ჯელალ ქიქავა: „ხელისუფლების წევრები რესტორნებსა და კაფეებში მშვიდად ვეღარ ივლიან“

რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტის ვიცე სპიკერს ადამიანები რომ ეცემა, ამას დიდი სკანდალი მოყვებოდა და კუნთმაგარ პოლიტიკოსს თანამდებობიდან მიაბრძანებდნენ. საქართველოში კი ვიცე სპიკერის მიერ მოქალაქეების ცემა ჩვეულ ამბად იქცა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, მუხრან ვახტანგაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გახლავთ. ის საკანონმდებლო საქმიანობას ზონდერობასაც უთავსებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ჯელალ ქიქავას ის ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდა. ბოლოს ვახტანგაძემ ქიქავა გასულ კვირას, 22 ნოემბერს ბათუმის მერიის შენობაში გალახა.

შეგახსენებთ: დაბოქლომების შიშით ბათუმის მერიამ დაცვად ადგილობრივი ზონდერები დააყენა. სწორედ მათ რიგებში იყო ვახტანგაძეც. ისინი იქ ცრუ განგაშის საფუძველზე მივარდნენ. ადგილობრივმა ოპოზიციამ დააანონსა, _ ბათუმის მერიას ვაბოქლომებთო და მერე აღარ მივიდნენ. ჯელალ ქიქავა ბათუმის მერიაში სულ სხვა საქმეზე იყო მისული, სადაც ის ვახტანგაძესა და მის ზონდერებს გადაეყარა.

რატომ სცემს პარლამენტის ვიცე სპიკერი მოქალაქეებს? რა ფაზაშია ხელისუფლება? რატომ არის ხალხის დაშინება გამორიცხული? _ ამ თემებზე ჯელალ ქიქავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო ჯელალ, ფაქტობრივად, წელი არ გავა ისე, რომ თქვენსა მუხრან ვახტანგაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს. სულ მცირე, ათჯერ მაინც გცემათ და ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომ დავწერე, ხალხმა იკითხა, ვახტანგაძის მიერ ათჯერ ნაცემი კაცი კიდევ ცოცხალიაო?
_ მაგათ გადაეცით, რომ ჯელალ ქიქავა არათუ ცოცხალია, მტრის ჯინაზე თავს ძალიან კარგად გრძნობს. ფიზიკურად კი გამისწორდა ზონდერი ვახტანგაძე, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ჩემი დაშინება გამორიცხულია, ისევე როგორც სხვა მოქალაქეების. აი, ბიძინა და „ოცნება“ კი მართლა მაგრად არიან შეშინებულები.
_ თქვენ შორის ინციდენტი როგორ მოხდა? ის თქვენ ადრეც გაგისწორდათ ფიზიკურად და ამაზე საქმეც აღიძრა.
_ საქმე კი აღიძრა, მაგრამ ვინ გამოიძია?! თავიანთ ზონდერს ხომ არ დასჯიდნენ? საქართველოს სირცხვილია, რომ მუხრან ვახტანგაძე პარლამენტის ვიცესპიკერია.
თბილისის აქციიდან რომ დავბრუნდი, სოფელში წავედი, იქ რაღაც საქმეები მაქვს. 22 ნოემბერს ჩემს საქმეზე მივედი ბათუმის მერიაში. სულ არ ვიცოდი, რაღაც აქცია თუ ტარდებოდა.
მერიის წინაც და შიგნითაც მშვიდი სიტუაცია იყო. შენობის წინ 10-15 სპორტულებში გამოწყობილი კაცი იდგა. პოლიციელებს ვკითხე, _ რა ხდება-მეთქი? მითხრეს, _ ვიღაცები რაღაცას აპირებენო. ვერც მივხვდი, რას მეუბნებოდნენ.
