რატომ დაივიწყა საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორში დარჩენილი ქართველები?

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ყოფა დღითი დღე მძიმდება. ორ თვეზე მეტია, რაც ახალგორი ჩაიკეტა და იქ შესვლას ან იქიდან გამოსვლას ვერავინ ახერხებს, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც საზაფხულო არდადეგების გასატარებლად ახალგორში ახლობლებთან იყვნენ ჩასული.

ახალგორელების იძულებითი ტყვეობა უკვე ორ თვეზე მეტია, გრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე საუბარს გაურბის. შერიგების მინისტრი, რომელსაც ასეთი საკითხების მოგვარება ევალება, საზღვარგარეთ ვოიაჟებს ამჯობინებს, სადაც აფრიკელი დევნილების ბედზე მოსთქვამს. თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით ოკუპაციაში მოქცეული ქართველების ბედი კი საერთოდ არ აინტერესებს.

რატომ არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტების ტყვეობაში დარჩენილი ქართველების ბედი? როგორ გააქვთ იზოლირებულ ახალგორში ჩარჩენილ ქართველებს თავი? რა კითხვები აქვთ მათ შერიგების მინისტრთან? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ესაუბრება:

_ თამარ, როგორ ცხოვრობთ ახალგორში ქართველები?
_ როგორ ვიცხოვრებთ?! 4 დეკემბერს შესრულდება სამი თვე, რაც ახალგორი ჩაიკეტა. ჩვენ აღარ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეთ. გზა მოტყუებით ჩაკეტეს.
აგვისტოს ბოლოს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცხინვალი სამუდამოდ აპირებდა ამ გზის ჩაკეტვას. აქაური ხელისუფლება აფრთხილებდა კიდევაც ახალგორელებს, რომ თუ ვინმეს წასვლა სურდა, წასულიყო, რადგანაც მერე აქ ჩარჩებოდნენ. იმის უფლებას აძლევდნენ, რომ თან წაეღოთ ყველაფერი, რისი წაღებაც სურდათ. მოსახლეობის ნაწილმა ეს დაიჯერა და ახალგორი დატოვა.
ამას მოსახლეობაში პანიკაც მოყვა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელისუფლებამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომ გზა მხოლოდ ერთი დღით ჩაიკეტებოდა. მათი განმარტებით, ეს სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდებოდა. ასეთ დღეებში ცხინვალი ყოველთვის კეტავდა გზას, ამიტომ ეჭვი არ შეგვპარვია, რომ სიმართლეს ამბობდნენ.
ცოტა დავმშვიდდით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ მოგვატყუეს. გზის დაკეტვიდან ორ კვირაში გვითხრეს, რომ გზა აღარ გაიხსნებოდა და ამით მორჩა განმარტებები.
_ თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა ცხინვალმა ახალგორისთვის თბილისთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა?
_ როგორც ვიცი, ამის სანაცვლოდ ცხინვალი ითხოვს, რომ თბილისმა ძნელისიდან ქართული პოლიციის საგუშაგო აიღოს.
ახალგორში ბევრი ისეთი ადამიანი დარჩა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ აქ აღარ ცხოვრობს. ზოგიერთმა მუდმივად მცხოვრებმა თბილისიდან უკან დაბრუნება ვერ მოახერხა. აქ ჩარჩენილები არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
_ გზის ჩაკეტვამდე ახალგორი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე რეისი სრულდებოდა. თუ არ ვცდები, დღეში 10 რეისი მაინც იყო.
_ ასე იყო. ორმხრივად დღეში 18 რეისი სრულდებოდა. ამის გარდა ხალხი საკუთარი მანქანებითაც გადაადგილდებოდა. აქტიური მიმოსვლა იყო თბილისთან და საქართველოს სხვა რეგიონებთან.
_ დღეში, დაახლოებით, რამდენი ადამიანი გადაადგილდებოდა ამ მიმართულებით?
