მთავარი საზოგადოება მკვლელობა, რომელიც მამამ ჩაიდინა და შვილმა დაიბრალა

მკვლელობა, რომელიც მამამ ჩაიდინა და შვილმა დაიბრალა

66
0
გაზიარება

რა ხდება მაშინ, როდესაც მკვლელობას მამა სჩადის და შვილი იბრალებს პოლიციის დაჟინებული მოთხოვნით? სასამართლოზე კი მამა აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მან მოკლა და მზად არის, მკვლელობის იარაღი წარადგინოს, მაგრამ არც პოლიცია, არც პროკურატურა და არც სასამართლო ყურს არ უგდებს!
ამ ისტორიაზე, რომლის დეტალებსაც „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ, დმანისის რ-ნის სოფელ ჯავახის მთელი მოსახლეობა დღემდე ბობოქრობს.

დავით ბალახაძე _ ბრალდებულ გიორგი ბალახაძის მამა:
_ 2019 წლის 29 იანვარს ჩემი მეზობლის გასვენებაში, სოფლის მკვიდრ გიორგი ადუაშვილსა და ჩემს შვილს _ გიორგი ბალახაძეს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ჩემმა შვილმა გიორგი ადუაშვილს სახე დაუკაწრა, ადუაშვილმა კი იგი სცემა. ჩხუბის შემდეგ ჩემი შვილი გიორგი ბალახაძე ჩემს უფროსს შვილთან ერთად შინ წამოვიდა. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ სახედაკაწრული, ნასვამი გიორგი ადუაშვილი სახლში მოგვივარდა. კარზე გვიბრახუნებდა და გაღებას ითხოვდა. ჩემი შვილები გავაფრთხილე, გარეთ არ გასულიყვნენ და თავად გავედი გიორგი ადუაშვილის დასაშოშმინებლად. როგორც კი კარი გავაღე, ადუაშვილმა გამომიქანა ცულის მაგვარი დანა თუ რაც იყო და შუბლი გადამისერა. უკან გადავქანდი და უკანა კიბის ბოძს დავეჯახე. ხმაურზე ჩემი უფროსი ბიჭი გამოვარდა, მასაც მოუქნია ადუაშვილმა იარაღი და ნიკაპი გადაუჭრა. ჩემი უფროსი ბიჭი დაეცა, გიორგი ადუაშვილი კი მიდგა და ცემა დაუწყო. ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი, რომ გამეშველებინა _ ადუაშვილს ხელში ვეცი, რათა იარაღი გამომერთმია, მაგრამ ამ დროს მარცხენა ხელით მარჯვენა ლოყაზე ძლიერ დამარტყა და ლოყაც გადამიხეთქა. ისევ დავეცი და ადუაშვილმა ჩემი შვილის ცემა გააგრძელა. მივიხედ-მოვიხედე, ჯოხი ან რამე რომ ამეღო _ უკვე აღარ ვიცოდი, რით გამეშველებინა. კედელზე დანა დავინახე ჩამოკიდებული, უკნიდან მინდოდა დამერტყა მხარში, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი, ადუაშვილი უცებ შემოტრიალდა და დარტყმა მომივიდა მუცელში, მარცხენა ქვემო მხარეს. ადუაშვილი დარტყმისთანავე მოწყდა ადგილიდან და გაიქცა. როცა გარეთ გავედი, ადუაშვილს პატარა მანძილი გაერბინა და დაცემულიყო. სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. მე პოლიციას ყველაფერი მოვუყევი.
_ კონკრეტულად, რა მოუყევით?
_ ყველაფერი, რაც მოხდა: როგორ მომივარდა ნასვამი გიორგი ადუაშვილი სახლში, როგორ გამოვედი დასაშოშმინებლად, როგორ დამარტყა იარაღი, როგორ დავჭერი და ა. შ. დამაკავეს, წამიყენეს ბრალდება და წამიყვანეს პოლიციაში. როდესაც ჩემი დაკითხვა დაიწყეს, ასეთი რაღაცა მითხრეს, რომ სამივეს დაგიჭერთ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებითო.
_ სამივეს ვის?
_ მე და ჩემს ორივე შვილს. განმიმარტეს, ეს რომ არ მოხდეს, შენ უნდა თქვა, რომ გიორგი ბალახაძემ გიორგი ადუაშვილი დაჭრა გასვენებაში მომხდარი ჩხუბის საფუძველზეო. ანუ გასვენებაზე იჩხუბეს, შემდეგ ადუაშვილი მოგვივარდა ოჯახში და ვითომ ჩემმა ბიჭმა თავის დაცვისა და მოგერიების მიზნით დაარტყა დანა. პოლიციაში მითხრეს, რომ ასე საქმეს ადვილად გავხსნითო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით მეც და ჩემმა შვილმაც. მაგრამ შემდეგ დაგვარწმუნეს, რომ თუ ასე გააკეთებთ, შენს შვილს მოგერიების კუთხით გავუშვებთ და მალე გამოუშვებენო. შეიძლება, საერთოდაც არ ჩასვანო. მოკლედ, ხელი მოგვაწერინეს. მე უარი ვთქვი ჩემს ჩვენებაზე და ჩემმა ბიჭმა _ გიორგი ბალახაძემ, თავის თავზე აიღო მკვლელობა. ისიც ვუთხარი, რომ იცოდეთ, თუ მომატყუებთ, მოსამართლეს სიმართლეს მოვუყვები-მეთქი. გავიდა ორი თვე და ჩემს შვილს, გიორგი ბალახაძეს, ბრალდება წაუყენეს განზრახ მკვლელობაზე. როგორც კი ეს გავიგე, სასამართლოზე მივედი და სიმართლე მოვუყევი, რომ ეს დანაშაული მე ჩავიდინე, დანაც მე მაქვს, ზედ არის ჩემი ანაბეჭდები და გიორგი ადუაშვილის სისხლის კვალი-მეთქი.
_ მკვლელობის იარაღი _ დანა, თქვენ გქონდათ?
_ დიახ, შევინახე და გამოძიებას არ წარვუდგინე, თავის დაზღვევის მიზნით. იგივე განვუცხადე პროკურატურასაც, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, დანაც არ მოიკითხეს.
_ როგორ აპირებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას?
_ ცხრა თვეზე მეტია, ჩემი შვილი უდანაშაულოდ ზის. შევცდი და არასწორ გარიგებაზე წავედი პოლიციასთან და პროკურატურასთან. მწარედ მომატყუეს. მე დღეს სამართალს ვითხოვ. არ გავჩერედები _ ბოლომდე ვიბრძოლებ!

