ოთარ კვირიკაშვილი: „ოცნებამ“ პატრიარქს სთხოვა, ივანიშვილი დაელოცა“

საპატრიარქომ კვლავ გაგვაოცა და გიორგობა ბიძინა ივანიშვილის დალოცვით მოგვილოცა. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ივანიშვილი სამების აშენებისთვის დალოცა, თითქმის ყველა ეპისკოპოსი შეუერთდა ამ ლოცვა-კურთხევას. ამ დალოცვამდე რამდენიმე დღით ადრე პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრიდან განაცხადა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეს ოპოზიციის მხარდაჭერად შეფასდა და „ოცნება“ გადაირია.
გადარეული „ოცნება“ გიორგობა დღეს დაშოშმინდა, _ მათი ლიდერი დალოცვილია, საზოგადოება კი ეჭვებშია ჩავარდნილი. ეს ეჭვი სრულიად ლეგიტიმურია, რადგან ჩვენში როდესაც ოპოზიცია აქტიურდებოდა, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა, პატრიარქის ანდა სხვა მაღალი იერარქების მხარდაჭერა-დალოცვა მიეღო.

რატომ დალოცა კიდევ ერთხელ პატრიარქმა ივანიშვილი? რაზე გაუნაწყენდა მას „ოცნების“ ლიდერი? უშველის თუ არა მმართველი პარტიის რეიტინგს ეკლესიის ლოცვა-კურთხევა? რატომ აღარ აკომპლექსებს ხალხს „ნაციონალების“ გვერდით დადგომა? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება:

_ გიორგობა დღეს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა, რასაც პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ამ დალოცვას თქვენც გამოეხმაურეთ და ის ერთგვარ პოლიტიკურ აქტად შეაფასეთ. ისიც კი იკითხეთ, _ დღეს გიორგობაა თუ ბიძინობააო?
_ სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, პატრიარქის მიმართ ჩემს დიდ პატივისცემას დავაფიქსირებ. არ მინდა, მასზე უარყოფითი ვთქვა. არც იმის სურვილი მქონია, რომ გიორგობა დღეს რაიმე პოლიტიკური სტატუსი დამეწერა, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ვეღარ გავიგე, 23 ნოემბერი გიორგობა იყო თუ ბიძინობა?
სამებაში, პატრიარქიდან დაწყებული ეპისკოპოსებით დამთავრებული, ყველა ივანიშვილს ლოცავდა. მესმის, რომ ხელისუფლებას უჭირს და საპატრიარქომ მათი დახმარება გადაწყვიტა. ასე ეხმარებოდა ხოლმე წინა მთავრობებსაც ეკლესია, როცა მათ უჭირდათ.
ზოგჯერ ეს ხალხზე ჭრიდა, მაგრამ ახლა ხალხი ისეა ხელისუფლებაზე გაბრაზებული, არა მგონია ამ დალოცვამ გაჭრას. თუმცა ხალხის გარკვეულ კატეგორიაზე ეს მაინც იმოქმედებს.
_ რა კატეგორიაზე იმოქმედებს?
_ იმ კატეგორიაზე, ვისაც არ უნდა პროტესტის გამოხატვა და საბაბს ეძებს, რომ გაბრაზებული ხალხის გვერდით არ მოუწიოს დადგომამ. ახლა იტყვიან, პატრიარქმა ერთმანეთის გვერდით დადგომისკენ მოგვიწოდა და სიტუაციას ნუღარ დავძაბავთო.
არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებმა ილია მეორეს სთხოვეს, საჯაროდ დაელოცა ბიძინა ივანიშვილი. ამ დალოცვას ერთი საინტერესო ამბავი უძღოდა წინ. ამ ამბის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, რადგან გადმოცემით ვიცი:
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა თქვა, სამება მრევლმა ააშენა. მას ივანიშვილის გვარი არ უხსენებია. ივანიშვილს ეს ამბავი მიუტანეს, რაც მას ძალიან ეწყინა.