_ დაახლოებით, 400 ადამიანი. მათი ნაწილი აქ მუშაობდა და სამსახურში ჩამოდიოდა. აქედან თბილისში ადამიანები, ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიდიოდნენ: ზოგს ექიმთან ვიზიტი უწევდა, ზოგს ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. ბევრი თბილისში წამლების შესაძენად ჩადიოდა. ახლობლების მოსანახულებლადაც მოდიოდნენ. ახლა ეს ადამიანები ამ ყველაფერს მოკლებული არიან.
_ ბავშვები როგორ ჩარჩნენ მანდ?
_ ბევრს აქ ჰყავს ბებიები და პაპები. ისინი აქ საზაფხულო არდადეგებზე იყვნენ ჩამოსული. მანდ სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება და ეს ბავშვებიც ამ დროისთვის უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ გზა ორი კვირით ადრე ჩაკეტეს და ეს ბავშვები აქ ჩარჩნენ. არადა, სკოლაში უნდა იარონ. ორი თვეა, სკოლას აცდენენ.
ახალგორში რომ ყოფილიყვნენ ეს ბავშვები, ადრე გაიგებდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ისინი სოფლებში არიან, სადაც კომუნიკაცია არ არის.
_ რას ნიშნავს, კომუნიკაცია არ არის?
_ აქ ქართულ ნომრებზე დარეკვა ძალიან ძნელია, შეუძლებელი. ადგილობრივ, ოსურ ნომრებს კი ვერ იღებენ. იმისთვის, რომ ადგილობრივი ნომერი აიღო, სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი უნდა გქონდეს. აქაურებს კი ასეთი საბუთები არ გააჩნიათ, შესაბამისად, არც _ ტელეფონები აქვთ.
სხვა მხრივაც ძნელია ამ სოფლებთან კომუნიკაცია, სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ვინმეს თუ ჰყავს მანქანა, იმით გადაადგილდებიან, მაგრამ ამ მანქანაში საწვავი ხომ უნდა ჩაასხა? საიდან უნდა მოიტანონ ეს საწვავი, არ ვიცი. ერთადერთი გამოსავალია, რომ ახალგორიდან წაიღონ, მაგრამ განა რამდენ საწვავს წაიღებენ?
მარტოხელა მოხუცებს ძალიან უჭირთ. აქ შეშით ვთბებით. შეშა რომ მოჭრა, ამისთვის ნებართვა უნდა აიღო. არც ის ვიცი, თუ როგორ იხდიან სინათლის გადასახადს. აქ ჩარჩენილი ადამიანების ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსიაა, რომელსაც აგვისტოდან მოყოლებული ვერ იღებენ.
აქ ჩარჩნენ ადამიანები, რომლებმაც ოპერაციები გაიკეთეს, მაგრამ ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად თბილისში ვეღარ მიდიან. აქ ჩარჩნენ ონკოპაციენტები, რომლებსაც დაწყებული ჰქონდათ ქიმიოთერაპიის კურსი და გზის ჩაკეტვის გამო ჩაუვარდათ მკურნალობა.
სკოლის მოსწავლეებიც ძალიან ცუდ დღეში არიან. განათლების გარეშე რჩებიან ბავშვები. მათმა ნაწილმა ადგილობრივ სკოლებს მიაკითხა, მაგრამ მიღებაზე უარი უთხრეს.
_ რატომ უთხრეს უარი?
_ აქ მათი საბუთები არ არსებობდა და ვერ მიიღებდნენ.
_ მანდ ხომ სწავლა უკვე რუსულ ენაზეა? რა აზრი ჰქონდა ამ ბავშვების რუსულ სკოლაში სიარულს?
_ სწავლა რუსულ ენაზე კი არის, მაგრამ ეს ბავშვები რეჟიმში ხომ მაინც იქნებოდნენ. დროს მაინც გაიყვანდნენ. ახლა ასე უაზროდ არიან სოფლებში და ელოდებიან, როდის გაიხსნება გზა.
