ტრისტან წითელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი გადააგდო და ამისთვის პასუხი უნდა აგოს“

როგორც კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, ხელისუფლების მომხრეები მოსალოდნელ არეულობაზე ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, სააკაშვილი ძალის გამოყენებით აპირებს ხელისუფლების ჩამოგდებას.
ერი მოსალოდნელი სისხლისღვრის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმაც გააფრთხილა. ის „ნაციონალების“ რევანშზე 2013 წლიდან ლაპარაკობს. მისი მტკიცებით, ე. წ. მაჟორიტარების ამბოხის შედეგად დაწყებულ საპროტესტო აქციებს სააკაშვილი სათავისოდ გამოიყენებს და ძალაუფლების დაბრუნებას შეეცდება.

რა აძლევს ამის თქმის საფუძველს წითელაშვილს? ასრულებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ დაკვეთას, რომელიც ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად? რატომ საყვედურობს იმ ხალხს, ვინც წლების მანძილზე „ნაციონალებს“ ებრძოდა? _ ამ თემებზე ტრისტან წითელაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დაიწყო თუ არა აქციები, თქვენ გამოხვედით და მოსალოდნელი სისხლისღვრის შესახებ გააკეთეთ განცხადება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ დაკვეთა შეასრულეთ და ამით ოპოზიციის აქციის დისკრედიტაციას შეეცადეთ.
_ „ქართული ოცნების“ მეხოტბე არ ვარ და არც ჯანსაღი ოპოზიციის დისკრედიტაცია გამივლია გულში. სამწუხაროდ, ეს ოპოზიცია დღეს „ნაციონალების“ გვერდით დგას, „ნაციონალებს“ კი დიდი მზაკვრული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული.
ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მათი გეგმების შესახებ და თავი ვალდებულად მივიჩნიე, საზოგადოება გამეფრთხილებინა.
_ ბატონო ტრისტან, თქვენ საზოგადოებას მოსალოდნელი არეულობის შესახებ 2013 წლიდან აფრთხილებთ, მაგრამ არეულობა დღემდე არ მომხდარა.
_ მერე რატომ არ მოხდა ეს არეულობა? იმიტომ, რომ მე მოვახდინე პრევენცია. როცა გეგმა გავუშიფრე, ბუნებრივია, ამ გეგმით ვეღარ იმოქმედებდნენ.
როდესაც მაჟორიტარების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო აქციები დაიწყო, თავი მოვალედ მივიჩნიე, რომ ხალხი კიდევ ერთხელ გამეფრთხილებინა მოსალოდნელი სისხლისღვრის შესახებ.
თქვენი აზრით, პარლამენტთან კასრები და ქვიშით სავსე ტომრები რატომ მიიტანეს? ძალიან ცუდი რამე იყო ჩაფიქრებული.
_ თუ ეს უბედურება კასრებსა და ქვიშიან ტომრებს უკავშირდებოდა, ჩავთვალოთ რომ ის თავს აღარ დაგვატყდება _ კასრებიც და ტომრებიც რუსთაველის გამზირიდან გაიტანეს.
_ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენზე მეტ ინფორმაციას ვფლობ, თავს დამშვიდების უფლებას არ ვაძლევ. ერთ უბედურებას გადავურჩით, მაგრამ საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია.
_ რა საფრთხეზეა საუბარი შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ?
_ ამის შესახებ სხვებსაც ვესაუბრე და თქვენც გეტყვით: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში სისხლისღვრის საფრთხე არსებობს.
_ რის საფუძველზე ამბობთ ამას?
_ ჩემს ხელთ არსებულ უტყუარ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელთა ნამდვილობაზე პასუხისმგებლობას ვკისრულობ.
მოგეხსენებათ, უკრაინასთან როგორი კავშირები მაქვს და კარგად ვიცი, იქ რა ხდება. დეტალურად ვარ ინფორმირებული, თუ რას ხლართავს იქ მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის მითითებით უკრაინიდან ჩამოსული 30 კარგად გაწვრთნილი მებრძოლი უკვე აქციის მონაწილეთა შორის იმყოფება. მათ ფორმებიც კი აცვიათ და კარვებთან მორიგეობენ. ისინი მოქმედების დასაწყებად ნიშანს ელოდებიან.
„ნაციონალების“ ლიდერი უკრაინიდან საქართველოში „ბოევიკებს“ ეტაპობრივად აგზავნის. შარშან ხომ გახსოვთ, ერთი ჯგუფი რომ დააკავეს. ისინი აქ იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოწყობილ არეულობაში მიეღოთ მონაწილეობა.