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დალოცვა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩაზუსტება. პატრიარქმა ჩააზუსტა, რომ სამების აშენებაში ივანიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
_ ეს მართლაც ასე იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა სამების აშენებაში.
_ კი ბატონო და ამიტომაც ჩააზუსტა პატრიარქმა. თანაც ზედმეტად აღარ აეჭვიანა „ოცნების“ ლიდერი.
_ ბიძინას ეჭვიანობა ვახსენეთ და პოლიტიკაზეც გადავიდეთ. როგორც ამბობენ, ის ძალიან ეჭვიანია. ირაკლი ალასანიას იმ ცნობილი სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაეკიდა; ახლა ამტკიცებენ, რომ თალაკვაძემ აგინა და ამის ჩანაწერიც არსებობს. თქვენი აზრით, გაიზიარებს თუ არა თალაკვაძე ალასანიას ბედს?
_ ეს ამბავი რომ გავიგე, მეც ვიფიქრე, რომ თალაკვაძე ალასანიას ბედს გაიზიარებდა. ძნელი სათქმელია, აგინა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ „ოცნების“ ლიდერს სინამდვილეში, მაგრამ ივანიშვილისთვის ეს ჭორიც საკმარისია.
ამ აქციებმა რადიკალური სახე თუ არ მიიღო და არჩევნებამდე კიდევ დარჩა „ოცნება“ ხელისუფლებაში, რამდენიმე თვეში შეიძლება, თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წასვლა მოუწიოს.
კი ითვლება, რომ თალაკვაძე პარლამენტის სპიკერია, მაგრამ ეს „ოცნების“ ლიდერისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. მას გაცილებით ძლიერი მოთამაშეები ჩამოუშორებია.
_ ივანიშვილი დღესვე გადააყენებს თალაკვაძეს, თუ მოინდომა, მაგრამ რამდენიმე თვეში ორი სპიკერის გადადგომა საეჭვო არ იქნება?
_ ივანიშვილს ეს არ აინტერესებს. საჭიროდ თუ ჩათვალა, თანამდებობას დაატოვებინებს. ბევრი მაგნაირი ჰყავს მოცილებული. „ოცნების“ ლიდერი თავის ქვეშევრდომებს ჭანჭიკებად იყენებს და პიროვნებებად საერთოდ არ მიიჩნევს.
ვისაც რაიმე დამოუკიდებლობისა და პიროვნულობის განცდა კიდევ ჰქონდა შემორჩენილი, ყველამ დატოვა „ქართული ოცნება“ _ ზოგი პარლამენტიდანაც კი წავიდა. ცნობილი ფაქტია, რომ ვინც „ქართულ ოცნებაში“ შედის, პიროვნულობას კარგავს. ეს განსაკუთრებით ბოლო ხანებშია თვალში საცემი.
მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის მატარებელი იქნება ამ პარტიის წევრი _ ყველა ერთია. უმჯობესია, ბიძინა ივანიშვილს ისინი დანომრილი ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის და მათ ნომრებით მოიხსენიებს. ეს ადამიანი თანაგუნდელებს არაფრად აგდებს.
_ თუ თალაკვაძე მას მართლა იმ სიტყვებით მოიხსენიებდა, რასაც ამბობენ, ე. ი. ივანიშვილს არც თანაგუნდელები აგდებენ რამედ.
_ ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილს არაფრად აგდებენ. გემს, რომელზედაც დღეს „ოცნება“ იმყოფება, ჯერ ისევ ივანიშვილი აკონტროლებს.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ვიღაცა მონა მაჟორიტარებმა მას ამბოხება მოუწყვეს და საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება გაბედეს.
_ ეგ არც მე მჯერა და ამაზე არც გეკითხებით.
_ მაჟორიტარები ვერაფერს გადაწყვეტენ, მაგრამ არის კლანები, რომლებსაც რაღაც გავლენები აქვთ. მაგალითად, კალაძისა და გახარიას კლანები. ორივე კლანი საკმაოდ ძლიერია და ორივე კლანს ეთქმის თავისი სიტყვა.