მოსწავლეების გარდა აქ სტუდენტებიც ჩარჩნენ. მათაც უცდებათ ლექციები. როგორ იქნება მათი ბედი, არ ვიცი. აქ ჩარჩა ის ხალხი, ვინც ახალგორში სამუშაოდ დადიოდა და მერე უკან ბრუნდებოდა თბილისში.
_ სად ცხოვრობენ ეს ადამიანები?
_ ისინი ახალგორელები არიან. მათ ომის მერე დატოვეს აქაურობა, მაგრამ სახლები ხომ დარჩათ. იმ სახლებში ცხოვრობენ.
_ თავზე ჭერი მაინც თუ აქვთ, ეგეც კარგია.
_ კარგია, მაგრამ თავზე ჭერი ვერაფერი ნუგეშია. ეს სახლები წლებია, დაკეტილია და არანაირი მარაგი არ აქვთ. ისინი ხომ აქ არ ცხოვრობდნენ.
საჭმლით მეზობლები ეხმარებიან, ხელფასსაც იღებენ, მაგრამ მარტო საჭმელი ხომ არ არის. შეშა უნდა მოიმარაგონ. ტანსაცმელი ხომ უნდათ? ზაფხულის ტანსაცმლით არიან აქ ჩამოსული. ცხინვალში ისეთი სიძვირეა, ვერაფერს იყიდი.
ჩარჩენილებს კი არა, გზის ჩაკეტვამ მე შემიქმნა პრობლემები. ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჩემი ნამუშევრების გაყიდვა იყო. ამ სამკაულებს თბილისში ვუგზავნიდი ახლობლებს და ისინი მიყიდიდნენ. ახლა ამას ვეღარ ვახერხებ.
ჩემი შვილი ფულს ვლადიკავკაზში აგზავნის და იქიდან ჩამოაქვს ჩემს ადვოკატს. იმან რა უნდა ქნას, ვისაც არც ცხინვალში ჰყავს ნაცნობი და არც _ ვლადიკავკაზში?
მარტო ფული ხომ არ არის. ფულს რაღაცნაირად აქაც იშოვი, ისესხებ, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ წამლებზე რა უნდა ქნას ხალხმა? ადამიანებს წამლები სჭირდებათ და ვერ შოულობენ.
რამდენჯერმე მიაკითხეს დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოს, მაგრამ უარით გამოისტუმრეს უკან.
_ წამლებზე უთხრეს ხალხს უარი?
_ მათ ის წამლები არ აღმოაჩნდათ, რომელიც ამ ადამიანებს სჭირდებოდათ. სპეციფიკურ წამლებზეა საუბარი.
_ უკან ვერანაირად დაბრუნდებიან მანდ ჩარჩენილები?
_ გზა სანამ არ გაიხსნება, მათი დაბრუნების შანსი არ არის.
_ ვლადიკავკაზში რომ ჩავიდნენ და იქიდან ჩამოვიდნენ თბილისში?
_ ეს კიდევ უფრო გამორიცხულია. მათ არ აქვთ ისეთი საბუთები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის გზის გახსნა. გზა როდის გაიხსნება, ეს არავინ იცის.
_ ამ გზის გასახსნელად საქართველოს ხელისუფლება თუ აკეთებს რამეს? ჩვენ კი ვხედავთ რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ ის მაინტერესებს, მაქედან როგორ ჩანს?
_ რამე რომ ეკეთებინათ, ეს გზა უკვე გახსნილი იქნებოდა. სამწუხაროდ, არაფერს აკეთებენ. მათ თავის დროზე რომ აეტეხათ განგაში, გზა ჩაკეტვიდან რამდენიმე დღეში გაიხსნებოდა. ამ თემაზე მხოლოდ მედია წერდა, ქართული სახელმწიფო სტრუქტურები კი კომენტარის გაკეთებისგანაც თავს იკავებდნენ.