_ თქვენ სასტუმროში მყოფი ადამიანების დაკავებას გულისხმობთ?
_ დიახ. ამ ადამიანებს აქ არეულობა უნდა მოეწყოთ. ისინი ჩვეულებრივი ტერორისტები არიან.
_ ტერორისტები თუ იყვნენ, სასტუმროში რატომ გაჩერდნენ? რამდენადაც ვიცი, ტერორისტები სასტუმროში არ ჩერდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ რაღაც აქვთ გასაფუჭებელი.
_ ვინ გითხრათ, რომ სასტუმროში არ ჩერდებიან? ტერორისტები ხშირად სწორედ სასტუმროებში ბინავდებიან, რომ მათზე ეჭვი არავინ აიღოს. თან პროცესები ჯერ დაწყებული არ იყო და ტყეში ხომ არ ისხდებოდნენ იმდენი ხანი?
_ ვთქვათ, მართალი ხართ, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე როგორ შემოვიდნენ ტერორისტები? რატომ მისცეს მათ ძალოვანმა სტრუქტურებმა ამის ნება?
_ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე როგორც ტურისტები, ისე შემოვიდნენ. ტერორისტები არასდროს ამბობენ, რომ ისინი ტერორისტული აქტის ანდა არეულობის მოსაწყობად ჩავიდნენ ქვეყანაში. ისინი გადაადგილდებიან, როგორც ტურისტები.
_ გასაგებია, მაგრამ სპეცსამსახურები რისთვის არსებობს?
_ ტერორისტების გამოვლენა მათი საქმეა და, ჩვენდა საბედნიეროდ, შარშან ეს ჯგუფი გამოააშკარავეს. იმედია, ახლაც სათანადოდ იმოქმედებს ხელისუფლება. ერთი იცოდეთ, რომ წელს უფრო მძიმედ არის საქმე. თავდაცვის სამინისტროში ღალატია.
_ რა ღალატზე საუბრობთ?
_ ახლავე მოგახსენებთ: მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით გავაფრთხილო ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 45 ოფიცერი უკრაინის ქალაქ ჟიტომირში გაფრინდა, სადაც სპეციალური მომზადება გაიარა.
ჟიტომირში არსებობს არაოფიციალური სამხედრო ბაზა, სადაც მეომრებს წვრთნიან. ასეთივე ბაზა არსებობს ლვოვსა და პოლონეთშიც.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ თბილისში საქართველოს უშიშროების მიერ დაპატიმრებული ექვსკაციანი ჯგუფი, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ იქ ემზადებოდა საქართველოში დივერსიისა და ტერაქტების მოსაწყობად, რომელთა სამიზნეც შესაძლოა, პირადად ბიძინა ივანიშვილიც ყოფილიყო.
45-კაციანი ქართველი ოფიცრების ჯგუფი თბილისში 10 ნოემბერს დაბრუნდა. თითოეულ ოფიცერს ავანსად 600-650 დოლარი მისცეს. ისინი დღემდე თავდაცვის სამინისტროში, კონკრეტულად, გენერალური შტაბის სხვადასხვა ბრიგადასა და ქვედანაყოფში ირიცხებიან და სააკაშვილისგან ნიშანს ელოდებიან.
_ ვთქვათ, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია. ამბობთ, რომ 26 ოქტომბერს ჩაფრინდნენ ჟიტომირში და 10 ნოემბერს უკვე თბილისში დაბრუნდნენ, ე. ი. სულ ორი კვირა იყვნენ იქ. ორ კვირაში რა უნდა ესწავლათ?
_ ორ კვირაში დილეტანტი ვერ ისწავლიდა ვერაფერს. ესენი გამოცდილი სამხედროები არიან, პროფესიონალები. მათთვის ერთი კვირაც საკმარისი იქნებოდა. იმედი მაქვს, ხელისუფლება ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სერიოზულობით მოეკიდება.
შემიძლია ხელისუფლებას ის გეგმაც წარვუდგინო, რომლითაც ზემოხსენებული ის 30 „ბოევიკი“ იმოქმედებს.
როდესაც საპროტესტო აქციები პიკს მიაღწევს, ეს 30 მებრძოლი მნიშვნელოვან პროვოკაციას მოაწყობს. არ გამოვრიცხავ, რომ სისხლი დაიღვაროს. ამის გაკეთება უნდა დაბრალდეს ხელისუფლებას.
