ბეჟან ნათელაშვილი: „ქართული ოცნება“, თავის სალომე ზურაბიშვილიანად, გასაქცევად ემზადება“

იმ დროს, როცა საქართველოში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია, რუსეთი ყოველდღე წევს ე. წ. საზღვარს, კვირაში ერთხელ მაინც იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანები შიმშილით იღუპებიან, საქართველოს პრეზიდენტი კი იმითაა დაკავებული, რომ სიბერე რაც შეიძლება ტკბილად და კომფორტულად გაატაროს.
საქართველოს პრეზიდენტი და შეთავსებით ფრანგი პენსიონერი ამას საკუთარი ხარჯებით რომ აკეთებდეს, ვერავინ გააპროტესტებდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია _ მშიერმა ქვეყანამ მილიონები გამოყო იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში ანტიკვარიატი შეეტანა.

რამ გადარია პრეზიდენტი? როგორ იქცევა ხელისუფლება? საითკენ მიექანება ივანიშვილი? რატომ არის ახალგაზრდების პროტესტის შეჩერება შეუძლებელი? როგორ ახერხებს „ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთის ატანას? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ყველაფრის უარმყოფელი „ქართული ოცნებაც“ კი ვერ უარყოფს იმას, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტს მილიონებს აძლევენ, რომ მან თავისი რეზიდენცია ანტიკვარებით მოაწყოს. ამას რა სახელი შეიძლება დაარქვას ადამიანმა?
_ ეს არის უნამუსობა! ოღონდ სალომე ზურაბიშვილს ცალკე არ განვიხილავ _ ის გახლავთ „ოცნების“ ნაწილი და როგორც სხვები, ისიც უმოწყალოდ ფლანგავს ქვეყნის ქონებას.
ეს ქალი გაფლანგვასაც აღარ სჯერდება და ახლა იმაზეა გადასული, რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსური საშუალება მოიხვეჭოს.
ვეჭვობ, „ქართული ოცნება“, თავის სალომე ზურაბიშვილიანად, გასაქცევად ემზადება და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქონება დააგროვოს. ტკბილი ცხოვრება ხომ სამომავლოდაც უნდათ.
_ რატომ ფიქრობთ, რომ გასაქცევად ემზადებიან?
_ სხვა გზა მათ, უბრალოდ, აღარ აქვთ. ხელცარიელები ხომ არ წავლენ? ცდილობენ, ბოლომდე გამოხრან ბიუჯეტი. მადა ადრეც კარგი ჰქონდათ და მარტო მათი მადიანობა არ მაფიქრებინებს, რომ გასაქცევად ემზადებიან.
მათ ამის გაკეთებას ქართველი ხალხი აიძულებს. ხალხი მოთმენას აღარ აპირებს. აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ისინი ციხეში მოხვდებიან, ამიტომ გეგმავენ გაქცევას. ხელისუფლება რომ შეიცვლება, ამას თავადაც შეგუებული არიან.
ყველანი კარგად ხედავთ, თუ როგორი საპროტესტო განწყობაა ქვეყანაში. ახალგაზრდები, ფაქტობრივად, არ ჩერდებიან. ახლა მათი შეჩერება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
ყოველდღე სადღაც იმართება აქცია. ჩვენმა ახალგაზრდებმა ოლიგარქსაც მიაკითხეს სასახლესთან. მე თუ მკითხავთ, მანდ ხშირად უნდა იარონ და როგორც ვატყობ, აწი ხშირად ივლიან. ქვეყნის უბედურების სათავე მანდ ზის და მას უნდა დავუფრთხოთ მყუდროება. ძილით ისედაც ვეღარ იძინებს, კაი ხანია.
კაცობრიობას ბოლო ჟამი როდის დაუდგება, ვერ გეტყვით, მაგრამ ივანიშვილს რომ ბოლო ჟამი უდგას, ეს ფაქტია.
ხელისუფლება პარლამენტის ბიუროს ჩასატარებლად სპეცრაზმს რომ გამოიყენებს, ეს უკვე მისი დასასრულის დასაწყისია. დასაწყისი კი არა, მგონია, ეს პროცესი უკვე შუაშია გასული.
სხვანაირად არც იქნებოდა. ხელისუფლება, რომელიც ტკბობაში ჩაეფლობა, აუცილებლად ცუდად დაასრულებს. მათ 1%-იც კი არ აქვთ იმის განცდა, რომ ხალხის დაქირავებულები არიან.
_ ამის განცდა როგორ ექნებათ, ზემოდან გვიყურებენ და თავიანთ ყმებად მივაჩნივართ.