ვიდრე ახალგორში ადამიანი არ დაიღუპა, ხმა არავინ ამოიღო. ეს პრობლემა თბილისმა არც კი შეიმჩნია, თითქოს არც ვარსებობდით.
ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი და მინდა, მკითხველმა კარგად გაიგოს. აქ დარჩენილები ყველა უბედურებას იმედის თვალით ვუყურებთ. რაღაც რომ ხდება გვგონია, რომ ამას ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს და მოგვხედავენ.
წარმოგიდგენიათ, რა ზომამდე მიგვიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ? ჩვენთვის უბედურება გახდა იმის იმედი, რომ იქნებ, ამ ჯერზე მაინც რამე გვეშველოს.
_ სამწუხაროდ, უბედურება არ გაკლიათ, მაგრამ არც ეს რომ არ გშველით?
_ რამ უნდა გვიშველოს, როცა მხოლოდ კომენტარების გაკეთებით იფარგლებიან. შეგნებულად ჩავუყევი და დავათვალიერე შერიგების სამინისტროს გვერდი ფეისბუქზე. იქ სურათების მეტი ვერაფერი ვნახე.
_ ეს სამინისტრო მართლა არაფერს აკეთებს თავისი პროფილით და საჭიროა მისი არსებობა? თქვენ რას ფიქრობთ?
_ იგივეს ვფიქრობ მეც. თუ საქმეს არ აკეთებენ, რა საჭიროა ამ სამინისტროს არსებობა?! ჩვენ მაინც ღვთისა და ბედის ანაბარა ვართ დატოვებული, გავაუქმოთ ეგ უწყება და ბიუჯეტის ფული მაინც დაიზოგება.
ამ სამინისტროს ხშირად ვაკრიტიკებ და ზოგი ფიქრობს, რომ ამოჩემებული მყავს. ამ უწყებას იმიტომ მივმართავ, რომ ჩვენს პრობლემებს ეგ უნდა წყვეტდეს.
ვათვალიერებ ამ სამინისტროს გვერდს და მხოლოდ იმას ვკითხულობ _ ციხელაშვილი ამას შეხვდა, იმას შეხვდა, გამოფენილია ფოტოები 9/13-ზე. ამ დროს ახალგორში ადამიანები იმიტომ იხოცებიან, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ამაზე უნდა იყოს განგაში, მაგრამ მსგავსი არაფერი.
როცა ოკუპირებულ რეგიონებში ექსტრემალური სიტუაციაა, მინისტრიც და მთელი სამინისტროც ელოდებიან, თუ როდის ჩაიფარცხება ეს ამბავი. ჩაიფარცხება თუ არა, ყველანი ბედნიერები არიან.
სამწუხაროდ, მათ კარგად იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს. არავინ კითხავს, რატომ შეიქმნა ასეთი კრიზისი?
რატომ უნდა ჰქონდეს მედიას ხელისუფლებაზე ადრე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალმა 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა?
_ მედიას ხშირად ხელისუფლებაზე ადრე აქვს ხოლმე ინფორმაცია, ამიტომ ეს არ მიკვირს.
_ ეს ასეა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რას ამბობს შერიგების სამინისტროს პირველი პირი. ერთ-ერთ ინტერვიუში ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამბობს, რომ ის აფხაზეთისა და ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლებს პირადად ესაუბრება.
თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, მინისტრს ვკითხო, _ თუ ასეთი კავშირები გაქვთ, რატომ არ იყენებთ ამას პრობლემების მოსაგვარებლად? იმედი მაქვს, ციხელაშვილი ამ კითხვას მალე უპასუხებს.
აქ ვინც ვცხოვრობთ, რაღაც კავშირები გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და როცა ჩვენიანს რაღაც უჭირს, ვცდილობთ, ეს კავშირები მათ დასახმარებლად გამოვიყენოთ. თავის დროზე მეც ბევრი დამეხმარა პირადი კონტაქტებით, ახლა ვცდილობ, სხვებს დავეხმარო.