ასეთი რამე თუ მოხდა, ეს ხალხის აღელვებას გამოიწვევს. საყოველთაო-სახალხო მღელვარება, გეგმის თანახმად, შეტაკებებსა და რევოლუციაში უნდა გადაიზარდოს.
და როცა თბილისის ქუჩებს ქაოსი მოიცავს, საქართველოს დედაქალაქში დაეშვება თვითმფრინავი, სადაც იჯდება სააკაშვილი. სპეციალურად გაწვრთნილი 45 სამხედრო სააკაშვილის უსაფრთხოებას დაიცავს და თბილისის ცენტრისკენ დერეფანს გაუკეთებს.
ასე რომ, მივმართავ ხელისუფლებას, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს გენერალური შტაბი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადები და ქვედანაყოფები;
საგანგებოდ მივმართავ სუსს და მოვუწოდებ, კონტროლზე აიყვანოს ზონდერები, რომლებიც პარლამენტის წინ კარვებს შორის მოძრაობენ;
ასევე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, მოერიდეთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას, მოარიდეთ თქვენი შვილები, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, სწორედ თქვენ იქცეთ პროვოკაციის მსხვერპლად! ერთმანეთი გააფრთხილეთ, რათა მოსალოდნელი დიდი სისხლისღვრა თავიდან ავირიდოთ.
_ თქვენი ეს მოწოდება ოპოზიციის აქციების დისკრედიტაციას ხომ არ ისახავს მიზნად? ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ ის კანონის ჩარჩოებიდან არ გავა.
_ რატომ უნდა ვენდო ოპოზიციას? გინახავთ სადმე, დამნაშავეს წინასწარ ეთქვას, ამის გაკეთებას ვაპირებო? „ნაციონალებს“ აშკარად ეტყობათ, რომ ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს.
_ ამას არც მალავენ. ხელისუფლების შეცვლა, „ნაციონალების“ გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სურთ. ისინი ამბობენ, რომ ცვლილება მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს. სამოქალაქო დაპირისპირება არავის სურს.
_ დანარჩენ ოპოზიციას შეიძლება, მართლა არ უნდა არეულობა _ სურს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით შეცვალოს. მშვიდობიანი ცვლილება კი სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ინტერესებში არ შედის. მათ სულ სხვა გეგმა აქვთ შემუშავებული. ამ სახიფათო გეგმაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ.
_ თქვენი აზრით, სააკაშვილი და ბოკერია ერთად არიან?
_ რა თქმა უნდა, ერთად არიან. ეგენი ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ. ეს მზაკვრობაც ერთად ექნებათ მოფიქრებული.
_ მათი ერთად ყოფნა ცოტა საეჭვოა, ბოლო დროს სერიოზულად გამოლანძღეს ერთმანეთი.
_ ეს ყველაფერი ხალხის მოსატყუებლად გააკეთეს. მე პირადად ამ ვითომ დაპირისპირებამ ეჭვები გამიჩინა. მათ დაპირისპირების სპექტაკლი დადგეს, რათა ხალხს აღარ ეფიქრა, რომ ისინი ისევ ერთად იყვნენ.
_ კარგით, ვთქვათ, მათ ეს დაპირისპირება გაითამაშეს, ვისი დამსახურებით გამოვიდნენ მათი მხარდამჭერები ქუჩაში?
_ ამაში ხელისუფლებაც დამნაშავეა. მათ ხალხისთვის მიცემული პირობა არ უნდა დაერღვიათ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას გულწრფელად აპროტესტებს, მაგრამ არა ბოკერია და სააკაშვილი.
ისინი კარგა ხანია, რაღაცისთვის ემზადებიან. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უპასუხისმგებლობით მათ ბინძური გეგმის განხორციელების საშუალება მისცა. იმედია, ხელისუფლება ამ შეცდომას გამოასწორებს და დამნაშავე რეჟიმს საშინელების დატრიალების შესაძლებლობას არ მისცემს.
სიმართლე გითხრათ, მე ხალხის კეთილგონიერების იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ხელისუფლების ადეკვატურობის. ესენი საქმის გამკეთებლები არ არიან. რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ტყუილის მეტი არაფერი უკეთებიათ.
ისინი მოძალადეები იყვნენ, ესენი მატყუარები არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს, ამ ლამაზ და კარგ ქვეყანას, ხელისუფლებებში არ უმართლებს.
პოლიტიკური სისტემა რომ შესაცვლელია, ამაზე არც მე ვდაობ, მაგრამ ეს მშვიდობიანად და არჩევნებით უნდა გაკეთდეს.
ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტია ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი. ამ ტყუილით და პროპორციულის ჩაგდებით ხელისუფლებამ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობისთვის გაწირა. ერთპარტიულობიდან დიქტატურამდე კი ერთი ნაბიჯია. ეს სააკაშვილის დროსაც კარგად დავინახეთ და ახლაც ამის მომსწრენი ვართ.
_ თავად ამბობთ, რომ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობისთვის გაწირეს და დიქტატურამდე ერთი ნაბიჯი უკლიათო. დიქტატორებს კი დემოკრატია ვერ იტანს.
_ დემოკრატიულ სახელმწიფოში დიქტატურის ადგილი არ არის. არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს არჩევნებით უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დიქტატურას მივიღებთ.
_ რატომ გგონიათ, რომ დიქტატურას მივიღებთ?
_ ხელისუფლებაში დაბრუნებული სააკაშვილი დემოკრატიულ წყობას არ დაამყარებს. იმაზე უარესი იქნება, ვიდრე 2003-2012 წლებში იყო. სააკაშვილი შურისძიებით არის განმსჭვალული. ეგ თუ დაბრუნდა, აქ საშინელება მოხდება.
_ რატომ გგონიათ, რომ თუ „ოცნება“ შეიცვალა, ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი მოვა?
_ არჩევნების გზით თუ შევცვლით ხელისუფლებას, ამის საფრთხე არ იქნება. ძალადობრივი ცვლილების შემთხვევაში კი სხვა ალტერნატივა არ არის. სააკაშვილი და ბოკერია ხელისუფლებას არავის დაუთმობენ.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას _ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა ქართველი ხალხის გადაგდება გაბედა. მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ და აგებენ კიდევაც.
_ გამოდის, რომ ეთანხმებით ოპოზიციას, ისინიც იმას ამბობენ, რომ გადამგდები უნდა გადააგდო.
_ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, ოღონდ „ნაციონალების“ გარეშე. მე ჯალათების გვერდით ვერ დავდგები. ჯალათების აღდგენილი სამართალი ბუნებაში არ არსებობს. შავბნელი სააკაშვილის დაბრუნება არ უნდა დავუშვათ.
ეს კაცი ახლა დაბრუნებას რომ ლამობს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. თავის დროზე უაზრო კოჰაბიტაცია გამოაცხადეს და ეს ახლა ცუდად შემოუტრიალდათ. ქართველ ხალხს შემოგვიტრიალდა კოჰაბიტაცია, თორემ ხელისუფლება თუ შეიცვალა, ის ხალხი, ვინც „ოცნებაშია“, ეგრევე სააკაშვილთან გადავა.
_ უკან დაბრუნდებიანო, რომ ამბობთ, 2012 წელს იქიდან არ გადმობარგდნენ „ოცნებაში“?
_ ეგენი კი გამონახავენ საერთო ენას, მაგრამ ხალხმა რა ვქნათ? შავბნელი ძალა ხალხზე იყრის ჯავრს. წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რა მოხდება მათი დაბრუნების შემთხვევაში.
ისინი სისხლისღვრის გარეშე არ დაბრუნდებიან. სისხლისღვრა კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვესროლეთ ერთმანეთს ტყვია და ეს არ უნდა განმეორდეს. სამოქალაქო ომი უპატიებელია.
_ სამოქალაქო ომში თქვენც ხომ მიიღეთ მონაწილეობა?
_ რას ლაპარაკობთ?! მადლობა ღმერთს, ამ საშინელებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იცით, რამხელა ცოდვაა? ეს არის წყევლა. დღეს საქართველო წელში რომ ვერ გასწორდა, ამ ომის ბრალია. ძმა ძმას რომ კლავს, ამაზე დიდი წყევლა რა გინდა?! ეს აღარ უნდა განმეორდეს!
_ ნებისმიერი საპროტესტო აქციის დროს იმას ამბობენ, სისხლი დაიღვრებაო და ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა.
_ იმიტომ არ მომხდარა, რომ ამ აქციებში „ნაციონალები“ არ მონაწილეობდნენ. ახლა პროცესებს ისინი წარმართავენ.
_ ამ წლების მანძილზე „ნაციონალებმა“ რამდენიმე დიდი აქცია გამართეს, მაგრამ არც იქ ყოფილა ძალადობა.
_ არ ყოფილა იმიტომ, რომ წინასწარ მოხდა პრევენცია. დღეს მათ არეულობის მოსაწყობად გაცილებით მეტი შანსი აქვთ. სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია მათ გვერდზე დგას.