შევედი შენობაში, მივედი პოლიციის პოსტთან და მათთან გავაგრძელე საუბარი. ჩემს საქმეზე არქიტექტურის სამსახურში უნდა ავსულიყავი, სოფელში რაღაცას ვაშენებ და მათთან კონსულტაცია იყო საჭირო. ირგვლივ სხვა არავინ იყო. რამდენიმე წუთში საიდანღაც გამოჩნდა მუხრან ვახტანგაძე თავის ზონდერებთან ერთად. ეს ზონდერები მას სულ თან დაჰყვებიან.
მომიახლოვდა ვახტანგაძე, მომესალმა და მითხრა, _ ხელი ჩამომართვიო. პასუხად ვუთხარი, _ რატომ უნდა ჩამოგართვა ხელი, შენ ზონდერი ხარ და მე ზონდერებს ხელს არ ვართმევ-მეთქი. ჯინაზე კი არ დავდექი, მართლა არ ვართმევ ხელს ზონდერებსა და არაკაცებს.
ის არ მომეშვა, გინდა თუ არა, ხელი ჩამომართვიო. რა თქმა უნდა, ხელი არ ჩამოვართვი და ვუთხარი, _ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, შენ ხელი ჩამოგართვა-მეთქი! მერე ნელ-ნელა დაიძაბა სიტუაცია და ცემაზე გადმოვიდნენ.
_ გადმოვიდნენო, ამბობთ და ვახტანგაძის გარდა სხვებმაც გცემეს?
_ სხვებიც ჩაერთნენ ჩემს ცემაში. მარტო ფიზიკური შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილებულან და მაგინეს კიდეც. ეს ყველაფერი ხდებოდა მერიის შენობაში. კარგად რომ გამლახეს, მერე უკვე ძალით გამომიყვანეს იქიდან.
_ შენობაში თუ მოხდა ეს ჩხუბი, წესით, ინციდენტი კამერებით ხომ უნდა იყოს დაფიქსირებული? მერიის შესასვლელში იმედია, კამერები დაყენებულია.
_ კამერები როგორ არ არის, ნამუსი თუ აქვთ, ეს ჩანაწერი არ უნდა წაშალონ. გესმით, ხალხო, 30 კაცი დამესხა თავს. თან ისიც არ ვიცი, რისთვის.
_ შეიძლება, ეგონათ, რომ დასაბოქლომებლად მიხვედით.
_ ჯერ ეკითხათ და მერე დაეწყოთ ჩხუბი. დასაბოქლომებლად თუ ვიყავი მისული, პოლიციას რატომ დავუწყებდი მშვიდად საუბარს? იმდენს მაინც ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ერთი კაცი დაბოქლომების აქციას ვერ მოაწყობდა.
_ ხელის ჩამორთმევას რატომ გთხოვდათ ვიცესპიკერი, თქვენ ხომ ადრეც მოგივიდათ ჩხუბი? შერიგება უნდოდა?
_ ეტყობა, შერიგება სცადა. მანამდეც მიგზავნიდა ვიღაც-ვიღაცებს. მე უარზე ვიყავი, ზონდერს როგორ უნდა შევურიგდე? დღეს მე მართალია, ნაცემი ვარ, მაგრამ ეს გაივლის. აი, თავად ვახტანგაძე რას იზამს, ეგაა საკითხავი.
თქვენი გაზეთით ვეუბნები მაგას, რომ ძალიან დიდი ხნით ჩაჯდება ციხეში. ადამიანებზე თავდასხმები არ შერჩება. ყველა სიკეთესთან ერთად, ეგ ზონდერი ნასვამიც იყო.
_ თავად გითხრათ, ნასვამი ვარო?
_ მისი თქმა რად მინდოდა? _ სასმლის სუნით ყარდა. ვუთხარი კიდევაც, სასმლის სუნით ხარ აყროლებული და სახლში წადი-მეთქი. სახლში წასვლის ნაცვლად ფიზიკურად გამისწორდა.
იცოდეს ყველამ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ზონდერები არიან. ვიცესპიკერი რომ ასეთი დონის იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორები იქნებიან რიგითი დეპუტატები.