საქართველოს ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, მათ არც ცხინვალთან და არც სოხუმთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. თუ აქვთ და ამ კავშირებს არ იყენებენ ადამიანების დასახმარებლად, ეს უკვე დანაშაულია.
_ ისევ ახალგორელებს დავუბრუნდეთ. ახალგორში რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეისთვის?
_ ძალიან ცოტა, 800-მდე ვიქნებით, მაგრამ ერთიც რომ იყოს დარჩენილი, სახელმწიფო ვალდებულია, მასზეც იზრუნოს.
_ უპატრონოდ მიტოვებულ ქართველებს ეთნიკური ნიშნით ხომ არ ავიწროებენ?
_ არა, არა! ამას ვერ ვიტყვი, რომ მარტო ქართველები ვართ ამ დღეში. აქ ერთი ეთნიკური ოსი გარდაიცვალა იმის გამო, რომ თბილისში არ გაუშვეს სამკურნალოდ. ვინც ახალგორში ვართ, ოსებიც და ქართველებიც, ერთნაირ პირობებში ვიმყოფებით. ყველას ერთნაირად გვიჭირს.
_ ცხინვალში ან ახალგორში არ არის საავადმყოფოები, რომ პირველადი დახმარება მაინც აღმოუჩინონ ადამიანებს?
_ საავადმყოფოებიც არის და პირველად დახმარებასაც აღმოუჩენენ ხოლმე, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. სერიოზული მკურნალობა თუ გინდა ან რუსეთში უნდა წახვიდე, ან _ თბილისში. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანებს არ მკურნალობენ, მაგრამ ამ მკურნალობიდან რაღაცები ცოტა გაუგებარია. პირველად გავიგე, რომ მოტეხილს თაბაშირს არ ადებენ. ჩვენ გვყავს ასეთ პაციენტი. ამ ადამიანის ისტორია საქართველოში, მგონი, ყველამ იცის.
_ თამრიკო გიგაურზე საუბრობთ, რომელიც ჭაში ჩავარდა და თბილისში ვერ გადმოჰყავთ სამკურნალოდ?
_ თამრიკოზე ვსაუბრობ. მას მოტეხილობა აქვს და თაბაშირი არ დაადეს, არც ჰემატომებზე უმკურნალეს. ეს ადამიანი ლოგინადაა ჩავარდნილი და მხოლოდ გამაყუჩებლებს უკეთებენ.
_ რატომ არ ადებენ თაბაშირს? არ არის მანდ თაბაშირი?
_ თაბაშირი როგორ არ არის, მაგრამ თამრიკოს არ ადებენ. ვკითხე, მაგრამ ვერ მიპასუხა. თავად თამრიკომაც არ იცის, რატომ არ ადებენ. უთქვამთ, ასე უნდა იყო ორი კვირაო. რატომ უნდა იყოს ასე, არ ვიცი.
_ დავიჯერო, რამე ახალი მეთოდია?
_ რა მეთოდი?! მოტეხილობა როცაა, იქ თაბაშირია საჭირო! მოტეხილობა უნდა შეხორცდეს! და რომ შეხორცდეს, ის უნდა დაფიქსირდეს. კი წევს თამრიკო გაშეშებული, მაგრამ მოტეხილობას ამით ვერ დააფიქსირებს. რაღაცამ ხომ უნდა მიიტანოს ერთმანეთთან ახლოს ეს ძვლები.
რამდენიმე წლის წინ ფეხი ვიღრძე. მუხლიდან ბოლომდე მთლიანად თაბაშირში ჩამისვეს, რომ ზედმეტი მოძრაობის ნიადაგზე დამატებითი ტრავმა არ მიმეღო. ვერაფრით ვხვდები, მოტეხილობაზე როგორ არ უნდა დაადონ თაბაშირი?!
ახლა, როგორც ვიცი, მას ფეხიდან წყალს უღებენ, წყალი ჩაუდგა. საკმაოდ მძიმე ქალია და ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. რვამეტრიან ჭაში ჩავარდა, როგორ გადარჩა, სასწაულია. ძლივს ამოიყვანეს იქიდან.