ამ ისტორიას საკმაოდ საინტერესო სამართლებრივ შეფასებას აძლევს გიორგი ბალახაძის ადვოკატი _ ნონა ფილაური:
_ 2019 წლის 26 იანვარს, იმ ღამეს, როდესაც ეს მკვლელობა მოხდა, გიორგი ბალახაძე სახლიდან გარეთ _ ეზოში საერთოდ არ გამოსულა, ცოლი არ უშვებდა. როდესაც მოგვიანებით სამივენი წაიყვანეს განყოფილებაში, მამამ აღიარა დანაშაული. დაკითხვაზე იყო დმანისისა და ქვემო ქართლის პოლიცია. მამის ჩვენება არადამაჯერებლად მიიღეს. ამ დროს, ვინაიდან გასვენებაში გიორგი ადუაშვილი გიორგი ბალახაძემ დაკაწრა, შემდეგ პირველი ნასვამი მიეჭრა სახლში, მამამ თავისი ბიჭები გარეთ არ გაუშვა და თვითონ გავიდა ნასვამის დასაშოშმინებლად. გაშველების დროს მამას შუბლი, მამის დასახმარებლად გასულ უფროს ბიჭს კი ადუაშვილმა ნიკაპი გადაუჭრა.
_ რა დაარტყა, ცული თუ დანა?
_ ეს გახლდათ მრავალფუნქციური იარაღი. დავით ბალახაძემ ისიც არ იცოდა, რა ადგილზე დაჭრა ადუაშვილი თავის დაცვის დროს, ვინაიდან დაჭრილი ეგრევე გაიქცა, თუმცა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დაეცა. მოგროვდა ხალხი, მამაც იქ მივიდა. დავით ბალახაძეს არ დაუმალავს, რომ მან დაჭრა, მაგრამ პოლიციამ უარი განაცხადა ამ ჩვენების მიღებაზე. საქმე ის არის, რომ დავით ბალახაძეს ადრე ჰქონდა მსგავსი დაჭრა ჩადენილი და ნასამართლევი გახლდათ. პოლიციამ სწორედ ამ ფაქტით იმანიპულირა _ უთხრა, რომ სამუდამო პატიმრობაში გაუშვებდა და ორივე შვილს ზედ მიაყოლებდა. გიორგიმ აიღოს საკუთარ თავზე მკვლელობა და თავის მოგერიებას მივუსადგებთო. ოჯახი დაითანხმეს ამ ჩვენებაზე. ამ დროს გიორგი ბალახაძე თავის ჩვენებაში დეტალურად ვერც აღწერს დაჭრის მომენტს, ვინაიდან არ იცის, იქ რა ხდებოდა.
_ ანუ გიორგი ბალახაძეს „აღიარებინეს“ არჩადენილი მკვლელობა?
_ დიახ. მალევე აღმოჩნდა, რომ პოლიციამ ისინი მოატყუა. ამის შემდეგ დავით ბალახაძემ განცხადება დაწერა და გამოძიებას მიმართა, რომ მე ჩავიდინე ეს მკვლელობა, მკვლელობის იარაღი მე მაქვს და წარმოგიდგენთო. ამ განცხადების მიუხედავად, მამა-ბალახაძე არავის დაუბარებია.
_ საქმეში მათი ნათესავიც _ ბადრი ბალახაძეც არის მოყვანილი მოწმედ?
_ ბადრი ბალახაძემ სასამართლოზე არ შეცვალა ჩვენება იმის გამო, რომ დაჭერის ეშინოდა. იგი პოლიციაში მუშაობს და, ფაქტობრივად, კარიერა უფუჭდებოდა. პრეტენზია მაქვს, როგორც გიორგი ბალახაძის ადვოკატს, რომ პროკურატურას სამართლებრივად ვალდებულება ჰქონდა, გამოძიება დაეწყო, დანა მოეთხოვა, ექსპერტიზა ჩაეტარებინა, დარწმუნებულიყო, რეალურად არსებობდა თუ არა ის იარაღი, რომლითაც დაიჭრა გარდაცვლილი გიორგი ადუაშვილი და სამართლებრივი