ეს ვახტანგაძე ვერც კი ხვდება, თუ რას ნიშნავს იყო პარლამენტის წევრი. თავი უფრო გლადიატორი ჰგონია. დადის თავის ზონდერების ბანდასთან ერთად და ხალხს ატერორებს.
ჩვენ ნორმალური სახელმწიფო რომ ვიყოთ, მისი ძალადობა ასე არ დასრულდებოდა. ეს ზონდერი ნასვამი დადის, იმუქრება და იგინება. ამბობს, ვინც სპორტსმენებს შეგვეხება, ამას და ამას ვუზამთო.
_ მის დაჯგუფებაში სულ მოჭიდავეები არიან?
_ რაის მოჭიდავეები? ესენი არ არიან არც სპორტსმენები და არც მოჭიდავეები. მე მოჭიდავე ვიცი, რომელსაც ტიტულები აქვს მოგებული. ასეთ მოჭიდავეს ბევრს ვიცნობ. ისინი ზონდერობას როგორ იკადრებენ.
_ ტიტული ვახტანგაძესაც აქვს მოგებული, მსოფლიო ჩემპიონია.
_ ეგ არის ტვინგაყინული ზონდერი. მაგიტომაც არ ჩამოვართვი ხელი. მერე რა, რომ მსოფლიო ჩემპიონია?! ტვინგაყინული მსოფლიო ჩემპიონი არ გინახავთ? თუ არ გინახავთ, შეხედეთ ვახტანგაძეს.
_ მისი შეხედვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, თქვენ ის გვითხარით, რატომ არ მიეცით სამართალდამცველებს ჩვენება?
_ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მაგიტომაც არ მივეცი ჩვენება.
_ აზრი რატომ არ ჰქონდა ჩვენების მიცემას?
_ როდესაც ამას წინათ თავს დამესხა ეს ზონდერი, მაშინაც აღძრეს საქმე, ჩვენებაც მივეცი, მაგრამ მერე რა? ის თავდასხმა აპატიეს.
_ რას ნიშნავს, აპატიეს?
_ აპატიეს და მორჩა.
_ ისე, თქვენ შორის სულ უთანხმოებაა, ხომ მართალს ვამბობ?
_ მასთან არაფერი მაქვს გასაყოფი, მაგრამ ეგ მესხმის სულ თავს. ეს თავდასხმები ასლან აბაშიძის დროიდან მოდის. ჩვენ ასლანის დიქტატურას არ ვეგუებოდით და აქციებს ვმართავდით. ეს აბაშიძის ზონდერი იყო და გვარბევდა.
მიშას დროს „ნაციონალების“ ზონდერი იყო, ეს ზონდერობა „ქოცების“ დროსაც შეითავსა. ხალხს ცემაში კლავდა და დღეს ეს კაცი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია, ვიცესპიკერი.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ როდესაც ვახტანგაძე და მისი ხალხი თავს დაგესხათ, პოლიციელებს ესაუბრებოდით. პოლიცია არ გამოგესარჩლათ?
_ არა. ვახტანგაძე ყვიროდა, _ აქ მე ვარ ყველაფერიო! პოლიციას ხმაც არ ამოუღია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზონდერებს ეს შერჩებათ. ისინი ციხეში წავლენ.
_ სამართალდამცველებს ჩვენება არ მიეცით და სახალხო დამცველთან თუ აპირებთ განცხადების შეტანას ან პარლამენტს თუ მიმართავთ რაიმე განცხადებით?
_ იმ პარლამენტს როგორ მივმართო, რომლის ვიცესპიკერიც ზონდერია?! დანარჩენიც ზონდერი იქნება და არის კიდევაც.
_ არჩილ თალაკვაძეზე ვერავინ იტყვის, რომ ზონდერია და მას მიმართეთ.