_ სამწუხაროდ, ასე გვიყურებენ, რაც, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ბრალია.
_ ჩვენი ბრალი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ ჩვენ დავისვით თავზე. ჩვენ არ შევქმენით სწორი გარემო. მათთვის უნდა გვეგრძნობინებინა, რომ ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან. ისეთივე დაქირავებულები, როგორც ვქირაობთ სანტექნიკოსს, მშენებელს, „მალიარს“.
ეს განცდა რომ არ შევუქმენით, ამიტომაც გვიყურებენ ზემოდან. მათ საქართველო მიაჩნიათ ფერმად. ჩვენ მათთვის ცხოველები ვართ. თვითონ ცუდი პატრონის როლში არიან _ თავად რომ ჭამით ვერ ძღება და ცხოველებს აშიმშილებს.
რატომ გიკვირთ ამ ვითარებაში, რომ სალომე ზურაბიშვილი ცხოვრების მოწყობას გადაწყვეტდა? დაინახა, როგორ ხრავენ სხვები ბიუჯეტს და თავადაც იგივე მოინდომა.
_ რა ვიცი, ავლაბრის რეზიდენცია იმიტომ უარყვეს, რომ მისი შენახვა ძვირი ჯდებოდა. ოფიციალური პოზიცია ასეთი იყო.
_ ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით რაღაც სხვა გეგმები აქვთ. იქაურობა იმიტომ არ დაუტოვებიათ, რომ მისი შენახვა ძვირი უჯდებოდათ.
იმდენი ჭამეს და ისე გამოხრეს ბიუჯეტი, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს. ეს საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება.
ტყუილად ჰგონიათ, რომ დაპატიმრებებით ამ საპროტესტო მუხტს ჩააცხრობენ. ეს მუხტი სულ უფრო იზრდება და პიკს არაფერი უკლია.
ოპოზიცია და ხალხი მიზანს მიაღწევს. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ. მისი წევრების ნაწილი სახლში წავა, ზოგი გაიქცევა, ზოგი კი ციხეში ჰპოვებს თავის მომავალს.
_ ოპოზიცია ახსენეთ და ამ გაერთიანებას, რომელიც ახლა შეიქმნა, ბევრი კრიტიკულად უყურებს. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ იმ პარტიებს ვერ ენდობიან, რომლებიც „ნაციონალების“ გვერდით დადგნენ.
_ ასეთი განცხადებები მეც ხშირად მომისმენია. ამაზე განსაკუთრებით ის ხალხი აპელირებს, რომელიც თავად დგას „ნაციონალების“ გვერდით.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ქოცები თავად არიან „ნაციონალების“ ყველაზე დიდი მეხოტბეები. თან „ნაციონალობასაც“ ხომ აქვს საზღვარი და მასშტაბი. ესენი ყველაზე ოდიოზური „ნაცების“ თაყვანისმცემლები არიან.
ბიძინა ივანიშვილი „ნაცების“ მთავარი დამფინანსებელი იყო იმ „სისხლიანი ცხრა წლის“ მანძილზე, კახა კალაძე კი დილა-საღამოს სააკაშვილის სადიდებელს მღეროდა. „ქოცების“ დამსახურებაა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ასე მყარად რომ დგას ფეხზე.
_ კოჰაბიტაციას გულისხმობთ?
_ კოჰაბიტაციაც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ მე უფრო სხვა ფაქტორს გავიხსენებდი: 2012 წლის არჩევნების წინ ივანიშვილი ყველას ეუბნებოდა, შუა უნდა გაიკრიფოს, ასე უფრო იოლია სააკაშვილის დამარცხებაო.
სინამდვილეში, სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. პოლიტიკური ველი მართლა მოასუფთავა და იქ მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“ დატოვა.
_ ახლა ეს პოლიტიკური ველი ნელ-ნელა შეივსო.
_ კარგია, რომ ასე მოხდა. ივანიშვილის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპოზიცია პოლიტიკურ ველზე დაბრუნდა და რაც მთავარია, ხალხიც გააქტიურდა.
რა ნამუსით გვსაყვედურობენ, დამნაშავეებთან დგახართო? დამნაშავეები თუ არიან, ამდენი წელი როგორ და რატომ დადიან თავისუფლად? 2012 წლიდან მოყოლებული, ხუთ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. დამნაშავეები თუ იყვნენ, რატომ მისცეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება? რაკი ეს ადამიანები ასე თავისუფლად დადიან, ისინი ან დამნაშავეები არ არიან, ანდა ვერ უმტკიცებს ხელისუფლება დანაშაულს.
