საქართველო და ტრადიციონალიზმი

ბოლო რამდენიმე წელი ჩვენ ვართ ქართული „მამაპაპური“ ტრადიციონალიზმის არნახული გააქტიურების მოწმენი. ჩვენ ისევ გვესმის რიტორიკა, რომელიც დამახასიათებელი იყო 80-იანი წლების ბოლოსთვის და რომელიც, თითქოს, ამდენი წლის შემდეგ, უნდა გამქრალიყო _ „ქართველობას გვართმევენ“, „მართლმადიდებლობას ებრძვიან“, „დასავლეთს სურს ჩვენი გახრწნა“ და ა. შ.

ათწლეულები გავიდა, ქვეყანამ გაიარა უმძიმესი მორალური კრახი, რომელმაც ცხადყო, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები ქართველების სიდარბაისლის, რაინდობისა და ვაჟკაცობის თაობაზე, მეტწილად, ზედაპირული და მოჩვენებითია.
ამ წლების მანძილზე „მამაპაპურმა“ ფასეულობებმა განიცადა ტოტალური მარცხი და საბოლოოდ დაადასტურა თავისი არაკონკურენტუნარიანობა სწრაფად განვითარებად სამყაროში.
იყო ომები, იყო არეულობა, იყო მენტალიტეტის რღვევა, მოკლედ, იყო ბევრი რამ… თუმცა აღმოჩნდა, რომ ერის დიდი ნაწილისთვის ამან ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა _ გავიდა 25 წელი და ჩვენ ისევ გვესმის „ქართველობის წართმევა“ _ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
არც არის გასაკვირი _ მამაპაპური ქართველი სრულიად მოკლებულია ცვლილებებისადმი ადაპტირების უნარს. ეს ჩანს არა მხოლოდ რიტორიკაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში _ ქართული ტრადიციონალიზმის ერთ-ერთი მატერიალური სიმბოლოა ბაზარი _ იმიტომ, რომ მამაპაპურ ქართველს არ გააჩნია რამის შექმნისა და წარმოების უნარ-ჩვევები, შესაბამისად, თავის რჩენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ საშუალებად რჩება წვრილი ვაჭრობა.
გაიარეთ თბილისში და რას ნახავთ? ქალაქი სწრაფად ვითარდება, იზრდება, ლამაზდება, ცენტრალური ნაწილი უკვე თითქმის გაუტოლდა ევროპულ დონეს, გარეუბნებშიც კი შეაღწია პროგრესმა და აღმშენებლობამ.
ერთადერთი, რაც დარჩა სრულიად უცვლელი _ არის ბაზრები, ბაზრობები და ქუჩის ვაჭრობა. ის გაიჭედა 90-იან წლებში _ ვიზუალურადაც და თვისობრივადაც.
სწორედ ამ მასაზე, რომელიც ვერ იცვლება, ვერ სწავლობს და ვერ პოულობს ადგილს თანამედროვე სამყაროში _ აკეთებს ფსონს რუსეთი და მის მიერ მართული ძალადობრივი ჯგუფები საქართველოში.
ისინი ხშირად აპროტესტებენ ბრალდებას პრორუსულობაში _ ახალი ნარატივიც კი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით: „ჩვენ არ ვართ არც პრორუსულები და არც პროდასავლურები. ჩვენ ვართ პროქართულები“.
როდესაც გესმით ეს სიტყვები, იცოდეთ _ თქვენ წინაშე არის ყველაზე პრორუსული ძალა, რომელიც კი შეიძლება წარმოიდგინოთ! დღევანდელ ვითარებაში პრორუსულობა სულაც არ ნიშნავს რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შესვლის თანხმობას.
საკმარისია, დათესო ანტიდასავლური განწყობები და აგრესიული იზოლაციონიზმი; საკმარისია დანერგო „პროქართულობა“, რომლის ფარგლებშიც „ქართველობა“ ნიშნავს ჩოხით სიარულს, კარგ თამადობას, პატრიოტულ ლირიკას, და სრულ კარჩაკეტილობას.
დანარჩენს გააკეთებს თავად ისტორია და ცხოვრება _ ასეთი არაფრისმაქნისი ერი გადაგვარდება თავისით _ სწორედ ესაა მოსკოვის მთავარი მიზანი საქართველოსადმი და არა, მაინცდამაინც, ტერიტორიის ჩაყლაპვა.
ეს ყველაფერი არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი გარემოება _ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რატომღაც, ურყევად სწამთ, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ქართველი ერი, და სწორედ მათი გულია მოსაგები არჩევნებში გამარჯვებისთვის.
საშუალო ფენა, მშრომელი ადამიანები, სპეციალისტები, კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, რომლებიც თავისი ნიჭითა და ცოდნით აშენებენ ქვეყანას _ არავის აინტერესებს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასდევენ ბნელ ჯოგს და ყველანაირად ცდილობენ სწორედ მისი აზრის გათვალისწინებას.