_ ისე, როგორც ამბობენ, კალაძის კლანმა დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩაეგდოთ. თქვენ ამაზე თუ გსმენიათ რამე?
_ ეს ინფორმაცია მეც გავიგე. რამდენადაც ვიცი, დარწმუნებაში თალაკვაძეც მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია აზრს მოკლებული არ არის. ბიძინა საარჩევნო ტექნოლოგიების მცოდნე არ გახლავთ და ბუნებრივია, თავის ჭანჭიკების პოზიცია გაითვალისწინა. ფაქტობრივად, დაუჯერა კალაძეს.
_ საარჩევნო ტექნოლოგიებში არც კალაძე უნდა ერკვეოდეს.
_ არც კალაძე ერკვევა. მან, თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის რჩევა გაითვალისწინა. დარწმუნდა რა, რომ პროპორციული სისტემა უნდა ჩავარდნილიყო, მივიდა ბიძინასთან და დაარწმუნა, ასე მოქცეულიყვნენ.
ივანიშვილს ეტყოდნენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათთვის ძალიან წამგებიანი იქნებოდა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა „აირაის“ კვლევები, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ოცნებას“ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს.
შიდა კვლევები მათაც ექნებოდათ ჩატარებული და სხვებზე კარგად იციან, რა რეიტინგიც აქვთ. გადათვალეს, გადმოთვალეს და გადაწყვიტეს, რომ მათთვის შერეული სისტემის დატოვება აუცილებელი იყო.
_ იმაზე არ იფიქრეს, რომ ამას ხალხის პროტესტი მოყვებოდა?
_ მათი გათვლებით აქციები იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში საპროტესტო მუხტი ჩაცხრებოდა. ხშირად ტრაბახობენ, რომ ბიძინას მაგრად შეუძლია გათვლის გაკეთება, მაგრამ ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მათ ლიდერს არც ისე კარგად გამოსდის, თურმე, ეს საქმე.
თავიანთი გადაწყვეტილებით ისეთი პროტესტი გამოიწვიეს, რომ შერეული სისტემით ჩატარებული არჩევნებითაც კი შეიძლება სავალალო შედეგი დაუდგეთ.
_ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, თავის დროზე, შერეული სისტემით წააგო არჩევნები შევარდნაძემ 2003 წელს და 2012 წელს კი მიხეილ სააკაშვილმა.
_ ესენიც წააგებენ. ხალხს უკვე მათი დანახვა აღარ უნდა. ამის მიუხედავად, ეს საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ მახინჯი სისტემაა და ხალხის განწყობას არ ასახავს.
მაგალითად, ერთმა პარტიამ არჩევნებზე 95% აიღო და მეორემ _ 5%, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყველა ოლქში თავისი მაჟორიტარი გაიყვანა, _ ეს მეორე პარტია იქნება უმრავლესობაში. 95%-იანი პარტია კი უმცირესობაში აღმოჩნდება.
აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად არის აცდენილი ეს სიტუაცია რეალობას. ყველა არჩევნებზე მოგებული პარტია მინიმუმ 200.000=300.000 ხმას მაინც იტაცებს. პირადად ჩემი აზრი თუ ვინმეს აინტერესებს, მე მაჟორიტარული სისტემა მირჩევნია.
_ რატომ გირჩევნიათ ეს სისტემა?
_ იმიტომ, რომ პოლიტიკოსისთვის სპორტული ჟინი უფრო მაჟორიტარულს აქვს, ვიდრე პროპორციულს.
ამ ეტაპზე ქვეყანას სჭირდება, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და მეც ამ სისტემაზე გადასვლას ვუჭერ მხარს.
_ ახლა თქვენს პარტიაზე ვისაუბროთ: პარტიის ლიდერი ციხეში გყავთ, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიტპატიმრის სტატუსს მიანიჭებენ და ამ დროს ვიგებთ, რომ მას ახალი ბრალი წაუყენეს _ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა. ამას რით ახსნით?