არ არის სასიამოვნო „ნაციონალების“ გვერდით დადგომა, მაგრამ „ოცნება“ იმდენად საშიში გახდა, რომ ახლა მათ გვერდზე დგომაა სირცხვილი. თანაც ყველაზე ოდიოზური „ნაცები“ მაგ პარტიაში არიან.
სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რას იფიქრებენ „ქოცები“ ამ ოპოზიციურ ერთობაზე. ის უფრო მეწყინებოდა, დადებითად რომ შეხვედროდნენ ამ ამბავს.
„ოცნებას“ კი შევახსენებ, რომ ივანიშვილი იყო ის კაცი, ვისი მითითებითაც „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს აკავებდნენ.
პოლიტიკაში ღიად მოსვლის შემდეგ თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ოლიგარქმა აღიარა, რომ ის მერაბიშვილს ურეკავდა და ეუბნებოდა, თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინა.
ასე რომ, ძალიან უხერხულია, ასეთ პარტიას ასეთი ლიდერი ჰყავდეს და ნათელაშვილს „ნაციონალებთან“ გვერდით დგომის გამო უსაყვედურო. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა ლიდერებზეც.
_ აშკარაა, რომ ამის გამო ოპოზიცია რაღაც დისკომფორტს განიცდის.
_ თქვენ წარმოიდგინეთ, არა. პირადად მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის იმის ძახილი, რომ „ნაცების“ გვერდით ვდგავართ.
ლაშა ჩხარტიშვილი „ნაციონალების“ დროს 11-ჯერ მაინც დააკავეს. მთელი ის წლები დაუღალავად ებრძოდა რეჟიმს და ეგ ბიჭია „ნაციონალი“ და ბიძინა _ არა? დამიჯერეთ, ამაზე რეაქცია არავის აქვს.
ის ერთობა, რომელიც ახლა შედგა, ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ არ ვართ ერთი პარტია. ბევრი პარტია ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანს, მაგრამ ისინი ახერხებენ ერთ მაგიდასთან დაჯდომას. ისინი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან.
წარმოიდგინეთ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ვიგინდარობით, ალეკო ელისაშვილი და ეკა ბესელია ერთ მაგიდასთან დასვა. ამას ხომ მოხერხება უნდა. უკვე ისიც კი აღარ გვაინტერესებს, თუ ვის როგორი საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს აღებული.
_ ეს ასეთი უმნიშვნელო საკითხია?
_ ამ ეტაპზე, _ კი. ახლა ჩვენ სახლი გვაქვს დასალაგებელი და როცა სახლის დალაგებას მოვრჩებით, მერე ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ვისთან იმეზობლებს და იმეგობრებს.
_ სახლის, ანუ ქვეყნის არევაში ხელისუფლება თქვენ, ოპოზიციას გადანაშაულებთ…
_ აბა, საკუთარ თავს ხომ არ დაიდანაშაულებენ? რაც არ უნდა იძახონ და გვარბიონ, ეს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მაინც გადავა.
30 წელია, საქართველო ერთ წრეზე ტრიალებს, ვერაფრით განვითარდა. ამის მიზეზი მაჟორიტარული სისტემაა, რომელიც ქვეყნის მთავარ მუხრუჭად იქცა. ჩვენ უკვე წლებია, რაც ამ მახინჯ სისტემას ვებრძვით.
_ ამაში გეთანხმებით. ჯერ კიდევ როდის ეძახდა მაჟორიტარებს შალვა ნათელაშვილი ფეოდალებს და ფულის „მეშოკებს“.
_ ასეა და სხვას რას დაუძახებდა. მაჟორიტარებს ყველა ხელისუფლება იყენებს არჩევნების გასაყალბებლად და არც „ოცნება“ იტყოდა ამაზე უარს. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საჯარო პირობა დადეს. ამის შესახებ უცხოელებსაც აცნობეს.
_ ახლა ამბობენ, როდის დაგპირდით მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასო?
_ აქედანაც ნათლად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ხალხის მიმართ. აქ უკვე იმაზე აღარ არის საუბარი, ესენი კარგი პოლიტიკოსები არიან თუ _ ცუდი. აშკარაა, რომ მათ ადამიანურობის პრობლემაც აქვთ. მზად არიან, მთელი ერი მასხრად აიგდონ და თვალებში ნაცარი შეაყარონ.
არც ის ანაღვლებთ, რომ ნათქვამი სიტყვიდან გადავიდნენ. ოდითგან საქართველოში ყველაზე მეტად სიტყვის გამტეხი კაცი სძულდათ.
