ზაზა კორთხონჯია: „ივანიშვილი თავისი ყურმოჭრილი მონებით საზოგადოების მოტყუებას შეეცადა“

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო, ანუ შერეული სისტემით ჩატარდება.
ივანიშვილმა მორიგი ტრიუკი გაითამაშა და ამის შედეგად მოახერხა ის, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი მის წინააღმდეგ გაერთიანდა.

რამდენად დიდი იქნება საპროტესტო მუხტი? რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა? უნდა ეჭიროთ თუ არა საპროტესტო აქციების სადავეები ხელში პოლიტიკოსებს?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ლეიბორისტული პარტიის მარტვილის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა კორთხონჯიას ესაუბრა:

_ რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე დავდექით პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ?
_ ქვეყანაში მიმდინარეობს შეუქცევადი პოლიტიკური პროცესები. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ დაწყებული აქციები არ დასრულდება და აუცილებლად იქნება პერმანენტული მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, რომ შეიქმნას დროებითი მთავრობა და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნა არის თუ არა ივანიშვილის მორიგი ტრიუკის ნაწილი?
_ ცხადია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ტრიუკის ნაწილია. არავის სჯერა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარები აუჯანყდნენ _ ის მაჟორიტარები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, სახელმწიფოებრივი ხედვა. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები, რომელთა მეშვეობითაც ივანიშვილი შეეცადა, ქართული საზოგადოება მოეტყუებინა, მაგრამ მას ამჯერად არაფერი გამოუვა. პროპორციული არჩევნები არის არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ სრულიად საქართველოს მონაპოვარი. ყველას გვახსოვს, 20 ივნისის ღამეს, როგორ დაგვიპირისპირდა ხელისუფლება თავისი ზონდერჯგუფებით და ძალიან ბევრი ახალგაზრდის დამახინჯების ხარჯზე მოვიპოვეთ პროპორციული სისტემა. მაკო გომურმა თვალი დაკარგა. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ჩვენს მონაპოვარს და თუ საჭირო გახდება, იგივენაირად შევებრძოლებით. უკვე მოითხოვს არსებული ვითარება, რომ მათ შევებრძოლოთ, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, თავისი ტრიუკებით „დააბოლოს“ ხალხი.
_ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მაჟორიტარების გადაწყვეტილების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მათ შეურაცხყოფას ასახელებს. როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ივანიშვილის ეს განცხადება?
_ ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, სხვას გადააბრალოს საკუთარი დანაშაული. ესეც მორიგი უსუსური მცდელობა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის გადაებრალებინა მაჟორიტარების გადაწყვეტილება. სინამდვილეში კი თავად გამოიყენა მაჟორიტარები და ისე წარმოაჩინა, თითქოსდა მაჟორიტარები შიგნით აჯანყდნენ, ის მაჟორიტარები, რომლებსაც სიტყვაც კი არ დასცდენიათ წლების მანძილზე. ახლა კი არგუმენტად მოჰყავთ, რომ თურმე რეგიონებს თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ პარლამენტში. რეალურად კი საერთოდ არ ესმით ამის არსი რა არის. ეს ადამიანები მერვე წელია, პარლამენტში სხედან და ერთხელაც კი არ დასცდენიათ სიტყვა! წარმოგიდგენიათ, არც ერთხელ არ გამოსულან სიტყვით საკანონმდებლო ორგანოში! ამის სტატისტიკაც არსებობს, რომ შიოლაშვილსა და სხვა დანარჩენს პოლიტიკური განცხადებები საერთოდ არ გაუკეთებიათ თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივებთან ან ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე თემებთან დაკავშირებით.
_ ამ მოცემულობაში, მაშინ, როცა უკვე ჩავარდნილია საკონსტიტუციო ცვლილება და, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა თავისი ტრიუკი ჩაატარა, როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა?
_ მოგეხსენებათ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ბატონი შალვა ნათელაშვილის თაოსნობით, საქართველოში არსებული სრულიად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. პრორუსული თუ პროდასავლური ორიენტაციის მქონე, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ღირებულებისა და მიზნის მქონე პოლიტიკური ჯგუფები ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ ქვეყნის გადასარჩენად და სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური ღირებულებების გარჩევა დაიწყონ, მათ გვერდზე გადადეს ის ანტიპათიები, რაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ და ერთ მიზანზე კონსოლიდირდნენ, _ ეს არის საქართველოს გადარჩენა. აუცილებელია, პოლიტიკურ სპექტრთან ერთად საზოგადოებაც კონსოლიდირდეს. მანამ ვიბრძოლებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
_ მაშინ გავიხსენოთ 20 ივნისის შემდომი მოვლენები: აქციებზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო გახარიას გადადგომა, თუმცა შს მინისტრობიდან გადადგომის ნაცვლად გახარია პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, მიუხედავად იმ საპროტესტო ტალღისა, რაც მაშინ იყო. შესაძლოა, ივანიშვილსა და თავის გუნდს ახლაც აქვთ იგივე მოლოდინი, რომ პროტესტი პროტესტად დარჩება. ახლა რა გარანტია გაქვთ ოპოზიციას, რომ იგივე არ განმეორდება?
_ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავსულიყავით. ეს იყო ერთადერთი ღირებული რამ, რისი გაკეთებაც ბიძინა ივანიშვილს თავისი მმართველობის ხანაში შეეძლო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მან არ გააკეთა. ის ადამიანი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიები გვესროლა, თანამდებობის დატოვებისა და ციხეში ჩასმის მაგივრად, დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრი გახადეს. პრობლემა ზუსტად საზოგადოებაშია, რომ ეს გავატრეთ, ვითომც არაფერი მომხდარა, რამაც ბიძინა ივანიშვილსა და სახელისუფლებო სპექტრს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა. მათ ჰქონდათ განცდა, რომ ხალხი ყველაფერს აპატიებდა და შერჩებოდათ თავიანთი საქციელი, ზუსტად ამის გამოძახილი იყო ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც ჩაგვიგდო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გარანტია იმისა, რომ იგივე არ განმეორდება, რაც 20 ივნისის პროტესტის შემდეგ მოხდა, არის თავად საზოგადოება. ასევე ამის გარანტია არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. ფაქტობრივად, უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, რასაც ჰქვია სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. პოლიტიკოსები, რომლებიც წლების მანძილზე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, დღეს უკვე საერთო მაგიდასთან სხედან საერთო მიზნის მისაღწევად. საზოგადოება და გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი, _ ეს ორი რამ არის ამ შემთხვევაში გარანტი, ჩვენ სხვა გარანტი არ გვექნება.
_ აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, 2020 წელს რატომ არის შეუძლებელი იმავე საარჩევნო სისტემის პირობებში „ქართული ოცნების“ დამარცხება, თუკი ოპოზიცია სათანადო ფორმაშია?
_ ამ შემთხვევაში პრობლემა სწორედ ის არის, რომ მაჟორიტარები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ ოლიგარქებად, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მართავენ პროცესებს. სწორედ ამიტომ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა არჩევნებს შედარებით უფრო ლეგიტიმურს გახდიდა, რადგან ყველას თანაბარი შანსები ექნებოდა. ასევე პარლამენტიც შედარებით უფრო მრავალფეროვანი და დემოკრატიული გახდებოდა, მაგრამ ეს არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. მას ურჩევნია, მუდმივად წამოგვაძახოს „ნაცების სისხლიანი 9 წელი“ _ ეს აკვიატება აქვს. ჩვენ, თავის დროზე, „ნაციონალებს“ სათანადო პასუხი გავეცით და პოლიტიკურ პროცესებს ჩამოვაშორეთ, ისინი დღემდე ოპოზიციაში არიან.
_ როგორ ფიქრობთ, რა სავარაუდო სცენარით განვითარდება მოვლენები?
_ დარწმუნებული ვარ, ამჯერად ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ივანიშვილის მორიგ გადაგდებას და ყველანი ერთად დავდგებით რუსთაველის გამზირზე, რათა მოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი თავის დამქაშებთან ერთად. ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ სახლში დავსხდეთ და ვიფიქროთ, ჩვენს გასაკეთებელს ვინმე სხვა გააკეთებსო. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ რუსთაველზე საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილს ესეც გაუვიდა, მივიღებთ დაცლილ საქართველოს, განადგურებულ ეკონომიკას და სახელმწიფო ჩამოგვეშლება. საბოლოოდ ვიქცევით რუსეთის გუბერნიად და ჩრდილოეთ კორეის ტიპის სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს და 2003 წლის ნოემბერი განმეორდეს?
_ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს თუნდაც რევოლუციური სცენარის განვითარების. ბოლივიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ჩამოიშორეს მონარქი, მოიშორეს ტოტალიტარიზმი და მშვენიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ვიმსახურებთ, ჩამოვყალიბდეთ ღირსეულ სახელმწიფოდ. იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი გზით არ გადადგა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება არ არის გამორიცხული.
_ ჩვენი რუბრიკის ფარგლებში ხშირად ვსაუბრობთ ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის მნიშვნელობაზე. ამ მოცემულობაში რამდენად საჭირო და აუცილებელია ახალგაზრდების აქტიური ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში?
_ როცა ამ გულანთებულ ახალგაზრდებს ვუყურებ, განცდა მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის განწირული. მიუხედავად ამისა, უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, აუცილებელია რეგიონებში გასვლები და იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის შექმნა. რეგიონებისგან განსხვავებით ქალაქში საპროტესტო მუხტი ბევრად მაღალია და აქედან გამომდინარე, ხშირად გვიწევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და მიმდინარე თემების, პრობლემების გაპროტესტება. რეგიონულ დონეზე ახალგაზრდები უფრო პასიურები არიან და საჭიროა მათი გამოცოცხლება.
_ 20 ივნისის აქციებს ახალგაზრდები მართავდნენ და პოლიტიკოსები, უბრალოდ, მონაწილეების სახით იყვნენ წარმოდგენილი. ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესებს პოლიტიკოსები ჩაუდგნენ სათავეში?
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ არსებობს არც ერთი გამარჯვება პოლიტიკოსების გარეშე, ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ საპროტესტო აქციებს პოლიტიკოსები ჩაუდგნენ სათავეში. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე ვერ წარიმართება _ ეს არის აბსურდი.