_ მაგას როგორ მივმართო, მაგი ვახტანგაძეზე მეტი უგუნურია _ კაცი საგანგებო ბრიფინგს მართავს, რომ ჟურნალისტებმა მომიგონეს, მე იტალიაში არ გავფრენილვარო. ამ დროს მასთან ერთად, ლამის, ნახევარმა პარლამენტმა იმგზავრა. გიგი წერეთელი მიესალმა კიდევაც. ვიღაცებმა ფოტოებიც გადაუღეს.
ამის მერე მას როგორ უნდა მივმართო? საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედია და ჩემს უფლებებს დაიცავს?
წინა მოწვევის პარლამენტებში დეპუტატი როცა ჩხუბობდა, ფაქტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავდა. ესენი ამასაც არ გააკეთებენ, რადგან უგუნურები და ზონდერები არიან.
სახალხო დამცველსაც რა უნდა ვუთხრა? რისი გამკეთებელია ეგ? ასე მგონია, რომ ის ამ დეპუტატებზე უარესია. რაღაცებს კი გმობს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ჩემზეც რომ თქვას რამე, ესეც ასე ჩაივლის და ამიტომ არ მივმართავ.
ისე არ გამოვიდეს, რომ მე ჩვენების მიცემაზე უარს ვამბობ. ჩვენება პოლიციას არ მივეცი, მაგრამ მოსამართლეს ყველაფერს ვეტყვი.
თქვენ იმას გეტყვით, რომ 30 კაცი ხომ მირტყამდა, მაგრამ იცით, როგორი შეშინებულები იყვნენ? სახეზე ფერი არ ედოთ.
_ შეშინებულები თუ იყვნენ, როგორღა გცემეს?
_ თქვენ რომ მათი სახეები გენახათ, მაგ კითხვას არ დამისვამდით. ისეთი შეშინებულები იყვნენ, თაგვებივით იგინებოდნენ.
_ თაგვები როგორ იგინებიან?
_ მაიმუნურად. რაღაც ამაზრზენობებს ამბობდნენ. ამის გამეორებაც კი არ შეიძლება. ამით გაზეთსაც და გაზეთის მკითხველსაც შეურაცხყოფას მივაყენებ.
შეშინებულები რომ არიან, მიტომაც დარბიან ასეთი გამწარებულები. კარგად იციან, თუ როგორი განწყობაა მათ მიმართ ხალხში. ყველა ოპოზიციის მხარეს არის გადმოსული.
_ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მის შვილს ბაღში უფრო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე _ ოპოზიციას მთელ აჭარაში.
_ ამ ცხელ გულზე მაგრად გამაცინეთ. მის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგ ბავშვს საერთოდ არავინ იცნობს და საინტერესოა, მის შვილს საიდან ჰყავს ამდენი მხარდამჭერი?
ამ თორნიკე რიჟვაძეზე ბევრი არაფერი მსმენია, არც ის ვიცი, რას წარმოადგენს, მაგრამ მამამისს ვიცნობ გადასარევად.
_ მასზეც ამბობენ, რომ ზონდერი იყო. დავით რიჟვაძეც გარბევდათ?
_ მე არ დავურბევივარ. ჩვენ სულ ერთ პოზიციაზე ვიყავით _ ერთად ვიბრძოდით ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ.
დავით რიჟვაძე იყო „ნაციონალების“ ზონდერი და რამდენიმე მიტინგი აქვს დარბეული. თორნიკე რიჟვაძეს რაც შეეხება, ეგ „ნაციონალების“ დიდი მხარდამჭერი იყო.
_ რანაირად იყო „ნაციონალი“? გაიძახის, „ნაციონალები“ უნდა დავამთავროო.
_ გეუბნებით, რომ „ნაციონალი“ იყო. ლამის ყოველდღე ჩვენთან, სულ „ნაციონალების“ ოფისში იჯდა. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად ის ხალხი ებრძვის, ვინც რამდენიმე წლის წინ ამ პარტიის მხარდამჭერი იყო. ბიძინაც „ნაციონალი“ იყო, კალაძეც, თალაკვაძეც და კიდევ ძალიან ბევრი.
