გია ხუხაშვილი: „ჩემთვის ივანიშვილისადმი ნდობა განულებულია“

„ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს 2012 წლიდან დღემდე დაპირებების არშესრულება ჩვეულებად ექცა. თუმცა ივანიშვილის ბოლო „ტრიუკი“ განსაკუთრებული მასშტაბების აღმოჩნდა და, ამჯერად, არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და დასავლეთიც გადააგდო. „ამბოხებული მაჟორიტარების“ წყალობით მმართველმა ძალამ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი „დაბოქლომების“ მეთოდს იყენებს.
ივანიშვილმა თავისი „ტრიუკის“ შედეგად მოახერხა ის, რომ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ ერთმანეთს დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიებიც კი აღმოჩნდნენ.

რა პოლიტიკური მოცემულობაა ქვეყანაში? შეძლებს თუ არა ივანიშვილი საკუთარი რეპუტაციული ზიანის აღდგენას? რამდენად ლოგიკურად მოქმედებს ოპოზიცია?
ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება, „ამბოხებული დეპუტატების“ მეშვეობით, იყო თუ არა ივანიშვილის სცენარი და რას ემსახურებოდა მორიგი პოლიტიკური სპექტაკლი?
_ ბუნებრივია, ეს მისი გაკეთებულია. პროვინციული სცენარი, მდუმარე დეპუტატების აჯანყება, არ მგონია, საზოგადოებამ დაიჯეროს. ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ ის, რომ ივანიშვილს შეეშინდა ძალაუფლების დაკარგვის. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში კი ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არათუ არჩევნების მოგების, კოალიციის ფორმირების შანსიც არ ჰქონდა. თუ გადახედავთ პარტიების რანჟირებას კვლევებში, დაინახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, პოლიტიკური პარტნიორები არ ჰყავს. ასე რომ, ივანიშვილმა ამ შიშის გამო გადაწყვიტა, თავისი სიტყვა, დაპირება უკან წაეღო. ბუნებრივია, ამას თვითონ ვერ იტყოდა და ეს კომბინაცია მოიფიქრეს. ამოქექეს კახა ოქრიაშვილი, რომელიც, პრინციპში, ყოველთვის წინააღმდეგი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის და მისი მეშვეობით თეთრი ძაფით შეკერეს ეს ისტორია. ასეთია მოცემულობა. ივანიშვილის ამ ნაბიჯს არანაირი გამართლება არ აქვს, მან გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიიღო. ილუზია იქნება, რომ მან ამის გამოსწორებაზე იზრუნოს და არც იზრუნებს. მას გადარჩენის პრობლემა აქვს და ის მხოლოდ ამაზე ფიქრობს. ჩემთვის ივანიშვილისადმი ნდობა განულებულია. ნორმალურ ქვეყნებში ასეთი ქმედების შემდეგ ნებისმიერი ადამიანი პოლიტიკის მიღმა რჩება, რადგან რეპუტაციასა და სიტყვას პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ძალაუფლება და ამიტომაც წავიდა ამ დანაკარგებზე, მან სხვა გზა ვერ დაინახა. კედელთან მიყენებულად იგრძნო თავი.
_ არსებობდა თუ არა ამ მოცემულობაში მისთვის სხვა გზა?
_ საერთოდ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსი ერთი გზით დადიოდეს, რასაც ჰქვია სახელმწიფო ინტერესები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და პარტიის პოლიტიკური ინტერესი დიდი ხანია, სახელმწიფოს ინტერესებზე ზემოთ დააყენა. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ღირსეული გზა და არის გზა, რომლითაც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავ. ეს ორი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გზებია.
_ 20 ივნისის შემდეგ მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა გახარიას შს მინისტრობიდან გადადგომა იყო. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, ივანიშვილმა გახარია, გადადგომის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრად დანიშნა. აქედან გამომდინარე, მან ხომ არ იფიქრა, რომ ამჯერად შეძლებდა ხალხის გაცურებას?