_ თქვენი აზრით, რაკი „ნაციონალები“ პროპორციულის ჩაგდებას აპროტესტებენ, დანარჩენ ოპოზიციას ხმა არ უნდა ამოეღო და პროტესტი არ გამოეხატა?
_ პროტესტი როგორ არ უნდა გამოეხატა, მაგრამ ეს „ნაციონალებთან“ ერთად არ უნდა გაეკეთებინათ.
ხელისუფლებამაც თავი უნდა დაანებოს ბინძურ თამაშებს და ხალხს დანაპირები შეუსრულოს. არავის სჯერა, რომ მათ მაჟორიტარები აუბუნტდნენ. ეს სისულელეა. რომ აბუნტებულიყვნენ, უნდა გაეჩერებინათ. გარდა იმისა, რომ დანაპირებს შესრულება სჭირდება, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენო.
დღეს ხელისუფლებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვდებიან, თუ რა შარში გაყო თავი და რა საფრთხის წინაშე დააყენეს სახელმწიფო.
იმ აქციაზე „ნაციონალები“ რომ არ მდგარიყვნენ, მათ მეც შევუერთდებოდი, რადგანაც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ოპოზიციის მოთხოვნებს.
_ „ნაციონალები“ რომ არ მდგარიყვნენ, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ იქნებოდა? დანარჩენი ოპოზიცია არ გაამწვავებდა სიტუაციას?
_ არ იქნებოდა. ძალადობა მხოლოდ ამ ძალის დამახასიათებელია. დანარჩენი პარტიები ძალადობრივი მეთოდით არ შეეცდებოდნენ ხელისუფლების შეცვლას.
_ არც ესენი ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას.
_ ამბობენ, არჩევნებიო, მაგრამ აბა, მათი გამოსვლები მოისმინეთ. გიგი უგულავას ისეთი ზიზღით სავსე გამოსვლა ჰქონდა, შევშფოთდი. ეს ადამიანი რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს, ყველას თავებს დააჭრის.
_ აგრესიული გამოსვლები სხვებსაც აქვთ, მაგალითად, ბურჯანაძეს. ისიც თავებს დააჭრის ხალხს?
_ ბურჯანაძე თავებს არავის დააჭრის, მაგრამ „ნაციონალების“ გვერდზე დადგომით კი თავად ნამდვილად მოიჭრა თავი. მათ გვერდზე ყველა ძალას წარმოვიდგენდი, ნინო ბურჯანაძისა და მისი პარტიის გარდა.
_ ნინო ბურჯანაძეს რატომ ვერ წარმოიდგენდით მათ გვერდით?
_ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევის გამო. ნამდვილად არ მეგონა, ნინო თუ ამ სისხლიან ოპერაციას აპატიებდა „ნაციონალებს“.
_ საიდან მოიტანეთ, რომ აპატია?
_ მათ გვერდით დგას და პატიებაა, აბა, რა არის?!
_ ბურჯანაძე სხვანაირად ფიქრობს და არც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას უჭერს მხარს.
_ ეგ მჯერა, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არ უნდა, მაგრამ მათ გვერდზე როგორ დადგა?! ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი! ჯობდა, ცალკე მოეწყო მიტინგი, ჯობდა, ორი კაცი მდგარიყო იმ მიტინგზე, მაგრამ სამართლიანობისთვის სამართლიანად ებრძოლა.
_ ახლა უსამართლოდ იბრძვის?
_ „ნაციონალების“ გვერდით დგომა დანაშაულის ტოლფასია. მთელი ეს წლები „ნაციონალების“ დასჯას ითხოვდა და ახლა მათ დაუდგა გვერდით. არაა ეს ლამაზი.
_ მართლა ითხოვდა „ნაციონალების“ დასჯას, მაგრამ „ოცნებამ“ არ დასაჯა დამნაშავეებიო.
_ ეს ასეა, სამწუხაროდ. ნინოს რა ჰგონია, რომ „ნაციონალების“ გვერდით რადგან დადგა, „ნაციონალები“ დასჯიან იმათ, ვის დასჯასაც ის ითხოვს?
_ რატომ ფიქრობთ, რომ „ნაციონალები“ მოვლენ ხელისუფლებაში?
_ მოვლენები თუ რევოლუციური სცენარით განვითარდა, ეგენი მოვლენ. ისინი აპირებენ გადატრიალების მოწყობას და სხვას რატომ დაუთმობენ სკამს? ეს იქნება ქვეყნის დასასრული.

შორენა მარსაგიშვილი