რაში ხარჯავს მილიონებს და მერე აქრობს მის ნაწილს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა დასკვნები სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ. პოპულარული ენით რომ ვთქვათ, აღნიშნული უწყება ბიუჯეტის სადარაჯოზე დგას. ვენის კონვენციის თანახმად, მსგავსი სახის შემოწმებები აუცილებელია კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

დღეს, შეიძლება, სასაცილოდ ჟღერს, როდესაც კორუფციისგან თავისუფალ სივრცეზე ვსაუბრობთ. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებებსა და დასკვნებს არც პარლამენტი და არც მთავრობა არ ითვალისწინებს. პრინციპში, აღარავის სცალია მათ არათუ შესასრულებლად, არამედ გასაცნობადაც კი.
„ქრონიკა+“ ამ პუბლიკაციაში ორ უწყებას შეეხება _ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მოკლედ ვიტყვით _ მილიონებზეა საუბარი!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობას. სამინისტროს შემადგენლობაში შედის ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს 72 დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და ა. შ. საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს. დაფინანსების მოცულობების განსაზღვრა ხორციელდება ორი ვალუტის _ ევროსა და აშშ დოლარის მიხედვით. 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტიდან მიღებულმა დაფინანსებამ 143 707 086 ლარი შეადგინა.
კონკრეტულად რაზე დაიხარჯა, უფრო სწორად, გაიხარჯა მილიონები?

უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა

უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრზე რიცხული შენობა-ნაგებობები ფორმა #4-ის ნაცვლად შეცდომით ასახულია ფორმა #2-ში, კონსოლიდირებული ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში. შედეგად, „გრანტების“ ანგარიში 6 802 306 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი (ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ და ქვემოთ ექვსნიშნა ციფრებზეა საუბარი). კონსოლიდირებულ ფორმა #2-ში „საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის“ ანგარიშზე სამინისტროს კონტროლირებული სსიპ-ების მიერ მიღებული დარიცხული შემოსავლის ნაცვლად, შეცდომით ასახულია საკასო შემოსავლები, რის გამოც „სხვა შემოსავლების“ ანგარიში გაზრდილია 108 011 ლარით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგი გაზრდილია 6 933 616 ლარით.
რაც შეეხება დიპლომატიურ მისიებს. დიპლომატიური დაწესებულებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების გამოყოფა ხორციელდება მხოლოდ „საქონელი და მომსახურების“ მუხლით, ანუ დიპდაწესებულებების მიერ გაწეული ყველა ხარჯი კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებით ასახულია „საქონელი და მომსახურების“ ანგარიშზე, მაშინ როდესაც გაწეულია ისეთი ტიპის ხარჯებიც, რომელიც საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით „სხვა ხარჯებს“ განეკუთვნება. ამ დროს მათ შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებებში. შედეგად, ანგარიში გაზრდილია 4 505 865 ლარით.
დიპლომატიური დაწესებულებების ბალანსზე 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა 6 510 343 ლარის დებიტორული დავალიანება, საიდანაც 614 570 ლარის მოთხოვნების რეალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროში არ მოიპოვება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ბალანსზე „მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშზე აღრიცხულია საელჩოს კუთვნილი შენობის მომსახურე კომპანიისთვის 2013-2017 წლებში წინასწარ გადახდილი თანხებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს ავანსად მიღებული თანხის შესაბამისი მომსახურება გაწეული ჰქონდა, დებიტორული დავალიანების ჩამოწერა არ განხორციელებულა. შედეგად, ნაშთი 287 282 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კერძოდ _ ვენის კონვენციით, დიპლომატიური დაწესებულებები განთავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, მაგრამ დიპდაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა იბეგრება გადასახადით, რომლის დაბრუნება შემდგომ პერიოდში ხორციელდება.