_ ივანიშვილმა და „ოცნებამ“ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს და რატომ ეგონა ვინმეს, რომ ამ დაპირებას შეასრულებდნენ? სხვა დროს პირის გატეხას რატომ არ მოყვა ამხელა პროტესტი?
_ ხალხს თავიდანვე რომ გაეპროტესტებინა ამ მატყუარების საქციელი, საქმე აქამდე აღარ მივიდოდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდება ხალხის გადაგდების საქმეში გვირგვინი აღმოჩნდა.
მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით ქვეყნის განვითარება მუხრუჭდება. ის ქვეყანა მუხრუჭდება, რომელიც ისედაც უკვე უფსკრულშია გადაჩეხილი, ამიტომაც აღარ გაუტარა ხალხმა ივანიშვილს ეს სიცრუე.
_ ივანიშვილს აღარ გაუტარაო და ერთი წუთითაც არ უშვებთ იმას, რომ მას მართლა აუბუნტდნენ მაჟორიტარები?
_ არა, არა. ამაზე დიდი სისულელე ბოლო წლებია, არ მომისმენია. მაჟორიტარების აბუნტების ამბავს მე კი არა, პატარა ბავშვებიც არ დაიჯერებენ.
თითოეულ ამ ვითომ ამბოხებულს იმდენი აქვს ნაჭამ-ნასვამი, რომ ბიძინა 10 წუთში აღუძრავს საქმეს. ამით ისინი ხანგრძლივი დროით წავიდოდნენ ციხეში და ოლიგარქისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ გაბედავდა.
ხუნდაძესა და კახა ოქრიაშვილს ეგღა აკლდათ, საკუთარი თავები სამსხვერპლოზე მიეტანათ ანდა სხვა მაჟორიტარებს. ეს ყველაფერი ბიძინასთან არის შეთანხმებული.
მივმართავ „ქრონიკა+“-ის მკითხველსა და კოლეგებს: აღარ მოიხსენიოთ ეს მზაკვრობა მაჟორიტარების ბუნტად. ეს გახლავთ ივანიშვილისა და ფულის ტომრების შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ქართველ ხალხთან ერთად ამ ერთუჯრედიანებმა საერთაშორისო თანამეგობრობის გაცურებაც სცადეს, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ.
_ თქვენ გარდა კიდევ ბევრი ამბობს, რომ ეს ივანიშვილს ძვირი დაუჯდებაო და რატომ ხართ ამაში დარწმუნებული?
_ დასავლეთი ივანიშვილს ასეთ თაღლითობას აღარ აპატიებს. მოგეხსენებათ, ამერიკაში დღის წესრიგში დგას მისი ანგარიშების გაყინვის საკითხი. გასულ კვირას ჩვენი პარტიის ლიდერს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ამერიკაში. მან კონგრესმენებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ანადგურებს საქართველოს პუტინის გამოგზავნილი ოლიგარქი.
მისი დემოკრატიულობის რომ აღარ სჯერათ, ამაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებაც მეტყველებს. არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთეს ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. ასეთი ამბები მარტივად არ ჩაივლის _ რუსი ოლიგარქი აუცილებლად აგებს პასუხს.
როგორ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს ძალა, რომელსაც სპეცრაზმის გარეშე პარლამენტის ბიუროს ჩატარებაც აღარ შეუძლია?!
მომავალშიც ასე იქნება. გავიმეორებ ოპოზიციონერი კოლეგების ფრაზას, _ სანამ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, სახელმწიფო სტრუქტურები გამუდმებით დაბოქლომდება.
_ ამ ბოქლომებთან დაკავშირებით „ოცნება“ ბევრს იცინის. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ ფანტაზიაში დეფიციტი გაქვთ.
_ „ოცნების“ წევრი რომ ვინმეს რამის დეფიციტში ადანაშაულებს, ეს უკვე ბედის ირონიაა. ქანთარიასა და სხვა ვითომ დეპუტატებს ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ კიდევ გამოძვრებიან და სკამებს შეინარჩუნებენ. „ოცნება“ ისედაც ჩამოშლილია და მალე ეს ჩამოშლა ოფიციალურად გაფორმდება.
„ოცნების“ წევრები ახლავე უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ბევრ მათგანს მატროსოვზე მოუწევს ცხოვრების ნაწილის გატარება. მე არ ვამბობ, რომ ყველა უნდა დავიჭიროთ. ციხეში ისინი უნდა წავიდნენ, ვინც ბიუჯეტი გამოხრა და ისედაც მშიერ ადამიანებს პირიდან ლუკმა გამოაცალა.