_ ივანიშვილის სტილია, რომ მუდმივად შეტევაში იყოს და იმის საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაოს, რაზედაც, ერთი მხრივ, თითქოს პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს. ასე მოიქცა 20 ივნისის შემდეგ და ასე იქცევა ახლაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ის გადატეხვის პრინციპით, ანუ ნეგატიური სცენარით მიდის. პრინციპში, მას სხვა მანევრი არც გააჩნია, არ აქვს დღეს კარგი არჩევანი. ეს თავისი სიტყვა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დალხენილი ცხოვრებისგან კი არ წაიღო უკან, უბრალოდ, მან მიიჩნია, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და, ფაქტობრივად, საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე გადადგა ეს ნაბიჯი. ახლა ისინი ცდილობენ, რომ სიტუაცია გადატეხონ. გარდა ამისა, მათ ორი ამოცანა აქვთ _ ერთი: კუნთების თამაში და მეორე: ოპოზიციის ერთიანი პროტესტი რამენაირად იმისთვის გამოიყენონ, რომ ყველას, ვისაც პროტესტი გაუჩნდა, „ნაცი“ დაარქვან, მერე ისევ მათი ცნობილი თამაში ითამაშონ, რასაც ჰქვია „სისხლიანი 9 წელი“, ვინც მათთან არ არის, ყველა „ნაცი“ და მათი მტერია, _ ეს არის მათი ჩანაფიქრი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩვეული სტილი გამოიყენოს და ყველას, ვისაც პროტესტი გაუჩნდება, „ნაცი“ ეძახოს, უშლის თუ არა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი ოპოზიციას?
_ ვერ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის. ყველა პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი. პარტიები ხშირად წუწუნებენ, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის, მაგრამ ნუ მოვლენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თვითონ შექმნან თავიანთი დღის წესრიგი. ხომ არავინ არის ამის წინააღმდეგი, აუცილებელი ხომ არ არის, რომ მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ რაღაც შედგეს. ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია. პარტიების კომენტარი მოვისმინეთ და გასაგებია მათი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ბევრი პარტიის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებაა, ეს უკვე ვიცით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაზე რომ ხარჯავენ რესურსს, თავად შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი, აჩვენონ საზოგადოებას ძალა და ეს საერთო პროცესსაც წაადგება. ამის წინააღმდეგი არც არავინ იქნება, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია ცდილობს, თავისი უსუსურობა ვიღაცას დააბრალოს. თვითონ ხომ არ დაიბრალებს და ამიტომ აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას აქციებზე, ამიტომ არ მიდის… იქ ნუ მივლენ, მაგრამ თავად გააკეთონ რაღაც. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ქუჩის პროტესტით არ უნდა შემოიფარგლოს ეს ყველაფერი, რადგან ქუჩის პროტესტში მთელი ოპოზიციური ძალებისა და რესურსების აკუმულირება _ ესეც ხელისუფლების ინტერესებშია. მოგეხსენებათ, ქუჩაში უკვე მორევაზეა საქმე და ბუნებრივია, თუ ტატამზე ადიხარ, ხელისუფლებას ტატამზე ბევრად მეტი რესურსი აქვს. შესაბამისად, ფრონტი უნდა გაიშალოს. კი არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს. იმ ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა ქუჩაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გასვლა, შეუძლია სხვა მეთოდები გამოიყენოს, სხვა პლატფორმა იპოვოს და რაღაც მოიმოქმედოს, თორემ არაფრის კეთება და თავის იმით მართლება, რომ იქ „ნაცები“ არიან და მათთან ვერ დადგებიან, ამაზე წუწუნი ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის საკუთარი უსუსურობის აღიარება.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, შეიძლება ითქვას, მთელი ოპოზიციური სპექტრი ღირებულებებისა და შეხედულებების სხვაობის მიუხედვად გაერთიანდა. ეს რა სურათს ქმნის და რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის იგი?
_ ამ შემთხვევაში ისე ნუ შევხედავთ პროცესს, რომ მხოლოდ ეს პარტიები გადააგდეს. ეს პირობა გაცემული იყო ქართულ საზოგადოებაზე, დასავლეთზე, ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებზე, „გაეროს“ ტრიბუნიდანაც კი ამაზე ლაპარაკობდნენ, როგორც შემდგარ ფაქტზე, ანუ, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მთელი სამყარო გადააგდო.