UNESCO

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დიპლომატიურ დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით. რეკომენდაცია გათვალისწინებულია მხოლოდ 10 დიპდაწესებულების მიერ, მაშინ როდესაც უკან დაბრუნებადი გადასახადები აქტივად აღრიცხული უნდა ჰქონოდა 44 დიპდაწესებულებას. სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში „ვალდებულებების“ ანგარიშზე არ არის ასახული 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით UNESCO-ს მიმართ რიცხული 3 833 783 ლარის
დავალიანება, საიდანაც გრძელვადიანი ვალდებულება შეადგენს 3 244 930 ლარს, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულება _ 588 853 ლარს. შედეგად, 3 833 783 ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი „კრედიტორული დავალიანების“ საბოლოო ნაშთი. დიპდაწესებულებების ბალანსზე 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა 922 623 ლარის კრედიტორული დავალიანება, საიდანაც 72 016 ლარის დავალიანების რეალობის დამადასტურებული დოკუმენტაცია სამინისტროში არ მოიპოვება.
საქართველოს საელჩო აშშ-ში

სამინისტროს 2018 წლის „გრძელვადიანი ვალდებულებების“ ანგარიშზე ასახულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ბალანსზე რიცხული, ფინანსური იჯარით წარმოქმნილი 324 083 ლარის ვალდებულება. „გრძელვადიანი ვალდებულების“ საბოლოო ნაშთი გაზრდილადაა ნაჩვენები 162 042 ლარით.

უნგრეთში საქართველოს საელჩო და ვატიკანი

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში გაზრდილად არის ნაჩვენები 21 184 ლარის „კრედიტორული დავალიანება“, საიდანაც 10 438 ლარის დავალიანება აღრიცხული უნდა იყოს „მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშზე, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოთხოვნას ავანსად გაცემული სახსრებით, ხოლო 10 745 ლარის დავალიანება წმინდა საყდართან (ვატიკანში) და უნგრეთში საქართველოს საელჩოების მიერ 2018 წელს ბუღალტრული აღრიცხვა არ მიმდინარეობდა სპეციალიზებული საბუღალტრო აღრიცხვის სისტემით, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების რისკს. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება კონსოლიდირებულ ფორმა #2-ში „საქონელი და მომსახურების“ მუხლზე ასახული 1 926 230 ლარის ხარჯების წარმოშობაზე, სისრულეზე, სისწორეზე, დროში გამიჯვნაზე, კლასიფიკაციასა და წარდგენაზე.

საქართველოს საელჩო პორტუგალიაში

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვა მიმდინარეობდა #429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შეუსაბამოდ. არასწორი და არათანმიმდევრული აღრიცხვის გამო ბუღალტრული ინფორმაცია წარმოდგენილია მნიშვნელოვანი უზუსტობებით და არსებითი თანხებით არ ედრება საელჩოს 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ შესაბამის მონაცემებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის ბალანსზე არასწორად დარიცხული ცვეთის შედეგად, ნაერთი ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში (ფორმა #2) „ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ 311 863 ლარით გაზრდილად არის ნაჩვენები, ხოლო კონსოლიდირებულ ფორმა #1-ში „ძირითადი აქტივების“ საბოლოო ნაშთი გაზრდილია 80 005 ლარით. პორტუგალიასა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი ცვეთის დარიცხვის უწყისი არ შეიცავს ინფორმაციას აქტივების ისტორიულ ღირებულებაზე. შედეგად, აუდიტის სამსახურმა ამაზე ვერ მიიღო რწმუნება. 2018 წელს სამინისტროში შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 9 352 998 ლარიდან, 21-მა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 7 960 937 ლარი (85%), პრემიამ _ 23 650 ლარი (0.5%), ხოლო სახელფასო დანამატმა _ 1 368 411 ლარი (14.5%). სამინისტროში 2018 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე გეგმით განსაზღვრული 759 ერთეულიდან, ფაქტობრივად, დასაქმებული იყო 709 თანამშრომელი (93%), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა გეგმით გათვალისწინებული რიცხოვნობა 468 ერთეულს შეადგენდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ფრანგული კომპანია POMA