_ ან რანაირად ამოიყვანეს?
_ რაღაც საშინელება იყო. კიბეები გადააბეს ერთმანეთზე და ასე ამოათრიეს ზევით. თან ეს თამრიკო თავად დგამდა კიბეებზე ფეხს. ეს ფეხი მოტეხილი ჰქონდა და წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა.
არც კი ვიცი, რა ვთქვა, გაოგნებული ვარ. რაღაც უნდა იღონოს ხელისუფლებამ! როდემდე შეიძლება, ახალგორელები ასე იყვნენ?!
ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეგვაძულა შერიგების სამინისტრომ ყველას თავი. არაფერს ხომ არ აკეთებენ და იმ ხალხსაც დასდევენ, ვინც მათ შენიშვნას უწერს. ერთი ჩემი ფეისბუქმეგობარი შერიგების სამინისტროს გვერდზე შენიშვნებს წერდა და ამ დღეებში ის დაბლოკეს.
იმის ნაცვლად, რომ ტყვეობაში მყოფ ადამიანებზე იზრუნონ, ფეისბუქზე დაწერილ კომენტარებს დასდევენ.
ამ ჩემს ნაცნობს ეუბნებოდნენ, ეს გვერდი მინისტრის ვოიაჟების პოპულარიზაციას ემსახურებაო. ეს აქედან ეკითხებოდა, ვოიაჟები კი არა, ღამით საერთოდ როგორ იძინებთ, არ გრცხვენიათო?!
_ მათი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად არ რცხვენიათ.
_ ჩემს გვერდზე თუ ვინმემ ციხელაშვილზე დააკომენტარა, არეკიონებს და სთხოვს, რომ წაშალოს. საკუთარ პიარზეა გადასული.
ციხელაშვილი საკმაოდ თავხედიც არის _ წინააღმდეგ შემთხვევაში ფურშტების ფოტოებს არ ააფრიალებდა. აფრიკელი დევნილების ამბავი ადარდებს და ის არ იცის, თბილისთან რამდენიმე კილომეტრში, ახალგორში რა ხდება.
ყავის დალევას ოფისშიც არ კადრულობს, ელიტურ კაფეებსა და რესტორნებში დადის. მედია რამეზე რომ სთხოვს კომენტარს, ერთი დაზეპირებული ფრაზით პასუხობს, _ ჩვენ ცხელი ხაზი ავამოქმედეთ.
ჟურნალისტების მოპოვებულ ინფორმაციას თავისად ასაღებს. მისგან უნდა იგებდეს მედია სიახლეებს, ეგ კი მედიას ჰპარავს ინფორმაციას.
იმ დღეს საოცრება თქვა, _ ცხინვალთან არსებული ბარიერიც ისე დაინგრევა, როგორც ბერლინის კედელი დაინგრაო.
ისიც არ იცის, ბერლინის კედელი როგორ დაინგრა. მთელი მსოფლიო იყო ჩარეული, რომ ეგ კედელი დანგრეულიყო.
ჩვენთან აღმართული კედელი და ბარიერი ვინ უნდა დაანგრიოს? ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს და ვინ უნდა გააგებინოს მსოფლიოს ჩვენს პრობლემებზე?! გარეთ მაგათ არ აქვთ მხარდაჭრა და შიგნით, რა „ბერლინის კედელი“ უნდა დაანგრიონ?
ყველა კითხვაზე ერთი პასუხი აქვს, დაპროგრამებულივით არის. ვინმემ რომ ჰკითხოს, _ ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს იყრიო? ეტყვის, _ ცხელი ხაზი ავამოქმედეთო.
ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ადამიანის ქმედებებზე, მაგრამ კრიტიკის ღირსადაც არ მიმაჩნია. აუცილებლად დადგება დრო, როცა თავის ასეთ ქმედებებზე პასუხს მოსთხოვენ.

შორენა მარსაგიშვილი