რაც შეეხება, იმას თუ რა შანსები აქვს ოპოზიციას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ მაგიდის ირგვლივ მჯდომმა პარტიებმა გრძელვადიანი თანამშრომლობა შეძლონ, რადგან მათ, უბრალოდ, უთანხმოება კი არ აქვთ ბევრ საკითხში, არამედ ხშირად მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაშიც კი არიან. თუმცა გამომდინარე იმ ამოცანიდან, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები გამოიყენოს ძალაუფლების უზურპაციისთვის, ეს ამოცანა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამ პარტიებს შორის არსებული მსოფლმხედველობრივი განსხვავებები. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას შეუძლია, თემატურად, ერთჯერადად ითანამშრომლოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, უზურპაციის პრევენციისთვის და ამის ერთ-ერთ ძალიან მარტივ მოდელს გეტყვით: წინასწარ რომ ოლქების გაყოფა არ დაიწყონ და ა. შ., რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერ მოახერხებენ და დიდ გაუგებრობებში შევლენ, მათ შეუძლიათ დღესვე მოაწერონ ხელი პირობას, რომ ყველა ეს პარტია მზად არის, მეორე ტურში ხელისუფლების ალტერნატიულ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ეს მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ, ყველა მონაცემით, ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტური შედგება, რადგან ხელისუფლებას 50%-ს პლუს ერთი არსად ექნება, შესაბამისად, მეორე ტურებიდან გამომდინარე, თუ დანარჩენი ოპოზიცია მხარს დაუჭერს მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ფაქტობრივად, პირველი ტური ამ პარტიებს შორის ჩატარებული პრაიმერისი იქნება. თუ მეორე ტურში, კონსოლიდირებულად შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიები, რომ მიუხედავად მსოფლმხედველობრივი განსხვავებისა, მზად არიან, დავუშვათ, ბურჯანაძემ მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ან პირიქით, „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭიროს ბურჯანაძის წარმომადგენელს, _ ვფიქრობ, ეს ეფექტიანი იარაღი იქნება. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ხელისუფლებამ უარესი შედეგი მიიღოს, ვიდრე პროპორციული არჩევნების შემთხვევაში. ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერი მეთოდით ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას, ბუნებრივია, დასასჯელია და იგი უნდა დასაჯოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. მე მათ ვაძლევ ერთ-ერთ ფორმულას. შეიძლება, უკეთესიც მოიფიქრონ. ფაქტია, რომ დღეს მათი ერთიანობა ბიძინას აწყობს, რადგან მერე ყველას „ნაცს“ დაუძახებს. მათ ამის საშუალება არ უნდა მისცენ, ისინი კი არ უნდა გაერთიანდნენ, არამედ მათ მაჟორიტარულთან დაკავშირებით უნდა გამოაცხადონ ერთმანეთში სრული კოორდინაცია. ეს იქნება ეფექტიანი ბრძოლა, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიციური პარტიები მომავალში აუცილებლად ერთად უნდა იყვნენ. ვერც იქნებიან, მაგალითად, წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ და პატრიოტთა ალიანსი“ ერთად. ამ ტიპის თანამშრომლობით მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ მთავარი ამოცანა ამ ქვეყანაში _ ძალაუფლების უზურპაციის პრობლემა, რაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრად უფრო სახიფათო პრობლემაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა.
_ თქვენი ფორმულა სრულიად გასაგებია და შედეგიანიც იქნება, მაგრამ რამდენად დასთანხმდებიან მსგავს ფორმულას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები?
_ ამ კითხვაზე პასუხი არც მე მაქვს და, ამასთანავე, ამ კუთხით არც კარგი გამოცდილებაა. როგორც წესი, საქართველოში ოპოზიცია მოლაპარაკებას ვერ ახერხებს და, საბოლოო ჯამში, ესეც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით, მაგრამ თუ შედეგი სურთ, უნდა შეძლონ რაღაცების გადალახვა, თორემ სხვანაირად მუდმივად იქნებიან ამ წუწუნის რეჟიმში და, რეალურად, თამაშგარე მდგომარეობაში.
_ თქვენ მიერ შეთავაზებული ფორმულის ნაცვლად ოპოზიცია ირჩევს „დაბოქლომების“ გზას (სახელმწიფო უწყებების პიკეტირებასა და ბოქლომების დადებას), რამდენად სწორია ეს ნიშა, რასაც ბოლო დღეებია, ვუყურებთ?