ჩამოთვლით რომ არ გადავღალო მკითხველი, მოკლედ გეტყვით _ დღეს „ოცნებაში“ გაბოზებული „ნაციონალები“ არიან.
ყველაზე საშიში სწორედ ასეთი ნაციონალები არიან. მათ ვებრძვით ჩვენ. „ქართულ ოცნებასთან“ საქმე საერთოდ არ გვაქვს. გაბოზებულმა „ნაციონალებმა“ ძალიან კარგად იციან, რა მოუვათ, თუ ხელისუფლება შეიცვალა.
_ ამ გაბოზებულმა „ნაციონალებმა“ რამდენიმე ხელისუფლების გამოცვლა მოასწრეს და დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ახალთან არ გამონახავენ საერთო ენას?
_ ეგენი თუ მიუშვი, ყველა შემდგომ ხელისუფლებასთან გამონახავენ საერთო ენას. ხალხს ისე ყელში ამოუვიდა მათი პარპაში, რომ ამის უფლებას აღარ მისცემს. ეგენი დამთავრებულები არიან, დაბოქლომებულები.
_ ეს დაბოქლომების იდეა მოგწონთ?
_ ძალიან. დაბოქლომება ჯერ მხოლოდ დასაწყისია, წინ ბევრი საინტერესო ამბავი გელოდებათ.
_ რას გულისხმობთ?
_ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ოცნების“ აქტიურ სახეებს ყველგან თან გავყვებით, მნიშვნელობა არ აქვს, სად წავლენ. კაფეში იქნებიან? _ იქ მივალთ. რესტორანში წავლენ? _ იქ მივაკითხავთ. მორჩა მაგათი ტკბილი ცხოვრება, ჩვენ გადავდივართ პროტესტის სხვა მეთოდებზე.
_ თავის დროზე, ასე დასდევდნენ ოპოზიციურად გაწნყობილი ახალგაზრდები სააკაშვილს რესტორნებში.
_ მაგას ვიზამთ ჩვენც. ყველა აქტიურ ქოცს შეექმნება დისკომფორტი. საჭიროა ბრძოლის ახალი მეთოდები. რაღა დროს კარვებში ძილი და შიმშილობაა? მიდი და დააბოქლომე.
ჩვენ რატომ უნდა ვიშიმშილოთ? მაგათ მაინც ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანის ბედი. მხოლოდ მაშინ წუხდებიან, თუ მათ შეექმნებათ დისკომფორტი. ჰოდა, აწი სულ დისკომფორტი ექნებათ. რესტორანში, სახლში, კაფეში მივადგებით დავუსტვენთ და მონებს დავუძახებთ.
_ ეს არ არის ძალადობა?
_ რანაირი ძალადობაა? ძალადობაა ცემა. ჩვენ არავის ცემას არ ვაპირებთ. არც კაფესა და რესტორანში შევუვარდებით ვინმეს, უბრალოდ, დავდგებით ტროტუარზე და მონებოს ვიყვირებთ, დავუსტვენთ კიდევაც.
ზაფხულის სეზონი რომ ყოფილიყო, პლაჟზეც არ მივცემდით მოსვენებას, იქაც მივაკითხავდით და შორტებსა და ტრუსებს დავუმალავდით.
_ ბრძოლის ახალი მეთოდები რაიმე შედეგს გამოიღებს?
_ გამოიღებს. ბევრიც არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ესენი უკვე დამთავრებულები არიან. დამთავრებული რომ არ იყვნენ, ერთმანეთს დაუწყებდნენ გინებას? ესენი უკვე გინებაზე არიან გადასული.
_ სად აგინეს ერთმანეთს?
_ სადაც დასჭირდებათ. მოვისმინეთ ტელევიზიით, რომ ბიძინასთვის შეუგინებია არჩილ თალაკვაძეს. მათ უკვე ერთმანეთში აქვთ პრობლემები. ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებული, მაგათ ოპოზიციისთვის და ხალხისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აქვთ, ამიტომ ჩვენი პროტესტი დამთავრდება ხუთიანზე. ყველაფერი კარგად იქნება.
