ხათუნა ლაგაზიძე: „ქართულ ოცნებაში“ აზროვნება დასჯადია“

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის მერვე წელს კიდევ ერთხელ დაარღვია პირობა. 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა, _ სხვა ბევრი დაპირების მსგავსად, _ არ შესრულდა. ამჯერად, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ დასავლეთსაც გაუცრუა იმედები.

როგორ შეიცვალა პოლიტიკური რეალობა საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ? რამდენად ქმედითუნარიანია არსებულ მოცემულობაში ოპოზიცია? რა შანსები რჩება მმართველ ძალას?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რა პოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ?
_ პოლიტიკური რეალობა, რა თქმა უნდა, მრავალმხრივ შეიცვალა, როგორც საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე, ასევე _ საშინაო ფლანგზეც. საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე „ოცნებამ“ ძალიან მწვავე შეფასებები და პრესა მიიღო დიპლომატებისგან. ამ ფაქტამდე „ოცნება“, ერთგვარად, ორსახოვანი იარუსი იყო, რომლის ერთ-ერთი სახე პროდასავლური გახლდათ, მეორე სახე კი _ ძალიან ეკლექტური. მთავარი, რაც მოხდა არის ის, რომ ამ ცვლილებების შედეგადად ეს ორსახოვანი იარუსი შეიცვალა და „ოცნებამ“ პროდასავლური სახე თავად აიხია. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებიდან“ წავიდნენ ის დეპუტატები, რომლებიც საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებდნენ და მათზე გადიოდა „ოცნების“ ნდობის ფაქტორი დასავლეთის მხრიდან. ახლა ვინც დანიშნეს, სრულიად უცხო სახელებითა და გვარებით, მათი უმრავლესობა დასავლეთისთვის აბსოლუტურად არაფრისმთქმელია. შესაბამისად, „ოცნებას“ დასავლეთთან ამ სახეებით კონტაქტი ძალიან გაუჭირდება. განა იმიტომ, რომ ან აგრესია აქვთ, ან მიუღებლობა იმ კონკრეტული გვარების მიმართ, უბრალოდ, არ იცნობენ მათ. თან ამ ადამიანებს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილება არც გააჩნიათ. მანამ, სანამ დასავლეთი მათ შეისწავლის, საერთო ენას გამონახავს, საპარლამენტო ვადა ჩაივლის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბოლო წელი „ოცნებისთვის“, როცა მას ხელისუფლების შესანარჩუნებლად სასიცოცხლოთ სჭირდება დასავლეთის ნდობა და მხარდაჭერა. ასე რომ, მთავარი, რაც „ოცნებამ“ დაკარგა ამ კანონპროექტის ჩაგდებით ეს არის დასავლეთის მხარდაჭერა. როდესაც „ოცნების“ ლიდერშიფი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას გეგმავდა, ცხადია, რომ პროდასავლელმა დეპუტატებმა ეს არ იცოდნენ. მე არ ვარ იმ ვერსიის მომხრე, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს „ოცნება“, ჩაგდების სცენარი იცოდნენ, ყველაფერი გათამაშებულია და მომავალში კოალიციის შესაქმნელად გაკეთდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს არ ჩანს, რადგან თუნდაც სატელევიზიო ეთერებში მათი გამოსვლებიდან ისინი იმდენად დაძაბულები, დათრგუნულები და დაბნეულები არიან, როგორც ჩანს, ეს მათთვის მოულოდნელი რეალობა აღმოჩნდა. ამიტომაც ვერ გეტყვით, ითვლიდა თუ არა „ოცნება“ იმის ალბათობას, რომ ამ ცვლილებებს მათი პროდასავლური ფლანგის გამიჯვნა მოყვებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ პროპორციულის ჩავარდნა დაგეგმილი პროცესი იყო. რჩება ერთ-ერთი მთავარი კითხვა, _ „ოცნებამ“ გათვალა თუ არა დასავლური სახის „ახევის“ ალბათობა? _ რადგან ეს მათთვის ძალიან დიდი დანაკარგია. „ოცნებისთვის“ სახიფათოა დასავლური ნდობის ჩამოშლა და იმ ადამიანების ხელიდან გამოცლა, რომელზედაც დასავლეთის მხრიდან „ოცნების“ მიმართ ნდობა იდგა. ერთადერთი ასეთი დასავლეთთან ურთიერთობებში მეტ-ნაკლებად გამოცდილი თალაკვაძე შერჩათ, მაგრამ ამ ამბის მერე, როცა ყველა დანარჩენი პროდასავლელი გამოეცალათ, მხოლოდ თალაკვაძე ამ ნდობის აღდგენას ვერ შეძლებს. ეს ნდობა კი ისეთი დანაკარგია, რომლის კომპენსირებასაც ისინი არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვერ შეძლებენ. შესაბამისად, დასავლეთის მხრიდან „ოცნების“ მიმართ ნდობის დაკარგვა გაცილებით უფრო სახიფათო იყო, ვიდრე საზოგადოების განწყობა. ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე „ოცნებას“ საგარეო ფლანგზე შველის, ჯერჯერობით, არ ჩანს იმგვარი რეალური ალტერნატივა, რომელიც ხელისუფლების გადაბარების შემთხვევაში ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორიდან გამომდინარე: ამიტომაც „ოცნებას“ ბევრ ისეთ რამეს უთმენენ, რასაც სხვას და სხვა დროში არ მოუთმენდნენ. ამას ერთვის ისიც, რომ თავად დასავლეთი თავის პრობლემებშია ჩაძირული და ისეთი აქტიური, როგორც ადრე იყო საქართველოსთან მიმართებით, აღარ არის. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ „ოცნების“ თავს გასვლა ასე მარტივად არ ჩაივლის.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ ჩანს ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლების გადაბარების შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. როგორ ფიქრობთ, იგივე ამ ოპოზიციამ რამდენად სწორად იმოქმედა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ პროპორციული ჩააგდო? დაბოქლომების მეთოდი რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს?
_ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციის ეს საპროტესტო აქციები არ ატარებს ძალადობრივ ხასიათს და მშვიდობიანი პოლიტიკური პერფორმანსის სახე აქვს, ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის იგივე დასავლეთის თვალში, რადგან 20 ივნისის შემდეგ დასავლეთის განცხადებებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ დასავლეთი უკმაყოფილო იყო მოვლენების იმჟამინდელი განვითარებით და არანაირ ძალადობას არ მიესალმებოდა, არც მაშინ და არც ახლა. თუ ოპოზიციას სურს, დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვოს, არაძალობრივი აქციები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჯერჯერობით, არაძალადობრივი აქციების პოლიტიკას ოპოზიცია მისდევს. ის, რომ ამ აქციებს არაძალადობრივი ხასიათი აქვს, ეს დიდწილად გიორგი ვაშაძის დამსახურებაა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა, ამ კუთხით, სწორედ, მას ეკუთვნოდა. ვფიქრობ, რომ ამ სახით და ამ დოზით ეს აქციები საჭიროა, რათა ხელისუფლება ამყოფონ მუდმივი დაძაბულობის პირობებში. როგორც კი ხელისუფლებამ ოპოზიციის პასიურობა იგრძნო, პროპორციული არჩევნებიც ჩააგდო. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ ძალადობრივი აქციები დააქცევს ოპოზიციასაც და ქვეყანასაც. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ნერვების ომთან, ვის უმტყუნებს პირველად ნერვები, ვინ დაუშვებს პირველად შეცდომას, _ ხელისუფლება თუ ოპოზიცია? ხელისუფლებას ეს შეცდომა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს. მმართველი გუნდი ფიქრობდა, რომ ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქციებისა და ძალადობრივი სცენარის გარდა სხვა გამოსავალი არ ექნებოდა. შემდეგ ამ ძალადობრივ სცენარს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა, მათ შორის, დასავლეთთან ურთიერთობისას და ეტყოდა მას, რომ ოპოზიცია ძალადობაზე ორიენტირებულია, ხელისუფლებაში ამათი მოსვლის შემთხვევაში კი რა მოხდება, ხომ წარმოგიდგენიათ. როგორც ჩანს, ეს იყო ხელისუფლების სცენარი. ოპოზიციის არაძალადობრივი ტაქტიკის გამო ეს სცენარი ჩავარდა. პოლიტიკური პერფორმანსები, მათ შორის, „დაბოქლომებაც“, ეს არის ოპოზიციის სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება. დანარჩენი სტრატეგია კი აუცილებლად კიდევ შესამუშავებელია, რადგან დღეს ოპოზიციას საზოგადოების მასობრივი მხარდაჭერის სერიოზული პრობლემა უდგას. ამიტომაც მათი სტრატეგიის მეორე მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს ახალი სახის შეძენა, ახალი შეთავაზებები საზოგადოებისთვის, რაც მათ მიმართ ნდობას გაზრდის. განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში, საუბარია ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე. რას სთავაზობს ოპოზიცია ხალხს ხელისუფლების საპირწონედ? _ ეს უნდა იყოს მეორე ტაქტიკური ხაზი. გავიგეთ, რომ „ოცნება“ ცუდია, მაგრამ შეუძლებელია, მესამე წრეზე ერთი და იგივე ლოზუნგით იცვლებოდეს ხელისუფლება. ლოზუნგი _ „ყველა ერთის წინააღმდეგ“ _ თავისთავად ნეგატივის შემცველია და არა პოზიტივის. ოპოზიცია რას სთავაზობს ამომრჩეველს, _ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისინი გაერთიანდნენ არა რაღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცისთვის, მაგალითად: ქვეყნის აშენებისთვის ან აღორძინებისთვის. ლოზუნგს რა გამოლევს, მთავარია, ამ ლოზუნგს რეალური ხედვები და გეგმები უმაგრებდეს ზურგს. ამის ძალიან კარგი პრეცედენტი შექმნა გიორგი ვაშაძემ თავისი სტრატეგია „აღმაშენებლით“. მან ამით მოთხოვნა გააჩინა ხედვებზე, სტრატეგიებზე. ჩვენ შეჩვეულები ვართ ფარიტანა სარეკლამო ბუკლეტებზე რამდენიმე მაშველი ფრაზის წარწერას და ეს არის საარჩევნო პროგრამები, კამპანიის ბოლოს კი სპორტის სასახლეში ყრილობის ჩატარებას, _ აქამდე სულ ეს იყო პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანები. ვაშაძემ კი ეს პრინციპულად შეცვალა სტრატეგია „აღმაშენებლით“. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ ძალიან კონკრეტული ხედვები და პროცესის პოზიტივისკენ შემოტრიალება. საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შექმნან პოზიტიური დღის წესრიგი. არ მაქვს ილუზია, რომ 2020 წლის ოქტომბერს ოპოზიცია ერთიანი ძალებით შეხვდება. პრინციპში, ამაზე არც არის საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციამ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გაიტანოს, შემდეგ კი ყველას თავისი ხელწერა, საარჩევნო პროგრამა და ხედვა უნდა ჰქონდეს. პარალელურად, ამ ყველაფრისთვის მზადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თეორიულად რომ დავუშვათ, ხელისუფლება დასავლეთმაც აიძულა და დასთანხმდა გერმანულ მოდელს. მაშინ მმართველი ძალა თავის გადასარჩენად ახალი ხრიკის შემოგდებას ეცდება, ეს ახალი ხრიკი კი იქნება ვადამდელი არჩევნები, რათა ოპოზიციურმა ძალებმა მომზადება ვერ მოასწროს. პროპორციული არჩევნების ჩაგდება ძალიან ნათელი დასტური