_ ძალიან ცუდია, რაც ირაკლის გაუკეთეს, მაგრამ ამაშიც არის რაღაც დადებითი. „ქართული ოცნება“ სულ მალე დასრულდება და ოქრუაშვილი ციხიდან როგორც გმირი, ისე გამოვა.
სხვა საკითხია, თუ რატომ დაიჭირა ივანიშვილმა ეს ადამიანი. მის დაკავებას „რუსთავი 2-ის“ საქმესა და „გავრილოვის ღამეს“ უკავშირებენ, მაგრამ მე სულ სხვა რამ მგონია მიზეზი.
უნდა ვინმეს თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ ირაკლი არის ფიგურა. პოლიტიკაში მისი გამოჩენის შემდეგ ივანიშვილს მოესპო ის ორპოლუსიანი სამყარო, რომელიც მან შექმნა. ამ სამყაროში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“ იყვნენ.
ოქრუაშვილმა ეს ბალანსი დაარღვია. დაბრუნდა თუ არა საქართველოში, ისეთი თემები ააგორა, რომ ყველა მხოლოდ მასზე და ბიძინაზე ლაპარაკობდა. ისე წავიდა საქმე, რომ ირაკლი მესამე პოლუსი გახდა.
ბიძინა კი სულ სხვა თამაშს არის მიჩვეული. საფეხბურთო ენაზე უფრო კარგად ავხსნი: ბავშვები რომ თამაშობენ ფეხბურთს და ერთმანეთს გაუგორ-გამოუგორებენ ბურთს. მას ყველაფერი მიშაზე ჰქონდა აწყობილი. მასთან ერთად აგორებდა ბურთს.
ბიძინას მიხეილ სააკაშვილისგან შექმნილი ჰყავდა ბუა, რომლითაც არჩევნების წინ საკმაოდ წარმატებულად აშინებდა ამომრჩეველს.
ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მას სურდა. ამ დროს ასპარეზზე ირაკლი გამოჩნდა, რომელიც მისთვის კომფორტული მოწინააღმდეგე არ იქნებოდა. მას ვერც 7 ნოემბრის დარბევას დააბრალებდა ვინმე და ვერც _ 26 მაისის სისხლიან სპეცოპერაციას.
დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ის ხალხი, ვისაც „ოცნება“ არ უნდოდა, მაგრამ მიშას დაბრუნებაც არ სურდა, ოქრუაშვილის მხარეს წავიდოდა. მისი სახით ივანიშვილი სერიოზულ ძალას მიიღებდა. სამპოლუსიან სამყაროში კი ივანიშვილმა მოქცევა არ იცის. ისევ ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვა, 4 და 5 კაცში ბიძინა კვადრატს ვეღარ ითამაშებდა. ჰოდა, აირია ეს კაცი და ამიტომ დააჭერინა ირაკლი ოქრუაშვილი.
მას რამდენიმე პოლუსიანი სამყარო აშინებს და ამიტომ გადააგდო ხალხი და ჩააგდებინა თავის მონებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი. პროპორციული სისტემით თუ ჩატარდა არჩევნები, ორპოლუსიანობა სრულად მოისპობა.
ჯერჯერობით კიდევ გამოსდის ხალხის დაბოლება და გატუტუცება. ხალხის დაბოლებას ისახავდა მიზნად ის თემაც, რითაც საუბარი დავიწყეთ. პატრიარქს ივანიშვილს გარემოცვამ სთხოვა, რომ „ოცნების“ ლიდერი დაელოცა.