_ ბევრი თქვენსავით ოპტიმისტურად განწყობილი არაა. შიშობენ, რომ შეიძლება საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.
_ სამოქალაქო დაპირისპირება და ასეთი უბედურებები გამორიცხეთ. მსგავსი არაფერი მოხდება.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ სამოქალაქო დაპირისპირება რომ მოხდეს, ხალხის დიდი მასა უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ხალხი კი სადაა? _ სახლში. ყველაზე სასაცილო იცით, რა არის? ეს ადამიანები სხედან სახლში და ფეისბუქზე აპროტესტებენ იმას, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის.
ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ ხელისუფლება მშვიდობიანად. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
21-ე საუკუნეში არეულობებით ხელისუფლებებს აღარ ცვლიან. რაღა დროს საბურავების დაწვაა? უკრაინაში იმიტომ ხდება ასეთი ამბები, რომ იმ გზას გადიან, რაც ჩვენ 30 წლის წინათ გავიარეთ.
პოლიტიკური პარტიები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცივილიზებული ფორმით გამოიხატოს პროტესტი. იმედია, ხელისუფლება რამე ისეთს არ გააკეთებს, რაც სამოქალაქო ბუნტს გამოიწვევს.
ყველაზე მეტად მე ამის მეშინია. მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინ ბათუმში მოხდა, წელს კი 20 ივნისს გავრილოვის ჩამოსვლის გამო დაიწყო თბილისში არეულობა.
პარტიების ჩატარებულ აქციებზე ძალადობა არ არის. ის, რასაც არ ჰყავს ხელმძღვანელი, გადადის ქაოსში, მაგიტომ მეშინია სამოქალაქო ბუნტის. მივმართავ ხელისუფლებას: კი ხართ უჭკუოები მაგრამ თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად მაინც ნუ ეთამაშებით ხალხის ემოციებს. რამე თუ მოხდა, მათი გაჩერება ძალიან ძნელი იქნება.
ხელისუფლება ხედავს, რომ ოპოზიცია კანონს არ არღვევს და იმედია, თავადაც არ გამოვა კანონის ჩარჩოებიდან. 18 ნოემბრის აქცია ბევრად უფრო ცივილიზებულად დაშალეს, ვიდრე ეს 20 ივნისს იყო. ადამიანებიც ნაკლებად დააზარალეს, მაგრამ მაინც ტუტუცები არიან.
_ ტუტუცები რატომ არიან?
_ იმიტომ არიან ტუტუცები, რომ წინა რიგებში 19-20 წლის ახალგაზრდები დააყენეს. დარბევის მომენტში წინა რიგში ვიდექი და უშუალო შეხება მქონდა რობოტებთან.
_ რობოკოპებზე საუბრობთ?
_ რა ვიცი, რა ჰქვია, კოსმონავტებივით რომ აცვიათ, მაგათზე ვსაუბრობ. შევხედე და გული შემეკუმშა _ წინა რიგში სულ პატარა ბიჭები იყვნენ. მათ უკანა მწკრივში უკვე ზონდერები იდგნენ. და ეს ტუტუცი ზონდერები, ტუტუცი ხელისუფლების დავალებით აწვებოდნენ ბავშვებს.
ეს ბავშვები სულ გვეუბნებოდნენ, რომ ბიძია, ჩვენ არ გაწვებით, დეიდა, ჩვენ არ გაწვებით. ჩვენც ერთმანეთს გადავძახოდით, რომ ბავშვებს ხელი არ ახლოთ. ბავშვები დააყენეს ამ ტუტუცებმა წინ.
ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ათასი რამის მოფიქრება შეუძლიათ. ჭკუაში ჩვენ ბევრად ვჯობივართ და საპირისპიროდ მოვიფიქრებთ რამეს.

შორენა მარსაგიშვილი