იყო საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის. როგორც ჩანს, მათ თავიანთ კვლევებში ისიც ნახეს, რომ იმ პარტიებიდან, რომელსაც პარლამენტში შესვლის შანსი ჰქონდა, „ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას ბევრი არ დასთანხმდებოდა; ხოლო ვინც მათთან კოალიციაში სიხარულით წავიდოდა, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, „ოცნება“ ვერ შეკრავდა ალიანსს, რადგან რაღა პუტინთან შეგიკრავს კოალიცია და რაღა _ „პატრიოტთა ალიანსთან“. ჯერჯერობით, ამისთვის არ იყვნენ მზად. ამიტომაც მიიღეს, უპირველეს ყოვლისა, მათთვის სრულიად დამანგრეველი გადაწყვეტილება. ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნები იყო რისკი, მაგრამ, მეორე მხრივ, მას უამრავი მანიპულაციის საშუალება რჩებოდა თავისი მილიარდებით. მაგალითად, პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შევიდოდნენ, მათთან ვაჭრობა შეეძლოთ, ასევე შეეძლოთ არჩევნებამდე რამდენიმე პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც არჩევნების შემდეგ მასთან კოალიციაში შევიდოდა. სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე დაიწყებოდა საუბარი, ყველა მილიონერი მაჟორიტარი საკუთარი პარტიების შექმნასა და ამით პარლამენტში შესვლას აპირებდა. ასე რომ, პროპორციულის შემთხვევაშიც ჰქონდა „ოცნებას“ შანსი, რომ ის ყოფილიყო მთავარი ღერძი მთავრობის დაკომპლექტებაში _ ყველაფერი სჯობდა ამას, რაც პროპორციულის ჩაგდებით დღეს „ოცნებამ“ საკუთარ თავსა და ქვეყანას გაუკეთა. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გაზომა მხოლოდ ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა. დასხდნენ და იფიქრეს, რომ მათთვის მომგებიანი იქნებოდა ყველა შესაძლო რეაქცია „პროპორციულ არჩევნებზე“: თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა, ხომ გადასარევი, თუ გამოვიდოდა გასაპროტესტებლად და ამას ძალადობრივი ხასიათი ექნებოდა, გარეთ დასავლეთისა და შიგნით საზოგადოების წინაშე, პირნათელი გამოვიდოდნენ. იტყოდნენ, რომ ძალადობრივი გზით ოპოზიცია გადატრიალებას აპირებს და მათი ძალადობრივი ქმედებით რუსეთი ისარგებლებს. ანუ ორივე ვერსიას „ოცნება“ სათავისოდ თვლიდა, მაგრამ დღევანდელი სურათი, რაც დალაგდა, მათთვის სერიოზულად წამგებიანია. ისინი გაცილებით უკან არიან, ვიდრე _ პროპორციულის ჩაგდებამდე: ამ მოცემულობით „ოცნება“ გაცილებით ნაკლები ხმის მიღებას შეძლებს იმიტომ, რომ ოპოზიცია არ გაჩერდება. სტრესულ პირობებში კი, გარწმუნებთ, ხელისუფლება არაერთ შეცდომას დაუშვებს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს ოპოზიცია. „ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნის მეტი არაფერი უკეთებია: ქმნის პრობლემებს და მერე საკუთარი ხელით შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს ეძებს, _ ეს არის მთელი „ოცნების“ 8 წლიანი მმართველობა.
_ რატომ უშვებს „ქართული ოცნება“ მსგავსი სახის შეცდომებს მერვე წელია, მიზეზი თავად ივანიშვილია? როგორ ფიქრობთ, მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რესურსი ამოეწურა?
_ მიზეზი არის მარტივი: „ქართულ ოცნებაში“ აზროვნება დასჯადია. ერთადერთი, რასაც აზროვნებენ და ვინც „აზროვნებს“, ეს არის შავბნელი ტვინები, რომელიც ბოტების ქარხანაში იჩენს თავს. ამიტომაც არიან თავად ასეთ დღეში, ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ხალხიც და ქვეყანაც.
_ შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური სპექტრის „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება აწყობს, რადგან სხვა პარტიებიც „ნაცებად“ მოიხსენიოს და ჩვეული მესიჯი, „სისხლიანი 9 წელი“, გამოიყენოს. როგორ ფიქრობთ, აქედან გამომდინარე, უშლის თუ არა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი ოპოზიციას?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი 300-400 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს, ასე რომ, ამ პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკური სივრციდან და დღის წესრიგიდან ვერ გააქრობ. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გადარჩენას სამმა ფაქტორმა თანაბრად შეუწყო ხელი. ერთი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო იდეის გარშემო გაერთიანებული პარტია; მეორე ის, რომ მათ დასავლეთში ძალიან კარგი კონტაქტები ჰქონდათ და ასე მარტივად მათ ისტორიულ სანაგვეზე მოსროლის უფლება დასავლეთმა „ოცნებას“ არ მისცა; მესამე და უმთავრესი არის ის, რომ „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი მაშველი რგოლი დაინახა. განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე „ოცნების“ ყველა გამარჯვება ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. „ოცნება“ იმარჯვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს თვალზე საფრთხობელად „ნაციონალურ მოძრაობას“ აფარებს. ამ არჩევნებზეც „ოცნებას“ აწყობს იგივე სიტუაციის გათამაშება. ამიტომაც მათ აწყობთ ძალადობრივი სცენარი აირჩიოს ოპოზიციამ, რომ ამ სცენარში ამოსვაროს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი ოპოზიცია. ამის ფონზე კი დასავლეთთან წარმოჩინდეს, როგორც სტაბილურობის ერთადერთი გარანტი.
_ რას ფიქრობთ „ქართული ოცნების“ დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივის შესახებ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების თაობაზე?
_ ძალიან მაშფოთებს აკაკი ზოიძის პირით გაჟღერებული „ოცნების“ ახალი ინიციატივა პროპორციული არჩევნების შესახებ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების თაობაზე. აგიხსნით, რატომ: როცა ის აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეფერნდუმი, ამას იმიტომაც ამბობს, რომ ოპოზიცია ცაიტნოტში აღმოჩნდეს. ოპოზიცია რაიმეს ახსნას მოსახლეობისთვის ძნელად მოასწრებს; მეორე: პრობლემა ისაა, რომ ხალხის გამოყვანა პლებისციტზე წარმოუდგენლად რთული იქნება. ხალხი არჩევნებზე არ გამოდის და ამაზე გამოვა? თანაც გაითვალისწინეთ, რომ არ გამოვა, ძირითადად, ოპოზიციური ამომრჩეველი, თორემ ხელისუფლება თავის ადმინისტრაციულ რესურსს ორგანიზებულად მიიყვანს უბნებთან, ხმას მიაცემინებს და იმ შედეგს მიიღებს, რაც მას უნდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ „ქართულმა ოცნებამ“ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება მართლაც გადაწყვიტა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია რას ეტყვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, _ არ გვინდა პლებისციტზე ამ საკითხის გატანა, რადგან ხალხი ვერ ერკვევა, რა არის მაჟორიტარული და რა _ პროპორციული სისტემაო?! „ქართული ოცნება“, საბოლოოდ, ისევ პირდაბანილი გამოვა. მისი პოზიცია იქნება ასეთი, _ საერთოდ როგორ მკადრებთ, რომ მე ვინმე გადავაგდე, ცვლილებები პარლამენტში კი ჩამიგდეს, მაგრამ კონსტიტუციის ფარგლებში თემა ისევ შემოვაბრუნე, ავირჩიე ყველაზე დემოკრატული გზა და ხალხს ვკითხე აზრიო. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხუნდაძის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუ ის რამენაირად მოხვდა რეფერენდუმის კითხვაში. ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ 150 მაჟორიტარ-ფეოდალს, რომელიც მუდმივად ეყოლება ხელისუფლებას ჯიბეში და ამ გზით, ფაქტობრივად, მივიღებთ სრულად ტოტალიტარულ რეჟიმს, რისი კანონიერი და კონსტიტუციური გზით დამარცხება შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა.