შეფასების შემდეგ, პასუხისგებაში მიეცა მამა _ დავით ბალახაძე. პროკურატურამ ეს არ გააკეთა და დღემდე არ არის დაწყებული გამოძიება. ამავდროულად, მინდა განვაცხადო, რომ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მუხლი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მოწმის მოტყუება არ შეიძლება. ე. ი. მამა მოატყუეს და მოტყუებით მიიღეს ის ჩვენება, რაც მათ სურდათ. მოტყუებით მიაცემინეს ჩვენება ასევე ბადრი ბალახაძეს საკუთარ ნათესავზე. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გიორგი ბალახაძეს მარჯვენა ხელის ფრჩხილებიდან ბიოლოგიური მასალა აქვს აღებული. იქ არსად ფიქსირდება არანაირი კვალი. ამ დროს, გარდაცვლილ გიორგი ადუაშვილს ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მუცლის არეში. ყველა ჯერზე პროკურატურა ამბობდა, რომ ჩვენთვის ეს ექსპერტიზა საინტერესო არ არისო. ვსვამ კითხვას, _ ჰქონდა თუ არა სახელმწიფო ბრალდებას ვალდებულება, დაუყოვნებლივ გაეთხოვა სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბალახაძის მიმართ და შეეწყვიტა საქმე? მას ახლიდან უნდა დაეწყო გამოძიება დავით ბალახაძის მიმართ. ამ სიტუაციაში ვართ დღესდღეობით. არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა მკვლელობა. მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში ქვემო ქართლის პროკურატურაა.
_ გამამტყუნებელი განაჩენი, საბოლოო ჯამში, რის საფუძველზე დადგა?
_ 2019 წლის 24 ოქტომბერს პირველ ინსტანციაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა გიორგი ბალახაძე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ცნო დამნაშავედ განზრახ მკვლელობისთვის და მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ. მინიმუმ, მოსამართლე თავის განაჩენში საკმაოდ დაუზუსტებელია და საქმეში ერთმანეთთან შეჯერებული შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს. მოსამართლე ეყრდნობა ერთადერთი მოწმის ჩვენებას, რომლის მიმართაც არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა მამის აღიარებითი ჩვენება და მკვლელობის იარაღი, რომელიც საქმეში არ არსებობს. თვით ერთადერთი მოწმე, ბადრი ბალახაძე, არ არის ზუსტი და დამაჯერებელი ჩვენების მიცემის დროს. ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა იყო საკმაოდ არათანამიმდევრული და დაუსაბუთებელი. პრინციპში, ასეთიც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან დანაშაული გიორგი ბალახაძეს არ ჩაუდენია და ბრალდების მხარე მტკიცებულებას, შესაბამისად, ვერც მოიპოვებდა.

თამარ როსტიაშვილი

დატოვეთ კომენტარი