_ მთელ ოპოზიციას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ, გარკვეული პარტიები ამ სქემას მიჰყვებიან, გარკვეული პარტიები კი არ მონაწილეობენ ამაში. ვფიქრობ, როდესაც ხელისუფლებამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა, ასეთი პრეცედენტი არც მახსოვს პოლიტიკის ისტორიაში, ამხელა რეპუტაციული ლუსტრირება მმართველი პარტიის, ასეთი რამის შესახებ არც მსმენია, _ ამ სიტუაციაში ქუჩის პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. რაც შეეხება ფორმებს, ყველა თვითონ ირჩევას ფორმას: ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ბოქლომი გაეხადა ამ პროტესტის სიმბოლოდ. ასეთ სქემას აქვს არსებობის უფლება, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას _ არა. ეს არის ერთი ელემენტი. პროტესტი ლეგიტიმურია და ფრონტი გასაშლელია. ქუჩა არ უნდა იყოს ამის მთავარი ელემენტი, რადგან ამასობაში არჩევნები მოვა და შეიძლება ისევ წააგონ. პროტესტი ერთია, მაგრამ თან უნდა იყოს მზადება რეალური პოლიტიკური პროცესისთვის. ამ მიმართულებითაც უნდა იყოს სერიოზული აქტივობა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილმა არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთელი ქართული საზოგადოება გადააგდო. მაშინ რატომ არ იყო უფრო მასშტაბური პროტესტი?
_ საზოგადოება კონფორმისტულ მდგომარეობაშია. ხალხი თუ არ გამოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პროტესტის გრძნობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ხალხი დასკვნებს აკეთებს, მაგრამ საკუთრივ პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემები, თვითონ ეს თემა არ არის სასიცოცხლო პრობლემა. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ხალხი გადააგდო, მაგრამ სასიცოცხლო პრობლემები სულ სხვაა. ხელისუფლება ზუსტად ამის იმედად არის, რომ ეს თემა არავის აინტერესებს, თუმცა, რა თქმა უნდა, აინტერესებთ, ყველამ დააფიქსირა, რომ ხელისუფლებამ უხეშად მოიტყუა და გადააგდო ხალხი. ვიმეორებ, ეს დასკვნები საზოგადოებამ გააკეთა, მაგრამ ხალხის ქუჩაში გაყვანა ხანგრძლივი პროცესია, რაც პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირდება. ვფიქრობ, დღეს საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს, ეს კვლევებში ჩანს. მას არ უნდა არც წარსული და არც აწმყო. ეს კონფორმიზმი გამართლების საშუალებას აძლევს ხალხს: „ქუჩაში იმიტომ არ გავდივარ, რომ ვიცი, ბიძინა ვინც არის, მაგრამ არც მიშას დაბრუნება მინდა“, _ ეს არის კონფორმისტული აზროვნების ერთ-ერთი კლასიკური მოდელი. ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და კვლევებიც ამას აჩვენებს, რითაც, გარკვეულწილად, ხელისუფლება საკმაოდ ცინიკურად სარგებლობს. მათ აღარ აქვთ პრეტენზია, რომ ვინმეს უყვარდეს, მაგრამ ჰგონიათ, რომ ამ ტიპის მოწყვლად ადამიანებს, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სატყუარათი და „მგელი მოდის“ ყვირილით ისევ თავის ბეღელში წაიყვანენ. ასეთი მოცემულობაა და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, რომელიც არ ასოცირდება არც წარსულთან და არც აწმყოსთან და რომელიც შეისრუტავს ამომრჩევლების ამ კრიტიკულ მასას. წუწუნის ნაცვლად შექმნან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და მიხედონ ამ ხალხს. ფაქტობრივად, ეს ხალხი მოლოდინშია, რომ ვიღაც გამოჩნდეს. რას წუწუნებენ, გამოჩნდნენ და დაარწმუნონ ეს ხალხი, რომ ისინი ღირან რამედ.
_ უკვე წლებია, ვსაუბრობთ, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელია. მოთხოვნა არის, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება ეს. სად არის პრობლემა და დღევანდელი მოცემულობით სად ხედავთ ასეთი პოლიტიკური ძალის რესურსს?
_ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური პრობლემებია. ეს ორი ძირითადი მოთამაშე, გარკვეულწილად, ავსებს მთელ სივრცეს. ეს ორპოლუსიანობა ორივეს ინტერესებშია. მათ ხელშია ძირითადად კონცენტრირებული რესურსები და, შესაბამისად, მათი არქონის პირობებში ძნელია თავის გამოყოფა და ცენტრალური პოზიციის დაკავება. ეს სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ დანარჩენი ოპოზიციის პრობლემაც გვაქვს, რადგან მათი ნაწილი კომპრომეტირებულია, ნაწილი მუდმივი მარცხით არის დაღდასმული; სრულიად ახალი ძალები კი ძალიან სუსტი პოლიტიკური ბეგრაუნდით ჩნდებიან. ესეც პრობლემას ქმნის. დღეს, ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, მეორე მხრივ _ „გაერთიანებული ოპოზიცია“, ასევე „ევროპული საქართველო“, რომელიც პორტირებულია. ვფიქრობ, დანარჩენი სუსტი პარტიები, ზოგი „ქართული ოცნებიდან“ ახალი წამოსული, ასევე არიან შედარებით ნაკლებად კომპრომეტირებული, მაგრამ სუსტი პარტიები. ამ პარტიებს შეუძლიათ ერთი დიდი კოალიცია გააკეთონ და შეეცადონ, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება მოახერხონ, რომელიც ოდნავ მაინც უპასუხებს არჩევანის გარეშე დარჩენილი ამომრჩევლის მოთხოვნებსა და გემოვნებას. ეს არის ჯერ კიდევ დარჩენილი თეორიული შანსი. რამდენად რეალიზებადია, არ ვიცი, პარტიებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ.
_ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული სისტემის პირობებში დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ (ამას არგუმენტადაც იყენებენ მმართველი ძალის წარმომადგენლები). ანუ, ამ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემა არ ყოფილა გადამწყვეტი. ახლა რატომ დგას ამგვარად საკითხი, რომ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად პროპორციული სისტემა სჭირდება?
_ რბილად, რომ ვთქვათ, არ ვიყავი „ქართულ ოცნებაში“ ბოლო ადამიანი და მშვენივრად ვიცი, რატომაც მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. მაშინ მაქსიმალური ესკალაცია შეძლო, ამასთანავე იყო პრაქტიკულად მთელი ოპოზიციის ერთიანობა, ჩვენ დიდი კოალიცია გავაკეთეთ; რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია _ ჩვენ გვქონდა განუსაზღვრელი მატერიალური რესურსი _ არ გვქონდა შეზღუდვა ორგანიზაციულ საკითხებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დაგვეხმარა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო. დღეს კი არც რესურსი და არც ოპოზიციის რეალური ერთიანობა არ ჩანს. მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევს, რომ ხმების 20%-ით მიიღოს 100%-იანი შედეგი. ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, საშუალოდ, პირველ ტურში 30%-ს აიღებენ, 60%-იანი აქტივობის პირობებში ეს ხმების 18%-ია. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია დაიქსაქსება, მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს არ ექნება კონსოლიდირებული მხარდაჭერა, ბუნებრივია, სახელისუფლებო კანდიდატთან წააგებს, რომელსაც ადმინისტრაციული, სახელმწიფო და მატერიალური რესურსები ექნება. ანუ ამომრჩევლის ხმების 18%-ით სახელისუფლებო კანდიდატი მიიღებს 100%-იან ლეგიტიმაციას. ბუნებრივია, ეს ვერანაირად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია მას არ ექნება. ამიტომ ვუწოდებ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებს ძალაუფლების უზურპაციის ინსტრუმენტს და არა არჩევნებს. ზოგადად, პრობლემა მაჟორიტარულ სისტემაში არ არის, არამედ მან მანკიერი სახე მიიღო საკუთრივ საქართველოში. სწორედ ამიტომ ამოსაძირკვია ჩვენთან მაჟორიტარული არჩევნები. შეიძლება, 10-20 წლის შემდეგ ისევ დავაბრუნოთ მაჟორიტარული არჩევნები, როცა პარტიული სპექტრი დაიწმინდება და ადმინისტრაციული, სხვა ტიპის რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციაც მოხდება. ახლანდელი მოცემულობით, ბუნებრივია, მაჟორიტარულ არჩევნებში მხარდაჭერის არმქონე ხელისუფლებასაც კი აქვს სერიოზული შანსები, რომ ამ ტიპის არჩევნები მოიგოს.

ნენე ინჯგია