_ რამდენად დიდია დღევანდელი მოცემულობით იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი მივიღოთ, „ქართული ოცნება“ Vშ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნებამ“ ჩვეულ სტილში შეძლოს „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ საარჩევნო კამპანიის ამ მესიჯით წარმართვა?
_ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს არის სასურველი სცენარი, რომ კვლავ ორპოლუსიანი გახადოს პროცესი და რაც მთავარია, შეინარჩუნოს დაძაბულობის მუხტი. კიდევ უფრო მთავარი „ოცნებისთვის“ ის არის, რომ ოპოზიციას შესძინოს მონსტრის სახე, რომელიც მზად არის დესტაბილიზაციისა და რევანშისთვის. დასავლეთს კი უთხრას, რომ თუ თავად არა, მაშ, ვინ?! _ ეს გადამტრიალებელი ოპოზიცია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლასაც სამოქალაქო დაპირისპირება მოყვება, რითაც ისარგლებს რუსეთი?! ეს იყო „ოცნების“ ტაქტიკა, მას ეგონა, რომ პროპორციულის ჩაგდებით წაუგებელ თამაშს თამაშობდა. ანუ მოიშორებდა მისთვის რისკისშემცველ პროპორციულ სისტემას და ოპოზიცია ისევ თავით გადაეშვებოდა ძალადობაში, რასაც დასავლეთთან გამოიყენებდა და პროპორციული სისტემის ჩაგდებაც ხახვივით შერჩებოდა. ოპოზიციას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. ერთი მხრივ, უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტების სერია, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყანა უნდა გადაიყვანოს პოზიტივის რეჟიმში და მომავალზე უნდა გააკეთებინოს ორიენტირი. მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უშუალო შეხება მიწევს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, შესაბამისად, ვიცი მათი პროგრამები, ხედვები და როგორი საქართველო წარმოუდგენიათ მათ. ასე კარგად მომზადებული პოლიტიკური ჯგუფები არც ერთ წინა არჩევნებზე არ მინიხავს, ვგულისხმობ გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძეს. ძალიან საინტერესო და რეალისტური ხედვები აქვთ და კვალიფიციურ ხალხს იკრებენ. მთავარია, ეს ყველაფერი არ ჩაიკარგოს ურთიერთშერკინების, ნეგატივის, დაპირისპირების სივრცეში. ოპოზიციამ პოზიტივისთვის ადგილი უნდა გაჭრას. მთავარია, ეს პროცესი ხალხში გავიდეს. ერთია, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ხედვებს პროფესიონალთა წრეს დასაბუთებულად და რაციონალური გათვალებით წარუდგენს, მაგრამ მეორეა, რომ ეს ყველაფერი ამომრჩევლამდე მიიტანოს და მისთვის გასაგებ ენაზე გადათარგმნოს, აანთოს ისინი, რომ საარჩევნო უბნებთან მოვიდნენ და იქ მოახდინონ ცვლილება. მე რომ დავიჯერე, როგორც პროფესიონალმა, ახლა იმ ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომლებიც თავიანთ საქმეში არიან პროფესიონალი მასწავლებლები, ექიმები, ფერმერები და ა. შ. საპროტესტო აქციების პარალელურად, უპერსპექტივო ქვეყნის ნაცვლად, წარმატებული, განვითარებული საქართველოს ხედვა უნდა დაანახვონ ხალხს, დაარწმუნონ მის რეალისტურობაში და საარჩევნო უბნებთან მიიყვანონ.

ნენე ინჯგია