_ ივანიშვილის გარდა პოლიტიკაში ოქრუაშვილის შემოსვლა არც ოპოზიციის დიდ ნაწილს გაუხარდა. რამდენიმე კვირის წინ თქვენს თანაპარტიელ მიშა კაჭკაჭიშვილთან ჩავწერე ინტერვიუ. იქ მიშა ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ ევაჭრება „ოცნებას“, რომ ოქრუაშვილი ციხიდან არ გამოუშვან. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ასეა. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც მიდის „ოცნებასთან“ ამ თემაზე მოლაპარაკებები. ბოლო დღეებში დაიწყო ოპოზიციამ საუბარი, რომ ირაკლი პოლიტპატიმარია, თორემ მანამდე ამ ადამიანს საერთოდ არ ახსენებდნენ. მთელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ისე გავიდა, ირაკლი არავის უხსენებია.
ცნობილი ტელეჟურნალისტებიც ცდილობდნენ, ერთი პერიოდი, ირაკლის სახელის მიჩქმალვას. სამაგიეროდ, ახლა გახდა მოდური იმის თქმა, რომ ირაკლი პოლიტპატიმარია. ეს იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური პროცესები რადიკალური გახდა და ასეთ დროს ოქრუაშვილს თუ არ ახსენებენ, თავადვე ბანძდებიან.
ქვეყანაში ისეთი პროცესები მიდის, რომ ოპოზიციას არ გავაკრიტიკებ, ახლა ერთიანობა გვჭირდება, მაგრამ ერთ რამეზე გამოვხატავ ჩემს პოზიციას, _ ხშირად ოპოზიცია არათანმიმდევრულია.
ჩემი აზრით, აქციებზე არ არის საჭირო, ისეთმა ადამიანებმა თქვან სიტყვა, ვისაც ხალხი არ მოუსმენს. ისინი დროებით უკანა პლანზე უნდა გადავიდნენ. ამ დროს ლექსი და სიმღერა ხომ საერთოდ უადგილოა.
_ ბოლო პერიოდში სიმღერისა და ლექსებისთვის ოპოზიციას ნამდვილად აღარ სცალია, სულ აქეთ-იქით დარბის.
_ ახლა მართლა კარგად მოქმედებენ. ძალიან მომწონს დაბოქლომება. კარგი და მისასალმებელია, რომ ოპოზიციამ პიკეტირებასაც მიმართა. კანონის ჩარჩოებში რაც ჯდება, ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ.
ასეთი აქციებით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს _ მმართველი პარტია ვეღარ გაძლებს. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში „ოცნება“ ჩამოინგრევა.
_ თავად ამბობენ, ძალიან მყარად ვდგავართო.
_ 2003 წელსაც ასე მყარად იდგა შევარდნაძე. „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე თქვა საჯაროდ, _ მანამდე არ აგიდგათ გვერდები, სანამ მე არ გადავდგებიო და კი გადადგა მესამე დღეს. ასეთივეა „ქართული ოცნების“ სიმყარეც.
არც ისაა გასაკვირი, თუ ხელისუფლება ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. დიალოგიც აუცილებელია, მაგრამ ეს სხვა აქტივობების ფონზე უნდა მოხდეს.
კანონის ჩარჩოებიდან არ უნდა გავიდეთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხელისუფლება შევარყიოთ. მერე თავად ჩამოიშლებიან და ამას ბევრი აღარ უკლიათ. ამათი ხელისუფლების სათავეში დატოვება უკვე აღარ შეიძლება.
ბიუჯეტის ფულებს რომ ჭამენ და იტყუებიან, ამას უკვე მივეჩვიეთ. სამწუხაროდ, აღარც ის ადარდებთ, საქართველოში რა ხდება. ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების წინაშეა და ამ დროს პარლამენტის სპიკერმა დაჰკრა ფეხი და დასასვენებლად კომოს ტბაზე გადაფრინდა.
_ ისე დაისვენა ჩვენმა მტერმა, როგორც თალაკვაძემ დაისვენა, იმავე დღეს უკან გადმოფრენა მოუწია.
_ ძალიან კარგია, რომ ასე დამთავრდა მისი არდადეგები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მან ამ დაძაბულ სიტუაციაში დასასვენებლად და გასართობად გამონახა დრო.