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2016 წლიდან განკარგავს „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების“ პროექტს, რომლის მშენებლობაც ფინანსდება საფრანგეთის მთავრობის სესხით. პროექტის შემსრულებელია ფრანგული კომპანია POMA.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ შეადგინა 11 825 492 ევრო, რომელიც ხელშეკრულების პირობის შესაბამისად წარმოშობილია საფრანგეთის მთავრობის მიერ კონტრაქტორის მიმართ განხორციელებული პირდაპირი გადახდებით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას პროექტის ფარგლებში კონტრაქტორისგან მიღებული აქვს არა 11 825 492 ევროს, არამედ 10 825 001 ევროს სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, რაც ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში კომპანია POMA-ს მიმართ წარმოშობს 1 000 492 ევროს მოთხოვნას. აუდიტის პროცესში აღნიშნული მოთხოვნა მესამე პირის დასტურის წერილით ვერ დადასტურდა, რადგან კომპანია POMA ქართული მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შესრულებულად მიიჩნევს და არ აღიარებს ფონდის მოთხოვნას. მიუხედავად დაკისრებული ფუნქციისა, კომპანია POMA-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ფონდს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადგენას.

აზიის განვითარების ბანკის პროექტი ფოთში

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ფოთში განახორციელა კანალიზაციის სატუმბი სადგურებისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომლის საფუძველს წარმოადგენს ფოთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული პროექტის საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებებით ფოთის მუნიციპალიტეტს ფონდის მიმართ წარმოეშვა სასესხო დავალიანება, რომლის ნაშთი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4 057 004 ლარს და წარმოადგენს ვადაგადაცილებულ მოთხოვნას.
სესხის გადახდაზე მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა, ვინაიდან პროექტის შედეგად მიღებული აქტივი მთავრობის განკარგულებით გადაეცა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი აღარ არის აქტივის განმკარგველი. აღსანიშნავია, რომ ფონდის შემოსავლები და მის მიერ სხვა პროექტების განხორციელება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტების მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებებით აღებული სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე. აღნიშნულ საკითხზე აზიის განვითარების ბანკის პროექტების ადგილობრივი მმართველისგან ფონდს მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება, რათა საკითხი დროულად გადაწყდეს და მუნიციპალიტეტმა უპირობოდ შეასრულოს ფონდის წინაშე სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხი დღემდე მოუგვარებელია. შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა შესაფერისი მტკიცებულებები ვადაგადაცილებული მოთხოვნის მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი ვერ ასკვნის, რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული თანხები აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კუთვნილი თანხა

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლში ასახული იყო ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 2 449 789 ლარი, რომელიც წარმოადგენდა ექსპროპრიაციის წესით მიღებული ქონების ღირებულებას. აქედან 1 283 360 ლარი იყო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისთვის“ ასანაზღაურებელი თანხა. გამოვლინდა, რომ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ კუთვნილი თანხა მიღებული ჰქონდა 2017 წლის 30 მარტს და, შესაბამისად, ფონდის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლი არასწორად იყო გაზრდილი 1 283 360 ლარით.
აუდიტის პერიოდში სახელმწიფო აუდიტორებმა ფონდს აცნობეს ზემოაღნიშნული უზუსტობის შესახებ. საპასუხოდ, ფონდმა დააკორექტირა „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ მუხლი და წარადგინა დაზუსტებული ფინანსური ანგარიშგება.

ამხანაგობა „დაგი-სკი“

ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში გაორმაგებულად არის ასახული ამხანაგობა „დაგი-სკის“ მიმართ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები, ჯამურად: 103 964 ლარით, რის გამოც აღნიშნული მუხლი არასწორად არის გაზრდილი ამავე ოდენობის თანხით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ არც ერთ უწყებაში არ არის შემუშავებული და დანერგილი ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა. აღნიშნული პოლიტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ინსტრუქციას შემდეგი საკითხების აღრიცხვის შესახებ: უიმედო ვალები, მოძველებული მატერიალური ფასეულობები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები, ცვეთად აქტივებზე გაწეული დანახარჯები და სხვ. სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება ორგანიზაციაში აღრიცხვის თანმიმდევრულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თამარ როსტიაშვილი