ერთ დროს ქართული ტრადიციონალიზმის ყველაზე დიდი მტერი მიხეილ სააკაშვილი, დღეს ლაპარაკობს თითქმის ლევან ვასაძეს ტექსტებით _ მისი მომხრეები კი ამართლებენ ამას იმით, რომ „ბიძინას ჩამოსაშორებლად ჯოგის განწყობებია გასათვალისწინებელი“..
არც ბიძინაა უკეთესი თავისი ამაზრზენი გამონათქვამით, რომ მსოფლიო ცივილიზაციის მთავარი მიღწევა არის არა კოსმოსის დაპყრობა, არამედ ქართული სუფრა _ სავარაუდოდ, ის არაა იმ დონის შტერი, რომ ამის სჯეროდეს, შესაბამისად, ამ გამონათქვამის ადრესატი, ისევ და ისევ, სწორედ ისაა _ მამაპაპური ქართველი.
პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დარბიან ბაზრებში და ისმენენ მუდმივად უკმაყოფილო მოვაჭრეების წუწუნს, ყურადღებით უგდებენ ყურს ტაქსისტებსა და სხვა ლუმპენ-პროლეტარიატს.
თუმცა მთელს ამ საქმიანობას არ აქვს არავითარი ეფექტი _ მამაპაპური ქართველების ხარჯზე არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია ამ კატეგორიის ადამიანების მენტალიტეტის გამო.
საქართველოში არჩევნებზე დადის, საშუალოდ, ამომრჩეველთა 50-55%. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს დარჩენილი 45%-ის მოყვანას საარჩევნო ურნებთან _ რას არ აკეთებენ ამისთვის! ზოგი პატრიარქს კოცნის ხელზე, ზოგი ადიდებს ქართულ ჭამა-სმას, ელოლიავება უსარგებლო ბალასტად ქცეულ გლეხობას, ცდილობს წარმოაჩინოს თავი მე-3 ძალად. თუმცა ყველაფერი უშედეგოდ.
გამონაკლის შემთხვევებში არჩევნებზე შეიძლება მოვიდეს 58%-60%, მაგრამ ესეც იშვიათად.
ე. ი. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ დადის არჩევნებზე. და ვინ არის ეს ნახევარი? მეტწილად უპასუხისმგებლო, სამოქალაქო შეგნების არმქონე, თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი ადამიანები, რომლებსაც ურყევად სწამთ, რომ „ყველაფერს უჩვენოდ გადაწყვეტენ რუსები და ამერიკელები“, ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ პირდაპირ კავშირს მათ უბადრუკ ყოფასა და არჩევნებზე არმისვლას შორის.
რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში ბევრი ვინმე შედის, თუმცა ძირითადი ნაწილი სწორედ ისაა _ მამაპაპური ქართველი.
ტრადიციონალისტები არ დადიან არჩევნებზე, რადგანაც არ ესმით მათი მნიშვნელობა. ტრადიციონალისტები ვერ იცავენ თავიანთ ინტერესებს ქუჩაში, რადგანაც მალე იღლებიან, ბეზრდებათ და იშლებიან _ გაიხსენეთ ივლისში პარლამენტის შენობასთან ჩატარებული „კონტრაქცია“, რომელმაც დილამდეც კი ვერ გაძლო.
გაიხსენეთ თუნდაც ლევან ვასაძის ჯგუფის აქციები კინოთეატრ „ამირანთან“ _ მათ შეძლეს მუხტის შენარჩუნება მხოლოდ ერთი საღამოს მანძილზე _ მეორე დღეს აქცია თითქმის ჩაიშალა.
მამაპაპური ქართველების ხმების მოძიებაზე გადართულ პოლიტიკოსებს არ ესმით ამ კატეგორიის მენტალიტეტის სპეციფიკა _ მათ ახასიათებთ სწრაფი აალება და ასევე სწრაფი ჩაქრობა. თუ გსურთ მათთან ერთად რამე გააკეთოთ, უნდა მოასწროთ პირველი დღეს, ხვალ -ზეგ _ ვერც აკრეფთ, ისე დაიშლებიან.
მამაპაპური ქართველის სიმპათია-ანტიპათიაც არაფერს ნიშნავს _ მთელი მისი პატრიოტიზმი, ჰომოფობია, ქსენოფობია, რელიგიურობა, წინაპრების პატივისცემა _ მოჩვენებითია და ზედაპირული.
ბოლოს და ბოლოს, ვინმეს გინახავთ ტრადიციული ქართველის მიერ ბოლომდე მიყვანილი საქმე?
მთელი ეს ენერგია ტყუილად იხარჯება. და ბიძინა ივანიშვილს თუ აქვს იმის იმედი, რომ ვასაძესთან შეთანხმდება და ამით მოიგებს მამაპაპურების ხმებს _ აჯობებს, დაივიწყოს. მამაპაპურებს არც ვასაძე აღელვებთ, არც გეები, არც არაბები, არც ილია მეორე და არც თავიანთი წინაპრები.
ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ _ ოპოზიციასაც.
უკეთესი იქნება, მიშამ თავი დაანებოს მემარცხენე-პატრიოტულ ლირიკას და იბრძოლოს საშუალო ფენის ხმებისთვის. ბიძინამ კი მოჰკიდოს ხელი ისევ იმას, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის _ მოსყიდვას და დაშინებას…

თენგიზ აბლოთია