის სამარცხვინო განცხადებას. ამ ბატონმა უტიფრად გამოგვიცხადა, რომ თურმე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ოლქში რომელ პარტიას აქვს რეიტინგი და მან დააყენოს იქ მაჟორიტარობის კანდიდატი.
ასეთი რამე საქართველოში აქამდე არავის მოუსმენია. საქართველოში კი არა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ შუა აზიის რესპუბლიკებშიც არ ხდება. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ შუა აზიის ქვეყნები დემოკრატიით არ გამოირჩევიან.
იქაური ხელისუფლება კი აკონტროლებს ოპოზიციას, მაგრამ ამას ღიად არავინ აღიარებს, კალაძემ კი პირდაპირ თქვა, _ ჩვენ დავაკომპლექტებთ ოპოზიციასაცო. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთ რამეებზე ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკონ.
დღეს ქვეყანა მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომაც არის საჭირო საზოგადოების აქტიურობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს _ გააქტიურდით და სულ სხვის იმედზე ნუ იქნებით.
მომიტინგეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ყოფნა კარგი საქციელი არ არის. ნარი თუ მოსაგლეჯია, ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. სხვისი ხელით ნარის გლეჯის ტრადიცია წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის და მასზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
აშშ, ევროკავშირი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ისინი ბევრ რამეში დაგვეხმარნენ, მაგრამ რაც ჩვენი გასაკეთებელია, იმას არავინ გააკეთებს. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.
რამდენად უმტკივნეულოდ წავა ივანიშვილი ხელისუფლებიდან, ეს პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის აქტიურობაზე. ივანიშვილის უმტკივნეულოდ წასვლა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მით ნაკლებ ზარალს ნახავს როგორც ქვეყანა, ასევე თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე.
_ ბევრისგან გამიგონია, რომ აქციაზე მისვლა მინდა, მაგრამ იქ „ნაცები“ და რუსეთუმეები დგანან. მათ რას ეტყვით?
_ ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ აქციაზე არ გამოვიდნენ. ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ჩემზე უფრო ანტინაციონალი და ანტირუსი იშვიათია, მაგრამ მე იქ ვდგავარ. იქ ვარ იმიტომ, რომ დღეს ასე სჭირდება ჩემს ქვეყანას.
ამ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ოპოზიციას ერთიანი ბლოკი არ შეუქმნია, ისინი მხოლოდ ერთ რამეში არიან ერთიანი _ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ადამიანებს საშუალება აქვთ, უარი უთხრან „ქართულ ოცნებასაც“, „ნაციონალებსაც“, პრორუსულ პარტიებსაც და კიდევ ბევრს.
მხოლოდ არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, რომელიც უკვე დიდი ხანია, სააკაშვილისგან არაფრით განსხვავდება.
„ქართული ოცნება“ აუცილებლად ჩაბარდება წარსულს. რამდენად მალე და უმტკივნეულოდ მოხდება ეს, საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

შორენა მარსაგიშვილი