ან კალაძე სად მირბოდა იტალიაში? ვითომ ნაძვის ხე და სათამაშოები უნდა დაეთვალიერებინა, რომელიც იტალიაში შეუკვეთა. ეს ადამიანი, ბოლო პერიოდში, რაღაც ძალიან არაადეკვატური გახდა.
სხვებიც არაადეკვატურები არიან, საოცარ შეფასებებს ვისმენთ მათგან. ასე მგონია, კარგად ხვდებიან, რომ უკვე ჩამოშლილები არიან და სიმწრით ლაპარაკობენ სისულელეებს. _ „ოცნების“ ლიდერები თუ რიგითი წევრები მართლა საოცრებებს ამბობენ, მაგრამ ირაკლი კობახიძეს ამ ამბავში ვერავინ შეედრება…
_ კობახიძეზე კომენტარის გაკეთება არ არის ადვილი. ასე მგონია, რომ ეს ბიჭი ბოღმით არის სავსე და როგორც კი საშუალება ეძლევა, ამ ღვარძლსა და ბოღმას ანთხევს. ძალიან შორს წავიდა და დროა, რაღაც დონეზე დამაწყნარებელი თერაპია ჩაიტაროს. კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ლანძღვას შეეშვება და საკუთარ თავს მიხედავს.
_ პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი სტაჟის მიუხედავად, ჯერ ისევ ახალგაზრდა ხართ და როგორ რეაგირებთ „ოცნების“ მხარდამჭერების მოწოდებებზე? ისინი ახალგაზრდებს ამუნათებენ, „ნაცების“ გვერდით ნუ დადგებით, რადგანაც უღირსებთან დგომით თავადაც კარგავთ ღირსებასო.
_ ასეთი მოწოდებები უკვე აღარ ჭრის. ამ მოწოდებით შეიძლება ის ხალხი გადაიბირონ, ვისაც გონება დაბნელებული აქვს. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია _
2006 წლიდან მოყოლებული „ნაციონალებს“ ვებრძოდი და აქცია არ გამომიტოვებია, მაგრამ როდესაც „ოცნება“ უარესად იქცევა, რატომ არ უნდა გამოვხატო პროტესტი? ხალხის დასაკომპლექსებლად ასეთი ფრაზა ამოიჩემეს, _ „ნაციონალებთან“ როგორ დგახართო? იქნებ, „ნაციონალები“ დგანან ჩემ გვერდით.
მე მივდივარ და ჩემს გასაპროტესტებელს ვაპროტესტებ. სიმართლე გითხრა, სულ არ მაინტერესებს, ვინ დადგება ჩემ გვერდით. ასე თუ ვიფიქრე, ქუჩაშიც არ უნდა გავიდე, იქნებ, „ნაციონალი“ დადის ქუჩაზე.
_ მაგ ლოგიკით, სტადიონზე ვერ უნდა წავიდე, _ გიგი უგულავა ნაკრების თამაშს არ აცდენს.
_ ასე გამოდის. ამიტომაც აღარ ჭრის ეგ მოწოდება, რომ იქ როგორ ხართ, იქ ხომ „ნაციონალები“ დგანან.
როგორც უკვე გითხარით, „ნაციონალების“ საწინააღმდეგო ყველა აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ძალიან კარგად მახსოვს ის ხალხი, ვინც მაშინ გვარბევდა და იცით, სად არიან ახლა ისინი? _ „ოცნებაში“. ყველაზე აქტიურად ეგენი მოგვიწოდებენ, რომ „ნაციონალებს“ გვერდით არ დაუდგეთო.
ბევრი მათგანი 2013 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო. იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას დაიბრუნებდა.
ასეთი მოწოდებებით არავინ აღარ დაკომპლექსდება. რუსთაველზე ყველა თავის წილ პროტესტს გამოხატავს. სულ არ მაინტერესებს, რომელი პარტიის წარმომადგენელი დგას იქ. არ ჩაიდენდა ხელისუფლება სისულელეებს და არც ეს პროტესტი იქნებოდა.

შორენა მარსაგიშვილი