მატროსოვზე სამარტოო საკნებში რომ დასვამენ, იქ ოთხი კედლის გასაგონად აკეთონ ასეთი განცხადებები.
ჩვენ ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, კახა ოქრიაშვილი ასე თავისუფალად ვერ უნდა ბედავდეს ქუჩაში გამოსვლას. კაცი ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს და კიდევ ბედავს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას.
_ ხმამაღალ განცხადებასაც გააჩნია, მან ამომრჩევლის 90%-ს დებილი უწოდა.
_ ეს იმაზე მეტყველებს, რომ პატარა ოლიგარქი უწიგნურია. ისიც კი არ იცის, რომ ამ ტერმინის გამოყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, ვინ არის კახა ოქრიაშვილი, რომ მოსახლეობას გაუნათლებელს ეძახის?! სოფელში გლეხი ბევრად უფრო განათლებულია, ვიდრე _ ეგ.
კაცი ამდენი წელია, დეპუტატია და შეხედეთ მის ვიზუალს, სახეზე აწერია, რომ წიგნი არ აქვს წაკითხული. მან მარტო ის იცის, თუ როგორ უნდა გააძვიროს წამალი და როგორ მოერგოს ნებისმიერ ახალ ხელისუფლებას.
ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ საყვედურს კი ვეტყვი _ ეს არსება რომ თავისუფლად გადაადგილდება, ჩვენი ბრალია და, შესაბამისად, ღირსები ვართ, რომ ამ უწიგნურმა რაღაც იარლიყები მოგვაკეროს.
ეს კაცი ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს, წამლებზე იმხელა ფასები აქვს დადებული, მის ბიზნესს სხვა შეფასებას, უბრალოდ, ვერ მივცემ. შორს არაა ის დრო, როცა მას ამაზეც მოუწევს პასუხისგება.
წამლის ფასი ჯანდაბას, ისიც არ ვიცით, რას ურევენ ამ წამალში. ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში დამზადებულ წამალს არანაირი ეფექტი არ გააჩნია, ელემენტარულად, ტკივილსაც ვერ აყუჩებს. თურქეთში იგივე წამლები ბევრად იაფი ღირს და ხარისხიანიც არის.
ჩვენს წინაპრებს ეს ქვეყანა სისხლით იმიტომ არ მოუტანიათ, რომ ის ვიღაც მკოიანების, ოქრიაშვილების, ხუნდაძეების, ყაველაშვილებისა და მათი მსგავსი კორუმპირებულების საჯიჯგნი გახდეს. ისედაც დიდი ხანი ჯიჯგნეს ქვეყანა და ხალხი. ახლა მათი წასვლის დრო მოვიდა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მათი წასვლის დრო მოვიდა?
_ ეს აშკარაა, ამიტომაც არიან ასეთი გამწარებულები. მათ ნათლად დაინახეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მათ მიმართ.
_ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხალხს ისინი ძალიანაც უყვარს. კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა თქვენ გვერდით არ დგას.
_ ეგენი იმასაც ამბობენ, რომ ხალხსა და საერთაშორისო თანამეგობრობას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ შევპირებივართო. საერთოდ, რასაც ამბობენ, ეგ უკუღმა უნდა გავიგით.
ვერ გავიზიარებ ამ ცრუპენტელების მოსაზრებას, რომ ხალხი ოპოზიციის გვერდით არ დგას. ძალიან ბევრი ადამიანი დგას ჩვენ გვერდით. და თუ ხალხი არ იყო, რას გამოარბენინეს ეს სპეცრაზმი? მათი დაქირავებული მედია კოსმოსიდან რომ იღებს მიტინგის ფოტოებს, მთლად ეგრე კი არ არის საქმე.
რუსთაველზე იმდენი ადამიანი გამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, „ოცნება“ მიმხვდარიყო, რომ მათი პოლიტიკური აღსასრულის დღე დადგა.
ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს, _ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. დღეს „ოცნება“ რომ ასეთ შავ დღეშია, ეს თავად მათი დამსახურებაა.
ისინი ნამდვილად არ არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას გამარჯვებულის პოზიციიდან ელაპარაკონ. მათ ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი. ისინი წარსულს ჩაბარდნენ და ამის გაფორმებას მხოლოდ დრო სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილი, დიდი ალბათობით, გაიქცევა, მაგრამ ამათ ნამდვილად არ წაიყვანს თან. ასე რომ, სანამ რამე სისულელეს იტყვიან, დაფიქრდნენ, აქ მოუწევთ დარჩენა და ქუჩაში გამოსვლის შანსი მაინც დაიტოვონ.

შორენა მარსაგიშვილი